მფლობელის თვალით – Walther G22

Walther G22 გრძელი ლულით. საკეტი “შებრუნებულია” ცაციასთვის. იარაღი აღჭურვილია ვალტერის ლაზერული სამიზნით, და ვალტერის 3X9 ოპტიკური სამიზნით.

 სანამ ამ სტატიაზე მუშაობას შეუდგებოდი, შეგახსენებთ, რომ მე მქონდა ორი სხვა და სხვა Walther G22 ტიპის კარაბინი, გრძელი და მოკლე ლულებით.  მე ყოველთვის ხაზს უსვავ ერთ მარტივ და მნიშვნელოვან პრინციპს: არ შეიძლება გადაწყვიტო დაწერო ყველასთვის ხელმისაწვდომი სტატია იარაღზე და გქონდეს პრეტენზია ობიექტურობაზე თუ არ გქონია მეტნაკლებად ხანგრძლივი ურთიერთობა იარაღთან, რომელზეც წერ.  ჩემ ბლოგზეც არის ძალიან ზოგადი და მიმოხილვითი მოკლე (და არც ისე მოკლე), სტატიები სხვა და სხვა იარაღებზე. მათ შესახებ დავწერე მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა საკმარისი რაოდენობის და ხარისხის მასალები, საჭირო იმისთვის, რომ დაწერილიყო საინტერესო, სრულყოფილი მიმოხილვითი სტატია. მინიშნება, რომ სტატია მომზადებულია უცხოურ ან ინტერნეტში არსებულ მასალებზე ასევე მოსდევს ასეთ სტატიებს. ეს იმისთვის, რომ მკითხველმა იცოდეს, რომ ეს სტატია არის კომპილაცია სხვა წყაროებიდან მირებული ინფორმაციის.  აბსოლუტური უმეტესობა სტატიების წერია იარაღებზე, რომელიც მე მქონდა და, რომელმაც ჩემ ხელში გაიარა ტესტირების და შესწავლის გარკვეული ციკლი. იგივე ეხება ამ სტატიას, გერმანულ მცირეკალიბრიან კარაბინზე Walther G22-ზე. როგორც უკვე ავღნიშნე, მე მქონდა ორი ასეთი იარაღი, გრძელი და მოკლე ლულებით, ერთი ოპტიკური სამიზნით, მეორე კოლიმატორით აღჭურვილი. ორივე იარაღს ეყენა ლაზერული სამიზნე მოწყობილობა. სწორედ ამ იარაღზე, კონსტრუქციის და ექსპლუატაციის თავისებურებებზე და იმ აქსესუარებზე, რომლებიც მოყვება მას, მექნება ლაპარაკი ამ საკმაოდ ვრცელ სტატიაში. ამ სტატიის წაკითხვისას დამერწმუნეთ თქვენ ეს იარაღი უკეთესად გეცოდინებათ ვიდრე მისი მფლობელების 99.9%-ს.

რას წარმოადგენს ეს იარაღი? ეს არის მცირეკალიბრიანი ნახევრად ავტომატური თვითდამტენი კარაბინი, ერთადერთი ჩემთვის ცნობილი ამ კლასის იარაღი, რომელიც აგებულია ე.წ. „ბულპაპის“ სქემით, როდესაც დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის ნაწილი, მჭიდი და საკეტი განლაგებულია სახელურის უკან პრაქტიკულად კონდახის შიგნით. ასეთი განლაგება განაპირობებს იარაღის შედარებით მცირე საერთო სიგრძეს. მოკლე ვერსიის შემთხვევაში საერთო სიგრძე არის 720მმ, აქიდან ლულის სიგგრძე აბსოლუტურად ადეკვატური 520მმ-ია. შედარებისთვის პოპულარული კარაბინი ТОЗ 99 შედარებისთვის სიგრძეში არის 980მმ, ხოლო ლულის სიგრძე 536მმ. როგორც ყველა ამ კლასის იარაღი, ასევე Walther G22 იყენებს თავისუფალ საკეტს. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი დახურულ ჩახმახიანია. მოთავსებულია შენადნობისგან დამზადებულ ორ ნაწილიან რესვირეში, რომელიც განლაგებულია პლასტმასის კონდახის შიგნით.  იარაღი „იკვებება“ ცალ რიგიანი 10 ვაზნიანი მჭიდებიდან. თუ არ ჩავთვლით მჭიდის ძირებს ისინი კონსტრუქციით იდენტურია Walther P22-ის მჭიდების. კარაბინის თავისებურებაა ის, რომ მეორე სათადარიგო მჭიდი ასევე ინახება იარაღში. კონდახის უკანა ნაწილში ის ხახუნის ძალის მეშვეობით ფიქსირდება მის შიგნით. იარაღი საკმაოდ მძიმეა, მხოლოდ ცარიელი  კარაბინი, იწონის 2.7 კგ-ს.

ლულა ჩვეულებრივი ხრახნებით მაგრდება შენადნობისგან დამზადებულ რესივერში, ერთი ხრახნის საშუალებით. თუ მას დაუშვებთ, ლულა ადვილად მოცილდება რესივერს. მოკლე მოდელებზე ლულის ბოლო აღჭურვილია ხრახნებით და დამცავი თავსახურით.   ლულაზე დამაგრებულია პლასტმასის კორპუსის ნაწილი, ასე რომ თავისუფლად ლულის “დაკიდება” შეუძლებელია. სამაგიეროდ ის კარგად დაცულია დაზიანებისგან, მაგალითად დავარდნის დროს.  ლულია ძალიან მაღალი ხარსხისაა და მისი არხი და არხის და ხრახნების დამუშავება უნაკლოა. ასევე ლულაზე არის დამაგრებული წინა სამიზნე მოწყობილობა, პლასტმასისგან დამზადებული, მის ნაწილს წარმოადგეენს ასევე ქვევიდან განლაგებული უნივერსალური „პიკატინის“ სამაგრი, რომელზეც ყენდება ვალტერის ლაზერული სამიზნე ან რაიმე სხვა მოწყობილობა ანალოგიური სამაგრით. მეორე სამაგრი „ცევიოს“ ქვეშ არის განლაგებული და საკმაოდ გრძელია. მესამე სამაგრი AR15-ის სტილში შესრულებულ  სახელურის ზევიდანაა განლაგებული. სახელური პირობითი სახელია, იმიტომ რომ იარაღის ბალანსის გამო, ამ სახელურით მისი გადატანა შეუძლებელია. სახელურის უკანა მხარეს განლაგებულია საოცარი კონსტრუქციის გასაშლელი უკანა სამიზნე მოწყობილობაა. საოცარი, იმიტომ, რომ მე ასეთი დეტალი ჯერ არ მინახია, ის იწევა მაღლა და ფიქსირდება ხახუნით. ციფერბლატივით „ცელიკი“ შიგნით ტრიალებს და 6 სხვა და სხვა პოზიცია აქვს, 6 სხვა და სხვა სიმაღლის. პოზიციები ციფრებით აღნიშნულია და  ჩანს ხვრელში, მაგრამ მხოლოდ კარგი განათებისას. „ციფერბლატი’ არ ფიქსირდება და პატარა ხახუნიც საკმარისა რომ ის გადაირთოს. ძალზედ უაზრო და არ მომერიდება ვთქვა, რომ კურიოზული კონსტრუქციაა. კარგია, რომ უველაფერი პლასტმასისაა და ბევრს არ იწონის.  შესაძლებელია იარაღის “ჩაკეტვა” სპეციალური გასაღებით, რომელც მას კომპლეტში მოყვება. ეს გამორიცხავს იარაღის არასანქცირებულ გამოყენებას. ცხადია თუ კარაბინი მოიპარეს მას ადვილად ‘გახსნიან”, მაგრამ მოზარდს ან პატარა ბავშვს გაუჭირდება მშობლების დაუკითხავად, დაუფლებული იარაღიდან გასროლის განხორციელება.

Walther G22-ის მარტივი საკეტი. ორი ღერძი, ორი დამაბრუნებელი ზამბარა, პლასტმასის ბუფერი ბოლოში. ბრტყელ დამრტყმელს ქვეშ აქვს მოქცეული ზამბარა (გარედან არ ჩანს და არ დაკარგოთ ის), ხოლო საკეტში ის მაგრდება ერთი საპირისპიროდ  გაყრილი შტიფტით. ქვევით მარცხნივ დევს  ფირფიტა მასრების ამრეკლით (მინიმუმ ორი სხვა და სხვა ფორმის არსებობს) და საკეტის სახელეური თავისი ხრახნით.

როგორც ყველა ბულპაპის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ განსხვავებით ტრადიციული დიზაინის შაშხანებისგან, საჭიროა დამატებით უზრუნველყოფა იმის, რომ იარაღის გამოყენება შეძლოს, როგორც ცაციამ ასევე მარჯვენა მხრიდან მსროლელმა. შესაბამისად ეს გათვალისწინებულია Walther G22-შიც. ყველაფერი ამ იარაღში ორმხრივია, ქამარის სამაგრებიც კი, რომელთა დაყენება შესაძლებელია კარაბინის ორივე მხარეს.  მასრების ექსტრაქციის მიმართულების შეცვლა G22-ში  არის საკმაოდ ადვილი, მაგრამ მხოლოდ იმისთვის ვინც ცოტათი მაინც ერკვევა იარაღის კონსტრუქციაში და იარაღის დაშლა აწყობის მარტივი უნარჩვევები გააჩნია. ამ პროცედურის შესასრულებლად საჭირო იქნება ერთი სახრხახნისი და რკინის ვიწრო ღერძი ან ვიწრო ლურსმანი. მთელი ციკლის ზუსტ აღწერას მე არ დავიწყებ, მხოლოდ ზოგადი ახსნით შემოვიფარგლები. უფრო ზუსტ და ილუსტრირებულ ინსტრუქციებს ინტერნეტში ადვილად იპოვით. ესეიგი მასრების ექსტრაქციის მიმართულების შესაცვლელად უნდა ჯერ დაშალოთ იარაღი. ამისთვის უნდა დაუშვათ ხრახნი, რომელიც განლაგებულია კონდახის ქვედა ნაწილში, ორ მჭიდს შორის, ამოადგოთ მცველის წინ განლაგებული შტიფტი და როდესაც იარაღი „გაიხსნება“ უნდა მოხსნათ სასხლეტის ბერკეტი და ამის შედეგად რესივერი დატოვებს პლასტმასისი კონდახს. უნდა ახადოთ რესივერის ზედა პლასტმასის ხუფი, შემდეგ ამოაგდოთ ორი შტიფტი, რომელიც კრავს რესივერის ორ ნახევარს, ამოიღოთ საკეტი (ფრთხილად რომ დამაბრუნებელი ზამბარები შორს არ გაფრინდნენ), დაუშვათ ხრახნი, რომელიც იჭერს საკეტის სახელურს და გადააყენოთ ის მეორე მხარეს. ექსტრაქტორის კბილს და მის ზამბარას საკეტში იჭერს ერთი შტიფტი. ამოაგდეთ ის და კბილი ზამბარიანად გადააყენეთ მეორე მხარეს. შემდეგ ისევ დაამაგრეთ ისინი შტიფტით. მასრის ამრეკლი წარმოადგენს რკინის ფირფიტას, რომელიც თავსდება რესივერზე მარცხენა ან მარჯვენა მხარეს, შესაბამისად აწყობისას მას დაამაგრებთ მეორე მხარეს. აწყობისას პლასტმასის ხუფები ასევე იცვლიან ადგილს.

 ყურადღება!!! რესივერის გახსნისას ხელით დაიკავეთ საკეტის შემაკავებელი და მჭიდის მცველი, რომლებიც რესივერის ორ ნახევრებს შორის არიან განლაგებული! წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილად დაკარგავთ ორივე ამ ნაწილის პატარა ზამბარებს! მეორე იარაღზე, რომელიც მე მერგო, ორივე ეს ზამბარა იყო დაკარგული. თუ მჭიდის მცველი, რომელიც გამორიცხავს გასროლას თუ მჭიდი არ არის იარაღში, მუშაობდა კარგად, ზამბარის გარეშე დარჩენილი და უკვე თავისუფლად მოძრავი საკეტის შემაკავებელი ხანდახან ტოვებდა საკეტს ღია  მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდში კიდე იყო ვაზნები.  მე მარტივად მოვიქეცი, ორივე ეს ნაწილი ამოვიღე და შევინახე უჯრაში. მჭიდის მცველი მე ისედაც არ მინდოდა იარაღში და პრინციპში საკეტის შემაკავებლის გარეშეც ცხოვრება შემიიძლია. სამაგიეროდ იარაღის დაშლა აწყობა საგრძნობლად გაადვილდა.  პრინციპში სხვა ზამბარების მორგებაც შესაძლებელია, მაგრამ უბრალოდ მეზარება „ჩალიჩი“. ეს დეტალები, რომ არ დაიკარგოს, დაშლისას შეიძლება რესივერი ნაწილობრივ მოათავსოთ ცელოფანში. თუ ზამბარები ამოხტება, ისინი დარჩებიან ცელოფანში და არსად არ გაფრინდებიან. აიარაღის აწყობისას განსაკუტრებული ყურადღება მიაქციეთ ამ ორ ელემენტს. აწყობისას მათი ისევე, როგორც სასხლეტის ბერკეტის სწორი განლაგება ილუსტრირებულია ინსტრუქციაში, რომელიც იარაღს მოყვება.

ზევით, მჭიდის მცველი ხვეული ზამბარით, ქვევით საკეტის შემაკავებელი ასევე თავისი ზამბარით.

ადგილი რესივერზე, რომლის ქვეშაც არის განლაგებული მჭიდის მცველი და მის მოპირდაპირე მხარეს საკეტის შემაკავებელი. ისარი საკეტის უკან მიუთითებს მარკირებულ ჩახმახზე, თუ თეთრი რგოლი ჩანს (როგორც სურათზე), ესეიგი ჩახმახი დაშვებულია, თუ არა ესეიგი შეყენებულია. კიდევ ერთი უსაფრთხოების ზომა.

თუ ნახმარ Walther G22-ს ყიდულობთ, მჭიდის შემაკავებლის ზამბარის არსებობა შეიძლება დადგინდეს მარტივი წესით იარაღის დაშლის გარეშე. ააყირავეთ იარაღი და გადატენეთ. ზამბარის გარეშე დარჩენილი შემაკავებელი გრავიტაციის ძალის გამო ამოქმედდება და საკეტს დაბლოკავს. თუ დეაქტივირებულ მჭიდის მცველზე თვალის დახუჭვა შეიძლება, ისევე როგორც საჭირო დიამეტრის ხვეული ზამბარის მორგება,  შემაკავებელის არ არსებობა უკვე წუნია, ხოლო მისი ზამბარა არ არის ხვეული და საჭირო გახდება ცოტათი უფრო მეტი წვალება.  ხვეული ზამბარის გარეშე დარჩენილი მჭიდის მცველი უპრობლემოდ მუშაობდა,  თუმცა უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე ასეთი მცველის ნდობა არ შეიძლება, ამიტომ ჯობია ის საერთოდ მოიხსნას. დაშლა აწყობისას პრობლემატური იქნება ასევე საკეტის რესივერში მოთავსება. ანუ ჯერ უნდა აიწყოს ბუფერი, ორი ზამბარის ღერძი და ზამბარები უნდა შემდეგ გაიყაროს საკეტში, შეიკუმშოს ერთდროულად და მოთავსდეს რესივერის შიგნით. რამოდენიმე ცდა დაგჭირდებათ სანამ მიაგნებთ მეთოდს, რომელიც თქვენთვის საუკეთესო აღმოჩნდება. დაუმატეთ ამას არც თუ ისე ადვილად იარაღის აწყობისას ადგილზე გასაჩერებელი საკეტის შემაკავებელი და მჭიდის მცველი, ასევე რესივერის პლასტმასის თავსახური, ხუფები და მიხვდებით რასთან გექნებათ საქმე ყოველი სროლის შემდეგ. საჩალიჩოა, მოუხერხებელია, გაგონებთ ლეგოს კონსტრუქტორს, მაგრამ მალე “დაამუღამებთ” და ალბათ მიეჩვევით. გაითვალისწინეთ რომ ხრახნის დაჭერისას, რომელიც იჭერს რესივერს კონდახში, მისი ბოლომდე დაჭერა გამოიწვევს იმას, რომ მჭიდი ღილაკზე დაჭერისას არ ამოვარდება თავისუფლად და დარჩება იარაღში. კიდე უფრო ბოლომდე ძალით მისი დაჭერა გაართულებს საკეტის მოძრაობას. ასე რომ ნუ დაუჭერთ მას ბოლომდე, უბრალოდ იმ მომენტამდე სანამ მჭიდი თავისუფლად ვარდება ღილაკზე დაჭერისას. მე ასე ვაკეთებდი და პრობლემები არ შემქმნია.  სულ ეს არის რაც უნდა იცოდეთ იარაღის დაშლა აწყობაზე.  მთლიანობაში ჩემი აზრით,  G22-ის გართულებული დაშლა-აწყობა არის ამ იარაღის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მინუსი. მცირეკალიბრიანი იარაღი უნდა ადვილად იშლებოდეს, იმიტომ, რომ ნახევრადავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღის ავტომატიკა ძალიან მგძნობიარეა დაბინძურების მიმართ და სულ უნდა იყოს კარგად გაწმენდილი და დაზეთილი იმისთვის, რომ საიმედოდ მუშაობდეს. გარდა ამისა .22lr ვაზნები საკმაოდ ბინძური შეიძლება იყოს და ბევრ წვის პროდუქტებს ტოვებდეს ლულაში და იარაღის მექანიზმების შიგნით.  სხვაობა ბინძურსა და სუფთას შორის Walther G22-ში იგრძნობა. დაბინძურებული დამრტყმელის არხის გამო დაფიქსირდა მასრაზე სუსტი დარტყმის რამოდენიმე შემთხვევა.ასევე ბინძური და დაუზეთავი G22 კატეგორულ უარს აცხადებდა Lapua-ს ფირმის Polar Biathlon-ის მარკის ვაზნების მონელებაზე.   ჩემი ვარაუდით და სროლის შედეგებით, ვაზნები არ იყო კარგ კონდიციაში.  ვგულისხმობ დენთის მდგომარეობას.

იარაღის ორმხრივი მცველი. უხნაური და არატრადიციული,  მაგრამ მუშაობს და თანაც ორმხრივია. უკანა სამიზნე მოწყობილობა გაშლილია

მგონი კონსტრუქცია საკმარისად ავხსენი, იმისთვის, რომ შეგექმნათ შთაბეჭდილება ამ იარაღზე. რა შეიძლება დავამატო? თავში არაფერი არ მომდის. უცნაური, ძალიან უცნაური, ფუტურისტული ფორმები და კონსტრუქცია. მას არ აქვს არაფერი საერთო იმასთან, რაც მე აქამდე მინახია. ვერ ვიტყოდი, როომ ასეთ დიზაინს მოაქვს რაიმე დამატებითი უპირატესობა გარდა შემცირებული სიგრძისა, თუმცა ეს ალბათ არ არის ცოტა ნამდვილად.

საიმედოობა და სიზუსტე. ჩემი გამოცდილებით ზოგადად ნახევრად ავტომატები ნაკლებად ზუსტია ვიდრე „ბოლტები“. მიზეზი ამის მე ზუსტად არ ვიცი, თუმცა ყველა ნახევრად-ავტომატს, რომლიდანაც მე მისვრია ქონდა არარეგულირებადი უხეში სასხლეტები. შეიძლება ეს არის ძირითადი მიზეზი. ხოლო თუ თქვენ გეგონათ, რომ იცოდით რა არის ცუდი სასხლეტი, Walther G22-ის შემდეგ თქვენ მოგიწევთ გადახედოთ თქვენ შეხედულებებს ცუდ სასხლეტზე. Walther G22-ის სასხლეტი წააგავს წყლის პისტოლეტის სასხლეტს. გრძელი და მძიმე, საოცრად არაინფორმატიული. ეს Walther G22-ის ნაკლი არაა, ეს არის თითქმის ყველა „ბულპაპის“  ასე, რომ ვთქვათ გენეტიკური სენი, იმიტომ, რომ სასხლეტი უკავშირდება დანარჩენ მექანიზმს ძალიან გრძელი ბერკეტის მეშვეობით. გეორგ კელერგენი (კომპანია Kel Tec-ის დამაარსებელი), როდესაც ქმნიდა თავის „ბულპაპის“ სქემის სნაიპერულ სისტემას, ცალკე და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასხლეტის კონსტრუქციას და საკმაოდ რთული მექანიზმი შექმნა, თუმცა ნაწილობრივ ეს სენი განკურნა. Walther G22-ის შემთხვევაში სასხლეტის დახვეწა პრაქტიკულად შეუძლებელია. არის თუ არა ეს მნიშვნელოვანი „პლინკერში“ (პლინკერი, მცირეკლაიბრიანი იარაღი რომელიც გამოიყენება გასართობი სროლისთვის)? ალბათ არა. პირიქით გამოუცდელ ხელებში ასეთი სასხლეტი უფრო უსაფრთხოა. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ მე თუ მინდა მაქსიმალური სიზუსტე (მაგალითად ერთი ნახვრეტი სამიზნეზე 10 გასროლიანი სერიის შემდეგ 50 მეტრზე) Walther G22-ს ავარიდებდი თავს, მხოლოდ მისი სასხლეტის გამო. თქვენ კიდე მკითხველებს გირჩევთ, რომ თუ გინდად სიზუსტე უნდა იყიდოთ არაავტომატური იარაღი, რომელიც განკუთვნილია სპორტული სროლისთვის ან როგორც მინიმუმ აქვს დაკიდული სქელი ლულა და რეგულირებადი სასხლეტი. მცირეკალიბრიანი იარაღი გარდა სპორტული მოდელებისა არის იაფი იარაღი. იაფი მასალები, იაფი შესრულება, საუკეთესო შემთხვევაში მისაღები ხარისხი. მაღალ და სტაბილურ შედეგებს ასეთი იარაღისგან არ უნდა ელოდოთ.

სროლისას ყველაფერი, რაც მე ზემოთ დავწერე დადასტურდა. სიზუსტის შეფასებისას მე ვხმარობ ჩემ საკუთარ სიზუსტის სატანდარტებს. დახურულ ტირში, სადაც გამორიცხულია გარეშე ფაქტორების გავვლენა, მაგიდიდან კარგ „სამოყვარულო“ მცირეკალიბრიან შაშხანას საშუალო სიგრძის ლულით და აღჭურვილი ოპტიკური სამიზნით, შეუძლია სტაბილურად ისროლოს ჯგუფები 15-დან, 25 მმ-მდე, ნორმალური ვაზნების გამოყენების შემთხვევაში რა თქმა უნდა. Walther G22-ის შემთხვევაში ის ასე ვთქვათ ზედა ზღვარზე იმყოფება. ანუ 25-35 მმ-ი საშუალოდ. 50 მეტრის მანძილზე გრძელ და მოკლე ლულას შორის სხვაობა სიზუსტეში არ შემიმჩნევია. სროლები ხორციელდებოდა დახურულ ტირში, მაგიდიდან,  რაც გამორიცხავდა გარეშე ფაქტორების ზემოქმედება სროლის შედეგებზე. რამოდენიემ საიტზე G22-ის აღწერილობით, მითითებულია, რომ იარაღს შეუძლია ისროლოს 6.4მმ-ნი ჯგუფები 50 მეტრზე. ვერც დავადასტურებ და ვერც უარყოფ, მაგრამ ასე მგონია, რომ G22-ის სიზუსტის პოტენციალი მე პირადად ჯერ ბოლომდე ვერ გამოვიყენე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იარაღი  კარგად მუშაობდა სუსტ (სტანდარტული ან ხმის სიჩქარეზე დაბალი სისწრაფის) და ცუდი ხარისხის ვაზნებით, ასევე უპრობლემოდ აწვდიდა ვაზნებს, ტყვიის სხვა და სხვა ფორმებით, მათ შორის რუსულ Cурок-ს მოკლე და Remington Vipers კონუსური ფორმის ტყვიით. მიწოდებისას ტყვიის თავზე რჩებოდა პატარა ნაკაწრები, მაგრამ არანაირი სერიოზული დაზიანებები არ ყოფილა. ეს ფაქტი ძალიან კარგად ახასიათებს ამ სისტემას, და კიდე უფრო მიზანშეწონილს ხდის მის შეძენას. მოგეხსენებათ „იქ“ სწრაფ და სუსტ .22lr ტიპის ვაზნას  შორის ფასის სხვაობა არის მინიმალური.  ჩვენ შემეთხვევაში ვაზნას შორის, რომელიც ღირს 40 თეთრიდ და ღირს 80 თეთრი არის უკვე დიდი და საგრძნობი  სხვაობა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სწრაფი (high, hyper velocity) ვაზნები, თითქმის ყოველთვის მიუწვდომელია. ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით, ბევრი თანამედროვე .22 კალიბრის იარაღი არ მუშაობს კარგად სუსტ ვაზნებთან. შეიძლება იმიტომ, რომ სხვაობა მინიმალურია ფასში „იქ“, მაგრამ ჩვენთან ეს ძალიან აქტუალურია. ასე, რომ თუ ხედავთ წარწერას იარაღზე .22lr HV (ანუ high velocity), გაითვალისწინეთ, რომ იარაღი საიმედოთ იმუშავებს მხოლოდ ვაზნებთან, რომელთა საწყისი სიჩქარე მეტია ვიდრე 300-350 მ/წ.  პრობლემები Lapua Polar Biathlon-თან ჩემი აზრით ნაწილობრივ განპირობებულია ამ ვაზნების კონკრეტული პარტიის კონდიციით. G22-მა  უპრობლემოდ მოინელა 100 ცალი გერმანული RWS ფირმის სტანდარტული სიჩქარის ვაზნები, რომელიც “გადაცდა” ზესაიმედო Mossberg 702-ს. მოგეხსენებათ მოსბერგიდან ნასროლი მქონდა 800-ზე მეტი ვაზნა და სულ 10 დაბრკოლებას ქონდა ადგილი (ვაზნების გამო) აქიდან 5 დაბრკოლება მოვიდა  RWS ფირმის სტანდარტული სიჩქარის ვაზნების ორ გასროლილ კოლოფზე.

სამიზნე მოწყობილობების ოფციები. მე არ ვარ რაიმე დოგმების მომხრე სამიზნე მოწყობილობების არჩევისას. ვისაც რა მოწონს ის იხმაროს. ფაქტია, რომ ნებისმიერი ტიპის კრგი ხარსხის ოპტიკური სამიზნე ან კოლიმატორი ჯობია მექანიკურ სამიზნე მოწყობილობებს. სროლა უფრო კომფორტულია, სწრაფი და ზუსტი. თუმცა არავინ არ გვაიძულებთ საერთოდ უარი თქვათ ტრადიციულ ”მუშკა/ცელიკზე”.  პირველ კარაბინზე მე მეყენა ვალტერის ფირმის ოპტიკური სამიზნე, 3Х9 30მმ-ნი დიამეტრით.  ოპტიკური სამიზნე იყო საკმაოდ დაბალი ხარსხის და მიუხედავად იმისა, რომ ბადე და შესწორებების შეტანის მექანიზმი იყო კარგი, ლინზების ხარისხი იყო არადამაკმაყოფილებელი. მაგალითად იაფი ჩინური Bushnell 3X9, გაცილებით უფრო ღია და მკაფიო გამოსახულებით გამოირჩეოდა. მეორე კარაბინზე მე მიყენია ასევე ხელმისაწვდომი, ჩინური კოლიმატორი BSA. მის მუშაობასთან მე პრეტენზია არ მაქვს. ის არ არის მძიმე და დიდი, აქვს ძალიან კარგი მკაფიო წითელი წერტილი, 12 პოზიციანი წერტილის ნათების მარეგულირებელი დოლურა, რის გამოც კოლიმატორის გამოყენება შესაძლებელია ერთნაირად ეფექტურად ღამით და დღისით თუნდაც ძალიან მზიან ამინდში.  ამ მხრივ ეს კოლიმატორი მართლაც ძალიან კარგია.  წერტილის ზომა იძლევა საშუალებას უპრობლემოს ესროლოთ მაგალითად 0.3 ლიტრიან კოკა კოლას ქილას 50 მეტრის მანძილზე.  სიზუსტეში 50 მეტრზე მე არ შემიმჩნევია რაიმე სხვაობა კოლიმატორის და ოპტიკურ სამიზნეს შორის.  ვერდიქტი ასეთია, გასართობი სროლისთვის 50-100 მეტრზე კოლიმატორი იქნება სასურეველი, ხოლო თუ ნადირობთ, ისვრით 100-150 მეტრზე ან გსურთ ისროლოთ სიზუსტეზე მაშინ დააყენეთ ოპტიკური სამიზნე. გამოდგება იაფი ჩინური მოდელები, თუ გამოსახულების ხარისხი თვენთვის მისაღებია, ხოლო შესწორებების მექანიზმი ზუსტად მუშაობს.  ლაზერულ სამიზნეს რაც შეეხება ის დაყენებისას პრაქტიკულად იარაღის ფორმებს იმეორებს, არ გამოიკვეთება არ იკავებს დამატებით ადგილს და არ ზრდის იარაღის გაბარიტებს, ასევე ის საკმაოდ მსუბუქია. შესწორებების შეტანა ხდება შესაბამისი გასაღების გამოყენებით. ხშირი მათი გამოყენება გამოიწვევს მექანიზმის ცვეთას და სროლისას ლაზერი დაიწყებს “სეირნობას”.  როგორც ოპტიკური სამიზნეები ასევე ლაზერული სამიზნეც განსხვავებით იარაღისგან მზადდება ჩინეთში. ჩემი აზრით ლაზერულ სამიზნეს ჯობია, რომ მის ადგილას მაგალითად დაყენდეს “ბიპოდი” ანუ ორფეხა სადგარი  ან მაგალითად  ფარანი.  კარგ ამინდში, ღამით, ლაზერის წერტილის დანხვა შესაძლებელია 500 მეტრამდე მანძილზე. დღისით, მზიან ამინდში წერტილის დანახვა 10 მეტრის მანძილზეც პრობლემატურია.  ლაზერი ასევე გამოდგება თუ ცვლით ოპტიკას, უბრალოდ დაიმახსოვრეთ რა მანძილზე ლაზერი და ოპტიკური სამიზნის ბადის ცენტრი ხვდებიან ერთმანეთს, დააყენეთ სხვა სამიზნე, იგივე მანძილზე გაიხედეთ ოპტიკაში და დოლურებით მიიყვანეთ ბადის ცენტრი ლაზერის წერტილამდე, ოპტიკა  გასწორებულია. ეს მოქცემთ საშუალებას სურვილის მიხედვით ადვილად გამოცვალოთ ოპტიკური სამიზნე კოლიმატორით ან პირიქით, ყოველგვარი მისროლის გარეშე.

კლასიკური, უკვდავი და დაუბერებელი მცირეკალიბრიანი კარაბინი Ruger 10/22, ხელში აღებისას ის გავს ხის მორს, რომელზეც მავთულით დამაგრებულია არმატურის ნაჭერი, მაგრამ ის ძალიან საიმედოა და გამძლე. კონსერვატიული დიზაინი და სპარტანული გარეგნობა ვერ აქცევს მას საყვარელ გასართობ იარაღად. ამ მხრივ ფუტურისტული, ‘გაჯეტებით” სავსე G22 უფრო მომგებიან პოზიციაშია.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Walther G22 არის კარგი გასართობი იარაღი. პლიუსებს განეკუთვნება: საიმედო მუშაობა ყველა ტიპის ვაზნასთან; არის ძალიან უსაფრთხო; გააჩნია მიმზიდველი დიზაინი; ყველაზე მოკლე ამ კლასის იარაღია და ამავე დროს აქვს სრულყოფილი 520მმ-ნი ლულა; სამი უივერსალური სამაგრი უზრუნველყოფს სხვა და სხვა მოწყობილობების დაყენებას, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე; გააჩნია სიგრძეში რეგულირებადი კონდახი. კარგი კომპლექტაცია, პლასტმასის კეისით, კონდახის ფენებით, ორი მჭიდით, სათადარიგო მუშკით და ასე შემდეგ. ბევრი უსაფრთხოების მექანიზმი. მინუსებია: მოყვარულზე გათვლილი მექანიკური სამიზნე მოწყობილობები. დიდი წონა. ზედმეტად რთული დაშლა და აწყობის პროცედურა. ზოგადად რთული კონსტრუქცია. საშუალო ხარისხის ჩინეთში დამზადებული სატნადრტული ოფციები. უმჯობესია სხვა აქსესუარების და უკეთესი ხარსხის ოპტიკური სამიზნეების ცალკე შეძენა. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი საიმედოა და საკმარისად ზუსტია, მთლიანობაში ეს კარაბინი დამაკმაყოფილებელ შეფასებას იმსახურებს. ვისაც მოწონს მისი ფუტურისტული დიზაინი, თამამად შეუძლია ის შეიძინოს და არ ინანებს. ვისაც სურს მარტივი უტილიტარული (და იაფი) კარაბინი, ჯობია არჩევანი სხვა მწარმოებლის უფრო ტრადიციულ და კონსერვატიულ მოდელზე შეაჩეროს.

იმისთვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ რა გამოცდილებით ვსარგებლობდი მე ამ იარაღის შესაფასებლად, გაცნობებთ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩემ ხელში გაიარა 9 სხვა და სხვა მოდელის მცირეკალიბრიანმა შაშხანამ, რომლიდანაც ნასროლი მაქვს ათასობით ვაზნა, 10-დან 300 მეტრამდე მანძილზე, როგორც დახურულ ტირებში ასევე “საველე” პირობებში.



3 Responses to “მფლობელის თვალით – Walther G22”

  1. vaxo says:

    tqveni gacnoba da saubari tu Sheidzleba mainteresebs iaragi
    da ase shemdeg.
    mailze momweret

  2. zviadi says:

    kerzo piris eseti detaluri axsna ucxour saitebzec ar shegxvdeba. am texstis cakitxvis shemdeg didi madlobis meti araferi ar etqmis kacs.
    mtlianobashi saintereso iqneboda tqveni Shefasebebi sxvadasxva da konkretulad am iaragze 10 baliani sistemit, ramdens daucerdit?

  3. Shooter says:

    10 baliani skala iqneba dzaan pirobiti da albat ufro simboluri. didi madloba gamoxmaurebistvis, sheidzleba rame analogiuri movifiqro

დატოვეთ კომენტარი