იტალიური FABARM SDASS Trainer

ალბათ თუ დიდიხანია კითხულობთ ჩემ ბლოგს ხვდებით, რომ მე განსაკუთრებულად მომწონს თოფები რომელთა გადატენვა ხდება ”ცევიოს” მოძრაობით, ე.წ. „პომპები“.  რატომ უკვე ავხსენი. მარტივი, საიმედო, უნივერსალური, დიდი საცეცხლე ძალის მქონე და ამავე დროს შედარებით იაფი იარაღია. საქართველოში ის არ სარგებლობს პოპულარობით, ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ეს შედარებით ახალი იარაღის ტიპია, ხოლო პიონერები ქართულ ბაზარზე იყვნენ იაფი თურქული „პომპები“, რომლებიც ვერ შეუქმნიდნენ კარგ რეპუტაციას მწარმოებლებს ამ ქვეყნიდან. ნაწილობრივ ალაბთ კიდევ იმიტომ ,რომ „პომპა“ ითხოვს გარკვეულ კულტურას და მომზადებას, სპეციფიურ უნარჩვევებს, (ისევე როგორც ბევრად უფო პოპულარული ჩვენთან ნახევრად-ავტომატები) აქვს გარკვეული ტაქტიკური შეზღუდვები. შესაბამისად აზრი, რომ ჯერ უნდა დაიწყო ცალ ლულიანით, მერე ორ ლულიანით, მერე ნახევრად-ავტომატით, პერიოდულად მეორდება ფორუმებზე და მონადირეების წრეებში. მე ამას არ ვეთანხმები. რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა გაცნობა პისტოლეტთან ცალ ვაზნიანი მოდელით? იყიდეთ რაც მოგწონთ, რაც გჭირდებათ და დაიწყეთ ვარჯიშის და შესწავლის პროცესი.   ასევე მოგახსენებთ, რომ ჩემ ხელში ბოლო 5 წლის განმავლობაში გაიარა რამოდენიმე „პომპამ“ და კიდევ რამოდენიმე სხვისი თოფის ახლოს გაცნობის საშუალება მომეცა. მე პირადად მქონდა Winchester 1300, ადრინდელი FABARM SDASS (გერმანული ბაზრისთვის განკუთვნილი), თურქული ორი თოფი, Stoeger SP312, Akkar Karatay Taktikaა. ახლოს გავიცანი Armsan-ის მოკლე ტაქტიკური „პომპა“, Maverick 88,  Remington 870, Franchi SAS12. სულ ბოლო შენაძენი გახლავთ სულ ახალი FABARM SDASS მოდელი Trainer და სწორედ ამ თოფზე წავა საუბარი.

FABARM SDASS Trainer

მინდა ვაღიარო, რომ იმ მომენტიდან რაც ეს თოფი თბილისის ერთ ერთ მაღაზიათა ქსელში გამოჩნდა, სულ მინდოდა მისი ყიდვა, ფასი არ იყო ძვირი (რაც იშვიათობაა ჩვენი რეალობისათვის), დაახლოებით 1150 ლარი, კარგი მაწრმოებელი და 100%-ით ტაქტიკური მოდელი. ეს ფასი დაახლოებით ორჯერ უფრო მეტია ვიდრე თურქულ პომპებზე. უფრო ძვირია ვიდრე მექსიკურ ამერიკული Maverick 88. პრინციპში ამ ფასში შეიძლება შოვნა ამერიკული თოფის, რემინგტონის ან მოსბერგის. ანუ თოფი ჩვენ ბაზარზე არ ჩაითვლება მინც და მაინც იაფ იარაღად, თუმცა მაგალითად „თურქულ-იტალიური“ Bernardelli-ის ”პომპები” შედარებისთვის 1300 ლარად იყიდებოდა.  ასე თუ ისე ახალი იტალიური თოფი 2000 ლარზე ნაკლებ ფასში ჩემი აზრით კარგი შენაძენია.

იტალიელის ყიდვისას რას ვღებულობთ? ლამაზ ყუთს, რომლის წარწერა იუწყება, რომ თოფი 100%-ით დამზადებულია იტალიაში. ეს კარგია იმიტომ, რომ. თურქები სულ უფრო ღრმად აღწევენ საერთაშორისო ბაზარზე და ამას ხშირად ფარულად და არააფიშირებულად აკეთებენ. ისეთი ფირმები, როგორიცაა Verney Carron, Wetherby, Smith&Wesson, Ceska Zbrojovka უკვეთავენ ან მთლიან თოფებს ან მათ ნაწილებს. მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას შევაფასო ეს მოვლენა, დადებითად თუ უარყოფითად მაგრამ მე ეს არ მომწონს.  თურქული Wetherby??? თქვენ ალბათ ხუმრობთ!  ან შეიძლება მე მგონია, რომ თურქული მარტო აქ, საქართველოში ასოცირდება დაბალ ხარისხთან. შეიძლება ასეც არის. თურქული კაკალი მაგალითად სულაც არ არის ცუდი ხარისხის , პირიქით. მაგრამ ბოროტი ენები ირწმუნებიან, რომ თურქები სხვაგან ყიდულობენ კაკალს და როგორც საკუთარ პროდუქციას მერე ისე ყიდიან.

SDASS Trainer-ის ყუთი და შეფუთვა არ არის ისეთი, როგორც სანადირო თოფების შემთხვევაში, არ არის მოსახსნელი ჩოკები, პლასტმასის კეისი და სხვა პატარა და სასიამოვნო აქსესუარები. თუმცა საქმე გვაქვს სამუშაო ინსტრუმენტთან და ზედმეტი ფუფუნებების მოლოდინში ნუ იქნებით.  სიმპატიურ ფერად მუყაოს ყუთში დევს სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია „საგამოცდო სახლის“ მიერ და იუწყება, რომ თოფი გასინჯულია საცდელი ორი ვაზნით, რომელთა მუხტი შეადგენს 1370 ბარს.  კარგია. მარტივი ინსტრუქცია, რომელიც წარმოადგენს თოფის გაშლილ სქემას, ინსტრუქცია კლასიკური გაგებით არ არის, თუმცა შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ის აქიდან. ასევე მოყვება გრძელი ალუმინის ღერძი, რომელიც მჭიდში მოთავსებისას ზღუდავს მის ტევადობას სამ ვაზნამდე. ზოგ ქვეყანაში მოქმდებს თოფის მჭიდისი ტევადობაზე შეზღუდვა ხოლო ამ ღერძის მჭიდში მოთავსებით, ეს შეზღუდვა სრულდება. ეს არის და ეს.  გადავიდეთ თოფის შეფასებაზე.

საკმარისია, რომ თოფი ამოიღოთ ყუთიდან და ეგრევე მიხვდებით, რომ მიუხედავათ ძალიან დიდი ყურადღებისა, რომელსაც თურქები აქცევენ მათი იარაღის გარეგნობას, იტალია მაინც იტალიაად რჩება. უკეთესი დაფარვა (PVD ტიპის დაფრავა, სრულდება ვაკუუმში, დეტალებზე დაფრქვვით) , უკეთესი დამუშავება და მეტი ყურადღება წვრილმანებისადმი. მაგალითად სასხლეტის ზედაპირის ძალიან წვრილი და ზუსტი დამუშავებით.  ყურადღებას იქცევს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსის მაღალი ხარისხის პლასტმასა და დამზადების ხარისხი. ლულა აღჭურვილია „რადიატორით“ (წააგავს “ფაშისტური” ტყვიამფრქვევის  Mg34-ის ლულას), რომელიც მოგვიანებით ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. გადაბმა ლულის და მჭიდის, ლულის ბოლოსკენ არის შესრულებული, ეს კიდე ნიშნავს, რომ იარაღი გაუძლებს მიწაზე დაცემას და დარტყმებს, მჭიდის დეფორმაციის გარეშე.


ასევე უნდა ავღნიშნო, რომ იარაღის გადატენვის მექანიზმი ძალიან რბილად მუშაობს, არანაირი ვიბრაცია, რყევა ან გაჭედვა. პლასტმასის ფურნიტურა არ გამოიყურება, როგორც იაფფასიანი დაბალი ხარისხის დეტალები. ნახევრად პისტოლეტურ ტარს აქვს სასიამოვნო ტექსტურა.  კონდახი დაბოლოებულია, რბილი რეზინის ამორტიზატორით. მოკლედ კარგი, ხარისხიანი, „გემრიელი“ თოფია.  ერთადერთი მინუსი, რამაც შეიძლება ყურადღება მიიქციოს არის წონა. თოფი არ არის მსუბუქი.  დანარჩენში მხოლოდ სასიამოვნო ან ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებებია.  ბალანსზე ვერაფერს ვერ დავწერ, ტაქტიკური თოფია, საბრძოლო ინსტრუმენტი.  სქელი 51სმ ლულა, დიდი ტვადობის მჭიდი და ”რადიატორი” წევენ სიმძიმის ცენტრს წინ. არაფერი კატასტროფული ამაში არ არის. მას არ მოეთხოვება მსუბუქი ორლულიანი თოფის ბალანსი, ელეგანტურობა და ესთეტიკა.  მხოლოდ საიმედოობა და გამძლეობა.

კონსტრუქციულად, თოფი არის  ამ ოჯახის იარაღების ტიპიური წარმომადგენელი, გრძივად მოძრავი ”ცევიო”, საკეტი, რომელიც იკეტება ერთ საბრძოლო ბჯენზე, განლაგებული საკეტის ზევით და იკეტება ლულის კუდში განლაგებულ პაზში. ერთ ერთი ყველაზე მარტივი და თურქების მიერ ამის გამო ფართოდ კოპირებული სქემა. პირველად ევროპაში სავარაუდოთ გამოჩნდა 1970-ან წლებში იტალიურ Franchi SAS 12-ში, მანამდე მოსბერგ 500-ში.  ჩემთვის ცნობილი გამონაკლისია, თურქული Stoeger SP312, რომლის საკეტი იკეტება საკეტის ირგვლივ განლაგებულ ბჯენებზე და წააგავს ამით Benelli Nova-ს.

დამცველი SDASS-ზე განლაგებულია დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კორპუსში. მანდვე განლაგებულია ორივე მხრიდან ადვილად ხელმისაწვდომი, საკეტის გახსნის ღილაკი. ყველაზე მოუხერხებელი ეს დეტალი მე შემხვდა Franchi SAS12-ზე, დამალული მარცხენა მხარეს და ბრტყელი ფორმის. კოშმარი ცაციასთვის. თოფის ცევიო არის საკამოდ გრძელი, ეს უზრუნველყოფს საიმედო მოჭიდებას გადატენვისას, გამორიოცხავს ხელის მოყოლას ცევიოს და რესივერს შორის. მაგალითად Stoeger Sp312-ზე მოკლე ცევიო განლაგებულია საკამოდ წინ, რის გამოც მოკლე ხელებიან ადამიანებს გაუჭირდებათ მისი ოპერირება, ხოლო სწრაფი სროლის დროს, შეიძლება ცევიო უბრალოდ გაგექცეთ. დამატებით, იტალიელის ცევიოზე არის ორი ადგილი ხრახნებისთვის, სადაც შეიძლება დაყენდეს უნივერსალური ”პიკატინის” ტიპის სამაგრი.

მჭიდი განლაგებულია ლულის ქვეშ, იტევს 7 ვაზნას. მჭიდის კორპუსი შემოკრულია, რაღაც სინთეტიკური დეკალით, რომელიც სავარაუდოთ ამცირებს ხახუნს და იცავს მჭიდის კორპუსის დაფარვას ცვეთისგან. გარდა ამისა ის უბრალოდ ძალიან ლამაზად გამოიყურება. განსხვავებით თურქებისგან, ამ თოფში პლასტმასისგან დამზადებული არის მხოლოდ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი (პლასტმასის ფურნიტურას არ ვთვლით). მჭიდის მიმწოდებელიც არის მეტალის, წითელი ფერის. მჭიდის ხუფი არის ფოლადის (არა ალუმინის). რესივერი მსუბუქი შენადნობისგან არის დამზადებული, მარკა- Ergal 55, რომელიც ტიპიურია იტალიური თოფებისთვის. მაგალითისთვის, რა მასალებისგანაა დამზადებული თურქული თოფი თქვენ დიდი ალბათობით ვერ გაიგებთ. არა და ყველაზე ლოგიკურია ივარაუო, რომ სწორედ მასალები არჩევაში მოხდება ეკონომია.  უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის ყოველთვის, თურქულ თოფებში პლასტმასის აქსესუარები, სამიზნე მოწყობილობები, როგორც წესი უბრალოდ სასაცილო ხარისხისაა და პატარა დატვირთვასაც ვერ უძლებს. აქიდან რჩევა: მოერიდეთ ასეთ „დანავაროტებულ“ თურქულ თოფებს, ყველაფერი, რაც მათზე აყენია მალევე დაიწყებს მწყობრიდან გამოსვლას ან უბრალოდ გაგაწვალებთ ექსპლუატაციაში.

არ დაიბნეთ თუ ვერ ნახავთ კონდახზე ქამრის გასაყრელ ადგილს, მე ვიფიქრე რომ ეს არის ეკონომია, მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ქამრის გასაყრელი ადგილი არის ნახევრად პისტოლეტური ტარის ძირში. იარაღის წონა შეადგენს 3.2 კგ-ს. ლულის სიგრძე 51 სმ. მჭიდის ტევადობა 7 ვაზნა. სამიზნე უბრალო, ვერტიკალური ფირფიტა ლულაზე.

FABARM SDASS-ის ლულა არის საკმაოდ საინეტერსო დეტალი და აქაც ის გამოირჩევა თურქული თოფებისგან. ქრომირებული შიგნიდან, დამზადებული ქრომო-მოლიბდენური ფოლადისგან, გარედან დაცულია რადიატორით, რომელიც იცვას თქვენ ხელებს დამწვრობისგან ინტენსიური სროლისას და ამავე დროს, უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ლულის ირგვლივ და მის სწრაფ გაგრილებას. ლულა დამზადებულია Tribore ტექნოლოგიით (პირველად გამოყენებულია FABARM-ის მიერ დაახლოებით 10 წლის წინ).  ამ ტექნოლოგიით დამზადებული ლულა იყოფა სამ ზონად, უშუალოდ ლულის ძირითადი ნაწილი დიამეტრით 18.8მმ, ლულის კონუსური ნაწილი, სიგრძით 204 მმ. როდესაც ლულის დიამტერი მცირდება 18.4მმ-დე და შემდეგ ცილინდრული ნაწილი ლულის ბოლოსკენ (5მმ), რომელიც მთავრდება დაბალოებით, რომელზეც ყენდება ცვლადი ”ჩოკები”.  შესაძლებელია ფაბარმის სტანდარტული „მულტიჩოკების“ ან ლულის მუხრუჭების/კომპენსატორის დაყენება.  ლულის დამზადების ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს შესანიშნავს რეზულტატებს ტყვიით სროლისას და მისაღებ რეზულტატებს საფანტით სროლისას, სასურველი ჩოკები აქცევენ ამ იარაღს ნამდვილ უნივერსალურ თოფად. ჩოკების დასაყენებელი ადგილი დაცულია სპეციალური ხუფით, რომლის მოსახსნელი გასაღები მოყვება ახალ თოფს კომპლექტში. ცხადია ქრომირებული სავაზნის სიგრძე შეადგენს 76მმ-ს და აქვს საკმაოდ გრძელი გადასვლა ლულაში.

FABARM SDASS-ის ლულის სქემა

უნდა ავღნიშნო, რომ ყველა თურქულ თოფზე, რაც მე მინახია ლულა დამზადებულია კარგი ხარისხით, როგორც მინიმუმ ასე ჩანს ვიზუალუირ დათვალიერებით და პრინციპში ყველა აჩვენებდა აბსოლუტურად მისაღებ რეზულტატს ტყვიით სროლისას.

აბრევიატურა  SDASS (Special Defence And Security Shotgun), ითარგმნება, როგორც სპეციალური თავდაცვითი და უსაფრთხოების თოფი. მოდელების გამა საკმაოდ დიდია, რომლებიც გამოირჩევიან სხვა და სხვა შესრულებით, გამოყენებული მასალებით, კონდახის ტიპებით, სამიზნე მწყობილობებით და რა თქმა უნდა ლულის სიგრძეებით. ყველაზე საინტერესოდ მომეჩვენა FABARM SDASS Heavy Combat , მძიმე საბრძოლო მოდელი სქელი ლულით, აღჭურვილი კომპენსატორით, გათვლილი ინტენსიურ ექსპლუატაციაზე რთულ პირობებში. ასევე მოკლე და კომპაქტური მოდელი Martial Ultra Short 18. თავის დროზე მე მინდოდა სწორედ ამ მოდელის შეძენა და შემდგომ მასზე პისტოლეტის ტარის ნაცვლად სრულყოფილი კონდახის დაყენება. შედეგად მივიღებდი ერგონომიურ ადვილად სასროლ, მაგრამ ამავე დროს კომპაქტურ მოდელს.  თუმცა საბოლოო ჯამში ჩემ ხელში აღმოჩნდა მძიმე და სრული ზომის მოდელი Trainer.

თვითონ SDASS-ის ოჯახის ტაქტიკური თოფების რეპუტაციას და სახელს რაც შეეხება, შეიძლება ითქვას, რომ თოფი საკამოდ პოპულარულია ევროპაში, რუსეთში, სარგებლობს კარგი რეპუტაციით აშშ-ში სადაც ის იყიდება Heckler&Koch-ის დახმარებით, თუმცა ცნობილია, რომ ამ კომპანიის გაურკვეველი პოლიტიკამ სამოქალაქო ბაზარზე,  გამოიხატება იტალიური თოფების მცირე გაყიდვებში. თავის დროზე აღნიშნული გერმანული კომპანია ასევე ყიდიდა თავისი ქსელის გმოყენებით Benelli-ს თოფებს, მაგრამ ეს ალიანსი დაიშალა. საინტერესო ფაქტი ისიც არის, რომ Heckler&Koch-ის საკუთარი წარმოების თოფები იყენებდნენ იტალიური Franchi-ს რესივერს და სხვა ნაწილებს. ასევე თოფი ფართოდ არის გავრცელებული ევროპის სხვა და სხვა ძალოვან სტრუქტურებში.

როგორ იქცევა იარაღი სროლისას. პირველ რიგში უნდა ავღნიშნო, რომ იარაღს აქვს საუკეთესო სასხლეტი, რომელიც მე ოდესმე შემხვედრია ასეთი კლასის იარაღზე. ისევ მისი წარმოშობის დამსახურებაა. ის მსუბუქია, პრაქტიკულად ორ საფეხურიანი და ძალიან რბილი. უკუცემა სრულმუხტიანი ვაზნების სროლისას (კარტეჩი, სლაგები) საკმაოდ მძიმე ასატანია, სამაგიეროდ საფანტის ვაზნების სროლისას უკუცემა არის ძალიან მცირე, მე ვიტყოდი უმნიშვნელო. რბილი კონდახის დაბოლოება, შედარებით დიდი მასა ამას ხელს უწყობს. სამწუხაროდ სროლების დღეს ქროდა ძლიერი ქარი, რაც შეუძლებელს ხდიდა სპეციალურად დამზადებული სამიზნეების გამოყენებას, საჭირო გახდა იმპროვიზაცია, რაც გამოიხატა ასეთ უშნო სამიზნეში, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეგვეფასებინა სროლის ეფექტურობა, ერთი კონკრეტული თოფისგან. ქვევით მოცემული ილუსტრაციები საკმარისია, რომ შთაბეჭდილება შეგექმნათ თოფის შესაძლებლობებზე. საშუალო და ალბათ არადამაკმაყოფილებელი სიზუსტე ესპანური Rio Royal Buck 12P ვაზნების გამოყენებისას, დიდი გაფნტვა, თუმცა ერთგვაროვანი,  უკვე 15 მეტრის მანძილიდან. მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ასეთი ვაზნის გამოყენება არ იქნბა სასურველი.

შედარებით უკეთესი რეზულტატები კონტეინერიანი Federal BuckShot-ის გამოყენებისას. რაც სურათებიდან კარგად ჩანს. სიურპრიზი იყო თურქული წარმოების Trible Action-ით მიღებული შედეგები, სამი ქვეკალიბრული, სფერული ჭურვი მოთავსებული რიგში, კონტეინერში, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. თუ გავითვალისწინებთ დაბალ ფასს, მცირე წონას და მცირე უკუცემას ეს შეიძლება გახდეს აბსოლუტურად მისაღები არჩევანი თავდაცვის იარაღისთვის, ქალაქის, მჭიდროდ დასახლებული უბნის პირობებში.  სამწუხაროდ შეუძლებელი გახდა ქრონოგრაფირება, რაც მოგვცემდა თითო ჭურვის ენეერგიის გამოანგარიშების საშუალებას და უფრო სრულფასოვანი შეფასების და დასკვნების გამოტანაში დაგვეხმარებოდა . საკმაოდ საინტერესო ვაზნაა, ჩემი აზრით და მისი შესწავლა ჩვენს მიერ გაგრძელდება.

ტყვიით სროლის შედეგებიც კარგი იყო. სროლის მანძილი დგომიდან დაახლოებით 30 მეტრიდან. ესპანური Rio Royal Star არ იძლეოდა დიდ იმედებს, ტყვიები მასრებში იყო ცერად ჩასმული, ეს დეფექტი ადვილად ვიზუალურად შესამჩნევი იყო. შედეგიც საშუალოა, სამაგიეროდ უკეთესი შედეგი აჩვენა თურქულმა 32 გრამიანმა Yaf Palla Slug-მა. პირველი ორი მორტყმა დაბლა და მარჯვნივ მოხვდა, სავარაუდოთ ძლიერი ქარის გამო, რომელიც გვერდიდან უბერავდა და ხელს გვიშლიდა დამიზნებაში, მეორე ჯგუფი მოთავსდა იქ სადაც საჭიროა, თუმცა ორივე „ჯგუფი“ საკმაოდ მჭიდროა.

სროლისას რაიმე შეფერხება არ მომხდარა. მთლიანობაში თოფმა ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დატოვა, კარგი სასხლეტი, შესანიშნავად მომუშავე გადატენვის მექანიზმი. ძალიან ლამაზი ”გარეგნობა”, არანაირი იაფი საჩვენებელი მიშურა, რომელიც ხანდახან კი არა და ხშირად ახასიათებს თურქულ პროდუქციას.

ესპანური Rio-ს სლაგები, მასრაში არაერთგვაროვნულად ჩასმული ტყვიები.

თურქული Trible Action

მე ყოველთვის ვარ პრაქტიკულობის მომხრე, „ვიდი“, „ბრენდი“, ფასი, „პაკაზუხობა“ ჩემთვის არ არსებობს. იარაღი, განსაკუთრებით თავდაცვითი, არის ინსტრუმენტი. ის პირველ რიგში უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. მაგრამ ყოველთვის საჭიროა შესწორებების შეტანა ფასზე. თუ ფასი პრობლემა არა არის, „ჰაი ენდი“ „პომპებში“ არის პატარა სპეციალიზირებული ფირმების მიერ (მაგალითად Skattergun Technologies) მოდიფიცირებული მაღალი ხარისხის მოდელები, მოსბერგი, რემინგტონი 870, მათი ფასი აჭარბებს 1000 დოლარს, მაგრამ ეს არის უმაღლესი ხარისხის საბრძოლო ინსტრუმენტი.

Skattergun Technologies Standard Model. საწყისი ფასი 1350 დოლარი.  უმაღლესი კლასის თავდაცვითი თოფი

მეორე მხარეს არის საბაზისო მუშა მოდელები მაგალითად ძალიან მარტივი და „უშნო“ Maverick 88, 200 დოლარად, სადღაც შუაში ერთის მხრივ დახვეწილი კარგად დაკომპლექტებული Benelli Supernova Tactical, FABARM SDASS Tactical, მეორეს მხრივ საბაზისო, მარტივი Remington 870 Mariner ან Mossberg 500. სად არის აქ თურქული თოფი? სიმართლე გითხრათ არ ვიცი. თურქეთში არის უამრავი მწარმოებელი, ხარისხი ვარირებს მისაღებიდან – აბსოლუტურ ნაგავამდე და ეს ერთი და იგივე მწარმოებლის შემთხვევაში. უდიდესი აქცენტი გარეგნობაზე , ხშირი პრობლემები თურქულ თოფებთან, არეულ დარეული ანგარიშები ინტერნეტში, უამრავი ახალი მოდელის გამოჩენა მე მაგალითად მაგონებს სიტუაციას ჩინურ ავტომობილებთან, პროგრესი სახეზეა, მოდელები ბევრია, ფასი დაბალია, სიმპატიური გარეგნობა მაგრამ ჩავარდნილი უსაფრთხოების ტესტები, დამზადების დაბალი ხარისხი და იაფი მასალები. გარდა ამისა გაითვალისწინეთ, არსებობს იარაღის მწარმოებლებში პროდუქციის გრადაცია დამზადების ხარისხის მიხედვით. ვის რა გრადაციის პროდუქცია უნდა, წყვიტავს თვითონ, ვგულისხმობ დილერებს. სავარაუდოთ ის რასაც ღებულობს აშშ და ევროპა, როგორც პრიორიტეტული ბაზრები განსხვავდება იმისგან, რაც ხვდება მესამე სამყაროს ქვეყნების ბაზრებზე. რას ვღებულობთ ჩვენ მე არ ვიცი, თუმცა ილუზიები ამასთან დაკავშირებით მე არ მაქვს. ფაქტია, რომ თურქული იარაღის წარმოება სწრაფად პროგრესირებს, მაგრამ რა მიმართულებით მე არ ვიცი, იზრდება მოდელების გამა, მასალების ნაირსახეობები, გარეგნული გაფორმება, ფასი ყოველთვის რჩება მისაღები და ხელმისაწვდომი. ჩემი რჩევა იმისთვის ვინც თურქს ყიდულობს? აირჩიეთ ცნობილი მწარმოებლის ყველაზე საბაზო მოდელი, ზედმეტი ოფციების გარეშე. თურქები აკეთებენ ეკონომიას ყველაფერზე და მათ შორის განსაკუთრებულად „პერიფერიულ“ მოწყობილობებზე, რომლებიც ყველაზე ადრე გამოვლენ მწყობრიდან. მწარმოებელს უნდა ქონდეს გარკვეულუ ცენზი იარაღის წარმოებაში, მაგალითად  იგივე Stoeger, Huglu, Hatsan. ბაზარზე აქტიურად შემოიჭრა ATA Arms, მაგრამ ამ ეტაპზე რამის თქმა მათ პროდუქციაზე ნაადრევი იქნება. თუმცა მდიდრული ხანდახან მყვირალა გაფორმება და ძალიან დაბალი ფასი გარკვეული ეჭვების საფუძველს იძლევა. აირჩიეთ მოდელი, რომელიც აკოპირებს მარტივ, კარგად ცნობილ უცხოურ სისტემას, დააკვირდით დამზადების ხარსხს, შესრულებას, ლულას და მისი დამზადების ხარისხს. ჩემთვის უცნობია, რომელიმე ორიგინალური თურქული კონსტრუქციის თოფი. პირადად მე მქონდა ორი თურქი, Akkar Karatay ჭედავდა პირდაპირ ყუთიდან. გაკეთდა მაგრამ დიდი შრომის და ნერვების ფასად. Stoeger SP312, მარტივი და კარგი თოფი, 300 გასროლაზე გაუტყდა ნემსა, ხელოსანმა მითხრა, რომ ეს ნორმალურია ამ თოფებზე. ასეთი ტიპის გაუმართაობა არ არის დიდი ხარვეზი, ასეთი რამე ხანდახან ხდება უფრო მაღალი კლასის ევროპულ და ამერიკულ თოფებშიც, როდესაც მაგალითად ირღვევა ნემსების წრთობის ტექნოლოგიური პროცესი. იქ ეს არ განიხილება სერიოზულ პრობლემად, მაგრამ ჩვენთან ეს ნიშნავს ორ-სამ დღეს ნაწილის დამზადებაზე, 50-100 ლარს და არანაირ გარანტიას ხარისხზე და რესურსზე.  რას იძახიან სხვა თურქული თოფების მფლობელები? გამოხმაურებები ვარირებს: „თურქულია ნაგავია, ძლივს მოვიშორედან“ სრულს აღრთოვანებამდე. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ხარისხი ერთი და იგივე მწარმოებლის შემთხვევაში იქით აქით დახტის, ხვდებით რა ტიპის ლატარეასთან გაქვთ საქმე. თურქულ თოფებს არ აქვთ მოპოვებული სტაბილური რეპუტაცია, ამიტომაც მე არავის არ ურჩევ, წადით და იყიდეთ თურქული „პომპა“, იაფი და კარგია. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ყურადღებით დაკვირვებას სტუაციაზე და მოგახსენებთ ყველფერს, რასაც გავიგებთ.

ამართლებს თუ არა თითქმის ორმაგი სხვაობა ფასში FABARM SDASS-ს და მის თურქულ ანალოგს შორის? ამ შემთხვევაში ჩემთვის კი. იმიტომ, რომ გარდა იმისა, რაც ზევით დავწერე და სერიოზული რეპუტაციის მქონე მწარმოებლის  ხარისხის გარანტიებისა ასევე მას აქვს ის, რაც მე არ შემხვედრია არც ერთ თურქულ თოფში, ეს არის ესთეტიური სიამოვნება იარაღის ფლობისგან.

SDASS-ის ზოგიერთი ვარიანტი




5 Responses to “იტალიური FABARM SDASS Trainer”

  1. Nick Zurabishvili says:

    gaixare levan, didi xania aset statias velodebodi!!!

  2. Gilgamesh says:

    გმადლობ ბატონო ლევან!

  3. longbowman says:

    საინტერესო სტატიაა. ვაპირებდი FABARM SDASS MARTIAL ULTRASHORT-ის ყიდვას და ვჭოჭმანობდი. აწი ვიყიდი.

  4. თემო says:

    1200 ლარის ფარგლებში რისი არჩევანი მაქ ფარმას გარდა? პომპის ყიდვას ვაპირებ და არანაირი გამოცდილება არ მაქ პირველი პომპა იქნება ჩემთვის და რას მირჩევთ ყურადღება რას მივაქციო ყიდვისას?

  5. Shooter says:

    meili naxet

დატოვეთ კომენტარი