AR15-ის საიმედოობაზე და მის ექსპლუატაციაზე ანუ მითები და რეალობა AR-15ზე Vol. 1

ამ სტატიის დაწერა მიბიძგა გაუთავებელმა საუბრებმა AR15 ტიპის იარაღის და კალაშნიკოვის სისტემის შედარებებზე, ანუ რომელი უფრო ჯობია, „ემშისტნადცატი თუ კალაშნიკოვი“.  BMW თუ Mercedes-ი, ჩემი მამა მოერევა თუ მამაშენი და ასე შემდეგ. რა გასაკვირია, განსაკუთრებულად ამ საუბრებმა მოიმატა მას შემდეგ, რაც AR15 ჩემ საკუთრებაში გაჩნდა. თან ამ საუბრებმა იმდენად მოიმატა, რომ უკვე ჩემში მსუბუქ ნერვულ აშლილობას იწვევს.  დავიწყოთ იქიდან, რომ არც ერთი სერიოზული ადამიანი ასეთი შეკითხვებით არ დაკავდება. ის ჯობია თუ ეს ეს ნამეტანი გამარტივებაა საკითხის. დამერწმუნეთ ამ კიტხვაზე პასუხი არის, ის ჩემთვის ცნობილია და სახალისო ხასიათზე, როდესაც ვიქნები აუცილებლად ამ თემაზე სტატიას დავწერ. ვიტყვი ამ ეტაპზე მხოლოდ იმას, რომ როგორც არ არსებობს იდეალური მანქანა ისე არ არსებობს იდეალური იარაღი, თუმცა თუ შეიძლება, რომ არსებობდეს იდეალური შაშხანა, AR15 ალბათ მასთან ძალიან ახხლოს იქნებოდა. თქვენ ვინც ჩემ ბლოგს კითხულობთ, შეამჩნევდით, რომ ამ განყოფილებაში პირველი სტატია თემაზე არის კრიტიკული AR15-ის დიზაინის მიმართ. ამ სტატიის დაწერის შემდეგ უკვე კაი ხანი გავიდა. მიუხედავათ იმისა, რომ სტატია არის ზუსტი მე მაინც ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან მას არ დავეთანმხებოდი. პირველ რიგში იმიტომ, რომ გაცილებით მეტ ინფორმაციას ვფლობ ამ სისტემაზე დღეს ვიდრე მაშინ, როდესაც იმ სტატიას ვწერდი. გარდა ამისა ცოცხალი AR15 აგერ გვერძე მიდევს და სურათები და ნახაზები და სხვისი მონაყოლი არ მჭირდება, რომ მასზე შთაბეჭდილება შემექმნას. პირდაპირ ვიტყვი უშუალო გაცნობის შემდეგ ჩემი აზრი თუ შეიცვალა მხოლოდ უკეთესობიკენ. გარდა ამისა, ლომის წილი ჩემ ნეგატიურ შეფასებებში “დამნაშავეა” ვითარება ჩვენ ჯარში და იმის გათვითცნობიერება, რომ არსებობს უამრავი სირთულე ტექნიკის ათვისებისას. არა და თანამედროვე ტექნიკის ეფექტურობა პირდაპირ პროპორციულია პერსონალის მიერ  ამ ტექნიკის ათვისების ხარისხის. თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა რთულია და მოითხოვს კვალიფიციურ, განათლებულ, მოაზროვნე ოპერატორებს.  

ასე, რომ არა, ამ სტატიაში მე არ დავიწყებ საუბარს ვისი მამა ვის მოერევა, სათაურიდან ჩანს, რომ სულ სხვა რამაზე მექნება საუბარი. კონკრეტულად კი იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია იარაღის მოვლა, სწორი ექსპლუატაცია და ამ მოვლის უზრუნველყოფა სამხედრო ნაწილის ან რაიმე პოლიციური დანაყოფის პირობებში.

რატომ ვწერ ამაზე? იმიტომ რომ AR15-ზე ხშირად მესმის, რომ მის მოვლა რთულია, წმენდა რთულია, საველე პირობებში ვერ დაშლი, აი ჩაჟანგული კალაშაც ისვრის და მას მოვლა არ უნდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გპირდებით სტატია პოპულარულ მიტებზე, რომლებიც AR15-ს ეხება აუცილებლად დაიწერება ახლო მომავალში.

აქ შემიძლია მარტო ვთქვა, რომ შედარებისას კი ნადვილად, იმ ნაწილში, რომელიც ეხება მოვლას და გამძლეობას კალაშნიკოვი ასე ვთქვათ ცოტათი მაინც წამოეწევა AR15-ს და ხდება მასთან კონკურენტუნარიანი. რატომ? იმიტომ არა რომ ის AR15-ს ჯობია. დარწმუნებული ვარ მაგალითად 1898 წლის მაუზერის მოდელის შაშხანა ორივეზე უფრო საიმედო იქნება და გამძლეც. ხოლო შურდული სამივეზე უფრო საიმედო იქნება და ნაკლებ მოვლას მოითხოვს. ვერ მიხვდით საითკენ მივდივარ? კიდევ ერთხელ ავხსნი. ავიღოთ ტელეფონი, კავშირგაბმულობის საშუალება. როგორი იყო ის ერთი საუკუნის წინ? მარტივი. იღებდით ტელეფინს, არტყავდით თითს ღილკას და სთხოვდით ოპერატორს დაკავშირებას აბონენტთან. უმარტივესია ხო? ტელეფონში იყო ორი ძირითადი ნაწილი, მიწაზე დავარდნისას ის არ გაფუჭდებოდა, მისი მოხმარება იყო ადვილი, იმიტომ რომ ადამიანსა და სატელეფონო კავშირს შორის ინტერფეისის როლს ასრულებდა ადამიანი. დარეკვა ისეთივე ადვილი იყო როგორც პორტიეს გამოძახება ზარზე ხელის დარტყმით. არანაირი განსაკუთრებული უნარჩვევა და ცოდნა არ იყო საჭირო. შემდგომ სატელეფონო კავშირი უფრო დახვეწილი, უფრო სწრაფი და უფრო „შორსმსროლელი“ ხდებოდა, ტელეფონი გახდა მობილური, დაემატა კამერა, შესაძლებელი გახდა სურათების და მონაცემების გადაგზავნა. და კიდევ ერთი რამ: ტელეფონის კონსტრუქცია რთულდებოდა! იმიტომ, რომ ტელეფონი იძენდა ისეთ ფუნქციებს რაც აქამდე მას არ ქონია. ეს ზოგადად არის ბუნებრივი პროცესი, პროგრესთან ერთად ტექნიკა რთულდება. იგივე ხდება ავტომობილებში, იგივე ხდება საყოფაცხოვრებო ტექნიკაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა იგივე ხდება იარაღშიც, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი ბევრად უფრო კონსერვატიულია ამ მხრივ.


 ეს სურათი ეკუთვნის ცნოილ ინსტრუქტორს და ექპერტს მაიკ პანოუნს (Mike Pannone).  სურათზე არის NGA X7, AR15 ტიპის კარაბინის საკეტი, რომლიდანაც წმენდის გარეშე გასროლილი არის 1600 ვაზნა, დაბრკოლებების გარეშე. იარაღი არც კი იზეთებოდა. ასეთი საიმედოობა, მათ შორის მიღწეულია მაღალტექნოლოგიური კერამიკული დაფარვის წყალობით, რომელიც რადიკალურად ამცირებს ხახუნის ძალას და ზრდის დეტალების რესურს.  საკეტზე არ ჩანს რაიმ ზედმტი დაბინძურება, რომელიც ხელს შეუშლის იარაღის ფუნქციონირებას ან რაიმე ზედმეტი ცვეთის ნიშნები.  მოდით ასე ვიტყვი (ჩემი პირადი გამოცდილებიდან), ვინც მიჩვეულია კალაშნიკოვს, სროლის შემდეგ AR15-ში ვერაფერ გასაწმენდს და დაბინძურებულს ვერ იპოვის.

საერთოდ თუ ჩვენ ასე გვადარდებს ამ ორი იარაღის შედარება, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ AR15 არის ბევრად უფრო ტექნოლოგიური და წინ წასული კონსტრუქცია ვიდრე კალაშნიკოვი. ვიმეორებ იმას, რაც უკვე ადრე დავწერე სხვა სტატიებში.  მაგალითად იმისთვის, რომ ნაწილების სრული კომპლექტისგან ააწყოთ AR15 გეყოფათ ერთი ლურსმანი და ჩაქუჩი. შეძლებთ ნაწილების კომპლექტისგან კალაშნიკოვის აწყობას ჩაქუჩით და ლურსმნით? არა არ შეძლებთ. იმიტომ, რომ ეს იარაღი 40-ნი წლების ტექნოლოგიებით არის შექმნილი. დიახ, სავარაუდოთ არასწორი მოპყრობის პირობებში კალაშნიკოვის ავტომატი უფრო გვიან დათმობს პოზიციებს ვიდრე AR15, მაუზერის შაშხანა კიდე უფრო გვიან და შურდული კიდე უფრო გვიან. გამოსავალი? შევიარაღდეთ შურდულით? ჩაქუჩით? იქნებ ქვით ჯობია ომი? ის ხომ არასდროს გიმტყუნებს?!

AR15 გთვაზობთ იმას, რაც არ აქვს კალაშნიკოვის ავტომატს, ისევე როგორც მობილური ტელეფონი უფრო მეტს გთავაზობთ ვიდრე ციფერბლატიანი აპარატი. რის ფასად? ცოტა მეტი ყურადღება, ცოტა მეტი მოვლა. რატომ არის კალაშნიკოვი ასეთი არა ტექნოლოგიური? რატომ არ ყენდება კალაშნიკოვზე ოპტიკა ასე ადვილად? რატომ ვერ უტოლდება კალაშნიკოვის სისტემა სიზუსტეში AR15-ის სისტემას. რატომ რემონტში და მოსმახურებაში AR15 უფრო მოსახერხებელია. რატომ არის AR15 უფრო მსუბუქი. რატომ არის უფრო ადვილი AR15-ის წარმოება? რატომ არის AR15 ასეთი ერგონომიული? იმიტომ, რომ ის უპირატესი სისტემაა. გინდათ ეს ყველაფერი? კეთილი ინებეთ და მოუარეთ მას და დაიცავით უსაფრთხო ექსპლუატაციის მინიმალური წესები. აქიდან მივდივართ ამ სტატიის მთავარ აზრამდე. ჯარში თუ რამე შეიძლება გაფუჭდეს, ის გაფუჭდება. ადრე თუ გვიან მაგრამ გაფუჭდება.  მათ შორის ფუჭდება კალაშნიკოვიც, მაუზერიც, შურდულიც და ქვასაც ჯარში დამერწმუნეთ გააფუჭებენ.  ხომ ყოფილხართ რეზერვში? ჭედავენ ხო კალაშნიკოვები? ჭედავენ. AR15-იც გაჭედავს. გამოსავალი? მხოლოდ ერთი. იარაღთნა ურთიერთობისას დისციპლინის დაცვა! რასაც ოფიცრები, სერჟანტები უნდა უზრუნველყოფდნენ. მხოლოდ ისინი უზრუნველყოფენ იმას, რომ ჯარისკაცს ეცოდინება, როგორ უნდა მოუაროს თავის იარაღს, როგორ და სად გაწმინდოს და ასე შემდეგ. ასევე ისინი უზრუნველყოფენ, რომ იარაღს არ გამოიყენებენ არადანიშნულების მიხედვით, როგორც სასეირნო ჯოხს, ნიჩაბს და ასე შემდეგ.

მოგეხსენებათ, AR15-ს აქვს რამოდენიმე ნაწილი, რომელიც გარკვეული “გარბენის” შემდეგ უნდა გამოიცვალოს. ასეთი ნაწილები აქვსს პრინციპში ყველა იარაღს, თუმცა AR15-ის შემთხვევაში ასეთი ნაწილების სიცოცხლის ციკლიკონკრეტულად განსაზღვეულია. პირველ რიგში ეს არის დენთის აირების რგოლები (gas rings) ეს არის სამი C ფორმის თხელი ფირფიტა, რომელიც მოთავსებულია საკეტის კუდზე და უზრუნველყოფს დენთის აირების წნევის შენარჩუნებას საკეტში, რაც უზრუნველყოფს საიმედო  გადატენვას. კითხეთ ჩვენ ჯარისკაცს, საველე პირობებში, როგორ უნდა ამ რგოლების ფუნქციონალურობის დიაგნოსტირება? დარწმუნებული ვარ ვერც ერთი ვერ გიპასუხებთ.  მე გეტყვით. ამოღებული საკეტი გაშალეთ, ანუ საკეტის ჩარჩოდან გამოწიეთ წინ საკეტი და დადეთ ის პირდაპირ რამე სწორ ზედაპირზე. თუ საკუთარი წონით ის დაიკეცება და დაეცემა, რგოლები თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებენ და უნგა გამოიცვალონ. არის ამაში რამე რთული? ჯარში, რომელშიც ტექნიკის ექსპლუატაცია გრძელდება სანამ ის არ შეწყვეტს ფუნქციონირებას იმის გამო, რომ მისი ელემენტები მწყობრიდან გამოსვლად დაიწყებს, AR15-ს პრობლემები შეექმნება.  ვიღაცას ერთი ყურით რაღაცა ამის შესახებ რაღაცა სადღაც სმენია. ასე გაჩნდა მითი იმის შესახებ, რომ AR15-ს ჭირდება მომარაგების ბაზა თორე ის გაფუჭდება. მოგახსნებეთ დაბალი სიცოცხლის ციკლი აქვს დენთის აირების რგოლებს. “მხოლოდ” 5 000 გასროლა. თუ მე სწორედ მახსოვს ეს არის კალაშნიკოვის ავტომატის ლულის რესურსის ნახევარი.  რგოლები ღირს რანოდენიმე ცენტი, იწონის რამოდენიმე გრამს და მათი გამოცვლა შესაძლებელია ინსტრუმენტების გარეშე, AR15-ის არასრული დაშლის შემდეგ. ხანგრძლივ პერსპექტივაში AR15-ის არსენალის მოვლა და მომსახურება უფრო ნაკლები დაჯდება და უფრო ადვილი იქნება ვიდრე კალაშნიკოვების არსენალის. ეს არის  ფაქტი. და ამის მათემატიკუად დამტკიცება არის ადვილი.

დაუბრუნდეთ თანამედროვე ტექნიკის ათვისების თემას. დედაჩემს აქვს პრობლემები მობილური ტელეფონის მენიუს კითხვასთან. მისთვის ეს არის ახალი ხილი. ის რაც ჩვენთვის ბუნებრივია მისთვის არის არაბუნებრივი და მას აბნევს. გამოსავალი? იაროს უტელეფონოდ? იაროს კაბელიანი ტელეფონით? არა რა თქმა უნდა. იმის გამო, რომ არ გინდათ ან არ შეგიძლიათ ასწავლოთ ჯარისკაცს იარაღის სწორი ექსპლუატაცია ამიტომ ის უნდა იაროს ჩამორჩენილი და მორალურად მოძველებული იარაღით? არა რა თქმა უნდა. გამოსავალია ახალი სასწავლო პროგრამების შემოღება და ჯარისკაცის ადეკვატურრი სწავლა. დიახ, იმ უპირატესობებში, რაც გააჩნია ახალ იარაღს, ჩვენ ვიხდით გარკვეულ ფასს. და AR15-ის შემთხვევაში ეს ფასი დამიჯერეთ არც ისე დიდია. გაცილებით ნაკლები ვიდრე მობილური ტელეფონების შემთხვევაში.

ეხლა ორიოდე სიტყვა სწორ ექსპლუატაციაზე. როდესაც, AR15 ტიპის კარაბინები მოხვდა აშშ-ს ჯარში, ისინი განიხილებოდნენ, როგორც პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები. ამ უკანასკნელს შეუძლია ხანგრძლივი ავტომატური ცეცხლის წარმოება. ასობით და ათასაობის ვაზნის გასროლაც კი, უწყვეტ რეჟიმში. იმიტომ, რომ ვაზნები დაბალი სიმძლავრისაა და თანამედროვე პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები ძალიან გამძლეებია და გამძლეობის დიდი მარაგიც აქვთ. კარაბინი, მძლავრ ვაზნაზე გაცილებით უფრო ფაქიზია და ასეთი ექსპერიმენტები მას მალევე მწყობრიდან გამოიყვანენ და ასეც ხდებოდა აშშ-ის ნაწილებში სადაც კარაბინის ექსპლუატაცია ისევე ხდებოდა, როგორც პისტოლეტ ტყვიამფრქვევების. ეს გრძელდებოდა მანამ სანამ სპეციალური ინსტრუქციებით პერსონალს არ აუხსნეს, როგორ უნდა ეფექტური სროლის წარმოება იარაღის მოსპობის გარეშე.  მას მერე კარაბინები არა თუ სპეც-რაზმებში არამედ ჩვეულებრივ მოტო-მექანიზირებულ ნაწილებში სტანდარტული შეიარაღება გახდა და პრაქტიკულად გამოდევნა M16 ტიპის შაშხანა.

თუ იარაღის ექსპლუატაციისას დაცულია მარტივი წესები AR15 ისეთივე საიმედოა, როგოც ნებისმიერი სხვა მისი ანალოგი. ექსპლუატაციის წესების დაცვისთვის საჭიროა დისციპლინა, დისციპლინას კუ უზრუნველყოფენ მეთაურები, უფრო სერჟანტები.  თუ მაგალითად, ბრძოლის დროს  ჯარისკაცი უწყევტ რეჟიმში ერთი მეორე მჭიდის მიყოლებით ისვრის, მეთაური ვალდებულია მას ცეცხლი შეაწყვეტინოს და უბრძანოს გაუფრთხილდეს იარაღს. ეგ ყოველთვის შეუძლებელია იტყვით თქვენ. კი ბატონო, ექსტრემალურ პირობებშიც AR15 თავს გამოიჩენს. ოფიციალურ ვიდეო ჩანაწერზე, რომელიც კოლტმა გაავრცელა, სტანდარტული კარაბინი M4A1 უწყვეტ რეჟიმში ისვრის 700 ვაზნას. კი მას ბოლი ასდის, დენთის აირების მილი ნაწილობრივ დადნება, პლასტმასისი სახელურს ცეცხლი გაუჩნდება, მაგრამ 700 ვაზნა უწყვეტ რეჟიმში დაბრკოლებების გარეშე იქნა გასროლილი. რეალურ ცხოვრებაშიც ასეა. რაც უფრო მკაცრია დისციპლინა მით უფრო დიდიხანს მუშაობს იარაღი უპრობლემოდ და როდესაც მოხდება ის განსაკუთრებული ბრძოლა სადაც გახდება საჭირო უწყვეტ რეჟიმში 300-400-500 ვაზნის გასროლა იარაღი არ გიმტყუნებს, იმის გამო რომ მას აქამდე არ უვლინდნენ, ის ცოტა დაჟანგდა, სანგარის ამოთხრის მერე შიგნით ცოტა მიწა დარჩა ან დენთის აირების რგოლების შეცვლა მებრძოლს დაეზარა. 

 ეს არი SWAT Magazine-ში გამოქვეყნებული სტატიის სკანირებული ნაწილი, რომელზეც არის ასახული Bravo Company-ს მიერ წარმოებული AR15 ტიპის კარაბინი და მისი ნაწილები, მას მერე რაც ამ იარაღიდან გასროლილი იყო ათასობით ვაზნა წმენდის გარეშე.  მიუხედავად იმისა, რომ იარაღს არ უვლიდნენ და საერთოდ არ წმენდნენ (სპეციალურად ექსპერიმენტის ფარგლებში) ის საიმდოთ მუშაობდა.  სულ ამ რეჟიმში 31 175 გასროლა განხორციელდა, სერიოზული პრობლემების გარეშე

ავტომრბოლელს დამერწმუნეთ შეუძლია ერთ წრეზეც დაწვას ძრავი და შეუძლია 71 წრე იასპარეზოს და რბოლა მოიგოს. ეს არის მისი ოსტატობის ნაწილი. ადამიანი, რომელცი არ იცის ტარება დაწვავს გადაბმას მანქანაზე ერთ საათში, ვინც იცის ტარება წლები ივლის სანამ გადაბმის დისკი გამოსაცვლელი გახდება. როგორც მანქანას ისევე იარაღის „გაყვანა“ შეიძლება ისეთ რეჟიმში, რაც ცილდება მის გამძლეობის მარაგს. ეს არ არის მანქანისა ან იარაღის ბრალი, ეს არის მძღოლის/მსროლელის ბრალი. ჯარისკაცისს საბრძოლო უნარჩვევების ნაწილი უნდა იყოს იარაღის სწორი ექსპლუატაცია. ეს მიიღწევა საბრძოლო წესდებების მკაცრი დაცვით! ხოლო საბრძოლო წესდებების დაცვას უზრუნველყოფენ უშუალო მეთაურები, სერჟანტები პირველ რიგში. ყველა იარაღს აქვს ზღვარი, როდესაც ის შეწყვეტს მუშაობას.  AR15-ის შემთხვევაში ეს ზღვარი გადის 700 გასროლაზე უწყვეტ რეჟიმში ან მინიმუმ 5 000 გასროლაზე მცირე ნაწილების გამოცვლის გარეშე (რეალურად რგოლიც და ბუფერიც ბევრად მტეს ძლებენ). არ არის საკმარისი? მე მგონია, რომ საკმარისია.

მაპატაიეთ, რომ ასეთ მარტივ მაგალითებს ვხმარობ, მაგრამ გამოცდილება მკარნახობს, რომ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ არ ესმის რაზეა აქ საუბარი ან არ უნდათ, რომ გაიგოს. იმედს ვიტოვებ მარტივი მაგალითებით მე მაინც მივახვედრებ მკითხეველბს აზრს, რომელიც ამ სტატიაში დევს.

შეიძლება კიდე დავამატო, რომ ხშირად მესმის ეგეთი ფრაზები, აი კალაშნიკოვით სანგარს  ამოთხრის, რაღაცას მაგით დაამტვრევ და ასე შემდეგ. სანგრის ამოსათხრელად მოგონილია ბატონებო ნიჩაბი, დასამტვრევად ჩაქუჩი ან ურო. იარაღი არის იარაღი და მას ცოტა სხვა ფუნქციები აქვს. ვოლგა ეჯახება მერსედესს და ამგარდ ამტვრევს მას. დასკვნა? ვოლგა უფრო კარგი მანქანაა. არა ხო?

რა უნდა გააკეთოს სერჟანტმა, როდესაც ხედავს რომ ჯარისკაცი თხრის სანგარს კალაშნიკოვის კონდახით ან მიწაში იქექება ლულით.  პირველ რიგში პოპულარულ ენაზე აუხსნას იარაღის დანიშნულება და შემდგომ უმკაცრესად დასაჯოს ის. იმიტომ, რომ ასეთი მოპყრობა იარაღისადმი გამოიწვევს იმას, რომ ბრძოლაში ეს იარაღი მას უმტყუნებს. ზუსტად ეს არის დისციპლინა, რომელზეც მე ვსაუბრობ ეხლა.

ერთხელ მე ავტვირთე ერთ ერთ ფორუმზე სურათი ქართული სამხედრო ნაწილების წვრთნებიდან. სადაც მე პირადად არაფერი საგანგაშო არ შევამჩნიე, თუმცა გამოცდილმა საზოგადოებამ, (უცხოელებმა) ეგრევე „დაწვეს“ რომ ჯარისკაცების იარაღი თავიდან ბოლომდე თოვლში იყო, არა და ისისნი საბრძოლო პოზიციაზე იყვნენ. იარაღი უნდა ყოფილიყო სრულ საბრძოლო მზადყოფნაში, როგორც მინიმუმ ლულაში და სამინზე მოწყობილობებზე თოვლი არ უნდა ყოფილიყო. რას შვებოდნენ მეთაურები? სავარაუდოთ დაკავებულები იყვენ პოზირებით და ამ „უმნიშვნელო“ დეტალს არ აქცევდნენ ყურადღებას.

მორალი ამ ისტორიის. არც კალაშნიკოვი არც AR15 არ უნდა გამოიყენებოდეს მიწის სამუშაოების დროს და სხვა არასაშტატო რეჟიმებში. თუ ეს უმკაცრესად არ სრულდება, კალაშნიკოვიც და AR15 მწყობრიდან გამოვა. AR15 ცოტა უფრო ადრე, მაგრამ საბოლოოდ ორივე გამოვა მწყობრიდან. მართალია AR15 ბევრად უფრო მარტივად და მალე დაბრუნდება მწყობრში, ვიდრე კალაშნიკოვის სისტემის ავტომატი.

რა თქმა უნდა ბრძოლაში ყველაფერი ხდება და ალბათ უმეტეს წილად არასაშტატაო სიტუაციები მაგრამ დამერწმუნეთ აშშ-ის ჯარი, რომელიც 2003 წლიდან ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებშია ჩართული, M4-ს და M16-ს დიდიხანია შეცვლიდა რამე სხვა უკეთესი იარაღით იმ ისტორიების, რაც ინტერნეტში, რომ ცირკულირებს 10% მაინც სინამდვილე რომ ყოფილიყო.

არ შემიძლია არ ავღნიშნო საიდან მოდის ეს გაუთავებელი მითები AR15ის არასაკამარის საიმედოობაზე. პირველ რიგში ისინი უკავშირდება ვიეტნამის ომს და პერიოდს, როდესაც იარაღი სახელად M16 მოხვდა საბრძლო ნაწილებში პირდაპირ წინა ხაზზე.   ბევრმა იცის, რომ იყო პრობლემები საიმედოობასთან, მაგრამ თითქმის არავინმა (ყველას ვისაც მე ვკითხე) არ იცოდა ზუსტად რითი იყო ეს პრობლემები განპირობებული ან საერთოდ რაში გამოიხატებოდა. იარაღი ჭედავდა და მორჩა. დავიწყო ჩამოთვლა რამდენმა რამემ შეიძლება გაჭედოს იარაღი? მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, პირველ რიგში ეს იყო მცდარი კონცეფციის დაჯერება რომ ეს სისტემა არ ითხოვდა წმენდას. ამის გამო ჯარში ინსტრუქციები იარაღის მოვლაზე უფრო გვიან გაჩნდა ვიდრე თვითონ იარაღი.  საბოლოო ჯამში ის ნაკლებ მოვლას ითხოვს მაგრამ მაინც ითხოვს, როგორც ნებისმიერი სხვა იარაღი. ცნობილია, რომ საიმეოობასთან არსებული პობლემების მიზეზი, ახალ იარაღზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სავაზნეები არასწორი ზომებით მზადდებოდა, რაც გამოწვეული იყო მისი ნაჩქარებად სერიაში გაშვებით და მასობრივი წარმოების მოწყობით.  იარაღი ქარხნიდან პირდაპირ მიდიოდა წინა ხაზზე. არ იყო ინსტრუქციები, არ იყვნენ მომზადებული ხელოსნები, თვითონ ჯარისკაცებმა არ იცოდნენ ახალი იარაღის სწორი მოვლა და მომსახურება. არ იცოდნენ AR15-ის სისტემის თავისებურებები.  თუ მშვიდობიან დროს ახალ იარაღზე გადასლა მოხდებოდა აჩქარბის და ზედმეტი ხმაურის გარეშე, ომის პირობებში ყველა ახალ აღმოჩენილ პრობლემას ეწირებოდა ჯარისკაცების სიცოცხლე. რაც ბუნებრივია იწვევდა ნეგატიურ რეაქციას და გამოხმაურებას. უბრალოდ არავის არ უნდოდა პრობლემაში ბოლომდე გარკვევა და შემოიფარგლებოდნენ მარტივი ლოზუნგებით, M16 ჭედავს! ჩვენი ჯარისკაცები უკეთეს იარაღს იმსახურებენ! 

გარდა იმ პრობლემებისა, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, იყო კიდე ერთი, რომელზეც გაცილებით უფრო ნაკლებია ცნობილი და ის უკავშირდება 5.56 კალიბრის ვაზნებს, უფრო სწორედ დენთს, რომელიც ამ ვაზნებში გამოიყენებოდა. მოგეხსენებათ, ახალი იყო არა მარტო M16, ახალი იყო მისი ვაზნებიც, რომლის წარმოების ათვისება M16-ის წარმოების ათვისების პარალელურად მიმდინარეობდა და მათი დახვეწა ასევე ომის პირობებში ხდებოდა, ყველა აქიდან გამომდიანარე ნეგატიური მაგრამ მაინც დროებითი შედეგებით. ახალ ვაზნებზე სწრაფმა მოთხოვნამ გამოიწია ის, რომ მიმწოდებელი კომპაია რემინგტონი თუ ადრე შედარებით ადვილად აწვდიდა მცირე რაოდენობით საჭირო ვაზნებს (IMR 4475 დენთით), ომის პირობებში ვეღარ ახერხებდა ადეკვატურ მომარაგებას.  დაეცა დენთის ხარისხი, შემცირდა იარაღის საიმედოობა.  საქმე იმაშია, რომ წნევის მაჩვენებელი ამ მარკის დენთში არასატაბილურია პარტიიდან პარტიამდე, მწირი მიწოდების პირობებში საჭირო პარტიის შერჩევა რემინგტონისთვის არ იყო პრობლემა, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში ასეთი პრაქტიკა აღარ მუშაობდა.  სანამ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობამ და მწარმოებელმა კომპანიებმა მოილაპარაკეს დენთის ტიპზე, სტადნარტებზე და მიწოდებაზე, გავიდა გარკვეული პერიოდი, რა დროსაც ბრძოლის ველზე M16 შესაბამის პრობლემებს განიცდიდა.  ისიც უნდა ავღნიშნო სპეციალურად დაბინძურებული და გაჭედილი ჩარჩოების/რესივერის თეორიის მოყვარულთათვის, რომ დეფექტური დენთის გამოყენებისას ჩარჩო არ ბინძურდებოდა, ბინძურდებოდა და ნამწვავით იჭედებოდა დენთის აირების მილი, რაც იწვევდა პრობლემებს საიმედოობასთან.  ამას ყველაფერს დაემატა ხმაური პოლიტიკურ წრეებში, სადაც ტრადიციულად არ უყვართ დეტალებში ჩახედვა, ეს აიტაცეს სხვა და სხვა დაინტერესებულმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ თემით აქტიურად სპეკულირებდნენ და შედეგად მივიღეთ მითები და ლეგენდები M16-ზე, რომელიც ძალიან ზუსტია მაგრამ სულ ჭედავს. რატომ არის M16 ზუსტი და რატომ ჭედავდა ამდენი წლის მერე არავინმა ზუსტად არ იცის. გადიოდა დრო, იხვეწებოდა იარაღი, ამუნიცია, ტექნოლოგიები. ვიეტნამის ომის დროინდელ M16A1-ს და  დღევანდელ AR15-ებს შორის, მითუმეტეს ამ სისტემის თანამედროვე მაღალტექნოლოგიურ შაშხანებს შორის, უზარმაზარი სხვაობაა. ხოლო სტოუნერის ”პირდაპირი შეფრქვევის სისტემა” სრულყოფილობამდეა დაყვანილი. კი გამოჩნდა ახალი სისტემები, რუსებმა წაროადგინეს კალაშნიკოვის ავტომატი მოდელი 200 რომელიც საეჭვოდ წააგავს ჩრდილოეთ ამერიკაში წარმოებულ “კასტომიზირებულ” კალაშნიკოვის კლონებს, გაჩნდა “მულტი კალიბრები”, სწრაფად მოსახსნელი ლულები მაგრამ ჯერ ჯერობით ვერც ერთი მათგანი საბრძოლო ბიოგრაფიით ვერ შეედრება გამოცდილ AR15-ს, რომელიც ჯერ კიდე კარგახანი შეინარჩუნებს სავარაუდოთ საუკეთესო ”ავტომატის” ტიტულს.  

სტოუნერის სქემა სრულყოფილამდე დაყვანილი მაღალტექნოლოგიურ იარაღში, რომელიც წარმოადგენს უმაღლესი კლასის AR15-ის ტიპის სერიულ იარაღს:  Next Generation Arms, X7.  მძიმე Noveske-ს ლულა, კერამიკული დაფარვა, Geissele Automatics-ის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმების არჩევანი, გარანტირებული სუზუსტე 1 MOA 100 მეტრზე, საბრძოლო იარაღის საიმედოობა  და ფასი 2445 აშშ-ის დოლარი, ორჯერ უფრო ძვირი ვიდრე საშუალო თანამედროვე  AR15 ტიპის იარაღი. ალბათ ეს არის იდეალური საბრძოლო შაშხანა.

 

t0 be continued …..



8 Responses to “AR15-ის საიმედოობაზე და მის ექსპლუატაციაზე ანუ მითები და რეალობა AR-15ზე Vol. 1”

  1. longbowman says:

    თქვენი ნაწერებიდან რაც გავიგე და მე რაც მსმენია და გამიგია და გამომიცდია ეს შაშხანა, მის ექსპლუატაციას სჭირდება ბატალიონზე სულ მცირე სამი მეიარაღე ე.წ. Armorer. აშშ არმიაში ოთხია თუ არ ვცდები გათვალისწინებული. მთლიან შეიარაღებულ ძალებს, რეზერვის გამოკლებით სადღაც დასჭირდება 70 მეიარაღე. თუ თქვენ ათ, თუნდაც ხუთ კარგ AR15 მეიარაღეს მიპოვით საქართველოში მე თქვენ დაგპატიჟებთ რესტორანში თქვენი ათი მეგობრის თანხლებით. მე საერთოდაც არ ვარ წინააღმდეგი AR15 მაგრამ თანამედროვე ომში სადაც ავტომატი უკვე ხლაპუშკის როლს ასრულებს და ძირითადი დატვირთვა მაინც მძიმე შეიარაღებაზე, თუნდაც ყუმბარმტყორცნებზე და მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებზე მიდის, სულაც არ ვემხრობი ავტომატის შეცვლას. მეორეც მე პირადად სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო არ მომწონს .223 კალიბრი და მომწონს ავტომატის შუალედური კალიბრები(გრენდელი, რემინგტონ სპც და სხვანი), და ვთვლი რომ ერთი ნაბიჯით წინ იქნებოდა ამ კალიბრზე თუნდაც მ4ების შეძენა. თუმცა იგივე მ4 დაწუნების მიზეზი სულაც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის რომ ცუდად ეპყრობიან ავტომატს.
    მოგეხსენებათ არის პირობები რომელიც სულაც არ არის მოპყრობა არ მოპყრობაზე დამოკიდებული. არის მტვერი, წყალი, ტალახი, ქვიშა ანუ დანამატები რომლებიც საბრძოლო პირობებში ეს ბუნებრივად შეიძლება მოხვდეს თქვენს შაშხანაში. მე მაინტერესებს თქვენგან როგორ მოიქცევა პირადად თქვენი შაშხანა ასეთ ვითარებაში და საინტერესოა თუ შეფერხება იქნება დაახლოებით რამდენ წამში მოიყვანთ შაშხანას წესრიგში.
    რომ არ მოგატყუოთ თქვენიც მესმის, მაგრამ ერთია კომფორტულ მდგომარეობაში პარალონზე დადებული შაშხანიდან სროლა და და მეორე საქმეა საბრძოლო ვითარება სადაც ტალახში, წუმპეში ჭაობში და მსგავს ადგილებში ჩაწოლა მოგიწიოთ. ამ დროს როგორ მოიქცევა თქვენი შაშხანა?
    თქვენ ასევე გექნებათ სკარის, მ4, ხმ8 და ჰკ416 შედარების დიაგრამა ნანახი და იქაც თუ არ ვცდები 2ჯერ მეტია გაჭედვები. რას მივაწეროთ ასეთი ქმედება და რატომ უნდა დავაყენოთ მაგალითად სკარზე და ხმ8ზე მაღლა(ამ უკანასკნელს მე პირადად იდეალურ საბრძოლო შაშხანად ვთვლი)

    მადლობელი ვიქნები თუ პასუხს მომწერთ, ნამდვილად მაინტერესებს ამ შაშხანაზე კვალიფიცირებული აზრი. ბოლობოლო შეიძლება მისი გამოყენება საბრძოლო ვითარებაში მომიწიოს და ახლა თავის ატკიება მერე თავის ახდას ჯობია.

  2. Shooter says:

    ამ კომენტარს მე ვერ უპასუხებ ასე მარტივად, იმიტომ, რომ ძალიან ვრცელი პასუხი გამოვა თუმცა დარწმუნებული ვარ მორიგი სტატიები შეკითხვებზე პასუხს გაგცემენ.

    პს
    არ15-ი შესანიშნავად უძლებენ დაბინძურებას, ტესტს რაც შეეხება ამაზე ბევრი ითქვა, თუმცა შედარებამდე იგივე ტესტი მხოლოდ მ4-ისთვის ჩატარდა და დაბრკოლებები ორჯერ ნაკლები იყო. ამ თემას მე ცალკე შევეხები და შევეცდები კარგად გამოვიკვლიო.

  3. longbowman says:

    ნამდვილად მაინტერესებს თქვენი აზრი, იმიტომ რომ მე ამ ტიპის იარაღთან ჯეროვანი შეხება არ მქონია და ხანგრძლივ ექსპლუატაციაში არ მინახია, ამიტომ საინტერესო იქნება თავისი პლუს მინუსიანად. და კარგი იქნება თუ შემდეგ სტატიებში მის საბრძოლო შესაბამისობაზე გაამახვილებთ და კიდე საინტერესო იქნება როგორ ვუზრუნველყოთ საბრძოლო პირობებში მისი შეუზღუდავი ფუნქციონირება. ანუ ომის დროს მე რომ მომცემენ ავტომატს, ოთხ ან ექვს მჭიდს, ხუთას ტყვიას, საწმენდ კომპლექტს(იმედია) და სხვა პრიბამბასებს(აქ იმედიც არ არის) მე ამით უნდა ვუზრუნველყო ის ფაქტი რომ ნებისმიერ გარემო ნებისმიერ გარემო პირობებში სპეციალური ზეთის, ან ზეთების გარეშე (აკ და მაუზერი მიწმენდია შოლოჩით და საკერავი მანქანის ზეთით გამოუვალ მდგომარეობაში, ისე რომ მათ საბრძოლო თვისებებზე არ ქონია გავლენა). და კიდევ სიამოვნებით ვიხილავდი თქვენს სტატიას თუ როგორ და რისგან უნდა შევადგინოთ არ-15 საექსპლუატაციო კიტი, ანუ რა თუნდაც საწმენდი საშუალებები, ხელსაწყოები, იგივე თუნდაც სამიზნეები უნდა შევიძინოთ რომ გავზარდოთ არ-15ის საიმედოობა, სიზუსტე და სხვა მახასიათებელი.

  4. Shooter says:

    ზეთის და წმენის გარეშე საშუალოდ 2000 ვაზნას AR15 გაისვრის.

    ანუ ეს მოსაზრება რომ ეს იარაღი ზეთის და წმნენდის გარეშე არ მუშაობს არის გადამეტბული. მუშაობს. იმდენ ხანს ვერა რაც მაგალითად აკ მარამ მუშაობს.

    რაც შეეხება აფგრეიდებს, აქ იმდენი ოფციაა რომ ამაზე შეიძლება 2 -3 წიგნის დაწერა.

    მე შიმიძლია გირჩიოთ მხოლოდ ლიტერატურა ამ თემაზე. მაგალითად:

    “The Complete AR-15/M16 Sourcebook 2nd Edition” by Duncan Long

    The Gun Digest Book of The AR-15 Volume 3 by Patrick Sweeney

    The M16/AR15 Rifle, 3rd Ed. by Joe Poyer

    Gunsmithing – The AR-15 by Patrick Sweeney

  5. longbowman says:

    საინტერესოა.
    აუცილებლად გავეცნობი ამ მასალებს.
    ისე შევიძენდი არ15 კიტებს რომელიც იყიდება მაგრამ აქ ჩამოტანა ამერიკიდან არის გამორიცხული(სახელმწიფო დეპარტამენტის თავზეც გავიარე). აქ კიდე ვერც ვერსად მიყიდია, არანორმალურად ძვირი ღირს და თან არც არის. არადა სამოქალაქო კარაბინისთვის ჩემთვის ოპტიმალური იქნებოდა მისი რომელიმე ვერსია მასტერკეი კომბინაციაში მცირე პომპასთან ერთად. (თუ რა თქმა უნდა კანონს არ დავარღვევდი, რომლებიც თავის დროზე იდიოტებმა დაწერეს.

  6. ბიძინა says:

    ყველაფერში გეთანხმები რაც შეეხება ამ იარაღის საიმედოობას.
    ქართული არმიის საშტატო იარაღთან დაკავშირებით კი ერთს ვიტყვი. მე არ ვეთანხმები იმ აზრს თითქოს ავტომატური შაშხანა თანამედროვე ბრძოლაში ამინდს ვერ შექმნის. უკეთესი საშტატო იარაღი აუცილებლად ნიშნბავს უპირატესობას რადგან საშტატო იარაღი დიდად განაპირობებს ჯარისკაცის ბრძოლისუნარიანობას და შესაძლებლობებს, ავტომატით შეიარაღებული ჯარისკაცი კი ბრძოლის ველზე პროცენტულად ყველაზე მეტია. რაც შეეხება “ქართულ” მ4-ებს, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვიყენებთ ამ იარაღის უპირატესობას მოწინააღმდეგის იარაღთან შედარებით. აღუჭურვავი “შიშველი” მ4-ების ქონა არმიაში უაზრობაა მაშინ როდესაც ეს იარაღი აღჭურვის ვარიანტების თითქმის უსასრულოობით გამოირჩევა, რის ხარჯზეც კიდევ უფრო იზრდება მისი სიზუსტეც და შესაბამისად გამძლეობაც.

  7. თედო says:

    სწორედ დაწერეთ როდესაც თქვით რომ არ 15-ის საიმედოობა პირდაპირ კავშირშია მის სწორ ექსპლოატაციასთან. სწორი ექსპლოატაცია კი ჯარისკაცის პროფესიოონალიზმს მოითხოვს, თუ მან არ იცის რა იარარი უჭირავს ხელში, მაშინ მას ან ჯარში რა უნდა ან ომში?
    18 წლის ბავშვებისათვის რომელსაც სანადირო თოფიდანაც კიარ უსვრიათ რათქმაუნდა, ჯობს ნახათქუნები და ნაჯახუნები კალაშნიკოვების მიცემა. პოსტზე სადგომათ ეგეც გამოადგებათ.

    დაშლა აწყობის მეტს ჯარისაკცებს არაფერს ასწავლიან… აიღებენ ერთ დეტალს და მიარგებენ მეორეს, ის კი არ იციან ეს დეტალი რას აკეთებს, როგორ მოქმედებს და რისთვის არის საჭირო.

  8. ლაშა says:

    ლევან გამარჯობა,გახსოვს მოგწერე ექსპერიმენტის ჩატარებას ვაპირებთქო,მივხვდი რომ აზრი არა აქვს,ჩემი კოლტი დგუშიანია და რამდენიც არ უნდა ვისროლო გაუწმენდავად არ გაჭედავს,მე კიდე გული არ მიძლებს რომ გაუწმენდავი მქონდეს,მეცოდება,სხვათა შორის საკეტში დენთის აირის რგოლები არ ააქვს,პრინციპში არც ჭირდება.

დატოვეთ კომენტარი