ნახმარი რევოლვერის შემოწმება

1906514 

 

ყველაზე ხშირად რასაც მე მეკიტხებიან და მთხოვენ რომ ჩემი „ავტორიტეტული“ აზრი გამოვხატო ეხება იარაღის არჩევას, შემოწმებას და მის შეძენას. რახან საზოგადოების ასეთი ინტერესი არსებობს მეც შევეცდები ის მაქსიმალურად დავაკმაყოფილო.

რევოლვერის, როგორც ძირითადი თავდაცვის იარაღის შეძენისას ან მის არჩევისას უნდა გვახსოვდეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. დიახ რევოლერი დიდი ალბათობით უფრო საიმედო არის ვიდრე პისტოლეტი.  გადატენვისას ის იყენებს მხოლოდ მსროლელის კუნთების ძალას, მაშინ როდესაც ავტომატური პისტოლეტი იყენებს უკუცემის ძალას და გადატენვა ავტომატურად ხორციელდება მსროლელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად განსხვავებით რევოლვერისგან, მთელი რიგი ფაქტორების მოქმედებს პისტოლეტის გადატენვის ციკლის სრულყოფილებაზე. ესენია ვაზნის მუხტის ძალა, ზამბარების მდგომარეობა, მჭიდის მდგომარეობა ისიც კი თუ, როგორ უჭირავს მსროლელს იარაღი.  მე მაინც ავღნიშნავდი, რომ ამავე დროს კარგ ტექნიკურ მდგომარეობაში მყოფი პისტოლეტი კარგი ვაზნებით ისეთივე საიმედოა, როგორც რევოლვერი. და კიდევ  პისტოლეტს აქვს რამოდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა რევოლვერის წინააღმდეგ. პიველ რიგში ის, რომ პისტოლეტის ზუსტად სროლა სტრესულ მდგომარეობაში ყოფნისას  გაცილებით უფრო ადვილია. ეს არის პისტოლეტის ყველაზე მთავარი უპირატესობა.  მხოლოდ შემდეგ მოდის ის, რომ  პისტოლეტი იტევს გაცილებით მეტ ვაზნას, აქვს სწრაფი გადატენვის უპირატესობა ე.ი. აქვს მეტი საცეცხლე ძალა და ასე შემდეგ. 60-ან წლებამდე სანამ აშშ-ში რევოლვერი იყო ძირითადი პოლიციური იარაღი, სტატისტიკურად იყო ცნობილი, რომ აშშ-ში პოლიციელების მიერ რეალურ შეტაკებებში რევოლვერებიდან ნასროლი ტყვიების მხოლოდ 25% ხვდებოდა სამიზნეს. მას მერე, რაც პისტოლეტმა შეცვალა რევოლვერი აღნიშნული სტატისტიკური გამოკვლევა მთლიანად აშშ-ის მასშტაბით არ ჩატარებულა, თუმცა არსებობს ილინოისის შტატიტის პოლიციის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მიზანში მორტყმის კოეფიციენტი შეადგენს მათ შემთხვევაში 65%. ეს სტატისტიკური გამოკვლევა იმიტომ არის ხელმისაწვდომი, რომ აღნიშნული სტრუქტურა იყო პირველი აშშ-ში, რომელმაც თქვა უარი რევოლვერებზე და პირველი გადავიდა ავტომატურ პისტოლეტებზე (Smith&Wesson M39), და ამ გადასვლას ყურადღებით აკვირდებოდნენ.  იმ დროს ლოს ანჯელესის პოლიცია, რომელიც რევოლვერებით იყო შეიარაღებული ხოლო მისი თანამშრომლების არანაკლებ ინტენსიურ მომზადებას გადიოდნენ, აღნიშნული კოეფიციენტი შეადგენდა მხოლოდ 28%-ს. ანუ ვარჯიშის ხარსხი აქ არაფერ შუაში არ არის. ასე, რომ რევოლვერის არჩევამდე კარგად უნდა ათვითცნობიერებდეთ მის, როგორც პირადი იარაღის სუსტ და ძლიერ მხარეებს.  ეს თემა არ ეხება პისტოლეტის და რევოლვერის შედარებას, მაგრამ მე მაინც უნდა მეთქვა ორი სიტყვა ამ საკითხზე და მოგვიანებით უფრო ვრცლად გავშლი ამ თემას ცალკე სტატიაში.

ეხლა რევოლვერის რეაბილიტაციასაც შევეცდები და ვიტყვი, რომ ასეა თუ ისე მაგრამ ნებისმიერი სასროლეთის ნებისმიერი ინსტრუქტორი ან თანამშრომელი დაგიდასტურებთ, რომ ისინი გაცილებით უფრო ხშირად ხედავენ დაბრკოლეებებს პისტოლეტებში ვიდრე რევოლვერებში. ისიც ფაქტია, რომ დღემდე ყველაზე მსროლელი ერის, ამერიკელი ხალხის საყვარელ დამხმარე და ფარული ტარების იარაღად რჩება მოკლელულიანი რევოლვერი. და ამის მიზეზი, მხოლოდ ტრადიციების გავლენა არ არის. გარდა ამისა მოკლელულიანი რევოლვერი ისეთივე საიმედოა, როგორც მსხვილკალიბრიანი სრული ზომის მოდელი, ხოლო კომპაქტური და სუბკომპაქტური პისტოლეტების საიმედოობა ჯერ ვერ უტოლდება სრული ზომის პისტოლეტებს.

რევოლვერის პატრონმა ან ყიდვის მსურველმა კიდევ უნდა იცოდეს მნიშვნელოვანი რამე: თუ პისტოლეტმა სროლის დროს გაჭედა, მისი მწყობრში დაბრუნბა შესაძლებელია რამოდენიმე სწრაფი მანუპულაციით. თუ გაჭედა რევოლვერმა  ის მეტ დროს მოითხოვს ან სულაც მისი საბრძოლო მდგომარეობაში დაბრუნებამ შეიძლება მოითხოვს ვიზიტი იარაღის ხელოსანთან. ასევე  რევოლვერის რესურსი პისტოლეტთან შედარებით არის მცირე. განსაკუთრებულად ეს ეხება მსხვილკალიბრიან და მსუბუქი წონის მოდელებს, რომლებიც ცუდათ იტანენ „დასჯას“ სრულ მუხტიან ვაზნებისგან. რევოლვერის რემონტი მოითხოვს კვალიფიციურ ხელოსანს და ზუსტ მოწყობილობებს, მაშინ როდესაც ავტომატური პისტოლეტის რემონტი შესაძლებელია უბრალოდ ნაწილის გამოცვლით, რაც პრაქტიკულად ნებისმიერს შეუძლია. საიმედო ფუნქციონირებისათვის და ზუსტი სროლისთვის რევოლვერი უნდა იყოს დაყენებული, როგორც ზუსტი საათი, მისი მექანიზმები უნდა მუშაობდეს აბსოლუტურად სინქრონულად. ამას ქვია ტაიმინგი  ანუ პროცესი რომელიც იწყება სასხლეტის დაჭერით და სრულდება  ჩახმახის დაცემით. იმისთვის, რომ შევძლოთ პრობლემის აღმოჩენა უნდა ზუსტად ვიცოდეთ რა ხდება ამ პროცესის დროს.  ავხსნი: ყველაფერი იწყება, როდესაც სასხლეტი იწყებს უკან მოძრაობას, დოლურას შემაკავებელი ტოვებს დოლურას პაზს და ჩადის დაბლა (დოლურა იხსნება) და ჩახმახი იწყებს უკან მოძრაობას. შემდეგ „ხელი“ იწყებს დოლურას ბრუნვას „ვარსკვლავზე“ ზემოქმედებით. თუ შემაკავებელი ამ დროს ბოლომდე არ დაიწევა ეს გამოიწვევს შესამჩნევ დაბრკოლებას სასხლეტზე დაჭერისას. როდესაც დოლურა ტრიალებს შემაკავაბელი თავისუფლდება, იწევა ზევით, ედება დოლურას კედელს და იწყებს სრიალს მის ზედაპირზე სანამ არ ჩახტება მორიგ პაზში და ჩაკეტავს დოლურას. სავაზნე ახალი ვაზნით სწორდება ლულის მიმართ. სასხლეტი კიდევ უკან ცოტათი წევს ჩახმახს, ბოლოს ათავისუფლებს მას და ის ეცემა. ეს არის ტაიმინგი. თუ ამ პროცესის დროს დეტალების ურთიერთქმედაბას რამე უშლის და სინქრონულობა დარღვეულია ეს გამოიწვევს პრობლემებს სროლისას.

revolver

რევოლვერის ძირითადი ელემენტების განმარტება, რომელზეც არის საუბარი ამ თემაში. ვარსკვლავი არის პირობითი აღნიშვნა ინგლისური სიტყვა ratchet-ის, რომლის ქართული ზუსტი თარგმანი მე არ ვიცი.

კარგი ამბავია, რომ რევოლვერის ტექნიკური მდგომარეობის და მათ შორის ტაიმინგის დიაგნოსტირება შესაძლებელია სროლის გარეშე. რა თქმა უნდა სპეციალური ზუსტი ინსტრუმენტები არსებობა კარგი იქნება, ხოლო მათი გამოყენება რევოლვერის ტექნიკური მდგომარეობის უფრო ზუსტ სურათს მოგვცემს მაგრამ შემოწმება შეიძლება ჩატარდეს მათ გარეშეც, დათვალიერებით და რამოდენიმე მარტივი ტესტის შესრულებით. უბრალოდ უნდა იცოდეთ, რას უყუროთ და როგორ შეამოწმოთ მექანიზმების მუშაობა. ზემოაღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე რევოლვერის სწორ შემოწმებას ყიდვამდე, აქვს კრიტიკული მნიშვნელობა.

პირველ რიგში პატარა შენიშვნა, არაფერი, რასაც თქვენ ეხლა აქ წაიკითხვათ არ არის ჩემი გამოგონილი. ეს სტატია მთლიანად დაფუძნებულია ავტორიტეტული ექსპერტების ნაშრომებზე (სია ბოლოშია). მე მოვამზადე ეს სტატია იმისთვის, რომ მოგცეთ თქვენ საშუალება არ მოტყუვდეთ და შეიძინოთ ფუნქციონალური რევოლვერი, რომელსაც არ ექნება პრობლემა, და ესეიგი თქვენ, არ შეგექმნებათ პრობლემები.  

რევოლვერის შემოწმების პროცესი შეიძლება პირობითად დავყოთ ორ ნაწილად, ვიზუალური დათვალიერება და ფუნქციონალური შემოწმება. ყურადღება!!! შემოწმებამდე დარწმუნდით რომ რევოლვერი არ არის დატენილი და თითო სავაზნე არის ცარიელი.

ნაწილი პირველი: ვიზუალური დათვალიერება.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: მოერიდეთ რევოლვერებს მიწაზე დაცემის ნიშნებით. რევოლვერი გაცილებით უფრო მგძნობიარეა ეგეთი სტრესების მიმართ ვიდრე პისტოელტი. მიწაზე დავარდნამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს რევოლვერი, გამოიწვიოს დოლურას ჩაკეტვის მექანიზმის დაზიანება, ჩარჩოს დეფორმაცია და ასე შემდეგ.

შეხედეთ იარაღს, დაუკვირდით მას, მოუსმინეთ მას. რა ხმებს გამოსცემს ის, როგორ იქცევა. ამან ბევრი რამე შეიძლება გითხრათ იარაღზე. დახშობილი ხმები მექანიზმის მუშაობისგან შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ რევოლვერის მექანიზმი დაბინძურებულია ან გამოტენილია ბლანტი საფოხებით.

რევოლვერის ლულის შემოწმება არ განსხვავდება სხვა ხრახნილლულიანი იარაღის შემოწმებისგან, თუმცა დამატებით დააკვირდით, როგორ არის დამაგრებული ლულა ჩარჩოში, ხომ არ ზის ლულა ჩარჩოში ცუდათ, ხომ არ არის ლულა გადაბრეცილი და ასე შემდეგ.

შეამოწმეთ ცალკე თითო სავაზნე. ადგილი, რომელიც იტევს მასრებს უნდა იყოს იდეალურად სწორი და ყოველგვარი დეფექტების გარეშე. არ უნდა იყოს არანაირი შებერილობები, ნაკაწრები ან სხვაგვარი დეფექტები.  წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება პრობლემები მასრების ექსტრაციასთან. ადგილები სადაც მთავრდება მასრა იქნება დამუქებული და გასროლილი ვაზნების რაოდენობიდან გამომდინარე იქნება ამა თუ იმ ხარსხის დენთის წვით გამოწვეული ეროზია. ეს ნორმალურია მაგრამ ეროზია არ უნდა იყოს მნიშვნელოვანი.  განსაკითრებული ყურადღება საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ .357Magnum-დან ნასროლია ბევრი უფრო მოკლე .38 Special კალიბრის ვაზნები. ეს ნიშნავს, რომ პირველი ვაზნის დატენვისას მისი მასრა მოექცევა იმ ადგილას სადაც მოკლე ვაზნის სროლისას გაჩნდა ეროზია ან თუნდაც დარჩა მნიშვნელოვანი დაბინძურება. ამან შეიძლება გაართულოს ან სულაც შეუძლებელი გახადოს უფრო გრძელი მასრის ექსტრაქცია. იგივე გარკვეულ წილად ეხება ჩვენთან გავრცელებულ ნაგანის რევოლვერებს. მასრა რომელიც შედის კონუსში, უკანასკნელის დაზიანების შემთხვევაში იჭედება შიგნით ხოლო ძალა რომელიც გააჩნია დოლურას უკან მოძრაობისას, არ არის საკმარისი, რომ მასრა იქიდან გამოაძროს. იარაღი გაიჭედება. შესაბამისად ამ რევოლვერის ინსპექტირებისას ამ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციოს.

კონუსი. ნაწილი, რომელიც “იჭერს” ტყვიას და მუშაობს როგორც ძაბრი. მის გავლით ხვდება ტყვია დოლურადან ლულაში.  ხშირად ეს ნაწილი არის გაუწმენდავი და ჭუჭყით დაფარული. კარგი წმენდის გარეშე მისი ინსპექტირებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჭუჭყის სქელი ფენის ქვეშ დეფექტები უბრალოდ დაიმალება. კონუსის მდგომარეობა ბევრს გეტყვით რევოლვერის საერთო მდგომარეობაზე.  კონუსი უნდა იყოს მთლიანი და უნდა ქონდეს ბასრი კუთხეები. ის არ უნდა იყოს დეფორმირებული, დაჭეჭყილი ან მითუმეტეს გაბზარული. გაბზარული კონუსი დიდი იშვიათობაა სუსტ კალიბრებში, მაგრამ მაგნუმებში საკმაოდ ხშირია. გაბზარული კონუსის შეკეთება შეუძლებელია. სერიოზულად დაბინძურებული კონუსი მნიშვნელოვნად ამცირებს სიზუსტეს.

დაათვალიერეთ დოლურა და პაზები, რომლის მეშვეობითაც ხდება ჩაკეტვა. ასევე დეტალი, რომელიც კეტავს დოლურას (შემაკავებელი). ამ დეტალის გამოცვლა თუ ის გაცვეთილია შედარებით ადვილია, დოლურას გამოცვლა ჩვენ პირობებში არარეალურია.

გარდა ტრადიციული დათვალიერებისა, რომელმაც უნდა აღმოაჩინოს ვიზუალური დეფექტები (ნაკაწრები, ბზარები, დეფექტები ლულის შიგნით, ზედმეტი ცვეთის ნიშნები) უნდა ჩაატაროთ რევოლვერის სრული ფუნქციონალური შემოწმება მათ შორის ტაიმინგის შემოწმება.

ჩახმახის შემოწმება. შეაყენეთ რევოლვერი და სასხლეტთან შეხების გარეშე დააწექით უკნიდან ჩახმახს. თუ ის ასხლტება ესეიგი ვიღაცამ შეეცადა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის პოლირება/დარბილება, ან იარაღი მნიშვნელოვნად გაცვეთილი, ან არის ქარხნული დეფექტი, რას ასევე არ არის გამორიცხული. გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს მოსაზრება, რომ საბრძოლო რევოლვერს არ ჭირდება ერთმაგი მოქმედება საერთოდ ეს შეიძლება არც იყოს პრობლემა, მაგრამ, როგორც მინიმუმ აღნიშნული შეიძლება მეტყველებდეს სხვა პრობლემების არსებობაზეც, რევოლვერის შიგნით.

დოლურას ღერძის  შემოწმება. გადმოწიეთ დოლურა და, როგორც ხანდახან კინოებში ხდება დაატრიალეთ ის სწრაფად. დააკვირდით დოლურას ღერძს თუ ის ერთ ადგილზეა ყვეელაფერი რიგზეა თუ ის იქით აქით დადის ესეიგი ის მორყეულია და მისი გასწორება იქნება რთული და ძვირი ხოლო ჩვენ პირობებში ალბათ შეუძლებელიც კი.

დოლურას ფიქსაცია ჩარჩოში. დაკეტეთ დოლურა და მისი გასახსნელი ღილაკის დაჭერის გარეშე შეეცადეთ მის გახსნას. დააკვირდით ჩარჩოს წინიდან, როგორ იქცევა დეტალი, რომელიც უკავშირებს დოლურას ჩარჩოს? თუ ლუფტი დიდია, ხოლო დეტალი თამაშობს ჩარჩოში ესეიგი ის არის მორყეული. ესეიგი გადატენვისას იარაღს არ უფრთხილდებოდნენ და დოლურას კეტავდნენ და აღებდნენ ინერციით (რაც მაგრად გამოიყურება მაგრამ იწვევს რევოლვერის ნაჩქარებ ცვეთას). თუ ლუფტი/თამაში მნიშვნელოვანია, ეს წარმოქმნის პრობლემეს დოლურას ლულასთან გასწორებისას, ეს კიდე ნიშნავს ძვირადღირებულ რთულ შეკეთებას.

დოლურას ჩაკეტვის საიმედოობის შემოწმება. ეს ცოტა უფრო რთული მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ტესტია! აიღეთ იარაღი მარჯვენა ხელში, როგორც სროლის წინ.  მეორე მარცხენა ხელი მოათავსეთ ჩარჩოს ქვეშ ხოლო დიდი თითი დააჭირეთ გვერდიდან დოლურას ისე თითქოს გინდათ პულსის გასინჯვა (იგივე ძალით). ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს დოლურაში მოთავსებული ვაზნებისს მასრების ძირების ხახუნის ძალის იმიტაცია. დააჭირეთ სასხლეტს და დაელოდეთ ჩახმახის დაცემას, მაგრამ, როდესაც ის დაეცემა სასხლეტს თითი არ გაუშვათ. შეეცადეტ დაატრიალოთ დიდი თითით დოლურა და ნახეთ თუ არის ის ჩაკეტილი. თუ მხოლოდ ამის მერე თქვენ გესმით „წკაპ“ და დოლურა იკეტება ესეიგი გასროლის მომენტში დოლურა ჩაკეტილი არ არის და სავაზნე ლულასთან გასროლის მომენტში გასწორებული არ იქნება. ეს შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ყველა სავაზნეს შემთხვევაში ცალ ცალკე და ძალიან ნელი სასხლეტზე დაჭერით, იმიტომ რომ სრწაფი დაჭერისას ინერციის ძალამ შეიძლება ჩაკეტოს დოლურა და თქვენ ვერ მიხვდებით აქვს თუ არა პრობლემა „ხელს“, რომელიც აწვება დოლურას. თუ აღნიშნულს აქვს ადგილი ესეიგი იარაღის ტაიმინგი გაგასწორებელია. რა მოყვება ამას? ტყვია მოხვდება ლულის კონუსს კუთხით, შესამჩნევად დაზარალდება სიზუსტე, გარსის გარეშე ტყვიას აეპარსება პატარა ნაწილაკები, რომელიც დიდი ძალით შრაპნელივით გაიფანტება გვერდებიდან. თუ გადაცილება მნიშვნელოვანია დამრტყმელი დაარტყავს კაფსულს გვერდიდან და გასროლა არ მოხდება. მძლავრი კალიბრის შემთხვევაში ასეთ დასჯას კონუსი დიდხანს  ვერ გაუძლებს და გასკდება.

მას მერე რაც დოლურა ჩაიკეტება, ათამაშეთ ის გვერდებიდან და წინ და უკან. ზედმეტი თამაში და რყევა დამახასიათებელია იაფი რევოლვერებისთვის ან კარგი მაგრამ ნაცვეთი რევოლვერებისთვის. გვერდებიდან მოძრაობა ნიშნავს იმას, რომ სავაზნე და ლულის ერთმანეთის მიმართ გასწორება იქნება შემთხვევაზე დამოკიდებული ეს კი შეამცირებს სიზუსტეს. გაითვალისწინეთ, რომ სპეციალური კალიბრების გარეშე აზრი არ აქვს შეეცადოთ და გაზომოთ ლულის და სავაზნის გასწორება ისევე როგორც მანძილი დოლურის წინა ზედაპირისგან კონუსამდე. ინსტრუმენტების გარეშე მხოლოდ აშკარა ვიზუალური ნიშანი თუ გეტყვით, რომ რაღაცა არ არის წესრიგში. შესაბამისად სროლისას ცუდი სიზუსტე ამის დამადასტურებელი იქნება, რომ რაღაცა არ არის გასწორებული და სადღაც პრობლემაა დამალული.

qeqwq

გაბზარული კონუსის სურათი

დამატებით კარგ შუქზე შეხედეთ რევოლვერს გვერდიდან და დაიწყეთ მისი დოლურას ბრუნვა. დააკვირდით იცვლება თუ არა მანძილი დოლურას წინა ნაწილის და კონუსის შორის. ის არ უნდა იცვლებოდეს. ცხადია შუქი უნდა ურტყავდეს რევოლვერს მეორე მხრიდან. ეს მანძილი, როგორც წესი არ უნდა იყოს უფრო მცირე ვიდრე .002 დუიმი, ზოგმა შეიძლება ამჯობინოს .005 დუიმი. საწყისი სიჩქარე შემცირდება გარკვეულწილად, მაგრამ საიმედოობა გაიზრდება. რევოლვერის დოლურას წინა ნაწილი ინტენსიურად ბინძურდება, ხოლო ნამწვავის და ჭუჭყის დაგროვებამ მის ზედაპირზე შეიძლება გამოიწვიოს დოლურას გაჭედვა თუ მანძილი მის ზედაპირსა და კონუსს შორის არ არის საკმარისი.  

BuyingUsed-gpr15-11

სპეციალური კალიბრი ზომავს მანძილს დოლურას წინა ზედაპირიდან კონუსამდე.

საქართველოსთვის არააქტუალურია რევოლვერის სროლით შემოწმება მაგრამ მე მაინც დავწერ ამაზე. ჩავთვალოთ, რომ ყველა წინა ეტაპი გავლილია. გაისროლეთ 20-30 ვაზნა სხვა და სხვა ტემპით და დააკვირდით რა მოხდება. შეამოწმეთ გასროლილი მასრების მდგომარეობა. სად აქვს მორტყმული კაფსულებს, ზუსტად ცენტრში თუ გვერდებზე. ხომ არ არის კაფსულები გახვრეტილები, გახეთქილები ან ამობურცულები. შემდეგ ისროლეთ 50 ვაზნა მხოლოდ ორმაგ რეჟიმში, იმისთვის, რომ ნახოთ რომ არაფერი არ ხდება ისეთი რაც გაჭედავს დოლურას. თუ მანძილი დოლურას წინა ზედაპირიდან კონუსამდე არის არა საკმარისი და ვაზნა “ბინძურია”, ჭუჭყი დაგროვილი კონუსზე და დოლურას წინა ზედაპირზე დოლურას უფრო ადრე ვიდრე გვიან გაჭედავს. დააკვირდით არის თუ არა აპარსული ტყვიის ან გარსის ნაწილაკები, მათაც შეუძლოია გაჭედონ დოლურა. თუ 50 ვაზნის გასროლისას არაფერი არ გამოვლინდა კვლავ შეამოწმეთ რევოლვერი სიზუსტეზე. თუ სიზუსტე არ შენარჩუნდა ესეიგი, რაღაცა პრობლემებია ან არჩეულ ვაზნებთან, ან დაშვებებში, ან ორივე ერთად. თუ ყველა ეს ტესტი წარმატებით გავლილია, გილოცავთ თქვენი რევოლვერი 100%-ით ფუნქციონალურია და საიმედო.

PS

გაითვალისწინეთ, რომ ორმაგი მოქმედების რევოლვერის სროლა მოითხოვს გარკვეულ სპეციფიურ უნარჩვევებს და ეს უნარჩვევები განსხვავდება იმათგამ რომლებიც საჭიროა პისტოლეტის ზუსტად სროლისთვის. ასე, რომ არ გაგიკვირდეთ თუ სიზუსტე არ იქნება დამაკამყოფილებელი. თუ გსურთ ზუსტად გაიგოთ სიზუსტე აუცილებლად უნდა გამოიყენოთ, რაიმე სახის სადგარები, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ მსროლელის ფაქტორი.

 

გამოყენებული ლიტერატურა

Gun Digest Book of Combat Handgunnery. By Massad Ayoob. 2010

Gunsmithing for Pistols and Revolvers. By Patrick Sweeney. 3rd Edition

Semi-automatic Pistol in Police Service and Self-defense. By Massad Ayoob. 1986

The Snubby Revolver. By Ed Lovette.  2002

Midwayusa.com Gun Tec Dictionary



დატოვეთ კომენტარი