Archive for January 8th, 2023

ჩემი მოსაზრება შაშხანის პრაქტიკულ სიზუსტეზე

Sunday, January 8th, 2023

P1050043

მადლობა სოც მედიას, ჩვენ მსროლელებმა, თავი ამოვყავით წარმოუდგენლად ტოქსიკურ გარემოში, რომელიც არის “იუთუბ სელებრითების” შექმნილი ჰაიპის, ტაქტიკური “ლარპინგის” და “ელიტიზმის” ნაზავი. უფსკრული პრაქტიკულ მიზანშეწონილობასა და მედია სივრცეში პოპულარულ ტრებდებს შორის არის დიდი, როგორც არასდროს. და ვინაიდან ჩვენი “იარაღის კულტურა” ასე თუ ისე, კუდში მიყვება დასავლურ იარაღის კულტურას და მას იმიტირებს,  ეს ტოქსიკური გარემო ასევე გარკვეულ წილად აისახება ჩვენ ისედაც ჩამოუყალიბებელ, მწირ და უმეტესად უინტერესო იარაღის კულტურაზე.

ამ დომხალში, განსაკუთრებით ახალბედასთვის, რთულია გაერკვიოს/განასხვავოს რა არის ლეგიტიმური კონტენტი და რა არის უბრალოდ შოუ და თაღლითობა. წლების წინ, როდესაც მე ვიწყებდი ამ პროექტს მე მეგონა, რომ სტარტს მივცემდი ახალ ტრენდს და სცენაზე გამოვიდოდნენ ნამდვილი იარაღის პროფესიონალები, რომლებსაც აუცილებლათ უნდა ეარსებათ ამ ქვეყანაში, რომელმაც გამოიარა ამდენი კონფლიქტი და კრიზისი. მე მეგონა ისინი გააზიარებდნენ თავის ცოდნას იმ ახალი პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც გამოჩნდა. ვებ-გვერდები, ბლოგები, პოდკასტები, ფორუმები, იუთუბ არხები და ა.შ. მაგრამ აგერ გავიდა ლამის 20 წელი და ეს ხალხი არ ჩანს. რაც ჩანს, მე პირადად მაგრად მთრგუნავს.  ისევე როგროც ბოლო მოვლენებმა კანონში ცვლილებებთან დაკავშირების კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკიდურესად არაჯანსაღ პროცესებთან გვაქვს საქმე და ეს არ უჩენს არავის არც დისკომფორტს და არც კრიტიკული კითხვებიც არავის არ უჩნდება.

ეს ყველაფერი დიდ იმედგაცრუებას იწვევს ჩემში, იმიტომ რომ მე სხვა რამის იმედი მქონდა და ეხლა ვხედავ რომ ეს იმედები არ მართლდება. რატომ არის ასე, ამაზე შეიძლება მრავალი საათი იმსჯელო და ეს არ არის ამ ბლოგპოსტის მიზანი.  სინამდვილეში ეხლა მე მინდა გავამახვილო ყურადღება საკითხზე, რომელიც ითხოვს დეტალურ განმარეტბას და ახსნას. ეს არის შაშხანის პრაქტიკული სიზუსტე. ამ ბლოგპოსტის დაწერის იდეა მე თავში მიტრიალებს, რომ არ მოვიტყუო, სადღაც 10 წელი. დაახლოებით ამდენიხანი საქართველოში გაჩნდა და ერთგვარი პოპულარობა მოიპოვა სროლის ერთ-ერთმა მიმართულებამ, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “ზუსტი სროლა შაშხანიდან”, ეს მოძრაობა საქართველოში დაიბადა ჩემ თვალწინ სადღაც ლისის ტბის მიდამოებში და მთელი ეს პერიოდი მე  მის განვითარებას ვაკვირდები. ბევრი პიონერი და მაგარი მსროლელი  და იარაღის ენთუზიასტები ამ ქვეყანაში ყოველთვის იყვნენ, ხოლო 10 წლიან პერიოდს და ლისს ვახსენებ იმიტომ, რომ სწორედ მაშინ და ასეთი ფორმით ეს მიმდინარეობა გახდა მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის, რასაც პარალელურად დაემთხვა ინტერნეტში სოციალური პლატფორმების გამოჩენა, რამაც ხელი შეუწყო ასეთი გაერთიანებების გამოჩენას. რატომ ლისის ტბა? მისი განლაგების და ლანდშაფტური თავისებურებების გამო. ეს არის ერთადერთი ადგილი, პრაქტიკულად თბილისის შიგნით  სადაც ჯერ კიდევ დღემდე, შესაძლებელია უსაფრთხოდ სროლა საკმაოდ დიდ მანძილებზე.

თავიდანვე გამოიკვეთა ამ მიმდინარეობის ტრენდები და ტენდენციები, რომელიც მე არასდროს არ მომწონდა, თუმცა სიტყვა არ მოწონება იქნება არაზუსტი. უფრო ზუსტი იქნება, არ მაინტერესებდა ან ნაკლებად მაინტერესებდა.  იყო დრო, როდესაც შენ ყიდულობდი ძვირიან შაშხანას ყველაზე სქელი და გრძელი ლულით, ზედ ყველაზე გრძელი და დიდი გადიდების ოპტიკით და ავტომატურად ხდებოდი ზუსტი სროლის გურუ. იყო დრო როდესაც ეს მიმდინარეობა ექსკლუზიურად ასოცირდებოდა ბრაკონიერობასთან. ამის გარდა “ელიტიზმი”, ეგო, უაზრო ხმაური, ზედმეტი “ჩაციკლულობა” მატერიალურ ნაწილზე და კულტივირება ამ მიმართულების როგორც ერთგვარი სროლის ალფა დისციპლინის  სხვა მიმართულებებს შორის, მე არასდროს არ მხიბლავდა. უკანასკნელი განსაკუთრებით ღიმილის მომღვრელია იმის ფონზე, რომ ქვეყანაში გვყავდა და გვყავს მართლა მსოფლიო დონის სპორტსმენი მსროლელები, მათ შორის უნიკალური ბიოგრაფიით, მრავალი ჯილდოთი საერთაშორისო ასპარეზზე და ყოველი მათგანი ფეისბუქის გაცილებით უფრო მშვიდი და თავმდაბალი მომხმარებელია. ობიექტურად უნდა ითქვას რომ ზოგადად სოცმედია და პოპ-კულტურა ერთნაირად წამლავს იარაღის კულტურას ყველგან, პლიუს რა თქმა უნდა ლოკალური სპეციფიკა. მოკლედ ჩემი და ფეხბურთის ისტორია არის ერთი ერთში, არც თამაში მომწონს და არც მოთამაშეები. გარდა ამისა მე ყოველთვის მესმოდა, რომ ინფრასტრუქტურის არ არსებობა, არასტაბილური სიტუაცია ვაზნებით, რეალურად შეუძლებელს ხდის ეს მიმდინარეობა განავითარო და შენი თავი განავითარო იმ დონემდე, რომელიც ოდნავ მაინც მიუახლოვდება სხვა ქვეყნების დონეს. საოცრებები აქ ვერ მოხდება და არც მომხდარა.  იმიტომ რომ არ არის ამისთვის საჭირო წინაპირობები.  არიან ჩვენთან შორ დისტანციებზე ზუსტი სროლის ასები, თავისი საქმის ჭეშმარიტი ენთუზიასტები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით ერთ ეგეთზე მოდის 50, რომელსაც ძალიან მოკრძალებული შესაძლებლობები მაგრამ გაბერილი თვითშეფასება აქვთ.

კიდევ ერთი ჩემი საინტერესო დაკვირვება. არსებობს, ზუსტი სროლის უფრო ხელმისაწვდომი დისციპლინები. მაგალითად მცირეკალიბრიანი იარაღი. დასავლეთში ზუსტი სროლა მცირეკალიბრიანი იარაღიდან არის საკმაოდ პოპულარული.  მართალია ზედა დონის იარაღები შეიძლება ძალიან ძვირი ღირდეს მაგრამ შეიძლება იყიდოთ  CZ457 500 დოლარად, რომელსაც პირდაპირ ყუთიდან ექნება საასპარეზო დონის სიზუსტე. შემდეგ პნევმატური იარაღი, რომელიც ასევე პოპულარულია საზღვარგარეთ. რატომ არ განვითარდა ჩვენთან ეს შედარებით უფრო ხელმისაწვდოი დისციპლინები? იმიტომ რომ ეგო არის აქ მამოძრავებელი ძალა და ეგოს .22lr და პნევმატიკა ვერ კვებავს. ეგოს კვებავს დიდი კალიბრები, ხმამაღალი “ბაბახი”, დიდი “ცენნიკები”, გრძელი ლულები და დიდი ოპტიკები.  მცირეკალიბრიანი ვარმინტი და ბენჩრესტი, ისევე როგროც ზუსტი პნევმატიკა საქართველოში ძალიან მცირერიცხოვანი ენთუზიასტების ჯგუფების არის. ასე იყო, არის და იქნება, იმიტომ რომ აქაც არანაირი წინაპირობა არ არის რომ რამე შეიცვალოს. ამიტომ ყოველთვის მომწონდა პისტოლეტები. ან ხარ კარგი მსროლელი პისტოლეტიდან ან არა და ვერანაირი დოლარების ბღუჯა და გაჯეტი ამაზონიდან, ვერ გაგხდის უკეთეს მსროლელად პისტოლეტიდან და ვერ ჩაანაცვლებს შრომას და ინდივიდუალურ ოსტატობას.

მძიმე და გრძელი ლულები, ალუმინის “შასები” მილიარდი რეგულირების შესაძლებლობით,  მასიური მუხრუჭ-კომპენსატორები, ზე-მსუბუქი სასხლეტები, მასიური ოპტიკები დიდი გადიდებით.  ყველაფერი ეს ღირს ძალიან ძვირი და ლამაზად გამოიყურება პროფილის სურათებზე, მაგრამ იმისთვის რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან ეს ყველაფერი აუცილებელი არ არის. მთელი ინდუსტრია არის აგებული მითის ირგვლივ, რომელიც აჯერებს ადამიანებს რომ იმისთვის, რომ მიაღწიონ მაღალ შედეგს მათ ჭირდებათ უახელის, უძვირფასესი აღჭურვილობა, ახალი ჯადოსნური კალიბრი/ტყვია, ახალი ჯადოსნური ოპტიკა და ა.შ.  ბევრ ტრენდს სროლაში დღეს კარნახობს სპორტი, რაც ცუდია, იმიტომ რომ სპორტი ვითარდება თავისი კანონებით და ამ კანონებს არ აქვს არაფერი საერთო იმ გარემოსთან სადაც ხდება იარაღის რეალური გამოყენება.

ჯიმ სირილო, ნიუ იორკის პოლიციის ვეტერანი განფაიტერი: მე მივარდი ბარიკადასთან და ვესროლე სამ სამიზნეს. რენჯ ოფიცერმა დამადო ხელი მხარზე და მითხრა რომ ყველა ჩემი გასროლა ანულირებულია. მიზეზი იყო ის რომ მე ფეხის წვერით შევეხე ზოლს რომლითაც მონიშნული იყო სასროლოსნო პოზიცია. ყველა ჩემ შეიარაღებულ შეტაკებაში მე არასდროს არ დამიხედი ძირს რომ მენახა გამაფრთხილებელი ზოლი, ვუპასუხე გაბრაზებულმა, ავკრიფე ჩემი ნივთები და არასდროს არ დავბრუნებულვარ IPSC-ს მატჩზე. ასო პ, “პრაქტიკული” ამ სათაურში ზედმეტია, ეს სპორტია და მანდ არაფერი არ არის პრაქტიკული. 

ადამიანებს უნდათ სროლა როგორც იუთუბზე. და იწყება ეს გაუთავებელი რბოლა. უფრო ძლიერი კალიბრები, უფრო მძიმე იარაღი, უფრო სქელი და გრძელი ლულა, უფრო დიდი ოპტიკა, უფრო მეტი რეგულირებები კონდახზე, ახალი ჯადოსნურ ბიპოდი, მესამე ფეხი, ახალი უფრო ეფექტური კომპნენსატორი, უფრო უკეთესი მაუნთი და სია არ სრულდება. ბოლო-ბოლო ამით იკვებება უშეველებელი ინდუსტრია რომელიც იკვებება “ზუსტი მსროლელების” ქრაუდის ფულით.  საბოლოო ჯამში ვისი რა საქმეა ვინ როგრო ერთობა და რაში ხარჯავს ფულს (სანამ ალბათ ყურში ყვირილს არ გიწყებენ თავის განსაკუთრებულობაზე), მაგრამ რაზეც მე მინდა ვილაპარაკო ამ პოსტში უფრო სხვა განზომილებას განეკუთვნება. დავივიწყოთ ბენჩები, ქვიშის ტომარები და ტელესკოპური ტრიპოდები, რომელსაც ვერავინ ვერ ათრევს ზურგჩანთით. მე ვლაპარაკობ პრაქტიკულ სიზუსტეზე, რომელიც მიღწევადია საველე პირობებში, იარაღიდან რომელიც არის მსუბუქი, მანევრირებადი, კომპაქტური და არ შეზღუდავს თქვენი გადაადგილების უნარს.  რაღაცა რაც არ იქნება ძვირადღირებული სათამაშო ან სპორტული ინვენტარი. რაღაცა რასაც ექნება პრაქტიკული გამოყენება ჩვენ არასტაბილურ სამყაროში და რეალობაში.

1984 წელს ალასკაზე მოხდა შეიარაღებული დაპირისპირება პოლიციელებსა და მკვლელობებში ეჭვმიტანილ მაიკლ სილკას შორის. უკანასკნელი იყო გამოცდილი მსროლელი. ორივე მხარემ ერთმანეთს ცეცხლი ერთდროულად გაუხსნა, ორმა პოლიციელმა ვერტმფრენიდან და სილკამ მიწიდან. პოლიციელებს (SWAT რაზმიდან) ქონდათ ორი M-16, სილკას ცალმუხტიანი 30-06 კალიბრის რუგერი N1. ორ წამში სილკამ განახორციელა ორი გასროლა ცალმუხტიანი რუგერიდან, დაჭრა ერთი და მოკლა მეორე პოლიციელი სანამ საპასუხო ცეცხლმა ის არ მოკლა.  მთელი შეტაკება გაგრძელდა 2 წამი. 25 გასროლა, ორი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი. 

ზოგადად იარაღს აქვს ორი ტიპის სიზუსტე. პირველი არის პირობითად ტექნიკური სიზუსტე, რომლის ჩვენება ამ იარაღს შეუძლია იდეალურ პირობებში. მეორე სიზუსტე არის პრაქტიკული სიზუსტე, რომელიც შეუძლია აჩვენოს შაშხანამ საველე პირობებში, კონკრეტული მსროლელის ხელებში.  პრაქტიკული სიზუსტის დასადგენად არის ტესტი, რომლის ავტორიც ჯეფ კუპერია. თუ ადამიანს შეუძლია 100 მეტრიდან დასვას ათი გასროლა 5 ინჩიან წრეში, ორ გასროლიანი სერიებით (დამჯდარი, ფეხზე მდგომი) თითო სერიაზე ათ წამიან დროის მონაკვეთში, ის უნდა ჩაითვალოს რომ არის შესანიშნავი მსროლელი შაშხანიდან. შაშხანის ტექნიკური სიზუსტე, იქნება ეს 1MOA თუ 2.5MOA, ამ შემთხვევაში აბსოლუტურად უმნიშვნელოა.  პირადად მე ძალიან მინდა ვიყო სწორედ ასეთი, უფრო პრაქტიკული და შესაბამისად ეფექტური მსროლელი.

არც ისე დიდიხნის წინ 1MOA (2.9 სმ 100 მეტრზე) ითვლებოდა სიზუსტის სტანდარტად, დღეს 1MOA რომ კითხო ზუსტი სროლის ტიპიურ ადეპტს, ის გეტყვის რომ ეს არაფერი არ არის.  არა და რეალობა თუ გავიმეორებთ ერთი ბრძენი კაცის სიტყვებს, შემდეგია: თუ შენ შეგიძლია სტაბილურად შეინარჩუნო 1MOA სიზუსტე სროლის ყველა მანძილზე, შენ მოიგებ უმეტესობა შეჯიბრს სროლაში.  კარგი ამბავი კი ის არის რომ 1MOA დღეს ღირს უფრო იაფი ვიდრე ოდესმე აქამდე, ხოლო განსხვავება 1MOA-ს და 0.5MOA-ს შორის შეიძლება იყოს სადღაც ასე 5 000 ლარი. კითხვა ისმის ასეთი, დახარჯოთ 5 000 ლარი ამ 0,5MOA-ზე თუ ამის ნაცვლად იყიდოთ 5 000 ლარის ვაზნები და მეტი ივარჯიშოთ?

ჯეკ ოკონორი: როგორი უნდა იყოს იდეალური სამთო შაშხანა? კარგად დაბალანსებული, გონივრულად მსუბუქი შაშხანა 21-22 ინჩიანი ლულით, ოთხჯერადი ოპტიკა, საიმედო მყარი სამაგრით, ტყავის ღვედი რომელიც გამოდგება სასროლად და იარაღის გადასატანად, კარგი კალიბრი დაფენილი ტრაექტორიით. 

  ბევრი სხვა გამოცდილი შაშხანიდან მსროლელი, ისევე როგორც ჯეფ კუპერი, გამოვიდნენ თავისი იდეებით პრაქტიკულ შაშხანაზე და მის სიზუსტეზე. ჯეფ კუპერს მაგალითად ეკუთვნის სკაუტ შაშხანის კონცეფცია, მსუბუქი, მოსახერხებელი საშუალო კალიბრის ზოგადი დანიშნულების  შაშხანა, მოგვიანებით გაჩნდა ე.წ. სანადირო/სახეტიალო შაშხანის კონცეფცია,  “კატრინას შაშხანა” რომელიც შთაგონებული იყო 2005 წლის ქარიშხლით, რომელიც თავს დაატყდა აშშ-ის სამხრეთ ნაწილს და დიდი ზიანი მოიტანა.   ყველა ელემენტი ამ კონცეფციების პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმ მოთხოვნებთან და ტრენდებთან, რომლებიც დღეს დომინირებენ შაშხანების სამყაროში. მათ შორის სიზუსტის თვალსაზრისით.  ღვედი და მისი გამოყენება, დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ხდება დავიწყებული ოსტატობა, რაც ძალიან არასწორია და ესეც ეხლა არსებული ტრენდების გამო.

4938128005_0cfb7b85cd_z (1)

“მე აქ ვარ და მაქვს იარაღი”. წარწერა ახალი ორლეანის ერთ-ერთ მაღაზიაზე, რომელიც დაზარალდა ქარიშხალ კატრინას შედეგად.

ნაწილობრივ მე მესმის რატომ არის ეს ყველაფერი ისე როგორც არის. ადამიანების უმეტესობა გადასახლდა დიდ ქალაქებში. ქალაქში მცხოვრები ადამიანისთვის იარაღი და მისი ეფექტური გამოყენება არ განეკუთვნება უნარს, რომელზეც არის დამოკიდებული მისი გადარჩენა და სიცოცხლე. იარაღის ფუნქცია ურბანიზირებულ საზოგადოებაში არ არის ისეთი, როგორც საზოგადოებაში 50-100 წლის წინ. იარაღი აუცილებელი ინსტრუმენტისგან გადაიქცა ფეტიშად, სათამაშოდ, რომელმაც უნდა გაართოს მფლობელი შაბათ-კვირას, უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება სტუმრებზე, უნდა იყოს მისი მფლობელის სტატუსის სიმბოლო. მე მგონია რომ იმ მოვლენების ფონზე რაც ჩვენ ირგვლვი ხდება, ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა უკვე ეხლა უნდა ვიყოთ მზად სიკვდილისთვის, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა დღეს არის მოწყვლადი მისი სათამაშო ჯარით და ბუტაფორიული უსაფრთხოების სამსახურებით. უკრაინის მაგალითი გვასწავლის რომ ჩვენ მოგვაკითხავენ სახლში და ჩვენ გვექნება ერთადერთი არჩევანი მოვკვდეთ სადმე სარდაფში თუ შევეცადოთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და როგორ ვაპირებთ ამ წინააღმდეგობის გაწევას, როდესაც ეს დრო დადგება. ვიღაცას გაეღიმება ამ აბზაცის წაკითხვაზე მაგრამ აგერ ჩვენს გვერდით ცოცხალი მაგალითია. ყველა იარაღის მფლობელი საქართველოში აღრიცხულია მათი ლოკაციის ჩათვლით რაც ეფექტურად ყველა იარაღის მფლობელს აქცევს სამიზნედ. შეხედეთ ამ ფაქტებს, თვალებზე ვარდისფერი ფილტრის გარეშე. რეალისტურად.

  ანატოლი კულგეიკო, ჩერნიგოვოს ოლქის მონადირეების კავშირის ხელმძღვანელი დაიღუპა როდესაც მას სახლში შეუვარდნენ რუსი ოკუპანტები, მონადირეების სიების მოსაპოვებლად, ვინიიდან რამდენიმე დღით ადრე, ვიღაცამ სანადირო თოფით ჩამოაგდო რუსების დრონი.  ჩხუბში კულგეიკომ მოახერხა ხელმყუმბარის წართმევა და აფეთქება რასაც შეეწირა თვითონ და ერთი ოკუპანტი. 

შაშხანით ინდივიდუალური ოსტატობის მაგალითი არის ისტორია რომელიც მოხდა ოჰაიოს შტატში განლაგებული სასროლეთ კემპ-პერიში. ეს არის სახელგანთქმული ადგილი და ერთგვარი მეკკა მსროლელებისთვის. რეკორდი რომელიც მანდ დამყარდა 1921 წელს არის დღემდე მიუხსნელი. ზედიზედ 71 მორტყმა 90სმ-ან “ხარის თვალში” 910 მეტრიდან (1000 იარდი). რეკორდი ეკუთვნის ჯორჯ ფარს, რომელიც მან დაამყარა, სტანდარტული 30-06 კალიბრის 1903 წლის სპრინგფილდის შაშხანით, რომელიც იქვე ათხოვეს, სტანდარტული “სამხედრო” ვაზნების გამოყენებით. ეს ისტორია უნდა იყოს ინსპირაცია, მსროლელებისთვის და რისი მიღწევა შეიძლება შედარებით მოკრძალებული ინსტრუმენტით.  

farr_r10

ჯორჯ ფარის შაშხანა და უკან მისი 36 ინჩიანი 1000 იარდიანი სამიზნის სურათი. სად არის მძიმე, დაკიდული ლულა? ტელესკოპი 30 გადიდებით? ან იქნებ ატლასის ბიპოდი? მას მერე მიშენის დიამეტრი გაიზარდა 40 ინჩამდე და ეხლაც 20 მორტყმა ზედიზედ არის იშვიათი, არა თუ 71. 

მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან სულაც არ არის საჭირო ფულის ტომარები. ტექნოლოგიები წავიდა წინ და დღეს ხელმისაწვდომია ბევრი კარგი შაშხანა, გამძლე და საიმედო და ბევრი მათგანი გამოდგება კარგი შედეგის დასადებად.  კიდევ ერთი თვისება ასოცირებული ახალ შაშხანებთან, რაც არც ისე დიდი ხნის წინ იყო ფუფუნება,  არის კარგი სასხლეტები.  დამიჯერეთ არ არის საჭირო თირკმელის ჩაბარება, რომ გახდეთ მაგარი მსროლელი შაშხანიდან, უბრალოდ შეხედეთ სხვაგვარად იმას თუ რა ქმნის მაგარ მსროლელს შაშხანიდან. ნუ აყვებით უაზრო ჰაიპს და ეგოს ძახილებს. ადამიანები იუთუბზე დებენ ვიდეოებს რომ მოიპოვონ ნახვები, არეკლამონ ათასი პროდუქტი, ეს არის რაც მათ აჭმევს. ყველა ასე არ არის ცხადია მაგრამ უმეტესობა არის.

არც ისე დიდიხნის წინ მე მივიღე გამოცდილება, რომელმაც კიდევ ერთხელ  დამაფიქრა რამდენად სწორი გზით ვითარდება შაშხანიდან სროლა როგორც ორთაბრძოლის ხელოვნება. მე მომეცა შანსი შემეძინა საქართველოსთვის ძალიან იშვიათი შაშხანა, Steyr-Mannlicher Scout-ი, .308 კალიბრში. ერთადერთი ქარხნული წარმოების შაშხანა, რომელიც ჯეფ კუპერმა აღიარა, როგორ სრულად შესაბამისი მისი სკაუტ შაშხანის კონცეფციასთან.  ეს მაღალტექნოლოგიური შაშხანა, არანაირი გაგებით არ ღირს იაფი, მაგრამ ამავე დროს ის ასევე არ ჯდება ზუსტი შაშხანის ტიპიურ კონცეფციაში. ჩვენ გვაქვს მსუბუქი პლასტმასის კონდახი, დასაკეცი ბიპოდით, რომელიც კონდახის კონსტრუქციის განუყრელი ნაწილია. ბიპოდის ფეხები იკეცება უკან რაც ნიშნავს, რომ ბიპოდი რომ “დატვირთო” ფეხები უბრალოდ აიკეცება და შაშხანა დავარდება. მას ასევე აქვს ზე-მსუბუქი  “ფანქრის პროფილის” ლულა, ჭრილებით წონის კიდე უფრო შემცირებისთვის. ლულის სიგრძე შედარებით მოკლე, 19 ინჩია (48სმ), შაშხანს მთლიანი სიგრძე 100სმ-ზე ნაკლები. ვაზნებით კვება ხდება ორ რიგიანი მჭიდიდან, ორ რიგიანი მიწოდებით.

დაინტერესებული რა შდეგის მიღება შეიძლება ასეთი მსუბუქი, პრაქტიკული შაშხანიდან მე დავაყენე მასზე ყველაზე მსუბუქი და კომპაქტური ოპტიკა, რომლის ნახვაც მოვახერხე თბილისში. ეს აღმოჩნდა Primary Arms 4-ჯერადი გადიდებით.  ყველანაირი გაგებით ეს არის პრაქტიკული შაშხანა, რომლითაც შეგიძლია უპრობლემოდ გადაადგილდე შორ დისტანციებზე, ის გამძლეა, მსუბუქია, მანევრირებადი, ის არაფერს არ წამოდება არ გამოიყენება ქვიშით და ფოთლებით, მაგრამ რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს ასეთი კონფიგურაცია?

პირველი სროლები საველე პირობებში, წვიმაში და სიცივეში, საკმაოდ მოულოდნელი შედეგით, 100 იარდზე (91მ)

scout 13

პირველი გასვლისას იარაღი გასწორდა და სულ სამი ჯგუფი ვისროლეთ, სამივე ჯგუფი გამოვიდა sub-MOA. 

“იარაღის და თავისუფლების” გადაღებისას, ძლიერმა ქარმა და რიგ სხვა ფაქტორებმა, განაპირობეს ჩემი როგორც მსროლელის დაბალი ფოკუსირება სროლაზე, მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში სიზუსტე 100 მეტრზე არ იყო ცუდი, ვინაიდან კონცეფციის ავტორი მიიჩნევდა, რომ 2.5MOA არის სავსებით საკმარისი სკაუტ შაშხანისთვის. ჩვენი შედეგი ოდნავ უკეთესი გამოვიდა რამდენიმე ფლაიერის გამოკლებით.

scout11

მესამე გასვლისას ჯგუფები თავიდან 1.7 MOA-ს ფარგლებში იყო. თანაც ხშირი ფლაიერებით. მერე როგორც იქნა მივხვდი, რომ ადგილი ქონდა პარალაქსის ეფექტს და განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა დავიწყე თავის/თვალის განლაგებისთვის ოპტიკის ცენტრთან მიმართებაში. ფლაიერები ჯადოსნურად გაქრნენ და ჯგუფები შემცირდა,  სტაბილურად 30მმ-ზე ქვევით.

scout 12

90% შემთხვევაში სროლა ხდებოდა ქარხნული პლასტმასის ბიპოდის გამოყენებით და მაგტექის მუხტით რომელიც არანაირად არ ასოცირდება საასპარეზო დონის ამუნიციასთან. კიდე უფრო მეტი სიზუსტის ამოწურვა შეიძლება. 

არც ისე ცუდი შედეგია 3.6 კილოგრამიანი კომპაქტური შაშხანისთვის თავისუფლად გამოკიდული ფანქრის პროფილის ლულით და 4-ჯერადი ოპტიკით.  სინამდვილეში ალბათ ძალიან კარგი შედეგია. თან რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მართალია სროლა ზედმეტად ინტენსიური არ იყო, მაგრამ ლულის გახურების  ეფექტი ვერ დავინახეთ. შაშხანა სტაბილურად ისროდა. 30მმ 100 მეტრზე ნიშნავს 30 სმ-ს 1000 მეტრზე. ასეა ტექნიკურად, დანარჩენი დამოკიდებულია მსროლელზე და მის უნარებზე. რა თქმა უნდა აღინიშნოს, რომ შაშხანას ქონდა კარგი სასხლეტი, და კარგი სასხლეტი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი შაშხანის. ეს ჭეშმარიტება ეჭვგარეშეა.

დიახ, Steyr-Mannlicher Scout არანაირად არ არის ბიუჯეტური იარაღი, მაგრამ ეს მაგალითი გამოდგება იმის დასადასტურებლად რომ თუ შენ შენ ნაწილს კარგად შეასრულებ თანამედროვე შაშხანა, რომელიც არანაირად არ პასუხობს ზუსტი შაშხანის ახალ პარადიგმას, სინამდვილეში საკმარისზე მეტად ზუსტია.  არავინ არ ყიდულობს მსუბუქ მოკლე შაშხანას თხელი ლულით ჯგუფებზე სასროლად მაგრამ რა გინდათ, ისვრის.  რეალურ სამყაროში ჩვენ არ დაგვჭირდება 10 გასროლიანი სერია და სქელი ლულა რომელიც ამ ათი გასროლისას არ შეიცვლის მოხვედრის წერტილს.  შაშხანიდან ჩვენ დაგვჭირდება ერთი გასროლა, მოუმზადებელი პოზიციიდან და მეტის ფუფუნება შეიძლება არც გვქონდეს. დაფიქრდით ამაზე.

საბოლოო ჯამში ეს ხელოვენბაც მოკვდება, როდესაც მოხდება სროლის პირობების ავტომატური წაკითხვა და გათვლის ავტომატიზაცია. ასეთი კომპლექსები უკვე არსებობს და საჭიროა მხოლოდ დაუმიზნო ოპტიკის ჯვარი სამიზნეს და ყველა გათვლა მოხდება ავტომატურად, შაშხანიდან სროლა ისევე გაქრება როგორც ხმლით ბრძოლის ხელოვნება, მაგრამ მანამდე ჯერ ბევრი დროა. ალბათ.

ttmos250

Mossberg MVP 5.56, Vortex Spitfire ოპტიკით და სამოყვარულო ბედინგით. ბიუჯეტური კომბინაცია ყველანაირი გაგებით და შედეგი 250 მეტრზე. გავმეორდები, კარგი სიზუსტე არასდროს არ იყო ასე ხელმისაწვდომი, როგორც დღეს.

დედააზრი ამ არაერთგაროვანი ბლოგპოსტის გახლავთ ის, რომ არ უნდა დაითრგუნოთ “იუთუბის” არხების სიზუსტის სტანდარტით და ფასის ბირკებით ზუსტ შაშხანებზე. უმეტესობა რაც ხდება “იუთუბზე” თქვენთვის ნაკლებად რელევანტურია. უმეტესობა თანამედროვე, ზოგადი დანიშნულების შაშხანას აქვს საკმარისზე მეტი პოტენციალი, რომ გაგხადოთ ტოპ მსროლელი შაშხანიდან.  საჭიროა მხოლოდ გაიაზროთ, რა სიზუსტეს აქვს რეალური გამოყენება და რამდენი სიზუსტის გამოყენების ტრაკი გაქვთ თქვენ. ჯამური ჯგუფი არ აღემატება სიგარეტის კოლფის ზომებს 100 მეტრზე, ე.ი. შაშხანა წესრიგშია და გამოდგება ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც ადამიანს შეიძლება დაჭირდეს შაშხანის პრაქტიკული გამოყენება.  კი ამ უნარს ვერ გამოფენთ პროფილის სურათზე, კი მოსბერგის დანახვაზე სხვებს გული არ გაუჩერდებათ, მაგრამ სიამოვნება მიღებული მაღალი შედეგის ჩვენებით და საკუთარი თავის განვითარება, როგორც კომპეტენტური მსროლელის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის.

ასევე ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ვიყოთ გულუბყვილოები. ჩვენ გვიწევს ცხოვრება ძალიან სახიფათო დროში და ეს კარგად უნდა გავიაზროთ.

P1050055