Archive for June, 2022

Beretta Px4 Storm Sub-compact – უნიკალური თავის კლასში

Saturday, June 4th, 2022

BerettaPX4_3

ყველა ვინც მე მიცნობს იცის, რომ მე კომპანია ბერეტას და მათი პისტოლეტების დიდი მოყვარული ვარ. ხოლო 92-ე სერია ყოველთვის იყო ჩემი ყველაზე დიდი ფავორიტი. მე ასევე არაერთხელ აღვნიშნავდი, რომ ბერეტას იმსახურებს აღიარებას იმისთვის, რომ შექმნა ორი წარმატებული პისტოლეტების მთელი ოჯახი და არც ერთი არ იყოს დაფუძნებული ბრაუნინგის მოდიფიცირებული ჩაკტვის სქემაზე, რომელიც დღეს დომინირებს პისტოლეტების კონსტრუქციაში. ამავე დროს, მე რაც უფრო ღრმად ვსწავლობდი  92-ე სერიას და მასთან ერთად ბერეტებს ლულის ბრუნვით ჩაკეტვით (Mod 8000 და Px4 სერია), მე ბოლოს მივედი ცხად დასკვნამდე, რომ მინიმუმ ტექნიკური თვალსაზრისით, ბერეტები ლულის ბრუნვის ჩაკეტვით ბევრად უკეთესი პისტოლეტებია ვიდრე უფრო გაპიარებული და პოპულარული  92-ე სერია, რომელიც იყენებს Walther P38-ის სქემას, ჩამკეტი ბლოკით. ეს პარადოქსია, იმის გათვალისწინებით, რომ ბერეტას სახელი ყოველთვის იყო, არის და იქნება ასოცირებული 92-ე სერიასთან, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პისტოლეტია, გააჩნია “აქილევსის ქუსლი”, რომლის არსებობა განპირობებულია უკვე ნახსენები ჩაკეტვის სქემით, ჩამკეტ ბლოკის გამოყენებით. სწორედ ამ ბლოკს გააჩნია ლიმიტირებული რესურსი და როგორც ჩანს მცირე გადახვევა ტექნოლოგიურ პროცესში/ხარისხის კონტროლში და ამ დეტალის რესურსი მცირდება რადიკალურად. ხარისხის შენარჩუნება კიდე ამ კომპანიისთვის სერიოზული გამოწვევა იყო ან ჯერ კიდევ არის, ქარხნის მერილენდიდან ტენესიში რელოკაციის შემდეგ. ამის საპირწონედ Px სერიის პისტოლეტებმა, რომლებმაც ჩაანაცვლეს 8000 სერია, რუტინულად წარმოაჩენენ რეკორდულად მაღალ რესურსს დეტალების შეცვლამდე, რომელიც გამოიხატება ათი ათასობით გასროლაში და არის დოკუმენტირებული შემთხვევები, როდესაც დადასტურებული გასროლების რაოდენობა გადაცდა 100 000 გასროლას, ქარხნული დეტალების მწყობრიდან გამოსვლის გარეშე!

Px4 პისტოლეტების ოჯახმა (წავიდა სერიაში 2004 წლიდან) ჩაანაცვალ 8000 სერიის პისტოლეტები. ეს ოჯახი შედგება ამ სერიის პისტოლეტის სამი ვარიანტისგან, სტანდარტული ზომის, კომპაქტური და სუბ-კომპაქტური მოდელებით. სწორედ Px4 Storm-ის სუბ-კომპაქტურ მოდელზე წავა საუბარი ამ სტატიაში, იმ გამონაკლისით, რომ ლულის ბრუნვით ჩაკეტვაზე არაფერს არ დავწერ. სუბ-კომპაქტური Px4 მოდელი უნიკალურია იმით, რომ დიდი ალბათობით არის ერთადერთი თანამედროვე პისტოლეტი, რომელიც იგივე კალიბრის მიუხედავად იყენებს განსხვავებულ ავტომატიკის სქემას ვიდრე მისი სრული ზომის ვერსიები. აღნიშნული განპირობებული უნდა იყოს ამ მოდელის მოკრძალებული ზომებით, რომელშიც უბრალოდ ვერ ჩაატიეს სქემა ლულის ბრუნვით. ამიტომაც გამოყენებულ იქნა აპრობირებული და გამოცდილი ბრაუნინგის მოდიფიცირებული სქემა, რომელიც ისევე არის განხორციელებული, როგორც მაგალითად გლოკში, სადაც ჩაკეტვა ხდება სავაზნის და საექსტრაქციო ფანჯრის კიდეებზე. დანარჩენში სუბ-კომპაქტური ‘სტორმი” იდენტურია “დიდ” Px4-თან და ასევე ამ სერიის პისტოლეტებს რაღაც ელემენტები აქვთ 92-ე სერიისგან. მაგალითად ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელიც სულ უფრო იშვიათი ხდება თანამედროვე პისტოლეტებზე. ასევე გვხვდება “საფირმო” უსაფრთხოების სქემა,  მექანიკური მცველით საკეტზე და ბრუნავი ორმაგი დამრტყმელით, რომელიც “ტრიალდება” მცველთან ერთად და ფიზიკურად გამორიცხავს ჩახმახის კონტაქტს დამრტყმელთან, ჩახმახის დაშვებისას და მცველის ჩართვისას (მცველი ისევე როგორც 92-ე სერიაში ასრულებს უსაფრთხო დამშვების ფუნქციას). ასევე სასხლეტზე დაჭერა იწვევს დამრტყმელის მცველის გამორთვას, რომელიც როგორც 92-ე სერიაში იწევა და ამოდის საკეტის ზევიდან. Px4 გამოდის სამ კალიბრში და განსხვავებით 92-ე სერიისგან ხელმისაწვდომია .45ACP კალიბრშიც, ამავე დროს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციები ისეთივეა როგორც 92-ე სერიაში, სტანდარტული ორმაგი მოქმედების Type F, ორმაგი მოქმედების მხოლოდ დეკოკერით (მცველის გარეშე) Type G და ასევე მხოლოდ ორმაგი მოქმედების Type D  და ასევე მეოთხე ტიპის, Type C რომლის მექანიზმი წააგავს Heckler&Koch-ის LEM სასხლეტის კონფიგურაციას.

px4 safety

სანამ ბერეტა 92A3-ში გაჩნდებოდა მოდიფიცრებული მცველი, რომელიც გამორიცხავდა მის გააქტიურებას საკეტის გადაკვრისას, ეს მიდგომა უკვე იყო განხორციელებული Px სერიაში, სადაც მცველის გადამრთველი “იხედება” ზევით და გადაკვირსას მას შემთხვევით ვერ ჩართავთ. 

განსხვავებით 92-ე სერიისგან, Px სერიის პისტოლეტები იყენებენ პლასტმასის ჩარჩოს, შესაბამისი ჩანართებით რომ მოხდეს სახელურის ადაპტირება მსროლელის ხელის ზომაზე. სუბ-კომპაქტური მოდელის ერთი მჭიდი ასევე აღჭირვილია დაპატენტებული გახსნადი მჭიდის ხუფით, რომელიც სთაბაზობს დამატებით მოჭიდების წერტილს ხელისთვის, რაც სახელურის სიგრძიდან გამომდინარე საკმაოდ საჭირო ოფციაა.

px4 grip inserts

პისტოლეტს მოყვება სამი ჩანართი, მათი დაფიქსირება ხდება U ფორმის ზამბარით რომელიც ეყრება ტარს ქვევიდან. ახალ პისტოლეტზე ჩანართების გამოცვლა შეიძლება მოუხერხებელი იყოს, იმიტომ რომ მათი მოხსნა დაყენება ფიზიკურ ძალას ითხოვს და ხანდახან გგონია რომ შეიძლება რამე გატეხო პროცესში.

როგორც უკვე აღვნიშნე სუბ-კომპაქტური მოდელი საკმაოდ მოკრძალებული ზომების არის და რაღაცით ახლოს არის გლოკ 26-თან. მოკლე, დაბალი, მაგრამ საკმაოდ სქელი, ნაწილობრივ ორ რიგიანი მჭიდის წყალობით, რომელიც იტევს 13 ვაზნას, ნაწილობრივ გამოშვერილი ორიმხრივი მცველის “ყურების” გამო. ლულის სიგრძე 76მმ-ია. ხრახნების ტიპი კლასიკური. წონა 740 გრამი. გაბარიტების და წონის თალსაზრისით ეს პისტოლეტი არ არის ყველაზე კომპაქტური და მსუბუქი მაგრამ სამაგიეროდ სტანდარტული ტევადობა 13 ვაზნა. ეს  არც ისე დიდიხნის წინ იყო ყველაზე დიდი ტევადობა ამ კლასში.

px4 mags

13 ვაზნიანი, მაღალი ხარისხის მჭიდები დამზადებულია ფოლადისგან, ხუფები პლასტმასისგან. ერთ მჭიდზე არის დაპატენტებული გასაშლელი “თარო” თითისთვის. მჭიდების თავსებადობა უზრუნველყოფილია და პატარა “სტორმზე” მიდის დიდი “სტორმის” მჭიდები. ბერეტა 92-ის მჭიდები არ მიდის Px4-ებზე. 

რატომ ეს უდაოდ საინტერესო, გამძლე და საიმედო პისტოლეტი, ტოპ მწარმოებლისგან ასეთი ნაკლებად ცნობადი/გაპიარებული ჩემთვის უცნობია. პისტოლეტი არ არის მაინცდამაინც ძვირი (აშშ-ში რეკომენდირებული ფასი 600-700 დოლარი), სამი “წონითი კატეგორია”, სამი ყველაზე გავრცელებული კალიბრი და 4 დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია, მაგრმ მიუხედავად ამისა Px4 არის როგორც “გადამალული საგანძური” პისტოლეტების სამყაროში და ჩემი აზრით ყველაზე დაუფასებელი პისტოლეტი. ჩემი აზრით მისი ნაკლები პოპულარობა განპირობებულია სპეციფიური დიზაინით და მე შემიძლია ბევრი პისტოლეტი დავასახელო, რომელიც გამოირჩეოდა კარგი საბრძოლო და საექსპლუატაციო თვისებებით მაგრამ საერთოდ არ იყიდებოდა სპეციფიური იერსახის გამო.

20220510_182229

სამიზნი მოწყობილობები არის რკინის, სამი თეთრი წერტილით. განსხვავებით 92FS-სგან, კორა შესრულებულია ცალკე და შესაძლებელია მისი რეგულირება ან საერთოდ გამოცვლა. 

სროლაში პისტოლეტი გამოდგა აბსოლუტურად საიმედო. უპრობლემოდ მოინელა მათ შორის “ბლეიზერის” წარმოების მუხტი ალუმინის მასრით, რომელიც აბსოლუტურად ყველა კალიბრში ართულებდა ექსტრაქციას. მაგაზე გაჭედა მეხუთე თაობის გლოკმაც, რაც იყო ალბათ პირველი ასეთი დაბრკოლება იმ მრავალ წელში და მრავალ გლოკში რაც ამ წლების განმავლობაში მე მისვრია. არა და გამართული პისტოლეტი კარგი ხარისხის ვაზნებით, პრაქტიკულად არ ჭედავს ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, თუნდაც მინიმალური მოვლა-მომსახურებით. ვინც არ იცით აგიხსნით, რომ “ბლეიზერის” მუხტები ალუმინის მასრით, არის ეკონომიური კლასის ტყვია-წამალი. ალუმინი ნაკლები ღირს თითბერზე მაგრამ ამავე დროს ქმნის გარკვეულ გამოწვევებს, იმიტომ რომ თითბერზე უარესად და უფრო ნელა იბრუნებს პირვანდელ ფორმას, რჩება შებერილი და ეს ქმნის დამატებით წინაღობას ექსრაქციის დროს. ეჭვი მაქვს რომ მასრის ზედაპირიც არ უწყობს ხელს და ზრდის ხახუნის კოეფიციენტს. ამის გამო .38 კალიბრის მოკლეცხვირიან რევოლვერში ექსტრაქტორის არასრული სვლა არ იყო საკმარისი მასრების ექსტრაქციისთვის და ხდებოდა საჭირო მათი ხელით ამოყრა. Kel-tec SUB 2000 რუტინულად ჭედავდა ამ მუხტიით და მასრებს პრაქტიკულად ფეხებთან ყრიდა, რაც მეტყველებდა საკეტის სიჩქარის შემცირებაზე. მოკლედ “ბლეიზერი” კარგია რენჯისთვის მაგრამ “საქმისთვის” ის ნაკლებად გამოსადეგია.

სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ მოხვედრის წერტილი მნიშვნელოვნად ცდებოდა დამიზნების წერტილს. სადღაც 15 სანტიმეტრით ქვევით და 10 სმ მარცხნივ. მიუხედავად ჩვენი სერიოზული ძალისხმევისა უკანა სამიზნი მოწყობილობა არ დაგვნებდა, მაგრამ კაი დიდი ჩაქუჩის გამოყენებით შევძელით დაგვეძრა კორა და ჰორიზონტალური ცდომილება გამოვასწორეთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ახალი ბერეტა ისვრის მნიშვნელოვანი აცდენით დამიზნების წერტილიდან. რატომ ხდება ასე ჩემთვის უცნობია.

სიზუსტეს რაც შეეხება ის იყო ადეკვატური სუბ-კომპაქტური პისტოლეტისთვის მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად დიდი მოლოდინები მქონდა. დიდი მოლოდინები იმიტომ მქონდა, რომ მე ვთვლიდი ჩემ თავს ორმაგი მოქმედების სასხლეტის მსროლელად, მაგრამ როგორც ჩანს ეს შეიცვალა, იმიტომ რომ იმდენად მივეჩვიე “სტრაიკერებს”, რომ აშკარად ვგრძნობდი დისკომფორტს და უხერხულობას ბერეტას სასხლეტთან მუშაობისას, რაც ალბათ ჯგუფების სიდიდეზეც აისახა. კარგი ამბავი კიდე ის არის, რომ ამ პატარა პისტოლეტს საოცრად პატარა უკუცემა აქვს და ძალიან კონტროლირებადია, რაც განპირობებულია ერგონომიული სახელურით და საკმაოდ დიდი მასით. მთლიანობაში შთაბეჭდილბა პოზიტიური დამრჩა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ პისტოლეტმა იმუშავა საიმედოდ ყველა მუხტთან, მათ შორის “ბლეიზერთან” რომელიც ქმნიდა პრობლემას ყველა იარაღში რომლიდანაც მას ვისროდით.

ბოლომდე რომ ამოვწუროდ კონკრეტულად ამ პისტოლეტის “ქცევა” ტესტირებისას უნდა აღინიშნოს ორი ნიუანსი. ერთი მჭიდი საჭიროებდა კარგ მირტყმას ხელით ან ძალით “ჩატენვას” რომ ჩამჯდარიყო პისტოლეტში ბოლომდე. გასაშლელი თარო მჭიდის ხუფზე იშლება როდესაც მას ხელს კიდებ, მაგრამ შეგრძნება მიუჩვევლობისგან ისეთია თითქოს მჭიდი ძვრება იარაღს, რამაც ორჯერ სამჯერ მაიძულა შემეწყვიტა გასროლის წამროების პოროცესი და დამეხედა იარაღზე, იმიტომ რომ მართლა სამივეჯერ მეგონა რომ მჭიდი იარაღს ძვრებოდა.

PX4_Sub_Exploded3

პისტოლეტი იშლება ძალიან ადვილად.  საკეტის უკან გადაწევის და დაფიქსირების შემდეგ, უბრალოდ უნდა ჩაატრიალოთ და გამოაძროთ ღერძი, რაც მოგცემთ საშუალებას განაცალკევოთ საკეტი და ჩარჩო და შემდეგ ამოიღოთ დამაბრუნებელი ზამბარა და ლულა. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ასევე შესრულებულია მოდულის სახით მაგრამ მისი ამოღება რუტინული წმენდისთვის საჭირო არ არის.

20220510_182455

კომპლექტში ახალ პისტოლეტს მოყვება, მუყაოს ყუთში მოთავსებული პლასტმასის კეისი. ორი მჭიდი, სწრაფ დამტენი, ინსტრუქცია უსაფრთხოების საკეტი, სათადარიგო სახელურის ჩანართები, პლასტმასის ცილინდრი რომლის დანიშნულბა მგონი დღემდე საიდუმლოებაა მაგრამ მე ვემხრობი მოსაზრებას რომ ეს ცილინდრი იცავს თხელ პლასტმასის კეისს გაჭყლეტვისგან ტრანსპორტირებისას. 

რას ვისურვებდი პისტოლეტზე? პირველი: ბერეტამ უნდა შეამოწმოს რამდენად ზუსტად არის პისტოლეტი განულებული.    მცველის/დეკოკერის გადამრთველი შეიძლება იყოს უფრო დაბალპროფილიანი. გასაშლელი თარო მჭიდზე ზედმეტია, ჯობია როგორც სუბ-კომპაქტურ გლოკებში ორ მჭიდზე იყოს სტანდარტული და გაგანიერებული ხუფი ან როგორც “სპრინგფილდ არმორი” XD-S-ზე კომპლექტში იყოს ორი მჭიდი, სტანდარტული და გაზრდილი ტევადობის სახელურის ადაპტორით. საკეტის დაფარვა უნდა იყოს უფრო გამძლე, ეხლა ის დაფარულია პრიალა საღებავით, რომელიც დროთა განმავლობაში იწყებს აქერცვლას და იარაღი იღებს “გაქუცულ” იერსახეს, დაახლოებით ისე როგორც ეს ემართება ხოლმე CZ-75-ებს, რომლებიც ასევე იღებებიან.  დანარჩენში პისტოლეტთან პრეტენზიები არ მაქვს. საერთოდ ამ პისტოლეტთან მიმართებაში უნდა ვიყოთ ნაკლებად კრიტიკულები, იმიტომ რომ გაგიჭირდებათ დაასახელოთ სხვა 9×19 კალიბრის სუბქომპაქტი, მსუბუქი ჩარჩოთი,  ორ რიგიანი მჭიდით და გარედან განლაგებული ჩახმახით.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Beretta Px4 Storm sub-compact არის იშვიათი პისტოლეტების კლასის წარმომადგენელი. ის იყენებს მსუბუქ, პლასტმასის ჩარჩოს, ორ რიგიან მჭიდს, არის სუბ-კომპაქტი და თანაც გარედან განლაგებული ჩახმახით. ამავე დროს შენარჩუნებულია ლაზერის ან ფანრის დაყენების შესაძლებლობა. პისტოლეტი გამოირჩევა უკიდურესი საიმედოობით, გამძლეობით და კარგი ერგონომიკით. თუ ეს ყველაფერი მოგწონთ თამამად შეგიძლიათ დახუჭოთ თვალი მის იერსახეზე. გაითვალისწინეთ რომ ნაკლები გავრცელებულობის გამო, აქსესუარების/ნაწილების შოვნა იქნება ძნელი.