Archive for October 17th, 2021

Ruger Mini-14 და პრაქტიკული სიზუსტე

Sunday, October 17th, 2021

mini-1

Ruger Mini-14 არის უცნაური იარაღი. წარმოიდგინეთ კარაბინი  რომელიც არის 5,56×45 კალიბრის, მაგრამ არ იყენებს AR-15-ის მჭიდებს არ აქვს მინიმუმ 5 პიკატინის სამაგრი, რეგულირებადი კონდახი და “აფტერმარკეტ” დეტალების ფართო არჩევანი. მიუხედავად ამისა ის დღემდე გამოდის 1974 წლიდან სხვადასხვა მონაცემებით 600 000-დან 3 მილიონამდე ცალია გამოშვებული (!!!).  ეს არის Mini 14. ერთგვარი გამოცანა 5.56 კალიბრის შაშხანებში.  საქართველოში ამ იარაღს პრაქტიკულად არ იცნობენ, იმიტომ რომ არასდროს მისი იმპორტი არ მომხდარა და თუ “მინი-14″ სადმე შეგხვდებათ ეს იქნება ინდივიდუალურად   იმპორტირებული ერთეული.

ბუნებრივია, როდესაც მე მომეცა საშუალება ეს იარაღი შემეძინა, მე დიდი ხანი არ მიფიქრია, იმიტომ, რომ ჩემი მუშაობის სტილი უცვლელი  რჩება, რამეზე რომ დავწერო ეს რამე უნდა დავიდო წინ მაგიდაზე, დავშალო, გავწმინდო, წავიღო სასროლეთზე და ვისროლო, ვნახო როგორ იქცევა იარაღი, შევისწავლო ამ იარაღზე ყველაფერი რასაც შევძლებ რომ მოვიპოვო და შემდგომ შევუდგე მუშაობას ახალ სტატიაზე. ამას მე უკვე მეორე ათწლეულია რაც ვაკეთებ და ღმერთის ნებით, ვაპირებ ვაკეთო მანამდე სანამ შემიძლია დამოუკიდებლად გადაადგილება და საღად აზროვნება. ეს მიდგომა მათ შორის გულისხმობს იმაზე მეტის გადახდას ვიდრე კონკრეტული იარაღი შეიძლება ღირდეს.

დავიწყოთ მინი-14-ის ისტორიის მოყოლით. 60-ნი წლების ბოლოს უილიამ “ბილ’ რუგერმა გადაწყვიტა ახალი კომპაქტური 5.56 კალიბრის კარაბინის შექმნა. ამ სამუშაოსთვის მან დაიქირავა ჯიმ სალივანი, ის ჯიმ სალივანი, რომელიც მუშაობდა .30 კალიბრის  AR-10-ის “დაპატარავებაზე”, .223 კალიბრის AR-15-მდე. დავალება ამ შემთხვევაშიც იყო იგივე, .30 კალიბრის M14-ის “დაპატარავება”, მაშინ შედარებით ახალი .223/5.56 კალიბრის კარაბინამდე. აქიდანაც სახელი “მინი-14″.  სამუშაოები გაგრძელდა სადღაც 6 წელი და 1974 წელს დაიწყო “რუგერ მინი-14″-ის სერიული, მასშტაბური წარმოება. ახალი “მინი 14″ ღირდა უფრო იაფი ვიდრე კოლტის მიერ წარმოებული სამოქალაქო AR-15 ინდექსით SP1. კოლტის შაშხანა იმ დროს ღირდა სადღაც 250 დოლარი, რუგერის “მინი 14″, როგორც წესი ღირდა 200 დოლარზე ნაკლები. მეტ-ნაკლებად სამოქალაქო იერსახის გამო, კარაბინი დროთა განმავლობაში იყიდა ბევრმა ამერიკულმა პოლიციურმა დეპარტამენტმა, ის ასევე ძალზედ პოპულარული გახდა სამოქალაქო მსროლელებში, იმიტომ რომ ეს იყო ტიპიური რუგერი, იაფი, ხელმისაწვდომი, საიმედო და რესურსიანი იარაღი. რუგერმა გააგრძელა კარაბინის განვითარება, 1979 წელს გამოვიდა ჯერებით მსროლელი ვარიანტი ინდექსით AC-556. ამერიკის საზღვრებს გარეთ, ყველაზე დიდი შემსყიდველი გამოდგა “რესპუბლიკური უსაფრთხოების დანაყოფები” საფრანგეთში, რომლებსაც კარაბინი მოეწონათ და საფრანგეთში მას ლიცენზიითაც უშვებდნენ.  1986 წელს გამოვიდა “მინი 30″ 7.62×39 კალიბრის ვარიანტი, დიდი ალბათობით პირველი ამერიკული წარმოების იარაღი გათვლილი ამ საბჭოთა ვაზნაზე. წლიდან წლამდე იხვეწებოდა კარაბინის ცალკე ელემენტებიც. ამჟამად “მინი” ხელმისაწვდომია 4 კალიბრში, ხის და პლასტმასის კონდახებით, ასევე უჟანგავ ვარიანტში დაყოფილი ორ ძირითად კატეგორიას შორის: “Ranch” 18.5 ინჩიანი ლულით, “Tactical” 16.5-ნი ლულით.  გამოდის ასევე სპეციალური მოდელი გათვლილი მიზანში სასროლად. რეალურად ეს იარაღი შეიძლება უფრო გავრცელებული იყოს ვიდრე შეიძლება წარმოდგენა, იმიტომ, რომ ის ფიქსირდება კონფლიქტებში და გახმაურებულ დანაშაულებებში პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა კუთხეში.

GBFmini14

მოდელების და მოდიფიკაციების მიუხედავად, ითვლება რომ ყველაზე მოთხოვნადი “მინი 14″-ის ვარიანტია მოდელი GB-F (Government Barrel – Folding, სამტავრობო ლულა – დასაკეცი), დასაკეცი კონდახით, რომლის წარმოება შეწყდა 1998 წელს და ეხლა რუგერის წარმოების ასეთი კონდახი შეიძლება ღირდეს უფრო ძვირი ვიდრე ახალი გამოშვების მთლიანი კარაბინი.  მიაქციეთ ყურადღება წინა სამიზნი მოწყობილობის კონსტრუქციას და გნალგებას, რომელიც უზრუნველყოფს სტანდარტული ხიშტის გამოყენებას. 

ტექნიკური თვალსაზრისით, “მინი 14″ საკმაოდ  საინტერესო იარაღია.  იერსახით და იარაღის სახელმძღვანელოთი ის მთლიანობაში M14-ის იდენტურია, მაგრამ საკმარისია დაშალოთ იარაღი და დაინახავთ მნიშვნელოვან განსხვავებებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის განსხვავებული დენთის აირების სისტემა. M14-ის რთული  დენთის აირების სისტემა, დგუშის მოკლე სვლით, შეიცვალა ძალზედ მარტივი სისტემით, რომელსაც რუგერში ეძახიან ფიქსირებულ დგუშიან თვითწმენდავ სისტემად. ამ სახელის ქვეშ იმალება სქემა დგუშის გრძელი სვლით, სადაც დგუში, დგუშის ღერძთან ერთად, ერთიანი დეტალია, დაახლოებით, როგორც კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში. ეს დეტალი გადაბმულია საკეტთან, რომელიც არ იყენებს M14-ის გორგოლაჭს (ადრინდელ მოდელებში იყენებდა), არამედ უბრალოდ მრგვალი ფორმის შვერილი, რომელიც საკეტთან ერთად არის შესრულებული და სწორედ ის ზემოქმედებს დგუშის “ღერძზე” შესრულებულ ჭრილთან და ამით მიიღწევა ჯერ საკეტის გახსნა და შემდგომ მისი უკან მოძრაობა. სიმართლე გითხრათ, “მინის” დენთის აირების სისტემა უფრო გავს M1-ის კარაბინს. M14-სგან განსხვავებით M1-თან მე შეხება არ მქონია, მაგრამ დიაგრამებიდან ჩანს, რომ ორივე ერთმანეთს ძალიან გავს ამ თვალსაზრისით.

რუგერი სახელგანთქმულია თავისი მეტალის დეტალების ზუსტი ჩამოსხმის ტექნოლოგიებით და ძალიან ბევრი დეტალი “მინი 14″-ში არის ამ ტექნოლოგიით დამზადებული, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს იარაღის წარმოების ხარჯებს. რესივერი, საკეტი, დგუში “ღერძით”, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები, სამიზნი მოწყობილობები, დამზადებულია ჩამოსხმით. ეს მიდგომა ჭრის ყველა იმ პრობლემას, რაც უკავშირდებოდა M14, დამზადების სირთული და სიძვირე, ხარისხის პრობლემური კონტროლი. ამის წყალობით “მინი-14″ არა მარტო უბრალოდ დაპატარავებული ასლია, ის ასევე ბევრად უფრო ტექნოლოგიური იარაღია. რუგერი ზოგადად იყო ცნობილი ძველი სისტემის იარაღების წარმატებული მოდერნიზაციით და “მინი-14″ ასეთი მიდგომის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

mini14gassystem

დენთის აირების კამერა, დაყენებულია ლულაზე ოთხი ხრახნით, ლულის ქვეშ ჩანს დენთის აირების “ვენტილი”. ბევრად უფრო მარტივი სქემა ვიდრე კომპლექსური დენთის აირების სისტემა M14-ზე.   სურათზე არის უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული კარაბინი.

rugersights2

პირველი და მეორე უფრო გვიან მოდელბზე დაყენებული უკანა სამიზნი მოწყობილობები. ორივე იყენებს აპერტურას, გავს M14-ის სამიზნ მოწყობილობებს. წლების განმავლობაში მათი კონსტრუქცია მუდამ იცვლებოდა მაგრამ ძირითადად ამ ორი ტიპის მოწყობილობები გამოიყენებოდა. 

20211017_131500

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მოდული, იმეორებს M14-ის ანალოგიურ მოდულს. ყურადღება მიაქციეთ მცველის დიდ “ფარფლს” სასხლეტის კავის წინ. 

რაც შეეხება იარაღის სახელმძღვანელოს, ის უცვლელია. გადასატენი სახელური არის დგუშის და “ღერძის” მოდულზე, მარჯვენა მხრიდან. მცველი განლაგებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულზე დამცავი კავის წინ. რესივერზე ზევიდან განლაფებულია საკეტის შემაკავებელი თავისი ღილაკით. ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ საკეტი რჩება ღია. მჭიდის ღილაკი განლაგებულია იარაღის ქვედა ნაწილში მჭიდის უკან როგორც კალაშნიკოვის სისტემის ავტომატზე. დაშლაც ძალიან ადვილია და თუ გქონდათ ჩემსავით შეხება M14-თან, “მინი 14″-ს ადვილად დაშლით. დაშლა იწყება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულიდან, სადაც საჭიროა დამცავი კავის გადახსნა რომ კაუჭისნაირი სამაგრები გამოვიდეს კონტაქტიდან მეტალის ჩამკეტებთან, რომლებიც განლაგებულია ხის კონდახში. შემდეგ შესაძლებელია ადვილად განაცალკევოთ რესივერი ლულით და კონდახი. შემდეგი ნაბიჯი დამაბრუნებელი ზამბარის და მისი ღერძის მოხსნა, დგუშის მოხსნა, შემდეგ რესივერიდან საკეტის მოხსნა და ბოლოს თუ გნებავთ შესაძლებელია ზედა, პლასტმასის ხუფის ლულიდან მოხსნა.  ამ იარაღის დაშლა აწყობის სრულ ციკლს და ყველა ნიუანსის ზეპირ-სტყვიერი აღწერით მე არ დაგღლით, იმიტომ, რომ უპრობლემოდ იპოვით ბევრ ვიდეო ინსტრუქციას რაც უფრო გასაგები იქნება ვიდრე ჩემი ნაწერი. მინდა მხოლოდ აღვნიშნო, რომ არაფერი განსაკუთრებულად რთული აქ არ არის და პრინციპში შეუძლებელია რამე არასწორად ააწყოთ ან გააფუჭოთ. ამ იარაღის კონსტრუქცია არის რეალურად გასული საუკუნის 30-ნი წლებიდან, “მინი 14″-ის ბაბუა, გარანდი M1, საერთოდ არის პირველი ნახევრად-ავტომატური შაშხანა, რომელიც იქნა მასიურად შეიარაღებაში მიღებული. ამის ფონზე “მინი 14′-ის დაშლა-აწყობა და მოვლა-მომსახურება საერთოდ არ არის რთული.

20211017_131336

ასე გამოიყურება დაშლილი “მინი-14″ მიაქციეთ ყურადღება დეტალს, რომელიც პრაქტიკულად არის დგუში საკეტის “მატარებლით”, ისეთივე როგორც კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში.  რესივერის მარცხენა მხარეს “კოლოფში” ჩამალულია საკეტის შემაკავებელი. 

mini14bolt

ეს ჭრილი დგუშზე და საკეტის მატარებელზე უზრუნნველყოფს საკეტის გადატრიალებას, რომ საბრძოლო ბჯენები გამოვიდნენ კონტაქტიდან კილოებთან, რომლებიც შესრულებულია რესივერის შიგნით. “მინი-14″-ის საკეტი ორ ბჯენიანია, როგორც M14-ში და მანამდე გარანდის კონსტრუქციის შაშხანაში. 

რუგერი “მინი 14″ იყენებს 5-10-20-30 ვაზნიან მჭიდებს, რომლებიც კონსტრუქციით M14-ის მჭიდების იდენტურია. რუგერის სახელი უკავშირდება სამოქალაქო პირებისთვის  დიდი ტევადობის მჭიდების აკრძალვის მოთხოვნას და ამის გარდა ის ასევე არ ყიდდა სამოქალაქო პირებზე 20 და 30 ვაზნიან მჭიდებს, რომელიც ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სამართალდამცავებისთვის და სამხედროებისთვის. ჩვენი კარაბინი იყო დაკომპლექტებული ორი მჭიდით, 5 და 10 ვაზნაზე. აქიდან ქარხნული 5 ვაზნიანი მჭიდი სრულად იმალება კონდახში, 10 ვაზნიანი მჭიდის წარმომავლობა ვერ დავადგინეთ მასზე რაიმე დამღების არარსებობის გამო.

mini14general

ესეც ჩვენი “მინი 14″, ჩამოტანილი თავის დროზე საქართველოში შეკვეთით. მჭიდი იარაღზე 10 ვაზნიანია. ლულის სიგრძე  47 სმ/18.5 ინჩი. 

იარაღი ძალიან მოსახერხებელია. სავსე 10 ვაზნიანი მჭიდით ის იწონის 3.5 კგ-ს. სრული სიგრძე 96სმ-ია.  კარაბინი კარგად დაბალანსებულია, არ აქვს გამოშვერილი დეტალები (გარდა საკეტის გადასატენი სახელურისა), დგუშის მოძრავი ასიმეტრიული მიმმართველი, რომელიც გამოწეულია მარჯვნიდან დაფარულია პლასტმასის ლულის ხუფით. მიუხედავად იმისა, რომ ის სიგრძეში უფრო გრძელია ვიდრე AR-15 ბოლომდე დაკეცილი კონდახით, ის მაინც მე მომეჩვენა უკიდურესად კომპაქტურ და კარგად დაბალანსებულ იარაღად, რომელიც არ დაგღლის და არ შეგაწუხებს ხანგრძლივ ლაშქრობაში. კარგი იარაღია, რომელიც სულ სადრაც ახლოს უნდა გქონდეს.

ეხლა გადავდივართ ყველაზე დამაინტრიგებელ ნაწილზე, უფრო კონტრტულად კი სიზუსტეზე. არსებობს მოსაზრება, რომ “მინი 14″ არის საოცრად არაზუსტი იარაღი.  თავად ბილ რუგერი ეძახდა “მინი 14″-ს “მსოფლიოში ყველზე ძვირადღირებულ პლინკერს”, ერთგვარი მინიშნებით, რომ სიზუსტე არ არის ის თვისება, რომელსაც ელოდები “პლინკერისგან”, ანუ იარაღისგან რომელიც არის გათვლილი გასართობ სროლაზე. მიუხედავად ამისა, მინიმუმ სამჯერ ამ იარაღის კონსტრუქცია გადაიხედა, იმისთვის, რომ გაზრდილიყო სიზუსტე. ჯერ 2005-ში და შემდეგ 2008-ში. სქელდებოდა ლულა, მცირდებოდა დაშვებები დეტალებს შორის. მე ნანახი მაქვს ტესტირების ვიდეოები სადაც “მინი 14″ 200 მერამდე არ ჩამოუვარდებოდა სიზუსტით AR-15-ს, მაგალითად Paul Harrel-ის ვიდეო ამ თემაზე. ასევ TFB TV-ის ვიდეოში “მინი 14″ აჯობებს კიდევაც ბიუჯეტურ AR-15-ს, მაგრამ ასევე არის სხვა მასალები საიდანაც ხვდები რომ სიზუსტე არის მარგინალური.  სად არის ჭეშმარიტება?

ამის გასარკვევად გავეშურეთ რენჯზე. სამიზნედ ვიყენედით სილუეტს რომლის სიგანე იყო 47.5სმ ხოლო სიმაღლე 76სმ. სამიზნი მოწყობილობები ჩვენ იარაღზე, რომელიც განეკუთვნება ე.წ. 580-ე სერია (სერიული ნომრის პირველი სამი ციფრის მიხედვით),  არის პირველი, 2005 წლის გაუმჯობესებული მოდელის. ასევე ეს ნიშნავს, რომ კარაბინს აქვს უფრო სქელი ლულა და ოპტიკის დაყენების  შესაძლებლობა.  სხვათაშორის იარაღზე უკვე ეყენა GG&G-ს სამაგრი და Weaver-ის ოპტიკა, მაგრამ ყველაფერი ეს იყო პრაქტიკულად გაფუჭებული, იმიტომ რომ ყველა ხრახნი იყო ისე გადაჭერილი რომ დეფორმირდა, როგორც ოპტიკის სამაგრის ხრახნებიც ასევე ოპტიკის კორპუსიც. ერთგვარი მინიშნება რომ ვიღაცა ცდილობდა ასე, რაღაც პრობლემების მოგვარებას. იმისთვის რომ ასე არ მოხდეს, გამოიყენეთ ხრახნების ფიქსატორი, ე.წ. “ლოქთაითი” რომელიც ჩვენთანაც იყიდება. ზედმეტი გადაჭერა უბრალოდ დააზიანებს სამაგრს, რინგებს და ოპტიკას. სამწუხაროდ ყველა ეს კომპონენტი, რომელიც მოყვა იარაღს გახდა გადასაგდები. ამიტომ სროლა ხდებოდა მექანიკური სამიზნი მოწყობილობებით.

mini14fronts ასე გამოიყურება წინა სამიზნი მოწყობილობა რომელიც ეყენა “მინი 14″-ზე  2005 წლამდე. ის დიდი და ზედმეტად განიერია ალბათ პისტოლეტისთვისაც არა თუ შაშხანისთვის. 

580-ე სერიის “მინი 14″-ზე ყენდება ბევრად უფრო მოსახერხებელი წინა სამიზნი მოწყობილობა მაგრამ უკანა “დიოპტრი” პირიქით გაუარესდა. წარსულს ჩაბარდა ადვილი რეგულირებები. ამჯერად დიოპტრის თავი ფიქსირდება ბაზაში საპირისპიროდ გაყრილი შიდა ხრახნებით. რეგულირება კლიკებით შეუძლებელია. ზუსტი შესწორების შეტანა შესაბამისად ასევე. ვერტიკალური შესწორებების შეტანა ხდება დიოპტრის თავის ბაზაში დატრიალებით, რისთვისაც უნდა მოხდეს ერთი ხრახნის მაინც დაშვება. ვერტიკალური და ჰორიზონტალური შესწორებების შეტანა, მოდით ასე ვთქვათ,  ითხოვს მოთმინებას, გამართლებას და ცოტა წვალებას იმისთვის, რომ მოხდეს კარაბინის ზუსტი გასწორება. შესწორების ზუსტი შეყვანა შეუძლებელია, საჭიროა თვალით შეტანა და კორექტირება საჭიროების მიხედვით. ერთხელ რომ გაასწორებთ, მერე ხელი აღარ უნდა ახლოთ რაც ნიშნავს, რომ სამიზნი მოწყოილობები არ არის გათვლილი სხვადასხვა მანძილზე სასროლად, იარაღი ნულდება კონკრეტულ დისტანციაზე და მერე თარაზოს ხელს აღარ ახლებთ. ეს და ოპტიკის სამაგრის დასაყენებლი ადგილების დიზაინი, მაფიქრებდა, რომ არარსებობს არანაირი წინაპირობა ამ იარაღიდან კარგი სიზუსტის მიღების, იმიტომ რომ ამისთვუს ყველაფერი საპირისპიროდ არის გაკეთებული.  მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნო, რომ ქარხნული დიოპტრიც და კორაც კარგ სამიზნ სურათს იძლევიან და დამიზნებაც კომფორტულია.

100mont

ასე გამოიყურება 76 სმ სიმაღლის და 47 სმ სიგანის სილუეტი, “მინი-14″-ის კორასთან მიმართებაში 100 მეტრ მანძილზე. 

ჩვენ გამოვიყენეთ Federal-ის 62 გრანიანი ორი მუხტი და 55 გრანიანი ერთი მუხტები. ლულის ტვისტი არის 1:9-ზე რაც იდეალურია ალბათ მსუბუქი და საშუალო წონის ტყვიებისთვის. რაიმე პრეფერენცია კონკრეტული მუხტისადმი კარაბინს არ უჩვენებია. საშუალო სიზუსტე გამოვიდა 11.3 სმ 100 მეტრზე. რაც ალბათ ბევრია დღევანდელი სტანდარტებით. ლულის გახურებისთანავე მე დავინახე ტენდენცია რომ მორტყმები “იწელება”  სიმაღლეში. 100 და 50 მეტრზე სროლისას ცხადია რომ ჩვენი “მინი 14″ არ არის ზუსტი იარაღი. თავიდან მე ამის გამო ცოტათი გული დამწყდა, მაგრამ შემდეგ ამოვატრიალე სამიზნე და მივხვდი, რომ მგონი ბევრს და მეც მათ შორის, აქვს არასწორი წარმოდგენა ამ იარაღის დანიშნულებაზე და აქიდან გამომდინარე არასწორი მოლოდინები.  რა დავინახე მე სამიზნეს უკანა მხარეს? პირველ რიგში ის რომ სამი მუხტის და ცვალებადი დამიზნების წერტილის გამო (ხან ცოტა ზევით ვუჭერდი ხან ცოტათი ქვევით უკეთესი სამიზნი სურათის მისაღებად), მორტყმების 95% იყო 17 სანტიმეტრიან წრეში. მორტყმების აბსოლუტური უმეტესობა შემეძლო გადამეფარა ხელის გულით. ეს ნიშნავს, რომ 200 მეტრამდე გარანტირებულად მოვარტყავ ცოცხალ სამიზნეს (ფეხზე მდგარი ან სამკერდე ფიგურა) ასეთი კონფიგურაციის სამიზნი მოწყობილობებითაც. 50 მეტრიდან გარანტირებულად მოარტყავ თავის ფორმის სამიზნეს, მცირე ზომის ცხოველს. არის ეს საკმარისი კარაბინისთვის? ჩემი აზრით კი. უყურეთ, ბევრი ადამიანი სიზუსტეს ზომავს მილიმეტრებით, მაგრამ აბსოლუტურ უმეტესობა კარაბინების პატრონისთვის ეს მილიმეტრები არაფერს არ ნიშნავს. მე ვიცნობდი ერთ მონადირეს რომელიც სიზუსტეს ამოწმებდა ასე. რაღაც მანძილზე დადებდა სამიზნეს. ესროდა დგომიდან მთელ მჭიდს და თუ ერთი ტყვია მაინც მოხვდებოდა სამიზნეს ის იყო კმაყოფილი. ეს იყო ის სიზუსტე რაც მას სჭირდებოდა რომ მიეღწია იმ მიზნისთვის რაც მას სჭირდებოდა.  ამერიკაში უმეტესობა ირმებზე  მონადირეების უბრალოდ ალბათ კიდებს ხეზე ქაღალდის თეფშს, გადათვლის 50 ნაბიჯს და თუ მოარტყავს ამ თეფშს ითვლება რომ შეუძლია წავიდეს სანადიროდ. კლინტ სმიტის სიტყვებია: უმეტესობა თავდაცვითი შეტაკებების შაშხანის გამოყენებით ხდება პისტოლეტის მანძილებზე ანუ პრაქტიკულად სასაუბრო დისტანციებზე. არის იქ მნიშვნელობა შაშხანა აკეთებს 1MOA-ს 100 მეტრზე თუ 4 MOA-ს? ალბათ არა.  შეუშალა ხელი რუგერის სიზუსტემ მაიკლ პლატს 1986 წელს გაეხსნა ცეცხლი FBI-ს აგენტების მიმართულებით, მოეკლა ორი და დაეჭრა ოთხი აგენტი? მიუხედავად იმისა, რომ იყო უმცირესობაში, დაჭრილი და მოილოდნელობის ფაქტორიც აგენტების მხარეს იყო.? არა. კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა მოხდა ნორვეგიაში 2011 წელს, როდესაც “მინი 14″-ით შეუარაღებულმა ანდერს ბრეივიკმა მოკლა 69 ადამიანი.  .223 კალიბრის პრაქტიკული გამოყენების კონტექსტში მილიმეტრებზე საუბარი სისულელეა. იფიქრეთ მინი 14-ზე, როგორც M1-ის კარაბინზე, უბრალოდ უფრო ძლიერი ვაზნით და უფრო საიმედო. მიუხედავად ბევრი ნაკლისა M1 იყო ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ იყო მსუბუქი და მოსახერხებელი. ვის მოუვა თავში M1-ზე დააყენოს ოპტიკა და დაიწყოს ჯგუფებზე სროლა?

uoxceer

თავად გადაწყვიტეთ ასეთი სიზუსტე არის თუ არა საკმრისი თქვენთვის. 

გინდა მიზანში სროლა? მაშინ დაგჭირდება შესაბამისი შაშხანა. გინდა იაფი, მარტივი, საიმედო კარაბინი რომელიც 99% მოარტყავს ტყვიას იქ სადაც უმიზნებ ან სადმე ახლოს? აგერ არის “მინი 14″. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ “მინის 14″-ის სიზუსტეზე ან მის არარსებობაზე, ეს კარაბინი გამოდის 1974 წლიდან ე.ი. ის იყიდება.  იმათ ვინც ამ იარაღს ყიდულობენ, არ აქვთ ანგარიშები ინსტაგრამზე და არ ტვირთავენ ვიდეოებს იუთუბზე. მათ ხელში “მინი 14″ მუშაობს აგერ უკვე 50 წელია და როგორც ჩანს რუგერი არც აპირებს მისი წარმოების შეწყვეტას იმიტომ რომ საბოლოო მომხმარებელი კმაყოფილია და აგრძელებს ამ კარაბინების ყიდვას. მისი ფასი ეხლა აშშ-ში არის სადღაც 800 დოლარამდე, რაც სულაც არ არის ბევრი.

ნიკო ჯავახიშვილს, რომ მოვუყევი ჩემ შედეეგებზე, ზუსტი შეფასება მისცა ამ კარაბინს:  “სკს-ია რა, არ ღირს ინვესტიცია მისი სიზუსტის გაუმჯობესებაში”. არის სკს-ი ცუდი იარაღი? არა.  შეედრება AR-15-ს? არა. ჯგუფების სასროლად გამოდგება? ისევ არა. ფასი, რომ იყოს იდენტური არ მგონია ვინმესთვის მიმეცა რჩევა ეყიდა “მინი 14″ AR-15-ის ნაცვლად, თუმცა ბიუჯეტური AR-ის ყიდვას ალბათ ისევ “მინი 14″ მირჩევნია არაბიუჯეტური საიმედოობით და რესურსით. მაგრამ ეს ჩემი აზრია, მე სუბიექტური ვარ, იმიტომ რომ მომენატრა ძველი სკოლის იარაღები, ხის და რკინის.  თანაც “მინიდან” სროლა სახალისოა, სასხლეტი ბევრად უკეთესია ვიდრე AR-15-ის “მილ-სპეკ” სასხლეტი და უფრო უკეთესი ვიდრე კალაშნიკოვის ან სკს-ის სასხლეტები. უკუცემა მინიმალურია. მიუხედავად გაუკრკვეველი წარმოშობის მჭიდისა, დაბრკოლებას ადგილი არ ქონია. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიბრაციისგან დაიშვა სამიზნი მოწყობილობის ხრახნები, ამიტომ გასწორების შემდეგ ისინი უნდა დაფიქსირდნენ “ლოკტაიტით”.  მე გავაგრძელებ ამ იარაღიდან სროლას და ვნახავ შევძლებ თუ არა უკეთესი შედეგის ჩვენებას თუმცა “მინი 14″-ის ირგვლივ მისი გაზუსტების მთელი რელიგია არსებობს, რომელიც ითვალისწინებს, ბალანსირებს, ბედინგს, დენთის აირების ბლოკის მორგებას და ა.შ. ვნახოთ შეიძლება ვცადო რაღაც მიდგომები, თუმცა მგონია რომ მაინც ეს ყველაფერი ზედმეტია.

minibarss

ისევე როგორც ჩემი .308 კალიბრის “ვეპრი”, “მინი 14″ ექსტრაქციისას ტოვებს კვალს მასრაზე რაც რელოუდერებს არ მოეწონება. 

რაც შეეხება შეფასების კრიტიკულ ნაწილს. კრიტიკას იმსახურებს არაუნივერსალური სამაგრი ოპტიკისთვის რაც გასაკვირი არ არის, დიზაინის ასაკიდან გამომდინარე. ასევე უკანა სამიზნი მოწყობილობის მექანიზმი ზედმეტად პრიმიტიულია, მაგრამ ეს გარდაუვალია ეპოქაში სადაც შეიძლება კარგი ოპტიკა იყიდო 100 დოლარად. ასეთი მოცემულობის პირბებში არც ერთი მწარმოებელი არ შეიწუხებს თავს მაღალი დონის მექანიკური სამიზნი მოწყობილობის დაყენებით. ისიც გამიკვირდა, რომ იარაღი დაკომპლექტებულია საღვედეებით. TechSight-ი უშვებს სამიზნი მოწყობილობების კომპლექტს “მინი 14″-თვის, რომელიც ბევრად უფრო მოსახერხებელია. მეტი კრიტიკას არაფერი არ იმსახურებს. შესაძლებელია ეს იარაღი იყოს უფრო ზუსტი? ჩემი აზრით კი. საჭიროა მინიმუმ ბევრად სქელი ლულა და იდეაში ახალი დენთის აირების სისტემა მოკლე სვლით. სხვათაშორის იუთუბზე დევს გერმანელი მეირაღის ვიდეოები სადაც ნაჩვენებია “მინი 14″ მოკლე სვლიანი დგუშით. ღია საკითხად რჩება უახლესი გამოშვების კარაბინების სიზუსტე, რაზეც მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მაქვს მათზე წვდომა, მაგრამ რასაც ვუყურებ ეს პრობლემა, როგორც ჩანს საბოლოოდ გადაიჭრა. გავმეორდები მე არ ვთვლი რომ ეს არის პრაქტიკული პრობლემა, მაგრამ დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ იაფი “პლინკერებიც” აჩვენებენ მაღალ სიზუსტეს და მომხმარებლები არიან ამით განებივრებულები და ზოგადად არის მოლოდინი, რომ ნებისმიერი 5.56//223 კალიბრის გრძელლულიანი იარაღი უნდა იყოს ზუსტი.

miniar

14.5 ინჩიანი AR-15 და 18 ინჩიანი  Mini-14. ყველაზე სასურველი Mini-14 უნდა ალბათ იყოს მოდელი GB-F დასაკეცი კონდახით. ყურადღება მიაქციეთ ლულის ფორმას დენთის აირების ბლოკის წინ, ის გასქელებულია და ვიწროვდება ბოლოსკენ. ეს არის უტყუარი ნიშანი რომ კარაბინი გაუმჯობესებული, 580-ე სერიის არის. 

mini14markings

ასე გამოიყურება დამღები “მინი 14-ზე”. 2002 წლიდან, სხვადასხვა მცირე ცვლილებების გარდა, ასევე შეიცვალა კარაბინის სახელი, ის გახდა Ruger Ranch Rifle. მიაქციეთ ყურადღება კალიბრის აღნიშვნას. რესივერზე წერია .223 თუმცა ყველა მოდელში გარდა Target მოდელისა შესაძლებელია 5.56×45 NATO-ს ვაზნების გამოყენება. უახლეს მოდელებში უკვე გამოიყენება კალიბრის აღნიშვნა “5.56″.  “მინი 14″ როორც ვხვდები იყო პირველი სერიული იარაღი, რომელიც იყენებდა “ჰიბრიდულ” სავაზნეს რომელიც იყო გათვლილი ორივე ვაზნაზე .223 Remington და 5.56X45 NATO.  ლულაზე დამღები არ არის. 

shootercentral.ge-ს დასკვნა. Ruger Mini-14 არის კლასიკური ამერიკული იარაღი, ამიტომ ის იქნება სასურველი შენაძენი ცეცხლსაროლი იარაღის ენთუზიასტისთვის, რომელსაც მობეზრდა “კალაშნიკოვები”, AR-15-ები და უნდა რამე განსხვავებული, უფრო საინტერსო და უჩვეულო. პრაქტიკული თვლასაზრისით, გამომდინარე იქიდან რომ “მინი 14″ იყენებს სპეციალურ მჭიდებს და ოპტიკის დასაყენებელ სამაგრებს/რინგებს, მისი მყიდველი ჩააყენებს თავის არახელსაყრელ პოზიციაში. სიზუსტის საკითხი ღიად რჩება, მაგრამ უახლესი გამოშვების კარაბინები, როგორც ჩანს ბევრად ზუსტად ისვრიან, საშუალოდ 3-4 MOA 100 მეტრზე, ვიდრე უფრო ადრინდელი გამოშვების კარაბინები. რაც მთავარია, იარაღი საიმედოა რასაც ადასტურებს მისი მრავალწლიანი ექსპლუატაცია, ამიტომ ცალსახად ის შეიძლება იყოს რეკომენდირებული თუ რომელიმე დასახელებული ფაქტორი თქვენ ხელს არ გიშლით. დანიშნულებით “მინი 14″ არის თავდაცვითი კარაბინი, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი და საიმედო და ამის წყალობით ის მაინც არ კარგავ აქტუალურობას AR-15-ის ეპოქაში.

20211014_124628gsdg