Archive for September, 2020

უნივერსალური კომპანიონი – Cold Steel Finn Wolf

Sunday, September 27th, 2020

P1100886

სანამ მიმოხილვას დავიწყებდი, მინდა გითხრათ, რომ მე არ ვარ დანების არც მცოდნე და არც სერიოზული მომხმარებელი. დანა ჩემთვის ყოველთვის იყო უტილიტარული ნივთი, მაგრამ რომლის ხშირი გამოყენება არასდროს არ მიწევდა.  ამიტომ ემ არასდროს არ ვიხდიდი ბევრ ფულს დანებში და მითუმეტეს სალესებში.  ასე, რომ შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ ტიპიური,  საშუალო სტატსიტიკური დანის მომხმარებელი, რომელსაც ადარდებს ფუნქციონალურობა, არ უნდა ბევრის გადახდა და იყენებს დანებს ყველაზე ტიპიური სცენარებით. ამიტომ მიმოხილვაც არის ასეთი, უბრალო ადამიანის თვალით დანახული დანა.

დღევანდელ მიმოხილვაში მინდა წარმოგიდგინოთ დანა, რომლის შეძენის შემდეგ მე პრაქტიკულად შევწყვიტე ახალი დანების ყიდვა. მანამდე პერიოდულად ვუკვეთავდი ხოლმე “ამაზონზე” სხვადასხვა მწარმოებლების დანებს, მქონდა ასევე ოსტატის შესრულებული დანები ისრაელიდან და ამერიკიდან. ამ დანებს ვტესტავდი, მერე მბეზრდებოდა და პრაქტიკულად ნახევარ ფასში ვუშვებდი. ამ მომენტისთვის მაქვს ოცამდე სხვადასხვა დანიშნულების დანა.  სწორედ მორიგი ახალი დანის ძიების პროცესში, ერთ დღეს მე წავაწყდი არც მახსოვს  ვის მიმოხილვას Cold Steel-ის შედარებით ახალ დანაზე Finn Wolf და ზედემეტი ფიქრის გარეშე შევუკვეთე. საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა, რომ Finn Wolf-ის შეძენის შემდეგ მე დანა აღარ გამომიწერია და შევეცდები აგიხსნით რატომ.

დავიწყოთ დანის აღწერით. Cold Steel Finn Wolf კონცეფციით არის დასაკეცი ფინური დანა. რა არის “ფინკა”, წესით ოდნავ მაინც თუ ერკვევით დანებში, ჩემზე უკეთესად კი უნდა იცოდეთ.  დანის ეს დიზაინი პრაქტიკულად ბრინჯაოს ხანიდან არის ცნობილი. pukko ანუ უბრალოდ დანა ხის ტარით, არის ალბათ ყველაზე მარტივი და უტილიტარული დანის დიზაინი, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი არის პირის ფორმა ე.წ. scandi grind, სადაც პირველადი “მონაჭერი” წარმოადგენს დანის პირს.  სწორედ ასეთი პირი აქვს Finn Wolf-ს, რომლის სიგრძე 85 მმ. პირის სისქე ასევე მნიშვნელოვანია 3.5მმ, რაც ისევე როგორც კლასიკურ ფინკაში გაძლევს საშუალებას გამოიყენო ის თითის საყრდენად რომ დამატებითი ძალაა დაატანო გათლისას. დანის პირის მასალა არის AUS8A სპეციალურად დამზადებული იაპონიაში Cold Steel-ისთვის. ეს ფოლადი არის ალბათ საუკეთესო ბიუჯეტური დანებისთვის, ის მდგრადია კოროზიის მიმართ, გამძლეა და კარგად ინარჩუნებს სიბასრეს. მისი თვისებები საკმარისია იმათთვის ვისი, ასე ვთქვათ სიცოცხლე, არ არის დამოკიდებული დანით მუშაობაზე. ის ასევე ადვილად ილესება და ჩემნაირი ადამიანიც, რომელიც საერთოდ ვერ ლესავს დანებს, ადვილად შეძლებს დავიყვანოს პირი ისეთ მდგომარეობამდე რომ შეძლებთ თმის ფეხხე აპარსვას.

P1130540

Finn Wolf-ის ტარი არის პლასტმასის მაგვარი მასალისგან რასაც კომპანიაში უწოიდებენ “გრივ-ექს”-ს, და ტარის ფორმა რა თქმა უნდა არ გავს კლასიკური პუკკოს ტარის ფორმას. აღნიშნული პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ Finn Wolf-ის ტარი არის ძალიან თხელი, სულ რაღაც 12 მმ სისქეშო და კლიფსთან ერთად მხოლოდ 16მმ.   ტარს არ აქვს შიგნიდან ფოლადის ლეინერები და ამიტომ დანა ძალიან ცოტას იწონის, სულ რაღაც 96 გრამს. სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში – 20 სმ, დაკეცილ მდგომარეობაში – 11.1 სმ. დანა თხელია და მსუბუქი რაც მნიშვნელოვანია. ის რაც სულ იდეაში თან უნდა გქონდეს ჯობია რომ იყოს თხელი და მსუბუქი.  Finn Wolf-ზე გამოყენებულია ამ კომპანიის საფირმო საკეტი  Tri-Ad Lock, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა ასეთი ფასის დანების სეგმენტში. ეს საკეტი არის უკიდურესად გამძლე და მყარი. ახალ დანაზე ის იქნება ოდნავ მოუხერხებელი და ხისტი, მაგრამ დროთა განმავლობაში დარბილდება და მისი გამოყენება გახდება უფრო კომფორტული. დანა იწარმოება ტაივანში, ხოლო ზოგადად ამ კომპანიის დანების წარმოება ხდება შვიდ ქვეყანაში.

Finn Wolf-ი იყო ჩაფიქრებული, როგორც სალაშქრო ან ტყის დანა (რაც უჩვეულოა Cold Steel-ისთვის) და მისი თვისებების გამო, მე ვიტყოდი, რომ ტყეში მე თავს ამ დანით კომფორტულად ვგრძნობ, თუნდაც ის იყოს ერთადერთი საჭრელი ინსტრუმენტი ჩემ განკარგულებაში, იმიტომ რომ ვიცი, რომ ის გამომადგება აბსოლუტურად ყველაფერში, რაშიც შეიძლება რომ დამჭირდეს და ამავე დროს არ შემაწუხებს წონით და გაბარიტებით. დანა უნივერსალურია, რაც ნიშნავს, რომ ყველა ფუნქციას ის შეასრულებს საშუალოდ, მაგრამ ეს “საშუალო” უბრალო მომხმარებლისთვის არის აბსოლუტურად საკმარისი. ის არ არის საუკეთესო “სლაისერი” პირის ფორმის გამო რომელიც ცულივით “ხეთქავს” მაგალითად ვაშლს გაჭრისას, ის არ არის ისეთი მყარი როგორც დანა ფიქსირებული პირით, “ტრიად ლოქი” მოუხერხებელია დანის ერთი ხელით დაკეტვისთვის, მაგრამ როგორც უნივერსალური დასაკეცი დანა ყველაფრისთვის ის არის პრაქტიკულად იდეალური. მისი ფორმა, წონა, გაბარიტები გაძლევთ თქვენ გამძლე უნივერსალურ საჭრელ ინსტრუმენტს, რომელსაც ვერც იგრძნობ რომ თან გაქვს. სქელი პირი და წვერის ფორმა ერთგვარი გარანტიაა, რომ ის გაუძლებს გამოუცდელი მომხმარებლის უხეშ მოპყრობასაც, რომელმაც შეიძლება ითხოვოს თქვენგან ეს დანა. მე რამოდენიმეჯერ წამიკითხავს, რომ Finn Wolf-ის სკანდინავიური პირი და პირზე შესრულებული thumbstud (ქართულად ალბათ სარჭი) ხელს უშლის თლაში და გალესვაში, რეალობაში თლაში ხელს არანაირად არ გიშლით, გალესვისას კი უბრალოდ ყურადღებით უნდა იყოთ.

P1130541

კლიფსის მდებარეობა ტოვებს ჯიბის გარეთ ტარის ნაწილს. კლიფსა გადაყენებადია მეორე მხარეს. 

ბევრი მწარმოებელი ცდილობს შექმნას პროდუქტი, რომელიც მიიპყრობს ყურადღებას უჩვეულო გადაწყვეტილებებით და დიზაინით. Cold Steel Finn Wolf არის უბრალოდ დანა, მის ყველაზე უმწიკლო და ეფექტიან ფორმაში. არაფერი ზედემტი, მხოლოდ ის რაც გჭირდება იმისთვის, რომ კომფორტულად გამოიყენო დანა პისი პირდაპირი დანიშნულებით, ხოლო მონაცრისფრო მომწვანო ტარის და მკრთალი, გაპრიალებული დანის პირის წყალობით Cold Steel ასევე ძალიან კარგად გამოიყურება. ამჟამად ეს დანა სხვადასხვა ფერის ტარით გამოდის.

sfsfsdf223sdfd

ერთადერთო მოდიფიკაცია, რომელიც დანას დაჭირდა იყო Griv-Ex-სგან დამზადებული ტარის შიდა მხარეების გადამრგვალება, რომ ხანგრძლივი გამოყენებისას ბასრ კუთხეებს არ დაეწყო ხელის გულის “ჭამა”. ორი წუთი აბრაზიული ქაღალდის ფირით და პრობლემა მოგვარებულია ერთხელ და სამუდამოდ. 

Cold Steel Finn Wolf არ ღირს ძვირი, ორი წლის წინ მე მასში გადავიხადე 32 დოლარი. ეხლა მისი ფასი “ამაზონზე” 37 დოლარია. მას მერე მოყოლებული მე ვერ ვაიძულე ჩემ თავს რომ მეყიდა ახალი დასაკეცი დანა, იმტიომ, რომ ვერ წარმომიდგენია რითი შეიძლება ის იყოს უკეთესი ჩემ Finn Wolf-ზე. ვიღაცას გაეღიმება, რაის AUS8 ბიჭო, VG10-ზე ნაკლები ჯიბეში არაფერი არ უნდა ჩაიდო, მაგრამ ყველასთვის არ არის პრინციპული ფოლადის მარკა და მაინც და მიანც დანის მაღალი ფასი. ვიღაცას უნდა დანა, რომელიც გამოადგება და რომლის შეძენაც ჯიბეს არ დაარტყავს. ჩემი აზრით Finn Wolf არის ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური და უნივერსალური დანა, რასაც ასევე ადასტურებს უამრავი პოზიტიური მიმოხილვა, რომელსაც ადვილად ამოაგდებთ გუგლით. “ამაზონზეც” 82% გამოხმაურებების ამ დანაზე არის 5 ვარსკვლავიანი.  ასე, რომ თუ გინდათ უნივერსალური ტყის დანა, რომელიც გამოგადეგბათ სხვა ადგილებშიც, აუცილებლად ცადეთ Cold Steel Finn Wolf.

P1130537

მე ყოველთვის ვიყავი Cold Steel-ის ფანი, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ერთ-ერთი პირველი ჩემი ნაყიდი კარგი ხარისხის დანა იყო Cold Steel Scimitar, რომელიც მე თვითონ არ ვიცი რატომ გავყიდე. გარდა ამისა მე მომწონს ამ კომპანიის დამფუძნებელი ლინ ტომპსონი, რომელიც საკმაოდ საინტერესო პირვონებაა ცივი იარაღის სამყაროში. გარდა ამისა, მე მომწონს როგორ წარუდგენს ეს კომპანია თავის პროდუქციას მომხმარებლებს, ვგულისხმობ მათი ტესტირების ვიდეოებს სადაც კარგად ჩანს რა შესაძლებლობები აქვთ მათ დანებს. ბოლოს მე უბრალოდ მომწონს ამ მწარმოებლის დანების დიზაინი და ფასები.

73017968_10214789953157843_5033015124684701696_o

Ruger Mk III – წარჩინება მესამე თაობაში

Saturday, September 26th, 2020

P1130446

მე ისევე როგორც ალბათ ყველა იარაღის მოყვარულს, მაქვს ჩემი სია იარაღების, რომლებიც მინდა რომ ვიქონიო. ამ სიაში შედის მეტ წილად ის იარაღები, რომლებიც ჩვენთან პრაქტიკულად არ იშოვება. გრძელ-ლულიან იარაღში ეს მაგალითად არის FN FAL, რომელიც მე შემხვდა საქართველოში მხოლოდ ორი და ისიც მრავალი წლის წინ. მოკლელულიან იარაღებში, ეს არის Heckler&Koch P7, რომელიც მე აქ გაყიდვაში არასდროს არ მინახავს არც ახალი და არც მეორადი, ასევე .44 კალიბრის Smith&Wesson M29, “ყველაზე ძლიერი პისტოლეტი მსოფლიოში”, როგორც იტყოდა ჰარი კალახანი. ამ სიაში ასევე კარგახანია იყო პისტოლეტი რომელიც არ არის ყველაზე ძლიერი, როგორც “სმიტ&ვესონის” მაგნუმი და ისეთი იშვიათი, როგორც “ხეკლერ&კოხის” P7. ეს არის მცირეკალიბრიანი, Ruger Mk სერიის პისტოლეტები. არ ვიცი რატომ მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამ ტიპის პისტოლეტი, რომელიც გამოდის არც მეტი არც ნაკლები 1949 წლიდან, რამდენადაც მე მახსოვს არასდროს არ იყო შემოტანილი საქართველოში და არც ერთხელ არ შემხვედრია მეორადი იარაღების ბაზარზეც.

ზოგადად, მცირეკალიბრიანი პისტოლეტები მე ძალიან მომწონს და მიყვარს, იმ მიზეზის გამო, რომ გაქვთ საშუალება გატესტოთ თქვენი რეალური შესაძლებლობები, როგორც მსროლელის. კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტით შეიძლება წარმოუდგენელი სიზუსტის გასროლების წარმოება. რა თქმა უნდა ნებისმიერი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი ამის საშუალებას არ მოგცემთ, ალბათ საქართვეელოში გავრცელებული Walther P22 ამისთვის ნაკლებად გამოდგება, ისევე როგორც ბევრი სხვა ანალოგიური “პლინკერი”, მაგრამ არიან მოდელები, რომლებიც გაძლევენ საშუალებას სრულად გამოიყენოთ .22lr-ის სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტის უდიდესი სიზუსტის პოტენციალი. მაგალითად საბჭოთა МЦМ, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან წარმოადგენს სრულყოფილ საასპარეზო მოდელს. МЦМ-ის შემთხვევაში ჩვენ განკარგულებაშია შესანიშნავი ხარისხის ლულა, ერგონომიკა, კარგი სასხლეტი, კარგი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობები. ამ პისტოლეტის ერთადერთი მინუსია, ნაკლები პრაქტიკულობა – ბევრი გამოშვერილი დეტალის გამო და პისტოლეტი არ არის გათვლილი თანამედროვე “ცხელ” მუხტებზე, მიუხედავად იმისა რომ ის მთლიანდ არის ფოლადისგან დამზადებული.  თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ მოდელს, მეტი საქართველოში კარგი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი უბრალოდ არ იშოვება, რასაც მე მათ შორის ამ ბლოგზე არაერთხელ აღვნიშნავდი.

წლების წინ მე მქონდა BrowninG Buckmark, ერთ-ერთი საუკეთესო პისტოლეტი თავის კლასში, მაგრამ კონკრეტულად ამ მოდელს ქონდა ძალიან გრძელი და სქელი ლულა და არც ისე მოსახერხებელი ტარი, რომელიც უფრო გვიან მოდელებში უკვე განსხვავებულად არის შესრულებული. პისტოლეტს ქონდა ასევე კარგი სამიზნი მოწყობილობები და კარგი სასხლეტიც. ამ პისტოლეტმა პრაქტიკულად “შემიყვანა” შორ მანძილებზე სროლაში და უკვე მაშინ, მრავალი წლის წინ სანამ ალბათ მე დავიწყებდი იარაღებზე წერას დამანახა, რამდენად შორს შეიძლება სროლა მოკლელულიანი იარაღიდან.

სამწუხაროდ, რიგი მიზეზის გამო, საქართველოში ყოველთვის იყო ერთგვარი დეფიციტი ხარისხიანი .22 კალიბრის პისტოლეტების. Browning Buckmark, Ruger Mk, Colt Woodsman, High Standard, Smith&Wesson 41, ასევე ევროპული ანალოგები, არასდროს საქართველოში არ იშოვებოდა. ამიტომ, როდესაც შანსი მომეცა რომ ხელში ჩამეგდო სახელგანთქმული მცირეკალიბრიანი “რუგერი”, ერთი წამით არ მიფიქრია, მიუხედავად მისი საკმაოდ მაღალი ფასისა.

რატომ არის რუგერის “მკ” სერიის პისტოლეტები ასეთი, შეიძლება ითქვას მნიშვნელოვანი? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს იყო პირველი პისტოლეტი, საიდანაც დაიწყო ისტორია Sturm, Ruger & Co-მ, მეორე მსოფლიო ომის შემეგ შექმნილმა ყველაზე წარმატებულმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ. პისტოლეტის კონსტრუქციის ავტორი გახლდათ თავად ბილ რუგერი, რომელმაც საფუძვლად გამოიყენა იაპონური, კიჯირო ნამბუს კონსტრუქციის 8მმ-ნი პისტოლეტი. ასევე რუგერის პისტოლეტი, მიუხედავად იმისა, რომ იყო იაფი (იყიდებოდა სულ რაღაც 37 დოლარად) მან ეგრევე დაუწყო კონკურენციის გაწევა სპორტულ შეჯიბრებებში ისეთი მოდელებისთვის, როგორიც არის High-Standard Citation და Colt Woodsman-ის საასპარეზო მოდელები. ორივე ეს პისტოლეტი კარგახანი იყიდებოდა ამერიკაში და დამსახურებულად სარგებლობდნენ  მსროლელების სიყვარულით. უკვე 1953 წელს, სახელგანთქმულმა მსროლელმა და იარაღების ოსტატმა ჯიმ კლარკმა, მოიგო ეროვნული ჩემპიონატი კემპ პერიში რუგერის ქარხნული პისტოლეტით.   ”რუგერი” პისტოლეტი ასევე პრაქტიკულად უცვლელი გამოდიოდა 1982 წლამდე, როდესაც გამოვიდა გაუმჯობესებული ვარიანტი Mk2. ასევე თუ არ ჩავთვლით ადრინდელი Mk4  სერიის პისტოლეტების გამოთხოვას, მცველის მექანიზმში დეფექტის გამო, მთელი ეს წლები ამ პისტოლეტს ასეთი გამოთხოვები არ ქონდა, რაც ადასტურებს მისი კონსტრუქციის საიმედოობას და წარმოების ხარისხს.  და ბოლოს, პისტოლეტი დღემდე გამოდის და ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის კლასში, რაც ასევე შთამბეჭდავი მიღწევაა. თავად ბილ რუგერი აღნიშნავდა, რომ მისი ყველაზე საყვარელი იარაღი, რომელსაც მისი კომპანია უშვებდა იყო Ruger Standard, იმიტომ რომ ამ პისტოლეტმა მოუტანა მის კომპანიას წარმატება და მისცა საშუალება გაეზარდა და განევითარა თავისი ბიზნესი.  ამის გამო, ჩემი აზრით ნებისმიერი იარაღის მოყვარულს გაუჩნდება სურვილი თავად გაეცნოს ამ უდაოდ განსაკუთრებულ იარაღს.

3795

Ruger Standard, ამ პისტოლეტით დაიწყო რუგერის კომპანიის ისტორია. მალევე მას დაემატა Mk I Target. მიაქციეთ ყურადღება წითელ ლოგოს, 1952 წელს ბილ რუგერის ბიზნეს პარტნიორი, მეგობარი და ამ ლოგოს დიზაინის ავტორი ალექსანდერ შტურმი გარდაიცვალა და ამის გამო რუგერმა შეცვალა ლოგოს ფერი, რომელიც გახდა შავი. 1949 წლიდან 52 წლამდე გამოშვებულ რუგერებს წითელი ლოგოთი აქვთ დიდი საკოლექციო ღირებულება. 

მიზეზი რუგერის პისტოლეტის ასეთ სწრაფ წარმატებაში არის რამდენიმე. პირველ რიგში ფასი, რომელიც იყო და ეხლაც არის საკმაოდ დაბალი. დაბალი ფასი მიღწეული იყო ტექნოლოგიურობით. პისტოლეტის ჩარჩო იყო დამზადებული ორი ერთმანეთთან შედუღებული ნახევრისგან. მე ვიხსენებ მარტო ერთ პისტოლეტს, გერმანულ H&K P9-ს რომელშიც  გამოყენებული იყო ასეთი ტექნოლოგიას. ასევე პისტოლეტის, პირობითად სალულე კოლოფი, არის მარტივი ცილინდრული ფორმის, რომელშიც მოძრაობს ცილინდრული ფორმის საკეტი. ლულა ჩახრახნილია ცილინდრული ფორმის სალულე კოლოფში, ხოლო საკეტის გადაკვრა ვაზნის მიწოდებისთვის ხდება ისევე როგროც იაპონურ ნამბუს პისტოლეტებში, საკეტის უკანა ნაწილზე შესრულებული შვერილების გამოყენებით. პისტოლეტი ასევე იყო საიმედო, და გამძლე. სიზუსტე საკმარისი იყო პირდაპირ კოლოფიდან, იმისთვის რომ მოგეგოთ პრიზები შეჯიბრებებზე.

კონსტრუქციულად Ruger Mk არის მარტივი “ბლოუბექი”, თავისუფალი საკეტით. მარტივი კონსტრუქციის დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი განლაგებულია ჩარჩოში, არის ერთმაგი მოქმედების და იყენებს დახურულ ჩახმახს. პისტოლეტი იკვებებოდა 9 ვაზნიანი მჭიდიდან, რომელიც ფიქსირდებოდა ტარში, ტარის ძირში განლაგებული საკეტელას მეშვეობით. 1982 წლამდე სანამ პირველ მოდელს შეცვლიდა მოდელი MkII  1 250 000 ცალი პისტოლეტი იყო გამოშვებული დაახლოებით 30 ვარიანტში.  Mk II-ში, რომლის წარმოება დაიწყო 1982 წელს, პისტოლეტს დაემატა საკეტის შემაკავებელი და 10 ვაზნიანი მჭიდები. 1991 წელს  იწყება განსხვავებული Ruger 22/45 მოდელის წარმოება, რომლის კონსტრუქციის ავტორი იყო ჯიმ მაკგარი. ახალი პისტოლეტი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ადრინდელი მოდელებისგან, იმით რომ იყენებდა პოლიმერის ჩარჩოს შეცვლილი ტარის კუთხით, რომელიც იყო კოლტის 1911 წლის მოდელის ანალოგიური.  ასევე მჭიდის ფიქსაციის მეთოდიც შეიცვალა, ტარის ძირში შესრულებული საკეტელა ჩაანაცვლა უფრო ტრადიციულმა ღილაკმა ტარის ზედა მარცხენა ნაწილში. 2004 წელს სერიაში წავიდა მოდელი Mk III, რომელიც განსხვავდებოდა Mk II-სგან იმით, რომ გააჩნდა 22/45-ის მაგვარი მჭიდის ღილაკი, დამატებითი დაცვის მექანიზმები, ინტეგრირებული უსაფრთხოების საკეტი, სავაზნეში ვაზნის ინდიკატორი, მჭიდის მცველი (იარაღი არ გაისვრის მოხსნილი მჭიდით), ყველა მოდელი რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობებით არის გამზადებული უივერის ან პიკატინის სამაგრის დასაყენებლად, რომელიც კომპლექტში მოყვებათ.

უახლესი Mk IV იყენებს ფრეზირებულ ჩარჩოს, მცირედით განსხვავებულ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმის, გაუმჯობესებულ მართვის ელემენტებს და რაც მთავარია იშლება მარტივად ერთ ღილკაზე დაჭერით, რომელიც აცალკევებს ჩარჩოს და სალულე კოლოფს ლულით და საკეტით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, იმის გათვალისწინებით, რომ რუგერის ამ მოდელის პისტოლეტების ყველაზე დიდი ნაკლი იყო მათი დაშლა-აწყობის სირთულე, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, Mk IV-ში მჭიდები თავისუფლად ტოვებენ იარაღს, მაშინ როდესაც Mk III-ში მჭიდის მცველის გამო, ღილაკზე დაჭერისას მჭიდი მხოლოდ ნაწილობრივ გამოდის გარეთ და მერე ხელით უნდა ამოიღოთ. ყველაზე დიდი ნაკლი რუგერის პისტოლეტების ის არის, რომ მჭიდები თაობებს შორის თავსებადი არ არის ამიტომ თუ საქმე არჩევნამდე მივიდა, უმჯობესია იყიდოთ უახლესი მოდელები იმიტომ, რომ ადრინდელი თაობის მჭიდები საკამოდ ძვირი ღირს.

ეხლა რაც შეეხება ჩვენ პისტოლეტს. მე მერგო Mk III Target რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტი აღჭურვილია რეგულირებადი სამიზნი მოწყობილობით, გრძელი სქელი ლულით და ის ასევე დაკომპლექტებულია პიკატინის სამაგრით, რომელიც ყენდება სალულე კოლოფზე. ლულის სიგრძე 137 მმ-ია. ტვისტი 1:16. წონა შთამბეჭდავი 1100 გრ. დაფრავა: შავი ოქსიდირება.

P1130486

ასე გამოიყურება Ruger Mk III-ის ქარხნული კომპლექტაცია. პისტოლეტს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი, რაც კარგია, იმიტომ რომ მაგალითად ბრაუნინგის “ბაკმარკს” მგონი დღემდე მოყვება მხოლოდ ერთი.

მოდით პისტოლეტის მიმოხილვას დავიწყებ იმით, რომ გეტყვით რამდენად ლამაზია ეს პისტოლეტი. მუხედავად იმისა, რომ ის გამოშვებულია 2000-ან წლებში, ის ტოვებს ძველი, კლასიკური იარაღის შთაბეჭდილებას. მეტალი გაპრიალებულია და ოქსიდირებულია, რის გამოც პისტოლეტის ზედაპირი ლამაზი პრიალა შავი ფერის არის.  დეტალების დამუშავება არის პრაქტიკულად უნაკლო, გარედანაც და შიგნიდანაც. ტარის პლასტმასის პანელები ასეთივე უნაკლოა და ენა არ მოგიტრიალდება თქვა, რომ ეს პისტოლეტი არის იაფიანი იარაღი (ეხლა ის ამერიკაში იყიდება სადღაც 360 დოლარად). ასეთი შეგრძნება ბოლოს მქონდა, როდესაც ხელში ავიღე ფინური ლახტის კონსტრქუციის პისტოლეტი L-35. სოლიდური, ხარისხიანი, საკმაოდ მძიმე იარაღი, რომელიც კარდინალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე მქონდა აქამდე. ყველაზე ახლოს ამ “რუგერთან” არის ბრაუნინგი “ბაკმარკი” მაგრამ მისი ხაოიანი მონაცრისფრო პარკერიზაციის მაგვარი დაფარვა ახლოს ვერ მოვა რუგერის პრიალა, შავ ოქსიდირებასთან. პისტოლეტი საკმაოდ მძიმეა, რისი მიზეზიც პირველ რიგში არის მთლიანად მეტალის კონსტრუქცია და სქელკედლიანი ლულა. გარკვეული სიმძიმე კარგია საასპარეზო პისტოლეტისთვის, ის შთანთქავს უკუცემას ეს ერთი და მეორე, წონა გაძლევთ საშუალებას პისტოლეტი უკეთ დაუმიზნოთ. იერსახე ამ პისტოლეტის იყო სასიამოვნო სიურპრიზი და ჩემთვის ნაწილობრივ გასაგები გახდა, რატომ უყვართ ამერიკელებს ასე ეს პისტოლეტი. ის უბრალოდ ძალიან ლამაზია.

მართვის ელემენტების განლაგება “რუგერზე” სტანდარტულია. თუ არ ჩავთვლით საკეტს, დანარჩენში ეს პისტოლეტი არაფრით არ განსხვავდება სხვა პისტოლეტებისგან. საკეტის შემაკავებელი, ერთმხრივი მცველი, მჭიდის ღილაკი, იქ არის სადაც მიჩვეულები ვართ.

sightsmk3

სამიზნი მოწყობილობები საასპარეზო ტიპის არის. თარაზო რეგულირდება ვერტიალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. როგორც მიღებულია, კორაც და თარაზოც შავია.  

P1130379

შავი პლასტმასის ტარის პანელები რუგერის ლოგოთი აგრესიული ჩეკერინგით არის და პისტოლეტის ჭერისას არ გაქვს შეგრძნება რომ პისტოლეტი თითქოს ცდილობს ამოცურდეს ხელებიდან. 

“რუგერს” აქვს ერთი უპირატესობა ბევრ კონკურენტთან, კერძოდ გამოყენებული კონსტრუქცია გაძლევს საშუალებას წინა და უკანა სამიზნი მოწყობილობები განლაგდეს ლულაზე და სალულე კოლოფზე, რომლებიც მყარად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. მანამდე “რუგერის” ორი ძირითადი კონკურენტი კოლტის “ვუდსმენი” და ჰაი-სტანდარდის სხვადასხვა მოდელები, იყენებდნენ კონსტრუქციას, რომელშიც კორა იყო შესრულებული ჩარჩოზე განლაგებულ ლულაზე, ხოლო თარაზო მოძრავ საკეტზე, გასროლიდან გასროლამდე საკეტი ან დაბრუნდებოდა იგივე მდგომარეობაში ან არა. ასევე, ტექნიკურად “რუგერი” რომ დაშალო არ არის საჭირო ინსტრუმენტები და არ არის საჭირო ხრახნების დაშვება. მაგალითად “ბაკმარკი” რომ დაშალოთ, საჭიროა ორი ხრახნის მოხსნა. ხშირი მოშვება-დაჭერის ციკლის შემდეგ ჩნდება რისკი რომ დაზიანდება ან ხრახნები ან პისტოლეტი. ასევე განსხვავებით МЦМ-სგან, “რუგერიდან” შეიძლება ისროლო ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ცხელი მუხტები. ერთადერთი იარაღი, რომელიც ჩემი გამოცდლებით ახლოს დგას “რუგერთან” არის Beretta U22 Neos, რომელშიც ორიგინალურად არის გადაწყვეტილი მარტივი დაშლა/აწყობის საკითხი მაგრამ ის ასევე იყენებს ხრახნს, პისტოლეტის დიზაინი ძალიან თავისებურია და მისი სასხლეტი ნაკლებად გამოდგება მართლა ზუსტი სროლისთვის. ამ მოცემულობით “რუგერი” ჯერ-ჯერობით არის საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რაც მე მქონია.  მასში დაბალანსებულია კარგი ერგონომიკა, კონსტრუქციული სიმარტივე, სიზუსტე, საიმედოობა, რაც ხდის მას უნივერსალურ პისტოლეტად, რომელიც გამოდგება მიზანში სროლისთვის და ასევე, როგორც ზოგდი დანიშნულების მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

P1130388

ასეთი კონსტრუქცია, სქელი ლულა და მასზე “გადაბმული” ფოლადის მილისებრი რესივერი (მხოლოდ ამ დეტალზე არის დატანილი სერიული ნომერი) უნდა უზრუნველყოფდნენ კარგ სიზუსტეს. 

სამწუხაროდ ტექნოლოგიურობაში და სხვა ოფციებში რაც ამ პისტოლეტს ერგო, გარკვეული ფასია გადახდილი და ეს გამოიხატება იმაში, რომ პისტოლეტი დაშლა-აწყობა რადიკალურად განსხვავდება ყველაფრისგან რაც მე აქამდე მქონდა ნანახი. პირველ რიგში იარაღს უნდა მოცილდეს მოდული საბრძოლო ზამბარით, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაშვებული და უნდა ამოწიოთ ბერკეტი რომელიც განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში. ახლა პისტოლეტებში ამას ინსტრუმენტის გარეშე ვერ შეძლებთ. ამ მოდულს რომ ამოიღებთ, შესაძლებელი ხდება საკეტის ამოღება, ამისთვის ჩახმახი უნდა იყოს დაწეული ქვევით. ახალ ან დაბინძურებულ პისტოლეტში ის თავისი წონით არ დაიწევა, ამიტომ ტარის უკნიდან რაიმე რკინის ღერძით ის უნდა დაბლა ჩამოწიოთ რაც მისცემს საკეტს საშუალებას დატოვოს სალულე კოლოფი. იმისთვის რომ განაცალკევოთ სალულე კოლოფი და ჩარჩო (თუ პისტოლეტი ახალია) დაგჭირდებათ რეზინის ჩაქუჩი. რამდენიმე მსუბუქი დარტყმა და ეს ორი დეტალიც განცალკევდება. აწყობა რთულდება იმით, რომ ა) სალულე კოლოგი და ჩარჩო უნდა გაუსწორდეს ერთმანეთს იდეალურად და ამისთვის ის არა მარტო ბოლომე (ისევ რეზინის ჩაქუჩის დახმარებით)  ჩასვად არამედ დამატებით ხელით ჩაატრიალოთ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საკეტის შემდეგ საბრძოლო ზამბარიანი მოდულის რომ მოათვასოთ უკან პისტოლეტში. აქაც საჭირო გახდება ყურადღება რომ პინი რომელი ეყრება სალულე კოლოფს ქვევიდან ჩაჯდეს თავის ადგილას და ასევე ჩახმახის კუდი მოექცეს შესაბამის კილოში საბრძოლო ზამბარის მოდულზე. იმისთვის რომ აწყობისას არ გაგიჟდეთ, უყურეთ რაც შეიძლება ბევრ ვიდეოს სადაც ეს პროცესი დეტალურად აღწერილია, დახარჯეთ ნახევარი საათი, რომ ზუსტად გაერკვიოთ მოწყობილობაში და იმაში თუ როგორ ზემოქმედებენ პისტოლეტის დეტალები ერთმანეთთან და მხოლოდ ამის მერე დაიწყოთ აწყობა. დროთა განმავლობაში ეს პროცესი გამარტივდება.

P1130378

ასე გამოიყურება გასაწმენდად დაშლიკი Mk III

იმის გათვალისწინებით, რომ Mk IV სერიის რუგერები იშლებიან ერთ ღილაკზე თითის დაჭერით, ჩემ თვალში Mk IV საუკეთესო მცირეკალიბრიანი პისტოლეტია.

24462_688_2017Mk IV როგორც მინიმუმ, არის ყველაზე ლამაზი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი.

“Ruger Mk III” არ არის ტაქტიკური/საბრძოლო იარაღი, მისი დანიშნულება არის განსხვავებული, ამიტომ პირველ პლანზე გამოდის სხვა მოთხოვნები. კონსტრუქციული სიმარტივე, მარტივი დაშლა/აწყობა, drop-free მჭიდები კარგია, მაგრამ ჩემი აზრით მცირეკალიბრიან პისტოლეტს უნდა ქონდეს ორი მნიშვნელოვანი თვისება, პისტოლეტი უნდა საიმედოდ მუშაობდეს ყველა ტიმის .22 კალიბრის მუხტთან და უნდა იყოს ზუსტი. დანარჩენი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ორი პარამეტრი არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

“რუგერის” სიზუსტე მოცემულია ცხრილში, ხოლო საიმედოობას რაც შეეხება იარაღმა მოინელა 40-42 გრანიანი ვაზნები და ასევე ქვებგერითი საწყისი სიჩქარის მქონე მუხტები, მრგვალთავიანი და ჩახვრეტილთავიანი ტყვიებით. რაიმე დაბრკოლებას ადგილი არ ქონია.  პისტოლეტმა იდეალურად იმუშავა.

ტრდიციულად შევამოწმე, ვაზნის მიწოდებისას ხდება თუ არა რბილი ტყვიის თავის დეფორმაცია/აპარსვა, ორი-სამი მიწოდების შემდეგ ვაზნაზე რამე დაზიანებები ვერ აღმოვაჩინე. ვაზნების მიწოდების კუთხე მცირეა და ვაზნა საკმაოდ ახლოს არის სავაზნესთან რაც ერთ-ერთი წინაპირობაა საიმედოობის.

rugaacc

ყველაზე საინტერესო ის არის რომ ეს შედეგი (საშუალო სიზუსტე) ერთი-ერთში იმეორებს მასად აიუბის წიგნში “Greatest Handguns of the World” მოცემულ რუგერიდან (Mk I Target) სროლის შედეგებს. საუკეთესო სამი გასროლის ცალკე გამოყოფა გაძლევთ საშუალებას დაინახოთ პისტოლეტის რეალური სიზუსტე მინუს მსროლელის შეცდომები. როგორც წესი დაზგიდან სროლისას მიღებული სიზუსტე შეესაბამება ხელიდან საუკეთესო სამი გასროლის კალკულაციით მიღებულ სიზუსტეს.  

რაც შეეხება ერგონომიკას, პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ტარის ფორმა, კუთხე და ტარის პანელების ტექსტურა ადეკვატურია და ერგონომიკის თვალსაზრისით შენიშვნები მე არ მაქვს. მცველი ერთი შეხედვით მოუხერხებელია, მაგრამ სინამდვილეში მისი ჩართვა გამორთვა შესაძლებელია დიდი თითით, ჭერის შეცვლის გარეშე და ის ძალიან მოსახერხებელია, ირთვება და ითიშება მკაფიოდ, კარგად გასაგონი “კლიკით”. ანალოგიურად ადვილად ხელმისაწვდომია საკეტის შემაკავებლის და მჭიდის ღილაკები. მანძილი სასხლეტამდე ჩემი ხელისთვის კარგია. სასხლეტი განიერია, ნაჭდევებით რაც იდეაში მისაღებია პისტოლეტისთვის ერთმაგი მოქმედების სამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. სასხლეტი კარგია, დაჭერისას არის სადღაც 2მმ-ნი თავისუფალი სვლა, შემდეგ ხდება მოულოდნელი ჩახმახის გათავისუფლება და რესეტიც არის მოკლე. მასობრივი წარმოების პისტოლეტისთვის ეს არის კარგი სასხლეტი. კარგია, რომ პისტოლეტის მჭიდები ადვილად იშლება გასაწმენდად. სხვათაშორის როდესაც დავაპირე მჭიდების დანომრვა, აღმოვაჩინე რომ ორივე მჭიდის მიმწოდებელი ქარხნულად დანომრილია ციფრებით “1″ და “2″, არ ვიცი შეიძლება ეს ციფრები რამე სხვას აღნიშნავენ მაგრამ მე მგონია რომ მწარმოებელმა ისინი თავიდანცე დანომრა.

P1130375

მჭიდები არის ხარისხიანი, ადვილად იშლება, პატარა გორგოლაჭი გვერდიდან გაძლევთ საშუალებას თითით შეკუმშოთ ზამბარა და ადვილად აავსოთ მჭიდი, რომელიც უპრობლემოდ ივსება სრულ ტევადობამდე.  

ნაკლოვანებებში პირველ რიგში ჩავწერდი მჭიდის მცველს რის გამოც მჭიდები თავისუფლად არ ვარდება. ჩემი აზრით ასევე ზედმეტია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი და ინტერგირებული უსაფრთხოების საკეტი. იმისთვის რომ Mk III Target გახდეს ჭეშმარიტი target პისტოლეტი მას ჭირდება ჭეშმარიტი საასპარეზო სასხლეტი, იმიტომ რომ სტანდარტული კარგია მაგრამ ცოტა მძიმეც არის.  რათქმა უნდა პისტოლეტში ასეთი მასით უკუცემა პრქტიკულად არ არის. მთლიანობაში პისოტოლეტმა დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Ruger MkIII Target არის სერიოზული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც გამოდგება როგორც საასპარეზო, სანადირო ან თუნდაც თავდაცვითი იარაღი, მისი მაღალი საიმედოობის და სიზუსტის გამო. კონსტრუქციით და დამზადების ხარისხით ის ორი საფეხურით მაღლა დგას ფსევდო-ტაქტიკურ პლინკერებზე, როგორების არიან Walther P22, SIG Mosquito, GSG 1911. დამზადებული მთლიანად ფოლადისგან ეს არის იარაღი რომელსაც ყიდულობენ სამუდამოდ და რომელიც მოემსახურება მსროლელების რამდენიმე თაობას. თუ გინდათ კარგი თუ არა საუკეთესო .22 კალიბრის პისტოლეტი, იყიდეთ Ruger Mk თუ რა თქმა უნდა შეძლებთ მის პოვნას საქართველოში.

P1130459

პირველი სუბ-კომპაქტური 1911 – Detonics Combat Master

Wednesday, September 23rd, 2020

classics-detonics-combat-master-pistol-f

როგორც მე არაერთხელ აღვნიშნავდი კოლტის 1911 დიზაინის დახვეწა და განვითარება თავის თავზე აიღო უამრავმა ნიჭიერმა ადამიანმა არაორდინარული ბიოგრაფიებით. დღეს რომ აიღოთ თანამედროვე 1911, ორმხრივი მცველით, ჩამოჭრილი სახელურით, კარგად ხილვადი სამიზნი მოწყობილობებით, განიერი მიოსახერხებელი ტარის მცველით, ყოველი ამ გაუმჯობესების უკან დგანან კონკრეტული ადამიანი, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ პისტოლეტის განვითარებაში, რისი წყალობითაც 1911 ერთი საუკუნის შემდეგაც რჩება აქტუალურ ინსტრუმენტად ყველა ტიპის მსროლელისთვის. სვენსონი, კლარკი, ხოაგი, სტოუნი, უილსონი, ბაერი, ნოვაკი, მათი ინოვაციური გადაწყვეტილებები შეგხვდებათ უმეტესობა მაღალი დონის თანამედროვე 1911-ზე, აქიდან მაგალითად ჯიმ კლარკის სახელი ყოველთვის იქნებ ასოცირებული ე.წ. გრძელ საკეტიან 1911-ებთან. ჯიმ კლარკი, ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მსროლელი და იარაღების ოსტატი აშშ-ში, იღებდა ორ სტანდარტულ საკეტს, ჭრიდა, ადუღებდა და აწყობდა “გრძელ საკეტიან” (Long Slide) 1911-ებს. თავის მხრივ სუბკომპაქტური 1911-ის “მამა” გახლდათ სიდ ვუდკოკი, რომელმაც პირველმა მისცა მსროლელებს სერიული სუბკომპაქტური 1911.  დღეს სუბკომპაქტური 1911 არ არის რაიმე განსაკუთრებული, ასეთ პისტოლეტებს უშვებს პრაქტიკულად ყველა კომპანია, რომელიც უშვებს 1911-ებს მაგრამ მაშინ, 70-ან წლებში,  ეს იარაღი იყო შეიძლება ითქვას რევოლუციური.  სხვადასხვა წყაროებში სხვადასხვანაირად არის აღწერილი სიდ ვუდკოკის როლი ამ პისტოლეტის შექმნაში, ერთი ვერსიით ის თავად იყო ამ პისტოლეტის იდეის და კონსტრუქციის ავტორი, მეორე ვერსიით მან უბრალოდ ხელი შეუწყო ამ პისტოლეტის შექმნას და შემდგომ იყიდა მისი წარმოების უფლებები პატრიკ იეიტსისგან. სხვდასხვა წყაროების ანალიზით მე მრჩება შთაბეჭდილება რომ იდეა ეკუთვნის პატრიკ იეიტს ხოლო იდეის დახვეწა და სერიულ იარაღად ქცევა სიდნი ვუდკოკის დამსახურებაა.

პატრიკ იეიტსმა დაიწყო ექსპერიმენტები პრაქტიკულად ჯიბის პისტოლეტებზე, რომლებიც ამავე დროს იქნებოდნენ სერიოზული კალიბრის, ჯერ კიდევ 70-ნი წლების დასაწყისში და აკეთებდა ამას თავისი ხარჯებით და თავისუფალ დროს.  საბოლოო ჯამში მან იყიდა სამი .45 კალიბრის 1911 და რადიკალურად გადააკეთა ისინი. მეორე პროტოტიპში მოხდა სახელურის, საკეტის, მჭიდის და ლულის რადიკალური დამოკლება. პისტოლეტის კონსტრუქციიდან იყო ამოღებული სახელურის მცველი და მექანიკური მცველი. “ჩამოჭრილი” საკეტი (და ამის გამო წინ გადაწეული უკანა სამიზნი მოწყობილობა) აადვილებდა ჩახმახის შეყენება-დაშვებას. ვინც ისვრის 1911-ებიდან ადვილად მიხვდება ამ მოდიფიკაციის სარგებელს. ასევე შეცვლილი იყო ჩახმახის ფორმა, რომ გამორიცხული ყოფილიყო ხელის კბენა გასროლის დროს. კონუსური ფორმის ლულა არ ხდიდა საჭიროდ ბუშინგის გამოყენებას. პისტოლეტის შიგნით ასევე იმალებოდა ჭკვიანური უკუცემის მექანიზმი სამი ზამბარით, რაც აუცილებელი იყო, რომ ასეთ მოკლე პისტოლეტში პატარა და მსუბუქ საკეტს არ “დაენგრია” ჩარჩო და ამავე დროს ქონოდა საკმარისი ენერგია, რომ გადატენვის ციკლი ყოფილიყო საიმედო.  პისტოლეტს ასევე ქონდა სახეშეცვლილი (უკან გვერდიდან ჩამოთლილი) საექსტრაქციო ფანჯარა, რომ მასრის ექსტრაქცია ყოფილიყო უპრობლემო. დამრტყმელის ზამბარა იყო უფრო ხისტი რომ გამორიცხულიყო გასროლა პისტოლეტის დავარდნის შედეგად.    ყველაფერი ეს იყო საკმარისი და სიდ ვუდკოკმა დაარწმუნა პატრიკ იეტსი (ეს ორი მანამდე ერთად მუშაობდნენ კომპანიაში, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს უშვებდა) ამ პისტოლეტის წარმოების იდეის წარმატებაში. მანამდე სიდ ვუდკოკი არც ფიქრობდა იარაღების გამოშვებას და დაარსა კომპანია სადაც აპირებდა ასაფეთქებელი ნივთირებების წარმოებას და სახელიც შესაბამისი შეარჩია: Detonics.

sw1

სიდ ვუდკოკი იყო უნიკლური პიროვნება, OSS-ის ვეტერანი, აღმოსავლური ორთაბრძოლების, იარაღების და ასაფეთქებლების ექსპერტი, ასევე მესაათე, ასწავლიდა აშშ-ის სპეციალური ძალების დანაყოფების შემადგენლობას და თავად ბრიუს ლის. OSS-ის შექმნის პირველი დღიდან იყო ლაბორატორია სპეციალური იარაღების და ტაქტიკის და ბუნებრივია რომ ამ ორგანიზაციის ვეტერანი დაინახავდა პოტენციალს ულტრა კომპაქტურ .45 კალიბრის პისტოლეტში.

პატენტი ახალ პისტოლეტზე გაიცა 1978 წელს. შესაბამისად Combat Master იყო პირველი სერიული სუბ-კომპაქტური 1911. უნდა აღინიშნოს რომ იმ პროტოტიპიდან, რომელიც შექმნა პატრიკ იეიტსმა, ისროლეს 20 000 ვაზნა სანამ Detonics-ის ინჟინერები არკვევდნენ, როგორ ექციათ პატრიკის “გადაჭრილი” 1911 სერიულ პისტოლეტად და ის კვლავ იყო მუშა მდგომარეობაში. სერიული პისტოლეტი უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა პროტოტიპისგან ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება  იყო მექანიკური მცველის დაბრუნება კონსტრუქციაში.  ასევე უარი ითქვა იეტსის ძვირადღირებულ მოდიფიკაციებზე, როგორებიც იყო სახელურის პროფილის შეცვლა, დადაბლებული მჭიდის ღილაკი, დათხელებული ტარის პანელები და ასევე ჩახმახის ფორმა სერიულ “დეტონიქსებზე” მოგვიანებით იყო განსხვავებული. ამავე დროს პისტოლეტი გამოდიოდა სხვადასხვა დროს ორ და სამ ზამბარიანი  უკუცემის მექანიზმით.

ysxomk5xaqd31

სავარაუდოდ Mk1  Combat Master, რაზეც მეტყველებს ჩახმახის ფორმა და “დაწეული” საექსტრაქციო ფანჯარა. სულ გამოდიოდა 7 მოდიფიკაცია ამ პისტოლეტის. 

ასევე პისტოლეტი იყო განკუთვნილი ექსპანსიური ვაზნების გამოყენებისთვის და ამისთვის მისაწოდებელი რამპა და სავაზნე იყო ოპტიმიზირებული ფორმის, რაც ასევე იყო ინოვაციური გადაწყვეტილება სერიულ 1911-ში. მიუხედავად პატარა ზომისა მჭიდი იტევს 6 ვაზნას. ეს შესაძლებელია იმის წყალობით, რომ მჭიდის ხუფში არის შესრულებული ჭრილი. 6 ვაზნის მოთავსების შემდე ამ ჭრილში გადის მიმწოდებელის “ფეხი” და აძლევს მიმწოდებელს შესაძლებლობას უფრო დაბლა დაიწიოს. გარეთ გამოშვერილ მიმწოდებელს ეწოდა მჭიდის სრული დატენვის ინდიკატორი.

ინოვაციურმა უკუცემის მექანიზმმა მოაგვარა ორი პრობლემა, რომელიც უკავშირდებოდა სუბ-კომპაქტურ 1911-ებს. ზამბარების რესურსი გაიზარდა 5000 გასროლამდე ნაცვლად 800-1000 გასროლისა. ასევე ეს სისტემა უზრუნველყოფდა უკეთეს საიმედოობას სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას მათ შორის +p ტიპის. ტიპიურ სუბ-კომპაქტურ 1911-ში ასეთი ცხელი მუხტები აძლევენ საკეტს ისეთ სიჩქარეს რომ მჭიდი უბრალოდ ვერ ასწრებს ვაზნის მიწოდებას და საკეტი იკეტება ცარიელ სავაზნეზე. 2010 წელს ჟურნალ Handguns-ისთვის, უოლტ რაუხმა გატესტა ახალი გამოშვების Detonics Combat Master და დარწმუნდა, რომ ეს პისტოლეტი საიემედოდ მუშაობს მათ შორის +P ტიპის მუხტებით. თუმცა პატრიკ იეიტსი 2002 წლის თავის სტატიაში ამინც აღნიშნავდა რომ მისი პროტოტიპიც და სერიული Combat Master-ები არ იყვნენ “ყველაფრის მჭამელები”, რაც ბუნებრივია, ასეთ პისტოლეტებში ადვილია იპოვო მუხტი რომელიც დაარღვევს დეტალების ჰარმონიულ მუშაობას რასაც მოყვება დაბრკოლებები, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი ვინც ერკვევა საკითხში გირჩვეთ იპოვოთ მუხტი რომელიც ზუსტიც იქნება და საიმედოც თქვენ სუბ-კომპაქტში და შემდგომ ეს მუხტი მოიმარაგოთ საკმარისი რაოდენობით. ბევრისთვის ასეთი წინაპირობა მიუღებელი აღმოჩნდა და პისტოლეტების გარკვეული რაოდენობა დაუბრუნდა Detonics-ს პრობლემური საიმედოობის გამო. მაგრამ რაც არის ეს არის, ასეთი ფორმატის პისტოლეტები უბრალოდ ვერ იქნება ისეთი როგორიც სრული ზომის პისტოლეტები. პისტლეტიდან სერიოზული მსროლელები ადიდებდნენ Combat Master-ს, თავად ჯეფ კუპერმა უწოდა მას “საბრძოლო დიზაინის შედევრი” და “საუკეთესო თავდაცვითი პისტოლეტი მსოფლიოში”. სახელგანთქმული აღჭურვილობის მწარმოებელი Alessi უშვებდა მთელ სერიას ბუდეების, რომელიც განკუთვნილი იყო სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის.

D-CM-Fieldstripped

დაშლილი Combat Master. მიაქციეთ ყურადღება დამაბრუნებელი ზამბარის ღერძს და იმას თუ როგორ  “ზის”  ის ლულაზე. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ზამბარის დაგრძელება. 

სიდ ვუდკოკის კომპანიამ იარსება 1976 წლიდან 1986 წლამდე რა პერიოდშიც გამოუშვა სადღაც 17 000 პისტოლეტი. კომპანიამ მას მერე მრავალჯერ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და ეხლა როგორც ჩანს აღარ მოქმედებს. ნაწილობრივ ამის მიზეზი ალბათ არის ისიც, რომ “დეტონიქსის” ეს პისტოლეტები ღირდა ძალიან ძვირი. 90-ების დასაწყისში,  კოლტის “კომანდერი” იყიდებოდა 250 დოლარად ხოლო Combat Master-ი 450 დოლარად ხოლო “სასაჩუქრე” MkVI ღირდა სტანდარტულზე ორჯერ უფრო ძვირი.  არ უშველა კომპანიას სრული ზომის Servicemaster და Scoremaster-ის გამოშვებამაც. ნაწილობრივ შეიძლება იმიტომ რომ ბაზრის წილი მას წაართვეს უფრო მსხვილმა მწარმოებლებმა მაგრამ სუბ-კომპაქტური 1911-ები ყოველთვის იქნება ასოცირებული სიდ ვუდკოკთან და Detonics-თან, რომლის Combat Master გახდა საკულტო იარაღი და შექმნა ახალი კლასი 1911 ტიპის პისტოლეტებში.

Combat Master-ის წარმოება განახლდა 2004 წლიდან 2007 წლამდე მაგრამ შემდეგ ისევ შეიცვალა მფლობელები და ადგილმდებარეობა და 2017 წლიდან შეწყვიტა პისტოლეტების გამოშვება, კომპანიის საიტიც გათიშულია. დარწმუნებული ვარ ამით Combat Master-ის ისტორია არ დასრულდა და ადრე თუ გვიან ვინმე საკმარისად მოტივირებული განაახლებს მის წარმოებას.