2022 წლის გეგმები

მოგესალმებით ყველას ვინც ამდენი წელი ადევნებთ ჩემ ბლოგს თვალს.  ნაწილი თქვენი მე ასე თუ ისე გავიცანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ კიდე ბევრია ვისი არსებობის შესახებ მე წარმოდგენაც არ მაქვს.  რამდენიმე კვირის წინ მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევწყვიტავდი მუშაობას ახალ სტატიებზე და ასევე დავაკონსერვებდი ამ ბლოგს, რისი მიზეზიც პირველ რიგში არის ის, რომ ის მიზნები და ამოცანები რაც იყო დასახული ამ ბლოგის შექმნისას თავისი თავი ამოწურეს. სამწუხაროდ იმიტომ არა, რომ ეს მიზნები და ამოცანები იქნა მიღწეული არამედ იმიტომ, რომ პირიქით, ეს მიზნები და ამოცანები აღმოჩნდა მიუღწეველი.  ეს ბლოგი და ზოგადად ჩემი მოღვაწეობა ქართულ ინტერნეტ სივრცეში უკვე გრძელდება საკმაოდ დიდიხანი, ალბათ 15 წელი ან ცოტათი მეტიც. ამ 15 წელიწადში მე სამწუხაროდ ვერ ვხედად პოზიტიურ ცვლილებებს. ის ცვლილებები რაც ხდება ეს არის ბუნებრივი პროცესები, რომლებიც მინდინარეობს ქვეყანაში, რომელიც დანარჩენ სამყაროს კუდში მისდევს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, როდესაც დასავლური იარაღის კულტურა გახდა ფართოდ ხელმისაწვდომი ყველასთვის, პირველ რიგში ინტერნეტ მედია საშუალებების განვითარების ხარჯზე, გაჩნდა რაღაც ვიზუალური იმიჯი იარაღის კულტურის და როგორც თავის დროზე  კარგოს კულტის მიმდევრების შემთხვევაში, ეხლაც ხდება ბრმა კოპირება ამ გამოსახულებების, ისე რომ იმათ ვინც აკოპირებს ამას კარგად არ ესმით იმის რეალური შინაარსი რასაც აკოპირებენ.

ადრე იარაღის კულტურა არ იყო ასე ფართოდ ხელმისაწვდომი, ეს იყო შედარებით პატარა, დახურული და რთულად საპოვნელი წრეები, რომლებიც აერთიანებდნენ ხალხს ერთნაირი იდეების და შეხედულებების ქვეშ. სოც. ქსელებმა და იუთუბმა გარდა იმისა, რომ გააერთიანა ეს წრეები და ხალხი იმ ქვეყნებში სადაც ეს კულტურა არსებობს, ასევე გახადა ყველაფერი მაგათი, ადვილად ხელმისაწვდომი ყველასთვის იქ სადაც ასეთი კლუტურა არ არსებობდა.  სამწუხაროდ გამომდინარე იქიდან რომ ქართველები ვართ ზედაპირული ხალხი და ზედმეტად ჩაძიება საგნებში არ გვიყვარს, იქიდან ჩვენ გადმოვიტანეთ მარტო ამ კულტურის ვიზუალური ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი, ბაზა, საფუძველი ამ კულტურისა ჩვენთვის ეხლაც უცნობია, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენთვის უცნობია ორი ფუნდამენტური სვეტი, რაზეც დგას დასავლური იარაღის  კულტურა და ალბათ მთლიანად დასავლური სამყარო. ეს არის თავისუფლება და პასუხისმგებლობა.  გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ასეთი კოპირების გამო ეს “გაერთიანებები” სრულიად გულგრილები რჩებიან ყველა პროცესის მიმართ რაც ქვეყანაშია და მოქმედებენ თავის მიკროსამყაროში, ალბათ პრინციპით მე ვიქნები ჩემთვის და ხელს არავინ მახლებს. მე ძალიან მწყდება გული, რომ 15 წლიანი გზის შემდეგ მიწევს ამის აღიარება, მაგრამ მომიწევს შევეგუო, რომ ალბათ ჩემი სიცოცხლის ბოლომდე, რამე მნიშვნელოვან ძვრას მე ვერ მოვესწრები, ამიტომაც მოვიდა დრო რაღაც სხვა გზას გავყვე.

ძალიან ბევრ ადამიანს აბსოლუტურად არასწორად ესმის ის რაც მე მამოძრავებდა ამდენი ხანი. მაძლევენ რჩევებს როგორ მოვიპოვო მეტი მკითხველი, მნახველი და ა.შ.  მაგრამ არ ესმით რომ მე პოპულარობა, სხვა სიტყვების უქონლობის გამო პირდაპირ დავწერ, მკიდია ფეხზე. არსად ამ ბლოგზე არ ნახავთ არც ჩემ სურათს, მგონი არც ჩემ სახელს და გვარს. მე არასდროს არ ვიყავი დაკავებული ჩემი თავის წარმოჩენით, მასალები ბლოგზე გათვლილია ძალიან ვიწრო წრეზე მკითხველების და ეს ასე იყო ჩაფიქრებული თავიდანვე. ჩემი თავის პოპულარიზება როგორც რემბოსი და გურუსი მე არასდრს არ მინდოდა. გულზე ხელი შემიძლია დავიდო და ვთქვა, რომ მე ერთნაირ დისკომფორტს მანიჭებს, როგორც ჩემი ქება-დიდედა კომენტარებში ასევე, მუხოსრანსკიდან სენსეების “კრიტიკა”. არ მიყვარს არანაირი ყურადღება ჩემი თავის მიმართ.

მე ასევე არ მქონდა რაიმე ფინანსური უკუგების მიღების ილუზიაც. საქართველო ღარიბი ქვეყანაა და ეს ხალხი თავის თავს ვერ გამოკვებავს არა თუ კონტენტის შემქნელებს.  ინტერნეტი დღეს (სოც ქსელები, ვიდეო ჰოსტინგის პლატფორმები) მასიურად ანტი-განერები არიან და ყველანაირად ზღუდავენ ასეთი კონტენტის შემქმნელებს.  მე მხოლოდ მინდოდა დამესტარტა რაღაც პროცესები, გადამეცა ალამი სხვებისთვის და მერე ვყოფილიყავი ჩემთვის, მაგრამ აგერ 15 წელი გავიდა და რა გვაქვს? ყველაზე პოპულარული ქართულენოვანი იუთუბ არხი იარაღებზე არის რაღაც კომედი-შოუ (რომელიც მხოლოდ ადასტურებს ჩვენ ზედაპირულობას), შეზღუდვები უფრო მეტია როგორც არასდროს, ადმინისტრაციული ბარიერები მხოლოდ მატულობს. იუთუბ არხი ან ინტერნეტ რესურსი რომლის ყურება/კითხვა შესაძლებელია, სულ ორი სამია. იარაღზე ლაპარაკობენ ადამიანები, რომლებმაც არ იციან იარაღი რა არის, უსაფრთხოებაზე გველაპარაკებიან ადამიანები, რომლებსაც ყულაბაში აქვთ დაუდევრობით გასროლის შემთხვევების ორნიშნა ციფრი.  ის ვისაც ევალება კანონის დაცვა იგივე კანონების ყველაზე მსხვილ დამრღვევად გვევლინება. აგერ მოვიდა 2022 წელი და ისევ ყველა ფანჯრიდან თოფის და ავტომატის სროლის ხმა ისმის. უკვე არც ერიდებათ ამის ამსახველი ვიდეოების სოც. ქსელებში ატვირთვა და ყველასთვის ჩვენება. ზოგაგადად საქმე, კიდე უფრო უარესად არის და დღეს ჩვენ როგორც არასდროს ვართ შორს დასავლური სამყაროსგან და სად მივდივართ და რა გზით არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ მივდივართ იმ გზით რომელიც მიგვიყვანს თავისუფლებისკენ და განვითარებისკენ. ამის ფონზე მე ვერ ვხედავ აზრს ვხარჯო ჩემი დრო და ფული რაღაცაზე რასაც შედეგი არ მოაქვს.  არც ამ “კულტურასთან” ასოცირების სურვილი არ მაქვს.

გირჩი ტივის გადაცემაც, “იარაღი და თავისუფლება” იყო, მე თვითონ გამიჭირდება ავხსნა რა.  ჯერ ეს ერთი სასტიკად წინააღმდეგი ვიყავი ჩემი სტუდიაში გამოჩენის და თავდაპირველად ვთავაზობდი ვიპოვოთ ვინმე სიმპატიური გოგო ან კუნთმაგარი ბიჭი და შეგვექმნა ერთგავარი ფიქტიური ტვ პერსონაჟი, რომელსაც მე დავუწერდი რა უნდა ელაპარაკა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ლამის პანღურით შემაგდეს სტუდიაში. ეს გადაცემა გავა ეთერში სანამ იქიდან არ გაამგდებენ ან ტელევიზიას არ დახურავენ, იმიტომ რომ ეს არის ვალდებულება, რომელიც მე ვიკისრე და ამ ვალდებულების შესრულებას მე გავაგრძელებ, რაც არის ნაწილი იმ დიდი ბრძოლის თავისუფლებისთვის, რომელსაც აწარმოებენ მათ შორის ამ ტელევიზიის შემქმნელები და მათი შრომა გაცილებით იმაზე დიდია ვიდრე მე ოდესმე შევძლებ რომ გავიღო და ეს არის ჩემი მინიმუმი რისი გაკეთებაც მე შემიძლია. მანდ მე შევეცდები ავხსნა, რომ დასავლური იარაღის კლუტურა არ არის მულტიკამი, რაზგრუზკები, შავი სათვალეები, პატჩები და AR-15, არამედ გაცილებით უფრო მეტია, ის მეტი რაც ეხლა ჩვენ არ გვაქვს.  ის მეტი რაც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი შაშხანა ან პისტოლეტი.

ეხლა ამ ეტაპისთვის მე შემიძლია გითხრათ შემდეგი, ეს ბლოგი დარჩება ინტერნეტ სივრცეში და იქნება სრულად ხელმისაწვდომი. ასევე ხელმისაწვდომი დარჩება ის რამდენიმე ვიდეო რაც არის ატვირთული იუთუბ არხზე. გულწრფელად გეტყვით, მე მაქვს ეხლა საშუალება ეს არხი გავანვითარო, მაგრამ არ მაქვს სურვილი დავხარჯო მეტი ჩემი პირადი ფული ქართულენოვანი კონტენტის შექმნაზე, იმიტომ, რომ ჯერ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეებია მოსამთავრებელი ვიდრე ცალკეული იარაღების მიმოხილვების მომზადება.  თუ რამე შეიცვლება, შეიძლება მეც გნავაახლო ქართულენოვანი კონტენტის შექმნა მაგრამ ეხლა ვიღებ პაუზას. რატომ, იმედია ამომწურავად აგიხსენით. ყველას წარმატებას გისურვებთ და თავს გაუფრთხილდით.



დატოვეთ კომენტარი