ჩვენი ტესტი – Kimber TLE II .45ACP

იცით რა მაოცებს ყველაზე უფრო კოლტის M1911 ტიპის იარაღში? რომ მისი დიზაინი, კონსტრუქცია, მართვის ელემენტები და მათი განლაგება (manual of arms) დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი თანამედროვე პისტოლეტისგან, არა და მისმა შემქნელმა, კონსტრუქტორთა კონსტრუქტორმა, ჯონ ბრაუნინგმა იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი ახალი პისტოლეტი მაშინ, როდესაც ჯერ თვითმფრინავი არ არსებობდა და ძირითადი სატრანსპორტო საშუალება იყო ცხენი. ის რასაც ჩვენ ვიცნობთ როგორც კოლტის .45 კალიბრის პისტოლეტი, რომლის დაბადების წელად ითვლება 1911 წელი, დაფუძნებულია ბრაუნინგის უფრო ადრინდელ პისტოლეტის მოდელებზე, .38 კალიბრის 1900 წლის მოდელზე, რომელზეც ბრაუნინგმა დაიწყო მუშაობა ჯერ კიდევ 1897 წელს!

H1193-L118909131

მიაქციეთ ყურადღება, რომ 1900 წლის მოდელშო საკეტი და გარსაცმი გაერთიანებულია ერთ დეტალში, ის იყენებს მოკლე უკუცემის პრინციპს, როდესაც ლულა და საკეტი მოძრაობენ მოკლე მანძილით, რის შემდეგაც ხდება მათი გახსნა და საკეტი აგრძელებს მოძრაობას ლულისგან განცალკევებული. ყურადღებას ასევე იქცევს ლაკონური დიზაინი, რაც აადვილებდა ამ პისტოლეტის დეტალების წარმოებას. 1900 წლის კოლტის პისტოლეტი არის თანამედროვე  საბრძოლო პისტოლეტის დიდი ბაბუა. 

1907 წელს კოლტმა წარუდგინა პისტოლეტი აშშ-ის ომის დეპარტამენტს და ხანგრძლივი ტესტირების და გაუმჯობესებების შედეგად, საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის რასაც ვიცნობთ შეკრებითი სახელით “კოლტის ორმოცდახუთი კალიბრის პისტოლეტი”.  თუ არ ჩავთვლით 1924 წელში განხორციელებულ მცირე ცვლილებებს, ერგონომიკის გაუმჯობესების მიზნით, ეს პისტოლეტი პრაქტიკულად უცვლელი ფორმით არსებობს დღემდე და დღეს მის ვარიანტებს უფრო მეტი კომპანია უშვებს ვიდრე ოდესმე.

ტექნიკურად .45 კალიბრის კოლტი წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს, მოკლე უკუცემის სქემით, რომელიც იკვებება სახელურში განლაგებული მოსახსნელი ერთ რიგიანი მჭიდიდან. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, რაც ნიშნავს, რომ პირველი გასროლის წინ საჭიროა ჩახმახი შეყენება. პისტოლეტი აღჭურვილია მექანიკური მცველით და ასევე სახელურის მცველით, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას გაისროლოთ თუ მანამდე ხელი კარგად არ მოკიდეთ სახელურს. საბრძოლო ბჯენები, ორი ცალი განლაგებულია ლულაზე სავაზნის წინ და ზემოქმედებს შესაბამის კილოებთან საკეტის შიგნით.

ეხლა რაც შეეხება ჩვენი ტესტირების ობიექტს, ეს არის ამერიკული მწარმოებლის “კიმბერის” მიერ წარმოებული 1911-ის ვარიანტი, .45ACP კალიბრის მოდელი Custom TLE II. Custom ნიშნავს რომ პისტოლეტი სრული ზომის არის, მეტალის საკეტითა და ჩარჩოთი (ანუ ე.წ. “სამთავრობო მოდელი”). TLE (Tactical Law Enforcement, ტაქტიკური სამართალდაცვა)  ციფრი II ნიშნავს, რომ გამოყენებულია სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველი.

 30-ან წლებში კოლტის 1911 აღიჭურვა უილიამ სვარტცის კონსტრუქციის დამრტყმელის მცველით, რომელიც კეტავდა დამრტყმელს და ათავისუფლებდა მხოლოდ მას მერე რაც მსროლელი ხელს მოკიდებდა სახელურს, აქიდან გამომდინარე გამოირიცხა შემთხვევითი გასროლის შესაძლებლობა დამრტყმელის ინერციით დარტყმისგან. კოლტმა ამ კონსტრუქციაზე უარი თქვა, სავარაუდოთ დამზადების სირთულის გამო. MIM ტექნოლოგიების განვითარებამ “კიმბერს” მისცა საშუალება ამ გადაწყვეტილების გამოყენების, მისაღები ფასის შენარჩუნებით. განსხვავებით მე-80 სერიის კოლტზე გამოყენებული გადაწყვეტილებებისგან, სვარტცის მცველი არ ცვლის სასხლეტის თვისებებს, იმიტომ რომ მისი გააქტიურება ხდება სახელურის მცველისგან და არა სასხლეტისგან.

swartzvs80

სვარტცის მცველი იყო ტექნოლოგიურად რთული და მისი დამზადება შრომატევადი, მხოლოდ კოლტის მე-80 სერიის 1911 პისტოლეტებში გაჩნდა უფრო მარტივი და შესაბამისად უფრო იაფი დამრტყმელის ავტომატური მცველი, რომელიც ითიშებოდა სასხლეტზე დაჭერისას. დღეს სხვადასხვა კომპანიები იყენებენ თავის 1911 ტიპის პისტოლეტებში ორივე ტიპის გადაყწვტილებას. 

kswat1811

TLE არის კომერციული ვარიანტი  პისტოლეტის, რომელიც “კიმბერმა” შექმნა ლოს ანჯელესის SWAT-ისთვის  და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ეს დანაყოფი 2002 წლიდან დღემდე იყენებს ამ პისტოლეტს. განსხვავება ორს შორის მხოლოდ დამღებშია. 

პისტოლეტის დაფარვა შავი ოქსიდირებაა, სახელური დამზადებულია G10-სგან, მცველი ერთმხრივი, სამიზნი მოწყობილობების რკინის, ფიქსირებული ტრიტიუმის ელემენტებით (მწარმოებელი Meprolight). პისტოლეტი ასევე აღჭურვილია ალუმინის სასხლეტით, სრული სიგრძის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძით და მაგველით. მცველი ერთმხრივია, რაც მე მომწონს, მარჯვენა ხელიდან სროლისას, ორმხრივი მცველი ზედმეტია.  ექსტრაქტორი დახურული ტიპის არის, როგორც ორიგინალურ დიზაინში, ის დამალულია საკეტის შიგნით და დაცულია გარე ზემოქმედებისგან. პისტოლეტის დამზადების ხარისხი ძალიან მაღალია, დეტალების მორგება, დამუშავების ხარისხი ძალიან კარგია. 125მმ-ნი უჟანგავი ლულის არხი გაპრიალებული და უნაკლო.  სამიზნი მოწყობილობები ადეკვატურია მაგრამ მე მირჩევნია როდესაც კორას მანათობელი ელემენტი განსხვავებულია, მაგრამ ქარხნულად რკინის ტრიტიუმები უკვე ძალიან კარგია. ცარიელი პისტოლეტის წონა 1100 გრამია, სავსე მჭიდით 1300 გრ.

729884

არჩევანი ამ მოდელზე გავაკეთე, იმიტომ რომ მომეჩვენა რომ ფასით (3500 ლარი) და ოფციებით ეს იყო საუკეთესო მოდელი, თანაც მას ქონდა ბექგრაუნდ ისტორია რაც ამ იარაღს ჩემთვის პირადად კიდე უფრო ღირებულს ხდიდა.

ახალ პისტოლეტს, როგორც წესი მოყვება ერთი 8 ვაზნიანი მჭიდი, პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია და ბუკლეტები, ე.წ. “ჩამბერ ფლაგი”, უსაფრთხოების საკეტი, დეკალი კიმბერის ლოგოთი, დამატებითი პლასტმასის პადი მჭიდისთვის. ერთი მჭიდის გამო “კიმბერს” ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ ამას აკეთებენ სხვა მწარმოებლებიც, სერიოზული მსროლელები მაინც ყიდულობენ სერიოზული მწარმოებლის მჭიდების მარაგს ან უკვე აქვთ ეს მარაგი, ამიტომ “კიმბერში” თვლიან რომ ზედმეტი მჭიდი… ზედმეტია. ქართული  იმპორტიორი დამატებით აკომპლექტებს ამ იარაღს დამატებითი ერთი მჭიდით. მჭიდები საკუთარი, “კიმბერის” წარმოების არის და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მეტალის ხუფებზე ორი ხრახნით შესაძლებელია პლასტმასის “ბალიშების” დაყენება, რომლებიც იცავენ მჭიდს დაზიანებისგან და აადვილებენ მის მაგველის გავლით მოთავსებას სახელურში. მჭიდი ნომინალურად რვა ვაზნიანია, მაგრამ რვა ვაზნით მისი მოთავსება პისტოლეტში დახურული საკეტით პრაქტიკულად შეუძლებელია. ბევრი მწარმოებელი ცდილობს რომ სხვადასხვა ხრიკებით მოათავსოს პისტოლეტში სტანდარტული სიგრძის მჭიდი გათვლილი 8 და არა როგორც თავიდან  7 ვაზნაზე, მაგრამ დაუწერელი წესი გვეუბნება, რომ საიმედოობისთვის ჯობია 7 ვაზნა. ასე რომ ნომინალურად ტევადობა კი არის 8+1 ვაზნა მაგრამ რეალური ტევადობა არის 7+1.

P1120894

სახელურზე წინიდან და უკნიდან აგრესიული ჩეკერინგია (30 ხაზი 2.5 სმ-ზე) რაც G10-ის სახელურის პანელებთან ერთად უზრუნველყოფს პისტოლეტის ძალიან მყარ ჭერას, თუნდაც სველი ოფლიანი ხელებით.

P1120830

განსაკუთრებულად მომეწონა რკინის “მაგველი”, რომელიც შესაძლებელს ხდის მჭიდების გამოცვლას ელვის სისწრაფით. მაგველი ასეთ პისტოლეტზე მნიშვნელოვანი დანამატია იმის გათვალისწინებით, რომე რთ რიგიანი მჭიდის სახელურში მოთავსება უფრო რთულია ვიდრე ორ რიგიანის, რომელიც ვიწროვდება ზედა ნაწილში. 

პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, მაგრამ იარაღი ახალია და თანაც მასობრივი წარმოების ამიტომ, სასხლეტში იგრძნობა მსუბუქი “კრაჭუნი”, რომელიც შემცირდება და ალბათ ბოლომდე გაქრება ექსპლუატაციის განმავლობაში. იარაღი ასევე გაბარიტული და მძიმეა. სასხლეტის წონა მერყეობს 1.8-2კგ-ს შორის.

ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ 230 გრანიანი ვაზნები, ექსპანსიური ტყვიით, მრგვალთავიანი (FMJ) ტყვიით და ასევე ე.წ. semi wad cutter, კონუსური ტყვიით ბრტყელი თავით, რომელიც ცნობილია იმით, რომ ავტომატურ პისტოლეტებში ქმნის პრობლემებს მიწოდებისას. საკეტის გადაკვრისას ”სემი ვად კატერი” ეგრევე გაიჭედა მიწოდების მცდელობისას და გაჭედილი ვაზნის სწრაფად ამოგდება ვერ მოხერხდა, მაგრამ როგორც კი დატენვის ციკლი გავიმეორეთ პისტოლეტმა უპრობლემოდ მიაწოდა და გაისროლა ყველა ვაზნა. ასევე იარაღმა უპრობლემოდ მოინელა სტანდარტული ვაზნები და ვაზნები ექსპანსიური ტყვიით.

107802384_278153516633544_5100507141349049717_n

სიზუსტეს რაც შეეხება ვფიქრობ ერთი სურათი იქნება საკმარისი რომ მიხვდეთ რამდენად ზუსტი იარაღია TLE II 

1911-ის ლეგენდარულ ერგონომიკაზე მე ახალს ან რამე განსაკუთრებულს ვერ დავწერ. .45 არის დაბალწნევიანი ვაზნა, რის გამო უკუცმა დროში გაწელილია და კომფორტულია. ამის გამო ეს უკუცემა ასევე “კომფორტულია” იარაღისთვის, რომლის კონსტრუქცია არ განიცდის დიდ დატვირთვას, ამის გამო იარაღის რესურსი არის ძალიან მაღალი და სიზუსტე ძალიან კარგი. ერთმაგი მოქმედების სასხლეტი კომპეტენტური ოსტატის დახმარებით შეიძლება გახდეს საუკეთესო სასხლეტი, რომელიც შეიძლება მიიღო ავტომატურ პისტოლეტში.  შეიძლება მასის, გაბრიტების და ერთრიგიანი მჭიდის გამო 1911 აღარ იყოს ფარული ტარების თავდაცვითი იარაღის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ 109 წლის შემდეგაც, 1911 დომინირებს უამრავ სპორტულ დისციპლინაში, იქნება ეს მატჩები კემპ პერიში, სილუეტბზე სროლა თუ ბიანკის თასი. წლების განმავლობაში ითველბოდა, რომ 1911-დან სროლა ძნელია მაგრამ ეს ეხებოდა ჯარისთვის წარმოებულ იარაღს, მცირე ზომის სამიზნი მოწყობილობებით და მძიმე სასხლეტებით. აღნიშნულს ვერ იტყვი თანამედროვე კარგი ხარისხის 1911-ებზე.

გასათვალისწინებელია, რომ სახელურის მცველის ფორმის გამო, რთულია მიწვდეთ დიდი თითით სასხლეტს ისემ რომ ის სწრაფად შეაყენოთ, ამიტომ თუ სიტუაცია ამას მოითხოვს პისტოლეტის ტარება გულისხმობს ვაზნით სავაზნეში, შეყენებული ჩახმახით და ჩართული მცველით.

P1130007

1911 არ იშლება ისე ადვილად, როგორც თანამედროვე პისტოლეტები, მაგრამ თუ დაიცავით სწორი თანმიმდევრობა (დამაბრუნებელი ზამბარის ხუფი, ზამბარა, ბუშინგი, სლაიდ სტოპი, საკეტი, დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, ლულა) მაშინ ძალიან მალე ამ პროცედურას უპრობლემოდ განახორციელებთ. იარაღი შედეგბა ძალიან ცოტა დეტაისგან, საკეტი იშლება ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და ამიტომ პისტოლეტის მოვლა/მომსახურება ადვილია.  საქმის გაადვილებისთვის “კიმბერებს” მოყვება სპეციალური ქანჩი, რომელიც აადვილებს იარაღის დაშლას. 

ეხლა რა არ მომეწონა. მჭიდების ტევადობაზე უკვე დავწერე, ნომინალურად 8 ვაზნიანებია, რეალურად 7 ვაზნიანი. პისტოლეტს დაჭირდა სამიზნის გასწორება, რაც ადვილია (თარაზო ფიქსირდება ხრახნით და რეგულირება მარტივია). ეს იდეაში ნაკლიც არ არის.  სროლის დროს დაიშვა მაგველის ხრახნი, რომელიც “დავსვი” “ლოქთაითზე”. მეტი ნაკლი ამ პისტოლეტს არ აქვს. პირიქით TLE II არის ერთ-ერთი საუკეთესო “კიმბერის” 1911 ფასი/ხარისხი/ოფციების შეფარდებით და სხვა მოდელებს შორის ის სადღაც შუაში არის საბაზისო და უფრო ძვირად ღირებულ მოდელებს შორის. თავად განსაჯეთ რა დაჯდება მაგალითად სტანდარტულ პისტოლეტზე, დამაბრუნებელი ზამბარის სრული სიგრძის მეტალის ღერძი, G10-ის სახელურები, ალუმინის სასხლეტი, “ტრიტიუმები” და მაგველი. თან ყველა ეს კომპონენტი უმაღლესი ხარისხის არის. რას ვისყრვებდი ამ იარაღზე? კორას ტრიტიუმის ელემენტი რომ ყოფილიყო სხვა ფერის, დაფარვა კარგია მაგრამ უფრო მაღალტექნოლოგიური რომ გამოყენებულიყო უკეთესი იქნებოდა. ვისურვებდი რომ სახელურის მცველი ყოფილიყო ე.წ. “მემორი პადით” რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მის არ გამორთვას მაღალი ჭერის გამო. მაგრამ ეს ეხლა განებვირებული მსროლელის პოზიციაა, იმიტომ რომ ჩემი აზრით TLE II ძალიან ახლოს დგას იდეალურ 1911-თან, რომელსაც აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს 1911-ს და არ აქვს არაფერი ზედემტი. ამას იმიტომ ვიძახი, რომ “კიმბერი” იყო პირველი მწარმოებელი 1911-ების, რომელმაც შესთავაზა მყიდველებს პირდაპირ ყუთიდან ის ოფციები რაშიც ადრე ოსტატები ითხოვდნენ დამატებით ფულს. “კიმბერის” ზოგი პისტოლეტების მოდელები შესრულებულია აშკარა განხრით ვიზუალურ ეფექტზე. TLE-ს შემთხვევაში ყველა ოფცია ემსახურება ერთ მიზანს, გახადოს პისტოლეტის უფრო უკეთესი უფრო ეფექტური და უფრო პრაქტიკული იარაღი.

bolandgrip safety

“მემორი პადი” პირველმა მოიფიქრა ემერიკელმა ოსტატმა ჯიმ ბოლანდმა და მას მერე ასეთი ფორმის სახელურის მცველი პრაქტიკულად სტანდარტულია თანამედროვე 1911-ზე და უზრუნველყოფს მცველის გათიშვას, თუნდაც სუსტი, არადამაკმაყოფილებელი ჭერის შემთხვევაში. 

და ბოლოს თუ ამ მიმოხილვამ დაგარწმუნათ, რომ წახვიდეთ და იყიდოთ რომელიმე 1911 გაითვალისწინეთ შემდეგი. ეს იარაღი არის ერთი საუკუნის, ის რასაც მიჩვეულები ხართ “გლოკებზე” და “ზიგებზე” ამ იარაღის შემთხვევაში ჯობია არ გააკეთოთ. საკეტის დახურვა ცარიელ სავაზნეზე საკეტის შემაkავებლის (სლაიდ სტოპის) გამოყენებით შეიძლება არ იყოს კარგი იდეა, განსაკუთრებით მაღალი დონის 1911-ებში, მსუბუქი საასპარეზო სასხლეტებით და მჭიდროდ მორგებული დეტალებით.  ამას შეიძლება მოყვეს გარკვეული დეტალების ნაადრევი ცვეთა.  იარაღი უნდა იყოს გაწმენდილი და დაზეთილი, მშრალი იარღიდან ათასობით ვაზნების სროლა და არ გაწმენდა შეიძლება ნორმაა გლოკისთვის მაგრამ 1911-ში ამის გაკეთება არ ღირს. სვარტცის მცველის შემთხვევაში საკეტის და ჩარჩოს განცალკევებისას სახელურის მცველი არ უნდა იყოს გააქტიურებული, იმიტომ რომ საკეტს ვერ მოხსნით და თუ ვერ მიხვდით რა ხდება და  დიდი ძალა დაატანეთ, მცველი შეიძლება დაზიანდეს. თუ არ არის გამოყენებული თანამედროვე მაღალტექნოლოგიური დაფარვა, პისტოლეტის რკინის დეტალების პერიოდული წმენდა ზეთიანი ტილოთი და კონტროლი ჟანგის გაჩენაზე (მაგალითად სახელურის სალოყეების ქვეშ) არ იქნება ურიგო.  ეს არის და ეს. 1911 ის დიზაინი არის გენიალური და კარგად ნაფიქრი, მაგრამ საჭიროა გარკვეული წესების დაცვა და ყველაფერი იმუშავებს ისე, როგორც საჭიროა.

P1130033

Kimber Custom TLE II,  VL Tactical-ის ქართული წარმოების კაიდექსის ბუდეში. შიგნიდან ამოკრული რბილი ტყავის ფენა საიმედოდ იცავს ძვირადღირებული იარაღის დაფარვას. 

Shooterscentral.ge-ს დასკვნა: გამომდინარე იქიდან, რომ ამ პისტოლეტში არის აბსოლუტურად ყველაფერი რაც უნდა იყოს თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტში და ამავე დროს არ არის გამოყენებული არაფერი ზედმეტი მისი იერსახის გაუმჯობესების მიზნით, რაც არ ზრდის სროლისუნარიანობას და საიმედოობას მაგრამ ზრდის ფასს, Kimber Custom TLE II არის პრაქტიკული დანიშნულების ერთ-ერთი საუკეთესო 1911 ტიპის პისტოლეტი. პისტოლეტი გამოირჩევა შესანიშნავი სიზუსტით, რომელიც უფრო დამახასიათებელია საასპარეზო პისტოლეტებისთვის, ასევე დამზადების მაღალი ხარისხით. ნაკლოვანებებს განეკუთვნება “კლასიკური” ოქსიდირება, რომელიც არ არის ისეთი გამძლე, როგორც თანამედროვე დაფარვები და ასევე ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ მჭიდები 8 ვაზნიანია, მათი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ 7 ვაზნით დატენვის შემთხვევაში.  თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ 1911-ის შეძენა და იცით რას წარმოადგენს ეს პლატფორმა და ამავე დროს გინდათ 1911, რომელიც პირველ რიგში შექმნილია ექსპლუატაციისთვიის  და არა შენახვა/დემოსნტრიებისთვის “კიმბერის” TLE სერია არის თქვენთვის.



დატოვეთ კომენტარი