არის თუ არა გლოკი საშიში?

შესაშური რეგულარობით, ინტერნეტში მე ვაწყდები ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად ცდილობენ დაუმტკიცონ მთელ სამყაროს, რომ გლოკის პისტოლეტი არ არის უსაფრთხო. ამისთვის მათ მოყავთ უამრავი არგუმენტები დაწყებული იმით, რომ გლოკს არ გააჩნია მექანიკური მცველი და დამთავრებული გახვრეტილი ტრაკების სურათების დემოსნტრირებით. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სერიოზული რესურსი, მათ შორის უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი გლოკის პისტოლეტებს მიმართ, არ არის იგივეს მტკიცებით დაკავებული, მაინც ეს, თუ შეიძლება ასე ითქვას მითი, არა და არ კვდება და გინდა არ გინდა პერიოდულად წააწყდება ამ ტიპებს, რომლებიც დაჟინებით იბრძვიან ამ კონკრეტულ ქარის წისქვილს. მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი მითები ცარიელ ადგილას არ ჩნდება ხო და მოდით ვცადოთ გავერკვიოთ არის თუ არა გლოკი საშიში  და საერთოდ აქვს თუ არა ამ მითს თუ მოსაზრებას, რაიმე რეალური საფუძველი.

დავიწყოთ მექანიკური მცველით. არის თუ არა გლოკი პირველი პისტოლეტი მექანიკური მცველის გარეშე? არა. გლოკის მერე ალბათ მეორე პოპულარობით, SigSauer P22X სერიის პისტოლეტები ასევე არ იყენებენ მცველს. მთელი მოკლელულიანი იარაღის კლასი, რევოლვერები, ასევე არ იყენებენ მექანიკურ მცველს. გასტონ გლოკმა თავის დროზე, სპეციალურად თქვა უარი ასეთი მცველის გამოყენებაზე, მარტივი მიზეზის გამო. მისმა კვლევაებმა აჩვენა, რომ ხშირად, სტრესის პირობებში ადამიანს ავიწყდება გამორთოს მცველი და აგვიანებს გასროლას, რასაც მოყვება ხოლმე სავალალო შედეგი.  ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმის თქმა, რომ გლოკი არ არის უსაფრთხო იმის გამო, რომ მას უბრალოდ არ გააჩნია მექანიკური მცველი არ არის სამართლიანი, ბევრ იარაღს არ აქვს მცველი და თავისთავად ეს არაფერს არ ნიშნავს.

მოდით ასევე ასეთ კითხვაზე შევეცადოთ, რომ ვიპოვოთ პასუხი. რა არის საერთოდ არაუსაფრთხო/საშიში პისტოლეტი? ჩემი აზრით ასეთი პისტოლეტი არის ის, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. უმეტეს წილად პისტოლეტები ხვდებიან საშიში იარაღების კატეგორიაში იმიტომ, რომ ისვრიან მიწაზე დავარდნისას. მაგრამ ყოველთვის ასე არ არის.

typ94

იაპონურ Nambu Type 94-ს შეუძლია სროლა სასხლეტზე დაჭერის გარეშე. დეტალი, რომელიც აკავშირებს სასხლეტს და sear-ს არის განლაგებული ჩარჩოს გარეთ და საკმარისია თითით დააწვეთ მას და პისტოლეტი გაისვრის. Nambu Type-94 არის საშიში პისტოლეტის კარგი მაგალითი.

საშიშ პისტოლეტებს განეკუთვნება ასევე პისტოლეტები, რომლებიც კონსტრუირებისას დაშვებული შეცდომების გამო ისვრიან თვაისით, კარგი მაგალითია Taurus 24/7, რომელიც ხნობილი იყო, რომ ხშირად მისი მცველები გამოდიოდა მწყობრიდან და შესაძლებელი იყო გასროლის წარმოენბა ჩართული მცველით. ეს დეფექტები და გასროლები იმდენად ხშირი იყო, რომ ეს პისტოლეტი Taurus-მა არ გააუმჯობესა და უბრალოდ მოხსნა წარმოებიდან.  ამ პისტოლეტის რეპუტაციის გასწორება იქნებოდა უბრალოდ შეუძლებელი.

რა თქმა უნდა დღეს იმის გამო, რომ ასეთ შემთხვევებში დაზარალებულები უჩივლებენ მწარმოებელს (ტაურუსის შემთხვევაში ასეც მოხდა) და ზარალის ანაზღაურების ვალდებულებები მწარმოებელს სერიოაზულად დააზარალებენ ან გააკოტრებენ, ამიტომ პისტოლეტის უსაფრთხოება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. მაგრამ ასე ყოველთვის არ იყო. გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც პისტოლეტის ევოლუცია საწყის სტადიაში იყო და უამრავი რადიკლაურად ერთმანეთისგან განსხვავებული პისტოლეტი გამოდიოდა, იყო მოდელები, რომლებიც დღევანდელი სტანდარტებით არ შეიძლება ჩაითვალოს უსაფრთხო, მაგრამ მიუხედავად ამისა მათი უმეტესობა არ იყო ისე საშიში, როგროც იაპონური Type 94. პრობლემების წყარო მეტ წილად ყოველთვის იყო დავარდნა ან ძლიერი დარტყმა, რაც იწვევდა გასროლას. უმეტესობა ძველი პისტოლეტების უკვე მარტო კოლექციებში რჩება და არ გამოიყენება, მაგრამ არის პისტოლეტები, რომლებმაც დროით გამოცდას გაუძლეს და დღემდე გამოიყენებიან პირდაპირი დანიშნულებით. კარგი მაგალითია საბჭოთა TT-33.

Untitled

 არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვით ის, რომ “ტტ” ისვრის დავარდნისგან არის მითი. აღნიშნული სურათი რეალური ექსპერტიზის დასკვნიდან ადასტურებს რომ დავარდნისას “ტტ” ისვრის, დაშვებული ჩახმახით. 

2009 წელს მოხდა ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ერთი საუკუნის წინ პისტოლეტების სტანდარტები იყო განსხვავებული. ჟურნალ SWAT-ის რედაქტორი, გამოცდილი მსროლელი, სტივენ მალოი დაიღუპა იმის გამო, რომ მას ამოუვარდა ქამრიდან 1903 წლის კოლტის პისტოლეტი, რომელიც დაეცა ძირს, გაისროლა და ტყვია მოხვდა მალოის მკერდში.

მიზეზები რატომ ისვრიან პისტოლეტები დავარდნისგან არის ბევრი. ხანდახან საკმარისია დამრტყმელის ინერცია როგორც კოლტ 1911-ის შემთხვევაში. მართალია ეს პისტოლეტი უკვე 1911 წელს მეტ წილად წარმოადგენდა პისტოლეტის იერსახეს, რომელიც მომდევნო 100 წელი პრაქტიკულად არ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს პისტოლეტი არ ყოფილა თავიდან ბოლომდე drop-safe. თუ 1911 დავარდა მყარ ზედაპირზე საკმარისი ძალით, უნერციული დამრტყმელი დაარტყავს ამაალებელს საკმარისი ძალით რომ მოხდეს გასროლა. მართალია გასროლა მოხდება  მიწაში, მაგრამ მაინც ეს პოტენციურად სახიფათო სიტუაციაა.

ინერციული დამრტყმელი გაჩნდა იმისთვის, რომ ბოლომდე დაშვებულ ჩახმახისას გამორიცხულიყო პირდაპირი კონტაქტი ჩახმახს, დამრტყმელსა და ამაალებელს შორის. ამიტომ დამრტყმელის არის მოკლე, და ჩახმახის დარტყმისას ინერციით აგრძელებს წინსვლას თავის არხში და ასე არტყავს ამაალებელს. აქიდან წამოვიდა სახელიც – ინერციული დამრტყმელი. საინტერესო კითხვა ჩნდება, რატომ არ გამოიყენა ტოკარევმა ინერციული დამრტყმელი, რომელიც უკვე გამოიყენებოდა 1911-ში, რომლის კონსტრუქციაზე დაფუძნებით მან შექმნა TT? ჩემი ინფორმაციით ეს იყო იმ კომისიის მოთხოვნა, რომელიც ცდიდა ტოკარევის პისტოლეტს. მიჩნეული იყო, რომ ინერციული დამრტყმელი ნაკლებად საიმედოა. 

1911-ის კონსტრუქციაში ჯერ კიდევ 30-ან წლებში გაჩნდა სვარტზის კონსტრუქციის ავტომატური მცველი, რომელიც კეტავდა დამრტყმელს მანამ სანამ არ გააქტიურდებოდა მცველი სახელურზე. მცველი რთული კოსნტრუქციის იყო და არ ყენდებოდა ყველა კოლტის 1911-ზე.  შემდეგ უკვე 80-ან წლებში  1911-ის კონსტრუქციაში გაჩნდა დამრტყმელის ავტომატური მცველი და სხვადასხვა მწარმოებლებმა დაიწყეს ან კოლტის გადაწყვეტილების კოპირება, ან როგორც ახალი “კიმბერი” ისევ სვარტზის კონსტრუქციის დამცავი მექანიზმი გამოიყენეს. ”ტტ”-ს შემთხვევაში ეს არის მცირე კონსტრუქტორული შეცდომა. ნამბუს მაგალითი არის დიდი იშვიათობა, პისტოლეტების კონსტრუქტორებმა შედრებით მალე მიხვდნენ რა ვისებები უნდა ქონოდა პისტოლეტებს და ასევე იმას, რომ პისტოლეტები მარტო უნდა ისროდნენ როდესაც მას სასხლეტზე აჭერენ.

ერთი წლის წინ მე ვიყიდე კოლტის 1873 წლის რევოლვერის თანამედროვე რეპლიკა Uberti Cattleman. კოლტის 1873 წლის მოდელი ასევე არ არის უსაფრთხო იარაღი. ჩახმახს შეუძლია დავარდნისას მიწვდეს ვაზნას დოლურაში. ეს მალევე აღმოაჩინეს ამ რევოლვერის მომხმარებლებმა და ამიტომ ყველა 1873 წლის კოლტის ან მისი ზუსტი რეპლიკების მფლობელებმა იციან, რომ ჩახმახის ქვეშ დოლურა უნდა იყოს ცარიელი. ბილ რუგერმა მას მერე რაც მისი კომპანიის მიერ გამოშვებულმა კოლტის რეპლიკამ გაისროლა დავარდნისას და მძიმედ დაჭრა მფლობელი, მრავალმილიონიანი სასამართლო დავის შემდეგ, შეცვალა თავისი რევოლვერის კონსტრუქცია ისე, რომ ჩახმახი ვეღარ მიწვდებოდა ვაზნას, თუ არ მოხდებოდა სასხლეტზე დაჭერა. “ტრანსფერ ბარი” დღეს სტანდარტული დეტალია პრაქტიკულად ყველა რევოლვერზე.

ამდენი მე იმიტომ ვისაუბრე, რომ თქვენ შეგექმნათ წარმოდგენა, იმაზე თუ რას წარმოადგენს პისტოლეტი, რომელიც არ არის უსაფრთხო. ეს არის პისტოლეტი, რომელიც ისვრის სასხლეტზე დაჭერის გარეშე. მათ შორის პისტოლეტები, რომლებიც ისვრიან მიწაზე დავარდნისას. თუ გასროლა მოხდა სასხლეტზე დაჭერის შედეგად, მაგრამ მსროლელს გასროლა არ უნდოდა ეს არის მსროლელის შეცდომა და არა პისტოლეტის. იმიტომ, რომ პისტოლეტი იქმნება იმისთვის, რომ ისროლოს როდესაც სახლეტს აჭერენ.

როდესაც გლოკი პირველად გამოჩნდა ყველას აინტერესებდა, რამდენად საიმედოდ იჭერს sear დარმრტყმელს. ამიტომ გლოკმა გაიარა ყველაზე შთამბეჭდავი ვარდნის ტესტები ისტორიაში. გლოკს აგდბებდნენ სახლის სახურავიდან, ვერტმფრენიდან, თვითმფრინავიდან.  მაგრამ გასროლა არ ხდებოდა. არ ხდებოდა იმიტომ რომ გლოკი აღჭურვილია დამრტყმელის მცველით და ასევე სპეციალური drop safety-ით. უმეტესობა ადამიანს, რომელიც თვლის რომ კარგად იცნობს გლოკს, გაუჭირდება ახსნა, როგორ მუშაობს ეს მცველი და რა როლს ასრულებს. მაგრამ ის შექმნილია იმისთვის, რომ გამოირიცხოს დამრტყმელის გათავისუფლება დარტყმისგან და შესაბამისად გასროლა.

Trigger Mechanism Housing

სურათზე ისრით არის ნაჩვენები ღარი რომელშიც მოძრაობს sear-ზე შესრულებული ფარფლი. მისი დაწევა იმისთვის რომ მან გაათავისუფლოს დამრტყმელი, შესაძლებელია მხოლოდ მას მერე რაც სასხლეტის დაჭერის შემდეგ ის გაივლის გარკვეულ დისტანციას.  თუ ეს დისტანცია არ გაირა, sear ფიზიკურად ვერ დაიწევა. 

გარდა ამისა, გლოკი აღჭურვილია დამტყმელის მცველით. დამრტყმელის მცველი კეტავს დამრტყმელს და მხოლოდ სასხლეტზე დაჭერისას ხდება ორი რამე, ითიშება დამრტყმელის მცველი და sear გადის საკმარის მანძილს, რომ მიიღოს  დაწევის საშუალება და გაათავისუფლოს დამრტყმელი. 1903 წლის კოლტი, რომ ყოფილიყო აღჭურვილი დამრტყმელის მცველით, სტივენ მალოი დღეს ცოცხალი იქნებოდა. გლოკი ასევე აღჭურვილია მესამე, სასხლეტის მცველით, პატარა ღილაკი სასხლეტზე, რომელსაც უნდა დააჭიროთ რომ სასხლეტმა დაიწყოს მოძრაობა. დააჭერთ სასხლეტის ზედა ნაწილს ან გვერდიდან, ის ადგილიდან არ დაიძვრება.  ეს არის გლოკის სახელგანთქმული სამ კომპონენტიანი safe action სისტემა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ გლოკი არასდროს არ გაისვრის თუ არ დააჭირეთ სასხლეტს. თუ დააჭირეთ სასხლეტს და გლოკმა არ გაისროლა, ესეიგი ან გლოკი გაფუჭდა ან ვაზნა არის დეფექტური ან თქვენ უბრალოდ დაგავიწყდათ ვაზნის სავაზნეში მიწოდება. თუ თქვენ დააჭირეთ სასხლეტს, როდესაც არ გინდოდათ გასროლა, გლოკი არაფერ შუაში არ არის. ასე, რომ გლოკი მექანიკურად არის აბსოლუტურად უსაფრთხო პისტოლეტი. ეს არის ობიექტური ფაქტი.

მაგრამ, რა თქმა უნდა მითი და ჭორი ცარიელ ადგილას არ ჩნდება.  გლოკი იყო პირველი მასიურად გავრცელებული პისტოლეტი, შიდა დამრტყმელით (ანუ ჩახმახის გარეშე), რომლის პოპულარობა დაიწყო ამერიკის ბაზრის დაპყრობით და ეს მითიც ამერიკიდან მოდის. შეგახსენებთ, რომ სანამ გლოკი გამოჩნდებოდა ამერიკაში, ის მიღებულ იქნა შეიარაღებაში ავსტრიულ არმიაში 1982 წელს, ნორვეგიაში 1984 წელს, ცოტათი გვიან შვედეთში 1988 წელს. ამერიკაში გლოკის გაყიდვები დაიწყო 1984 წელს.  ყველა ეს არმიები იყო დაკომპლექტებული მათ შორის წვევანდელებით. მიუხედავად ამისა პრობლემები არ დაფიქსირდა, დღემდე ეს ქვეყნები აგრძელებენ გლოკის პისტოლეტების გამოყენებას.

რა გამოწვევები შეხვდა გლოკს ამერიკაში. დავიწყოთ იმით, რომ პოლიცია მიჩვეული იყო რევოლვერებს, გრძელი და მძიმე სასხლეტებით ორმაგ რეჟიმში, ასევე პისტოლეტებს გარე ჩახმახებით და ასევე ორმაგი/ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისგან, საცეცხლე მომზადება ამერიკის პოლიციურ დეპარტამენტებში არ იყო და არ არის ყველგან და ყოველთვის მაღალ დონეზე. ამიტომ ახალი პისტოლეტის გამოჩენამ წარმოშვა გარკვეული პრობლემები. შეგახსენებთ, რომ გლოკის სასხლეტის სვლა არ არის ისეთი გრძელი და მძიმე როგორც ტიპიურ რევოლვერში ან ორმაგი/ერთმაგი პისტოლეტის შემთხვევაში, რაც თეორიულად ზრდის დაუდევრობით გასროლის შანსს. პისტოლეტი უფრო მძიმე სასხლეტით უფრო გაპატიებთ შეცდომას ვიდრე პისტოლეტი შედარებით მსუბუქი სასხლეტით. მაგრამ ამოსავალი წერტილი იმაშია, რომ ჯერ უნდა მოხდეს მსროლელის მხრიდან შეცდომის დაშვება.

ყველა ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დაფიქსირდა რაღაც რაოდენობა გასროლების, რისი მიზეზიც იყო დაუდევრობა და ცუდი მომზადება.  თითქმის იგივე ფაქტორების გამო, მრავალი წლის შემდეგ იგივე სიტუაცია გამეორდა როდესაც ჩვენთან შეიარაღებაში მიიღეს ხორვატიული   HS9, რომელიც პრაქტიკულად გლოკის იდენტურია, მაგრამ დამატებით გააჩნია მცველი სახელურზე, რომელიც ითიშება როდესაც მსროლელი ხელს კიდებს სახელურს. ამ პისტოლეტის გამოჩენას მოყვა ტალღა დაუდევრობით გამოწვეული გასროლების შემთხვევების მათ შორის ლეტალური შედეგებით.

შეგახსენებთ, რომ გლოკი არ იყო ერთადერთი იარაღი, რომელმაც ასეთი პრობლემები გამოიწვია ამერიკულ პოლიციაში. გლოკის გამოჩენამდე, ამერიკის პოლიციურ სამსახურებს უკვე ქონდათ პრობლემები პისტოლეტებთან ერთმაგი მოქმედების რეჟიმით, რაც მიჩნეული იყო, როგორც განსაკუთრებულად სახიფათო პოლიციელებისთვის და გარდა ამისა,  იმ პირების (ვისაც პოლიციამ ესროლა) ზედმეტად მონდომებული ადვოკატები აპელირებდნენ სასამართლოში, რომ შეყენებული ჩახმახი მიუთითებდა პოლიციის წინასწარ განზრახვაზე ეჭვმიტანილის მოკვლის. ამის შედეგად პოლიციის სამსახურებმა დაიწყეს უარის თქმა პისტოლეტებში ერთმაგი რეჟიმით სროლის შესაძლებლობაზე და ასე გაჩნდა პისტოლეტების ახალი კლასი, მხოლოდ ორმაგი რეჟიმის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმებით. ჯეფ კუპერმა უწოდა ამას – იდეალური გადაწყვეტილება არარსებული პრობლემისთვის. ასეთმა პისტოლეტებმა დიდი გავრცელება ვერ ნახეს და სამოქალაქო მსროლელებში პრაქტიკულად საერთოდ არ სარგებლობენ მოთხოვნით ცხადი მიზეზის გამო, ზუსტი და სწრაფი სროლა ასეთი პისტოლეტიდან საკმაოდ რთულია და ბევრ პრაქტიკას მოითხოვს. სწორედ ამ დროს ჩნდება გლოკი, რომელიც იმის გამო რომ ყოველი გასროლის წინ ხდებოდა დამრტყმელის ბოლომდე შეყენება სასხლეტზე დაჭერით, კლასიფიცირებულ იქნა, როგორც მხოლოდ ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რამაც მას გზა გაუხსნა პოლიციური სამსახურებში და დღემდე გლოკებით არის შეიარაღებული სადღაც 65% ამერიკული პოლიციის.

სტანდარტული გლოკის სასხლეტის წონა შეადგენს სადღაც 2.5-დან 3 კგ-მდე. სასხლეტის წონა ორმაგი მოქმედების რეჟიმში ტიპიურ ორმაგი/ერთმაგი მოქმედების პისტოლეტში იწყება ალბათ სადღაც 5 კგ-დან.  გლოკის სასხლეტის სვლაც შედარებით მოკლეა. ბავშვს, რომელსაც ხელები მიუწვდა იარაღამდე მეტი შანსი ექნება დაძლიოს გლოკის სასხლეტი წინააღმდეგობა ვიდრე ვთქვათ Cz-75-ის სახლეტის. მაგრამ პისტოლეტის სასხლეტები არ კონსტრუირდება იმისთვის, რომ ბავშვმა ვერ შეძლოს მათი გამოყენება. იგივე ეხება მექანიკურ მცველებსაც.

გლოკისთვის მალევე გაჩნდა გაჩნდა სპეციალური დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები დამძიმებული სასხლეტებით, ცნობილი როგორც Glock  New York trigger (სულ ორი ტიპის ასეთი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმია ცნობილი). ბოროტი ხმები ამბობენ რომ ამით ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ცადა წვრთნის და მომზადების იაფი ჩანაცვლება, რაც არ არის ლოგიკას მოკლებული, ეს სამსახურ მსოფლიოში ყველაზე დიდი ცალკეული პოლიციური დეპარტამენტია სადაც 40 000-მდე პოლიციელი ირიცხება. სხვები თვლიან, რომ ამ მექანიზმის დანიშნულება იყო გლოკის სასხლეტი დამსგავსებოდა ტიპიური რევოლვერის სასხლეტს და NY-1-ის წონა შეადგენს დაახლოებით 3.7 kg-ს და NY-2-ის წონა აღწევს 5.5 კგ-ს.  საბოლოო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა და სათანადო მომზადება და წვრთნამ ეს პრობლემა გააქრო და გლოკთან მიამრთბეაში გაჩნდა ოქროს წესი, სიფრთხილე, მომზადება და კარგი ბუდე, რაც დამეთანხმებით მისაღებია ნებისმიერი იარაღისთვის და არა მარტო გლოკისთვის. ამის მერე, როგორც უკვე ვახსენე, გლოკი გახდა ყველაზე პოპულარული პისტოლეტი ამერიკის პოლიციაში, ამერიკის მოსახლეობაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში. დღეს ყველა სერიოზული პისტოლეტების მწარმოებელი უშვებს გლოკის საკუთარ ვერსიას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერნეტ ექსპერტებს სამიზნეში რატომღაც აქვთ მაინცდამიანც გლოკი ამოღებული. რატომ? იმიტომ, რომ ერთი ავტორის მოსაზრება, რომ გავიმეოროთ, გლოკმა გამოჩენისთანავე დაანგრია უამრავი დამკვიდრებული დოგმა, რომ პისტოლეტი უნდა იყოს მეტალის, ქონდეს ჩახმახი და ბევრი მცველი…. ბევრს ეს არ მოეწონა, ზოგს ჩემთვის ბოლომდე გაურკვეველი მიზეზებით ეს არ მოწონს დღემდე.

საგა “საშიშ” გლოკზე არ იქნებოდა სრული, რომ არ მოგიყვეთ კიდევ ერთ ნიუანსზე. გლოკს ვერ დაშლი, თუ დამრტყმელი შეყენებულია. დამრტყმელის დაშვება გლოკში შესაძლებელია მხოლოდ ერთი მეთოდით – სასხლეტზე დაჭერით. ბუნებრივია, რომ პისტოლეტის დაშლამდე და სასხლეტზე დაჭერამდე უნდა შეამოწმოთ ნებისმიერი იარაღი, მაგრამ ეს სასხლეტზე დაჭერის აუცილებლობამ განაპირობა რომ გარკვეულმა ადამიანებმა იარაღის დაშლის ნაცვლად ისროლეს. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი ამას არ დააბრალებს იარაღს, ალბათ გარდა იმ ადამიანებისა ვისთვისაც მანქანის სარკეებზე აწერენ გამაფრთხილებელ წარწერებს. არარსებული პრობლემის მოგვარების გზებიც გაჩნდა, და ზოგმა კომპანიამ შექმნა პისტოლეტები, რომელთა დაშლისთვის არ არის საჭირო სასხლეტზე დაჭერა, ან დაშლის პროცედურას ვერ დაიწყებ საკეტის გახსნის გარეშე.

ნებისმიერ შემთხვევაში, პროცესი პისტოლეტების დახვეწის მათ შორის მათი უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მეტ წილად არის პროდუქტიული. ცოტახანი გლოკს, რომ დავანებოთ თავი, მე მინდა თქვენი ყურადღება მიაქციოთ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ პროცედურას, რომელიც უფრო მეტ საფრთხეს ატარებს ვიდრე გლოკის დაშლა. მე ვგულისხმობ ჩახმახის დაშვებას ვაზნით სავაზნეში. ევოლუციის პროცესში, ჩახმახზე ჯერ გაჩნდა ნახევრად შეყენების ფუნქცია, რომელიც არ მიცემდა საშუალებას ჩახმახს მიწვდეს დამრტყმელს თუ თითი აგიცურდათ და ჩახმახი გაგექცათ (იმ პირობით რომ როგორც ამას წესი ითხოვს სასხლეტს თითი მოაცილეთ), შემდეგ გაჩნდა დამრტყმელის მცველი და დეკოკერი, უკანასკნელმა გამორიცხა ჩახმახის დაწევისთვის სასხლეტის გამოყენება, მართალია კონსტრუქციის გართულების ხარჯზე. საერთოდ  ჩახმახიანი პისტოლეტის რამდენმა პატრონმა იცის, როგორ დაუშვას ჩახმახი უსაფრთხოდ?

უნიკალურობა გლოკის დიზაინის გახლავთ იმაში, რომ პისტოლეტი თავიდანვე იყო შექმნილი მხოლოდ ერთი მიზნით, ის იქნებოდა აბსოლუტურად უსაფრთხო, სანამ მსროლელი არ დააჭერს სასხლეტს. ჩახმახი, დეკოკერი, მექანიკური მცველი არ გამოიყენება, ამიტომ პისტოლეტი არის მარტივი, ცოტა დეტალით და მისი ათვისება ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა მისი manual of arms ან თუ გნებავთ გამოყენების ფილოსოფია კარნახობს გარკვეულ შეზღუდვებს. ჩააგდო გლოკი ვაზნით სავაზნეში სავსე რიუკზაკში სხვა ნივთებთან ერთად არ არ იქნება კარგი იდეა. ატარო გლოკი ჯიბეში, ვაზნით სავაზნეში, ასევე არ იქნება კარგი იდეა. კარგი იდეა არ იქნება იაფი ბუდის გამოყენებაც. ყველაფერი ეს არ იქნება კარგი იდეა ასევე S&W M&P, Ruger SR, CZ P10, H&K VP9, Walther P99, Walther CCP და უამრავი სხვა პისტოლეტის შემთხვევაში. რატომ? თუ ეს სტატია ყურადღებით წაიკითხეთ, წესით ამის ახსნა აღარ უნდა დამჭირდეთ. რამდენად იგივე სიტუაციაში თავს უფრო დაცულად იგრძნობდით SiG Sauer P226-ით მე არ ვიცი. გყაავთ ბავშვი? ნუ ენოდბით მექანიკურ მცველს, გამოიყენეთ საკეტი ან უფრო უკეთესი, სეიფი, აუხსენით ბავშვს იარაღი და უსაფრთხო მოპყრობის წესები, როდესაც ამის დრო მოვა.  არ მოგწონთ გლოკის გამოყენების ასეთი ფილოსოფია? იყიდეთ სხვა პისტოლეტი, მექანიკური მცველით ან მძიმე ორმაგი მოქმედების სასხლეტით ან ორივეთი ერთად. მაგრამ გახსოვდეთ, მთავარი მცველი განლაგებულია მსროლელის ყურებს შორის. დაიცავით იარაღთან უსაფრთხო მოპყრობის წესები, იაზროვნეთ საღად და ყველაფერი კარგად იქნება.

პს

პასუხის გაცემა კითხვაზე, არის თუ არა გლოკი საშიში, შეიძლებოდა უფრო მარტივად, 2000 სიტყვიანი სტატიის დაწერის გარეშე. უბრალოდ იკითხეთ, გაისვრის თუ არა გლოკი თავისით თუ დაიცავით იარაღთან (ნებისმიერ იარაღთან) უსაფრთხო მოპყრობის წესები. პასუხი არის არა. ესეიგი გლოკი არ არის საშიში იარაღი. მაგრამ ეს იქნებოდა ჩემთვის ზედმეტად იოლი.



დატოვეთ კომენტარი