კვირის იარაღი – FN 1906

bb1

ევროპაში ზოგადად და ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულად ეს პატარა 6.35 კალიბრის პისტოლეტი ცნობილია, როგორც FN 1906 (FN – ბელგიური კომპანია, რომელიც უშვება ამ პისტოლეტს), ამერიკაში მას იცნობენ როგორც 1905 წლის მოდელს, იმ წლის მიხედვით როდესაც ჯონ ბრაუნინგმა დაარეგისტრირა პატენტი, ხოლო ამერიკაში მას ლიცენზიით უშვებდა კოლტი და ამ პისტოლეტს ერქვა 1908 წლის Colt Pocket Hammerless. ამ პისტოლეტს ასევე ეძახდნენ “ჟილეტის პისტოლეტს” უფრო სწორედ ამ პისტოლეტმა წარმოშვა ეს ტერმინი. იმ დროს ჯენტლმენის გარდერობის ნაწილს წარმოადგენდა ჟილეტი ორი პატარა ჯიბით, მონეტებისთვის და ჯიბის საათისთვის, ხოლო პატარა ბრაუნინგი უპრობლემოდ ეტეოდა ასეთ ჯიბეში.  როგორც ყველა ბრაუნინგის იარაღი, 1906 წლის მოდელიც, გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით, ადვილად იშლებოდა და საიმედოდ მუშაობდა. მასში გამოყენებული ავტომატური მცველი უზრუნველყოფდა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტარებას ვაზნით სავაზნეში. იმის გამო რომ პისტოლეტს არ გააჩნდა ჩახმახი, ხოლო გარედან ყველა მისი კუთხე იყო გადამრგაველბული, პისტოლეტის ჯიბიდან ამოღება და პირველი გასროლის წარმოება იყო ძალიან მარტივი. კალიბრი 6.35 შექმნა ამერიკული Union Metallic Cartridge-ის უილიამ მორგან ტომასმა, ჯონ ბრაუნინგის თხოვნით, სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის. ბრაუნინგის ჩანაფირით, ორ ინჩიანი ლულიდან გასროლილ 6.35 კალიბრის ტყვიას, უნდა ქონოდა იგივე ენერგია, რაც .22lr კალიბრის ტყვიას უფრო გრძელლულიან იარაღში.  6.35×16mmSR (ამერიკული დასახელება .25 ACP) ნიშნავს, რომ 16მმ სიგრძის მასრას აქვს კიდე, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე უფრო დიდია. ასეთი კონსტრუქციის მიზეზი ჩემი აზრით ის იყო, რომ სავაზნის დამზადება ასეთი ვაზნისთვის უფრო ადვილია, როდესაც ვაზნის განლაგება სავაზნეში სრულდება მასრის კიდეს გამოყენებით. ამასთანავე ვაზნა არის ცენტრალური აალების და ამაალებლის გამოყენების კვალობაზე 6.35მმ იყო ყველაზე მცირე ზომის მასრა, რომლის გამოყენებაც ტექნიკურად იყო შესაძლებელი. ამასთანავე მასრაზე შესრულებული წრიული ღარი უადვილებს სამსახურს ექსტრაქტორს. ცენტრალური აალების სქემის და გარსით დაფარული ტყვიის გამოყენებამ ასევე განაპირობა პისტოლეტის მაღალი საიმედოობა გვერდითი აალების ვაზნასთან შედარებით, რომელიც იყენებდა რბილი ტყვიისგან დამზადებულ ჭურვს.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტები წარმოებული კოლტის და FN-ის მიერ, სარგებლობდნენ ძალიან დიდი პოპულარობით. პირველმა გამოუშვა ნახევარი მილიონი, ხოლო მეორემ მილიონზე მეტი პისტოლეტი. ასევე უამრავმა სხვა მწარმოებელმა გამოუშვა მილიონობით ამ პისტოლეტის კოპია და მოდიფიკაცია, ხოლო მათი უმეტესობა რქ თქმა უნდა მოდის ესპანეთის პროვინცია ეიბარზე, სადაც უმრავი წვრილი მწარმოებელი უშვებდა ამ პისტოლეტის უამრავ ნაირსახეობას. ამის გამო ეს პისტოლეტი, ამა თუ იმ შესრულებით, არც ისე იშვიათად გვხვდება საქართველოშიც. მე თავის დროზე, ძალიან დიდი ხნის წინ, გამიმართლა და ჩემ ხელში აღმოჩნდა ორიგინალური ბელგიური ბრაუნინგი თანაც იდეალურთან ახლო მდგომარეობაში. 6 ვაზნიანი 350 გრამიანი პისტოლეტი მიუხედავავდ ასაკისა იდეალურად მუშაობდა, იყო საკმაოდ ზუსტი მიუხედვად წვრილი/რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობებისა. ჩემი პისტოლეტი ასევე აღჭურვილი იყო მექანიკური მცველით, რომელიც გაჩნდა ბელგიურ პისტოლეტებზე 1909 წელს, ხოლო კოლტის პისტოლეტი თავიდანვე იყო აღჭურვილი ასეთით. ბელგიური პისტოლეტები მექანიკური მცველით განეკუთვნებიან ე.წ. მეორე ტიპის 1906 წლის ბრაუნინგებს. ამ პისტოლეტმა ასევე ერთხელ დამიცვა სერიოზული ხიფათისგან, რომელზეც ადრე თუ გვიან მე აუცილებლად მოგიყვებით.

Baby-Browning-22

პისტოლეტს ჯერ არაფორმალურად ხოლო 30-ნი წლებიდან ოფიციალურად ერქვა “ბები-ბრაუნინგი”. სურათზე არის კიდე უფრო კომპაქტური და მსუბუქი (270 გრ)  1931 წელს წარმოებაში გაშვებული “ბები-ბრაუნინგი”, რომელზეც მუშაობდა დიდიე საივი. 

დღევანდელი სტანდარტებით, არც 6.35 არ არის დამკმაყოფილებელი და არც 6 ვაზნიანი ტევადობა არ არის საკმარისი, მაგრამ ბრაუნინგები დღემდე გამოდის. FN-მა შეწყვიტა მათი წარმოება 70-ნი წლების ბოლოლმდე და მოკლე ვადით უშვებდა საფრანგეთში 80-ან წლებამდე, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. რიგი კომპანია დღემდე უშვებს 1906 წლის ბრაუნინგს, აქიდან ამერიკული PSA, Inc. უშვებს “ბები ბრაუნინგის” პრაქტიკულად ზუსტ და თანაც მაღალი ხარისხის ასლებს. მიუხედავად თავისი მოკრძალებული მაჩვენებლებისა, 1906 წლის ბრაუნინგი არის იარაღების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი “ცოცხალი” წარმომადგენელი და ერთგვარი მტკიცებულება ჯონ ბრაუნინგის გამორჩეული ნიჭის.



დატოვეთ კომენტარი