კვირის იარაღი – A-Square Hannibal

408

სათაურის წაკითხვის მერე შეიძლება იფიქროთ, რომ ამ იარაღის შესახებ არაფერი აქამდე არ გსმენიათ და არასდროს არ გინახავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ უმეტესობას ვინც ამ სტატიას კითხულობთ ეს იარაღი ბევრჯერ გაქვთ ნანახი. ნანახი ვიდეოში, რომელიც წლებია დევს ინტერნეტში, სადაც არაბი ტურისტები, დახურულ ტირში ისვრიან შაშხანას და ხდებიან მისი ძლიერი უკუცემის მსხვერპლი. შაშხანა, რომლიდანაც ისინი ისვრიან (რამდენადაც მე შევძელი ამის გარკვევა) არის კომპანია A-square-ის დამფუძნებლის და მფლობელის არტურ ალფინის ქმნილება.  არტურ ალფინის ისტორიის მოყოლა საერთოდ ცალკე სტატიას და ალბათ წიგნს იმსახურებს, ამიტომ მოკლედ, რომ მოგიყვეთ, არტურ ალფინი არის ყოფილი სამხედრო, იარაღების და ბალისტიკის ექსპერტი, კონსტრუქტორი და აფრიკული ნადირობის დიდი მოყვარული. ეს ძლიერი შაშხანა მან შექმნა 1993 წელს სპეციალურად გამცილებლებისთვის, რომლებიც დაყვებოდნენ კლიენტებს სახიფათო აფრიკულ ნადირობებზე. გამცილებლის ფუნქცია მოგეხსენებათ არის ასევე კლიენტის დაცვა განრისხებული ცხოველისგან, რომელიც არ დაეცა პირველი გასროლისგან. თავდაპირველი დამკვეთი ნამიბიიდან, სწორედ ასეთ სიტუაციაში ჩავარდა, როდესაც მისმა კლიენტმა ესროლა სპილოს ორლულიანი .460 კალიბრის შაშხანიდან და მოარტყა სპილოს ეშვში და ფეხში, რის შემდეგაც თავს გაქევით უშველა, ხოლო გამცილებელს მოუწია გაცოფებული სპილოს მოგერიება.  ამიტომ მან მოითხოვა უფრო ძლიერი იარაღი ვიდრე აქამდე ოდესმე ვინმეს შეუქმნია, თანაც მას უნდა ქონოდა განმეორებითი გასროლების წარმოების შესაძლებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ არტურ ალფინს ასევე ეკუთვნის მრავალი კალიბრის კონსტრუქცია, შექმნილი სპეციალურად აფრიკული ნადირობისთვის, ამიტომ მან შექმნა ახალი, ზე-მძლავრი ვაზნა 76მმ სიგრძის მასრით და .585 კალიბრის (14.9მმ) 50 გრამიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე 23 ინჩიანი ლულიდან შეადგენდა 750 მ/წ-ს. ამის წყალობით ტყვიის ენერგია აღწევდა ძნელად დასაჯერებელ 14 000 ჯოულს (თითქმის 7-ჯერ უფრო მეტი ვიდრე 7.62х39-ის ენერგია). ვაზნის სახელი შეესაბამებოდა მის მონაცემებს: .577 “ტირანოზავრი”. თუ საკითხში კარგად ერკვკევით, უნდა იცოდეთ რომ აფრიკული ნადირობებისთვის უკვე არსებობდა მძლავრი ვაზნები ანალოგიური და უფრო დიდი კალიბრისაც, გამოწვევა, რომელიც იდგა არტურ ალფინის წინ მდგომარეობდა იმაში, რომ მას უნდა შეექმნა ვაზნა რომელიც გამოდგებოდა შაშხანაში გრძივად მოძრავი საკეტით ხოლო მანამდე ანალოგიური სიმძლავრის ვაზნები შექმნილი იყო ე.წ. “ექსპრესებისთვის”, ცალ ან ორლულიანი “გადასატეხი” შაშხანებისთვის. ახალი ვაზნა ამიტომ იყო ქიმურას (rim) გარეშე, რაც უზრუნველყოფდა მის უპრობლემო და საიმედო მიწოდებას მჭიდიდან სავაზნეში. ბაზად ახალი იარაღისთვის აღებული იქნა “ჰანიბალის” შაშხანა, რომელიც იყენებს 1917 წლის ენფილდის სქემას, რომელიც საკმარისად გამძლეა და საკეტს აქვს საკმარისი სიგრძის სვლა. ძლიერ უკუცემას ამცირებს კონდახში ჩაყენებული სამი უკუცემის შემცირების მექანიზმი ვერცხლისწყალით.  რა თქნა უნდა შაშხანის ყველა მექანიზმი არის გაძლიერებული, იარაღის მჭიდი მზადდება ფოლადის ფილების შედუღებით. შემდეგ ხდება მისი მონტაჟი რესივერში და დამატებით გამყარება შედუღებით. ეს ყველაფერი იმისთვის, რომ ძლიერმა უკუცემამ არ დააზიანოს მჭიდი, არ გაააძროს ის შაშხანას და მიწოდება ყოველთვის იყოს საიმედო. ბუნებრივია იარაღის ყველა ელემენტი მზადდება მწარმოებლის მიერ, რაც ერთგვარი გარანტია არის ხარისხის და საიმედოობის. ცხადია ეს ყველაფერი ვერ იქნებოდა იაფი. თითო ვაზნის ფასი მერყეობს 50 დოლარიდან 125 დოლარამდე. შაშხანა ყველაზე სტანდარტული შესრულებით თავდაპირველად ღირდა 4000-4500 დოლარი. მას მერე რაც A-square-მა 2011 წელს შეწყვიტა არსებობა, შაშხანების ფასიც წესით უნდა გაზრდილიყო.

ვიღაცა იტყვის, რომ რა აზრი აქვს ამ კალიბრს და შაშხანას, როდესაც არსებობს .50BMG, მაგრამ თავად დაფიქრდით, უკანასნელის მთლიანი სიგრძე 136მმ-ია, ხოლო .577-ის მხოლოდ 94.2 მმ. ამის წყალობით .577 კალიბრის A-square Hannibal მიუხედავად მძლავრი კალიბრისა, იწონის სადღაც 6 კილოგრამს ხოლო მისი სიგრძე დაახლოებით 110სმ-ია. ანუ იარაღი არის შედარებით კომპაქტური, მანევრირებადი და მისი თრევა საფარიზე არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. უკუცემა სხვა საკითხია, მაგრამ გამოცდილ მსროლელს არ ექნება მისი მოთვინიერების პრობლემა რაც ხსენებულ ვიდეოში (თუ სრულ ვერსიას ბოლომდე უყურებთ) დასტურდება კიდევაც.

maxresdefault

მხოლოდ არაპროპორციულად სქელი ლულით მიხვდებით, რომ თქვენ წინ არა მორიგი უბრალო “ბოლტია” არამედ ზე-მძლავრი შაშხანა.  ასეთ ფორმატში ჩაატიო .50BMG უბრალოდ შეუძლებელია.



დატოვეთ კომენტარი