რეზინის ტყვიებზე

ჩემი აზრით პოლიციამ ნებაყოფლობით და ცალმხრივად უნდა თქვას უარი რეზინის ტყვიების გამოყენებაზე მანიფესტაციების დასაშლელად და შევეცდები ავხსნა რატომ.

მე ადრე უკვე ძალიან მოკლედ მოგიყევით რა შეცდომები იქნა დაშვებული სპეციალური საშუალებების შეიარაღებაზე მიღებისას, რასაც წინ უძღვოდა შესაბამისი ცვლილებები კანონში პოლიციის შესახებ. მოგეხსენებათ პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს მხოლოდ იმ საშუალებები, რაც განსაზრღვრულია ამ კანონში. პირველი შეცდომა ჩემი აზრით იყო ის, რომ არ მოხდა გამიჯვნა ნაკლებად-ლეტალური და არა-ლეტალური საშუალებების. გასაგებია, რომ ნებისმიერ ძალის გამოყენებისას, იქნება ეს რეზინის ტყვია თუ წიწაკის აეროზოლი, შეიძლება მოყვეს სიცოცხლის მოსპობა, მაგრამ ეს მოხდება არა იმიტომ, რომ წიწაკის სპრეი კლავს, არამედ იმას, რაც მოყვება სპრეის გამოყენებას, მაგალითად ალერგიული რეაქცია ან ადამიანი დროებით დაკარგავს მხედველობას, სადღაც გადაიჩეხება და მოკვდება. წიწაკის სპრეი იქნება მხოლოდ ერთი ფაქტორი (contributing factor), რასაც მოყვება სიცოცხლის მოსპობა. ნაკლებად-ლეტალური იარაღი, რომელიც იყენებს კინეტიკურ ენერგიას უკვე სულს სხვა თემაა. რეზინის ტყვიები, ე.წ. bean bag-ები და სხვა ტიპის ჭურვები იყენებენ კინტიკურ ენერგიას იმისთვის, რომ მიაყენონ ძლიერი დარტყმა სამიზნეს, რაც გამოიწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და ამით აიძულონ მას შეწყვიტოს აგრესიული ქმედებები ან არ მისცემს მას საშუალება შეაღწიოს იქ სადაც პოლიციას არ სურს რომ მან შეაღწიოს. ამ შეცდომას მოყვა სხვაც, რომლებიც უკავშირდება ამ საშუალებების შეიარაღებაში მიღებას და გამოყენების ტაქტიკის შემუსავებას, რამაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე სადაც ვართ, მაგრამ მანამდე მოდით გავერკვიოთ საერთოდ რას წარმოადგენს რეზინის ტყვია.

rubbul

როგორც ჩანს თბილისში მასობრივად იქნა გამოყენებული 12 კალიბრის რეზინის კარტეჩი და რეზინის სლაგები. რა თქმა უნდა ეს არ იყო პირველი შემთხვევა ასეთი საშუალებების საქართველოში გამოყენების. 

რეზინის ტყვია პრაქტიკულად დისტანციურად ხელკეტით დარტყმის ტოლფასია, ანუ ფიზიკური ძალის გამოყენებით გვინდა რომ ვაიძულოთ ადამიანს დაემორჩილოს პოლიციის მოთხოვნებს. მაგრამ ერთი ნიუანსით, ახლო მანძილიდან ნასროლი რეზინის ტყვია თავში გამოიწვევს (დიდი ალბათობით) სიკვდილს ან მძიმე დაზიანებას, რომელიც პერმანენტულ ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას., თუმცა ხელკეტის ჩარტყმა საკმარისი ძალით ყელში მაგალითად ასევე შეიძლება იყოს სასიკვდილო.  მიზეზი ამისა არის ასეთი ჭურვების ზომა, ენერგია და ის ფაქტი რომ ენერგიის კონცენტრირებულად გამოყენება ხდება სხეულის მცირე ფართობზე (ვიდრე ხელკეტის), რაც განაპირობებს გამჭოლ ჭრილობებს, ახლო მანძილიდან სროლისას, როდესაც ჭურვის ენერგია ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. ბუნებრივია, რომ სმუბუქი ჭურვი მალე კარგავს სიჩქარეს და ენერგიას ამიტომ, თუ 10 მეტრამდე მას შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ჭრილობის მიყენება, 30 მეტრის ზევით მისი ეფექტი რადიკალურად მცირდება და ზამთრის ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანის წინააღმდეგ შეიძლება საერთოდ არ იყოს ეფექტური.

უფრო დეტალურად ავხსნი სიჩქარეზე, ენერგიაზე და დაზიანებებზე. საწყისი სიჩქარით შეზღუდვა (თავიდან შემოთავაზებული, რამდენიმე ორგანზიაციის მიერ) იყო არალოგიკური და აზრს მოკლებული. პირველ რიგში საწყისი სიჩქარე არ განაპირობებს დაზიანების მოცულობას. ის მხოლოდ ერთი ფაქტორია მრავლიდან. დაზიანებას განაპირობებს ჭურვის ენერგია (რომელიც ტოლია ჭურვის მასისა და სიჩქარის კვადრატის ნახევრის), ასევე ჭურვის კონსტრუქცია და ის თუ როგორ ხარჯავს ჭურვი ენერგიას. ასე მაგალითად თურუქლი მწარმოებლის “სტერლინგის” რეზინის ჭურვს (“სლაგს”) აქვს სიჩქარე 275 მ/წ-ში და მასა 16 გრამი, რაც ნიშნავს რომ მისი საწყისი ენერგია არის 605 ჯოული, ბუნებრივია გასროლის შემდეგ, დისტანციის დაფარვისას მისი სიჩქარე და შესაბამისად ენერგია მცირდება. “სტერლინგის” მიხედვით ეს ვაზნა განეკუთვნება ნაკლებად-ლეტალურ საშუალებებს. შედარებისთვის 7.62X39 კალიბრის ტყვიის (გამოიყენება АК-47 ტიპის იარაღებში) ენერგია არის 1600 ჯოული. ნიშნავს ეს რომ დაზიანების თვალსაზრისით “აკ”-დან ტყვია თითქმის სამჯერ უფრო ძლიერია ან “სტერლინგის” “სლაგი” სამჯერ უფრო სუსტია? რა თქმა უნდა არა. იმიტომ რომ მაგალითად “სტერლინგის” რეზინის “სლაგს” აქვს მეტი დიამეტრი, რაც ნიშნავს რომ ენერგიის გადანაწილება ხდება სამიზნის უფრო დიდი ფართობზე, და ასევე ის უფრო რბილია, რაც ნიშნავს, რომ  ენერგიის ნაწილი დაიხარჯება ამ რეზინის ჭურვის დეფორმაციაზე, როდეაც ის მოხვდება წინაღობას. ყველაფერი ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ შემცირდეს მისი ქსოვილებში შეღწევის უნარი.   მაგრამ! არის მნიშვნელოვანი ნიაუნსები, რეზინის ჭურვი ინარჩუნებს მასას (არ ხდება მისი დაშლა რაზეც ასევე იხარჯება ენერგია). ჭურვი რომელიც არ იშლება ინარჩუნებს შეღწევის მაღალ უნარს.  თუ საწყისი ენერგია საკმარისია რომ მოხდეს შეღწევა ქსოვილებში სანამ ენერგია არ დაეცემა ეს შესაძლებლობა იქნება შენარჩუნებული, რაღაც მანძილის შიგნით რაც განაპირობებს სერიოზული დაზიანების მიყენების შესაძლებლობას, რომელმაც მათ შორის შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. სწორედ ამიტომ “სტერლინგი” თავის საიტზე წერს, რომ 10 მეტრამდე სროლისას ეს ჭურვი ლეტალური შეიძლება იყოს და მისი გამოყენება ადამიანების წინააღმდეგ არ დაიშვება!

update (04.07.19): გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ეს ვაზნები დიდიხანია ინახება საწყობში (2012 წლიდან). ზუსტად არ ვიცი ამ ინფორმაციის გაჟღერებას რა მიზანი ქონდა, ტყვიაწამალს, როგორც ასეთს შენახვის ვადა არ გააჩნია. თუ პირობები დაცულია ტყვიაწამალი იანრჩუნებს ეფექტურობას მრავალი ათწლეული, თუ შენახვის წესები დაცული არ არის ტყვიაწამალი შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს რამდენიმე კვირაში. აღსანიშნავია, რომ შენახვის წესების არ დაცვას მოყვება ვაზნის საბრძოლო თვისებების შემცირება და არა პირიქით, იმიტომ რომ დეგრადირებს დენთის მუხტი, ვაზნის ყველაზე სენსიტიური კომპონენტი. მაგრამ რეზინის ტყვიების შემთვევაში საქმე შეიძლება გვქონდეს სხვა რამესთან. წლების განმავლობაში რეზინა, (რომლისგანაც მზადდება ჭურვები) კარგავს ელასტიურობას და შეიძლება გამოშრეს/გამაგრდეს, შესაბამისად ასეთი მასალისგან დამზადებული ჭურვის უნარი წინაღობაში გავლის რადიკალურად გაიზრდება, რაც ზრდის გამჭოლი ჭრილობების მიყენების ალბათობას. რამდენად ეს მოხდა სინამდვილეში უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ.

მაღალტექნოლოგიური ნაკლებად-ლეტალური ჭურვები, მაგალითად ბელგიური პნევმატური ლაუნჩერისთვის “FN303″, გათვლილია ფრაგმენტაციაზე (დაშლაზე მოხვერდისას), რაც შედარებით დაბალ ენერგიასთან ერთად (სულ რაღაც 30 ჯოული) პრაქტიკულად გამორიცხვას შეღწევას ქსოვილებში (ღრმას ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჭურვი ფრაგმენტაციისას კარგავს მასას/ენერგიას, ენერგია შეღწევის ნაცვლად იხარჯება ჭურვის დაშლაზე), მაგრამ რაზეა საუბარი თვალში მოხვედირსას ტრავმა მაინც იქნება მძიმე და მოხდება თვალის დაკარგვა. rule of thumb პოლიციისთვის არის მარტივი, კინეტიკურ იარაღს არ იყენებენ ისეთ ადგილებზე ზემოქმედებისთვის, როგორიც არის ყელი, თვალი, თავი ზოგადად, იმიტომ, რომ მძიმე/სასიკვდილო დაზიანების რისკი მკვეთრად მატულობს. რეალობაში საქმე ბევრად რთულად არის.

fsfsdf67832

მე-20 საუკუნის დასაწყისში წვრილი საფანტი განიხილებოდა როგორც მიტინგების კონტროლის საშუალება. დღევანდელი სტანდარტებით, მათი გამოყენება მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ წარმოუდგენელია მაგრამ იმ დროს ეს დიდი პრობლემას არ წარმოადგენდა.  

ჩემი აზრით FN303-ის ეფექტურობა მიიღწევა შედარებით სუსტი ჭურვების მასირებული გამოყენებით, ერთი ჭურვს კაცი აიტანს, მაგრამ როდესაც დროის მცირე ინტერვალში ასეთი ჭურვების სეტყვის ქვეშ მოყვები ეს აგიძულებს გაიქცე და ეძებო თავშესაფარი ან უბრალოდ დაემორჩილო პოლიციის მოთხოვნებს. მეორესმხრივ რეზინის ტყვიების გამოყენება ხდება იარაღებიდან მექანიკური გადატენვით და ეფექტი მიიღწევა ერთი ჭურვის მოხვედრით, ამიტომ ეს ჭურვია ძალიან მაღალი ენერგიით არის, რაც შესაბამისად პირდაპირ პროპორციულად ზრდის მძიმე ჭრილობების მიყენების ალბათობას.  არის ეკონომიკური ფაქტორიც.  მოგეხსენებათ არა-ლეტალურ საშუალებებს ბევრი მწამოებელი უშვებს, ბევრი ქვეყნიდან და როგორც წესი სათანადოდ გატესტილი, რთული მოწყობილობის მქონე (როგორც ხსენებული FN-ის პნევმატური ლაუნჩერები) საშუალებები და მათი ამუნიცია საკამოდ ძვირი ღირს. რეზინის ჭურვებით დატენილი 12 კალიბრის ვაზნა არ განეკუთვნება მაღალტექნოლოგიურ საშუალებებს, მაგრამ სამაგიეროდ იაფია. გლუვლულიანი თოფის ფასი 500-700 ლარია, ერთი ვაზნის სადღაც მაქსიმუმ ორ ლარამდე. შედარებისთვის ხსენებული FN 303 ათასი დოლარი ჯდება. მას ასევე ჭირდება სპეციალური ამუნიცია და კომპრესორი, რომელიც დატენის ჰაერის ავზს, რაც დამატებითი ხარჯია.

Image result for FN303

FN 303 და მისი ჭურვები.  ჭურვები შეიძლება იყოს კომბინირებული ეფექტის, ფერადი მარკერით ან წიწაკის ფხვნილით. ჭურვები სპეციალურად შექმნილია იმისთვის რომ მინიმუმამდე დაიყვანოს გამჭოლი ჭრილობის მიყენების რისკი.  მწარმოებელი კრძალავს დამიზნებას ყელში და თავში. 

სოციალურ ქსელებში დაიდო ტომოგრამის სურათი სადაც ადამიანს მოხვედრილი აქვს სახეის არეში 6 ბურთულა, აქიდან ჩანს რომ სამმა ბურთულამ დაიკავა ის ადგლი სადაც თვალი იყო, ხოლო სამი მოხვედრილია ღაწვის ძვლის და ზედა ყბის მიდამოებში. ერთმა ბურთულამ გატეხა კიდევაც ღაწვის ძვალი. როგორც ჩანს ადამიანს ესროლეს რეზინის კარტეჩი. რეზინის კარტეჩის მუხტი შედგება 9 რეზინის ბურთულასგან აქიდან 6 მოხვდა ადამაინს, რეალურად შეიძლება მეტიც მოხვდა, მაგრამ დანარჩენმა ვერ შეძლეს შეღწევა. კარტეჩის სროლისას, დისტანციის ყოველი ერთი მეტრი ზრდის გაფანტვის რადიუსს 2.5 სმ-ით. გარდა ამისა კარტეჩის მასა მცირეა და შესაბამისად ის სლაგზე ბევრად უფრო მალე კარგავს ენერგიას, შესაბამისად დაზიანების მიყენების უნარსაც. იმ შეჯგუფებით რაც სურათზეა და ასეთი შეღწევით/დაზიანებებით, ამ კაცს სავარაუდოთ ესროლეს თავში 4-6 მეტრიდან. შედეგიც რა საკვირველია მძიმე დადგა. ადამიანი მართვად სუნთქვაზე და იბრძვის სიცოცხლისთვის, მისი ცხოვრება ალბათ არასდრო არ იქნება ისეთი, როგორც საბედისწერო გასროლამდე.

ვიდეო მასალები და ტომოგრამები საკმარისი სამხილებია, რომ მიხვიდეთ მარტივ დასკვნამდე. იარაღი გამოყენებულ იქნა რბილად, რომ ვთქვათ არაპროფესიონალურად, დანარჩენი კომპეტენტურმა უწყებებმა დაადგინონ. როგორც მინიმუმ ფაქტია, რომ დაირღვა ამ საშუალებების მწარმოებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა. “სტერლინგის” საიტზე პირდაპირ წერია: “Shooting less than 10 meters may present a threat of serious or fatal injuries. Do not use against human from this distance.”.  ეხლა რატომ მოხდა ეს, სპეციალურად, ცალკეული ოფიცრების მიერ, თუ მასიურად იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომლებს არ აუხსნეს რა საშუალებები მისცეს, უნდა დაადგინოს გამოძიებამ.

201.12.RTEK

“სტერლინის” წარმოების ნაკლებად ლეტალური ვაზნა, წარმოადგენს 12 კალიბრის ვაზნას სადაც ჭურვის როლს ასრულებს რეზინის “სლაგი”. ამ ვაზნების სროლისას უკუცემა არის მინიმალური, რაც შეიძლება მსროლელს შეუქმნას მცდარი შთაბეჭდილება რომ ნასროლი ჭურვი არ არის ძალიან სახიფათო.

ტექნოლოგიები არ დგას ერთ ადგილას და რა თქმა უნდა არ წყდება მცდელობები გადაწყვიტონ ლეტალურობის პრობლემა და შექმნან ნაკლებად-ლეტალური ჭურვები, რომლებიც ერთნაირად ეფექტური იქნება გამოყენების მანძილების მთელ დიაპაზონში და ამავე დროს გამორიცხავს გამჭოლი ჭრილობის მიყენების შესაძლებლობას. ასეთი ჭურვებია მაგალითად Safariland-ის Blunt Impact Projectile (BIP). ეს ჭურვი იყენებს გელის დეფორმირებად თავს, რომელიც აკონტროლებს ენერგიის დონეს, რომელიც გადაეცემა სამზინეს და ასე გამორიცხავს გამჭოლი ჭრილობის მიყენებას. რა თქმა უნდა მათი ღირებულება ბევრად აღემატება რეზინის ტყვიის ფასს.

რა უნდა მომხდარიყო იმისთვის, რომ ასეთი მძიმე შედეგი არ დამდგარიყო? პირველ რიგში კანონში თავიდანვე ან თუნდაც რაიმე სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში უნდა გასაგებად ყოფილიყო განმარტებული, რას ნიშნავს არა-ლეტალური და ნაკლებად-ლეტალური საშუალებები და რომ რეზინის ტყვიები და სხვა კინეტიკური ენერგიის გადაცემის პრინციპზე მომუშავე საშუალებები, განეკუთვნებიან ნაკლებად-ლეტალურ და არა არა-ლეტალურ საშუალებებს, რაც უკვე საკმარისი იქნებოდა რომ პოლიციელებს გაქრობოდათ ამ საშუალებების უგუნური გამოყენების სურვილი. შესაბამისად უნდა გაწერილიყო ზუსტად რა გარემოებების დადგომისას ხდება ამ საშუალებების გამოყენება.  უნდა ჩამოყალიბებულიყო კონტროლის მექანიზმები, რომელიც თუნდაც მნიშვნელოვნად შეამცირებდა ამ იარაღის არასანქცირებულ გამოყენებას, ან გამოყენებას წესების დარღვევით. მხოლოდ იმ პოლიციელებს უნდა გადაცემოდათ ეს იარაღი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი მომზადება და კარგად ესმოდათ ამ იარაღის შესაძლებლობები. მკაფიო ინსტრუქციების, ტრენინგების და ზედმახედველობის გარეშე, პოლიციის მიერ ყოველთვის ხდება ამ საშუალებების ბოროტად გამოყენება, მათ შორის წამებისთვისაც და ეს არ არის მარტო ჩვენი პოლიციის პრობლემა. ამ პრობლემის არსებობას აღიარებენ ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც.

როდის ხდება ნაკლებად-ლეტალური საშუალებების გამოყენება? მოლოდ განსაკუთრებულად აგრესიული პიროვნებების წინააღმდეგ, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, იმიტომ რომ რისკი მძიმე ჭრილოებბის მიყენების მაღალია და ასეთ რისკზე წასვლა უნდა იყოს გამართლებული! ჩემი პირადი და სუბიექტური აზრით ის, რაც მე ვნახე ვიდეო კადრებზე (სროლა ახლო მნაძილიდან არააგრესიულ ადამიანებზე, მათ შორის სროლა ახლო მანძილიდან თავში)  ჩემი აზრით არის გაეროს 1984 წლის წამების წინააღმდეგ კონვენციის პირდაპირი და უხეში დარღვევა, რაც ჩემი აზრით უნდა გახდეს სასამართლოში განხილვის საგანი და დაზარალებულებმა უნდა მიიღონ სრული კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

არსებობს რამე სტატისტიკური კვლევა, რომელიც დაადგენდა რამდენად საშიშია ასეთი ტყვიების გამოყენება? მე ვიპიოვე მხოლოდ ერთი გამოქვეყნებული 2017 წელს. კვლევის შედეგად დადგინდა  1984 ადამიანი, რომლის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული ასეთი ტყვიები. აქიდან 53 გარდაიცვალა,  71%-მა მიიღო “მძიმე” ჭრილობები. 300 ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის პერმანენტული დაზიანება. გარდაცვლილების 48%-მა და პერმანენტული ზიანის მიღებული ადამიანების 87%-ს ჭრილობები ქონდათ თავის და კისრის არეში. სამწუხაროდ, რამდენადაც მე დავადგინე, უბრალოდ არავინ არ აწარმოებს სტატისტიკას თუ რეალურად რა ზიანი მოყვება რეზინის ტყვიების გამოყენებას და რაც უფრო უარესია არც საერთაშორისო ორგანიზაციების და არც ხელისუფლებების მიერ მიღებული დოკუმენტები პრაქტიკულად არაფერს არ განმარტავენ როდესაც საქმე ეხება ძალის გამოყენებას მასობრივი არეულობის დროს. თავისთავად ღიად რჩება საკითხი, თბილისში რაც მოხდა საერთოდ თუ კვალიფიცირდება, როგორც მასობრივი არეულობა და რამდენად აუცილელებელი იყო ასეთი საშუალებების გამოყენება.   ევროპის ყველა ქვეყანაში რეზინის ტყვიების გამოყენება მკაცრად რეგლამენტირებულია და სერიოზულად შეზღუდულია. როგორც წესი მათი გამოყენება ხდება უკიდურეს შემთხვევაში. ნიუ იორკში, კატალონიაში მაგალითად რეზინის ტყვიები საერთოდ აკრძალულია. იმ დოკუმენტების გადახედვამ, რომლებიც აღწერენ რა დროს შეიძლება რეზინის ტყვიების გამოყენება (ევროპული ქვეყნების) მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი გამოყენება დასაშვებია იგივე შემთხვევებში რა დროსაც გამოიყენება ლეტალური იარაღი მაგრამ ლეტალური შედეგი არ არის სასურველი. ასევე მთელი რიგი ნორმების აწესებს მკაცრ მოთხოვნებს და შეზღუდვებს იმათ მიმართ ვინც ავტორიზებულია გამოიყენოს რეზინის ტყვიები. ასეთი პრაქტიკა თავისთავად გამორიცხავს ქუჩებში, გაქცეულ ადამიანებზე “რეკრეაციულ” ნადირობას რეზინის ტყვიების გამოყენებით.

ეხლა რა უნდა გაკეთდეს? იდეალურ ვარიანტში უნდა მოხდეს ძალის გამოყენების წესების სერიოზული რევიზია, ახალი წესების მკაცრი გაწერა და ამ წესების შესრულებაზე მკაცრი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა. ყველა იარაღი კლასიფიცირებული, როგორც ნაკლებად ან არა-ლეტალური უნდა იყოს ინვენტარიზირებული, შემოწმებული, გატესტილი უშუალოდ შსს-ს მიერ თუ მწარმოებელმა არ წარმოადგინა ამომწურავი ინფორმაცია ამ საშუალებების ეფექტის და შესაძლებლობების შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება დადგენა ამ საშუალებების ოპტიმალური გამოყენების ტაქტიკია. მხოლოდ ამის მერე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა სპეციალური ბრძანებით ა) დაადგინოს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოხდება შეიარაღების კლასიფიცირება როგორც ნაკელბად-ლეტალურის (იდეაში ყველაფერი რასაც შეუძლია გამჭოლი ჭრილობის მიყენება უნდა ამოღებულ იქნას ექსპლუატაციიდან) ბ) ინდივიდუალური წესით, ცალკე ბრძანებით დაადასტუროს ყოველი კონკრეტული შეიარაღების სისტემის შეიარაღებაში მიღება და ასევე დაამტკიცოს ამ საშუალებების გამოყენების, შენახვის და აღრიცხვის წესი. წვდომა ასეთ საშუალებებზე უნდა ქონდეთ მხოლოდ იმათ ვინც გაიარა შესაბამისი მოზმადება.  ჩემი აზრით პოლიციამ საერთოდ უარი უნდა თქვას ისეთ არალეტალურ საშუალებებზე, რომლებსაც შეუძლიათ პერმანენტული ზიანის მიყენება ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

მაგრამ ყველაფერი თავიდანვე იდეალურად რომ ყოფილიყო გაწერილი, პრობლემები მაინც რჩება. რეზინის ტყვიების გამოყნებისას, ხალხმრავალ ადგილას (და მიტინგები ყოველთვის ხალხმრავალია) ძალიან ძნელია გააკონტროლო ვის და სად ესვრი. თანაც 12 კალიბრის თოფები აღჭურვილია ყველაზე პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობებით, რაც კიდე უფრო ართულებს ზუსტ სროლას.  ამიტომ ბუნებრივია იმისთვის, რომ გაზარდო სროლის სიზუსტე უნდა ბანალურად შეამცირო მანძილის სამიზნემდე, რაც როგორც უკვე აგიხსენით ზრდის გამჭოლი ჭრილობების მიყენების რისკს. სროლის სიზუსტე განსაკუთრებულად აქტუალურია ‘კარტეჩის” შემთხვევაში, როდესაც სასხლეტის ერთ გამოკვრას მოყვება 9 ჭურვის ერთდროული “გაშვება” და მათი გაფანტვა საკმაოდ დიდია. აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ხალხის მიმართულებით, უმისამართო სროლა.

ჩემი აზრით პოლიციამ საერთოდ უარი უნდა თქვას რეზინის ტყვიებზე (მიტინგების დასაშლელად) გამოყენებაზე იმ მარტივი მიზეზებით, რომ ა) საქართველოში თითქმის არასდროს არ ხდება მასობრივი არეულობები სადაც ხდება სხვისი ქონების დაზიანება  ბ) რეზინის ტყვია არაეფექტურია ანუ არ გამოყავს მწყობრიდან ადამიანი გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აყენებს ადამიანს მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს მათ შორის გამჭოლ ჭრილობებს ბ) შეუძლებელია არეულობის დროს ზუსტად აკონტროლო ვის და სად ესვრი, ესეიგი ყოველთვის იქნებიან მძიმედ დაჭრილები (რაც დადასტურდა) ან გარდაცვლილები გ) ჭრილობები მიყენებული ამ იარაღით პერმანენტულია და იწვევს ადამიანის დასახიჩრებას და ქმედითუნარიანობის პერმანენტულ შეზღუდვას, რაც უბრალოდ უკვე არაჰუმანურია დ) ახლო მანძილიდან ასეთი საშუალებები გარანტირებულად აყენებენ ადამიანს მძიმე ჭრილობებს მათ შორის ისეთს, რომელიც იწვევს სიცოცხლის მოსპობას. ე) შეუძლებელია ბალისიტიკური ექსპერტიზის ჩატარება და დადგენა, რომელი იარაღიდან არის ნასროლი ჭურვი. ეს კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინებით, რომ ასევე ხშირად შეუძლებელია მსროლელის იდენტიფიცირება თუნდაც ვიდეო ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში, იმიტომ, რომ პოლიციელები დამცავ ეკიპირებაში ერთმანეთისგან არ გამოირჩევიან და ატარებენ ნიღბებს.  ეს ქმნის ძალიან სახიფათო სიტუაციას და ცდუნებას გამოიყენო არაპროპორციული ძალა იმიტომ, რომ იცი რომ პასუხს ვერავინ ვერ მოგთხოვს და რამის დამტკიცება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ უნდა აიკრძალოს კინეტიკური ენერგიის მქონე საშუალებების გამოყენება მიტინგების დროს. სხვა შემთხვევაში საშუალებების გამოყენება დასაშვებია, მაგალითად თუ ადამიანი ცდილობს თავის მოკვლას იარაღიდან და მასთან მიახლოება უბრალოდ საშიშია. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ რისკი მძიმე ჭრილოების მიყენების უნდა იყოს გამართლებული.

და ბოლოს, იარაღის მფლობელი/მსროლელი პასუხისმგებელია ყოველ გასროლაზე რომელსაც ის ახორციელებს და ყველაფერზე რაც მოხდება გასროლის შემდეგ. ეს არის დაწერილი და დაუწერელი წესი ცნობილი იარაღის ყველა მფლობელისთვის. განურჩევლად, ხალხის მასაში სროლა, ისე რომ არ ჩანს არც მსროლელის სახე (დაფარული ნიღაბით), შეუძლებელია მსროლელის იდენტიფიცირება რაიმე ნიშნით, ქმნის გარემოს რომელიც ხელს უწყობს ძალის ბოროტად გამოყენებას, ხოლო მკაფიო წესების და ზედამხედველობის არ არსებობა ძალის ბოროტად გამოყენების 100%-ან გარანტიას იძლევა, რასაც მსხვერპლი მოყვება და რაშიც ყველანი დავრწმუნდით.

მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ტრანსპარენტული გამოძიება და იმ ღონისძიებების გატარება რაზეც დავწერე მხოლოდ ხელს შეუწყობს პოლიციის იმიჯის გაუმჯობესებას, გაზრდის მის ეფექტურობას და გამორიცხავს მსხვერპლს მომავალში.



2 Responses to “რეზინის ტყვიებზე”

  1. დავით says:

    გამარჯობა. თქვენთან მაქვს რამდენიმე კითხვა და თუ არ შეწუხდებით რომ შემეხმიანოთ. დიდი მადლობა

  2. Shooter says:

    გამარჯობა, ყველა კითხვები მეილზე levan@contractor.net

დატოვეთ კომენტარი