“ახალი” რუსული პისტოლეტი “Удав”

4930981
რამდენიმე დღეა, რაც პრესით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებმა შეიარაღებაში მიღეს ახალი საბრძოლო პისტოლეტი, ან კომპლექსი, როგორც მას ეძახიან სახელწოდებით “Удав”. ტრადიციულად ამ ქვეყნის თავდაცვის უწყებასთან აფილირებულმა “გამოცემებმა” გამოაქვეყნეს რიგი ვიდეო სიუჟეტები ახალ პისტოლეტზე, რომლებიც ნაკლებ ინფორმატიულია და როგორც ჩანს მიზნად ისახავენ მხოლოდ დაარმწუნოს მოსახლეობა რომ რუსულმა ჯარმა მიიღო უახლესი, ყველაზე საუკეთესო ირაღი. პრესაში გამოქვეყნებული სურათებიდან, მწირი ინფორმაციიდან და რამდენიმე ვიდეო კლიპიდან შეიძლება შემდეგი შეფასებების გაკეთება.
თანამედროვე საბრძოლო პისტოლეტის პარადიგმა არის მაღალი ტევადობის 9მმ-ნი პისტოლეტი, მსუბუქი მასალებისგან დამზადებული ჩარჩოთი, დახურული დამრტყმელით (ე.წ. “სტრაიკერი” გარედან განლაგებული ჩახმახის გარეშე) და მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვით, რაც უზრუნველყოფს მდგრადობას ცვეთისა და კოროზიისადმი.  რა გააკეთეს რუსებმა?  უფრო მარტივი და იაფი “სტრაიკერის” ნაცვლად ისევ ჩახმახიანი სისტემა ამჯობინეს, თანაც საკეტზე განლაგებული მცველით რაც 2019 წელს უკვე ანაქრონიზმია. საკეტზე განლაგებული მცველი შემორჩა მარტო “ბერეტას” პისტოლეტებს აქიდან 70-ნი წლების  Beretta 92-ის უახლეს მოდიფიკაციაზე  A3-ზე ის შესრულებულია დახრილი, რომ საკეტის გადაკვრისას არ ჩაირთოს თავისით. რუსებმა თავის პისტოლეტში გამოიყენეს ანალოგიური მცველი, მაგრამ ისევე, როგორც “მაკაროვში” ის მუშაობს პირიქით, გათიშულია ქვედა მდგომარეობაში და ჩართულია ზედაში. ეს გამორიცხავს მის ჩართვას საკეტის გადაკვრისას, მაგრამ ართულებს მის სწრაფ გამორთვას, რომ განახორციელოთ პირველი გასროლა. პისტოლეტი დიდია, მაღალი საკეტით და მეეჭვება ვინმემ შეძლოს მცველიდან მისი მოხსნა ჭერის შეცვლის ან მეორე ხელის დახმარების გარეშე. იგივე ბერეტაზე მცველი ითიშება თითის აკვრით, ადვილად და სწრაფად, იგივე “მაკაროვზე” ეს უფრო რთულია. კიდე უფრო რთული იქნება “უდავზე”.
თანამედროვე პისტოლეტები ორმხრივია, რაც ნიშნავს, რომ პისტოლეტის მართვის ელემენტები (მცველი, საკეტის შემაკავებელი, მჭიდის ღილაკი) ერთნაირად ადვილად ხელმისაწვდომია როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელიდან სროლისთვის. მცველი და მჭიდი “უდავზე” ორმხრივია მაგრამ საკეტის შემაკავებელი ავტომატურია, რაც ნიშნავს, რომ საკეტის ხელით ღია მდგომარეობაში ვერ დააფიქსირებ. ეს არის ძალიან უცნაური გადაწყვეტილება და ალბათ პისტოლეტის შემქნელებს ასე უნდოდათ თავის გამოჩენა.  ავტომატური საკეტის დაშვება მჭიდის მოთავსებისას არის აბსოლუტურად ზედმეტი. ეს ქმნის უსაფრთხოების პრობლემას და ართულებს დაბრკოლების აღმოფხვრას, იმიტომ შეუძლებელია პისტოლეტის საკეტის სწრაფად დაფიქსირება ღია მდგომარებაში, პროცედურა, რომელიც აუცილებელია, რომ აღმოფხვრათ დაბრკოლება სროლისას.  მჭიდი არის ორ რიგიანი, ვაზნების ორმხრივი გამოსვლით, რაც ძალიან ასევევ საეჭვო გადაწყვეტილებაა. მიუხედავად ამისა რუსები ჯიუტად ამ სქემას არ ღალატობენ, მაგრამ რატომ მე არ მესმის. ერთის მხრივ ასეთი მჭიდით იგებ ტევადობაში და პისტოლეტში არც მეტი არც ნაკლები ერთი ვაზნით მეტი ჩადის ვიდრე გლოკ 17-ში მაგრამ მეორესმხრივ მიწოდება სავაზნეში ხდება ორი კუთხიდან რაც იდეაში ზრდის დაბრკოლების ალბათობას და ნეგატიურად აისხება სიზუსტეზე იმიტომ რომ ვაზნის პოზიციონირება სავაზნეში ხდება განსხვავებულად გასროლიდან გასროლამდე, მაგრამ რა ეფექტი აქვს ამას სიზუსტეზე გაირკვევა მარტო რეალური ტესტირებით.  ყურადღებას იქცევს “მაკაროვის” სტილში შესრულებული მცირე ზომის ექსტრაქტორი და ასევე მაკაროვის სტილში შესრულებული მჭიდი ღია კედლებით რაც იდეაში არ არს კარგი იმიტომ რომ მჭიდები ადვილად გამოიტენება ჭუჭყით/ქვიშით ხოლო პრაქტიკა ადასტურებს რომ დახურული მექანიზმები დაცული ჭუჭყისგან/მტვერისგან უკეთ მუშაობენ ვიდრე ღია მექანიზმები. ცხადია ზედმეტია საუბარი მჭიდების რამე მაღალ-ტექნოლოგიურ ანტიფრიქციულ დაფარვაზე). საკეტიც და სხვა რკინის დეტალები დაფარულია ბანალური შავი ოქსიდირებით და ყველა სურათში ჩანს ცვეთის ნიშნები, რაც შეიძლება იმის ბრალიც იყოს რომ ეს სატესტო ნიმუშებია, მაგრამ ცხადია, რომ რამე მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვა გამოყენებული არ არის. ასევე ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ   მაღალი სამიზნი მოწყობილობები გათვლილი მაყუჩის გამოყენებაზე არის შესრულებული რაღაც გაურკვეველი ნასვრეტებით, ანუ როგორც ჩანს რუსები ჯერ ვერ უშვებენ ასეთ მოწყობილობებს კომპაქტური და ეფექტური ტრიტიუმის მანათობელი ელემენტებით.
ტრადიციულად (და გაგუგებარი მიზეზებით) რუსები დიდი ყურადღბას ანიჭებენ ჯავშანგამტან ეფექტს და ამიტომ 9×21 კალიბრის (შესაძლებელია სტანდარტული 9×19 კალიბრის ვაზნების გამოყენება) ვაზნები ამ პისტოლეტისთვის იქნება ძალიან მაღალწნევიანი (რაც უბრალოდ არ არის საჭირო, 9მმ-ნი ტყვია მაინც ვერ გახვრიტავს ჯარისკაცის ტიპიურ ჯავშანს, რომელიც აჩერებს შაშხანის ტყვიებს), რაც შესაბამისად განაპირობებს დეტალების დიდ მასას (ასევე მაღალ უკუცემას, ლულის ალს) იმისთვის რომ პისტოლეტის დეტალები დროზე ადრე არ გამოვიდეს მწყობრიდან. იმის გათვალისწინებით რომ პისტოლეტი იწონის 780 გრამს, რაც ნამდვილად არ არის ბევრი, ჩემი ვარაუდით არ მგონია მას ქონდეს დიდი რესურსი ასეთი მაღალწნევიანი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში.  პრომო ვიდეოებში პისტოლეტის ჯავშანგამტან თვისებებს ადარებენ სტანდარტულ “მაკაროვის” პისტოლეტის, რაც უბრალოდ სასაცილოა. გასაგებია, რომ ბევრად უფროძლიერ ვაზნას სპეციალური ჯავშანგამტანი ტყვიით უფრო უკეთესი უნარი ექნება წინაღობებში გავლის ვიდრე 9×18 კალიბრის FMJ ტყვიას. გამოცხადდა რომ პისტოლეტიდან შეიძლება ეფეტქური სროლის წარმოება 100 მეტრზე რაც ცხადია პრობლემურია “მაკაროვიდან” მაგრამ რეალურად შესაძლებელია ნებისმიერი 9მმ-ნი პისტოლეტიდან, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ პისტოლეტიდან სროლის უნარების დახვეწა ჯარში დგას პრიორიტეტებს შორის ბოლოდან მეორე ადგილზე და ამიტომ ასეთი პოტენციალი თითქმის ყოველთვის დარჩება აუთვისებელი.
გამოცხადდა, რომ პისტოლეტის დიზაინზე მუშაობდნენ პროფესიონალური დიზაინერები, მაგრამ პისტოლეტს ეს არ ეტყობა. დიახ არსებობენ  ასეთი პისტოლეტები, რომლებსაც ქმნიდნენ დიზაინერები და ყველა მათგანი გამოირჩევა ექსტრავაგანტური იერსახით. “უდავი” უბრალო პისტოლეტია, რომელიც უფრო გავს ნედლ პროტოტიპს ვიდრე დიზაინერების ქმნილებას. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ პისტოლეტი ფართოდ იყენებს ფრეზირებულ დეტალებს და მისი დამზადება არ იქნება ისე მარტივი და იაფი, როგორც თანამედროვე პისტოლეტების.
დაშლილი პისტოლეტის სურათები არ მოიპოვება, ამიტომ კონსტრუქციაზე მსჯელობა შეუძლებელია, მაგრამ ჩემი აზრით გამოყენებულია ტრადიციული ბრაუნინგის მოდიფიცირეული ჩაკეტვის სქემა, რაც ერთ-ერთ ვიდეოში აღნიშნა ЦНИИТочМаш-ის წარმომადგენელმა და დაუმატა ჩვენი გაუმჯობესებებითო. არ ვიცი რა გააუმჯობესეს რუსებმა ბრაუნინგის სქემაში, ჩემი აზრით მანდ გაუმჯობესებას არაფერი არ საჭიროებს, მაგრამ ის ფაქტი რომ რუსები შეეშვნენ მაიმუნობას და გამოიყენეს ნაცადი კონსტრუქცია, მოწონებას იმსახურებს. იგივე ეხება პისტოლეტის ჩარჩოზე შესრულებულ უნივერსალურ სამაგრს, რომელიც როგორც ჩანს დასავლური სტანდარტის არის (MIL-STD-1913).  ეს გადაწყვეტილება არ არის უცნაური იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე კარგი მოწყობილობები, რომლის დაყენება შეიძლება პისტოლეტზე არის დასავლური წარმოების. ჩემი აზრით კრიტიკას იმსახურებს მხოლოდ ის რომ ეს სამაგრი ძალიან მოკლეა სრული ზომის პისტოლეტისთვის.
ეს პისტოლეტი ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი არ იყო, არ არის და არ იქნება  ცეცხლსასროლი იარაღის წამყავნი “დეველოპერი”. პისტოლეტი არ გამოირჩევა ორიგინალური/ინოვაციურ კონსტრუქციით, იყენებს საეჭვო ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და შეესაბამება გასული საუკუნის 80-ანი წლების დონეს, რაც ადასტურებს ჩემს მიერ არაერთხელ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ რუსეთი, საბჭოთა კავშირი ყოველთვის აგვიანებდა პერსპექტიული შეიარაღების ტიპების შექმნაში და შეიარაღებაზე მიღებაში. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “უდავი” ამავე დროს ბევრად უკეთესია, როგორც მინიმუმ კონსტრუქციის და დიზაინის თვალსაზრისით ვიდრე ГШ-18 ან СР-1. დანარჩენს დრო გვაჩვენებს, იმიტომ რომ 90-ნი წლების დასაწყისიდან რუსეთმა ბევრი კარგად გაპიარებული პისტოლეტი გამოუშვა, მაგრამ დაასრულა იმით, რომ შეირაღებაში მიიღეს რამდენიმე ტიპის დასავლური პისტოლეტი ხოლო ჯარი დღემდე აგრძელებს “მაკაროვის” და “სტეჩკინის” პისტოლეტების ექსპლუატაციას.  ღიმილს იწვევს რუსული პროპაგანდისტული რესურსების განცხადებები, რომ ახალი პისტოლეტის უკეთესია ვიდრე “გლოკი”, ასეთი განაცხადები ისმის ბოლო 30 წელი, მაგრამ რაიმე ღირებული და მითუმეტეს კომერციულად წარმატებული ჯერ ამ ქვეყნიდან არაფერი არ გამოჩენილა.
ttkh-pistoleta-гdav-v-sravnenii-s-pm
კიდევ ერთი ვარიანტი “უდავის”. ყურადღებას იქცევს გაპრიალებული შავი ოქსიდირება, რომელიც უფრო ადეკვატურად გამოიყურებოდა მე-19 საუკუნის რევოლვერებზე და მჭიდი, რომლის ხუფიც დამალულია ტარში, რაც ასევე არ არის კარგი გადაწყვეტილება.  ხუფი უნდა იყოს სქელი, რომ უძლებდეს დავარდნას მიწაზე და ასევე ოდნავ გამოშვერილი რომ საიმედოთ “ჩატენოთ” ის ტარში ან საჭიროების შემთხვევაში თუ ის გაიჭედა ასევე ადვილად გამოაძროთ.  ტარის დიზაინიც რაღაც კითხვებს აჩენს.  გარდა ამისა როგორც ჩანს,  უარი ითქვა პისტოლეტის ტარის სხვადასხვა ხელის ზომის ადაპტაციის შესაძლებლობაზე, რაც პრაქტიკულად სტანდარტულია უკვე ყველა პლასტმასის ჩარჩოიან პისტოლეტზე. ამავე დროს ეს პისტოლეტი უფრო გავს დიზაინერების მიერ შექმნილს.


One Response to ““ახალი” რუსული პისტოლეტი “Удав””

  1. ლევანი says:

    ობიექტური და კვალიფიციური შეფასება, როგორც ყოველთვის. რაც შეეხება იარაღს, ის ისეთივე „მსოფლიოში საუკეთესო“ და „ანალოგის არმქონეა“, როგორც რუსების მიერ მანამდე გამოშვებული გშ-გოშა, სტრიჟი-პიჟი, ვიკინგი-ვარიაგი. ერთი სიტყვით მორიგი junk.

დატოვეთ კომენტარი