Uberti Cattleman – ლეგენდარული “მშვიდობისმყოფელი” თანამედროვე შესრულებით

P1100801

ამჯერად ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტია .45 კალიბრის იტალიური წარმოების რევოლვერი Uberti Cattleman. აღნიშნული იარაღი არის  სახელგანთქმული 1873 წლის Colt Single Action Army-ის პრაქტიკულად ზუსტი რეპლიკა. აღნიშნული იარაღს უმეტესობა იცნობს მისი არაოფიციალური სახელით “Peacemaker”, (“პისმეიკერი”, მშვიდობისმყოფელი) და ჩვენც მას ასე დავუძახებთ. ჩემი აზრით შეუძლებელია გადავიდეთ პირდაპირ ტექნიკურ მიმოხილვაზე, იმის გარეშე, რომ ორი სიტყვით მაინც არ მოვყვეთ, ჯერ როგორ მოხვდა ეს ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ იშვიათი იარაღი ჩემ ხელში და შემდგომ ასევე არ მოვყვეთ, თუნდაც ძალიან მოკლედ “პისმეიკერის” ისტორიაზე. ძალიან მოკლედ, იმიტომ, რომ შეუძლებელია დაატიო ერთ სტატიაში ასეთი იარაღის სრული ისტორია და გარდა ამისა მე უბრალოდ ხელთ არ მაქვს ლიტერატურა, რომელსაც გამოვიყენებდი უფრო სიღრმისეული სტატიისთვის. როგორც ხვდებით მე-19 საუკუნის იარაღები არ შედიან მაინცდამაინც, ჩემი ინტერესების სფეროში, მაგრამ როდესაც მე მომეცა საშუალება ხელში ჩამეგდო ეს უდაოდ ისტორიული იარაღი (თუნდაც მისი თანამედროვე რეპლიკა), მე მივხვდი რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება იქნებოდა დიდი სისულელე.  მითუმტეს, როდესაც სწრაფად დავრწმუნდი რომ “უბერტის” მიერ წარმოებული ეს მოდელი იყო პრაქტიკულად ყველაზე ზუსტი ასლი ორიგნალური “პისმეიკერის” რომელიც შეგიძლია იშოვო, თანაც აუტენტურ კალიბრში – .45 Сolt. ამიტომ ის იდეალურად გამოდგებოდა, იმისთვის, რომ მე გამეცნო ერთ-ერთ  ყველაზე ცნობადი, პოპულარული და სახელგანთქმული ცეცხლსასროლი იარაღის მოდელი და უკვე შემდეგ დამეწერა მასზე მიმოხილვა.

ეხლა რაც შეეხება შეძენის ისტორიას. განცხადებას ამ რევოლვერის გაყიდვაზე მე წავაწყდი შაბათს, ერთ-ერთ პოპულარულ ონლაინ სავაჭრო რესურსზე.  ტელეფონით ჯერ დავაზუსტე, რომ ეს რევოლვერი ნამდვილად ის იყო რაც მე მეგონა (განცხადების ტექსტი იყო ძალიან მოკლე) და შემდეგ მფლობელმა ასევე დამარწმუნა რომ ვაზნები ჩვულებრივად იყიდება მაღაზიებში. ვაზნების ხელმისაწვდომობა ყოველთვის უნდა გადაამოწმოთ სანამ იყიდით იარაღს რამე საქართველოსთვის იშვიათ კალიბრზე. ტელეფნით ხანმოკლე საუბრის შემდეგ მე ვუთხარი რომ მოვიფიქრებდი და ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ზუსტად ორი წუთი დამჭირდა გამეაზრებინა, რომ მეორე შანსი “პისმეიკერის” შეძენის მე ალბათ არასდროს არ მომეცემოდა, ამიტომ ეგრევე გადავურეკე და დავარწმუნე რომ იარაღს შევიძენდი და ორშაბათსვე გავიფორმებდი. ფასზეც ტელეფონით მოვრიგდით, სოლიდური ფასდაკლებაც მივიღე და ამიტომ შაბათის დანარჩენი ნაწილი და მთელი კვირა მე მხოლოდ იმას ვნატრულობდი, რომ რამე არ შეცვლილიყო და მე არ დავრჩენილიყავი “პისმეიკერის” გარეშე. ორშაბთს დილით, ორივე უკვე ვიყავით მომსახურების სააგნეტოში იარაღის გადაფორმების პროცედურის გასავლელად. უნდა აღვნიშნო, რომ არც ისე იშვიათად ხდება,  რომ ყიდულობ იმ იარაღს, რომელიც გჭირდება და თანაც კარგ ფასად, უფრო იშვიათად ხდება, როდესაც ყიდულობ კარგ იარაღს, კარგ ფასად პიროვნებისგან, რომელსაც ესმის საკითხი და ზოგადად გსიამოვნებს მასთან ურთიერთობა. იარაღის მფლობელი აღმოჩნდა საკმაოდ სასიამოვნო პიროვნება, რომელიც თან როგორც შევატყვე საკითხიც კარგად ესმოდა. ჩვენ დროს როდესაც ყველამ ირგვლივ  საერთოდ დაკარგა ზრდილობიანად საუბრის/ქცევის და ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევის უნარო ასეთი ადამიანთან შეხვედრა უკვე არის როგორც სუფთა ჰაერის ყლუპი სხვაგვარად ყველანაირად დაბინძურებულ გარემოში. მან ასევე არ დაიზარა და მოკლედ ამიხსნა რევოლვერის მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი, ეტიკეტის ეს  მარტივი ნიუნასი, აუხსნა ძირითადი იარაღის შესახებ  ახალ პატრონს, ასეე სამწუხაროდ დავიწყებას მიეცა.  მე ასევე საჩუქრად მივიღე ამ რევოლვერის ტყავის ბუდე, დასაფასებელი საჩუქარი იმის გათვალისწინებით რა ღირს ასეთი ბუდეები დღეს. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ამ ლამაზი იარაღის შეძენის პროცესიც კი სასიამოვნოდ წარიმართა.   მინდა ასევე აღვნიშნო, რომ  თითქმის 200 იარაღის შემდეგ, ახალი იარაღის შეძენა უკვე ჩემში სამწუხაროდ აღარ იწვევს ისეთ ემოციებს, როგორც ადრე და ხანდახან მე ნოსტალგიით ვიხსენებ ძველ დროს, როდესაც ყველაფერი რაც ჩვენ მოგვწონდა ცოტა იყო და ამიტომ როდესაც ამას მივიღებდით, განსაკუთრებულად გვიხაროდა, მაგრამ ამ რევოლვერის შეძენის დროს მე ზუსტად ისეთივე ემოციები განვიცადე, როგორც ადრე. უდაოდ, “პისმეიკერი”საქართველოში არის ძალიან იშვიათი და მე სიმართლე გითხრათ ვერ ვიხსენებ, ოდესმე  ერთი მაინც, რომ მენახოს გაყიდვაში ასე რომ მოდით ჩავთვალოთ, რომ მე მაგრად გამიმართლა და მომეცა საშუალება დამეწერა ამ რევოლვერზე სტატია მასთან უშუალო გაცნობით და არა სხვისი ნაშრომების კომპილაციის შედგენა.

ეხლა მოკლედ ამ პისტოლეტის შექმნის ისტორიაზე და საბრძოლო ბიოგრაფიაზე.  პისტოლეტის კონსტრუქტორები იყვნენ კომპანია კოლტის თანამშრომლები, უილიამ მეისონი და ჩარლზ ბრინკერჰოფ რიჩარდსი (თავად სემუელ კოლტი უკვე ათი წელი რაც გარდაცვლილი იყო). პისტოლეტს ქონდა მთლიანი ჩარჩო (აქიდან ერთ-ერთი პირველი სახელი ამ პისტოლეტის New Strap Pistol, strap-ზღუდარი), რაც იძლეოდა საშუალებას ძლიერი ვაზნების გამოყენების. ერთმაგი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი მას ქონდა Walker Colt-ისგან. პისტოლტი ასევე იყენებდა უნიტარულ ვაზნას მეტალის მასრით. ასეთ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის წარმოებისთვის  “კოლტს” უფლება აქამდე არ ქონდა, ასეთ ვაზნებზე გათვლილ დოლურაზე პატენტის მფლობელი და კონკურენტი სმიტ&ვესონისთვის “როაიალთის” გადახდის გარეშე. როგორც კი პატენტებს გაუვიდა ვადა, “კოლტმა” შეძლო თავისუფლად დაეწყო უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი რევოლვერის შექმნა, წარმოება და შესაბამისად გაყიდვა. მუშაობა “პისმეიკერზე” დაიწყო 1871 წელს, 1872 წელს ის გამოცადეს ამერიკულ არმიაში და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის შეძენაზე.  1873 წლის ივლისში აშშ-ს შეარაღებულმა ძალებმა დაიწყეს პირველი პისტოლეტების მიღება, შეკვეთილი 8000 ცალიდან. თუმცა ამასთან ერთად ასევე შეიძინეს სმიტ&ვესონის მესამე მოდელის რევოლვერებიც.  ამ ფაქტს უკავშირდება “პისმეიკერის” ორიგინალური კალიბრისთვის მეტსახელის დარქმევა, მაგრამ ამაზე ოდნაც მოგვიანებით გიამბობთ.  რა თქმა უნდა კოლტი ყიდდა “პისმეიკერებს” სამოქალაქო ბაზარზეც. 357,869  “პსმეიკერიდან” რომელმაც კოლტმა გამოუშვა 1873 წლიდან 1940 წლამდე, 37 000 მოხვდა ჯარის შეიარაღებაში (სადაც ის რჩებოდა 1892 წლამდე) დანარჩენი გაიყიდა სამოქალაქო პირებზე ან კანონის მსახურებზე. უკანასკნელები იმ დროს თავად ყიდულობდნენ თავისთვის იარაღს და “პისმეიკერი” იყო ბევრი ცნობილი კანონის მსახურის არჩევანი. მათ შორის იყვნენ უაიტ ერპი, ბეტ მასტერსონი, პეტ გარეტი, ფრენკ ჰამერი და დამიჯერეთ ამ სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება.

წლების განმავლობაში კოლტი უშვებდა “პისმეიკერს” უამრავ ვარიანტში და მათი უმეტესობა განსხვავდებოდა მეტ წილად ლულის სიგრძით. 3 ინჩიდან ე.წ. “შერიფის” მოდელში და 7.5 ინჩამდე “კავალერიულ” მოდელში. “პისმეიკერი” გამოდიოდა ასევე საკმაოდ იშვიათი შესრულებით, 12 ინჩიანი ლულით. კოლტს ასევე ქონდა საასპარეზო მოდელი, ბრტყელი ზღუდარით, რომელზეც ნაცვლად სტანდარტული ღარისა, რომელიც ასრულებდა თარაზოს როლს, ეყენა რეგულირებადი უკანა სამიზნე მოწყობილობა, ამ მოდელს ასევე გააჩნდა ცვლადი კორები. პისტოლეტის ღიებულება შეადგენდა 17 დოლარს, რაც დღევანდელი ფასებით უდრის 329 დოლარს. 329 დოლარად დღეს ნამდვილად ვერ იყიდი უახლეს და ძლიერ პისტოლეტს.  აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი რომელიც განკუთვნილია ერთი ხელიდან სროლისთვის არის პისტოლეტი და 1873 წლის კოლტის რევოლვერის ოფიციალური სახელიც იყო  “ახალი მოდელის საარმიო მეტალის ვაზნიანი ბრუნავი პისტოლეტი”. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ უკანასკნელ დროს პისტოლეტით მოიხსენიებენ მხოლოდ თვითდამტენ იარაღებს, მაგრამ რეალურად რევოლვერიც და თვითდამტენი პისტოლეტიც ტექნიკურად პისტოლეტები არიან, ასე რომ დროს ნუ დახარჯავთ რომ შემისწოროთ.

gallery-1478179920-screen-shot-2016-11-03-at-92727-am

ნახაზი ორიგინალური 1872 წლის პატენტიდან. ჩარჩოს “შეკვრა” ზევიდან განლაგებული ‘ზღუდარით” იყო აუცილებელი, რომ პისტოლეტს გაეძლო ახალი ვაზნისთვის. ასეთი “ზღუდარის” გარეშე, ტყვიას, რომელიც ტოვებდა დოლურას და გადადიოდა ლულაში, საკმარისი ენერგია ქონდა რომ ჩარჩო წინ გადაეღუნა. ზღუდარი გამორიცხავდა მოვლენების ასეთ განვითარებას. 

თავისი დროისთვის “პისმეიკერი” იყო უდაოდ ყოველმხრივ დახვეწილი იარაღი, ეს ეხება როგორც პისტოლეტის კონსტრუქციას ასევე მის ერგონომიკას და თუ გნებავთ დიზაინს. ის იყენებდა მთლიან და შესაბამისად გამძლე ჩარჩოს, ადვილად იშლებოდა და გააჩნდა შესანიშნავი ერგონომიკა. ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, თითქმის ყოველთვის იყო კარგი სასხლეტით. ტარის კუთხე უზრუნველყოფდა სწრაფ და ინსტინქტურ დამიზნებას. მარტივი კონსტრუქცია  სულ 7 მოძრავი ნაწილისგან და სამი ზამბარისგან, ნიშნავდა რომ იარაღი იყო გამძლე და საიმედო. არა, “პისმეიკერი” არ იყო თავისი დროის ყველაზე გავრცელებული რევოლვერი, ასე მაგალითად ერთ გამოშვებულ “პისმეიკერზე” მოდიოდა დაახლოებით 7 “ჰარინგტონ&რიჩარდსონის” რევოლვერი, მაგრამ “პისმეიკერი” უდაოდ იყო პისტოლეტი, რომელიც ყველაზე უფრო უყვარდათ და ეხლაც უყვართ ამერიკაში. როგორც მსხვილი ონლაინ აუქციონის AntiqueGuns.com-ის მფლობელმა რობ რობლსმა ინტერვიუში განაცხადა, “კოლტ SAA არის იარაღი რომელსაც ყოველთვის დავეძებ და რომლის გაყიდვაც არასდროს არ მიჭირს”.

bisley-before-replace

კოლტის ე.წ. “ბისლის” მოდელი, დარქმეული ინგლისში ცნობილი სასროლეთის საპატივცემულოდ, განიხილებოდა როგორც “პისმეიკერის” საასპარეზო, მიზანში სროლისთვის განკუთვნილი რევოლვერი. ეს იარაღების პირველ რიგში გამოირჩევიან სახელურის სპეციფიური ადვილად ცნობადი ფორმით.

შედარებით მოკლელულიან “პისმეიკერებს” ეძახდნენ “განფაიტერის მოდელებს” რაც უნდა ვივარაუდოთ, პირველ რიგში იყო განპირობებული იმით, რომ ბუდიდან მოკლელულიანი რევოლვერის ამოღებას ნაკლები დრო ჭირდებოდა. ორიგინალური კოლტის “პისმეიკერები” პირობითდად იყოფა სამ თაობად, გამოშვებული 1873 წლიდან 1940 წლამდე, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო მათი წარმოება კოლტმა შეწყვიტა, 1956 წლიდან 1974 წლამდე, როდესაც ვესტერნების პოპულარობამ წარმოშვა მოთხოვნა იარაღზე “რომელმაც დაიპყრო დასავლეთი” და მესამე თაობა  რომელიც გამოდის 1976 წლიდან დღემდე. ამ პერიოდში მოთხოვნა კლასიკურ კოლტზე წარმოიშვა “კოვბოური სროლის” დისციპლინების პოპულარობის ზრდით. სულ 77 წლის განმავლობაში “კოლტმა” გამოუშვა 400 000-მდე “პისმეიკერი” სხვადასხვა კონფიგურაციაში და დღემდე აგრძელებს მათ გამოშვებას.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ მას მერე რაც 1896 წელს რევოლვერში შეცვალა ჩარჩოში ბარაბნის ფიქსაციის მეთოდი, ამ რევოლვერის კონსტრუქციას მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია.  ასეთი რამე სამწუხაროდ იშვიათად ხდება დღეს, როდესაც მწარმოებლები ცდილობენ დაასწრონ ერთმანეთს ახალი მოდელების გამოშვებაში და მერე უწევთ “ახალი და გაუმჯობესებული” მოდელების გამოშვება, როდესაც მომხმარებლები აღმოაჩენენ, რომ მათ იარაღები არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა.

“პისმეიკერის” კონსტრუქციულ თავისებურებებს რაც შეეხება, რევოლვერი იტენება ჩარჩოზე გვერდიდან განთავსებული გასახსნელი კარიდან ისევე, როგორც ჩვენთვის კარგად ცნობილი ბელგიური ნაგანის კონსტრუქციის რევოლვერი. ექსტრაქცია ხდება ცალობით,  ლულს ქვევიდან განლაგებული ღერძიანი ეჟექტორით, ისევ ეისევე როგორც ნაგანში უბრალოდ ეჟექტორი თავიდანვე განლაგებულია გვერდიდან და ყოველთვის მზად არის გამოყენებისთვის. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთჯერადი მოქმედების არის. თუ მოახდენთ ერთ გასროლას და დატოვებთ სასხლეტს დაჭერილ მდგომარეობაში, შესაძლებელია ჩახმახის როგორც შურდულის გამოყენება მომდევნო გასროლების წარმოებისთვის. ეს სროლის  ტექნიკა წესით უნდა გახსოვდეთ ვესტერნებიდან. 6 ვაზნიანი დოლურა მაგრდება ჩარჩოში ღერძის მეშვეობით, რომელიც ფიქსირდება ჩარჩოში ზამბარიანი საკეტელათი (ადრინდელ მოდელებში ხრახნით). დააყენეთ ჩახმახი ნახევრად შეეყენებულ მდგომარეიბაში, დააჭირეთ აღნიშნულ საკეტელას, გამოიღეთ დოლურას ღერძი, მოხსენით დოლურა და იარაღი მზად არის წმენდისთვის. ყველა “პისმეიკერი” მიეწოდებოდა ჯარს სპეციალური სასხრახნისით, რაც აუცილებელი იყო იმ ექვსი ხრახნის პერიოდული გადაჭერისთვის, რომლებიც “კრავენ” რევოლვერს და მის დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.  სახელურის ხის ნაწილი არის “მონობლოკი” მოავსებული ლითონის ჩარჩოს შიგნით.

saa dis

დაშლილი “პისმეიკერი”, კარგად ჩანს რამდენად მარტივი კონსტრუქცია გააჩნია რევოლვერს. ასევე ყუარადღებას იქცევს ხრახნების რაოდენობა. პისტოელტი გამძლე და საიმედოა იმ პირობით, თუ ხრახნები კარგად გადაჭერილია. 

ტექნიკურად რევოლვერი 6 ვაზნიანია, მაგრამ მიჩნეულია, რომ უსაფრთხოების მიზნით ჩახმახი უნდა იყოს დაშვებული ცარიელ სავაზნეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმაღლიდან ჩახმახზე დავარდნისას არსებობს საფრთხე, რომ ის მოწყდება ადგილიდან და დაარტყავს ამაალებეს, რასაც მოყვება გასროლა. ამიტომ დატენვის პროცედურა უნდა იყოს შემდეგი. აყენებთ ჩახმას ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში, ათავსებთ დოლურაში ერთ ვაზნას, ტოვებთ ერთ სავაზნეს ცარიელს და შემდეგა ავსებთ დანარჩენ სავაზნეებს 4 დარჩენილი ვაზნით, შემდეგ ბოლომდე შეაყენებთ ჩახმახს და დაუშვებთ მას ცარიელ სავაზნეზე. იარაღი ასე მოყვანილია “სალაშქრო” მდგომარეობაში.

ჩვენი იარაღი ისევე როგორც ორიგინალური “კოლტი” განკუთვნილია .45 Сolt (მეტრიკული აღნიშვნა 11.43×33mmR,) კალიბრის ვაზნების გამოყენებაზე. აღნიშნული ვაზნა შეიქმნა სპეციალურად “პისმეიკერისთვის” 1872 წელს და წარმოადგენს “კოლტის” და ამუნიციის მწარმოებელ Union Metallic Cartridges Company-ის ერთობლივ პროექტს. ტყვიის კალიბრია 11.43მმ, მასრის სიგრძე 32.6მმ. მასრის ასეთი დიდი სიგრძე განპირობებული იყო შავი დენთის გამოყენებით. თანამედროვე მუხტები უკვე იყენებენ უკვამლო დენთს.  ვაზნა უდაოდ იყო ძლიერი და იმ პერიოდისთვის იყენებდა ყველაზე გრძელ მასრას (თავის ანალოგებს შორის) რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ტყვიას მიეღო საკმარისი ენერგია საკმარისი შავი დენთის მუხტისგან. თავდაპირველად განკუთვნილი კავალერიისთვის, “პისმეიკერიდან” ნასროლ ტყვიას უნდა შეეძლო როგორც მოწინააღმდეგე ჯარისკაცის ბრძოლიდან გამოთიშვა ასევე მისი ცხენის ეფექტურად “მწყობრიდან გამოყვანა”.  ამიტომაც .45 Сolt იყენებდა უფრო მძიმე (250 გრანი) ტყვიას და უფრო დიდ მუხტს (30 გრანი შავი დენთის) ვიდრე სხვა, ანალოგიური დანიშნულების იმ დროინდელი კალიბრები. ხშირად ხდება ხოლმე ამ ციფრების გაბერვა, მაგრამ რამდენადაც მე შევძელი გადამოწმება, სწორედ ეს ციფრები შეესაბამება რეალობას, მაგრამ ასეთი ციფრებითაც .45 Сolt იყო ერთი თავით მაღალი ყველა ანალოგებზე და დღესაც არის შესანიშნავი “მენსტოპერი”.  თუ ეს საკმარისი არ არის არსებობს ცხელი .45 Сolt-ის მუხტები, რომლებიც გადაყავთ ეს კალიბრის .44 მაგნუმის ტერიტორიაზე. თავად იმსჯელეთ, მაგალითად თანამედროვე Cor-bon-ის წარმოების მუხტი იყენებს 300 გრანიან რბილთავიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 400 მ/წ-ში და ენერგიით 1500 ჯოული.  ასეთი მუხტების გამოყენება ორიგინალურ “კოლტებში” და მის რეპლიკებში არ არის რეკომენდირებული. მაგრამ გულდასაწყვეტი აქ არაფერი არ არის. .45 Colt სტანდარტული მუხტებითაც არანაირად არ არის სუსტი კალიბრი. ტიპიური მუხტი იყენებს 230-250 გრანიან ტყვიას საწყისი სიჩქარით 260-280 მ.წ.-ში, რაც შეესაბამება .45 ACP-ს ენერგიას, უკანასკნელი კიდე არანაირად არ არის სუსტი კალიბრი. თითქმის 150 წლის შემდეგ .45 Сolt ისევ წარმატებით გამოიყენება გრძელ და მომკლელულიან იარაღში. რელოუდინგის აღჭურვილობის პოპულარული მწრმოებლის RCBS-ის განცხადებით, 2006 წელს მან გაყიდა უფრო მეტი .45 Сolt-ის მატრიცა ვიდრე ნებისმიერი სხვა კალიბრის. ეს ფაქტი არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მოქნილი არის ეს ვაზნა რელოუდინგის თვალსზარისით.  უბრალოდ უნდა გავხსოვდეს, რომ რეპლიკებში და ორიგინალურ “პისმეიკერებში” უნდა გამოვიყენოთ მუხტები მაქსიმალური დასაშვები წნევით 14 000 PSI, ცხელი მათ შორის +p მუხტები მოლოდ თანამედროვე და გაძლიერებული კონსტრუქციის “პისმეიკერების” კლონებში, როგორებსა მაგალითად უშვებს იგივე “რუგერი”.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია რელოუდინგის სახელმძღვანელოები ცალკე გამოყოფენ მუხტებს ბევრად უფრო ძლიერი კონსტრუქციის რუგერის რევოლვერებისთვის, იმისთვის რომ არ მოხდეს შეცდომის დაშვება.

ზოგადად, “პისმეიკერი” გამოდიოდა 30-ზე მეტ კალიბრში და აქიდან ყველაზე პოპულარული იყო .45 Colt შემდეგ 44-40 და შემდეგ 38-40. არ მგონია საქართველოსთვის ეს იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ უნდა აღვნიშნო რომ ორიგინალური კოლტებს სერიული ნომრით 175 000-ზევით და ყველა მისი თანამედროვე რეპლიკებს შეუძლიათ სროლა ვაზნებით უკვამლო და შავი დენთით. “პისმეიკერებში” სერიული ნომრით 175000-ზე დაბლა (იარაღები გამოშვებული მეტ წილად 1898 წლამდე)  დასაშვებია მხოლოდ შავი დენთის გამოყენება, ისიც თუ რევოლვერი გამართულ მდგომარეობაშია და მას არ გააჩნია ბზარები ან სხვა ტიპის დაზიანებები.

long colt

.45 Сolt-ს ხშირად მოიხსენიებენ როგორც .45 Long Colt-ს, ეს არის ამ ვაზნის არაფორმალური აღნიშვნა, რომელიც პირველ რიგში მიზნად ისახავდა მის განსხვავებას .45 კალიბრის ვაზნისგან, რომელიც გამოიყენებოდა მეორე რევვოლვერში რომელიც “პისმეიკერთან” ერთად მსახურობდა ამეირკულ ჯარში, სმიტ&ვეონის N3 რევოლვერში. მიუხედავად ამისა რომ ეს სახელი არასწორი/არაფორმალურია ის შეიძლება, როგორც სურათიდან ჩანს შეგვხვდეს  როგორც ფორმალური აღნიშვნა ვაზნების კოლოფზე. საქართველოში .45 კოლტს პირველ რიგში ალბათ აურევენ .45 Auto-სთან მაგრამ ორ ადგილას სადაც მოვითხოვე .45 Сolt, ეგრევე მიხვდნენ რა მინდოდა. საქართველოში ამ ვაზნის ფასი 3 ლარიდან იწყება. 

რა თქმა უნდა, როგორც ეს ყოველთვის ხდება, პოპულარული დიზაინი და კონსტრუქცია გამოიყენეს სხვა მწარმოებლებმაც და “პისმეიკერის” ყველაზე გავრცელებულ კლონებს უშვებს მაგალითად ამერიკული “რუგერი” და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბევრი იტალიური კომპანია.  თუ რუგერი უშვებს გაძლიერებულ და გაუმჯობესებულ რევოვლერებს, იტალიური მწარმოებლები უშვებენ ორიგნალური “პისმეიკერის” პრაქტიკულად ზუსტ ასლებს.  საერთოდ იტალიური წარმოების კლასიკური ამერიკული იარაღები, ერთგვარ ფენომენს წარმოადგენენ, რომელიც ცალკე ახსნას იმსახურებს. პედერსოლი, ბერეტა, ქიმარონი, ქიაპა, პიეტტა, უბერტი, ყველა იტალიური კომპანიები არიან, რომლებიც უშვებენ პრაქტიკულად ყველა მოდელის ამერიკულ კლასიკურ “კოვბოურ” იარაღს და მათ შორის “პისმეიკერებსაც”. აღნიშნული მათ შორის განპირობებული იყო 50-60-ან წლებში იტალიაში გადაღებული ვესტერნების დიდი პოპულარობით, ქართული მაყურებლისთვის პირველ რიგში ეს ფილმები ცნობილი უნდა იყოს სერჯიო ლეონეს დამსახურებით. იტალიური კომპანიები დიდი რაოდენობით უშვებდნენ იარაღებს, რომლებიც გამოიყენებოდნენ ე.წ. “სპაგეტი ვესტერნებში” და შემდგომ ეს იარაღები ასევე იგზავნებოდა აშშ-ში კომერციულ ბაზარზე გასაყიდად, სადაც თავისი  დამზადების მაღალი ხარისხის გამო ამერიკული კომპანიების პროდუქციასთან ერთად დიდი პოპულარობით სარგებლობენ. უბერტის შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თავიდანვე მიზნად იყო დასახული, ამერიკული ბაზრისთვის კალსიკური იარაღების გამოშვება.  იტალიური წარმოების ამერიკული  “კლასიკა” აშშ-ში უყვართ, პირველ რიგში იმიტომ, რომ იტალიური იარაღი გამოირჩევა კარგი ხარისხსით, ლამაზი იერსახით და ფასით, რომელიც “პისმეიკერის” შემთხვევაში სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე ორიგინალური “კოლტის”. არც “რუგერის” კლონები, “ვაკერო”, “ბლექხოკი” და ა.შ. არ ღირს ძვირი, მაგრამ განსხვავებით იგივე Сattleman-ისგან, ეს მაინც ორიგინალისგან განსხვავებული იარაღებია. 

637680i_ts

ბილ რუგერმა 50-ამ წლებში დაიწყო გაუმჯობესებული “პისმეიკერების” წარმოება. გაძლიერებული კონსტრუქცია, უფრო საიმედო ხვეული ზამბარები და უსაფრთხოების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ რევოლვერის  უსაფრთხო ტარებას 6 ვაზნით, გამოარჩევდენ რუგერის რევოლვერებს და ეს იარაღები ძალიან პოპულარულია აშშ-ში. სურათზე არის მძლავრი .44 Remington Magnum კალიბრის Ruger “Super Blackhawk”. 

რაც შეეხება იტალიური კომპანია A. Uberti, Srl-ს ვისი წარმოების “პისმეიკერიც” ჩვენ ჩავიგდეთ ხელში, ამ კომპანიის წარმოება განლაგებულია იტალიაშია, ბრეშიას პროვინციის ქალაქ გარდონე ვალ ტრომპიასთან, სადაც განლაგებულია ბევრი სხვა იარაღის იტალიური მწარმოებელი კომპანია, მათ შორის Beretta-ც. კომპანია დაფუძნდა 1959 წელს ალდო უბერტის მიერ და ის თავიდანვე სპეციალიზირდებოდა კლასიკური ამერიკული იარაღების რეპლიკების წარმოებაზე. 2000 წელს უბერტი იყიდება ბერეტამ და მას მერე რამდენჯერმე მოხდა წარმოების მოდერნიზაცია. ამჟამად უბერტი ყიდის რევოლვერებს როგორც თავისი სახელით ასევე აწყობს სხვა კომპანიებისთვის, კონკრეტულად ბერეტასთვის და ქიმარონისთვის.

ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მიმოხილვის ნაწილზე. ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტი არის Uberti Cattleman (კათლმან – მეცხვარე/მწყემსი), Artillery model. ისევე როგორც ორიგინალი ის იყენებს ხის მონოლითურ სახელურს, სპილენძის სახელურის ჩარჩოს და სასხლეტის კავს, ჩარჩოს ფერადი წრთობით. ლულა და დოლურა დაფარულია ლამაზი შავი მოსევადებით.  ლულის სიგრძე 5.5 ინჩია (რაც ხდის მას საარტილერო მოდელად) და რაც გვაძლევს ოდნავ მეტ საწყის სიჩქარეს და ოდნავ უფრო გრძელ სამიზნე ხაზს. პისტოლეტის წონა კილოგრამზე ოდნავ მეტია.  ისევე როგორც ორიგინალურ “პისმეიკერში”, უბერტის პისტოლეტი იყენებს დამრტყმელს ჩახმახზე, რაც ნიშნავს, რომ იარაღის უსაფრთხოდ ტარება დასაშვებია მხოლოდ 5 ვაზნით სავაზნეში.  თუმცა რევოლვერს გააჩნია დამალული უსაფრთხოების ფუნქცია. დოლურას ღერძზე ერთი ფიქსატორის ღარის ნაცვლად არის ორი, შესაბამისად შესაძლებელია ღერძის საკეტელაზე დაჭერით მისი უფრო შიგნით გაწევა, რის შემდეგაც ის მეორე ბოლოთი გამოვა ჩარჩოდან და არ მისცემს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს ამაალებელს. რა თქმა უნდა ასეთი “იმპროვიზირებული” მცველის სწრაფი ჩართვა-გამორთვა გამორიცხულა, ამიტომ ჯობია საერთოდ მისი იგნორირება და დოლურას 5 ვაზნით ავსება. თუმცა თუ არსებობs რისკი, რომ მოხდება არასანქცირებული იარაღის დაუფლება, შესაძლებელია რევოლვერის შენახვა გააქტიურებული მცველით, რაც გამორიცხავს გასროლას. ვერც ბავშვი და ვერც ქურდი უბრალდო ვერ მიხვდება, როგორ აიძულოს რევოლვერს გაისროლოს. ისე, არსებული ლეგენდის თანახმად თავად ლოურენს არავიელი, რომელიც ფლობდა “პისმეიკერს”, გადაურჩა სიკვდილს არაბი ბანდიტის ხელებისგან, როდესაც უკანასკნელი დაეუფლა მის რევოლვერს მაგრამ უბრალოდ ვერ მიხვდა, რომ გასროლის წარმოებისთვის საჭრო იყო ჯერ ჩახმახის შეყენება. დღეს პატარა ბავშვმაც იცის ჩახმახის შეყენება, როგორ უნდა, ამიტომ იტალიური რევოლვერის ეს დამალული მცველი შეიძლება იყოს ბოლო დაცვის “ბარიერი” უბედური შემთხვევისგან.

uberty safety

ამ სურათიდან კარგად ჩანს დოლურას ღერძის მცველის მუშაობის პრინციპი. 

მეორე თაობის უბერტის რევოლვერები, იყენებენ უფრო მექანიკურად სრულყოფილ მცველის სისტემას, რომელიც განლაგებულა ჩახმახის შიგნით და არ აძლევს დამრტყმელს შესაძლებლობას მიწვდეს ამაალებელს თუ სასხლეტზე არ არის დაჭერილი თითი. რაღაცით ის წააგავს “გლოკის” უსაფრთხოების ავტომატური სისტემების მოქმედების პრინციპს. ესტეთიური თვალსაზრისით ასეთი სქემა უფრო უკეთესია ვიდრე მაგალითად გამოყენებული “რუგერის” “პისმეიკერების” კლონებში, რომლებიც 1973 წლიდან იყენებენ ტრანსფერ ბარებს და ჩარჩოში განლაგებულ დამრტყმელებს, როგორც პრაქტიკულად ყველა თანამედროვე რევოლვერი. ასეთი ავტომატური მცველის გამოყენების  გამო მეორე თაობის Сattleman-ებმა დაკარგეს “პისმეიკერის” საფირმო ოთხ კლიკიანი ჩახმახი.  ჩახმახის შეყენებისას ოთხი კლიკის ნაცვლად დარჩა მხოლოდ სამი რამაც ჩემი პირადი აზრით აუტენტურობის თვალსაზირისთ არის ცუდი, თუმცა მეორეს მხრივ Сattleman II გახდა უფრო უსაფრთხო და ჭეშმარიტად 6 ვაზნიანი პისტოლეტი.

ოთხ კლიკიანი C-O-L-T ჩახმახი მუშაობს შემდეგნაირად: პირველი კლიკი  C – ჩახმახი დგება “უსაფრთხო” პოზიციაში როდესაც დამრტყმელი არ წვდება ამაალებელს, შემდეგ მეორე კლიკი O – ნახევრად შეყენება, რომლის დროსაც შესაძლებელია დოლურას დატრიალება და მისი ვაზნებით ავსება, მესამე კლიკი L – დოლურას ჩამკეტი და დოლურას “ხელი” ურთიერთმოქმედებაში მოდიან  და მოთხე კლიკი T – ჩახმახი შეყენებულია და დოლურა ჩაკეტილია, იარაღი მზად არის გასროლისთვის. 

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები, შეიძლება ითქვას პრიმიტიულია და მოიცავს რევოლვერის “ზღუდარზე” შესრულებულ ღარს და ლულაზე განლაგებულ კორას.  რაიმე შესწორების შეტანა შეუძლებელია და მე მხოლოდ იმედს ვიტოვებდი, რომ რევოლვერი იქნებოდა მისროლილი ქარხნულად.

განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ რევოლვერი არ არის დამახინჯებული ზედმეტი წარწერებით და დამღებით. დოლურაზე არის დამოუკიდებელი ტესტირების დამადასტურებელი დამღები, ვინაიდან ყველა უბერტის იარაღი გადის ასეთ შემოწმებას, რომელიც რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არის სავალდებულო ყველა იარაღისთვის, რომელიც იწარმოება იტალიაში. ასეთი ტესტირებისას დამოუკდებელი გამომცდელი ისვრის ყველა იარაღიდან საცდელი მუხტით, რომლის წნევა 30%-ით აღემატება სტანდარტული მუხტის წნევას და შესაბამისად თუ არსებობს რაიმე ფარული დეფექტი დოლურაში ან ლულაში იარაღი უბრალოდ დაზიანდება. ზოგადად, დამოუკიდებელი ტესტირების ჩატარება იარაღებზე ემსახურება სამ მიზანს, რწმუნების გაცემა მასზედ რომ იარაღი არის უსაფრთხო და ამით იმის უზრუნველყოფა, რომ ქვეყანაში არ შეიქმნება იარაღი, რომელიც ხელში აფეთქდება, ასევე ასეთი დამღა გარკვეულ წილად არის ხარისხის დამადასტურებელი ნიშანი, რომელიც ადასტურებს იარაღის კუთვნილებას კონკრეტული რეპუტაციის მქონე იარაღის წარმოების “ცენტრთან” რაც “უბერტის” შემთხვევაში არის იტალია, კონკრეტულად კი ქალაქი გარდონე ვალ ტრომპია, ადგილი სადაც განლაგებულია ბევრი იარაღის  სახელგანთქმული საწარმო. დღეს იგივე მიზნის მისაღწევად საკმარისი იქნება გააკეთო ჩანაწერი იარაღის ინსტრუქციაში და მწარმოებლის ვებ გვერდზე მაგრამ ადრე რათქმაუნდა ეს იყო შეუძლებელი.   ბოლოს რა თქმა უნდა დამღის დატანა არის სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მექანიზმი იმაზე თუ სად, რამდენი და როგორი იარაღი იწარმოება.  ჩვენი რევოლვერის სერიული ნომერი ასევე დამალულია ჩარჩოს ქვედა ნაწილში, სასხლეტის დამცავი კავის წინ. ლულის მარცხენა მარჯვენა მხარეს არის მწარმოებლის წარწერა.  წარწერები და დამღები შესრულებულია ტრადიციულ სტილში და თავისი განლაგებით არანაირად არ აფუჭებს პისტოლეტის იერსახეს.

P1100797

სახელურის ხის ნაწილი ისევე, როგორც ორიგინალურ “პისმეიკერში” არის მონოლითური და დაფარულია სქელი პრიალა ლაკით, რომელიც ჩემი გემოვნებისთვის ცოტათი ზედმეტად პრიალა არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეთი სახელური, თითბერის ჩარჩო,  სასხლეტის დამცავ კავთან ერთად და ჩარჩოსთან ფერადი წრთობით აძლევენ ამ იარაღს ულამაზეს იერსახეს.

პისტოლეტის შესრულება არის ძალიან კარგი, რაც არ არის გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ იარაღი იატლურია, ხოლო თუ ვიმსჯელებთ Discovery Channel-ის გადაცემით How It Is Made (სადაც ასახულია ამ რევოლვერების წარმოების პროცესი),  ბევრი ადამიანი არის ჩართული ამ იარაღების შექმნაში, ანუ ხელით შრომის წილი არის საკმაოდ დიდი. მოდით უბრალდო დავწერ, რომ იარაღი ფანტასტიურად ლამაზია და ჩემი ბებერი ციფრული კამერა და ფოტოგრაფიის “ნიჭი” არ მაძლევს საშუალბას გადმოგცეთ ამ იარაღის მთელი სილამაზე. მე სიმართლე გითხრათ არ მესმის როგორ ახერხებს ამასთან ერთად “უბერტი” ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნებას, იმიტომ რომ ახალი Сattleman-ის ფასი აშშ-ში იწყება სადღაც 600 დოლარიდან, რაც ორჯერ, სამჯერ უფრო მცირეა ვიდრე კოლტის წარმოებული პისმეიკერები და უტოლდება “რუგერის” პისტოლეტების ფასს.  “უბერტის” “რუგერთან” შედარებას აზრი არ აქვს, ორივე ეს იარაღი იქმნებოდა განსხვავებული ფილოსოფიით, უბერტი არის “პისმეიკერის” რეპლიკა, ხოლო “რუგერის” პისტოლეტები წარმოადგენენ “პისმეიკერს” სტეროიდებზე, ბევრად უფრო გამძლე და ძლიერი კონსტრუქციით, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ “რუგერის” “პისმეიკერები” უფრო პრაქტიკული იარაღებია, მაშინ როდესაც უბერტის ან სხვა იტალიური წარმოების  “პისმეიკერები” უფრო კლასიკური და აუტენტური.

რევოლვერის მოვლა მომსახურებ არის საკმაოდ ადვილი. დასაშლელად საჭიროა მხოლოდ დარწმუნდეთ რომ რევოლვერი განმუხტულია, დააყენოთ ჩახმახი ნახევრად შეყენებულ მდგომარეობაში, გახსნათ დასატენი კარი, დოლურას ღერძის ზამბარიან საკეტელაზე დაჭერით გამოათავისუფლოთ  ღერძი და ამოაძროთ ის ჩარჩოდან. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდება დოლურას მოხსნა. იარაღი მზად არის გასაწმნენდად.

smklssblackframe

ერთადერთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ცვლილება “პისმეიკერში” იყო დოლურას ღერძის ფიქსაციის სქემაში. ადრინდელ მოდელზე ღერძი დაფიქსირებული იყო ხრახნით, შემდეგ უკვე ზამბარიანი საკეტელათი.  პირველი მეთოდი იყო თეორიულად უფრო საიმედო მაგრამ ახალი კონსტრუქცია იძლეოდა იარაღის სწრაფი, ინსტრუმენტის გარეშე დაშლის შესაძლებლობას. ისე გამოვიდა, რომ ჩარჩოს ხრახნით ეძახიან კვამლიანი დენთის ჩარჩოს და უფრო ახალ მოდელს შესაბამისად “უკვამლო დენთის ჩარჩოს” მაგრამ ასეთი კლასიფიკაცია ზუსტი არ არის და ბევრი შეყავს შეცდომაში. უბრალოდ ეს კონსტრუქციული ცვლილება დროში დაემთხვა კოლტის გადასვლას უკვამლო დენთის  გამოყენებაზე. “უბერტიზე” გამოყენებულია ზამბარიანი საკეტელა.    

დარწმუნებული ვარ ასევე დაგაინტერესებთ რამდენად კარგად ისვრის “უბერტი” და შეესაბამება თუ არა მისი სიზუსტე და საიმედოობა მის იერსახეს. ამის დასადგენად მე შევიძინე ორი ტიპის .45 კალიბრის მუხტი, რომლის შოვნა ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის არ წარმოადგენს პრობლემას.  პირველი იყო Federal American Eagle, გარსით დაფარული 225 გრანიაი ტყვიით რბილი ცხვირით (JSP) მეორე ჩეხური Sellier&Bellot, 230 გრანიანი გარსით დაფარული ექსპანსიური ტყვიით. ორივე მუხტს ქონდა თითქმის იდენტური საწყისი სიჩქარე 250-260 მ/წ-ის ფარგლებში.  შესაბამისად უკუცემა იყო რბილი მაგრამ გასროლის ხმა და ლულის ალი საკმაოდ  დიდი. შემიძლია დავიფიცო, რომ სახეშიc მხვდებოდა ცხელი ჰაერის ნაკადი, ყოველი გასროლის შემდეგ. რევოლვერის სასხლეტი იყო ძალიან რბილი და მოკლე სვლით და ძნელი იყო იმის მიხვედრა როდის მოხდებოდა გასროლა. ეს კარგიც არის და ცუდიც, მაგრამ მე მიუჩვეველი ვიყავი, ამიტომ პირველი ჯგუფი გამოვიდა საკმაოდ განიერი. უკვე შემდგომ როდესაც მე “დავამუღამე” როგორ უნდა გეჭიროს იარაღი ოპტიმალური კონტროლისთვის, ჯგუფებიც ორჯერ შემცირდა სიგანეში.

აშკარა იყო რომ იარაღი ისროდა ოდნავ დაბლა მაგრამ ჰორიზონტალური შესწორებები საჭირო არ იყო. იარაღი აშკარად იყო მისროლილი ქარხნულად ხოლო მოხვედრის წერტილი დაბლა იყო, სავარაუდოთ დაბალწნევიანი მუხტების გამო. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გადახრა არის ყველაზე ადვილად გამოსასწორებელი. უბრალოდ დაქლიბეთ კორა და მოხვედრის წერტილი აიწევს ზევით. ცხადია ამის გაკეთებას მე არ ვაპირებ. ასეთი იარაღისთვის ასეთი პატარა გადახრით ამის საჭიროება ნამდვილად არ არის.

 

57286261_2091225427659762_3666377761120845824_n

ასე გამოიყურება სიზუსტე რომელიც მივიღეთ პირველად ასეთი ტიპის იარაღის სროლიდან (მანძილი 15 მეტრი). არაფერი განსაკუთრებული მაგრამ აბსოლუტურად მისაღები მოკლელულიანი იარაღისთვის. შთამბეჭდავი ზომის, სუფთა ნახვრეტები მეტყველებენ იმაზე, რომ ეს იარაღი იქნება ძალიან ეფექტური ცოცხალი სამიზნეების წინააღმდეგ. 

უკუცემა იყო რბილი, იარაღის კონტროლი იყო ადვილი. ამ იარაღის თავისებურება იმაშია რომ ტარის ფორმის გამო, ყოველი გასროლის შემდეგ ხდება იარაღის “ჩაცურება” ხელში და მომდევნო გასროლისთვის საჭიროა ჭერის კორექტირება. აქედენა ცნობილი ხრიკი, რომელსც იყენებდნენ “პისმიკერის” მსროლელება, როდესაც ნეკა თითით სახელურის ქვეშ მოთავსებით კეტავდნენ მას ხელში. ჩემი გამოცდილება რევოლვერებთან, მეუბნება მე, რომ მე ჯერ კიდე გრძელი გზა მაქვს გასავლელი იმისთვის, რომ გავხდე კარგი მსროლელი რევოლვერიდან.

elmer keith saa

კარგი სამიზნე მოწყობილობები, განიერი სასხლეტი და დაბალი ჩახმახი, რომელიც დაშვებისას არ ფარავს სამიზნე მოწყობილობებს და გაძლევს საშუალებას დააკვირდე იარაღის ქცევას გასროლის მომენტში. ასეთ კონფიგურაციაში “პისმეიკერი” აძლევდა საშუალებას კარგ მსროლელს გამოეყენებინა ამ იარაღის სიზუსტის მთელი პოტენციალი. სურათზე არის ელმერ კიტი (Elmer Keith) კუთვნილი “პისმეიკერი”, რომელიც გარდა ზემოაღნიშნული ოფციებისა ასევე აქვს კასტომიზირებული, ფორმაშეცვლილი სახელური და შესანიშნავი გრავირება. 

სროლის და გადატენვის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. რევოლვერი მუშაობდა როგორც შვეიცარული საათი. ლულის ქვეშ განლაგებული ეჟექტორის გამოყენება საჭირო იყო მხოლოდ გადატენვის ციკლის დასაჩქარებლად, სხვა შემთხვევაში გრავიტაციის ძალა საკმარისი იყო რომ გასროლილი მასრები ამოყრილიყო დოლურადან. უნდა ვივარაუდოთ, რომ უფრო ცხელი მუხტების გამოყენებისას ეჟექტორის გამოყენება გახდება აუცილებელი. ყურადღების მიქცევას ითხოვენ ხრახნები, რომლებსაც ჭირდება ხშირი გადაჭერა. 1960 წლიდან კოლტმა დაიწყო ყველა “პისმეიკერში” პლასტმასის საყელურიანი ხრახნების  გამოყენება რამაც გადაწყვიტა მათი დაშვების პრობლემა. “უბერტისაც” ნამდვილად არ აწყენდა ასეთი ხრახნები მაგრამ ….

მთლიანობაში ჩემი რევოლვერებთან მოკრძალებული გამოცდილების გათვალისწინებით მე შემიძლია ვთვქა, რომ Uberti Cattleman არის ყველაზე კარგი რევოლვერი რომლიდანაც მე ოდესმე გამისვრია.  სიმართლე გითხრათ ეს რევოლვერი რომ ყოფილიყო ერთადერთი ჩემი მოკლელულიანი იარაღი, მე ნამდვილად არ ვიგრძნობდი თავს არაადეკვატურად შეიარაღებულად და ამ განცხადებით მე მინდა გადავიდე ასეთი რევოლვერების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობების განხილვაზე. უდაო არის ის ფაქტი, რომ კალიბრი .45 Сolt არის ეფექტური ორფეხა მტცებლების წინააღმდეგ თუნდაც ყველაზე სუსტი სტანდარტული მუხტით, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ყველაზე იაფი მუხტებიც კი, არიან ექსპანსიური ან რბილთავიანი ტყვიით. იარაღი ასევე არის მექანიკურად საიმედო და საკმარისად ზუსტი თუნდაც გამოუცდელი მსროლელის ხელში. ყველაზე დიდი მინუსები ასეთი იარაღის არის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი და იარაღის დიდი გაბარიტები. მისი სრული სიგრძე 300მმ-ია, სიმაღლე 130მმ და სისქე 40მმ ეს იარაღი უფრო დიდია და მძიმე ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე სრული ზომის პისტოლეტი. ამ მიზეზების გამო პრინციპში “პისმეიკერები” არ განიხილება და არც გამოიყენება, როგორც მუდმივად თან სატარებელი თავდაცვის იარაღი. მეორეს მხრივ მიზანში სროლა, გასართობი სროლა, ე.წ. “კოვბოური სროლის” ფორმატის შეჯიბრებები, თუ გნებავთ სალაშქრო იარაღი მტაცებლებისგან თავის დასაცავად ან უბრალოდ საკოლექციოდ, ეს რევოვლერი გამოსადეგია.  ბუნებრივია ის ასევე იქნება საოცნებო იარაღი ყველასთვის ვინც არის ველური დასავლეთის ეპოქის ან ვესტერნების მოყვარული. ასეა თუ ისე ფაქტია, რომ მიუხედავად ყველანაირი კრიზისებისა რაც ჩვენ დროს არსებობს მსოფლიოში, ინტერესი “პისმეიკერის” მიმართ არ მცირდება. “Beretta”-ს მიერ “Uberti”-ის შეძენაც განპირობებულია ამ კომპანიის სურვილით გახდეს ამ კლასის იარაღების დომინანტი მწარმოებელი მოფლიოში, რის შესახებაც მათ განაცხადეს თავის პრეს-რელიზში.

P1100818

რკინის, ხის და ტყავის კლასიკური კომბინაცია

სიმართლე გითხრათ, საერთოდ მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამერიკელებისთვის საყვარელ იარაღებს, იქნება ეს M1911, ჰენრის ბერკეტიანი კარაბინები, M-14 თუ მაგალითად იგივე “რემინგტონ 700″, იმიტომ რომ მე ობიექტურად ვთვლი რომ შესაბამის კლასებში არსებობენ უკეთესი იარაღები, მაგრამ ფაქტია რომ მიუხედავად იმისა, რომ  “პისმეიკერი” რომელიც თავის დროზეც თუნდაც არ იყო ყველაზე სწრაფად დასატენი ყველაზე “სპორტული გარეგნობის”  პისტოლეტი, თავის საფირმო კალიბრთან, .45 Сolt-თან ერთად, თითქმის 150 წლის შემდეგაც ის აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს, საიმედოთ  ათავსებს 16 გრამიან ჭურვებს იქ სადაც უმიზნებთ.  გარდა ამისა, ის არის სიმბოლო მთელი ეპოქის. ეპოქის რომელიც იქნება ინტერესის, შესწავლის და სიყვარულის ობიექტი კიდე მრავალი თაობისთვის. “პისმეიკერის” იერსახე კიდე,  მანამ სანამ ადამიანს ექნება უნარი გამოიცნოს და დატკბეს სილამაზით, ყოველთვის ქნება უკვდავი, ისევე როგორც მაგალითად Сhevrolet Bell Air-ის იერსახე, რომელიც ისევე, როგორც პისმეიკერი ვერავის ვერ დატოვებს გულგრილს.

P1100823
1999 წელს ჟურნალ Shooting Times-ში გამოქვეყნდა მაიკ ვენტურინოს (Classic Arms-ის რედაქტორი) სტატია სახელწოდებით “გლოკი, მეოცე საუკუნის “პისმეიკერი”. ჩემი აზრით ეს სტატია საუკეთესოდ აღწერს “პისმეიკერს” და იმ გვალენას რაც ქონდა ამ იარაღს, “გლოკის” პისტოლეტების წარმატების ჭრილში.  “პისმეიკერი” მაშინ იყო იგივე რაც “გლოკი” დღეს. ახალი სტანდარტი, საიმედოობის, სიმარტივის. სტანდარტი, რომელითაც ფასდება ყველა სხვა ანალოგიური იარაღები.  არის რაღაცა იმაში, რომ ამ სტატიის წაკითხვიდან ათი წლის შემდეგ, “პისმეიკერიც” და “გლოკიც” გვერდისგვერდ არიან ეხლა ჩემ სეიფში.



დატოვეთ კომენტარი