საუკეთესო პისტოლეტები

10498010_817660501586495_5804245509431261043_o

ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სპეციალიზაცია და ინტერესის მთავარი წყარო, ყოველთვის იყო და არის, პირველ რიგში მოკლელულიანი იარაღი. ეს არის ის იარაღი, რომელიც მე ყველაზე უფრო მომწონს და მაინტერესებს, რასაც ასევე ადასტურებს სტატიების სტატისტიკა, უმეტესობა სტატიების ეხება მოკლელულიან იარაღს და დაკავშირებულ თემატიკას. უკვე თვლაც ამერია რამდენი პისტოლეტი და რევოლვერი მქონდა ამდენი წლის განმავლობაში. ალბათ ასე სადღაც 80-მდე მოდელი ან შეიძლება უფრო მეტი. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მე ვცდილობდი ყველაფერი შემესწავლა კონკრეტული პისტოლეტების შესახებ. შექმნის ისტორია, მოწყობილობა, ექსპლუატაციის თავისბურებები, რას წერენ ჟურნალებში და წიგნებში, რას წერენ ფორუმებზე და FB ჯგუფებში, რას ლაპარაკობენ სხვა ბლოგერები და “იუთუბერები”. ყველაფერი ეს საჭირო იყო მათ შორის იმისთვის, რომ გადამემოწმებინა ჩემი მიგნებები, შემქმნოდა  პისტოლეტზე სრულყოფილი წარმოდგენა და ასევე გამომერიცხა სტატისტიკური შეცდომა, იქნებ მე შემხვდა განსაკუთრებული იარაღი რომელიც არ ჯდება არსებულ სტატისტიკაში, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შემთხვევები, როდესაც მე შემხვდა კარგი რეპუტაციის მწარმოებლის პისტოლეტი, რომელიც არ მუშაობდა, ასეთი შემთხვევები პრაქტიკულად არ ყოფილა. ბიუჯეტური და პრობლემური? ასეთები კი, საკმარისად იყო. ასე, რომ ამდენი წლის მერე მე თამამად შეიძლება ვთქვა, რომ შეკითხვაზე, პირადად მე,  ჩემი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე, რომელ პისტოლეტს ვთვლი რომ არის საუკეთესო, გავცემ შემდეგ პასუხს: 1) ნებისმიერი გლოკი; 2) ნებისმიერი “ბერეტა92FS/M9″, გერმანული “Sig-Sauer P226″ და ალბათ H&K USP და მისი ვარიანტები.  ყველა აღნიშნული პისტოლეტები გარდა იმისა, რომ შესანიშნავი იარაღებია ასევე გამოირჩევიან იმით, რომ ყოველთვის მუშაობენ. ალბათობა ნახო აღნიშნული იარაღი გაუმართავ მდგომარეობაში ან ქარხნული წუნით, თითქმის ნულის ტოლია. როდესაც რაღაცას უშვებ საკმარისად დიდხანს, ისე ხდება ხოლმე რომ ხანდახან წარმოებული პროდუქციის ხარისხი “დაცურავს”. წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალი ხარისხის  პროდუქცია გამოუშვა, საკმაოდ სერიოზული მიღწევაა. შორს რომ არ წავიდეთ, გავიხსენოთ თუნდაც, როგორც მოსპო “რემინგტონმა” თავისი ზეპოპულარული მოდელის, 870-ის კონსტრუქცია და რეპუტაცია. ეს თოფი მე ახალი ვიყიდე და ჩემით დავწრმწუნდი, რომ ეს უბრალო ჭორები არ იყო. ახალ თოფს ქონდა უამრავი პრობლემა და წუნი. არის სხვა ცნობილი მაგალითებიც, როდესაც მწარმოებელი სხვადასხვა მიზეზების გამო აფუჭებდა თავის პროდუქტს, მაგალითად შვეიცარიული “სფინქსი”, რომელმაც პატრონების გამოცვლის პროცესში ერთი პერიოდი უშვებდა პროდუქციას, რომელიც არ პასუხობდა იმ მაღალ სტანდარტს რომელსაც ელოდები ამ კომპანიისგან.  ერთ-ერთი პირველი პარტია ჩეხური СZ-75-ების, რომელიც მოხვდა პრიბალტიკის ქვეყნებში აღმოჩნდა ქარხნული ხარვეზებით, რამაც დიდიხნით გაუფუჭა ამ მწარმოებელს სახელი აღნიშნულ რეგიონში. მე ხშირად მეკითხებიან, რა იარაღი ვიყიდოთ. ეს კითხვა მე არ მომწონს, განსაკუთრებით, როდესაც ამას მეკითხება ადამიანი რომელსაც მე არ ვიცნობ. როგორ გავცე პასუხი მას? როგორ ავუხსნა კაცს რომელი “ბოტასი” იყიდოს, მე არ ვიცი ის დაბრის, კალათბურთს თამაშობს თუ ჰაიკინგი უყვარს, რა ფორმის და ზომის ტერფი აქვს. უნდა წახვიდე მოიზომო და ისე იყიდო, არსებობს ადამინი ვინც იყიდის ფეხსაცმელს მარტო იმიტომ რომ ვიღაცამ ურჩია? სხვა საქმეა როდესაც კონკრეტულად მეკითხებიან რას ვფიქრობ ამა თუ იმ მოდელზე, აქ თუ მე შეხება მქონდა ამ მოდელთან, უკვე მაქვს შესაძლებლობა ვრცელი პასუხი გავცე. ეს სტატია არის ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ცოდნიდან გამომდინარე შედგენილი საუკეთესო პისტოლეტების სია. როგორც ხედავთ ეს არც ტოპ ათეულია და არც ტოპ ხუთეული. ეს არის 4 პისტოლეტი ან პისტოლეტების ოჯახი, რომელიც მე შემიძლია თამამად ვურჩიო ყველას, იმიტომ რომ თუ ადამიანი დამიჯერებს ის მიიღებს ზუსტს, მუშა, გამძლე, საიმედო იარაღს. ცხადია პისტოლეტი არის ძალიან ინდივიდუალური იარაღი ამიტომ ვიღაცას შეიძლება თავიდან არ მოერგოს/არ მოეწონოს, რომელიმე ჩემს მიერ დასახელებული პისტოლეტებიდან ასე, რომ ყიდვამდე მოზომვა აუცილებელია.

ჩემი ფავორიტების ამ ჩამონათვალიდან მე გამოვყოფდი და შესაბამისად პირველ ადგილსაც გადავცემდი “გლოკებს”. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ბევრ სხვადასხვანაირ  პისტოლეტს ვეცნობოდი მით უფრო ვაფასებდი ამ ავსტრიულ იარაღს. თუ არ ჩავთვლით ხანმოკლე პრობლემებს პირველი მეოთხე თაობის გლოკებთან და ასევე ადრინდელ გლოკ 42-თან, ეს მწარმოებელი მიუხედავად იმისა, რომ უშვებს ასიათასობით პისტოლეტს ახერხებს შეინარჩუნოს ხარისხი და პრაქტიკულად არ უშვებს შეცდომებს. მაგაითად, არის რაღაც პოპულარული მწარმოებლების იარაღები, რომელზეც ხანდახან ფორუმზე ან რომელიმე ჯგუფში დაწერენ ხოლმე დაახლოებით ასეთი შინაარსის შეტყობინებას/კითხვას: “კაცო, მეჩვენება თუ ბრენდ X იარაღებს აქვთ ცუდი რეპუტაცია საიმედოობის თვალსაზირისით?”.  რაზეც, როგორც წესი გაიცემა სტანდარტული პასუხი: “უბრალოდ ბრენდ X იარაღი იმდენი გაიყიდა რომ შესაბამისად უფრო ბევრია ბრუნვაში და ამიტომ პროპორციულად ბევრია შემთხვევები, როდესაც იარაღს რამე პრობლემები უჩნდება”. მე პირადად შემიძლია დავასახელო სამი ოთხი ასეთი მწარმოებელი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით “გლოკია” გამოშვებული, ასეთი შეკითხვა “გლოკზე” ადამაინს არ გაუჩნდება.   ყველა მწარმოებელი დღეს უშვებს “გლოკს” ამა თუ იმ ფორმით. S&W M&P და Sigma, Ruder SR, Springfield XD, CZ P10, Beretta APX, H&K VP9 და უამრავი სხვა, არიან პრაქტიკულად “გლოკის” კონცეფციის ზუსტი ასლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ტექნიკურადაც არ განსხვავდებიან.  “გლოკებმა” დაამტკიცეს რომ უკვე მერამდენე ათწლეული კვლავ წარმოადგენენ სტანდარტს, რომელსაც ედრება ყველა სხვა მწარმოებელი.  ეს არის ობიექტური ფაქტი. ამიტომ თუ სადმე გადაეყრებით “ექსპერტს” რომელიც ლანძღავს ამ იარაღს, კითხეთ შემდეგი, რამდენი გლოკი ქონია მას პირადად და რამდენი ისროლა ამ გლოკებიდან.  თუ პასუხია შესაბამისად, ათზე ნაკლები და არა ათასობით ნასროლი ვაზნა, აუწიეთ მას შუა თითი და გაუშვით შორს. მე მინახია “გლოკები”, რომლებიც არ მუშაობდნენ საიმედოთ, იმიტომ რომ წინა პატრონები შიგნით არაკომპეტენტურ ხელებს აფაცურებდნენ, მაგრამ ალბათობა გადაეყარო ორ “გლოკს”, რომელიც არ მუშაობს იმდენად მცირეა, რომ უფრო დიდი ალბათობით თავზე მეტეორიტი დაგეცემათ.  დიახ, შესაძლებელია რომ არ მოგეწონოთ “გლოკის” დიზაინი, მისი სასხლეტი ან ტარის კუთხე. ეს ყველაფერი ინდივიდუალურია და არის ხალხი ვინც ამის გამო არჩევანს აკეთებს სხვა იარაღებზე, რაც ნორმალურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მექანიკური თვალსაზრისით “გლოკი” არის იმდენად სრულყოფილი რამდენადაც სრულყოფილი შეიძლება იყოს იარაღი შექმნილი იმდენად არასრულყოფილი არსების მიერ, როგორიც არის ადამიანი, ამიტომ მისი ლანძღვა არის პირველ რიგში საკითხში საკუთარი გაუთვითცნობიერებლობის დეკლარირება.  კითხვაზე კონკრეტულად რომელი “გლოკი” უნდა იყიდოთ, ჩემი უნივერსალური პასუხი იქნება გლოკ 19. ეს პისტოლეტის არის ოქროს შუალედი საბრძოლო თვისებებსა და კომპაქტური გაბარიტებს შორის. თქვენ იღებთ 15/17/19/33 ვაზნიან ტევადობას, კარგ სროლისუნარიანობას, სიზუსტეს რომელიც არ ჩამოუვარდება სრული ზომის “გლოკებს”, შესაძლებლობას დააყენოთ ფარანი და ეს ყველაფერი შედარებით კომპაქტურ და მსუბუქ იარაღზე, რომელიც შეიძლება კომფორტულად ატაროთ მთელი დღე. დანარჩენი დამოკიდებულია თქვენ საჭიროებებზე. რის გამოც მე კიდე ვაფასებ გლოკებს, არის ის, რომ მათი პატარა მოდელები გამოირჩევიან ისეთივე სიზსუტით, საიმედოობით და გამძლეობით და მათ შორის კარგი სროლისუნარიანობით, როგორც დიდი ზომის პისტოლეტები. ამერიკული თუ ავსტრიული, ყველა გლოკი ერთნაირად კარგია. მე მქნოდა ათზე მეტი “გლოკის” პისტოლეტი და არასდროს არც ერთთან მე არ მქონდა არანაირი პრობლემა, ყველა ისროდა ზუსტად და ყველა იყო გასწორებული ქარხნიდან. ფეტიშისტებს და ჰიპსტერებს “გლოკი” არ მოწონთ, ის არ ღირს ძვირი ანუ პროლეტარების ინსტრუმენტია და არა ექსკლუზიური, თავადური იარაღი. მას არ აქვს ბრჭყვიალა ნაწილები, მისი დიზაინი არ არის ჩახუჭუჭებული, საკეტის გადაწევისას ისმის რაღაც ჭყრიალი, პისტოლეტს რომ შეანჯღრევ, შიგნით რაღაც კაკუნის ხმა ისმის, თითქოს რაღაცა მოძვრა და შიგნით ჩარჩა. იარაღი და სხვა ფასიანი ნივთები არის მაგათთვის როგორც სათამაშოები ნაძვის ხეზე, სადაც ნაძვის ხე თვითონ არიან და უნდა მორთონ საკუთარი თავი ლამაზი, იშვიათი და ძვირადღირებული სათამაშოებით. ასეთი უტილიტარული მოწყობილობა, როგორც “გლოკი” ჩემი დაკვირვებით მათში იწვევს თითქმის ზიზღის ტოლ გრძნობას.  მსროლელებს “გლოკი” უყვართ იმიტომ, რომ ის აკეთებს იმას რასაც უნდა აკეთებდეს, ისვრის, ისვრის ზუსტად, ისვრის ყოველთვის, ისვრის დიდხანს, ისვრის მაშინაც როდესაც ყველა სხვა პისტოლეტი ჩუმდება.  სულ ბოლო ჩემმა გლოკმა (მოდელი 43) ასეთივე კარგი გამოდგა, როგორც ყველა წინა პისტოლეტი და უფრო ზუსტი გამოდგა ვიდრე უმეტესობა სხვა მწარმოებლის დიდი ზომის პისტოლეტი. მიუხედავად იმისა, რომ მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი თაობის “გლოკები” არის კარგი და რამე მნიშვნელოვანი განსხვავება მათ შორის არ არის, ალბათ მე-5 თაობა შეიძლება გამოარჩიო იმით რომ ამ თაობაში გამოყენებულია გლოკის ახალი ტიპის ლულები რომელსაც გლოკი “Marksman”-ს უწოდებს და არესბული გამოხმაურებებით სხვაობა სიზუსტეში შესამჩნევია. შეიძლება ასეთი ლულის წყალობით, ჩემი G43 ისვრის ისეთი სიზუსტით, რომელიც აქამდე იყო უნახავი ასეთი “წონითი კატეგორიის” პისტოლეტებში.

DSC06652

თუ რომელიმე პისტოლეტი იმსახურებს წოდებას “საუკეთესო მსოფლიოში”, მაშინ ეს უნდა იყოს “გლოკ 19″. მეხუთე თაობის Glock 19, Glock 19X და Glock 45 დიდი ალბათობით არის ყველაზე საუკეთესო/ოპტიმალური პისტოლეტები, რომლებიც გლოკს ოდესმე გამოუშვია. 

რაც შეეხება დანარჩენ ჩემს მიერ დასახელებულ პისტოლეტებს, სულ ყველა მათგან არის ისეთივე საიმედო, როგორც “გლოკი” უბალოდ არ არიან ისეთი მარტივი კონსტრუქციის მქონე, ასე ცოტა დეტალით, სადაც საკმარისია ერთ კბილის საჩიჩქნი ან ლურსმანი, რომ იარაღი დაშალო ბოლო დეტალამდე. სწორედ ამიტომ გერმანული USP მოხდა სიის ბოლოში. USP-ზე უბრალოდ არ მომწონს, რომ ის ერთადერთი პისტოლეტია, რომლის სრული დაშლა ვერ გავბედე/დამეზარა. ასევე არ მომწონს მისი დიდი გაბარიტები. სხვა მხრივ USP არის მუშა, გამძლე და ზუსტი პისტოლეტი. სამწუხაროდ USP იყიდება საქართველოში საკმაოდ ძვირად. მე ასევე მაქვს გარკვეული პრობლემები ამ პისტოლეტის სროლისუნარიანობასთან. ლულის ღერძი მაღლად არის განლაგებული, პისტოლეტები დიდია და ვერ ვიტყვი რომ პისტოლეტი კარგად ზის ხელში, ამის გამო სწრაფად და ზუსტად სროლა ამ პისტოლეტებიდან საკმაოდ რთულია. ნაწლობრივ ეს დადასტურდა იმით, რომ როდესაც აშშ-ს სანაპირო დაცვა და რიგი სხვა ფედერალური სააგენტოების გადავიდნენ H&K-ს პისტოლეტებზე, სროლის მაჩვენებლები კვალიფიკაციის დროს მანდ გაუარესდა. შეიძლება ეს იმის ბრალია რომ ახალ იარაღს მიჩვეულები არ იყვნენ, მაგრამ ჩემი აზრით უბრალოდ USP-ს ოჯახი არ გამოირჩევა კარგი სროლისუნარიანობით. მაგრამ იმის გამო რომ ეს პისტოლეტები ხარისხიანი, ზუსტი, მუშა და გამძლეებია, მე USP ჩარტში მაინც შევიყვანე. სრული ზომის პისტოლეტს, ალბათ ისევ ჯობია კომპაქტური მოდელი. მე ასევე მომეწობა USP-ს “შთამომავალი” P2000, ხოლო უფრო ახალი P30 დიდიხანია ჩემ სურვილების სიაშია და ოდესმე მაგაზეც დავწერ მიმოხილვას.

14724651_2178335599057643_1144398430616544778_n

მესამე პოზიციაზე არის “ბერეტა 92″, გნებავთ იტალიური წარმოების და გნებავთ ამერიკული, ეს პისტოლეტი ასევე არის ჩემი ფავორიტი.  35 წელი ამერიკულ ჯრში საკმარისია, რომ გამოვლინდეს და გამოსწორდეს ყველა თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო ნაკლი/სუსტი წერტილი პისტოლეტის კონსტრუქციაში. ამის წყალობით “ბერეტა 92″ გამოირჩევა შესაშური გამძლეობით და საიმედოობით. ჩემი აზრით ეს პსტოლეტი არ იღებს ისეთ აღიარებას, როგორსაც იმსახურებს, ამ იარაღზე ძალიან ცოტას საუბრობენ, ვინმე რჩევას რომ ითხოვს რატომღაც ბერეტას არავინ არ ურჩევს ხოლმე.  აღსანიშნავია, რომ მთელი ამ წლების განამვლობაში “ბერეტამ” შეძლო წარმოების ხარისხსი შენარჩუნება და ალბათობა წააწყდეთ “ბერეტა 92″-ს რომელიც არ მუშაობს არის ძალიან მცირე. ყველა ბერეტა რაც მე მქონდა და მისვრია იყო ძალიან ზუსტი და რაზეა საუბარი აბსოლუტურად საიმედო, ხოლო ბერეტები მე მქონდა ბევრი და სხვადასხვანაირი. ამ იარაღიდან მე კარგად ვისვრი და ამ იარაღში რწმენა მაქვს, იმ ფაქტორების გამო რაც უკვე დავწერე. ვიღაცას არ მოეწონება მისი გაბარიტები, მოეჩვენება მძიმე ან დიდი, მოძველბული დიზაინის მქონე, კიბატონო ნახეთ რამე სხვა, მაგრამ ყოველთვის როდესაც ყიდულობ ბერტას იცი რომ ყიდულობ ვირივით მუშა, გამძლე იარაღს, რომელიც იქნება ძალიან ზუსტი. მაღალი საიმედოობის, სიზუსტის, გამძლეობისდა შესრულების უმაღლესი დონის გამო ამ პისტოლეტს ვპატიებ ჩემ თვალში კრიტიკულ ნაკლს, მცველის განლაგებას საკეტზე. მინუსი ალბათ ის არის რომ ამ პისტოლეტის კომპაქტური მოდელი მთლად კომპაქტური არ არის და თუ სრული ზომიზ “92″-ის ეხლა შოვნა შეიძლება 1600-1800 ლარად, მისი კომპაქტური ვარიანტები ბევრად უფრო იშვიათია და ბევრად უფრო მეტიც ღირს. მესმის ბევრისთვის არ არის აქტუალური იარაღის ტარების საკითხი, მაგრამ ყველაფერი იცვლება მათ შორის კანონებიც და მათ შორის გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ და თუ საჭიროებამ მოიტანა, ქალაქის პირობებში და ჩვენ კლიმატში, “ბერეტა 92″-ის ტარება იქნება სერიოზული გამოწვევა.

P1060409

ყველაზე დახვეწილი და სრულყოფილი “92″ რომელიც მე მქონია, ჩემი აზრით არის M9A1. ეს პისტოლეტი განსხვავდება სტანდარტული M9-სგან წვრილმანებით, მაგრამ ამ წვრილმანების წყალობით არის ის ასეთი კარგი. თუმცა M9A1-ის ახალი 17 ვაზნიანი გაზრდლი საიმედოობის მჭიდები და პიკატინის სამაგრი წვრილმანები ალბათ არ არის . ის ასევე იყო ყველაზე ზუსტი “ბერეტა 92″ რომელიც მე მქონია. 

ნომერი ორი ჩემ ჩარტში არის Sig-Sauer P226, აუცილებლად ადრინდელი, გერმანული წარმოების და აუცილებლად ნაშტამპი  საკეტით. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით გერმანული (მათ შორს ადრინელი გამოშვების) P226-ები გამოირჩევიან უკეთესი შესრულებით და ალბათ უკეთესი ხარისხის  კონტროლით ვიდრე იგივე მოდელები გამოშვებული აშშ-ში და თუ სხვაობები გლოკის და ბერეტას შემთხვევაშ მე არ შემიმჩნევია (და ჩემთან ერთად მთელ ამერიკას) ამ შემთხვევაში ჩემი დაკვირვებით სხვაობები არის (ან უბრალოდ მე არ გამიმართლა). ბოროტი ხმები ამბობენ, რომ 2007-08 წლებიდან ბევრი რამე შეიცვალა “ზიგ-ზაუერში”, მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ. პირადად მე არ მომწონს რა მიმართულებითაც მიდის ეს კომპანია, და მათ შორის ვთვლი რომ მათი “ლეგიონის” სერია არის სირობა რომელიც გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც მუშაობენ 5 დღე მოსაბეზრებელ სამსახურებში და შაბათ-კვირას რენჯისთვის იცვავენ როგორც სპეცრაზმელები. დიდი ნაწილი “ზიგ-ზაუერის” პროდუქციის ასევე გათვლილია ადამიან-ნაძვისხეებზე. ისე  მე არ მინდა დავიჯერო რომ რაღაც ეტაპზე მწარმოებლები იწყებენ იარაღის აწყობას და არა წარმოებას და ურჩევნიათ გაყიდონ მეტი და მერე რაღაც პროცენტი შეაკეთონ ვიდრე თავიდანვე გამოუშვან ცოტა, მაგრამ კარგად შესრულებული იარაღი. მაგრამ ბოროტი ხმები ვისაც, როგორც ჩანს აქვთ წვდომა ინსაიდერულ ინფორმაციაზე, სწორედ ამას იძახია “ზიგ-ზაუერთან” დაკავშირებით. რა გინდათ? ესეც თქვენ კიდევ ერთი მიზეზი სცეთ პატივი კომპანია “გლოკს” რომელიც უშვებს მილიონობით პისტოლეტს და ინარჩუნებს წარმოების ხარისხს. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ “გლოკი” სპეციალიზირდება პისტოლეტბზე, მაშინ როდესაც “ზიგ ზაუერი” თავისი ზრდის ტემპების გათვალისწინებით, ალბათ მალე დაიწყებს ავეჯის წარმოებას. ჩემს მიერ ხსენებულ ადრინდელ P226-ებს აქვთ ასევე დიდი პლიუსი, ეს არის მსუბუქი ნაშტამპი საკეტი (უფრო ახალ მოდელებზე საკეტი მზადდება ფრეზირებით რკინის ნაჭრისგან). ასეთის საკეტის წყალობით იარაღს აქვს კარგი ბალანის და შედარებით მსუბუქი წონა. გარდა ამისა P226 ისევე, როგორც “გლოკი” და “ბერეტა 92″ არის გამოცდილი ძალიან ბევრი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში, მისი კონსტრუქცია არის გამოცდილი, ის გამძლე და უპრობლემო. ასევე P226 შედარებით ადვილად იშლება ბოლომდე და არ არის საჭირო რთული ინსტრუმენტები რომ ის ბოლომდე დაშალოთ. ყურადღებას დაშლაზე იმიტომ ვამახვილებ, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ იარაღში რამე გაუფუჭდა, დეტალის გამოცვლას შეძლებთ საკუთარი ძალებით, სახლის პირობებში. ბოლოს ვიტყვი, რომ ყველა P226 რაც მე მქონდა იყო ძალიან ზუსტი ალბათ ჩემს მიერ დასახელებული ხუთეულიდან ყველაზე ზუსტიც კი. იმის გამო რომ მას არ აქვს მცველი საკეტზე როგორც “ბერეტას” და უფრო ადვილადაც იშლება, მე ამიტომ მას ვაყენებ “ბერეტაზე” წინ. სხვამხრივ ორივე ეს პისტოლეტი არის ტოპ კლასის სრული ზომის და პრინციპში იდენტური საბრძოლო პისტოლეტები. დარწმუნებული ვარ არის ბევრი სხვა კარგი P226 მაგრან გერმანული, ნაშტამპი საკეტით არის ჩემი ფავორიტი. უბრალოდ გაითვალისწინეთ, P226-ის კომპაქტური ვარიანტები ჩემი აზრით ისეთი მაღალი სროლისუნარიანობით არ გამოირჩევიან, როგორც სრული ზომის P226, მაგრამ სხვა ადამიანმა, სხვანაირი ხელებით და აგებულებით შეიძლება სხვანაირად ჩათვალოს.

P1220612

თუ “გლოკი” არ მოგწონთ და გსურთ სრული ზომის უმაღლესი კლასის პისტოლეტი, P226 ნაშტამპი საკეტით იქნება საუკეთესო არჩევანი. მათი უმეტესობა მიუხედავად ასაკისა არის პრაქტიკულად ახალ მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ “ტექ. მოსმახურება” მათ ძალიან დიდხანს არ დაჭირდბეათ. მიუხედავად იმისა რომ ლულის ღერძი შედარებით მაღლა არის განლაგებული, სროლისუნარიანობით ჩემი აზრით ის არც ერთ სხვა პიტოლეტს არ ჩამორჩება. 

honorable mentions

P1000282

ჩარტში არ შევიდა მაგრამ იმსახურებს ხსენებას და ქებას გერმანული, პირველი თაობის Walther p99. ჩემი აზრით ეს პისტოლეტი უფრო მეტ ქებას და დიდებას იმსახურებს ვიდრე ეხლა იღებს სასროლოსნო საზოგადოებისგან. ეს პისტოლეტი გამოსვლისთანავე იყო ინოვაციური და გამორჩეული.  პირველი თაობის P99 აქვს ყველაფერი რაც უნდა ქონდეს ტოპ-კლასის პისტოლეტს, შესრულების მაღალი ხარისხი, საიმედოობა, გამძლეობა, ერგონომიკა, სროლისუნარიანობა. პისტოლეტი პრაქტიკულად ისეთივე მარტივი კონსტუქციის არის როგორც გლოკი, მიუხედავად იმისა, რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია უფრო “მრავალფეროვანია”, ეს პისტოლეტი არის პრაქიკულად ორმაგი მოქმედების “სტრაიკერი”, ყველაზე იშვიათი სახეობის წარმომადგენელი.  პისტოლეტი ასევე გამოირჩევა კომპაქტური გაბარიტებით, რის გამოც მე უპრობლემოდ დავაყენებდი მას ერთ რიგში გლოკ 19-თან მიუხედავად იმისა, რომ “ვალტერს” არ აქვს ისეთი შთამბეჭდავი “სი-ვი”   როგორც გლოკს. ახალ “ვალტერებზე” ვერაფერს ვერ ვიტყვი ვინაიდან არ მაქვს მათთან გამოცდილება, როგორც ვხვდები P99 დღემდე გამოდის. ამ პისტოლეტის მინუსებს განეკუთვნება “უნივერსალური” სამაგრი, რომელიც “პიკატინის” ეპოქაში გახდა ყოვლად გამოუსადეგარი და ასევე ე.წ. Anti-Stress სასხლეტი, რომელიც ჩემი აზრით არის უსაფრთხოების ზედმეტი საფეხური და რომელიც თან ავითარებს სახიფათო ჩვევას სასხლეტზე წინასწარ დაჭერის. ვისაც უსვრია ამ პისტოლეტიდან მიხვდება რას ვგულისხმობ.

P1080913

СZ75-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ ეს იყო ერთ-ერთი პირველი პისტოლეტი, რომლიდანაც მე დავიწყე კარგი შედეგების ჩვენება.  ვაღიარებ, რომ СZ75 და მისი კლონები არიან ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი პისტოლეტები, რომლებივ მე შემხვედრია. ვაღიარებ, რომ СZ75-ს აქვს თითქმის შეუდარებელი ერგონომიკა. ვაღიარებ, რომ СZ75-ის სროლისუნარიანობა არის თითქმის შეუდარებელი. მაგრამ, ვინც რა არ უნდა თქვას, ამ პისტოლეტების შესრულება არის საშუალო. დაშალე ეს პისტოლეტი და ნახავ რომ ფრეზის კვალი ყველგან ეტყობა, დეტალების დამუშავება არის არასრულყოფილი. გარედანაც კი რომ დახედოთ დაინახავთ მეტალის დამუშავებაში ხარვეზებს. პისტოლეტს აქვს “აქილევსის ქუსლი”, საკეტის შემაკავებელი, რომელსაც აქვს ძალიან შეზღუდული რესურსი. ჩემი აზრით სრული ზომი СZ75 ფოლადის ჩარჩოთი არის იდეალური რენჯის პისტოლეტი, მაგრამ მისი ყოველდღიური ტარება არის ძალიან ძნელი. ასევე არ მომწონს ამ პისტოლეტების დაფარვა, რომელიც იქუცება და იარაღი იღებს ისეთ იერსახეს თითქოს ვიღაცამ ის მანქანას გამოაბა და მიწაზე ახოხიალა. გარკვეული პრეტენზიები მაქვს ასევე ხარისხის შენარჩუნებასთან. მაგალითად ახალ ჩამოსულ პისტოლეტებზე ლულები იყო დაფარული რაღაც რუხი ანოდირების მზგავსი დაფარვით, რომელიც გამოიყურებოდა ისე თითქოს ლულა ჩადეს ლიმონმჟავაში და ის ძლიერ დაიჟანგა. მე ასევე მქონდა “ტაქტიკურ-პრაქტიკული” СZ75 SP01. პისტოლეტი რომ ჩამომივიდა მე მეგონა, რომ მივიღე “სნაიპერული” პისტოლეტი, მიხაროდა, რომ ეხლა შევძლებდი მართლა საოცარი სიზუსტით სროლას მაგრამ ნურას უკაცრავად……  პისტოლეტს ქონდა საშუალო სიზუსტე და თანაც პირველივე გასვლისას გამახარა დაბრკოლებით, რომელიც გავმეორდები ახალ ხარისხიან იარაღში ქარხნული FMJ ვაზნებით, პრაქტიკულად არ ხდება. ასევე ჩემი აზრით ყველაზე დაბალანსებული СZ75 არის მოდელი P01. ეს არის კომპაქტური პისტოლეტი, ალუმინის ჩარჩოთი, უნივრსალური სამაგრით. ის ანრჩუნებს ამ ტიპის პისტოლეტის სროლისუნარიანობას და სიზუსტეს მაგრამ ამავე დროს არის შედარებით კომპაქტური და მსუბუქი. СZ ახალ P7/P10-ზე მე ასევე ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჯერ ახალი პისტოლეტებია, თანაც იგივე რესურსმა, რომელმაც აღმოაჩინა რომ  SIG P320 ისვრის მიწაზე დავარდნისგან, აღმოაჩინა, რომ P10-ს აქვს უცნაური თავისებურება, როდესაც დამრტყმელი ტრიალდება თავის არხში საკეტში და იარაღი უბრალოდ კვდება.  ასე, რომ თუ ყიდულობთ СZ75-ს იყიდეთ ახალი, რომ დარწმუნებული იყოთ რომ იარაღი ნაცვეთი არ არის, დანარჩენი თქვენ იცით. დიდი ალბათობით თქვენ მიიღებთ მუშა და ზუსტ პისტოლეტს, მაგრამ არის მცირე მაგრამ ალბათობა რომ შენაძენი არ იქნება უპრობლემო. ასევე ენდურებიან CZ-ს ზამბარების რესურსს, მაგრამ მე პრობლემები არ მქონია და ამიტომ ჩვენი პოლიტიკოსების საყვარელ ფრაზას გამოვიყენებ, ვერ ვუარყოფ ამას და ვერც დავადასტურებ.

არის სხვა კარგი პისტოლეტები? კი რა თქმა უნდა არის. თანაც ბევრი. შეიძლება არის ბევრი “ტაურუსიც”, რომელიც მუშაობს, მაგრამ როგორ ვურჩიო ვინმეს “ტაურუსი”, როდესაც 50% პორბლემების რაც მე მქონია იარაღებთან მოდის სწორედ, რომ ტაურუსის პროდუქციაზე (დარჩენილი 49% TT-ებზე და მათ კლონებზე და კიდე 1% სხვა პისტოლეტებზე)? კი არიან ადამიანები ვინც კმაყოფილები არიან “ტაურუსებით” და ძალიან მოხარული ვარ ამით, უბრალოდ მე ვერ გაუწევ ამ მწარმოებელს რეკომენდაციას. რა ქნას იმან ვისაც მხოლოდ 500 ლარი აქვს და უნდა საიმედო პისტოლეტი? რჩევა ნომერი ერთი: დაზოგეთ, დააგროვეთ და იყიდეთ “გლოკი”. მეორადი “გლოკ 19″-ის შოვნა შეიძლება 1300 ლარად, ხანდახან უფრო იაფადაც. შემდეგ ანალოგიური ხარისხის იარაღს ეღირება ორჯერ მეტი. რჩევა ნომერი ორი: იყიდეთ “მაკაროვი” (ერთადერთი მართლა საიმედო პისტოლეტი, რომელიც ღირს 1000 ლარზე ნაკლები) და ისწავლეთ მისი ეფექტური გამოყენება. რჩევა ნომერი სამი: იყიდეთ რამე იაფი პისტოლეტი, ბულგარული არკუსი (800-1000 ლარი), რომელიმე ხსენებული “ტაურუსი” იმის იმედით, რომ შეგხვდებათ მუშა იარაღი. სხვათაშორის “არკუსის” მიმართ ყოველთვის ვიყავი პოზიტიურად განწყობილი, სანამ მიკროსკოპულმა დაბინძურებამ ექსტრაქტორის ბუდეში არ გამოიწვია დაბრკოლებები.  არის კიდე ასეთი best bang for your bucks კატეგორია, იარაღი, რომელიც კარგია მაგრამ რიგი მიზეზების გამო შეიძლება ჩაიგდოთ ხელში მეორადი და იმაზე ბევრად უფრო პატარა ფასში ვიდრე ის რეალურად ღირს. ეს არის თურქული Stoeger p8000 და Steyr M/S-9, მათი რეალური ფასი მერყეობს 1000-1200 ლარის ფარგლებში და ამ ფასად მოგივათ მართლა მუშა იარაღი. მე მქონდა ეს იარაღები და ყველა კაგად მუშაობდა. Steyr-ის პისტოლეტები საერთოდ შესრულებით არ ჩამოუვარდება არც ერთ ჩემი ფავორიტების ოთხეულიდან, უბრალოდ რარაცა არ აეწყო და ეს იარაღი ისე არ ფასობს, როგორც ამას იმსახურებს. ამიტომ ღირს იაფი. ნაწილობრივ ამის ბრალი ასევე ალბათ არის ამ პისტოლეტის სპციფიური დიზაინი. “Stoeger”-ს რაც შეეხება თბილისის ერთ-ერთ ტირში ეხლაც დევს ასეთი პისტოლეტი, რომლიდანაც გასროლილია 15 000-დან 20 000-მდე ვაზნა და პისტოლეტი ჯერ კიდე მუშაობს. ეს მაძლევს მე უფლებას თამამად გავუწიო მათ რეკომენდაცია.

s9rem

Steyr M9 არის ალბათ ერთადერთი პისტოლეტი, რომელიც ღირს “გლოკზე” ნაკლები, მაგრამ არაფრით არ ჩამოუვარდება უკანასკნელს. ამ პისტოლეტში არის ყველაფერი, შესრულების ხარისხი, ზე-გამძლე დაფარვა, მარტივი კონსტრუქცია,  რესურსი, საიმედოობა, სიზუსტე და მაღალი სროლისუნარიანობა. მე მქონდა 4 თუ 5 ამ მწარმოებლის პისტოლეტი და ყველა მუშაობდა იდეალურად. ხოლო სუბ-კომპაქტური S9 არის ჩემი ფავორიტი. მიუხედავად პატარ ზომებისა პისტოლეტიდან მორტყმა 100 მეტრით მოშორებულ სილუეტზე არ წარმოადგენდა დიდ პრობლემას. 



4 Responses to “საუკეთესო პისტოლეტები”

  1. ალექსანდრე says:

    გამარჯობა, სრულად გავეცანი თქვენს საიტს და ძალიან მომეწონა, გამეხარდა რომ საქართველოში გვყავს თქვენი დონის ექსპერტი ამ სფეროში.

    ერთი კითხვა მაქვს, გუშინ შევიძინე Steyr Manlicher M9-A1 მოდელი, არადა მანამდე გლოკ 19 მე–5 თაობა ან გლოკ 17 მე–4 თაობის ყიდვა მქონდა გადაწყვეტილი, გლოკზე ვაბოდებდი, მაგრამ წერეთელზე ქარავანში რომ მივედი და დავინახე შტეიერი თვალები დამიბნელდა ისე მომეწონა და ფასიც რომ გავიგე გლოკისკენ აღარ გამიხედია იმის გამო რომ 1000 ლარით ძვირი გამოდიოდა გლოკი, შტეიერში 1500 ლარი გადავიხადე. მაინტერესებს თქვენი პროფესიონალური აზრი, რამდენად კარგი იარაღი ვიყიდე გლოკის იმ მოდელებთან მიმართებაში, რაც ზევით მიწერია, საინტერესოა შტეიერის და გლოკის ამ მოდელების შედარების ანალიზი თქვენგან მოვისმინო. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ, იმედია მომწერთ.

  2. Shooter says:

    ძალიან კარგი პისტოლეტია. უბრალოდ არ გაუმართლა რომ ცუდად არეკლამებენ და სხვა შეცდომებს უშვებენ. ჩემი აზრით არაფრით არ ჩამოუვარდება გლოკს და ყუთიუდან უკეთესი სასხლეტი აქვს.

  3. ლადი says:

    bb

  4. ლადი says:

    მოგესალმებით. მაინტერესებს თქვენი აზრით რა განსხვავებაა გლოკ 43 და გლოკ 43x შორის და რითი ჯობია ეს უკანასკნელი? იმედია მიპასუხებთ

დატოვეთ კომენტარი