გამადიდებელი შუშის ქვეშ – Kimber Micro 9

P1100472

2006 წელს ჩემ ცხოვრებაში მოხდა ფრიად მნიშვნელოვანი რამე. მე ვიყიე ჩემი პირველი ნამდვილი, სერიოზული იარაღების ჟურნალი. უნდა გახსოვდეთ, რომ თავისუფლების მოედნის მეტროს სადგურის გვერძე იყო საკმაოდ დიდი “მაცნეს” მაღაზია, სადაც გაზეთები და ჟურნალები იყიდებოდა. იქვე იდგა რკინის ყვითელი ყუთი სადაც უნდა ჩაგეგდოთ განცხადება, რომელიც გამოქვეყნდებოდა ჟურნალში “სიტყვა და საქმე” და სანამ mymarket-ი გაჩნდებოდა ასე გავასხვისე მე საკამოდ ბევრი ჩემი იარაღი.  პერიოდულად, მაგრამ მაინც იშვიათად “მაცნეს” მაღაზიაში წააწყდებოდით ხოლმე მართლა უცხოურ ჟურნალებს, რომლებიც უბრალოდ სხვაგან არსად თბილისში არ იყიდებოდა. ერთ დღეს ამ მაღაზიაში დამხვდა ამერიკული ჟურნალი Combat Handguns-ის ნომერი, რომელიც თანაც კაი ძვირი ღირდა. 12 თუ 13 ლარი, რაც 2006 წელს სხვა ფული იყო ვიდრე დღეს მაგრამ ჟურნალი მე მაინც ვიყიდე. ასე შედგა ჩემი პირველი რეალური ნაცნობობა ე.წ. “განვრაიტინგთან”. რუსულ ჟურნალებს არ ვთვლი, იმიტომ რომ მათი უმეტესობა იყო გათვლილი სახმედრო საქმის ენთუზიასტებზე და მონადირეებზე/სპორტსმენებზე. თუ არ ჩავთვლით Soldier of Fortune-ის რუსულ გამოცემაში სტატიების თარგმნებს, არავინ არ წერდა რუსულად სამოქალაქო თავდაცვით და ტაქტიკურ იარაღზე.  ჟურნალის წაკითხვის შემდეგ მე განცვიფრებული დავრჩი იმით, რომ ყველაფერი რაც შიგნით ეწერა იყო ხელმისაწვდომი უბრალო ადამიანისთვის ამერიკაში. ასევე პირველად გავეცანი იმას, თუ რამდენად სერიოზულად და მეთოდურად უდგებოდბნენ ამერიკელები იარაღის ფლობას და საკუთარი უსაფრთხოების დაცვას. პრინციპში ყველაფერი რაზეც იმ ჟურნალში ეწერა მე მოგვიანებით ჩემით ვიყიდე. ძალიან ლამაზი SOG-ის დანა, რომელიც მომეწონა სურათებიდან, პისტოლეტები “Sig-Sauer P226 “, “Glock 17″, “Springfield XD” და Glock-ის დანაც – M78. პირველი რევოლვერი, რომ ვიყიდე უკვე ამ ჟურნალიდან ვიცოდე, რომ უნდა მეყიდა HKS-ის სწრაფდამტენები.  ჟურნლში ასევე იყო საკმაოდ საინტერესო მიმოხილვა კლასიკური ამერიკული BBQ პისტოლეტის, Kimber 1911 Grand Raptor II-ის.  ეხლა უნდა განვმარტო რა არის BBQ პისტოლეტი ან რევოლვერი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ რანჩოზე სტუმრებს იღებთ,  ეზოში ღია ცეცხლზე ხორცი იწვება, ზიხართ თქვენთვის წყნარად, საუბრობთ სხვადასხვა თემებზე. ბუნებრივია, რომ თქვენი პერსონალური იარაღი არის ჩაცმულობის ნაწილი, მაგრამ ასეთი იარაღი არ შეიძლება იყოს “უბრალო” “გლოკი” ან “ზიგი”.  ეს უნდა იყოს პისტოლეტი, რომელიც თავისი დახვეწილი, გამორჩეული იერსახით თქვენც და თქვენ სტუმრებს მოგიყვანთ კარგ განწყობაზე, ხოლო მისი დიდი ისტორია, იქნება საფუძველი საინტერესო და ხანგრძლივი საუბრისთვის. ცხადია ამერიკის შემთხვევაში კლასიკური BBQ იარაღი არის და იქნება  1911, ხოლო “კიმბერის” Raptor-ი არავის არ დატოვებს გულგრილს თავისი უნიკალური იერსახით და დიზაინით. ნუ აურევთ bbq იარაღს ჰიპსტერულ და სამარიაჟო იარაღებთან, რომელთა დანიშნულება არის სხვებისთვის ნაცრის თვალებში შეყრა, bbq იარაღი არის ფუნქციონალური, კასტომიზირებული იარაღი, რომელსაც არ ატარებთ/იყენებთ ყოველ დღე. იარაღი განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. თავისთავად იგულისხმება, რომ ასეთი იარაღის მფლობელიც კარად იცის, როგორ უნდა მისი პირდაპირი დანიშნულებით გამოყენება.  სწორედ ამ სტატიიდან მე გავიგე საერთოდ რა არის bbq იარაღი და ასევე ამ სტატიიდან ზოგადად, პირველად გავიგე “კიმბერის” შესახებ.

kimcover

რამდენიმე კვირის წინ, როდესაც მე ნელ-ნელა დავიწყე ახალი ტესტირების ობექტის  ძებნა, თავდაპირველი არჩევანი გავაკეთე Glock 43-ზე. ეს კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, ერთრგიანი მჭიდით იყო მოდელი, რომლის გამოჩენას მსროლელები ალბათ ათწლეულები ითხოვდნენ გლოკისგან. როგორც ჩანს საქართველოშიც ეს პისტოლეტი კარგად იყიდება და ბუნებრივია ჩემთვისაც ის გარკვეულ ინტერესს წარმოადგენდა და თითქმის უკვე გადაწყვეტილი მქონდა მისი შეძენა, როდესაც მაღაზია “აპაჩიში” გამოჩნდა “კიმბერის” პისტოლეტები და  რევოლვერები პრაქტიკულად ყველანაირი შესრულებით, ხსენებული Raptor-ის ჩათვლით. იყო როგორც სრული ზომის 1911-ები ასევე “კიმბერის” ახალი “მიკრო” სერიის პისტოლეტები. რა თქმა უნდა მე პრაქტიკულად “ბავშვობის ოცნების” აღსრულების შანს ხელიდან ვერ გავუშვებდი და ამიტომ “გლოკ 43″-ის ტესტირება გადავდე და გადავწყვიტე “კიმბერის” შეძენა. ბოლოს და ბოლოს რას უნდა ველოდოთ ახალს გლოკისგან, გარდა მოსაწყენი საიმედოობისა და კარგი სიზუსტისა? სიმართლე გითხრათ სრული ზომის 1911-ის შეძენას მე თავიდანვე არ განვიხილავდი. სეიფში იდო ჩემი “Glock 21″, რომელიც ზამბარებთან და სახლეტთან ყოველგავრი ვუდუს გარეშე ისროდა შაშხანის სიზუსტით და თანაც ღირდა სამჯერ ნაკლები. ამიტომ “კიმბერთან” “გლოკ 21-”ის ღალატი მე არ მინდოდა და არჩევანიც გავაკეთე სწორედაც, რომ Micro 9-ზე. გადასაწყვეტი იყო კონკრეტულად რომელი მოდელი შემეძინა, იმიტომ, რომ ის 10-ზე მეტი შესრულებით იყიდებოდა. ზოგადად Micro-ს არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი. ეს პისტოლეტი გამოდის სამი შესრულებით, Kimber Custom Shop-ის მოდელები რომელთა ფასი 3000 ლარს ცდება, საშუალო ფასიანი მოდელები Сrimson Trace-ის ლაზერული სამიზნით სახელურში და ასევე ზოგ ვარიანტში Tru-glo-ს სამიზნე მოწყობილობებით (ფასი 2450-2650 ლარამდე) და პირობითად საბაზისო მოდელები (ფასი 2150 ლარი). სხვა განსხვავებებიც არის, მაგრამ პირობითად ყველა მოდელის ამ სამ ჯგუფში მოთავსება შესაძლებელია რაც დაგეხმარებათ მათ არჩევაში. Micro 9 ასევე გამოდის Raptor-ის დიდებული შესრულებით მაგრამ მისი ფასი ჩემთვის ნამეტანი დიდი გამოდიოდა და სიმართლე გითხრათ “თეთრი” მოდელი წითელი ხისგან დამზადებული ულამაზესი სახელურის ზესადებებით  ვიზურალურად მომეჩვენა ყველაზე ლამაზი (რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით Raptor-ს). დღის ბოლოს Kimber Micro 9 Stainless უკვე იყო ჩემთან სახლში.

“კიმბერის” მიკრო პისტოლეტების ეს ოჯახი მაღაზიაში წარმოდგენილია ორ კალიბრში .380 ACP (9mm Kurz) და 9×19 Parabellum.  ეს პატარა და ლამაზი პისტოლეტები კონსტრუქციულად  წარმოადგენენ კოლტის 1983 წლის .380 Government Model-ის ვარიანტს, რომელიც თავის მხრივ არის M1911-ის ულტრა კომპაქტური ვარიანტი. უნდა აღინიშნოს, რომ კომპაქტურ 1911-ის ვარიანტებს მაგალითად ესპანეთში გამოდიოდა ჯერ კიდე 30-ნი წლებიდან. ასეთ პისტოლეტებს უშვებდნენ Llama და Star. როგორც კი ამერიკაში გაჩნდა საკმარისი მოთხოვნა ულტრა კომპაქტურ პისტოლეტებზე “კოლტმაც” დაიწყო ანალოგიური მოდელების გამოშვება. 80-ან წლების ბოლოს სცენაზე უკვე გამოჩნდნენ პისტოლეტები პოლიმერის ჩარჩოთი, შიდა დამრტყმელებით და მათთვის კონკურენციის გაწევა იყო ძნელი ამიტომ “კოლტმა” შეწყვიტა მათი გამოშვება, მაგრამ ხანმოკლე შესვენების შემდეგ ინტერესი მიკრო 1911-ების მიერ თითქოს გაიზარდა. 2009 წელს “ზიგ ზაუერმა” გამოუშვა მოდელი P238, 2011 წელს “კოლტმა” განაახლა “მუსტანგების” წარმოება და 2016 წელს უკვე “კიმბერმა” გამოუშვა მიკრო 1911-ის თავისი ვარიანტები, მათ შორის გათვლილი შედარებით ძლიერ 9×19 კალიბრზე. “ზიგის” და “კიმბერის” გარდა ასევე .380 და 9×19 კალიბრის მიკრო 1911-ებს უშვებს Springfield Armory. რამდენადაც მე ვხვდები Micro 9-მ შეცვალა Solo, “კიმბერის” სხვა მიკრო პისტოლეტი, რომელიც ჩანაფიქრის დონეზე იყო ბრწყინვალე კონცეფცია, მაგრამ რეალური იარაღი საბოლოო ჯამში გამოდგა პრობლემური და “კიმბერმა” შეწყვიტა მისი წარმოება. შემდეგ იმის ნაცვლად, რომ დაეხვეწა “სოლო”, გამოუშვა Micro 9. წლევანდელ შოტ-შოუზე უკვე წარმოდგენილი იყო Micro 9-ების მეორე თაობაც.

kompleqtatsia

საფირმო ყუთში დევს ნეილონის ჩანთა, პისტოლეტი ორი მჭიდი, ინსტრუქცია,  ზეთის ერთჯერადი “ამპულა”, “სავაზნის ალამი”, უსაფრთხოების საკეტი, სტიკერი და ბროშურების ნაკრები. უნდა აღინიშნოს, რომ ორიგინალურ კომპელქტაციაში Micro იყიდება ერთი მჭიდით მაგრამ მაღაზია “აპაჩიმ” ცალკე ჩამოიტანა მჭიდები და დააკომპლექტა ყველა პისტოლეტი ორი მჭიდით. ასეთ მიდგომას და დამოკიდებულება კლიენტების მიმართ აქ ხშირად არ შეხვდები. ცლკე მჭიდი არ ღირს იაფი, მისი ფასი  32 დოლარია.   

პისტოლეტის აღწერას დავიწყებ პისტოლეტის კონსტრუქციით. Micro 9 წარმოადგენს ავტომატურ პისტოლეტს, გადაბმული საკეტით, რომელიც იყენებს მოდიფიცირებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას. კონსტრუქციულად ის ძალიან გავს მის დიდი ძმას M1911-ს მაგრამ აქვს განსხვავებებიც.  კონსტრუქციდან ამოღებულია საყურე რომელიც აკავშირებს ლულას და რესივერს ამის მაგივრად ლულის ქვედა ნაწილზე არის შესრულებული ფიგურული კილო, რომელიც ზემოქმედებს რესივერში გაყრილ საკეტის შემაკავებლის ღერძთან (როგორც СZ-75-ზე). გარდა ამისა, იარაღის კონსტრუქციიდან ამოღებულ იქნა ლულის “ბუშინგი” (როგორც კოლტის პისტოლეტის მოდიფიცირებულ ვარიანტზე სახელად “მუსტანგი”) და ასევე სახელურის მცველი. ამის წყალობით იარაღის დაშლა აწყობა ბევრად გაადვილდა, და დაშლის ალგორითმით ის იმეორებს СZ-75-ს. უბრალოდ გაწიეთ საკეტი უკან, გამოაძრეთ საკეტის შემალავებელი, მოაცილეთ საკეტი რესივერს, აოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა და ლულა. იარაღის არასრული დაშლა შესრულებულია. პისტოლეტის საკეტიც ადვილად იშლება, მასში არ არის გაყრილი პინები, დამრტყმელს და 1911 ტიპის შიდა ექსტრაქტორს იჭერს ფირფიტა, განლაგებული საკეტის უკან. დააჭირეთ ნემსას, ფირფიტის გასათავისუფლებლად, შემდეგ ჩამოწიეთ ქვევით და შესაძლებელი გახდება დამრტყმელის, დამრტყმელის ზამბარის და ექსტრაქტორის ამოღება.

იარაღის ლულის სიგრზე შეადგენს 89 მმ-ს და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან (ტვისტი 1:16, მარცხენა მიმართულებით), ვაზნის მისაწოდებელი რამპა შესრულებულია ლულასთან ერთად, რაც თეორიულად უზრუნველყოფს უფრო საიმედო მიწოდებას ვიდრე ორიგინალური 1911-ის რამპა, რომელიც განალგებულია ჩარჩოზე. ლულის არხი არის უნაკლო, იდეალურად გაპრიალებული.  საკეტი ფოლადის არის, ჩარჩო ალუმინის (როგორც კოლტ მუსტანგის 1987 წლის მოდიფიკაციაზე სახელით “Pocketlite”). ამის წყალობით პისტოლეტის წონა არის ზომიერი 440 გრამი (სიგანე ასეთივე მოკრძალებული 27მმ). დეტალები დაფარულია “კიმბერის” საფირმო “Kimpro” დაფარვით. მჭიდი არის უჟანგავი ფოლადის ფირფიტისგან დამზადებული, რკინის მიმწოდებლით და პლასტმასის დამაგრძელებელი ხუფით, რისი წყალობით ტევადობა გაზრდილია 6-დან 7 ვაზნამდე.

kimberpartdis

არასრულად დაშლილი Micro 9, ყურადღებას იქცევს ზოგადად მაღალი შესრულების დონე, ასევე  დამაბრუნებელი ზამბარის სრული სიგრძის ღერძი და თავად ზამბარა, რომელიც არის ბრტყელი კვეთის. ჩარჩოს ზედა ნაწილში ჩანს ეჟექტორი, რომელიც უნდა დაწიოთ თითით შიგნით, სანამ ჩარჩოზე საკეტს მოათავსებთ .  

დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების, გარეთ განლაგებული ჩახმახით, ჩახმახის “ნახევრად შეყენებით” და მექანიკური მცველით, რომელიც ამ მოდელზე არის ერთმხრივი (ზოგ მოდელზე არის ორმხრივი) და კეტავს ჩახმახსაც და საკეტსაც. მცველის ჩართვა შეიძლება დაწეული ჩახმახითაც, მაშინ ჩაიკეტება საკეტიც. შეყენებულ ჩახმახზე მცველი საკეტს აღარ კეტავს და შესაძლებელია უსაფრთხოდ სავაზნიდან ვაზნის ამოგდება საკეტის გადაკვრით.  კონსტრუქციის ნაწილს წარმოადგენს ასევე დისკონექტორი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას გაისროლოთ თუ საკეტი არ არის ბოლომდე დახურული. საკეტში ჩამალულია დამრტყმელის მცველი, რომელიც გამორიცხავს დამრტყმელის მოძრაობას თუ არ არის დაჭერილი სასხლეტზე.  სასხლეტის წონა შეადგენს მწარმოებლის ინფორმაციით დაახლოებით 3 კგ-ს, რაც მაინცდამაინც არ არის მსუბუქი “წონითი კატეგორია”, მაგრამ არც Micro 9 არ არის საასპარეზო “ბლასტერი”, რომელსაც ჭირდება ზემსუბუქი სასხლეტი.  ასევე შევამჩნიე, რომ სასხლეტის კონსტრუქცია არ არის ისეთი, როგორც დიდ 1911-ზე, ის მოძრაობს არა უკან არამედ ასრულებს წრიულ მოძრაობას პინის ირგვლივ რომელიც გაყრილია ჩარჩოში. პრაქტიკულად ამ განსხვავებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიკრო 1911-ზე არ არის გამოყენებული კლასიკური 1911-ის სქემა, ზუსტად უკან მოძრავი სასხლეტით.

DhJEvPkWkAI-NPY

რამდენად კომპაქტურია Micro 9 (სურათზე არის პისტოლეტი Desert Tan LG შესრულებით) ამ სურათითან მიხვდებით. სადაც ის დევს სრული ზომის .45 კალიბრის 1911-ის გვერძე. 

სამიზნი მოწყობილობას რაც შეეხება, ჩვენი პისტოლეტი აღჭურვილია ყველაზე მარტივი ვარიანტით, სამი დიდი თეთრი წერტილით. ზოგ მოდელზე გამოყენებულია True-glo-ს კორა და თარაზო შიგნით ოპტიკურ-ბოჭკოვანი მილებით და ასევე ღამის სამიზნე მოწყობილობები ტრიტიუმის მანათობელი ელემენტებით. სამიზნე მოწყობილობების ზომები დიდია და მათი გამოყენება ადვილია და ისინი დამზადებულია რკინისგან. ამ მხრივ Micro 9 არაფრით არ ჩამოუვარდება სრული ზომის თანამედროვე პისტოლეტებს. არსებობს ასევე “აფტერმარკეთ” მოწყობილობები, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე საკმაოდ ძვირი ღირს, როგორც წესი 100 დოლარი ან მეტი.

პლასტმასის მჭიდის ხუფი წარმოადგენს ტარის გაგრძელებას, საგრძნობლად ზრდის იარაღის ჭერის კომფორტს, ზრდის მჭიდის ტევადობას ერთი ვაზნით ხოლო მისი ფორმა იმეორებს “ბობ თეილის” ტიპის სახელურს, რომელიც პირველად გამოიყენა 1911-ების ექსპერტმა ედ ბრაუნმა. მან უბრალოდ სახელურს მოაჭრა უკანა კუთხე და ამის წყალობით მიიღო პისტოლეტი რომლის ფარულად ტარება და ჭერა უფრო კომფორტულია. ეს გადაწყვეტილება იმდენად მოსახერხებელი გამოდგა, რომ  ბევრმა მწარმოებელმა გამოიყენა ის თავის პისტოლეტებში. მჭიდის ხუფის ფორმის ერთადერთი მინუსი არის ის, რომ თუ ყურადღება არ მიაქციეთ შეიძლება მჭიდის მოთავსებისას იარაღში, ხუფსა და სახელურს შორის მოგყვეთ ხელი, რაც დამერწმუნეთ ნაკლებად სასიამოვნოა.  არსებობს ასევე მჭიდები ბრტყელი რკინის ძირებით, რომლებიც ბოლომდე იმალება ტარში, მაგრამ პისტოლეტები როგორც ჩას ქარხნულად სტანდარტულა კომპლექტდება მხოლოდ დაგრძელებული ვარიანტებით.

ed kimber

ეგრედწოდებული “bob-tail” სტილის 1911-ის სახელური, შესრულებული Micro 9-ზე (მარცხნივ, შესრულება ) და Ed Brown Cobra Carry 

შეიძლება ითქვას, რომ კონსტრუქციულად Micro 9-მ შეითავსა ყველა გაუმჯობესება რაც მანამდე განხორციელდა .380 კალიბრის “კოლტის” პისტოლეტებში, 1983 წლიდან 1993 წლამდე. ეს არის საკეტის გამარტივებული კონსტრუქცია ბუშინგის გარეშე, ალუმინის ჩარჩო წონის შესამცირებლად და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც პირველი დათვალიერების შემდეგ ჩვენი აზრით აკლია Micro 9 Stainless-ს არის “ჩეკერინგი” ტარის წინა ნაწილში, თუმცა იმის თქმა რომ ეს კრიტიკული ნაკლია იქნებოდა გადამეტება, მიუხედავად პატარა ზომებისა იარაღი კარგად ზის ხელში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 1911-ს ფენომენალურ ერგონომიკას, თუნდაც ასეთ პატარა ფორმატში. დავამატებ მხოლოდ, რომ  უფრო ძვირადღირებულ მოდელებზე ჩეკერინგი შესრულებულია და შესაბამისად ჭერის კომფორტიც უფრო მაღალია.

რა თქმა უნდა, დეტალების დამუშავების ხარისხი, მორგება, დაფარვა, ხის სახელურები ლაზერული გრავირებით არის უმაღლესი დონის, რომელსაც ვერ ნახავთ მასობრვი წარმოების იარაღის უმეტესობაზე და ეს განსაკუთრებულად და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს. “კიმბერების” დიზაინი და იერსახე ყოველთვის იყო კარგი გაყიდვების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. “კიმბერის” ყველაზე საბაზისო მოდელებიც  კი ყოველთვის გამოირჩევიან უნაკლო შესრულებით და ლამაზი დიზაინით. გარდა ამისა ყველაფერი ამ პისტოლეტში მუშაობს ისე როგორც საჭიროა. მცველის გააქტიურებისას გრძნობ და გესმის, როგორ დგება ან იხსნება იარაღი მცველიდან. მჭიდის ღილაკი ისეთი ზომის და სიგრძი არის როგორც საჭიროა, ხოლო მასზე დაჭერისას ეგრევე ხვები და გესმის რომ მოხდა მჭიდის გათავისუფლება. საკეტი რბილად მოძრაობს, ჩახმახიც ასევე “მკაფიოდ” მუშაობს. არაფერი პისტოლეტში არ თამაშობს, არ ხმაურობს ან გამოსცემს რამე უჩვეულო ხმებს, feels solid and tight როგორც იტყოდნენ ამერიკელები. ასევე მადლობა ღმერთს პისტოლეტზე არ არის სამარცხვინო წარწერები, “ისვრის როდესაც დატენილია”, “წაიკითხეთ ინსტრუქცია” და ასეთი სისულელეები. მე მქონდა შეხება .380 კალიბრის Llama-სთან. ეს იყო ლამაზი, კარგად შესრულებული პატარა პისტოლეტი, ასევე მქონდა საშუალება გავცნობოდი 9×19 კალიბრის Sig Sauer P938-ს, რომელმაც შერეული შთაბეჭდილებები დამიტოვა, ჩემი აზრით Kimber Micro 9 არის ყველაზე დახვეწილი ვიზუალური თვასლაზრისით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია Springfield-ის მიკრო 1911-ები საქართველოში არავის არ შემოუტანია. მეორად ბაზარზე ძალიან იშვიათად მაგრამ ხანდახან ჩნდება Llama-ს .380 კალიბრის მიკრო 1911-ები.

2A.-Micro-9-vs-Mustang

9მმ-ნი  Micro 9 Two-tone, .380 კალიბრის  Mustang Poketlite-თან შედარებით

საბრძოლო თვისებებს რაც შეეხება, არ არის დიდი საიდუმლოება, რომ “მიკროპისტოლეტები” არ გამოირჩევიან ისეთი სიზუსტით, საიმედოობით, უპრეტენზიო მადით და გამძლეობით, როგორც მათი დიდი ანალოგები.  ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს რომ პატარა პისტოლეტები შედარებით უფრო ხშირად განიცდიან დაბრკოლებებს სროლისას ვიდრე სრული ზომის მოდელები. ყველაფერი ასეთ მიკრო პისტოლეტებში ზღვარზე მუშაობს და ამიტომ მაგალითად კარგ წესად ითვლება, რომ როდესაც მიაგნებთ ისეთ მუხტს, რომლითაც ასეთი პისტოლეტი ისვრის ზუსტად და მუშაობს საიმედოთ, ყიდულობთ ამ მუხტის საკმარის მარაგს და შემდგომში იყენებთ მხოლოდ ამ მუხტით (იგულისხმება რომ მხოლოდ ამ მუხტით ატარებთ იარაღს, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თავდაცვისას).  ყველაზე უკიდურეს შემთხვევაში, პრეტენზიული მადის მქონე პისტოლეტის მწარმოებელი წინასწარ უთითებს მუხტების კონკრეტულ ჩამონათვალს, რომლებთანაც პისტოლეტმა წესით კარგად უნდა მუშაობდეს. Micro 9-ს რამე შეზღუდვა ვაზნის ტიპზე არ აქვს გარდა ტრადიციული გაფრთხილებისა, რომ გამოიყენოთ ქარხნული წარმოების ვაზნები.  რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეს პატარა პისტოლეტი თანამედროვე მძლავრ +Р კატეგორიის ვაზნებზეც კი არის გათვლილი.  მაგრამ ამავე დროს თუ ყურადღებით გავეცნობით პისტოლეტის ინსტრუქციას გავიგებთ, რომ მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, დამაბრუნებელი ზამბარის გამოიცვლაზე 2000 გასროლის, ხოლო საბრძლო ზამბარის 5000 გასროლის შემდეგ. ორივე ეს დეტალი განიცდის როგორც ჩანს დიდ დატვირთვას სროლის დროს, გამომდინარე იქიდან რომ მოძრავი ნაწილების წონა არის შედარებით პატარა ასეთი ძლიერი კალიბრისთვის. მაგალითად საბრძოლო ზამბარები 1911-ში პრაქტიკულად უკვდავები არის. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ნუ ელოდებით მიკროპისტოლეტებისგან ყველაფრის მონელების უნარს და შესაძლებლობას ისროლოთ ათიათასობით ვაზნა ყოველგვარი მომსახურების გარეშე.  მიკრო 1911-ის “საბრძოლო მორიგეობაზე” დაყენებამდე უნდა დაადგინოთ საუკეთესო მუხტი თქვენი პისტოლეტისთვის და შემდგომი ექსპლუატაციის დროს, რეგულარულად წმინდოთ იარაღი და აკონტროლოთ მისი ტექნიკური მდგომარეობა. ეს ზოგადად უნდა გააკეთოთ ნებისმიერი იარაღის შემთხვევაში, მაგრამ თუ ახალი “გლოკ 17″-სგან ელოდები, რომ ის იმუშავებს პირდაპირ კოლოფიდან ნებისმიერი მუხტით და თუნდაც წმენდის გარეშე 10 000  ვაზნის შემდეგაც, მიკრო 1911-ის შემთხვევაში არ უნდა გაგიკვირდეს თუ ის რაღაც მუხტებთან არ იმუშავებს საერთოდ ან თუ საჭირო გახდება 200-300 გასროლა პისტოლეტის გასახმარისებლად.

Micro 9-ს პატარა ზომების და ლულის, საკეტის, ჩარჩოს მჭიდრო გადაბმის კვალობაზე, ჩვენ გვქონდა ყველა მიზეზი გვევარაუდა რომ ის არ გამოდგებოდა ყველაფრის მჭამელი როგორც “გლოკი”, ხოლო იმისთვის, რომ დაგვედგინა რამდენად ჟინიანი მადა გააჩნდა პატარა “კიმბერს”, ჩვენს მიერ შეძენილი იქნა მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტიმენტი 9მმ-ნი ვაზნების. მუხტები 124 გრანიანი (Sellier&Bellot, Magtech) და 115 გრანიანი (Barnaul, Federal, Fiochi) მთლიანად გარსით დაფარული ტყვიებით, ასევე დაბალმუხტიანი ვაზნები, და ერთი მუხტი Hornady XTP ტყვიით. მეტი უბრალოდ ვერ ვიშოვეთ, იმიტომ რომ არჩევანი მაღაზიებში იყო ძალიან მწირი.

რენჯზე ტესტირებისს, დაახლოებით 80 გასროლაზე მივიღეთ 3 ამაალებლის მტყუნება და ერთხელ ვაზნის არ მიწოდება. მტყუნებები დაიწყო სადღაც მე-60 ვაზნაზე და მერე აღარ გამეორებულა. ერთი არ მიწოდება არ არის სერიოზული პრობლემა ასეთი სისტემის ახალ პისტოლეტზე, ვგულისხმობ იმას, რომ გარკვეული გასახმარისების (“აბკატკა”) შემდეგ უნდა ელოდო საიმეედობის რეალური ხარისხის გამოვლინებას. 1911-ის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 100-დან 2000 ვაზნამდე, გააჩნია რამდენად მჭიდროდ არის მორგებული დეტალები (იარაღის დანიშნულებიდან გამომდიანრე) და რა დაფარვებია გამოყენებული.  ბუნებრივია ზოგადი დანიშნულების 1911-ების გასახმარისების “ხანგრძლივობა” იქნება უფრო 100 ვზნისკენ ხოლო მაღალი დონის საასაპრეზო 1911-ების უფრო 2000 ვაზნისკენ. რაც შეეხება ამაალებლის მტყუნებას, ეჭვი მაქვს რომ უბრალოდ ჩვენ პისტოლეტზე იყო დაბნძურებული დამრტყმელის არხი, იმიტომ რომ მტყუნებები თავისით გაქრა. ყოველი შემთხვევისთვის საკეტი დაიშალა, არხი გაიწმინდა. თუ პრობლემა გამეორდა, უფრო საიმედოო აალების უზრუნველოფა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. რამდენად ახალ “კიმბერს” საერთოდ უნდა ჭირდებოდეს ასეთი მანიპულაციები ცალკე თემაა მაგრამ იმისთვის, რომ დავსვათ უფრო ზუსტი დიაგნოზი საჭიროა მეტი დრო. ასეთი შემთხვევა ახალ პისტოლეტზე მე მქონდა როდესაც ვცდიდით Lionheart LH-9-ს, რომელშიც უბრალოდ გახმა ქარხნული საკონსერვაციო ზეთი. როდესაც ბევრი იარაღებიდან საკმარისად ბევრს ისვრი ყველანაირ უცნაურობას წააწყდები. ამ შემთხვევაში გავმეორდები, ეჭვი მაქვს ადგილი ქონდა არხის დაბიძურებას ან რამე ანომალიას, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ პისტოლეტის კონსტრუქციას, იმიტომ, რომ როგორც წესი მხოლოდ ერთმაგი მოქმედების პისტოლეტებში ასეთი ტიპის პრობლემები არის ძალიან ძალიან იშვიათი. ე.წ. ფანქრის ტესტიც იარაღმა უპრობლემოდ გაირა. აღნიშნული მეთოდი არის ყველაზე მარტივი და “არამეცნიერული” გზა გაარკვიოთ იღებს თუ არა დამრტყმელი საკმარის ენერგიას საიმედოო აალებისთვის.  მოათავსეთ ფანქარი განმუხტული იარაღის ლულაში (ლულა მიმართულია ზევით 90 გრადუსით) დააჭირეთ სასხლეტს, რის შემდეგაც დამრტყელმა უნდა გამოისრლოს ფანქარი ლულიდან, რაც იქნება ნიშანი იმისა, რომ მას აქვს საკმარისი ენერგია ვაზნის აალებისთვის. მოკლედ თუ რამე ახალი გაირკვა აუცილებლად მოგახსენებთ.

რაც შეეხება სიზუსტეს, თავიდან გული დაგვწყდა ბევრი “ფლაიერის” გამო. მაგალითად 5 გასროლიანი სერიიდან სამი გასროლა ხვდებოდა ახლო-ახლო, ორი სამი დანარჩენი ჯგუფისგან საკმაოდ შორს და არ იყო მნიშვნელობა რომელ მუხტს იყენებდით. იქიდან გამომდინარე რომ, პისტოლეტზე დეტალების მორგება იყო უნაკლო, ვხვდებოდით რომ ამის მიზეზი არ იყო რაიმე მექანიკური ხასიათის ხარვეზი, არამედ უფრო ეს იყო იარაღის სპეციფიკის ბრალი. 440 გრამიანი მიკრო 1911 3.5კგ-ნი სასხლეტით, ძლიერი ვაზნით და მოკლე ტარით არის, რასაც ეძახიან “ექსპერტის პისტოლეტი”. ის ითხოვს გარკვეულ გაწაფულობას იმისთვის რომ შეძლოთ მისი ეფექტური გამოყენება. სროლისას პისტოლეტი ცდილობს თითქოს ამოხტეს ხელიდან და უკუცემა არის მართლაც ძალიან ხისტი. არც სახელურის კონფიგურაცია და მისი თხელი ხის ზესადებები ხელს არ უწყობენ მაინცდამიანც მყარ ჭერას. მოგვიანებით მივხვდი, რომ პისტოლეტი არა თუ მყარად არამედ მართლაც რომ ძალიან მყარად უნდა გეჭიროთ ხელში, თითქოს ვიღაცა აპირებს ხელიდან გამოგტაცოთ ის.  დიდი ყუარადღება უნდა მიაქციოთ 3.5 კგ-ან სასხლეტთან მუშაობას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არის მხოლოდ ერთმაგი მოქმედების, არ გამოირჩევა ისეთი თნადაყოლილი საასპარეზო სასხლეტის თვისებებით,  როგორც სტანდარტული 1911 სასხლეტი. მოკლედ ხისტი უკუცემის კონტროლის და კარგი სიზუსტის უზრუნველყოფის მიზნით ზე-მყარ ჭერას აქვს ამ პისტოლეტის შემთხვევაში მართლაც, რომ კრიტიკული მნიშვნელობა.  შეცდომას სროლის ტექნიკაში ეს პისტოლეტი არ გაპატიებთ. ეს არ ნიშნავს, რომ სამიზნეს ვერ მოარტყავთ, უბრალოდ ჯგუფები ისეთი არ იქნება, როგორსაც მიჩვეულები ხართ.

kimber grip

ჩარჩოზე შესრულებული “თახვის კუდი” კარგად იცავს ხელს, მაგრამ ჩვეულეი ღრმა ჭერის გამო ის მაინც გიკბენთ (ზედა სურათი). ამიტომ მე გამოვიყენე ჭერა, გადაჯვარედინებული დიდი თითებით სადაც გარე თითი აწვება შიდას და ასე მიიღწევა საიმედო ჭერა. ამ ტექნიკამ ზომიერად კარგად იმუშავა. ადამიანებს სხვადასხვა ხელები აქვთ ამიტომ  ეცადეთ იპოვოთ ტექნიკა, რომელიც გამოგადგებათ თქვენ. 

first kimber

ბარნაულის 99მმ-ან ვაზნებმა აჩვენე სტაბილურად კარგი სიზუსტე. როდესაც თქვენ წილისამუშაოს კარგად ასრულებთ პისტოლეტიც მოგყვებათ. 

best groups

ადაპტაცია/მიჩვევის ხანმოკლე პერიოდის შემდეგ მიღებული სიზუსტე

micro all

ტესტირების შემდეგ, იმისთვის რომ მიიღოთ სრული წარმოდგენა იარაღის და თქვენ შესაძლებლობებზე, სამიზნეების გამოცვლისას, ახალი სამიზნე უბრალოდ ზევიდან დააკარით ძველს და სულ ბოლოს როდესაც მორჩებით სროლას, სულ პირველი სამიზნე მოხსენით და დაინახავთ ასე ვთქვათ სრულ სურათს თქვენი სროლის. ჩვენ შემთხვევაში ერთ-ერთ სამიზნეზე, ხელის გულით შეიძლებოდა 80% ყველა ნახვრეტის გადაფარვა რაც ნამდვილად არ არის პირველი ჯერისთვის ცუდი შედეგი.

ასევე ჩვენ დავადგინეთ რომ 10-15 მეტრზე 115 გრანიანი ვაზნა ხვდება დამზინების წერტილიდან დაახლოებით 3 სმ-ით მაღლა, ხოლო 124 გრანიანი ვაზნით 5-6 სმ-ით მაღლა.  სხვა მიმოხილვებშიც, რმლებიც მე წავიკითხე  ეს თავისებურება შეინიშნება. საუკეთესო სიზუსტე მივიღეთ S&B 124 გრანიანი FMJ მუხტით, შემდეგი იყო რუსული წარმოების 115 გრანიანი “ბარნაული”.  Magtech-მა კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაზნა სუფთად იწვის და ძალიან საიმედოა, სიზუსტით ის ჩამოუვარდება უმეტესობა სხვა მუხტს რაც ჩვენთან იყიდება.  სიზუსტე ადეკვატურია, უბრალოდ ის არ არის ისეთივე ზუსტი, როგორც იზრაელის IMI, ამერიკული Federal AE ან ჩეხური S&B. წლებია ყველა ჩვენ ტესტირებაში საუკეთესო ჯგუფებს ვიღებთ, სწორედ ამ სამი მწარმოებლის ვაზნებით ხოლო ბრაზილიური “მაგტექი” ოდნავ უკან მოყვება. სიზუსტის მხრივ სასიამოვნო სიურპრიზი იყო “ბარნაულის”  ვაზნები. რკინის მასრის, ბინძური დენთის და ხარისხის სხვა პრობლემების გამო მე ალბათ არ ვურჩევდი ამ ვაზნებს არავის (ჩემი rule of thumb: რუსული ვაზნები მხოლოდ რუსულ/საბჭოთა იარაღებში) მაგრამ “კიმბერმა” უპრობლემოდ მოინელა ეს ვაზნა და კარგი სიზუსტეც აჩვენა. ექსტრაქცია იყო დამაკმაყოფილებელი, თუმცა ერთი სამჯერ-ოთხჯერ მასრა დამეცა თავზე. გარდა ხსენებული დაბრკოლებებისა სხვა პრობლემები არ იყო და ყველაფერი მუშაობდა ისე როგორც უნდა ემუშავა. მასრების შემოწმებამ რამე ანომალიები არ აღმოაჩინა, ბზარები, შებერილობები ან ასეთი რამეები არ შეინიშნებოდა.

comabt accuracy

სწრაფი სროლისას ჯგუფი შეიძლება არ გამოიყურება ლამაზად მაგრამ ყველა მორტყმა პირობითი “ალფას” ზონაშია. ნებისმიერი ასეთი მორტყმა იქნებოდა დამაკმაყოფილებელი თავდაცვით სიტუაციაში. 

ეხლა გადავიდეთ დასკვნებზე. 440 გრამიან პისტოლეტს, რომელიც გათვლილია ძლიერ ვაზნაზე ექნება ხისტი უკუცემა. ეს გარდაუვალია და თუ არ გაქვთ იმის ტრაკი, რომ ასეთი პისტოლეტი მოათვინიეროთ, მაგრამ მაინც გინდათ მიკრო 1911, მაშინ იყიდეთ “კიმბერი” გათვლილი .380ACP-ზე, რომელიც კიდე უფრო კომპაქტურია მაგრამ ჩემი აზრით უფრო სასიამოვნო სასროლი იქნება. ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ წითელი ხის ზესადებები არიან საოცრად ლამაზი და პისტოლეტს ძალიან უხდება, Hogue-ს რეზინის სახელური ან Talon Grip-ის ფირის დაკრობა სახელურის წინა ნაწილზე არის აუცილებელი. პისტოლეტს, ზომებთან შედარებით აქვს სიზუსტის მაღალი პოტენციალი, მაგრამ მისი გამოყენებისთვის საჭირო იქნება სახელურის მოდერნიზაცია, რკინის ჭერა და ბევრი პრაქტიკა. ალბათ სასხლეტის შემსუბუქებაც არ იქნებოდა ურიგო. Micro 9-ს გამოყენების ფილოსოფიიდან გამომდინარე, რაც არის თავდაცვა სასაუბრო დისტანციებზე, ეს პისტოლეტი არის აბსოლუტურად ადეკვატური. რაც უფრო ზრდით სროლის დისტანციას მით უფრო საგრძნობი ხდება ის შეზღუდვები, რომელბსაც გიწესებთ პისტოლეტის მოკლე სამიზნი ხაზი.

თავიდან ასევე არ მომეწონა ერთი თავისებურება, რომელიც ალბათ განპირობებულია იმით, რომ პისტოლეტი ახალია და მჭიდის ზამბარა ძალიან ხისტია. “პრეს ჩეკის” შესრულებისას, როდესაც საკეტს წევთ ოდნავ უკან რომ ვიზუალურად შეამოწმოთ სავაზნის მდგომარეობა, საკეტი წინ მისვლისა იყოლიებდა ვაზნას მჭიდიდან. მჭიდის ამოღებისას ვაზნის თავი ედებოდა ჩარჩოს და ის უბრალოდ ამოძვრებოდა მჭიდიდან. დროთა განმავლობაში ეს შეწყდა. გასახმარისება ამ პისტოლეტს ჭირდება, მაგრამ არ მგონია ეს იყოს ხანგრძლივი პროცესი და მოითხოვდეს ასობით ვაზნას. შემდგომი წმენდისას მე დავინახე რომ ნამწვავს ასევე მოყვებოდა ნაცრისფრი მტვერი, რაც არის დაფარვის ნარჩენები, რომელიც რაღაც რაოდენობა გასროლის შემდეგ გადავა მოძრავი ნაწილებიდან და პისტოლეტი ოდნავ “მოეშვება”, რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე. რაღაც ეტაპზე ყველა მოძრავი დეტალი მოჯდება, ზედმეტი დაფარვა მოიცვითება და პისტოლეტი საბოლოოდ მოვა მუშა მდგომარეობაში. ცალკე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტის საკეტის გადაკვრა, თუნდაც დაშვებულ ჩახმახზე არის ძალიან ადვილი. დავწერდი, რომ ეს კარგი იქნებოდა ქალი ან სუსტი ხელების მქონე მსროლელისთვის, მაგრამ ასე მგონია საკეტის გადაკვრა ისეთი პრობლემა მათთვის არ იქნება, როგორც იარაღის ხისტი უკუცემა. ასე რომ ზოგადად ამ პისტოლეტს ქალებს მე მაინც არ ვურჩევ.

შეკითხვაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი “გლოკ 43″-ზე და ვიყიდოთ “Micro 9″ რომელიც 500-600 ლარით მეტი ღირს, მე პასუხის გაცემა გამიჭირდება, ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს. მე მომწონს ის ფაქტი, რომ შესაძლებელია პისტოლეტი გქონდეს ვაზნით სავაზნეში ხოლო დაშვებული ჩახმახით ის იქნება აბსოლუტურად დაცული შემთხვევითი გასროლისგან. მე, ეს მომწონს. ასევე მომწონს პისტოლეტის იერსახე და მისი გაბარიტები, მომწონს რომ ის ჩვენ ქვეყანაში შედარებით იშვიათია. მაგრამ გადამწყვეტი იყო ის, რომ ბლოგის და გამოცდილების გამდიდრების თვალსაზრისით Micro-9 იყო უფრო საინტერესო.  სხვას შეიძლება სხვა შეხედულებები და პრიორიტეტები ქონდეს. ასე, რომ ყველამ თავისთვის გადაწყვიტოს. თავისმხრივ მიკრო 1911-ის პლიუსს განეკუთვნება მათი მზგავსება დიდი ზომის 1911-თან. მართვის ელემენტების, კონსტრუქციის და ერგონომიკის მზაგვსება განაპირობებს იმას, რომ 1911-ის მფლობელს არ გაუჭირდება სწრაფად აითვისოს მიკრო 1911. ითვლება რომ “ბექ აპ” იარაღი უნდა იყოს ისეთივე როგორც ძირითადი იარაღი, სასურველია კალიბრიც რომ იგივე იყოს და მჭიდებიც. ამ კონცეფციას ყველაზე კარგად განასახიერებენ ისევ “გლოკის” პისტოლეტები. ბუნებრივია შეუძლებელია შექმნა ულტრა კომპაქტური .45 კალიბრის პისტოლეტი, მაგამ სხვა მხრივ მიკრო 1911 შეიძლება იყოს კარგი “ბექ აპი” სრული ზომის 1911-თვის.

რა უპირატესობები შეიძლება ქონდეს ერთმაგი მოქმედების პისტოლეტს გარე ჩახმახით ტიპიურ “სტრაიკერთან” შედარებით? ჩემი აზრით მხოლოდ ერთი ან ორი, პირველი უსაფრთხოების ხარისხი რაც წინა აბზაცში ვახსენე. მე მაინც ვთვლი რომ ბარიერი შედარებით მოკლესვლიანი 3.5კგ-ნი სასხლეტის ფორმით, არ არის საკმარისი რაც უზრუნველყოფს იარაღის უსაფრთხოებას, თუ რათქმაუნდა პისტოლეტი მუდამ არ იმყოფება ბუდეში. მეორეს მხრივ,  7 ვაზნა მჭიდში, ერთი სავაზნეში, დაშვებული ჩახმახით. პისტოლეტის არის უსაფრთხო ხოლო ჩახმახის შეყენება შეიძლება მილი-წამებში, ერთი, მსროლელი ხელით. შესაძლებელია ასევე პისტოლეტის ტარება შეყენებული ჩახმახით და მცველზე აყვანილი, მაშინ მისი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა კიდე უფრო სწრაფად შესაძლებელია.

მეორე ფაქტორი იქნება სასხლეტის ხასიათი. ყველას არ მოწონს გრძელი და რბილი სასხლეტები, რომლებიც არის ტიპიურ სტრაიკერებზე. წორედ ასეთი სასხლეტები აქვთ გლოკის პისტოლეტების უმეტესობას და მათთან ერთად უმეტესობა სხვა პოლიმერის სტრაიკერებს გარდა ისეთი პისტოლეტებისა, როგორიც არის Beretta Nano ან SCCY, რომლებსაც აქვთ უფრო ორმაგი მოქმედების რევოლვერის სასხლეტები, შედარებით მძიმე და შედარებით გრძელი სვლით.  თუ ეს არ გაწყობთ, გამოსავალი იქნება ერთმაგი მოქმედების მექანიზმით და გარე ჩახმახით. ორმაგი მოქმედების მიკრო პისტოლეტები პრაქტიკულად არ არსებობს იმიტომ რომ შედარებით რთული კონსტრუქციის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოთავსება მიკრო პისტოლეტში პრაქტიკულად შეუძლებელია და ალბათ არც არის ამის საჭიროება.

ერგონომიკის თვალსაზრისით, ჩემი აზრით სტრაიკერი უფრო მოსახერხებელია იმის გამო რომ მას არ აქვს ჩახმახი, რომელიც შეიძლება რამეს წამოედოს, დახურული კონსტრუქცია კარგად იცავს პისტოლეტს ჭუჭყისგან, რომელიც გროვდება ჯიბეებში, არ არის საჭირო მექანიკური მცველი. ულტრა კომპაქტური/ჯიბის პისტოლეტებში გარედან განლაგებული ჩახმახი სერიოზულად განსახილველი ფაქტორია, რის გამოც მაგალითად ჯიბის რევოლვერების პოპულარული მოდიფიკაცია გულისხმობდა ჩახმახის მოქლიბვას ან მის დაფარვას გარსაცმით, უკვე მგოვიანებით გაჩნდა მოდელები დახურული ჩახმახით. Micro 9-ს კორა არის გადახრილი და დამრგვალებული, ჩახმახსაც აქვს მრგვალი თავი და ის კარგად იმალება საკეტში და ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ეს დეტალი ქმნიდა რამე პრობლემას იარაღის ამოღებისას, მაგრამ ჩემი ვალდებულებაა მაინც გავამახვილო თქვენი ყურადღება ამ საკითხზე.

rtyryr

Smith&Wesson Centennial (ზევით) და მისი თანამედროვე ანალოგი Kimber K6, ორივეს ფორმა უზრუნველყოფს სწრაფ და უპრობლემო ამოღებას ჯიბიდან ან ბუდიდან.  ორივეს ჩახმახი დამალულია ჩარჩოში. კიმბერის რევოლვერები ასევე იყიდება “აპაჩიში”. 

shooterscentral.ge-ს დასკვნა. 9×19 კალბრის Micro 9 ხისტი უკუცემის გამო  არ გამოდგება გასართობი სროლისთვის ან იმისთვის რომ დახვეწოთ თქვენი სროლის უნარები. ის არ არის ზოგადი დანიშნულების პისტოლეტი, რომელიც მისაღები ხარისხით გამოდგება ყველა როლში. “Micro 9″ არის ლამაზად და უნაკლოდ შესრულებული  ღრმა ფარული ტარებისთვის, ექსპერტი მსროლელისთვის განკუთვნილი სერიოზული თავდაცვითი იარაღი.



დატოვეთ კომენტარი