მფლობელის თვალით – მარგოლინის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი МЦ

2VF6hjT

სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ მოხდა ისე რომ აქამდე ამ პისტოლეტზე, არც ერთი სიტყვა არ მქონდა დაწერილი. არა და МЦМ-ის, ასევე ცნობილი, როგორც უბრალოდ “მარგოლინის” პისტოლეტებთან მე „ვმეგობრობ“ აგერ უკვე ალბათ 10 წელზე მეტია. ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულად  დაკავებული ვიყავი ამ პისტოლეტის ისტორიის და კონსტრუქციის შესწავლით, მე უბრალოდ წლების განმავლობაში ვისროდი ამ პისტოლეტებიდან, მათ შორის “სკას” ტირში სადაც ორი ასეთი პისტოლეტი ინახებოდა. წლების განმავლობაში ყოველი შაბათი-კვირა მე მანდ ვატარებდი, მეტ წილად ჩემი მცირეკალიბრიანი შაშხანებით, მაგრამ ყოველ მისვლაზე გადავდები ვაზნების ერთ კოლოფს “მარგოლინიდან” სასროლად.  ერთი პერიოდი მქონდა ჩემი საკუთარი ორი „მარგოლინიც“, ასე რომ პისტოლეტს კარგად ვიცნობ და როგორც ხვდებით ის მე ძალიან მომწონს.

მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს დიდი წარმოდგენა საბჭოთა იარაღებზე, უნდა ვაღიარო, რომ საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღის მოყვარული ყოველთვის ვიყავი. საქართველოში ასეთი იარაღები უხვად არის, მათი ფასი, როგორც წესი არც ისე მაღალია, ხოლო მათი კონსტრუქცია ხსიათდება გამძლეობით, დამზადების ტრადიციული მეთოდებით, (ხე, ფოლადი, ფრეზირება) და ყველა ასეთ იარაღს, როგორც წესი აქვს ძალიან კარგი ხარისხის ლულები. ყველა ეს იარაღი, იქნება ეს ცალ ვაზნიანი ТОЗ-8 თუ სპორტული ИЖ-35, მუშაობს, მუშაობს კარგად, არის ზუსტი და იშვიათად ფუჭდება.  მათი ძირითადი მტერი არის ძველი ვაზნები, რომლებიც იჭედება ლულაში. მსროლელი ვერ ამჩნევს ამას და ისვრის მეორეჯერ. წნევა არ არის იმდენად მაღალი, რომ ლულა გახეთქოს, მაგრამ არხში ჩნდება წრიული ფორმის შებერილობა, რომელიც ადვილად შესამჩნევია ლულის არხის ზედაპირული დათვალიერებისას და გამოიყურება როგორც მუქი რგოლი ლულის არხში. შეიძლება შენახვის ცუდი პირობების გამო, რკინის დეტალები იყოს ჟანგით დაფარული, ხე დაზიანებული მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ეს იარაღები, 50-ან, 60-ან წლებში გამოშვებულები, მაინც ძალიან კარგ მუშა მდგომარეობაში არიან. ეს ასევე ეხება “მარგოლინის” პისტოლეტებსაც. ამ სტატიაში მე მოგიყვებით ამ პისტოლეტის შექმნის მოკლე ისტორიას, აღვწერ მის მოწყობილობას, მოგიყვებით ჩემ პირად გამოცდილებაზე და ასევე გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ მოიყვანოთ პისტოლეტი წესრიგში და უზრუნველყოთ მისი ხანგრძლივი და უპრობლემო ექსპლუატაცია.

დავიწყოთ იმით, რომ როგორც ბევრს უკვე ალბათ გსმენიათ, პისტოლეტის ავტორი, კიევში დაბადებული მიხაილ მარგოლინი იყო ბრმა. გაცილებით ნაკლებმა ალბათ იცით, რომ მარგოლინმა დაიწყო იარაღების კონსტრუირება, უკვე დაბრმავების შემდეგ, როგორც ჰობი რომ თავი გაერთო. ყოველ შემთხვევაში ასე იუწყება ოფიციალური ისტორია. ძალიან ბევრი ნაბეჭდი სტატია და ინტერნეტ რესურსი დეტალებში აღწერს, როგორ ქმნიდა მარგოლინი იარაღებს, რა მეთოდებს იყენებდა, როგორ სწავლობდა კოსნტრუირებას. ჩემი გამოცდილებით ასეთ ისტორიებს საბჭოთა კავშირიდან დიდი სკეპტიციზმით უნდა შევხედოთ. ძალიან ბევრი, რამ ასეთ ისტორიებში არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს უბრალო პროპაგანდას, რომლის მიზანი იყო ყველას დარწმუნება, რომ საბჭოთა კავშირი იყო საოცნებო საცხოვრებელი ადგილი.  ბრმა ომის ვეტერანი, რომელიც გახდა იარაღების წარმატებული კონსტრუქტორი, კარგად ჯდება ამ ნარატივში და ნაკლებად ჯდება იმ რეალურ სურათში, რომელიც იმ დროს არსებობდა. გამძაფრებული კონკურენცია კონსტრუქტორებს შორის, ნეპოტიზმი, კორუფცია. ყოველ იარაღს, რომელიც ხვდებოდა წარმოებაში მოყვებოდა ჯილდოები, ფულადი პრემიები, სამეცნიერო წოდებები და ასე შემდეგ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ არენაზე თამაშის უფლება მიცემოდა ბრმა თვითნასწავლ კონსტრუქტორს. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია, გამყარებული ასევე იმით, რომ პისტოლეტს არ დაერქვა კონსტრუქტორის სახელი. ახალ იარაღს დაერქვა МЦ, სადაც М არ ნიშნავს მარგოლინს. МЦ გაიშიფრება როგორც Модель ЦКИБ  იგივე, როგორც ჩვენთან კარგად ცნობილი სანადირო თოფები.  აღნიშნული აიხსნა იმით, რომ სწორედ „ცკიბში“ (Центральное конструкторско-исследовательское бюро спортивного и охотничьего оружия), მოხდა პისტოლეტის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მაგრამ რეალობა შეიძლება სულ სხვა ყოფილიყო. ასევე არსად არ არის ხსენებული რა ტიპის ჯილდოები მიიღო მარგოლინმა პისტოლეტის შექმნის შემდეგ. შეიძლება მე ვცდები, შეიძლება ოფიციალური ისტორია არის სრული სიმართლე, აღნიშნული უნდა იყოს კვლევის საგანი იარაღის ისტორიით დაინტერესებული ხალხისთვის, მაგრამ ამჟამად რუსეთში ურჩევნიად საბჭოთა პროპაგანდის ტირაჟირება, ხოლო საზღვარგარეთ საკითხი ან საერთოდ არ აინტერსებთ ან უბრალოდ ამ პროპაგანდას იმეორებენ.  ასეა თუ ისე, 1948 წელს “МЦ” მზად იყო წარმოებისთვის და მისი მიწოდება დაიწყო სპორტულ სექციებში, ხოლო პისტოლეტის დებიუტი შედგა 1954 წელს, კარაკასში, ვენესუელა, სადაც გაიმართა 36-ე საერთაშორისო ჩემპიონატი სროლაში. დებიუტი წარმატებული გამოდგა, საბჭოთა კავშირის წარმომადგენელმა კალინიჩენკომ აიღო 584 ქულა და გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი. 2317 ქულით საბჭოთა ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. სპორტულ არენაზე, სადაც აქამდე კოლტები და ვალტერები დომინირებდნენ ახალი მოთამაშე გაჩნდა…

1992 წელს იჟევსკში დაიწყო მარგოლინის პისტოლეტის უფრო პრაქტიკული საექსპორტო ვერსიის გამოშვება, რომელსაც მიენიჭა სახელი „მარგო“. ამ პისტოლეტზე „მუშაობდა“ კონსტრუქტორი იარიგინი. მუშაობა ბრჭყალებში, იმიტომ რომ იარიგინმა პრაქტიკულად გააფუჭა შესანიშნავი იარაღი და მიანიჭა თავის ქმნილებას სახელი, რომელიც უფრო წააგავს პისტოლეტის კონსტრუქტორის გვარის დამახინჯების მცდელობას. ახალ პისტოლეტს ერგო მოკლე 98მმ-ნი ლულა, უფრო ხისტი სასხლეტი გრძელი სვლით, რაც უფრო უხდებოდა ასეთი ტიპის იარაღს. მაგრამ პისტოლეტი შესრულდა მცველის გარეშე, ხოლო სამიზნე მოწყობილობები გამოვიდა პრაქტიკულად რეგულირების შესაძლებლობის გარეშე. საბოლოო პროდუქტი გამოდგა კარგი „პლინკერი“ მაგრამ არაადეკვატური სამიზნე მოწყობილობები და შეყენებული ჩახმახის ჩაკეტვის შეუძლებლობის გამო ზღუდავდა მის გამოყენებას, როგორც სანადირო ან მიზანში სასროლი იარაღის. მჭიდის ტევადობაც იყო მხოლოდ 7 ვაზნა, 3 ვაზნით ნაკლები „სტანდარტზე“, რომელიც შეადგენს 10 ვაზნას.

МЦ-ს გამოშვების წლის დადგენა დამღებით ან ნომრით შეუძლებელია. ადრე “იჟევსკის” ქარხანას ქონდა ელ. ფოსტის სპეციალური მისამართი, რომელზეც წერდი იარაღის ნომერს და პასუხად იღებდი გამოშვებული იარაღის წელს. მიახლოებით გამოშვების პერიოდის დადგენა შეიძლება კონკრეტული დეტალების შესრულების და კომპლექტაციის მიხედვით.

2008071101

პისტოლეტი “მარგო” არის МЦ-ს გამარტივებული, მე ვიტყოდი პრიმიტიული ვარიანტი, არაფრით გამორჩეული .22 კალიბრის “პლინკერი”. 

“მარგოლინის” ბაზაზე სხვა იარაღების შექმნის მცდელობებიც იყო. რუსეთში გამოდიოდა ასევე 5.45 კალიბრის პისტოლეტი სახელწოდებით “Дрель”, რომელიც შექმნილი იყო მარგოლინის ბაზაზე. უკრაინა უშვებდა კარაბინს, რომელიც სხვა არაფერს წარმოადგენა თუ არა “მარგოლინის” პისტოლეტს ზედ დაყენებული ხის კონდახით. ასევე უკრაინაში იყიდებოდა ტრავმატული 9მმ-ნი პისტოლეტი აწყობილი მცირეკალიბრიანი მარგოლინის ნაწილების გამოყენებით. მაგრამ ალბათ ყველაზე ცნობილი მარგოლინის მოდიფიკაცია არის “ვარსკვლავეთის ომებიდან” პრინცესა ლეას მინიატურული ბლასტერი, წინა ცხოვრებაში ცეცხლსასროლი “მარგოლინი”.

star-wars-618x400

არც ერთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტი, რომელიც მე მქონია ახლოსაც ვერ მოდის მარგოლინთან ერგონომიკის და ბალანსის თვალსაზრისით.  ალბათ ადამიანს, რომელიც ვერ ხედავ სხვა გრძნობები გამძაფრებული აქვს, იმიტომ, რომ სხვაგვარად მე ვერ ავხსნი მარგოლინის ბრწყინვალე ერგონომიკას. ორთოპედიულის სახელურების და ბალანსირების გარეშეც პისტოლეტი ისე ზის ხელში, თითქოს სპეციალურად იქნა მორგებული ჩემ ხელზე. გარკვეული პერიოდი მე ასევე მქონდა  სპეციალიზირებული იჟ-35, რომელიც მართალია დახურულ ტირში უკეთესი შედეგების ჩვენების საშუალებას მაძლევდა, მაგრამ განსხვავებით МЦ-სგან, მის სხვა გამოყენებაზე (ტირის გარეთ) ფიქრიც ზედმეტ იყო, პისტოლეტის დიდი მასის, გაბარიტების და სპეციფიური ერგონომიკის გამო, რომელიც გათვლილი იყო მხოლოდ ერთი ხელიდან სასროლად. კიდევ ერთი პისტოლეტი, რომელიც სროლისუნარიანობით და სიზუსტით ახლოს იდგა МЦ-სთან იყო ბრაუნინგის “ბაკ მარკი”, გრძელი და სქელი საასპარეზო ლულით, მაგრამ ერგონომიკის თვალსაზრისით, МЦ მას ჩემი აზრით ჯობნიდა. ყველა დანარჩენი პისტოლეტი,  Beretta Neos, SIG Mosquito, Walther P22, Beretta 71 გამოდგებოდნენ პლინკინგისთვის, მაგრამ მხოლოდ МЦ გაძლევდათ საშუალებას მიზანში მართლაც ზუსტი სროლის და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის მიღწევას. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, მიუხედავად იმისა, რომ МЦ ღირს იმდენივე რაც თანამედროვე პლინკერები, ის არის წმიდა სისხლის საასპარეზო იარაღი.

რაც შეეხება МЦ-ს კონსტრუქციას, მისი მოწყობილობა ძალზედ მარტივია. ბუნებრივია ის ასევე იყენებს ავტომატიკას თავისუფალი საკეტით. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ერთმაგი მოქმედების არის, გარეთ განლაგებული ჩახმახით. იარაღი იკვებება 10 ან 6 ვაზნაზე გათვლილი ერთ რიგიანი მეტალის მჭიდებიდან, გააჩნია რა სპორტული დისციპლინისთვის  იყო განკუთვნილი იარაღი. დაცვის მექანიზმები ძალზედ მარტივია, ჩახმახს აქვს ნახევრად შეყენების ფუნქცია, რაც მისი დაწევისას გამორიცხავს დაცემას (თუ რა თქმა უნდა თითი მოაცილეთ სასხლეტს მისი გათავისუფლების შემდეგ), ასევე იარაღს აქვს დისკონექტორი, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას ისროლოთ თუ საკეტი ბოლომდე არ არის დახურული. ასევე ზოგ მოდელზე ჩარჩოს მარცხენა მხარეს ყენდება მექანიკური ბერკეტი, რომელიც ასრულებს მექანიკური მცველის ფუნქციას. ეს ბერკეტი ნაკლებად მოსახერხებელია, მაგრამ პისტოლეტი იქმნებოდა მხოლოდ ტირისთვის და იქ ასეთი კონსტრუქცია იქ პრობლემას არ ქმნიდა.

პისტოლეტის ლულა მაღალი ხარისხის არის, გააჩნია 6 ხრახნი ნაცვლად 4-ისა, როგორც იმ დროინდელ საბჭოთა მცირეკალიბრიან კარაბინებში. ასეთი კონფიგურაცია უზრუნველყოფდა უკეტეს სიზუსტეს და ეს მაგოლინმა გადმოიღო ვალტერის ანალოგიური კალიბრის პისტოლეტიდან.  ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 140, 160 და 180მმ (ყველაზე ადრინდელი მოდელები), გააჩნია მოდელს და გამოშვების წელს. პისტოლეტის წონა მერყეობს 900 გრ – 1კგ-ის ფარგლებში.  სოლიდური წონა განპირობებულია მთლიანად ფოლადის კონსტრუქციით. „მარგოლინის“ სასხლეტის წონა 1 კილოგრამის ფარგლებში მერყეობს, სვლა ძალზედ მოკლე აქვს 1-2 მმ, პისტოლეტს გააჩნია „ტრიგგერ სტოპი“, რაც ამცირებს სასხლეტის სვლას ჩახმახის გათავისუფლების შემდეგ და ხელს უწყობს ზუსტ სროლას.

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები ცალკე აღწერას ითხოვენ.  სამიზნე მოწყობილობები ისე შესრულებული, რომ შესწორებების შეტანა შეიძლება ინსტრუმენტის გარეშე, ხელით, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა სამიზნე მოწყობილობა განლაგებულია ლულაზე, ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა, არის ხიდის ტიპის და წარმოადგენს ჩარჩოს ნაწილს. იქიდან გამომდინარე რომ ლულაც არის ხისტად დამაგრებული ჩარჩოზე, მოძრაობა წინა და უკანა სამიზნეებს შორის არ არის. მაგალითად გერმანულ „ვალტერ ოლიმპიაზე“ წინა საიზნე მოწყობილობა განალგებულია უძრავ ლულაზე ხოლო უკანა სამიზნე მოწყობილობა მოძრავ საკეტზე. ცხადია რომ МЦ-ს თანდაყოლილი სიზუსტის ხარსხი ექნება უფრო დიდი. ეს იყო ის ინოვაცია, რომელმაც მისცა პისტოლეტს უპირატესობა კონკურენტებზე და განაპირობა მისი წარმატება სპორტულ არენაზე. სწორედ ასეთი ინოვაციურობა ყოველთვის აკლდა და აკლია რუსულ/საბჭოთა იარაღებს, რომლებიც ყოველთვს მეტ წილად იყვნენ აფუძნებულები უკვე არსებულ, დასავლურ სისტემებზე და ტექნიკურ გადაწყვეტილებებზე.

27073427_10156039581494257_4640078770326550942_n

ერთ-ერთი საუკეთესო ამერიკული სპორტული პისტოლეტი Hi-Standard Supermatic Citation, ასევე იყენებდა მარგოლინის გადაწყვტილებას, ე.წ. ხიდისებს სამიზნე მოწყობილობას.  ეს პისტოლეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ამერიკელ სპორტსმენებს შორის.  

  

მოგეხსენებათ, რომ რკალიანი .22lr კალიბრის ვაზნას აქვს რბილ თავიანი ტყვია, რის გამოც ამ ვაზნაზე გათვლილ ავტომატურ იარაღში მჭიდის კონსტრუქცია თამაშობს მნიშვნელოვან როლს საიმედოობის მიღწევაში. ვაზნების განლაგება მჭიდში, მიწოდების კუთხე და მანძილი სავაზნემდე სწორად უნდა იყოს შერჩეული, რომ იარაღი გამოვიდეს საიმედო. МЦ-ს ფოლადის მჭიდი არის ძალიან საიმედო კონსტრუქციის. ის უზრუნველყოფს ვაზნის მიწოდების ოპტიმალურ კუთხეს, აქვს დიდი რესურსი. მისი შექმნისას, მარგოლინმა იხელმძღვანელა გამოცდილებით, როდესაც ქმნიდა მცირეკალიბრიან საწვრთნელ ტყვიამფრქვევს, რომელიც ასევე მჭიდებიდან იკვებებოდა. ჩვეულებრივი ექსპლუატაციით მარგოლინის მჭიდის გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია.

3226725

МЦ-ს სხვადასხვა მჭიდები. პირველი მჭიდი არის ადრინდელი 10 ვაზნიანი ვარიანტი, ვიზუალურად ძალიან წააგავს “ვალტერ ოლიმპიას” მჭიდს.  მეორე მჭიდი უფრო ახალი გამოშვება. მესამე მჭიდზე ყურადღებას იქცევს ხის მიმწოდებელი. მეოთხე მჭიდი შედარებით გვიანი გამოშვება სადაც ხუფი დაფიქსირებულია შტიფტით.  სათადარიგო მჭიდის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ მჭიდი შეიძლება ან საერთოდ არ მოერგოს კონკრეტულ პისტოლეტს ან დაჭირდეს მორგება ქლიბით.

 12630_900

.22 Short-ზე გათვლილი МЦУ, ალუმინის მსუბუქი საკეტით.

პისტოლეტი საკმაოდ უცნაურად იშლება, მაგრამ ვერ იტყვით რომ მისი დაშლა რთულია. ასევე პისტოლეტის დასაშლელად არ არის საჭირო ხრახნების დაშვება (როგორც “ბერეტა ნეოსში” ან “ბრაუნინგ ბაკ მარკში”) ან რაიმე ინსტრუმენტის გამოყენება.  დამაბრნებელი ზამბარის ღერძის თავში განლაგებულია ზამბარიანი ფიქსატორი. მის გასახსნელად უნდა გამოწიოთ ის გარეთ და გადაატრიალოთ, რაც დააფიქსირებს მას ღია მდგომარეობაში. აღნიშნული გაათავისუფლებს საკეტის ჩამკეტს, რომელიც გვერდიდან გამოძვრება და გაათავისუფლებს საკეტს. შემდეგ გაწიეთ საკეტი უკან და მოაცილეთ ის ჩარჩოს. იარაღი მზად არის გასაწმენდად. დამატებით შესაძლებელია სალოყების მოხსნა, რომ უკეთესად მიუდგეთ დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

337658

არასრულად დაშლილი „მარგოლინი“. დამაბრუნებელი ზამბარის და ღერძის “მოდული” უცნაურად გამოიყურება, სამაგიეროდ პისტოლეტის დასაშლელად არ არის საჭირო ხრახნების დაშვება ან ინსტრუმენტების გამოყენება. 

საკეტის ჩამკეტი შეიძლება იყოს მოკლე, ან შეიძლება ქონდეს ფარფლები, რაც გეხმარებათ საკეტის გადატენვისას. ფრთხილად უნდა იყოთ, რომ მაღალი საბრძოლო ჭერისას ეს ფარფლები შეიძლება მწარეთ თითებზე მოგხვდეთ. პისტოლეტის კონსტრუქციის ნაწილს წარმოადგენს საკმაოდ “არა ტაქტიკური” მცველი, რომელიც პარალელურად ასრულებს საკეტის შემაკავებლის ფუნქციას. ქვევით ჩამოწეული ის არ მოგცემთ საშუალებას გასროლის განხორციელების, ხოლო თუ საკეტი გაწიეთ უკან და მცველი დაწიეთ ბოლომდე წინ, მცველის კუდი შევა საკეტის შიგნით შესრულებულ კილოში და საკეტი დაფიქსირდება ღია მდგომარეობაში.

stopor marg

МЦ-ს მცველის-საკეტის შემაკავებლის მოწყობილობა და მუშაობა. ის ყენდებოდა მხოლოდ ადრინდელ მოდელებზე. 

ჩვენ შემთხვევაში, МЦ-ს კონკურენტები არ არიან “ვალტერები” ან “კოლტები”, არამედ უფრო “პლინკერის” კლასის იარაღი, შექმნილი არაფორმალური, გასართობი სროლისთვის. მათთან შედარებით МЦ მართლაც გამოირჩევა შესანიშნავი ბალანსით, ბევრად უფრო უკეთესი სასხლეტით და ასევე შეუდარებელი სიზუსტით, რაც გასაკვირი არ არის. განსხვავებით თანამედროვე “პლინკერებისგან” МЦ იქმნებოდა, როგორც სპორტული პისტოლეტი. მისი უცხოური ანალოგების საქართველოში შემოტანა პრაქტუკლად არასდროს არ ხდებოდა ამიტომ შედარებაც შეუძლებელია.

ჩემი გამოცდილებითაც, “მარგოლინები” არის უკიდურესად გამძლე, ხარისხიანი და ძალიან ზუსტი პისტოლეტები თუ რა თქმა უნდა ხდება მათი სწორი ექსპლუატაცია.  ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ არაფერი მიხალოებული МЦ-ს  სასხლეტთან მე არ შემხვედრია არც ერთ სხვა პისტოლეტზე. ჩემი აზრით “მარგოლინის” სასხლეტი არის იდეალური სპორტული მცირეკალიბრიანი პისტოლეტისთვის. დიდი სამიზნე მოწყობილობები ძალიან კარგად მუშაობენ და გაძლევენ საშუალებას განახორციელო ზუსტი დამიზნება. ტარის კუთხე და ფორმა უზრუნველყოფს მის კომფორტულ ჭერას, როგორც ერთი ასევე ორი ხელთ. ყველაფერი ამის წყალობით, МЦ-დან  შესაძლებელია ძალიან ზუსტი სროლა, მათ შორის ე.წ. “ტრიკ შუთინგი”, სროლა განსაკუთებულად მცირე და რთულ სამიზნეებში.  პისტოლეტი სტაბილურად ზუსტად ისვრის ამიტომაც პატარა სამზინეების განადგურება არ წარმოადგენს პრობლემას. 20 თეთრიანები, 12 კალიბრის და 9მმ-ნი მასრები არის ჩვენი ტიპიური სამიზნეები 10-15 მეტრიდან სროლისას.

28694486_603228693352625_1523866487_o

ჩემი პირადი კოლექცია “მარგოლინიდან” განადგურებული სამიზნეების.  

ასევე ამდენი წლის მერე მე ვერ ვიხსენებ რაიმე პრობლემებს МЦ-ს საიმედოობასთან. მჭიდები მიუხედავად ასაკისა უპრობლემოდ მუშაობენ, რაც მეტყველებს ხარისხზე, რომლითაც ეს პისტოლეტები მზადდებოდა. კიდევ ერთი ისტორია მახსენდება, რომელიც უკავშირდება ამ პისტოლეტის საიმედოობას. ერთხელ ყოფილი “სკას” ტირში, მე ვისროდი МЦ-დან. პისტოლეტი ჩვეულებრივად მუშაობდა და როდესაც მე ამოვწურე ვაზნების მარაგი, შევამოწმე სავაზნე, მხოლოდ ამ მომენტში შევამჩნიე, რომ პისტოლეტს არ აქვს ექსტრაქტორი. როგორც ჩანს, ის ან ვიღაცამ მოიპარა ან ის უბრალოდ ამოხტა თავისი ადგილიდან და დაიკარგა. მიუხედავად ამისა, დენთის აირების წნევა საკმარისად მაღალი იყო საკეტის გახსნის შემდეგ, რომ მოეხდინა ვაზნის ექსტრაქცია და პისტოლეტმა ჩვეულებრივად იმუშავა.

maracc

აბსოლუტურად ყველა “მარგოლინი”, რომლიდანაც მე მისვრია იყო ძალიან ზუსტი. ხელიდან სროლისა 25 მეტრზე თუ ყველაფერს კარგად ვაკეთებდი შესაძლებელი იყო 3 სმ-ნი ჯგუფების მიღება.

 რაც შეეხება ამ ტიპის პისტოლეტების მოვლას და მომსახურებას, გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა ასეთი პისტოლეტების, რომელიც ეხლა მიმოქცევაშია არის საკმაოდ ასაკიანი. ნაწილის გამოყენება ხდებოდა ტირებში და შესაბამისად აქვთ დიდი გარბენი. ასე, რომ მწვავედ დგას ამ პისტოლეტების სათანადო მომსახურების და მოვლის საკითხი. პისტოლეტი უნდა რეგულარულად გაწმინდოდ და დაზეთოთ. წმენდა უნდა განახორციელოთ ფანატიზმის გარეშე. გახსოვდეთ, რომ გაცილებით უფრო მეტი იარაღი და მათი ლულა ნადგურდება არასწორი მოვლით ვიდრე სროლის შედეგად გამოწვეული ცვეთით.  თანამედროვე .22lr კალიბრის ამუნიცია არ არის კოროზიული, ამიტომ წმენდა რომ გადადოთ, კოროზია არ გაჩნდება, მაგრამ თუ პისტოლეტი რეგულარულად გაწმინდეთ, მაშინ აგრესიული წმენდა საჭირო არ იქნება, იმის გამო, რომ იარაღის დეტალები დაიფარა გამაგრებული ნამწვავით ხოლო ლულა გაიბიდნა ტყვიის ნადებით. ლულა ყოველთვის უნდა გაიწმინდოს სავაზნის მხრიდან, რისი საშუალებასაც МЦ-ს კონსტრუქცია იძლევა. მე ასევე კარგად მახსოვს, რომ “სკას” ტირის განმკარგულებელი ბატონი სოსო, არ ადებინებდა მჭიდში 6 ვაზნაზე მეტს, რის გამოც ასაკიანი პისტოლეტები სოლიდური გარბენით მუშაობდნენ უპრობლემოდ. ასევე სოსო არ მოგცემდათ უფლებას ცარიელს სავაზნეზე ჩახმახის დაცემას, ხოლო მშრალი ვარჯიშისთვის იყენებდა რეზინის საშლელის ნაჭრებს, რომლებიც თავსდებოდა საკეტში. ასე ხებოდა სავაზნის და დამრტყმელის შენახვა. მოგეხსენებათ გვერდითი აალების მასრებზე დამრტყმელი ურტყვას არა მასრის ცენტრში არამედ მასრის რკალში. თუ იქ მასრა არ აღმოჩნდა დარტყმა მოდის სავაზნის კიდეზე, რასაც მოყვება მისი დეფორმაცია. წარმოქმნილი დეფორმაცია ხელს უშლის ვაზნის ექსტრაქციას, მცირდება დამრტმელის რესურსიც. ამიტომ გამოიმუშავეთ ჩვევა, რომ დაითვალოთ გასროლები და მჭიდის დაცლის შემდეგ არ დააჭიროთ სასხლეტს ცარიელი სავაზნით. ჩადეთ 5 ვაზნა მჭიდში, ისროლეთ 5 ვაზნა, დარწმუნდით რომ მჭიდი და სავაზნე ცარიელია და დინჯად დაუშვით ჩახმახი ხელით.  ასევე გაითვალისწინეთ, რომ МЦ-დან არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი ვაზნების გამოყენება. არც ლულა და არც საკეტის კონსტრუქცია არ არის გათვლილი ასეთი ვაზნების გამოყენებაზე. მათი ხშირი გამოყენება გამოიწვევს იარაღის რესურსის შემცირებას. საერთოდ დაიმახსოვრეთ მარტივი წესი: “ცხელი” მუხტები (ე.წ. hyper-velocity ammo), გამოიყენეთ მხოლოდ თანამედროვე იარაღში.  გამართული МЦ უნდა მუშაობდეს საიმედოთ სტანდარტულ სიჩქარიან და მრგვალთავიან ვაზნებთან. დამჯდარი დამაბრუნებელი ზამბარის გამო შეიძლება საკეტმა იმოძრაოს გაზრდილი სიჩქარით, ის გამოც ზედმეტი დატვირთვა მიადგება საკეტს და საკეტის ჩამკეტს. ახალი ზამბარის შოვნა შეიძლება შეუძლებელი გახდეს, მაგრამ შესაძლებელია ზამბარის დიამტრის მიხედვით რამე სხვა თნამედროვე .22 კალიბრიანი იარაღის დამაბრუნებელი ზამბარის შეკვეთა და მერე მორგება. ბოლოს მინდა კიდევ ერთი ისტორია გავიხსენო და გამოვიყენო ის როგორც გაფრთხილება სხვებისთვის. ერთხელ ისევ “სკაში” ყოფნის დროს, “მარგოლინიდან” გასროლის შემდეგ, მსროლელს თვალში მოხვდა ნამწვავის ნაწილაკი, გამოსროლილი სავაზნიდან. თვალის გუგის მიკროსკოპული დაზიანებაც კი იწვევს ძლიერ ტკივილს, ასე რომ მსროლელს ჩაეშალა სროლაც და მომდევნო რამდენიმე დღე ტკივილისგან იტანჯებოდა. რატომ მოხდა ეს? ძველ ვაზნაში არ მოხდა დენთის ბოლომდე წვა, ასაკოვან პისტოლეტზე დამჯდარი ზამბარებსი გამო, საკეტი ნაადრევად იხსნებოდა, როდესაც წნევა ლულაში ჯერ მაღალი იყო, რის გამოც ნამწვავის გამოსროლა ხდებოდა სავაზნიდან, მსროლელის მიმართულებით. ასე, რომ ყოველთვის გამოიყენეთ დამცავი სათვალე არა მარტო მცირეკალიბრიანი არამედ საერთოდ ყველა ტიპის იარაღიდან სროლისას.

19369678_1

რამდენიმე წლის წინ, შსს-მ თავის არსენალებიდან სიმბოლურ ფასში გაასხვისა თავის თანამშრომლებზე მცირეკალიბრიანი იარაღის გარკვეული რაოდენობა. მათ შორის იყო ეგზემპლიარები, ხის ყუთში, დეტალების და აქსესუარების სრული კომპლექტით. მათი ნაწილი შემდგომ გასხვისდა მეორადი იარაღის ბაზარზე. ასეთ პისტოლეტებს შეიძლებ ქონდეთ არასტანდარტული სალოყეები, რეგულირებადი კომპენსატორები, ბალანსირები, ტარზე დასამაგრებელი ორთოპედიული “სოკო”, თუმცა ყველაზე სასურველი “აქსესუარი” არის ალბათ სათადარიგო მჭიდი, იმიტომ, რომ უმეტესობა პისტოლეტების იყიდება, როგორც წესი მხოლოდ ერთი მჭიდით.

МЦ-ს არჩევისას, ყურადღება უნდა მიექცეს ლულის არხს, ლულის გამოსასვლელს და სავაზნის კიდეს სადაც მას წვდება დამრტყმელი. ლულის არხი უნდა იყოს სუფთა, გამოსასვლელი ერთგვაროვანი, დეფექტების გარეშე, სავაზნის კიდე არ უნდა იყოს დეფორმირებული.  საკეტი და მისი ჩამკეტი უნდა შემოწმედეს ბზარების არსებობაზე, განსაკუთრებულად იმ ადგილში სადაც საკეტში ზის ჩამკეტი, ასევე უნდა შემოწმდეს მჭიდის მდგომარეობა, კონკრეტულად მას არ უნდა ეტყობოდეს ტუჩების შეკეთების კვალი. მჭიდის ზამბარის მდგომარეობა შეიძლება შემოწმდეს მხოლოდ სროლით.  პისტოლეტი, რომელსაც აქვს საღი ლულა, კარგი მჭიდი და რომელიც კარგად გამოიყურება ვიზუალურად, როგორც წესი უპრობლემოდ უნდა ისროლონ. მაინც საუკეთესო შემოწმება, იქნება სროლით, სტანდარტული სიჩქარის ვაზნებით. ყველაზე სასურველია ქარხნულ მდგომარეობაში იარაღის შეძენა, თავისი ხის ყუთით და აქსესუარებით.

სტატიის ბოლოს მე მინდოდა ასევე ყურადღება გამემახვლილებინა МЦ-ს ნაკლოვანებებზე, რომელიც, როგოც ყველა იარაღს ამ პისტოლეტსაც გააჩნია.  პრაქტიკული თვალსაზრისით МЦ არის იარაღი შექმნილი დახურული ტირის პიობებში სროლისვის. რას ვგულისხმობ ამაში? პისტოლეტს აქვს უამრავი გამოშვერილი დეტალი, ზედმეტად მსხვილი სამიზნე მოწყობილობები შესწორების მექანიზმებით, ფარფლები საკეტის ჩამკეტზე, გრძელი ლულა (გააჩნია მოდიფიკაციას). ნებისმიერი პისტოლეტი ჩემი აზრით არის პირველ რიგში სატარებელი იარაღი, და ეს შესაძლებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული. იგივე ჩემი კუთვნილი Browning Buck Mark 20 სმ-ნი ლულით, არ შეგაწუხებთ თუ გამიყენებთ შესაბამის ბუდეს. „МЦ“ “საველე” იარაღის როლში ნაკლებად პრაქტიკულია, ასევე მისი შედარებით დიდი მასის გამო. პისტოლეტის საკეტის გადატენვა ასევე მოუხერხებელია, რასაც ხელს უშლის უკანა სამიზნე მოწყობილობის ხიდი. კომპენსატორის ეფექტი პრაქტიკულად არ იგრძნობდა და მხოლოდ მისი მასა ცვლის ბალანს და ცოტათი ამცირებს ლულის ხტომას. პრინციპში მეტი ცუდის თქმა ამ პისტოლეტზე მე არ შემიძლია. ის ფაქტი, რომ პისტოლეტში არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი ვაზნების გამოყენება ჩემი აზრით მინუსი არ არის. ასეთი ვაზნების გამოყენება აქტუალურია მხოლოდ ნადირობისას, როდესაც გინდა მაქსიმუმი .22lr-ის შესაძლებლობების. მიზანში სასროლად და პლინკინგისთვის ყოველთვის უმჯობესია გამოიყენო სტანდარტული მუხტები, რომლებიც უფრო იაფია, არც ცვითავს პისტოლეტს, აქვს ნაკლები ხმა და რაც მთავარია, როგორც წესი სტანდარტულ სიჩქარიანი მუხტები უფრო ზუსტებია.

mod-ema-10უკრაინაში კარაბინად გადაკეთებული მარგოლნის პისტოლეტი, იყიდება როგორც სამოქალაქო იარაღი.



4 Responses to “მფლობელის თვალით – მარგოლინის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი МЦ”

  1. ვალერი says:

    მოგესალმებით ბატონო.მე ხშირად ვეცნობი თქვენს სტატიებს ,მინდა გიტხრათ რომ ძალიან კარგად არის ყველაფერი ჩამოყალიბებული . დიდი მადლობა საინტერესო სტატიებისთვის.
    სირვილი მაქვს შევიძინო მარგოლინას ფისტოლეტი გრძელი ლულუთ მაინტერესებს.
    გთხოვთ მირჩიოთ ან დამეხმაროთ შეძენაში.
    პატივისცემით
    ვალერი კანკაძე
    სსიპ ქალაქ ვანის #1 საჯარო სკოლის დირექტორი

  2. Shooter says:

    გამარჯობა, მადლობა გამოხმაურებისთვის. შეძენაში მე ალბათ ვერ დაგეხმარებით, შემიძლია მარტო გირჩიოთ საიტი mymarket.ge სადაც შეიძლება ჯერ კიდე წააწყდეთ მოდელს ნორმალურ მდგომარეობაში. რაც დრო გადის სულ უფრო ძნელდება ძველი და კარგი იარაღის პოვნა.

  3. ავთანდილ says:

    მოგესალმებით.ძალიან საინტერესო სტატია იყო.მაინტერესებს არის თუ არა სხვაობა ტყვიის ფრენის მანძილში და ჭრაში მოკლე ვაზნიან და გრძელვაზნიან მარგოლინს შორის. რამდენად შესაძლებელია მოკლე ვაზნიანის გადაკეთება გრძელვაზნიანად.

  4. Shooter says:

    წესით საჭირო უნდა იყოს სავაზნის გადაჩარხვა და ახალი დამაბრუნებელი ზამბარის დაყენება და რა თქმა უნდა შესაბამისი მჭდები.

დატოვეთ კომენტარი