გამადიდებელი შუშის ქვეშ – Zastava M70B1

P1080938

არავისთვის არ უნდა იყოს დიდი საიდუმლო რომ მე განსაკუთრებულად მომწონს ბიუჯეტური და ამავე დროს ხარისხიანი იარაღები. ხელმისაწვდომობა, ჩემი აზრით არის სამოქალაქო იარაღის ერთ-ერთი მთავარი თვისება. ხოლო თუ ასეთი იარაღის შეძენისას იღებ უფრო მეტს ვიდრე მასში იხდი, ჩემ სიხარულს და ბედნიერებას საზღვარი არ აქვს და მე ყოველთვის ვჩქარობ მოვუყვე სხვებს ასეთი იარაღის აღმოვაჩენის შესახებ. მე ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ყოველთვის ვიყავი „სურპლუს“ ან რასაც ჩვენთან ეძახიან „ენზეს“ იარაღის  დიდი მოყვარული. “სურპლუს” იარაღის კატეგორიას განეკუთვნება ყოფილი სამხედრო/პოლიციური იარაღები, რომლებიც შემდგომ მოხსნეს შეიარაღებიდან და გაყიდეს სამოქალაქო ბაზარზე, უცვლელ ან მინიმალურად შეცვლილ მდგომარეობაში.  როგორც წესი, „სურპლუსის“ ყიდვისას, თითქმის ყოველთვის იღებ უფრო მეტს ვიდრე იხდი. თითქმის ყოველთვის შედარებით მოკრძალებულ ფასად ყიდულობთ იარაღს, რომელიც იქმნებოდა ომისთვის, ჯარისთვის, მაქსიმალურად ხისტ პირობებში ექსპლუატაციისთვის და ამიტომ, როგოც წესი ეს იარაღი გამოირჩევა გამძლეობით და საიმედოობით. „სურპლუს“ იარაღში თქვენ ვერ ნახავთ დეტალებს, რომლებიც დამზადებულია პლასტმასისგან ნაცვლად ფოლადისა, ან ჩამოსხმით ნაცვლად ფრეზირებისა. არ იქნება ასეთ იარაღში გამოყენებული იაფფასიანი შენადნობები ნაცვლად კარგი ძველი ფოლადისა. ეკონომიის მიზნით ასევე მას არ ექნება გაუქმებული საღვედეები და მოკლედ თავისუფალი იქნებ იმისგან რასაც მიმართავენ სამოქალაქო იარაღის მწარმოებლები, რომ მაქსიმალურად შეამცირონ დანახარჯები და შესაბამისად მეტი მოგება ნახონ. რა თქმა უნდა მერ არ ვიძახი, რომ „სურპლუსი“ ყოველთვის ჯობია თანამედროვე იარაღებს, მაგრამ ბიუჯეტური იარაღის კატეგორიაში „სურპლუს“ შეუძლია სერიოზული კონკურენციის გაწევა. და რა თქმა უნდა მე ვსაუბრობ უტილიტარულ „სურპლუსზე“ ანუ შედარებით ახალ, პრქტიკული გამოყენების იარაღებზე და არა საკოლექციო და იშვიათ სამხედრო იარაღის მოდელებზე.

საქართველოში ყოველთვის „სურპლუსი“ სარგებლობდა მდგრადი მოთხოვნით, მათ შორის ზემოთ დასახელებული მიზეზების და ასევე ყალბი რწმენის გამო, რომ ასეთ იარაღს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია, იმიტომ რომ მის დასამზადებლად იყო განსაკურებული ხარისხის მასალების გამოყენებული, იყო განსაკუთრებული ხარისხის კონტროლი და ჯადოსნური “სამხედრო მიღების” პროცედურა. რეალობა ცოტა სხვაგვარი არის არის მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა განიხილებოდეს ცალცალკე. ჩემი აზრით უდაოდ “სურპლუსი” შეიძლება თითქმის ყოველთვის უკეთესი ალტერნატივა აღმოჩნდეს ვიდრე ანალოგიური დანიშნულების სამოქალაქო ბიუჯეტური იარაღი და იშვიათად გაუწიოს კონკურენცია უფრო მაღალი კლასის იარაღს, მათ შორის იმიტომ, რომ “სურპლუსი” როგორც წესი არის ასაკოვანი, ხშირად მორალურად მოძველებული იარაღი. ასე ეხლა უკრაინული საწყობიდან გამოტანილი “მაუზერ 98″ ტიპის კარაბინით ვერ გახვალთ შეჯიბრებაზე ვარმინტში, მაგრამ თუ გინდათ მუშა უნივერსალური კარაბინი, ძლიერ ვაზნაზე, მეეჭვება რამე უკეთესი ნახოთ თუნდაც ორჯერ უფრო მეტ ფასში. სამწუხაროდ გადაჭარბებული წარმოდგენა “სურპლუს” იარაღების საბრძოლო თვისებებზე ხშირად განაპირობებს მასზე გაუმართლებლად მაღალ ფასს. პრობლემა უარესდება იმით, რომ საქართველოში ითვლება, რომ ნებისმიერი ჟანგიანი რკინის ნაჭერი, რომელიც დიდხნის წინ გამოშვებულია, არის ანტიკვარიატი და ამიტომ უნდა ღირდეს ბერვი ათასი ლარი. ეს სისულელეა. იარაღის ფასი ყოველთვის გამომდინარეობს იარაღის მდგომარეობიდან და ასევე იქიდან თუ რამდენად ქარხნულ, უცვლელ მდგომარეობაში არის ის. მერე მოდის ყველაფერი დანარჩენი.

წლების განმავლობაში საქართველოს ბაზარზე დომინირებდა საბჭოთა წარმოების “სურპლუსი” რუსული და უკრაინული საწყობებიდან, მაგრამ ბოლო დროს გამოჩნდა იუგოსლავიური, ისრაელის და რუმინეთის წარმოების “სურპლუსი” შემოტანილი ევროპიდან.  სწორედ ასეთი იარაღი ჩამივარდა ამჯერად მე ხელში. მიზეზი, რის გამოც იუგოსლავიური წარმოების 7.62×39 კალიბრის Zastava M70B1 აღმოჩნდა ჩემ საკუთრებაში არის რამდენიმე.  ესენია დაბალი  ფასი, იარაღის წარმომავლობა და ასევე ინტერესი ამ კონკრეტული მოდელის იარაღის მიმართ. ის იყიდებოდა სულ რაღაც 1150 ლარად, იყო პრაქტიკულად აუტენტური საბრძოლო იარაღი (ჯერებით სროლის შესაძლებლობის გამოკლებით) და თავისთავად წარმოადგენდა საბჭოთა „კალაშნიკოვის“ ალბათ ყველაზე საინტერესო მოდიფიკაციას. გარდა ამისა, მე ასევე მინდოდა დაბალ ფასიანი კარაბინი, რომელიც შეასრულებდა „სახლის  დარაჯის“ ფუნქციას, მაგრამ არ “გაყინავდა” დიდ თანხას, რომელიც მე მჭირდებოდა სხვა იარაღების შესაძენად, რომელზეც უნდა მომავალში დამეწერა სტატიები.

მე შევხდი იარაღის პატრონს და დავათვალიერე ეს იარაღი. სიმართლე გითხრათ მიუხედავად, იმისა, რომ გარედან ის ნორმალურად გამოიყურებოდა, არ მომეწონა, რომ ლულის არხი იმდენად მუქი იყო, რომ მისი დეტალური ინსპექტირება თუნდაც კარგი განათებით აღმოჩმდა შეუძლებელი. ბოლოს მივანათე წინიდანლულის გამოსასვლეს, რომ დამენახა ლულის არხის პატარა მონაკვეთი და პრინციპში შვძელი ხრახნების გარჩევა, ასევე კარგად გამოჩნდა ხრახნებში გამჯდარი ნადები და სამწუხაროდ ჟანგის ლაქებიც. იარაღის მეპატრონემ, როგორც ჩანს შეამჩნია რომ ენთუზიაზმი გამიქრა და ჩემ წინადადებზე მომეფიქრებინა, ეგრევე დაწია ფასი 1000 ლარამდე. 1000 ლარად მე კი ვიშოვიდი ჩეხურ ‘ვზორს“ იდეალურ მდგომარეობაში, მაგრამ სამაგიეროდ დავკარგავდი შანს დამეწერა სტატია საინტერესო იარაღზე, ამიტომაც ზედმეტი ფიქრის გარეშე დავთანხმდი შემოთვაზებას. გავიფიქრე: რომც შემხვდეს გაუბედურებული იარაღი, დარჩება სტატია და საინტერესო ისტორია.

რა მერგო მე 1000 ლარად? მერგო იუგოსლავიური წარმოების საიერიშო შაშხანა M70B1-ის “კონვერსიული” ვარიანტი, მორგებული სამოქალაქო ბაზრისთვის.  B1 ნიშნავს, რომ იარაღს აქვს სქელი ფოლადის ფირფიტისგან ნაშტამპი რესივერი, გაძლიერებული “ტრუნიონით”, ფიქსირებული ხის კონდახი და ასევე ლულაზე „ჩამოსაცმელი“ ყუმბარების სროლის შესაძლებლობა, რა მიზნითაც იარაღი აღჭურვილი იყო შესაბამისი გასაშლელი სამიზნე მოწყობილობით, რომელიც თან გაშლილ მდგომარეობაში კეტავს დენთის აირების ბლოკს, რომ გასროლილი ვაზნის ენერგია მოხმარდეს მხოლოდ ყუმბარის გასროლას. გამომდინარე იქიდან, რომ სერიული ნომრები ძირითად ნაწილებზე და კონდახზეც კი ერთმანეთს ემთხვეოდა, უნდა ვივარაუდოთ, რომ იარაღი თავის პირვანდელ მდგომარეობაში მოხვდა ჩეხეთში, სადაც განხორციელდა მისი კონვერსია (გაუქმდა ჯერებით სროლის შესაძლებლობა) და უკვე იქიდან მოხდა მისი იმპორტირება საქართველოში. ჩეხურმა კომპანიამ „ზელენი სპორტ“, რომელმაც განახორციელა კონვერსია, მინიმალურად შეცვალა იარაღის იერსახე. დამღები შენარჩუნებულ იქნა, ისევე როგორც ყუმბარების სასროლი სამიზნე მოწყობილობა, ხოლო საკუთარი დამღები ისე განათავსა, რომ ისინი თვალს არ ჭრიან და იარაღს არ ამახინჯებენ. 1000 ლარად იარაღს მოყვა სამი ორიგინალური, ფოლადის მჭიდი, აქიდან ერთი იყო კუსტარულად დამოკლებული, შემცირებული ტევადობით.  ასევე მოყვა იარაღს “კატასტროფული” და საშინელი СAA-ს წარმოებული ღვედი. კატასტროფული და საშინელი იმიტომ, რომ ღვედი იყო ზედმეტად განიერი და ქონდა პლასტმასის (!!!) კაუჭები, აქიდან წინა უკვე აღარც მუშაობდა ასე რომ ღვედი ეგრევე აღმოჩნდა სანაგვეში.

P1080935 ჩვენი იარაღი გამოშვებულია 1986 წელს.

მე აღვნიშნე, რომ “ზასტავას” წარმოების “კალაშნიკოვები” განსხვავდება ტიპიური 7.62 კალიბრის “კალაშნიკოვისკან”. ასე რომ მიმოხილვას გავაგრძელებ ამ განსხვავებების აღწერით. პირველ რიგში, რასაც გამოცდილი თვალი ეგრევე ამჩნევს, ყურადღებას იპყრობს დამახასიათებელი გამობერილი ბეჭები იარაღის რესივერზე, რაც ნიშნავს, რომ იარაღში გამოყენებულია გაძლიერებული ტრუნიონი (დეტალი რომელიც “აკავშირებს” ერთმანეთს ლულას, რესივერს და საკეტს) . სალულე კოლოფი ან რესივერი (დასავლური ტერმინოლოგიით) დამზადებულია ასევე უფრო სქელი ფოლადის ფირფიტისგან (1.5მმ სისქის). საკეტელას რომელიც აფიქსირიებს რესივერის ხუფს, დამატებით გააჩნია ზამბარიანი ფიქსატორი, რომელზეც უნდა დააჭიროთ იმისთვის, რომ შემდგომ გაწიოთ საკეტელა წინ და ახადოთ იარაღს ხუფი. იგივე ფიქსატორი აფიქსირებს თავის ადგილას დამაბრუნებელი ზამბარის მოდულს რესივერში და შესაბამისად იმისთვის რომ ამოიღოთ დამაბრუნებელი ზამბარა თავისი ღერძით ისევ ამ ფიქსატორს უნდა დააჭიროთ. აღნიშნული ფიქსატორის არსებობა ისევე როგორც М70-ში გაძლიერებული რესივერის და ტრუნიონის გამოყენება განპირობებულია ლულაზე ჩამოსაცმელი ყუმბარების სროლის შესაძლებლობით. 1913 წელს, გერმანიაში პირველად გამოყენებული ყუმბარების ტყორცნის ეს მეთოდი, როგორც ჩანს ძალიან მოეწონათ იუგოსლავიაში და ისევე, როგორც ადგილობრივი წარმოების „სკს“-ის შემთხვევაში ეს შესაძლებლობა შენარჩუნებული იქნა უფრო თანამედროვე მ70-ზეც. ლულაზე ჩამოსაცმელი ყუმბარის გასასროლად ხდება ლულაზე სპეციალური ადაპტორის დაყენება, მასზე ეცმევა ყუმბარა, შემდგომ მსროლელი შლის დასაკეც სამზინე მოწყობილობას, რომელიც კეტავს დენთის აირების ბლოკს. ყუმბარის სატყორცნად გამოიყენება ფუჭი ვაზნა, რომლის დენთის აირების ენერგიაც ხმარდება ყუმბარის “გაშვებას”.  იუგოსლავიური წარმოების М60 ტიპის ყუმბარის გასროლისას უკუცემის იმპულსი არის ძალიან დიდი, რის გამოც დიდი დატვირთვა მოდის იარაღის ლულაზე, რესივერზე და ტრუნიონზე, რომელიც აფიქსირებს ლულას რესივერში. სწორედ ამის გამო საჭირო გახდა მათი გაძლიერება. თუ არ მოხდა ასევე ხუფის საიმედო დაფიქსირება, ყუმბარის გასროლისას ის უბრალოდ გაძვრება იარაღს, სწორედ ამიტომ იუგოსლავებმა გამოიყენეს ხუფის “ფიქსატორის ფიქსატორი”. საბჭოთა კავშირში თავის დროზე წავიდნენ სხვა გზით და “კალაშნიკოვს” მოარგეს ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი. უკანასკნელის გამოყენებისას უკუცემის იმპულსი მაინც არის ძალიან მაღალი, მაგრამ ნაცვლად კონსტრუქციის გაძლიერების, შემოღებულ იქნა ლიმიტი გასროლებზე და ამით თავი აარიდეს იარაღის დამძიმებას. ყუმბარმტყორცნიდან 400 გასროლის შემდეგ იარაღის დაზიანების გამორიცხვისთვის, ის იხსნებოდა და იარაღის ექსპლუატაცია ხდებოდა ყუმბარმტყორცნის  გარეშე. იმისთვის, რომ გამორცხული ყოფილიყო გასროლების ლიმიტს გადაჭარბება, ჯარში იყო მიღებული გასროლების მკაცრი აღრიცხვის წესი. საბჭოთა „აკ“-ში ხუფის გაძრობის პრობლემა მოგვარდა საკეტელაზე დამატებითი ბჯენის შესრულებით, რაც საკმარისი აღმოჩნდა.

trunion comparison

ამობურცული ბეჭები რესივერზე აუცილებელია რომ შიგნით მოთავსდეს უფრო მასიური ტრუნიონი (მარჯვენა დეტალი, მარცხნივ სტანდარტული ტრუნიონი). საბჭოთა კავშირში ასეთი ტრუნიონი ყენდებოდა “РПК”-ს ტიპის მსუბუქ ტყვიამფრქვევზე, ხოლო ამჟამად ასევე გამოიყენება “მოლოტის” წარმოების სამოქალაქო იარაღებში. აღნიშნული დეტალი (აშშ-ში მას ფორმალურად უწოდებენ “სამონტაჟო ბლოკს”) უზრუნველყოფს ლულის მონტაჟს ნაშტამპ რესივერში. 

განსხვავდება М70-ის ხის ფურნიტურაც, და უკანა ტრუნიონი, რომელზეც ხის კონდახი ყენდება განსხვავებულად,  მასში მთელ სიგრძეზე გაყრილი გრძელი ხრახნით, როგორც ზოგ სანადირო თოფში. კონდახი ასევე უფრო გრძელია, გააჩნია რეზინის ამორტიზატორი და შედარებით უფრო მაღალი ბეჭი, რის გამოც იარაღი ყველას შეიძლება არ მოერგოს, ხოლო ყბაზე მიბჯენილმა კონდახმა შეიძლება სროლა გახადოს საკმაოდ არაკომფორტული. კონდახი ხის არის და პრინციპში მისი პროფილის შეცვლა პრობლემას არ წარმოადგენს. სახელური არის ერგონომიული ფორმის, შავი პლასტმასის და ჩემი აზრით ბევრად უკეთესი ვიდრე საბჭოთა/რუსული “კალაშნიკოვი/საიგების” სახელურები. ხის ტიბჟირი კონსტრუქციულად და იმის მიხედვით თუ როგორ ყენდება იარაღზე,  “კალაშნიკოვის” ანალოგიურია მაგრამ ტიბჟირი დაახლოებით 2.5 სმ-ით გრძელია და ადგილი ხელის მოსათავსებლად საკმაოდ ბევრია. უკანა საღვედე განლაგებულია არა კონდახის ქვეშ არამედ რესივერზე მარცხენა მხრიდან.

შემდეგი სხვაობა არის ის, რომ M70 ბოლო გასროლის შემდეგ ტოვებს საკეტს ღია მდგომარეობაში, მაგრამ მჭიდის მოხსნის შემდეგ ის თავისით გარბის წინ. ამ მხრივ ეს ოფცია კარგია მხოლოდ იმით, რომ ეგრევე ხვდებით რომ მჭიდი დაიცალა, მაგრამ იმის გამო, რომ საკეტი გარბის წინ ცარიელი მჭიდის მოხსნის შემდეგ, დროს გადატენვისას თქვენ პრაქტიკულად არ იგებთ. ჩემი აზრით იარაღის ამ თავისებურებამ წარმოშვა ე.წ. „ბაგდადური გადატენვის” მეთოდი, როდესაც მსროლელი იკავებს ერთი ხელით საკეტს ღია მდგომარეობაში და მეორე ხელით ცვლის მჭიდს და შემდგომ უშვებს ხელს საკეტს და აძლევს მას საშუალებას გაიქცეს წინ და მოათავსოს ვაზნა სავაზნეში. თავიდან რომ ვნახე ვიდეო ჩანაწერი გადატენვის ამ მეთოდით, სტანდარტული „კალაშნიკოვის“ გამოყენებით, თავი მოვიფხანე და გავიფიქრე, რას არ მოიფიქრებს ეს ხალხი მეთქი, მაგრამ ეხლა როდესაც გავეცანი მ70-ის კონსტრუქციის ამ თავისებურებას და იმის გათვალისწინებით რომ მ70 დიდი რაოდენობით მიეწოდებოდა ერაყს, მგონი ვხვდები საიდან და როგორ გაჩნდა ეს ტექნიკა.

ARZ7M70

ყუმბრმტყორცნის სამიზნე მოწყობილობა დაკეცილ დმგომარეობაშია. ასეთ პოზიციაში ის კეტავს იარაღის სამიზნე მოწყობილობებს და სროლის წარმოება დახურული დენთის აირების ბლოკით შეუძლებელია. ჭორების შესაბამისად დახურული დენთის აირების ბლოკით სროლისას სიზუსტე იზრდება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ  ტყვიას მეტი საწყისი სიჩქარეც ექნება. 

რკინის დეტალები დაფარულია შავი მოსევადებით და არ არის შეღებილი, როგორც მაგალითად საბჭოთა/რუსული წარმოების “კალაშნიკოვები”. რამდენადაც ცნობილია, კომერციული წარმოების “ზასტავები” უკვე ფოსფატირებულია.  საკეტი არის ღია ფერის, სავარაუდოთ უბრალო ფოლადის, ყოველგვარი დაფარვის გარეშე. დგუში არის სარკესავით გაპრიალებული ფოლადი, რომელიც პრაქტიკულად არ იკრავს ნამწვავს. სხვათაშორის ამ მხრივ ის განსხვავდება თუნდაც ქრომირებული დგუშებისგან “არსენალებში’, “საიგებში” და “ვეპრებში”.  მათი დგუშების გასაწმენდად საჭიროა აბრაზიული ფხვნილების, რკინის ღრუბელის და ლითონის ჯაგრისების გამოყენება. “ზასტავას” დგუში ადვილად იწმინდება ნაჭრის უბრალო გადასმით.

M70 აღჭურვილია კომბინირებული სამიზნე მოწყობილობებით, სტანდარტული და „მაღალი ხილვადობის“ განკუთვნილი ცუდი განათების პირობებში ცეცხლის წარმოებისთვის.საბჭოთა კავშირში გამოიყენებოდა მოსახსნელი კომპლექტი, იუგოსლავები წავიდნენ სხვა გზით და განათავსეს დამხმარე სამიზნე მოწყობილობები პირდაპირ იარაღზე. სამოქალაო იარაღის, რომელი მწარმოებელი შემოგთავაზებთ ასეთ რამეს?

იარაღის ლულა, შედარებით სქელი კედლებით არის და ის არ არის ქრომირებული. ლულა მზადდება ცივი ჭედვის მეთოდით და პრინციპში ყველაფერი ეს, წესით უნდა განაპირობდეს მაღალ სიზუსტეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღში და მისი მოძრავი ნაწილების მასის და მოძრაობის მაღალი სიჩქარის გათვალისწინებით. არ ვიცი რატომ იუგოსლავები არ იყენებდნენ ქრომირებას, შესაძლებელია, რომ მათ უბრალოდ ეს მეტალი არ ქონდათ. პრინციპში ამით აღწერილობა შეიძლება დავასრულოთ, იმიტომ, რომ დანარჩენში ჩვენი “ზასტავა” პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს “კალაშნიკოვს”, იკვებება სტანდარტული 30 ვაზნიანი მჭიდებიდან (იუგოსლავიური მჭიდები ფოლადის არის), იყენებს ავტომატიკის სქემას დგუშის გრძელი სვლით. მართვის ელემენტების განლაგება უცვლელია. მოვლა/მომსახურების პროცედურებიც უცვლელია იმის გათვალისწინებით რომ “ზასტავას” შავი ლულა მეტ წმენდას და მოვლას ითხოვს.

sling points ak

საღვედეების განლაგება მხოლოდ მარცხენა მხარეს , იმ დროისთვის ტრადიციულად არ ითვალისწინებს ცაციების მოთხოვნებს. 

20180108_135826მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკაში სადაც დიდიხანია ხდება “ზასტავის” წარმოების “კალაშნიკოვების” იმპორტირება, ეს იარაღი საკმაოდ მაღლად ფასობს. ეს მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა შეზღუდვების გამო ის შეიძლება იყოს გადაწყობილ-გადმოწყობილი, გადაკეთებული მოდელებისგან, რომლებც გათვლილი იყო ერთრიგიან სამოქალაქო მჭიდებზე, აწყობილი ნაწილების კომპლექტებისგან, აწყობილი ამერიკაში გარკვეული ადგილობრივი წარმოების დეტალების გამოყენებით. მე არ მქონდა შესაძლებლობა შემედარებინა ჩვენი პრაქტკულად ორიგინალური საბრძოლო M70 სამოქალაქო მოდელებთან, საიმედოობის, სიზუსტის ან შესრულების ხარისხის შეფასების მიზნით, მაგრამ თუ დავუჯერებთ პოპულარულ ონლაინ რესურსს, რომელიც სპეციალიზირდება “კალაშნიკოვის პლატფორმაზე”, ხარისხის კონტროლი “ზასტავას” ქარხანაში სამხედრო დანიშნულების იარაღზე იყო და არის ბევრად უფრო მაღალი.

საექსპორტო სამოქალაქო М70-ების დამზადებისას “ზასტავა” იყენებდა და ალბათ ეხლაც იყენებს მეორად დეტალებს, რომლებიც განკუთვნილი იყო სამხედრო იარაღისთვის, მაგრამ რესივერი გუქმებული მესამე პოზიციით და ლათინური ასოებით ცალსახად გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს შაშხანა, რომელიც თავიდან იყო სამხედრო იარაღი და უკვე შემდგომ მოხდა მისი კონვერტაცია სამოაქალაქო იარაღში და ეს მოხდა მხოლოდ ჯერებით სროლის რეჟიმის გაუქმებით. დანარჩენში იარაღი, როგორც ჩანს ხელუხლებელია. ძალიანაც კარგი.

სულ ამერიკულ ბაზარზე ათამდე სხვადასხვა სამოქალაქო იარაღის მოდელის იმპორტირება ხდებოდა, რომელსაც საფუძვლად ედო М70. ქართველი მკითხველისთვის ალბათ დიდ ინტერესს არ წარმოადგენს ეს საკითხი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი, რომ პრობლემები “ზასტავასთან” აშშ-ში უკავშირდება პინებს, რომლებიც არ არის სათანადოდ დაფიქსირებული და სროლის დროს ან დავარდნისას შეიძლება დაიძრან ადგილიდან,  რასაც მოყვება იარაღის მწყობრიდან გამოსვლა. ასევე ნაწილი “ზასტავების” ხვდებოდა აშშ-ს ბაზარზე რესივერით და საკეტით, რომელიც გათვლილია ერთ-რიგიან შეზღუდული ტევადობის მჭიდზე და მისი კონვერტაცია ხდებოდა უკვე აშშ-ში, რის გამოც იარაღი შეიძლება გამოდგეს მუშა, ან სულაც არ გამოდგეს ასეთი.  როგორც ჩანს, ორიგინალური საბრძოლო M70 თავისუფალია ამ პრობლემებისგან და თუ მისი ზოგადი ტექნიკური მდგომარეობა კარგია (ყველა ასეთი M70 ხვდება ჩვენ ბაზარზე მეორად მდგომარეობაში)  ჩათვალეთ თქვენ გაქვთ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო “კალაშნიკოვი”, რომელსაც შეიძლება ფლობდეთ ლეგალურად. გარდა ამისა, ჩემი აზრით ასეთ იარაღს აქვს განსაკუთრებული ღირებულება სწორედ მისი წარმოშობის გამო. ახალი, კომერციული წარმოების “კალაშნიკოვის” კლონით ვერავის ვერ გააკვირვებ, საქართველოს ისედაც მცირე ბაზარი გადაივსო ასეთი იარაღებით. ორიგინალური საბრძოლო იარაღი, არ დამახინჯებული დამღებით, საბრძოლო ბიოგრაფიით და თანაც შედარებით იშვიათი შესრულებით, ეს უკვე სულ სხვა საქმეა. სწორედ ამიტომ მე დავხარჯე ჩემი ფული ამ იარაღზე, სხვა შემთხვევაში მე იარაღის მუქარითაც ვერ მაიძულებ  7.62 კალიბრის თანამედროვე”კალაშნიკოვის” კლონის შეძენას.

fgsd0989

ჩემი ახალი შენაძენის სახლში მოტანის შემდეგ, დადგა დრო უფრო დეტალური ინსპექტირების, წმენდის და მომსახურების. მე არავის არ ვურჩევ ასე „ბრმად“, საერთოდ ნებისმიერი იარაღის შეძენას, არა თუ მეორადი “სურპლუსის” მაგრამ აქ მე უბრალოდ ჩემ ინტუიციას ვენდე.  იარაღი იყო ზედმეტი ცვეთის ნიშნების გარეშე, არაფერი არ იყო მორყეული, დაზიანებული, ნომრები ემთხვევოდა, წესით ლულაც უნდა ყოფილიყო შესაბამის მდგომარეობაში. სულ რომ გაცვეთილი იყოს ლულის არხი, თავდაცვით დისტანციებზე მას მაინც ექნება საკმარისი სიზუსტე, ასე ვიმშვიდებდი მე თავს. იარაღის დეტალურმა ინსპექტირებამ არ გამოავლინა რაიმე ხარვეზები, რომლებიც მე ვერ შევამჩნიე პირველი ზედაპირული დათვალიერების დროს. დგუში იყო სუფთა, კოროზიის გარეშე, დენთის აირების მილიც შიგნიდან იყო სუფთა და კოროზიის ნიშნების გარეშე. მორყეული სახელურიც, იყო დაშვებული ხრახნის ბრალი, რაც ეგრევე გამოვასწორე. მოძრავ ნაწილებზე არ აღინიშნებოდა ზედმეტი ცვეთის ნიშნები. ფურნიტურა კონდახი, ტიბჟირი, პლასტმასის სახელური) ატარებდნენ ცვეთის ნიშნებს მაგრამ ეს ცვეთა მხოლოდ უხდებოდა იარაღს და ხაზს უსვავდა მის საბრძოლო წარსულს და არანაირად არ აუშნოვებდა მას. მჭიდებიც იყო ახალივით, აქიდან ერთი კუსტარულად დამოკლებული. რჩებოდა მხოლოდ ლულის „სტატუსის“ დადგენა. მე მოვიმარაგე პატჩები, ჯაგრისები და ორი ლულის საწმენდი ხსნარი, რომელსაც აგერ უკვე თითქმის 10 წელია არ ვღალატობ. ეს არის  უნივერსალური Hoppes 9 და ნადების მოსაცილებელი Robla Solo-Mil. წმენდის პროცესი გაგრძელდა ორი დღე. „რობლა“ მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე, იმიტომ, რომ ეს სითხე აგრესიულია და მისი ხშირი გამოყენება საჭირო არ არის. ჯერ ლულის არხი მუშავდებოდა საწმენდი სითხით. შემდგომ იწმინდებოდა პატჩებით და უკვე მერე ხდებოდა სპილენძის ჯაგრისის გამოყენება. შემდეგ ლულა „ირეცხებოდა“ WD-40-ით, ისევ იწმინდებოდა პატჩებით და ციკლი მეორდებოდა. ლულა იწმინდებოდა ქიმიისგან ჯაგრისის გამოყენებამდე, იმიტომ რომ ქიმიამ შეიძლება ასევე დაარბილოს ჯაგრისი საცეცები და შეამციროს მისი ეფექტურობა. ლატუნი, თუ სპილენძი ისედაც რბილი მეტალია და არ დააზიანებს ლულის არხს. არც ზეთთან გამოყენება ასეთი ჯაგრისების ჩემი აზრით არ არის რეკომენდირებული, ზეთი ხახუნს ამცირებს და ისევ და ისევ ეს ამცირებს ასეთი ჯაგრისების ეფექტურობას. დავამატებ მხოლოდ, რომ არც ლითონის ჯაგრსებს მე არ ხშირად ვიყენებ და არც არვის არ ვურჩევ მათ ხშირ გამოყენებას. ჩვეულებრივ ნამწვას მშვენივრად აცილებს ქიმია და სინთეტიკური ჯაგრისი. ლითონის  ჯაგრისებს (და „რობლას“) მე ვიყენებ მხოლოდ როდესაც მინდა ტყვიის ან ტყვიის გარსის ჭარბი ნადების მოცილება ან განსაკუთრებულად დაბინძურებული ლულის გაწმენდა ეს კიდე არ შეიძლება ხდებოდეს ხშირად. ორი დღიანი ინტენსიური წმენდის და ხეხვის მერე, როგორც იქნა შედეგიც გამოჩნდა.  ლულის არხი მართალია არ ბზინავდა, მაგრამ საკმარისად შუქს ირეკლავდა, რომ დარმუნბულიყავი, რომ ხრახნები კარგ მდგომარეობაში იყო და ღრმა კოროზიას ადგილი არ ქონდა. შეიძლება ითქვას მე გამიმართლა. დაიმახსოვრეთ ჩემი რჩევა, თუ ყიდულობთ იარაღს, რომელიც იყენებს კოროზიულ ვაზნებს, ლულის არხის დეტალური შემოწმება არის აუცილებელი. საკმარისია ისროლო რამდენიმე ასეთი ვაზნა ახალი იარაღიდან და არ გაწმინდოთ ის, ორ სამ თვეში თქვენ გექნებათ ახალი იარაღი განადგურებული ლულის არხით.

“ზასტავის” ლულის ბოლომდე გამოხეხვა შესაძლებელია გახდა მხოლოდ მას მერე, როდესაც მე ჩამომივიდა მეორადი, შვეიცარული არმიის 7,62 კალიბრის იარაღის საწმენდი ნაკრები. ნაკრებს კომპლექტში მოყვებოდა მაღალი ხარისხის ლითონის ჯაგრისები და ზე-გამძლე ზუმბა.

შემდეგი ნაბიჯი იყო ხის ფურნიტურის განახლება. მე არ მსურდა ყველა ნაკაწრის ამოყვანა, უბრალოდ მინდოდა დამეცვა ხის დეტალები ნესტის ზემოქმედებისგან. ხის დეტალები გამომშრალი იყო და ამიტომ მე უბრალოდ ოდნავ დავამუშავე ზედაპირი წვრილი აბრაზიული ქაღალდით და გავაპრიალე რკინის ღრუბელით. ამის შემდეგ მე გამოვიყენე ზეთი “shaftol” და სამი დღის განმავლობაში ხის დეტალები იჟღინთებოდა ამ ზეთით. ფერი ავარჩიე მუქი მოწითალო, რის გამოც ხის დეტალები გამუქდა და ლამაზი იერსახე მიიღეს.

 წინა სამიზნე მოწყობილობის დასაკეცი მანათობელი ელემენტი უკვე საერთოდ აღარ ანათებდა სიბნელეში, ამიტომ ის უბრალოდ როგორც უკანა სამიზნე მოწყობილობა შეიღება თეთრად.

27746950_588781664797328_725469875_o

„ზასტავას“ კომბინირებული სამიზნე მოწყობილობები განახლების შემდეგ.

საფუძვლიანი წმენდა, ხის ფურნიტურის და სამიზნე მოწყობილობების განახლება იყო პრინციპში ყველაფერი რაც მე გავაკეთე ამ იარაღზე. გასაგებია, რომ M70 არ არის საკოლექციო იარაღი, მაგრამ მე არ ვაპირებ და არავის არ ვურჩებ ამ იარაღების „კასტომიზაციას“. დროთა განმავლობაში ასეთ იარაღს ფასი მხოლოდ ემატება და თუ თქვენ დააყენეთ მაგაზე პიკატინები, პლასტმასები დაადუღეთ, მოაქლიბეთ ნაწილები, მისი საკოლექციო ღირებულება იქნება ნოლი.

შემიძლია ვთქვა, რომ მთლიანობაში მე ძალიან კმაყოფილი დავრჩი შენაძენით. 1000 ლარად მერგო მართლაც კარგი, იშვიათი და საინტერესო იარაღი. რჩებოდა მხოლოდ ერთი პასუხგაუცემელი კითხვა. როგორ ისვრის ჩვენი M70?

ცივად ნაჭედ “შავ” ლულას, უფრო ხისტ რესივერს და შედარებით მაღალ წონას უნდა განეპირობებინა დაბალი უკუცემა და მაღალი სიზუსტე. იარაღს ასევე აღმოაჩნდა ძალიან სასიამოვნო, რბილი და შედარებით მსუბუქი სასხლეტი. ასევე ჩვენ გვაინტერესებდა შეძლებდა თუ არა პრინციპში საბრძოლო იარაღი რბილთავიანი ტყვიებით აღჭურვილი ვაზნების მიწოდებას. მოგეხსენებათ ხშირად ე.წ. “კონვერსიული” იარაღი კარგად მუშაობს მხოლოდ მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვიებით. ტესტირებისთვის ჩვენ მოვიმარაგეთ ჩეხური “სელიერ&ბელოტის”  და უკრაინული მუხტები, 123 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით,  “Sellier&Bellot”-ის სუფთა სანადირო მუხტი  123 გრანიანი რბილ თავიანი ტყვიით და იაფი და ბანძი ბარნაულის ქარხნის ვაზნა, 123 გრანიანი მთლიან გარსით დაფარული ტყვიით.

სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, 50 მეტრზე ბჯენის გარეშე, თეთრ კონტრასტულ სამიზნეზე. საუკეთესო შედეგი იყო მიღებულ ჩეხური ვაზნით მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით რაც არ არის გასაკვირი. 50 მეტრზე ჯგუფმა შეადგინა 3.3სმ. შემდეგი იყო ბარნაულის ვაზნა ასევე კარგი ჯგუფით და ბოლოს უკვე “სელიერ&ბელოტის” სანადირო მუხტი, რომელიც თან დაჯგუფდა შესამჩნევი გადახრით მარჯვნივ. სამაგიეროდ იარაღმა შეუფერხებლად იმუშავა და უმნიშვნელოდ “წაათალა” ტყვიას რბილი ცხვირი. მიღებული შედეგი პრინციპში ადასტურებს ინტერნეტში გაჟღერებულ მოსაზრებებს, რომ იუგოსლავიური “კალაშნიკოვი” არის “2MOA” იარაღი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია “კალაშნიკოვის” ტიპის იარაღისთვის. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, გასროლილი მასრები მიფრინავდნენ ორი საათის მიმართულებით და ქუჩდებოდნენ ერთ ადგილას, მსროლელისგან 3-4 მეტრში. სროლის დროს არანაირ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. მაღალი მასის გამო უკუცემა იყო უმნიშვნელო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო იარაღი იყო მისროლილი და პირველი გასროლა მოხვდა სამიზნეს პირდაპირ ცენტრში.

26648086_571376753204486_1898018431_n

შემდეგ გასვლაზე სროლა ხორციელდებოდა 140-დან 180-მეტრამდე მანძილზე. რატომ ასეთი მანძილები? როგორც მოგვეცა საშუალება განვლაგებულიყავით უსწორ-მასწორო რელიეფზე, ისე ავიღეთ მანძილები. სროლა ხორციელდებოდა წოლიდან, სადგარის ან ბჯენის გარეშე, თუ ამის შესაძლებლობა იყო საყრდენის როლს მჭიდი ასრულებდა. ამჯერად ჩვენ გვქონდა უკრაინული წარმოების სტანდარტული ვაზნა, ფოლადის მასრით და  123 გრანიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით. ორი სამი ჯგუფი დავჭირდა გასახურებლად და ასევე ალბათ იმისთვის რომ შვეიცარული ნაკრებით ბოლომდე გამოხეხილი ლულა მოსულიყო ფორმაში.  უკვე ამის შემდგომ მივიღეთ საკმაოდ კარგი 13სმ-ნი ჯგუფი, რომელიც გაიმეორა ეგრევე მეორე მსროლელმა. 13 სმ 140 მეტრზე უდრის დაახლოებით 3 MOA-ს, რაც კარგი შედეგია ასეთი ასაკის იარაღისთვის, ასეთი პოზიციიდან სროლისას.

tarlug

უკანა სამიზნე მოწყობილობა იყო საბრძოლო პოზიციაზე (რუსულ იარაღზე “П”, M70-ზე “O”.

შემდეგ უკვე გადავედით უფრო პრაქტიკულ/გამოყენებით სროლაზე და ე.წ. “ბედუინის პოზიციიდან”, 180 მეტრზე განვახორციელე მიყოლებით 5 გასროლა 60 სმ-ან ფარზე, და ხუთივე ტყვია მოხვდა სამიზნეს.  ასეთ მანძილზე ასეთი პოზიციიდან, ასეთი იარაღით, ნახვრეტი ფარზე უკვე ითვლება ჩათვლად. სამიზნეს, რომელსაც მოხვდება ტყვია, არ აქვს მნიშვნელობა მხარში, ფერდში თუ გულში, ბრძოლის ველს გარანტირებულად გამოეთიშება საკმაოდ დიდი ხნით. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ უკეთესადაც შეიძლება სროლა მაგრამ, რენჯის პირობებში, 150 მეტრზეც კი ა4 ფორმატის ფურცელი 29Х21 სმ ჩანს, როგორც თეთრი წერტილი. წარმოიდგინეთ, რომ სამიზნე მოძრაობს, არ არის კონტრასტული, თანაც საპასუხოდ ისვრის, ხოლო თქვენ ორი სამე დღე არ გეძინათ და ომის და ბრძოლის სტრესში ხართ. მარტო ამის წარმოდგენა საკმარისი უნდა იყოს წარმოიდგინოთმ როგორც დაეცემა თქვენი სროლის ეფექტურობა რეალური ბრძოლის პირობებში. ეჭვგარეშეა, რომ ეს იარაღი არის ადეკვატურად ზუსტი და ამ იარაღიდან შესაძლებელია ეფექტური ცეცხლის წარმოება. ტაქტიკურ/თავდაცვით მანძილებზე ეს იარაღი ისეთივე ეფექტური იქნება, როგორც ყველაზე ძვირადღირებული AR-15. ასევე ეჭვი არ მეპარება, რომ მსროლელი ჩემზე უკეთესი მხედველობით ბევრად უკეთეს შედეგს აჩვენებს ამ იარაღიდან. ბავშვობიდან პრობლემური მხედველობა სროლისას ყოველთვის წარმოადგენდა ჩემთვის დამატებით და სერიოზულ გამოწვევას.

P1090034

ე.წ. “ბედუინის სასროლოსნო პოზიცია”, მე ძალიან მომწონს, ის გაძლევთ საშუალებას ისროლოთ დიდი სიზუსტით და ძალიან მდგრადია. კი წოლიდან სროლა უფრო ადვილია, მაგრამ რეალურ სამყაროში იშვიათად გეძლევა საშუალება ისროლო წოლიდან, რელიეფის, მცენარეულობის  და სხვა გარემო პირობების გამო, ასე, რომ  ასეთი პოზიციიდან სროლის უნარი, უნდა ქონდეს ნებისმიერ მსროლელს. 

საკმაოდ ბევრის მთქმელია, ისიც რომ ასეთი სიზუსტე იქნა მიღწეული 30 წლის, ნაომარი იარაღით, “შავი” ლულით და არც ისე იდეალური ლულის არხის მდგომარეობით. ასე, რომ კარგად დაფიქრდით, სანამ იარაღს დაიწუნებდეთ “ქრომის” არ არსებობის ან ლულის არხში “გამონაყარის” გამო, ჯერ უკეთესია იარაღი გაიტანოთ რენჯზე და შეამოწმოთ სროლით. გარდა ამისა მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამოქალაქო იარაღში ქრომის არსებობა არ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ერთადერთი რაც ქმნის დიკსომფორტს არაქრომიებულ ლულიანი იარაღის ფლობისას, არის უკეთესი და უფრო საფუძვლიანი წმენდის აუცილებლობა, იმისთვის, რომ ლულა დარჩეს საღი და შეინარჩუნოს რესურსი. არ ვიცი ვინ მსახურობდა ამ იარაღით, მაგრამ დიდი მადლობა მას, რომ 30 წლის შემდეგ ამ იარაღმა ასე გვასიამოვნა კარგი და ზუსტი სროლით.  რა თქმა უნდა არც ჩვენ არ მოვაკლებთ ზრუნვას მას. მე ასევე სპეციალურად გადავამოწმე რა მდგომარეობაში ხვდებოდნენ იუგოსლავიური სურპლუს “კალაშნიკოვები” და “სკს”-ები ამერიკულ ბაზარზე და აღმოჩნდა, რომ როგორც წესი ლულის მდგომარეობა არის საკმაოდ ცუდი და მიგეღო იარაღი პრიალა და საღი ლულის არხით ითვლებოდა დიდ წარმატებად.

ჩემი დაკვირვებით ყველა იარაღს აქვს ხასიათი, ზოგს აქვს ხასიათი რთული, უნდა ეხვეწო, ეღრიჭო, რომ კარგი შედეგი განახოს, არ გპატიებს შეცდომებს, ბევრს გთხოვს (ფულს, დროს, წვალებას, შესაძლებლობების მობილიზაციას).  ხანდახან ხდება პირიქით, იარაღები კარგი ხასიათით, არაპრეტენზიულები, გახარებენ კარგი შედეგით და ბევრს შენგან არ ითხოვენ. დამიჯერეთ ხასიათზე არ ახდენს გავლენას რამდენად ძვირადღირებულია იარაღი. ჩვენი M70 სწორედ ასეთი გამოდგა. ამ იარაღიდან კარგად სროლა ადვილია.  არც ხელის დადება არ დაგვჭირდა სამიზნე მოწყობილობებზე, იარაღი იყო  გასწორებული ალბათ ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ის ჯარში მსახურობდა.

დიახ იარაღი შედარებით მძიმეა, სუბიექტური შეგრძნებით უფრო “გასუქებულია”, იგივე “საიგასთან” შედარებით, მაგრამ სამაგიეროდ უკუცემა არის მინიმალური ხოლო სიზუსტე კარგი. ჩემი აზრით ასეთი კარგი სიზუსტის მაჩვენებელი არის ცივი ჭედვის მეთოდით დამზადებული ლულა, ხანგრძლივი ექსლუატაციის შედეგად კარგად “მომჯდარი” სასხლეტი და რა თქნა უნდა შესანიშნავი ხარისხის ჩეხური ვაზნები. ალბათ უფრო ხისტ, რესივერმაც გარკვეული როლი ითამაშა, იმიტომ რომ რაც უფრო ხისტია რესივერი და ლულა მით ნაკლებ ვიბრაციას განიცდის ორივე და შესაბამისად სიზუსტეც მატულობს. არ დარჩა გამოყენების გარეშე დასაკეცი, ღამის სამიზნე მოწყობილობები. დიდი ზომის და თეთრი მარკერების გამო, მათი გამოყენება შესაძლებელია ეფექტურად ახლო მანძილებზე.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Zastava M70 არის ხარისხიანი და ნაფიქრი “კალაშნიკოვის” კლონი, გაუმჯობესებებით, რომლებიც დიდად არ ცვლიან იარაღის კონსტრუქციას მაგრამ ხდიან მას უფრო უკეთესს. არაქრომირებული ლულა, ალბათ ნაკლი სამხედრო-საბრძოლო იარაღისთვის, ნაკლებად უნდა ადარდებდეს სამოქალაქო მსროლელს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ  ასეთი ასაკის მეორადი იარაღის შოვნა კარგი ლულით შეიძლება იყოს შეუძლებელი, ხოლო შემდგომი ექსპლუატაციის დროს, ლულას დაჭირდება მეტი მოვლა და მომსახურება (განიხილეთ საველე საწმენდი ნაკრების შეძენა, რომ იარაღი ეგრევე გაწმინდოთ სროლის შემდეგ).  Zastava M70 არ იქნება კარგი არჩევანი იმისთვის, ვისაც დაგეგმილი აქვს იარაღის “კასტომიზაცია” იმიტომ, რომ ისეთი ნაწილები, როგორიც არის ფურნიტურა არ არის თავსებადი სტანდარტულ “კალაშნიკოვთან”, მაგრამ თუ თქვენ გინდათ ხარისხიანი, საიმედო და ზუსტი კარაბინი, მოგწონთ “ძველი სკოლის” იარაღები და არ გინდათ დახარჯოთ ბევრი ფული, Zastava M70 იქნება კარგი არჩევანი, იმ პირობით რომ აარჩევთ კარგ მდგომარეობაში მყოფ ეგზემპლიარს.



One Response to “გამადიდებელი შუშის ქვეშ – Zastava M70B1”

  1. levani says:

    გამარჯობათ, საინტერესოა თქვენი აზრი M70 და cz858 შედარებაზე, (დამზადების ხარისხი, სიზუსტე, გამძლეობა, პრაქტიკულობა რეალურ საველე პირობებში).

დატოვეთ კომენტარი