ПМ vs TT

P1140004_zpsw27zvwg7

სურათის წყარო gunboards.com

რა ვიყიდო? მაკაროვი თუ “ТТ”?  ეს არის ალბათ ყველაზე ხშირი შეკითხვა, რომელსაც მათ შორის მეც ხშირად მისვავენ.  მიუხედავად იმისა, რომ მე ზოგადად არ მიყვარს ასეთი შეკითხვები  (აბა მე რა ვიცი თქვენ რა გინდათ და რისთვის ან როგორ ფლობთ იარაღს ან რა აგებულების ხართ)  უნდა ვაღიარო, რომ კონკრეტულად ამ შემთხვევაში ეს შეკითხვა მართებულია. განსხვავებით მაგალითად შეკითხვისგან: 12 კალიბრი ვიყიდო თუ „სკს“? რატომ? იმიტომ, რომ ორივე პისტოლეტია, ორივე წარმოებულია ერთ ქვეყანაში, ორივე დაახლოებით ერთი ფასის კატეგორიაშია (1000 ლარამდე) და ორივეს აქვს სამხედრო „ბექგრაუნდი“ და პრინციპში ერთი გამოყენების “ნიშა”. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი ეს ორი პისტოლეტი იყო ერთადერთი ალტერნატივა, იმიტომ რომ ყველა სხვა პისტოლეტის ფასი იყო სამჯერ უფრო ძვირი. გარდა ამისა, განპირობებული იმით რომ ყოველი მოდელი იარაღის წარმოებული საბჭოთა კავშირში ეგრევე ხდებოდა სხვადასხვა მითების და ლეგენდების “გმირი”. არის ბევრი ხალხი, რომელიც თვლის რომ მათ შორის ორი ეს პისტოლეტი არის განსაკუთრებული და რაღაცით გამოირჩევა სხვა ქვეყნებში წარმოებული იარაღებისგან, გააჩნია თვისებები, რომლებიც არ გვხვდევა სხვა იარაღებში.

ამ ორი პისტოლეტის შორის არჩევანის გაკეთების საკითხს, რომ დაუბრნუნდეთ, მოდით შევადაროთ ეს იარაღები ერთმანეთს, როგორც ტექნიკურად ასევე იმ რეალიების გათვალისწინებით, რაც ეხლა გვაქვს საქართველოში.  ეგრევე უნდა ითქვას, რომ “TT“ არის ბევრად ძლიერი იარაღი, იმიტომ რომ იყენებს უფრო მცირე კალიბრიან 85 გრანიან ტყვიას (7.62) მაგრამ შთამბეჭდავი სიჩქარით რომელიც შეიძლება 500 მ/წ-ში აღწევდეს ხოლო ენერგია 700 ჯოულს. 7.62Х25 არის გერმანული 7.63Х25 Mauser-ის ზუსტი ასლი.  ვაზნა ძლიერია და შესაბამისად „TT“ იყენებს გადაბმულ საკეტს, როგორც „კოლტ-ბრაუნინგი“.

მეორეს მხრივ “მაკაროვი” იყენებს 9მმ-ან ვაზნას, 95 გრანიანი ტყვიით, რომლის საწყისი სიჩქარე 310-320 მ/წ-შია ხოლო ენერგია 310 ჯოულს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ტყვიის კალიბრი მეტია, მაკაროვის ვაზნა ბევრად უფრო მოკრძალებულად გამოიყურება ‘TT“-ს ვაზნასთან შედარებით. აქიდან გამომდინარე ავტომატიკის სქემაც ბევრად უფრო მარტივია და იყენებს თავისუფლას საკეტს და ჩარჩოში ფიქსირებულ ლულას.

ორი ვაზნა ერთმანეთს, რომ შევადაროთ იკვეთება შემდეგი მნიშვნელოვანი განსხვავებები, ‘TT’-ს ვაზნა უფრო მაღალი სიჩქარის გამო, უკეთ გადის წინაღობაში, უფრო მეტი შეღწევა აქვს, გააჩნია უფრო დაფენილი ტრაექტორია.  ეს გასაკვირი არ არის. ვაზნა იქმნებოდა დიდი, სამხედრო პისტოლეტისთვის, რომელიც ასევე დაყენებული კონდახით მოისაზრებოდა, როგორც მსუბუქი კარაბინი. რუსებმა დამატებით აღჭურვეს ტყვია ფოლადის გულით, რომ კიდე უფრო გაეზარდათ მისი შეღწევის და წინაღობებში გავლის შესაძლებლობები. რა თქმა უნდა ვაზნა გამოვიდა „ავი“, გასროლის ხმა ძალიან მაღალია, ლული ალი დიდია, უკუცემაც მკვეთრია. დაუმატეთ ამას „TT“-ს მოკლე და ვიწრო ტარი და თქვენ მიიღებთ იარაღს, რომლის კონტროლირება ძალიან ძნელია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში, როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ „TT’“ გამოდგა ზედმეტად ძლიერი და მძიმე, ხოლო ჯარისკაცებს და ოფიცრებს ჭირდებოდათ უფრო კომპაქტური და მსუბუქი იარაღი, ამიტომაც ამჯერად არჩეულ იქნა მოკლე 9მმ-ნი, პრინციპში “სამოქალაქო-ტაქტიკური” ვაზნა და შესაბამისად უფრო მარტივი ავტომატიკის სქემა, თავისუფალი საკეტით. შედეგად მივიღეთ უფრო მსუბუქი (730 გრამი ნაცვლად 850-ის), უფრო კომპაქტური და უფრო კონტროლირებადი იარაღი, უკეთესი რესურსით. არც ის არის დიდი საიდუმლოება, რომ საბჭოთა კავშირში არ იყვნენ კმაყოფილები 7.62 კალიბრის ვაზნის ტერმინალური ეფექტურობით.  გამომდინარე იქიდან, რომ „მაკაროვი“ კვლავ რჩებოდა სამხედრო იარაღად, მისი ტყვია ასევე აღიჭურვა ფოლადის გულით, რომ რაღაც დონეზე შენარჩუნებულიყო წინაღობებში გავლის უნარი. ისევე, როგორც 7.62×25-ის შემთხვევაში 9×18-ს საფუძვლად ჩაედო გერმანული ვაზნა, „პოლიციური“ დანიშნულების 9×18 Ultra. რეალურად საბჭოთა კავშირმა მაგრად დააგვიანა, როდესაც ჯერ  გამოჩემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ მიიღო მაუზერის ვაზნა შეიარაღებაში, რომელსაც იმ დროს უკვე  ჩაენაცვლა 9×19 Luger-ი და უკვე შემდეგ გადადგა ნაბიჯი უკან, როდესაც შეიარაღებაში მიიღო პრაქტიკულად “სამოქალაქო/პოლიციური” “მოკლე 9მმ-ნის” საკუთარი ვარიანტი.

9x18mm-makarov-6700

“მაკაროვის” და “TT”-ს ვაზნები.

დღევანდელი გადმოსახედიდან, ორივე ვაზნა არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ფოლადის გულის გამოყენება თავდაცვით ვაზნაში, აზრს მოკლებულია, მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთავიანი ტყვია ასევე არ გამოირჩევა დამაკმაყოფილებელი ტერმინალური ეფექტით. მაგრამ „TT“ ვაზნას გააჩნია უპირატესობა, შეღწევის უნარი. რაც არის როგორც უპირატესობა ასევე პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ახლო მანძილიდან ნასროლი „TT“-ს ტყვია გახვრიტავს სამიზნეს და შეინარჩუნებს საკმარის ენერგიას, რომ მიაყენოს სასიკვდილო ჭრილობა სამიზნის უკან მდგომ ადამიანს. დიახ, “TT”-ს ვაზნას მეტი ენერგია აქვს მაგრამ კალიბრის, ტყვიის ფორმის და კონსტრუქციის გამო ეს ენერგია არ იხარჯება ოფტიმალურად.  რა თქმა უნდა მეტი ენერგია ნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში მეტ ენერგიას შეუძლია მეტი დაზიანების მიყენება. მაგალითად თუ ტყვია მოხვდება ძვალს. “TT”-ს  უფრო სწრაფი ტყვია გადასცემს საკმარის ენერგიას რომ ძვლების ნატეხებმა დამატებითი ჭრილობები მიაყენონ სამიზნეს, შესაბამისად მისი ეფექტურობა იქნება უფრო მეტი ვიდრე “მაკაროვიდან” ნასროლო ტყვიის, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში. არც სქელი ზამთრის ტანსაცმელი არ იქნება დაბრკოლება ‘TT”-ს ვაზნისთვის. “მაკაროვის” ვაზნას ასევე აქვს მრგვალი, მოკლე ტყვია, უფრო დიდი დიამეტრით, რომლის ენერგია ასევე არ იხარჯება ოპტიმალურად. დღეს მაღალტექნოლოგიური ტყვიები კონტროლირებადი ექპსანსიით არის საყოველთაოდ აღიარებული პარადიგმა და “ძველებური” მთლიანად გარსით დაფარული მრგვალთვაიანი ტყვიები არ გამოიყენება იქ სადაც ხელმძვანელობა საკმარისად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე და ამარაგებს მათ ადეკვატური ტყვია-წამლით. სამოქალაქო მსროლელებშიც ექსპანსიური ვაზნების გამოყენება კარაგახანია ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება.

maktt

ორი პისტოლეტის დიაგრამები. ორივე პისტოლეტი გამოირჩევა კონსტრუქციული სიმარტივით რაც დამახასიათებელია საბჭოთა იარაღისთვის. 

„მაკაროვი“ თუ „TT“, ორივე საჭიროებს ადეკვატურ თავდაცვით მუხტს ექსპანსიური ტყვიით და საქართველოში სამწუხაროდ „მაკაროვის“ თავდაცვითი მუხტები ძალიან იშვიათია და „TT“-სი უბრალოდ პრაქტიკულად არ არსებობს. ეს აიხსნება იმით, რომ ეს ვაზნა განიხილება ყველგან, როგორც ეკზოტიკა. ამ კალიბრზე თანამედროვე იარაღი არ გამოდის და შესაბამისად არც მოთხოვნა ექსპანსიურ ვაზნებზე არ არსებობს. ”TT”-ს კალიბრი არის პრაქტიკულად მკვდარი კალიბრი, ანუ ამ კალიბრზე ახალი იარაღი აღარ გამოდის ხოლო ძველიც ჩამოითვლება ერთი ხელის თითებზე. მე არ მინდა იმის თქმა რომ ახლო მომავალში 7.62х25 საერთოდ გაწყდება, უბრალოდ ასორიმენტი და ხელისაწვდომობა იქნება მუდმივი პრობლემა. ამის გამო ეს ვაზნა როგორც წესი უფრი ძვირიც ღირს ვიდრე 9х18.  უკანასკნელის ფასი 1.30 ლარის ფარგლებში მერყეობს, პირველის 2 ლარი და მეტი.

9x18-Makarov-self-defense

9×18-ის თანამედროვე თავდაცვითი მუხტი. ასეთი ვაზნებით დატენილი “მაკაროვი” ადეკვათური თავდაცვითი პისტოლეტია. 

ზოგადად მიჩნეულია, რომ თუ “TT” კარგად გადის წინაღობებში, რაც შეესაბამება სიმართლეს და განპირობებულია ფოლადის გულის არსებობით, “ვიწრო” და სწრაფი ტყვიით რომელსაც გააჩნია სქელი და მკვრივი გარსი, ხოლო “მაკაროვიდან” ნასროლი ტყვია გამოირჩევა კარგი “შემაჩერებელი ეფექტით”. თავისთავად ეს ტერმინი არაზუსტია და ამაში იგულისხმება, რომ ტყვიას აქვს მაღალი ტერმინალური ეფექტურობა, ანუ მას ეფექტურად გამოყავს მწყობრიდან სამიზნე. სამწუხაროდ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, და “მაკაროვის” კალიბრს როგორც უკვე ხვდებით ჯადოსნური თვისებები არ აქვს. აღნიშნული მითი ალბათ წარმოიშვა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვით 9×18 ვაზნა ამჯობინეს 7.62×25-ს იმიტომ, რომ უკეთესი “შემაჩერებელი ეფექტი” ქონდა და ხალხმა ჩათვალა რომ რამდენადაც 7.62×25 კარგად გადის წინაღობაში იმდენად კარგად “აგდებს” 9×18. როგორც უკვე ვთქვი არც ციფრები და არც გამოყენების სტატისტიკა ამას არ ადასტურებს. ენერგიით 9×18 იკავებს ზედა ზღვარს “მოკლე 9მმ-ან” ვაზნებში მაგრამ მეტი არაფრით არ გამოირჩევა.

9x18_Pst_3

9×18-ის კიდევ ერთი თავისებურება არის ის, რომ ის გამოდიოდა ფოლადის გულით. გამომდინარე იქიდან, რომ ეს პისტოლეტი ასევ ასრულებდა საარმიო ირაღის როლს, წინაღობებში (ზამთრის ფორმა, ეკიპირების ელემენტები) გავლას ქონდა მნიშვნელობა და ამიტომ გახდა საჭირო ფოლადის გულის გამოყენება.  მოგვიანებით როდესაც აშკარა გახდა, რომ 9×18-ს არ გააჩნია ადეკვატური სიმძლავრე გაჩნდა უფრო “ავი” მისი მუხტები მათ შორის აღჭურვილი ნაწრთობი ფოლადის გულით. ეს ვაზნები როგორც წესი გაყიდვაში არ გვხვდება. კომერციული 9×18 კალიბრის ამუნიციაში ფოლადის გული არ გამოიყენება.  სურათში ჩანს რომ ფოლადის გული ფორმა მაინც და ამინც არ არის ოპტიმალური ფორმის წინაღობებში გასასვლელად, და არსებობს მოსაზრება, რომ ფოლადის გული გამოიყენებოდა უფრო ეკონომიისთვის, იმიტომ რომ ტყვია უფრო ძვირი ღირს ვიდრე ფოლადი. ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც წესი ორ კომპონენტიანი ტყვიები ნაკლებად ზუსტია იმიტომ რომ რთულია გულის “ცენტრირება” ტყვიაში. 

გამომდინარე იქიდან, რომ “მაკაროვი” იყენებს თავისუფალ საკეტს, ის უფრო მარტივია. შესაბამისად უფრო საიმედოც არის. მე არ ვიძახი, რომ პისტოლეტი ფიქსირებული ლულით  და თავისუფალი საკეტით ყოველთვის უფრო საიმედოა ვიდრეპისტოლეტი  გადაბმული საკეტი, თუმცა თეორიულად ეს ასე გამოდის. არც “TT” არ არის რთული იარაღი ბევრი და სხვადასხვანაირი დეტალით, მაგრამ ავტომატიკის სქემა გადაბმული საკეტით უფრო რთულია.  საქმე ასევე იმაშია, რომ ჩემი აზრით „TT“ დარჩა ნედლ იარაღად. მისი შესრულების ხარისხი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა, რამაც ასევე იმოქმედა საიმედოობაზე და რესურსზე. ჩემი პირადი გამოცდილებაც იგივეს ადასტურებს. 10-დან 9 „TT“-ს პისტოლეტი, რომელიც მე შემხვედრია ან მქონია, იყო პრობლემური. განურჩევლად დამზადების ადგილისა. ჩინური, რუსული თუ იუგოსლავიური, პრაქტიკულად სულ ყველა იყო პრობლემური. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ 50-ამ წლებში იჟევსკის ქარხანაში წარმოებული “TT-”ს პისტოლეტები. ეს პისტოლეტები დამზადებულია მაღალი ხარისხით, აქვთ ხარისხიანი, გამძლე მოსევადობა და როგორც ჩანს მეტ წილად უპრობლემოდ მუშაობენ. მაგრამ უპრობლემო მუშაობისას, არასად არ მიდის პრობლემები გამოწვეული მოკლე და ვიწრო ტარით, მცველის არ არსებობით, რის გამოც  შეუძლებელია მისი ტარება შეყენებულ და დამცველზე დაყენებულ მდგომარეობაში და გამომდინარე იქიდან რომ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიმზი მხოლოდ ერთმაგი მოქმედების არის, ესეიგი პირველ გასროლამდე მოგიწევთ ჩახმახის შეყენება.  მიწაზე დავარდნისას პისტოლეტი სახიფათოა, იმიტომ რომ არ გააჩნია დამრტმელის მცველი და არც ჩახმახში განთავსებული ხვეული ზამბარის სიცოცხლის ციკლი არ არის გაზრდილი.  სწორედ ყველაფერი ეს არის იმის მიზეზი, რომ მე ვთვლი, რომ „TT“ არის ნედლი, ბოლომდე დაუმთავრებელი პისტოლეტი.

პისტოლეტში გადაბმული საკეტით, დეტალების მორგება თამაშობს დიდ როლს ადეკვატური სიზუსტი მიღწევაში. ლულა შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ თუ ლულა, საკეტი, ჩარჩო არ არის ერთმანეთზე კარგად მორგებული სიზუსტე იქნება ცუდი. „მაკაროვში“ ლულა დაფიქსირებულია ჩარჩოში, ამიტომ ეს პრობლემა არ არსებობს. ამიტომ მეცინება მე როდესაც ვინმე იღებს მაკაროვს და პროფესიონალის სახით  იწყებს „ლუფტის“ შემოწმებას. კარგი იქნებოდა „TT“ შეძლებოდა მაუზერის ვაზნის პოტენციალის გამოყენება მაგრამ საზიზღარი სასხლეტი, საშუალო შესრულება და ასეთივ საშინლად მოუხერხებელი ტარის გამო, თქვენ ვერასდროს ვერ გაიგებთ 7.62 მაუზერის ვაზნის სიზუსტის და შესაძლებლობების ზღვრებს. სამიზნე მოწყობილობები ორივე პისტოლეტზე ერთნაირია, უბრალო შავი, პარტრიჯის ტიპის, ვიწრო და ძნელად ხილვადი. ტიპიური კონფიგურაცია იმ დროისთვის. ორივე იარაღზე კორა შესრულებულია საკეტთან ერთად და მისი მოხსნა და გამოცვლა შეუძლებელია. “ტოკარევზე” სამიზნე მოწყობილობები ოდნავ დიდია რაც ოდნავ აადვილებს დამიზნებას ცუდი განათების პირობებში.

P1080154

პრობლემა “TT”-ებთან ის არის, რომ დაბრკოლებები არის ბევრი და მრავალფეროვანი. ყველაზე ხშირი, ვაზნის არ მიწოდება და შეფერხება ექსტრაქციის დროს. მაგალითად ამ პისტოლეტის მწყობრში მოსაყვანათ საჭირო გახდა ექსტრაქტორის ზამბარის შეცვლა, სავაზნის გაპრიალება და დამაბრუნებეი ზამბარის დამოკლება. 

ეხლა „მაკაროვი“. ეს პისტოლეტი შექმნილია „ვალტერ პპ“-ს „მოტივებით“ და არა, „მაკაროვი“ არ არის „პპ“-ს კოპია. პისტოლეტები ვიზუალურად მსგავსია, ორივე იყენებს „მოკლე“ 9მმ-ან ვაზნას და თავისუფალ საკეტს, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმს, ლულაზე ჩამოცმული დამაბრუნებელი ზამბარით. მეტი მსგავსება ამ ორ პისტოლეტს შორის არ არის.  დიახ “მაკაროვში” იგრძნობა “ვალტერ პპ”-ს გავლენა მაგრამ შიგნიდან „მაკაროვი“ მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავებით “TT-”სგან, თუნდაც დღევანდელი სტანდარტებით „მაკაროვი“ უსაფრთხო იარაღია. პისტოლეტს აქვს ორმაგი-მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, მცველი, „დეკოკერი“. პისტოლეტს აქვს კოლოსალური რესურსი და გამძლეობა. კი დრო მიდის და მართლაც კარგი „მაკაროვის“ შეძენა სულ უფრო ძნელია, მაგრამ  როგორ შელახული პისტოლეტი არ უნდა იყოს გარედან ან თუნდაც შიგნიდან, ის, როგორც წესი მაინც იმუშავებს. მე ერთხელ ვნახე კარგად „დაღლილი“ მაკაროვი, კუსტარულად აღდგენილი დაფარვით, რემონტის დამღებით, ლულა სავაზნის მხრიდან იყო დაჭეჭყილი (ადგილში სადაც მას ურტყავს საკეტი), ნიშანი რომ იარაღიდან ნასროლი იყო ძალიან ბევრი ვაზნა, მჭიდების იყო დეფორმირებული წინა ნაწილში, ასევე ნიშანი იმისა, რომ იარაღიდან ძალიან ბევრი ვაზნა იყო ნასროლი. და მიუხედავად ამისა მაინც, ქრომირებული ლულის არხი იყო კარგი, პისტოლეტი ისროდა და ისროდა ზუსტად. ქრომირებული ლულა და ის ფაქტი, რომ „მაკაროვი“ უფრო ახალგაზრდაა, ასევე იმას ნიშნავს, რომ თავსის მასაში „მაკაროვები“ უფრო უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე „TT“-ები. მაკაროვის კონსტრუქციას არ გააჩნია სუსტი წერტილები, როგორც “TT”-ს ხვეული საბრძოლო ზამბარა „შეტენილი“ ჩახმახში, რომელიც ხშირად ტყდება. “მაკაროვის” საიმედოობა არასდროს არ დამდგარა ეჭვქვეშ, ნაწილობრივ იმიტომ, რომ პრიციპში ამ პისტოლეტში გამოიყენებოდა ერთი სტანდარტული მუხტი,  რომელიც შეიქმნა ამ პისტოლეტისთვის. 95 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით. ძალიან ადრე მე წავაწყდი პრობლემებს ექსპანსიური ტყვიების გამოყენებისას.არ ხდებოდა ვაზნის სტაბილური მიწოდება. თუ სწორედ მახსოვს ეს იყო რუსუი წარმოების “silver bear”. ზოგადად ცნობილია, რომ ამ პერიოდის იარაღები ყოველთვის კარგად არ მუშაობს ექსპანსიურ ვაზნებთან, რისი მიზეზიც არის, რომ: ა) იმ დროს ასეთი ვაზნები პრაქტიკულად არ არსებობდა. ბ) სამხედრო იარაღი იყენებდა მრგვალთავიან ტყვიებს. სტანდარტული მუხტებით ყველა “მაკაროვი”, რომელიც მე შემხვედრია მუშაობდა უპრობლემოდ. არ აქვს მნიშვნელობა იყო ეს ბულგარულლი, რუსული, საბჭოთა, კომერციული, ყოფილი სამხედრო.

HPIM0672

ავტორის კუთვნილი და იშვიათი საქართველოში, აღმოსავლეთ გერმანული წარმოების “მაკაროვი”. აღნიშნული პისტოლეტების პატარა პარტია შემოტანილ იქნა საქართველოში სავარაუდოთ მხოლოდ ერთხელ 2000-ნი წლების დასაწყისში. დამღა ლათინური ასო “s”, შავი ტარი და უნაკლო შესრულება ადვილად გამოარჩევს მას სხვა “მაკაროვებისგან”. 

სროლისუნარიანობით არც ერთი და არც მეორე არ გამოირჩევა, მაგრამ ჩემი აზრით “მაკაროვიდან” სროლა უფრო მოსახერხებელია.  შედარებით სუსტი კალიბრის და მაღალი წონის გამო პისტოლეტიდან სწრაფად სროლა საკმაოდ ადვილია, რასაც ვერ ვიტყვით “TT”-ზე. ჩემი გამოციდლებით “მაკაროვები” უფრო ზუსტია ვიდრე “TT”. “TT”-ს კიდე აქვს არასასიამოვნო თავისებურება, ის „კბენს“ მსროლელს, ხელი ყვება ჩახნახს და ჩარჩოს შორის. სხვათაშორის არც “მაკაროვიდან” ხანგრძლივი სროლა არ არის სასიამოვნო, სისხლისღვრას ადგილი არ აქვს მაგრამ ორი სამი კოლოფი ვაზნის შემდეგ, ხელში არასასიამოვნო შეგრძნება ჩნდება, რისი მიზეზიც არის ვიწრო ტარი რომელიც მკვეთრად გადასცემს ხელს უკუცემას.  

P1200153

ეს “სწრაფი” სამიზნე ადასტურებს, რომ თუ მსროლელი თავისას გააკეთებს “მაკაროვი” მას გულს არ დაწყვიტავს. 

მოვლა მომსახურებას რაც შეეხება, ორივე იარაღი არის მეტალის, ტრადიციული ქიმიური მოსევადობით. ორივე შედარებით ადვილად იჟანგება. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და წმენდის გარეშე ამ პისტოლეტების ექსპლუატაცია  გამოიწვევს კოროზიას რკინის დეტალების ზედაპირზე. ჩემი აზრით “მაკაროვის” დაფარვა უფრო უკეთესი ხარისხის არის და შესაბამისად უფრო გამძლეა. გარდა ამისა მაკაროვი იყენებს ქრომირებულ ლულას, რომლის რესურსი საკმაოდ მაღალია. მერ ვერ ვიხსენებ “მაკაროვს” შელახული ლულით. “TT” შელახული ლულით? რამდენიც გინდა.

asdf09

“მაკაროვი” ყოველთვის გამოირჩეოდა კარგი შესრულებით, “TT”, განსაკუთრებით 40-ან წლებში გამოშვებულები დამწუხრებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ. 

დაშლა აწყობა ორივე პისტოლეტის ადვილია, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება სრულ დაშლამდე აქაც “მაკაროვი” უკეთესად გამოიყურება. პისტოლეტი ბოლომდე, რომ დაშალოთ სპეციალური ინსტრუმენტი საჭირო არ არის. პისტოლეტი იყენებს რთული გეომეტრიის დეტალებს, მაგრამ სამაგიეროდ კონსტრუქციიდან ამოღებულია შტიფტები და ხრახნები, ერთადერთი ხრახნი “მაკაროვში” აფიქსირებს ბაკელიტის ტარს და მისი მოხსნა შესაძლებელია მჭიდის ხუფით, სახრახნისი საჭირო არ არის. “TT” ასე ადვილად არ იშლება. საკეტი აწყობილია წკირებით (შტიფტებით) და მათ ამოსაყრელად საჭიროა სპეც. ინსტრუმენტი. “TT”-ს აწყობა წმენდის მერე არც ისე სასიამოვნოა, და გრძელი დამაბრუნებელი ზამბარის მოთავსება პისტოლეტში ნაკლებად სახალისო პროცედურაა. “მაკაროვის” ლულა ქრომირებულია და ადვილად იწმინდება. უკვე შელახული “TT”-ს ლულის წმენდა და დაცვა კოროზიისგან გახდება მოსაბეზრებელი და მოსაწყენი “გართობა”. ამავე დროს “ტოკარევის” დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი შესრულებულია ერთიან და ამავე დროს ადვილად მოსახსნელ მოდულად, რის გამოც მისი წმენდა პრინციპში არ ითხოვს ამ მოდულის ბოლომდე დაშლას, რაც მცირე მაგრამ მაინც უპირატესობაა.

25564875_564104043931757_507563272_n

ავტორის კუთვნილი 1952 წელს, იჟევსკის გამოშების “TT”. ეს პისტოლეტი გამოირჩეოდა კარგი შესრულებით, საიმედოობით და იყო საკამოდ ზუსტი. მხოლოდ ასეთი “TT” შეიძლება იყოს რეკომენდირებული თუ რა თქმა უნდა პისტოლეტი კარგ მდგომარეობაშია. 

ბოლოს გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერ დროს, მეორადი იარაღის ბაზარზე უფრო მეტი შემოთავაზება არის „მაკაროვზე“ ვიდრე „TT“-ზე და ამიტომაც, როგორც წესი „მაკაროვი“ უფრო იაფიც ღირს (200-300 ლარით) ვიდრე “TT”. იგივე ეხება ვაზნებს, აქსესუარებს, ბუდეებს და ასე შემდეგ.

ასე, რომ თუ არ ჩავთვლით უფრო ძლიერ, მე ვიტყოდი საჭიროზე უფრო ძლიერ „TT”-ს ვაზნას, ყველა სხვა მაჩვენებლით „მაკაროვი“ ტექნიკურად უპირატესი იარაღია და უფრო პრაქტიკულიც. ეხლა არჩევანი თქვენზეა.

25593240_564104090598419_1202839814_o

ეს პისტოლეტი არ გამოიყურება კარგად ატარებს კუსტარული შეკეთების და სერიოზული ცვეთის ნიშნებს მაგრამ ის მაინც მუშაობდა საიმედოთ და იყო ზუსტი. 

ps

სტატიის სათაურში მე დავწერე, რომ ერთი პერიოდი მაკაროვს არ ქონდა ალტერნატივა 1000 ლარამდე ფასის იარაღის კატეგორიაში. რეალურად მაკაროვის შეძენა შესაძლებელია 400 ლარად და ამ ფასში საერთოდ შეუძლებელია ნორმალური პისტოლეტი ნახოთ. 1000 ლარამდე ფასის კატეგორიაში დღეს ბევრი პისტოლეტია, სულ რამდენიმე რომ დავასახელოთ ეს არის ბულგარული “არკუსი”, ზოგი “ტაურუსი”, ბევრი თურქული წარმოების პისტოლეტი, სულ ყველა უფრო ერგონომიულია, უფრო ძლიერ ვაზნებს იყენებენ და უფრო ტევადი მჭიდები აქვთ, მაგრამ ასეთი იარაღის შეძენისას შენ გიჩნდება კითხვა, კი მაგრამ რის წყალობით არის მიღწეული ასეთი დაბალი ფასი? ეკონომია ხარისხის კონტროლზე? უფრო დაბალი ხარისხის მასალები? არაკვალიფიციური მუშა ხელი? “მაკაროვის” მიმართ ეს კითხვები არ ჩნდება, ეს პისტოლეტი იქმნებოდა ომისთვის, ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის დაბალი მომზადების დონის მქონე მოსამსახურეებისთვის ამიტომ, მიუხედავად მოუხერხებელი მჭიდის საკეტელის, ცუდი სამიზმე მოწყობილობების და დაბალი ტევადობის მჭიდისა მე მაინც სერიოზულად დავფიქრდებოდი “მაკაროვზე” იმიტომ რომ საიმედოობა იყო, არის და რჩება თავდაცვითი იარაღის ყველაზე მნიშვნელოვან თვისებად.

DSC08292

ავტორის კუთვნილი იუგოსალვიური “ზასტავას” წარმოების “TT”, გრძელი და შესაბამისად უფრო მოსახერხებელი ტარი იტევს უფრო გრძელ მჭიდს. რომელიც პრაქტიკულად არ იშოვება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გამოირჩევა კარგი შესრულებით და იყო ახალი, ის პერიოდულად არ აწვდიდა ვაზნას სავაზნეში. 



დატოვეთ კომენტარი