იარაღის არჩევის და შეძენის ნიუანსები

დღეს ბაზარი გადავსებულია იაფი იარაღებით, მეტ წილად თურქეთიდან და ასევე რიგი სხვა ქვეყნებიდან. ცხადია ბევრში ეჭვს იწვევს ამ იარაღის ხარისხი, რესურსი და საბრძოლო თვისებები. ეს ბუნებრივია იმიტომ, რომ როდესაც გთავაზობენ იტალიურ თოფს 4000 ლარად და იქვე მის თურქულ ანალოგს რომელსაც გააჩნია იგივე შესაძლებლობები, კარგი შესრულება მაგრამ ღირს სამჯერ ნაკლები, გიჩნდება კითხვა რით არის განპირობებული ამხელა სხვაობა ფასში.

ამ თემაზე სტატიის დაწერის იდეა მე გამიჩნდა მას მერე, რაც მომიყვეს ისტორია, რომელიც უკავშირდება იდეაში პატიოსანი თურქული მწარმოებლის თოფს. აღნიშნული ორლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგებით, ნაყიდი ახალი, მაღაზიაში, ჩაკეტვისას ისროდა თავისით. არ არის საჭირო იმის ახსნა რამდენად სახიფათოა ასეთი მდგომარეობა. ერთია, როდესაც თოფს არ აქვს გასროლის ისეთი თვისებები (სიზუსტე, ჭრა, გაშლა), რომელიც აკმაყოფილებს პატრონის მოთხოვნებს, მეორეა, როდესაც იარაღი არ მუშაობს საიმედოთ და სულ სხვა არის თუ იარაღი არ არის უსაფრთხო.  ეს არის ყვლაზე საშიში და სახიფათო მდგომარეობა. თუ პირველი ორი შემთხვევა გამოიწვევს პატრონის მსუბუქ ნერვულ აშლილობას, უკანასკნელ შემთხვევას შეიძლება მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან ჯანმრთელობის ზიანი, რაც გულისხმობს სერიოზულ პრობლემებს ასეთი არაუსაფრთხო იარაღის მფლობელისთვის. გარდა უსაფრთხოებისა არის კიდევ ათასი სხვა ნიუანსი, რომელსაც იდეაში ყუარადღება უნდა მიაქციოთ. დიახ საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში იყიდოს სამი-ოთხი იარაღი, რომელიც მას გამოადგება და რომლებსაც არ ექნებათ არანაირი პრობლემა. ჩემი სტატისტიკაც ადასტურებს,რომ პრობლემები ახალ  იარაღთან კარგი რეპიუტაციის მქონე მწარმოებლისაგან, საკმაოდ იშვიათია, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ მე ამ სტატტის ავტორს გაცილებით მეტი იარაღი მაქვს შეძენილი ვიდრე საშუალო სტატისტიკურ ადამიანს, შესაბამისად მე მქონდა ასეთი შემთხვევები და სტატისტიკა მიდასტურებს, რომ რომ პრობლემების აბსოლუტური უმეტესობა უკავშირდება ბიუჯეტურ (თურქულ, ჩინურ, ბრაზილიურ) იარაღს და ასევე უბრალოდ ძალიან ძველ და ნაცვეთ იარაღებს.

რა თქმა უნდა დეფექტური (ბრაკი) იარაღი შეიძლება გამოეპაროს ნებისმიერ მწარმოებელს მათ შორის ძალიან კარგი რეპუტაციის მქონეს. ასეთი შემთხვევები უხვად არის აღწერილი უამრავ ფორუმზე და გაყიდული/მიწოდებული იარაღის პერიოდული გამოთხოვებიც ადასტურებს რომ სერიოზული და მსხვილი მწარმოებლებიც არ არიან დაზღვეულები შეცდომებისგან. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც იარაღის ღირებულება დაბალია, ეს მიიღწევა ეკონომიით, თანხების დაზოგვით, დაბალკვალიფიციური მუშა ხელის გამოყენებით, ეკონომიით მასალებზე და ხარისხის კონტროლზე. ასევე მოდით ასე ვთქვათ წუნის/ბრაკის მიმართ მაღალი ტოლერანტობით, როდესაც ნორმალური სპეციფიკაციებიდან გადახრის ზღვარი გაცილებით მაღალია. შესაბამისად თუ ერთ იარაღში მოხვდება ნაწილები ნორმებისგან გადახრებით, შეიძლება მივიღოთ გაუმართავი იარაღი სადაც ნაწილები ისე არ ურთიერთ-მოქმედებენ, როგორც საჭიროა. დაუმატეთ ამას არასაკმარისი ხარისხის კონტროლი და მიხვდებით რომ ალბათობა მიიღოთ წუნიანი იარაღი შედარებით მაღალია, ვიდრე იმ იარაღის შეძენისას, რომლის მწარმოებელიც იყენებს ხარისხის კონტროლის განსაკუთრებულ ზომებს, აგზავნის იარაღს შესამოწმებლად დამოუკიდებელ „პრუფ-ჰაუსებში“ და იყენებენ წარმოების მართვის და კონტროლის დახვეწილ პროცედურებს, მაგალითად როგორც წამყვანი ევროპული მწარმოებლები.

უნდა გაითვალისწინოთ რომ, როგორც წესი იარაღის შეძენისას თქვენ იღებთ იმდენს, რამდენსაც იხდით და ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ ღირს ეკონომია ისეთ ნივთზე, რომელზეც დამოკიდებულია შენი და შენთვის საყვარელი ხალხის უსაფრთხოება და სიცოცხლე, ან თუნდაც თუ გნებავთ ნადირობის წარმატება. მაგრამ ფაქტი ჯიუტია, იაფი იარაღი ყველაზე კარგად იყიდება. მითუმეტეს თუ ეს იარაღი ვიზუალურად კარგად გამოიყურება და თურქული იარაღის შემთხვევაში ეს თითქმის ყოველთვის ასე არის. ვიზუალს თურქი მწარმოებლები აქცევენ დიდ ყუარადღებას, იმდენად დიდს რომ ხანდახან თოფი გავს არაბულ ხალიჩას ან რაღაც ბ კატეეგორიის მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმის რეკვიზიტს.

დავიწყოთ მაღაზიებით და გარანტიებით. ყველას უყვარს გამოცხადება, რომ ამის და იმის ოფიციალური წარმომადგენელები არიან, მაგრამ როგორც კი საქმე მივა ოფიციალურ გარანტიამდე (და ეს გულისხმობს, როგორც წესი საგარანტიო ფურცლის შევსებას), აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ სიტყვებია და მეტი არაფერი და გამყიდველი არანაირ გარანტიას არ იძლევა. დიახ, არის რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევა, როდესაც წუნიან იარაღს გამყიდველი არ იბრუნებდა. ასე, რომ მაღაზიაში ახალი იარაღის შეძენისას, მიიღეთ გარანტია, რომ პრობლემების შემთხვევაში მაღაზია იარაღს დაიბრუნებს, მოგცემთ იგივე იარაღს, დაგიბრუნებთ ფულს, ან თავის თავზე აიღებს იარაღის შეკეთებას. იდეალურ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა იყოს გაწერილი ფურცელზე და დამოწმებული. თუ ეს არ ხდება, ესეიგი თქვენ გარანტია პრაქტიკულად არ გაქვთ და პრობლემური სიტუაციის გადაწყვეტა დამოკიდებულია გამყიდველის მოდით ასე ვთქვათ შინაგან კეთილსინდისიერებაზე, ხოლო რამდენად იშვიათია ეს თვისება ჩვენ საზოგადოებაში ალბათ თავად მოგეხსენებათ.

თუ ყიდულობთ მეორად იარაღს ხელიდან, წინასწარ მორიგდით რა პირობებით ყიდულობთ იარაღს და რა გარანტიები გაქვთ. თუ პატრონი იხსნის პასუხისმგებლობას და არაფერს არ ამბობს თავის იარაღზე ეს თავისთავად საეჭვოა, თუმცა შესაძლებელია ის უბრალოდ არც ერკვევა იარაღში და არ სურს ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ცხადია შეძენისას ხელიდან რისკები უფრო მეტია მაგრამ შეიძლება თანხების მნიშვნელოვანი დაზოგვაც ან ისეთი იარაღის შეძენა რომელიც არ არის გაყიდვაში მაღაზიებში. უნდა გაითვალისწინოთ, რომ იარაღი როგორც ნებისმიერი მექანიზმი შეიძლება გაფუჭდეს. ამაზე პასუხს მეორადი იარაღის გამყიდველს ვერ მოთხოვთ, მაგრამ თუ იყიდეთ მაგალითად ნახევრად ავტომატური თოფი, რომელიც რეგულარულად ჭედავს, ცხადია რომ წინა პატრონს ეს უნდა ცოდნოდა თუ ამ იარაღს ხმარობდა. იარაღის გასხვისებისას კარგია, რომ ეს ასევე აუხსნათ მყიდველსს, რომ მერე რამე გაუგებრობა არ წარმოიშვას.

კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ არსებობს ასეთი რამე, როგორც Google, უფასო საძიებო სისტემა და სისულელეა ამ რესურსის არ გამოყენება იარაღის არჩევის ან შეძენის პროცესში. აკრიფეთ იმ იარაღის სახელი, რომლის შეძენა გინდათ და ნახეთ რას განახებთ ძიების შედეგები. კონკრეტული იარაღის გაუმართაობის შესახებ მფლობელის პოსტები დააიგნორეთ. იარაღი იცვითება და ბუნებრივია რომ ფუჭდება და იმედგაცრუებული პატრონი გარბის ინტერნეტში რჩევის საძიებლად ან უბრალოდ რომ გამოლანძღოს მწარმოებელი/გამყიდველი და გული მოიფხანოს. უფრო ეძებეთ ინფორმაცია იარაღის გამოთხოვებზე დეფექტების გამო, პრობლემებზე ახალ ნაყიდ იარაღთან და ასე შემდეგ. კარგი წყაროა რეიტინგები იარაღის, რომელიც იყიდება დიდ ონლაინ მაღაზიებში. ორი და სამი გამოხმაურება არაფერია, მაგრამ თუ 20-30 გამოხმაურებების ორი სამი ონლაინ მაღაზიებიდან მეტ წილად ნეგატიურია ესეიგი რაღაც პრობლემა იარაღთან მართლა არსებობს.  ეძებეთ ინფორმაცია რას და სად უყუროთ. რა მეტყველებს რომ იარაღი კარგად არის შესრულებული და რა მეტყველებს რომ პირიქით, შეიძლება გქონდეთ პრობლემები. მე უკვე ვწერდი გლოკ 42-ზე რომლის კონსტრუქცია ზედმეტი გახმაურების გარეშე რამდენჯერმე შეიცვალა. შეიარაღებული ამ ინფორმაციით მე მივედი მაღაზიაში და ავარჩიე ის პისტოლეტი, რომელიც იყო ყველაზე ბოლო ვერსიის და შემდგომ სტატიის მეშვეობით ავუხსენი ყველას რას უყურონ რომ იყიდონ უპრობლემო გლოკ42. ეს არის კარგი მაგალითი, რომელიც ადასტურებს რომ პატარა გამოძიება ინტერნეტის გამოყენებით არის კარგი იდეა.

ცხადია მნიშვნელოვანია იმის გარკვევა მოხდა თუ არა იარაღის გამოთხოვა გაყიდვიდან იმის გამო, რომ აღმოჩნდა რომ იარაღებს აქვს რაღაც ტექნიკური წუნი. სულ ბოლოს ასეთი გამოთხოვა მოხდა Walther-ის მიერ, იმიტომ რომ დადგინდა, რომ მათი CCP მოდელის პისტოლეტებს აღმოაჩნდათ დეფექტ რომლის გამოც პისტოლეტმა დავარდნისას შეიძლება გაისროლოს. როგორც წესი ასეთ განცხადებაში კონკრეტულად მითითებულია რომელი სერიული ნომრის მქონე იარაღი ექვემდებარება გამოთხოვას. ცხადია, თუ იარაღი ნაყიდია საქართველოში და მოხდა მისი შემდგომი გამოთხოვა, თქვენ ამით ვერ ისარგებლებთ იგივე მიზეზების გამო რის გამოც არ სარგეებლობთ ქარხნული გარანტიით. „რუხი“ დილერების მიერ გაყიდულ იარაღზე ასე თუ ისე მაინც არ ვრცელდება ქარხნული გარანტია. თუ ასეთი რამე მოხდა, გამოსავალი არის ზუსტად გაერკვიოთ რაშია პრობლემა და შეეცადოთ გამოასწოროთ ის თავისით, მაგალითად ახალი დეტალის შეძენით და გამოცვლით. ამიტომ რამე ახალ, ეკზოტიკურ იარაღს თუ ყიდულობთ უნდა ივარაუდოთ რომ კონსტრუქცია არის ნედლი და შესაძლებელია იყოს პრობლემები. ამჟამად მოთხოვნა იარაღზე არის ძალიან გაზრდილი, როგორც არასდროს აქამდე და მწარმოებლებს შორის კონკურენცია არის ძალიან გამწვავებული. ისინი ცდილობნ გამოუშვან რაც შეიძლება ბევრი და ახალი იარაღი და სწრაფად ზრდიან საწარმოო სიმძლავრეებს ან მიმართავენ აუთსორსინგს რაც ნეგატიურად ან სავალალოდ აისახება ხარისხზე და იარაღის საბრძოლო-სამომხმარებლო თვისებებზე. ასეთი მაგალითები არის უხვად, მაგალითად „კოლტის“ წარმოებული „Expanse” ტიპის ბიუჯეტური შაშხანები, რომლებიც როგორც  აღმოჩნდა სულაც არ არის კოლტის წარმოების, ან რემინგტონის 9მმ-ნი პისტოლეტი R-51, რომელიც იმდენად ნედლი, უხარისხო და არასაიმედო აღმოჩნდა რომ ის უბრალოდ მოხსნეს წარმოებიდან.   დამატებით უნდა აღინიშნოს რომ ბიუჯეტური იარაღის მწარმოებლები დიდად არ ზრუნავენ გამოვლენილი დეფექტების გამო იარაღის გამოთხოვაზე ან მომხმარებელთან კომუნიკაციაზე. ძალიან ბევრი თურქული მწარმოებელს, როგორც ბრენდს არანაირი სახელი, პოპულარობა და ცნობადობა არ გააჩნია და როგორც წესი მათი პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნებში იყიდება სხვადასხვა სავაჭრო ნიშნებით. თუ უხარისხობის გამო რომელიმე სავაჭრო ნიშნის რეპუტაცია დაზარალდება, უბრალოდ იარაღს გადაარქმევენ და ხელახლა დაიწყებენ გაყიდვებს ახალი სავაჭრო ნიშნით.

პოპულარული ფრაზა, რომელსაც მოისმენთ ხოლმე ბიუჯეტური იარაღის შეძენისას არის მაგალითად: ‘ეს კომპანია ამზადებს იარაღებს „აქ უნდა ეწეროს რომელიმე ცნობილი მწარმოებლის სახელი“ და ამიტომ ის კარგია”.  კარგი ახსნაა მაგრამ ის შეიძლება არ იყოს ბოლომდე ზუსტი. იარაღი რომელიც მზადდება დამკვეთის სპეციფიკაციებით შეიძლება განსხვავდებოდეს იარაღისგან რომელსაც მწარმოებელი უშვებს თავისი სახელით. მაგალითად ჩეხური CZ და ამერიკული Weatherby და Winchester ყიდიან თურქულ წარმოების თოფებს თავისი სახელით. უნდა ვივარაუდოთ რომ მიღებისთანავე ეს იარაღები გადიან შემოწმებას, ისევე როგორც მასალები და ადგილზე ხარისხის კონტროლი შეიძლება იყოს განსხვავებული იგივე მწარმოებლის სხვა იარაღებისგან.

ნუ ენდობით მწარმოებლის რეპუტაციას, ან იმას თუ რამდენიხანი გამოდის კონკრეტული მოდელის იარაღი. მწარმოებელმა შეიძლება შეცვალოს იარაღის დამზადების ტექნოლოგია ან მასალები და მიიღოს შედეგად ბევრად უფრო ცუდი იარაღი. იშვიათად მაგრამ ასეც ხდება, როდესაც მომდევნო თაობის იარაღი არა უკეთესი არამედ უარესია. კლასიკური ამის მაგალითი არის რემინგტონ 870. კლასიკური ამერიკული „პომპა“ რომელიც რემინგტონმა უბრალოდ გააფუჭა. მე არ ვუჯერებდი იმ უამრავ ნეგატივს რომელიც ახალი წარმოების რემინგტონ 870-ზე იწერებოდა და  დახუჭული თვალებით ვიყიდე ძვირიანი ტაქტიკური მოდელი. ანუ ვენდე მწარმოებელს და თავი დავიზღვიე და ვიყიდე ძვირიანი როგორც მე მეგონა უფრო დახვეწილი მოდიფიკაცია. მე შევცდი. თოფს ქონდა ვიწრო სავაზნე რომელიც ქარხნულ ვაზნებსაც „არ იტევდა“, მჭიდის დამაგრძელებელი იყო დეფორმირებული რის გამოც ის არ ივსებოდა ბოლომდე ვაზნებით. იარაღს ასევე ქონდა პრობლემური ექსტრაქცია იმიტომ რომ რემინგტონი გადავიდა ზუსტი ჩამოსხმის მეთოდით დამზადებულ ექსტრაქტორებზე ნაცვლად უფრო ძვირიანი ფრეზირების მეთოდით დამზადებულისა. გარდა ამისა რემინგტონ 870-ის ეჟექტორის გამოცვლა ითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს, და შემდგომ რესივერის დაფარვის აღდგენას რომელიც ზიანდება ეჟექტორის გამოცვლისას. ეს დეტალი არის ამ თოფის აქილევსის ქუსლი და ერთ-ერთი მიზეზი რატომ მოდელი 870 ჩემთვის მოკვდა. გინდათ ვირივით მუშა პომპა? იყიდეთ „მოსბერგი“…. კიდევ ერთი მაგალითი არის ამერიკული „კიმბერი“. ერთი პერიოდი კიმბერი გადავიდა გარე ექსტრაქტორის გამოყენებაზე თავის 1911 მოდელის პისტოლეტებზე. ამას მოყვა საიმედოობის მკვეთრი შემცირება და კომპანია იძულებული იყო გადასულიყო ისევ შიდა ექსტრაქტორზე. ბუნებრივია რომ თუ ყიდულობ „კიმბერს“ გარე ექსტრაქტორით ალბათობა შეგრჩეს ცუდი იარაღი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა კარგ მწარმოებელსაც შეიძლება ყავდეს თავის მახინჯი იხვის ჭუკი.  იარაღი რომელიც განსხვავებით სხვა ამ მწარმოებლის იარაღებიდან უბრალოდ არ მუშაობს კარგად ან აქვს ცუდი კონსტრუქცია.

დიდი კომპანიები ისეთები როგორიც არის „გლოკი“, „ხეკლერ&კოხი“ ან „ბერეტა“, იშვიათად ყიდიან სხვა წარმოების იარაღს თავისი სახელით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის, თუნდაც „კოლტის“ და “Expanse”-ის მაგალითზე. იგივე ხეკლერ&კოხი მაგალითად ამერიკაში ყიდიდა იტალიური „ფაბარმის“ თოფებს თავისი სახელით. ცხადია „ხეკლერ&ფაბარმის“ თოფი კარგი იარაღია და მომხმარებელს დიდი ალბათობით არ ექნება არანაირი პრობლემა მაგრამ არის ცუდი მაგალითებიც, ისევ და ისევ Expanse-ის შემთხვევაში. სამწუხაროდ არის უბრალო თაღლითობის შემთხვევებივ როდესაც აქაური გამყიდვეელი იყენებს იარაღის ვიზუალურ მსგავსებას ცნობილი მწარმოებლის იარაღთან და ასაღებს მათ ასეთად. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები წარწერების და დამღების გაყალბების ასე, რომ კარგად გამოიძიეთ რას ყიდულობთ და ნუ ენდობით ბრმად გამყიდველს, ეხლა ამ მომენტში როდესაც მე ვარედაქტირებ ამ სტატიას, პოპულარულ ონლაინ მაღაზიის გვერდზე, განყოფილებაში სადაც იყიდება მეორადი იარაღები დევს მინიმუმ ორი იარაღი, რომელზეც არის დამღები და წარწერები გაყალბებული. ასე რომ  იქნება ეს მაღაზია თუ კერძო პირი. გამოიყენეთ მსოფლიოს ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზა – ინტერნეტი, რომელიც თან პრაქტიკულად უფასოა. მე ერთხელ ასე ვიყიდე „თურქული“ თოფი, საკმაოდ დაბალ ფასად, იმიტომ რომ დავინახე ევროპული დამღები რესივერზე და ვიფიქრე რომ არ ღირდა ამ იარაღის ხელიდან გაშვება. საბოლოო „ექსპერტიზამ“ „გუგლის“ დახმარებით დაადგინა, რომ მე მოკრძალებულ ფასად შევიძინე იტალიური „ფაბარმი“, რომელიც დამზადდა იტალიაში, გერმანული ბაზრისთვის. ერთხელაც რეგისტრირებული როგორც „სარსილმაზის“ თოფი მე შევიძინე ისევ იტალიური „ფაბარმი“, რომელიც იმპორტირებულ იქნა თურქეთში „სარსილმაზის“ მიერ სადაც მოხდა მისი უშნო პრიმიტიული გრავირება და იქიდან უკვე თოფი მოხდა „სარსილმაზის“ სახელით საქართველოში და ასეთად დარეგისტრირდა. ასე რომ იშვიათად, მაგრამ არც იარაღის რეგისტრაციის საბუთში მითითებული ინფორმაცია შეიძლება არ იყოს ზუსტი.

არასდროს არ დაუჯეროთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს. არასდროს. არასდროს. და კიდევ ერთხელ არასდროს არ მოუსმინოთ მაღაზიის გამყიდველების რჩევებს და აზრს. მოვა დრო როდესაც ჩვენ მაღაზიაში შესვლისას ყოველთვის დაგვხვდებიან კვალიფიციური, კეთილსინდისიერი პროფესიონალი კონსულტანტები, მაგრამ სანამ ეს დრო არ მოვიდა, ჯობია მათ იმედზე არ იყოთ. ცხადია მე არ ვიძახი რომ ყველა ერთნარია, მარგამ, ინტერესთა კონფლიქტი არის და ეს უნდა გაითვალისწინოთ. გამყიდველი დაინტერესებულია გაყიდვაში და ყველაფერს გააკეთებს, რომ გაიძულოთ იყიდოთ ის რისი გაყიდვაც მას უნდა, ან უფრო სწორედ ჯერ იმის გაყიდვას შეეცდება რაც ყველაზე ცუდათ ეყიდება. მეორადი მანქანის შეძენისას ვინმე ბრმად უჯერებს მანქანის მეპატრონეს? თუ ასეა მაშინ 99% ავარიაში ნამყოფი მანქანა გადაღებილია იმიტომ რომ პატრონმა უბრალოდ გაკრა კარები ან ფრთა ავტოფარეხის კარებს, ხოლო საქართველოში ექსკლუზიურად შემოდის მხოლოდ ექიმების და პროფესორების ნაქონი მეორადი მანქანები.

მოკლედ როგორც მიხვდით მაღაზიაში იარაღის შეძენა ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რისკი იყიდოთ ის რაც არ გინდათ ან აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში სადაც არ გინდათ რომ აღმოჩნდეთ, არ არსებობს. მითუმეტეს როდესაც კონკურენცია გამძარფრებულია და ყველა ცდილობს მაქსიმალურად დაზოგოს ფული იარაღზე და გაყიდოს ის მაქსიმალურად ძვირად. მე პირადად, თითქმის ყოველთვის მირჩევნია მეორადი იარაღის შეძენა კერძო პირებისგან და ფულის ასე დაზოგვა.

ვთქვათ და ინტერნეტში ძიებამ არ მოგცათ რამე საგანგაშო შედეგი და არც რაიმე ცნობა ამ ტიპის იარაღის გამოწვევაზე ვერ მოიპოვეთ. გამყიდველმაც დაგარწმუნათ, რომ რაიმე პრობლემის შემთხვევაში მარტო არ დაგტოვებთ და იარაღს დაიბრუნებს, გამოცვლის ან შეაკეთებს. იარაღიც, რომელიც თქვენ გინდათ, აგერ დევს თქვენ წინ, დახლზე. მოვიდა დრო იარაღის პირველადი დათვალიერების. იარაღის ზუსტი ტქნიკური მდგომარეობის დადგენა არის ექსპერტის საქმე, დამოკიდებულია ცოდნაზე და გამოცდილებაზე და ასევე შესაბამისი საზომი მოწყობილობების და სხვა ტექნიკურის საშულებების გამოყენებაზე. ამაზე ჩვენ საუბარი არ გვაქვს ეხლა. ეხლა ჩვენ გვაქვს საუბარი იმაზე, როგორ შეამციროს რისკი ახალი იარაღის შეძენისას უბრალო ადამიანმა. ეს არ არის ოფიციალური და ზუსტი ინსტრუქცია ან პროცედურა, რომელსაც უნდა მიყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. ეს არის რჩევების ნაკრები, რომლებიც დაფუძნებულია ავტორის პირად ცოდნაზე და გამოცდილებაზე. რაც მინახია მე არ მინდა რომ ნახოთ თქვენ, რაც ვიზარალე მე არ მინდა რომ იზარალოთ თქვენ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ჩემი პირადი დაკვირვებით ალბათობა შეიძინოთ ახალი და გაუმართავი იარაღი საკმაოდ მცირეა, მაგრამმ ამის ალბათობა არსებობს. ამიტომ მე გთავაზობთ რჩევებს, როგორ ეს ალბათობა მინიმუმამდე შეამციროთ.

გაითვალისწინეთ, რომ უნდა დაათვალიეროთ ის იარაღი, რომელსაც იძენთ და არა სადემონსტრაციო იარაღი. კარგი განათების პირობებში (მიდით საკუთარი ფარანით) დაათვალიერეთ იარაღი გარედან. თუ კარგად მოემზადეთ და წინასწარ შეისწავლეთ იარაღი ან იარაღები, რომელთა შეძენას გეგმავთ, წესით უნდა იცოდეთ რას და სად უყუროთ. არის შემოწმების სტანდარტული პროცედურა კონკრეტული იარაღის ტიპისთვის, რომელბსაც ადვილად იპოვით ინტერნეტით, პისტოლეტისთვის, თოფისთვის და ა.შ. ასევე შეიძლება შეამოწმოთ კონკრეტული იარაღის კონკრეტული მექანიზმების შესრულება/ფუნქციონირება, როდესაც ცნობილია რომ მანდ შეიძლება იყოს პრობლემები. მაგალითად ცნობილია, რომ ახალი გამოშვების რემინგტონ 870-ის სავაზნე ხშირად არ ჯდება სპეციფიკაციებში და ზედმეტად ვიწროა ხოლო ლულის შევიწროებები დამზადებულია უხარისხოთ. ამიტომ უნდა შეამოწმოთ მაგალითად გადატენილი (ანუ ოდნავ განიერი) ვაზნა შედის თუ არა სავაზნეში და ყველა შევიწროების (ჩოკის) დაყენებისას ხომ არ ჩანს გადახრები, ანუ „ჩოკი“ ზის კარგად და არ ქმნის დაბრკოლებას ლულის არხში. თუ ვიწრო სავაზნის პრობლემის მოგვარება შედარებით ადვილია (რემინგტონ 870-ის სავაზნე და ლულ არ არის ქრომირებული), ზომებში აცდენილი შევიწროებების გამოყენება სახიფათოა. განსაკუთრებულად ფანატური მყიდველები იყენებენ ლულის და სავზნის საზომ კალიბრებს, ბოროსკოპებს და ასე შემდეგ.   არის ხალხის კატეგორიაც, რომელიც ჯერ ყიდულობს და მერე არკვევს რა იყიდა. ასე რომ ბალანსის დაცვა აუცილებელია, რომ რომელიმე უკიდურესობებში არ გადავარდეთ. თავისთავად ცხადია იარაღს რომელსაც ყიდულობთ ზუსტი სროლისთვის მოწმდება სხვაგვარად ვიდრე ვარშავის ბლოკში გამოშვებული საიერიშო შაშხანა, კონვერტირებული სამოქალაქო ბაზარზე გაყიდვისთვის.

ასევე უნდა შეამოწმოთ იარაღის მექანიზმების მდგომარეობა და მუშაობა. ამის განხორციელება უნდა უპრობლემოდ შეძლოთ იარაღის დათვალიერებისას შეძენის დროს. ლულა და სავაზნე უნდა იყოს სუფთა, ვიზუალური დეფექტების გარეშე. თუ ლულა გავსებულია ზეთით ან მტვერით ან თუნდაც ნამწვავით, მოითხოვეთ ლულის და სავაზნის გაწმენდა. დიახ არის შემთხვევები, როდესაც ზეთის/საფოხის სქელი ფენის ქვეშ იმალებოდა დეფექტები. დიახ, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაღაზიამ უარი განაცხადა წუნიანი იარაღის გამოცვლაზე. ასე რომ დარწმუნდით, რომ ლულა და სავაზნე სუფთაა.

 რაოდენ შელახული და ნაცვეთი არ უნდა იყოს იარაღი, თუ მას კარგი ლულა აქვს ის უკვე იმსახურებს აღდგენას/შეკეთებას ანუ დროის და ფულის ინვესტიციას და პირიქით თუ ლულა არ ვარგა იარაღს ფასიც მკვეთრად კლებულობს.  შაშხანის შეძენისას კარგი იქნება იარაღის ლულის არხის ბოროსკოპით დათვალიერება. განსაკუთრებულად ეს ეხება ძველ იარაღებს. ბოროსკოპით ინსპექტირება გაძლევთ სრულ სურათს იარაღის ლულის მდგომარეობის შესახებ. მე ერთხელ ასე შევიძინე სპარსული მაუზერი, რომელსაც ქონდა იდეალური ლულა და გარედანაც შაშხანა მიუხედავად ასაკისა იყო ახალივით (რაც უკვე საეჭვო უნდა ყოფილიფყო). სინამდვილეში იარაღს ლულა ადრე ქონდა გაბურღული სამ ადგილას მისი დეაქტივაციის მიზნით და უკვე შემდგომ  ლულა შედუღდა და დაფარვა აღდგენილ იქნა. იარაღი პრაქტიკულად განადგურებული იყო და მისი ექსპლუატაცია იყო დაუშვებელი.  ეს იარაღი იყო ჩემი ყველაზე დიდი დანაკარგი, როგორც მორალური ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ბოროსკოპით ინსპექტირება ადვილად გამოავლენდა დეფექტებს და მე შეცდომას აღარ დავუშვებდი.

დააკვირდით მექანიზმების მუშაობას. მცველი ირთვება თუ არა და რეალურად ასრულებს თუ არა თავის ფუნქციას, ანუ გასროლას ხდის შეუძლებელს. როგორ მუშაობს საკეტი, სასხლეტი, მოძრავი ნაწილები. პატარა ხარვეზები დეტალების მორგებაში, მძიმე სასხლეტი ან უხეში საკეტი ახალ იარაღში მისაღებია. მიუღებელია თუ საკეტი გახსნისას ან ჩაკეტვისას იჭედებე ან/და ხელით არ იხსნება, ან თუ არ ხდება ჩახმახის შეყენება.

დააკვირდით რამდენად მყარად არის დამაგრებული კონდახი და ტიბჟირი. ფიქსირებული კონდახი არ უნდა მერყეეობდეს. დასაკეც, გასაშლელ კონდახებში პატარა „ლუფტი“ მისაღებია. თოფში არამყარად და არაზუსტად დამაგრებული კონდახი შედარებით მალე გაიბზარება. გაითვალისწინეთ ყველაფერი რაც არის არამყარად დამაგრებული დიდი ალბათობით კიდე უფრო „არამაყარი“ გახდება ექსპლუატაციის პირობებში. ჩემი დაკვირვებით საქართველოში იარაღის საშუალო-სტატისტიკურ მომხმარებელს აქვს შთაბეჭდილება, რომ  „ლუფტი“ არის ცუდი და რაც უფრო დიდი ლუფტებია მით უფრო ეს ცუდია. როგორც უკვე გითხარით, „ლუფტი“ სანადირო თოფის ფიქსირებულ კონდახში არის ცუდი, ლუფტი „სკს“-ის ტიპის კარაბინის დენთის აირების მილის და რესივერს შორის არაფერი საგანგაშო არ არის. ლუფტი პისტოლეტი საკეტსა და რესივერს შორის არის ნორმა. თავისთავად ცხადია ფიქსირებული ლულის ლუფტი იარაღის რესივერში შეიძლება მეტყველებდეს სერიოზულ პრობლემაზე.  ცხადია რომ ლუფტი სამიზნე მოწყობილობებში ასევე არის მიუღებელი. სამიზნე მოწყობილობებს რაც შეეხევა, ისინი ასევე არ უნდა იყოს გადახრილი ერთმანეთის მიმართ. ლუფტები დამიზნების მექანიზმში გარანტირებულად გამოიწვევს სიზუსტის დეგრადაციას. მათი არაზუსტმა განლაგებამ იარაღზე (თვალით ხილვადი გადახრები, დეფორმაციები) შეიძლება შეუძლებელი გახადოს იარაღის მისროლა, როდესაც გადახრა მათ შორის იმდენად დიდია რომ შესწორების მარაგი ამის კომპენსირებისთვის უბრალოდ არ არის საკმარისი.

თავისთავად ცხადია, რომ იარაღი ბზარებით უნდა ეგრევე გადადოთ. კოსმეტიკური დეფექტები შეიძლება გამოიყურებოდეს საშინლად, მაგრამ რეალურად არანაირ გაველნას არ ახდენდეს იარაღის საიმედოობაზე და შეიძლება ფასი მნიშვნელოვნად შეამციროს. მინახია მე მაღაზიაში იარაღი „სასიკვდილო“ დეფექტით? კი მინახია. მაგალითად მეორადი ბრაუნინგი „ჰაი პაუერი“ გაბზარული საკეტით.

თუ იარაღის ვიზუალურმა დათვალიერებამ და ფუნქციონალურმა შემოწმებამ არ გამოავლინა რამე საგანგაშო პრობლემები, შესაძლებელია მისი შეძენა. უბრალოდ დარწმუნდით რომ მიმართვაში მომსახურების სააგენტოსთვის, რის საფუძველზეც მოხდება იარაღის გაფორმება ჩაიწერება ის იარაღი, რომელიც თქვენ შეამოწმეთ და არა იგივე მოდელის სხვა იარაღი. იყო მცდელობა იარაღის ჩანაცვლების? კი ესეც იყო.

შესაბამისად იარაღიც შეიძინეთ და იფიქრეთ რომ ყველაფერი კარგად არის. ნუ აჩქარდებით. ეხლა იწყება  შემოწმების მეორე ფაზა – ტესტირება სროლით. ეს ნაწილი აქტუალურია, როგორც ბიუჯეტური ასევე ძვირადღირებული იარაღისთვის მაგრამ ბიუჯეტური იარაღისთვის, მე რომ მკითხოთ აუცილებელია.

ტესტები სიზუსტეზე და საიმედოობაზე დაიცდიან, ჯერ დაიწყეთ იარაღის ელემენტების ფუნქციონალურობის შემოწმებით. პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, რომ იარაღის მცველები, მექანიკური თუ ავტომატური მუშაობენ გამართულად. თანამედროვე იარაღები ისეა აგებული, რომ გასროლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ გამორთული მცველის და სასხლეტზე დაჭერის შემთხვევაში, მაგრამ ტექნიკურმა გაუმართაობამ ან ქარხნულმა ბრაკმა შეიძლება ნახაზზე ზე-უსაფრთხო იარაღი აქციოს სახიფათო ნივთად. და დიახ, მე ვნახე პისტოლტი ნაყიდი მაღაზიაში, რომელზეც მცველი დგებოდა დაკეტილ მდგომარეობაში, მაგრამ გასროლის წარმოება მაინც იყო შესაძლებელი. საკეტის გახსნა ჩაკეტვა (მაქსიმალურად ენერგიულად და უხეშად), იარაღის შენჯღრევა, მაგალითად თოფი დამუხტეთ (არ არის აუცილებელი ვაზნების ჩადება) და კონდახით დაარტყით მიწას (ცხადია ისე არა რომ კონდახი დააზიანოთ) დამრტყმელები/ჩახმახი არ უნდა დაეცეს. არც მცველი არ უნდა ჩაირთოს ან გამოირთოს თავისით. თუ მიგაჩნიათ რომ იარაღის შენჯღრევა არაფერს არ გამოიწვევს, თქვენ ალბათ არ გინახიათ ვიდეო როგორ ისვრის თავისით ბრაზილიური „ტაურუსის“ პისტოლეტი, მას მერე რაც მას უბრალოდ შეანჯღრევენ. ასეთი ტესტის მიზანია დარწმუნდეთ რომ მაქსიმალურად უხეში მოპყრობისას, იარაღის დავარდნისას ან სხვა მანიპულაციების შესრულებისას ის არ გაისვრის თავისით.

იმისთვის რომ დარწმუნდეთ, რომ იარაღი არ ისვრის თავისით, დაშალეთ ერთი ან ორი ვაზნა და დატოვეთ მართო ამაალებეელი (ან გამოიყენეთ ფუჭი ვაზნები). ტყვია თუ ჩატოვეთ მასრაში, ამაალებლის ენერგია საკმარისი იქნება რომ ტყვია გაჭედოს ლულის არხში ასე, რომ მასრა უნდა იყოს ცარიელი. უსაფრთხოების ყველა ზომების დაცვით (იარაღი მიმართეთ უსაფრთხო მიმართულებით იმიტომ რომ ფუჭი ვაზნის გასროლა ადამიანის მიმართულბით გამოიწვევს დამწვრობას და სხვა ტრავმებს) ენერგიულად მიაწოდეთ ვაზნა სავაზნეში. ცხადია გასროლა არ უნდა მოხდეს. ზოგ იარაღში ნორმალურია თუ ამაალებელზე რჩება პატარა კვალი დამრტყმელისგან (მაგალითად AR-15-ში). ალბათ ისევ დაგებადათ კუთხვა თუ მინახია მე ასეთი შემთხვევა, როდესაც იარაღმა გაისროლა ვაზნის მიწოდებისას. დიახ მინახია. იმის გამო რომ მსროლელი იცავდა უსაფრთხოების ტექნიკას, არავინ არ დასავდა. იარაღში ნემსა ჩაიჟანგა და დარჩა გამოშვერილ მდგომარეობაში, ვაზნის მიწოდებისას, საკეტის ზამბარის ენერგია საკმარისი გამოდგა იმისთვის რომ მომხდარიყო გასროლა. დიახ ეს იარაღი იყო მეორადი, მაგრამ მაღაზიებშიც იყიდება მეორადი იარაღი.

პრინციპში ამის მერე შეიძლება იარაღის თამამად წაღება სროლით ტესტირებაზე, რაც უკვე ცალკე სტატიის თემაა და ახლო მომავალში ამ თემასაც ჩვებ მივუძღვნით სტატიას.

ცხადია ამ სტატიის წაკითხვის მერე ვიღაცა იფიქრებს, რომ მე ზედმეტად ვართულებ ყველაფერს, მაგრამ ჩინური, თურქული, ბრაზილიური და სხვა იაფი/ძველი იარაღის შეძენისას მე სწორედ ასე მოვიქცეოდი. მე არ ვენდობი ამ ქვეყნებიდან შემოსულ იარაღებს, იმიტომ რომ აბსოლუტური უმეტესობა პრობლემების რაც მე მინახია უკავშირდება სწორედ მათ და ამიტომ გაგიზიარეთ ჩემი მოსაზრებები. მეც ნუ მენდობით ბრმად, მეც ვარ ადამიანი და ვუშვებ შეცდომებს ამიტომ ყველაფერი თავად გადაამოწმეთ.



One Response to “იარაღის არჩევის და შეძენის ნიუანსები”

  1. ლადი says:

    როგორც ყოველთვის. პროფესიონალიზმი დეა დიდი ცოდნა ახასიათებს თქვენს სტატიებს

დატოვეთ კომენტარი