პატარა დიდი პისტოლეტი – Walther P22

14137996_2130048007219736_54210397743476649_o

ჩვენი მორიგი ტესტირების ობიექტი ამჯერად არის საქართველოში საკმაოდ გავრცელებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტი “Walther P22″.  ვალტერი ამ პისტოლეტს უშვებს 2001 წლიდან და შეიძლება ითქვას რომ პისტოლეტი კომერციულად წარმატებული გამოდგა, ხოლო რატომ, შევეცდებით მის მიმოხილვაში ავხსნათ.

კონსტრუქციულად „P22“ არის ტიპიური „ბლოუბექი“ ანუ ის იყენებს თავისუფალ საკეტს და ფიქსირებულ ლულას. საკეტი ორ კომპონენტიანია, საკეტის ჩარჩო დამზადებული მსუბუქი შენადნობისგან, ხოლო მის შიგნით ერთი ხვეული პინი იჭერს საკეტის გულს, რომელშიც მოთავსებულია დამრტყმელის მცველი, დამრტყმელი და ექსტრაქტორი. პისტოლეტის ჩარჩო პლასტმასის არის.  ტარს ისევე როგორც “Walther P99″-ზე, აქვს საზურგის გამოცვლის ოფცია. პისტოლეტი ვიზუალურად გავს 9მმ-ან Walther P99-ს თუმცა ბევრად უფრო მსუბუქია და შედარებით პატარა. ისევე როგროც P-99-ზე საზურგეები იდეალურად შესრულებულია, ადვილად იხსნება (საკმარისია გამოაძროთ შტიფტი ტარის ძირში) და დაყენებული ის გამოიყურება, როორც ტარის განუყრელი ნაწილი. ამიტომაც პისტოლეტს აქვს ძალიან ერგონომიული სახელური. მისი წყალობით პისტოლეტი მიუხედავად იმისა, რომ პატარაა ღრმად ზის ხელში მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდი ხელებიც რომ გქონდეთ, საკეტი ხელს არ წამოედება. ჩარჩოზე ასევე შესრულებულია პატარა ზომის „პიკატინის“ სამაგრი, რომელზეც ყენდება ვალტერის ორიგინალური აქსესუარების განკუთვნილი სპეციალურად ამ იარაღისთვის. პისტოლეტი იწონის 430 გრამს. ლულის სიგრძე მოკრძალებული 87მმ-ია ხოლო მის ბოლოზე შესრულებულია ხრახნები და დაყენებულია ხრახნების დამცავი ხუფი. ქანჩი მის მოსახსნელად შედის პისტოლეტის კომპლექტში.

twop22

ჩვენი პისტოლეტის ჩარჩო კონსერვატიული შავი ფერის არის, მაგრამ ეხლა “P22”-ები გამოდის სხვადასხვა ფერის  ჩარჩოებით. მარცხნივ სტანდარტული პირობითად პირველი თაობის პისტოლეტი, მარჯვნივ პისტოლეტი ახალი დიზაინით, რომელიც ამჯერად წააგავს Walther PPQ-ს და კამუფლირებული ჩარჩოთი. პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი მჭიდი, სათადარიგო კორები (წინა სამიზნე მოწყობილობა), გასაღები, ლულის დაბოლოების დამცავი ხუფის ქანჩი, ტარის საზურგეები, ინსტრუქცია, პლასტმასის ღერძი (მის დანიშნულებზე ცოტათი მოგვიანებით მოგოყვებით)  და ყველაფერი ეს ჩალაგებულია პლასტმასის კეისში. 

P-22-ის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის, გარედან განლაგებული ჩახმახით.

3-1019754_1

იარაღს მოყვება ორი 10 ვაზნიანი მჭიდი კომპლექტში. მჭიდის კორპუსი ფოლადის არის, ხუფები პლასტმასის. მჭიდებს გვერდიდან აქვთ ღილაკი, რომ თითით დაწიოთ ზამბარა მჭიდის ვაზნებით ავსებისას. ეს ოფცია ჩემი აზრით არის აუცილებელი მცირეკალიბრიანი იარაღების მჭიდებზე მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი არ იყენებს.

პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები პლასტმასის არის. უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება შესაძლებელია ჰორიზონტალურ სიბრტყეში, ხრახნის მეშვეობით. ვერტიკალური შესწორებისთვის შესაძლებელია წინა სამიზნე მოწყობილობის გამოცვლით, რომლებიც პისტოლეტს კომპლექტში მოყვება. ყველაფერი ეს იარაღის მისროლას მნიშვნელოვნად აადვილებს.

“P22” არის უსაფრთხო იარაღი. ის აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის მექანიკური მცველით, დამრტყმელიs მცველით და მჭიდის მცველით. ასევე საკეტის ზედა ნაწილში არის ღარი, რომელშიც ჩანს ვაზნა მოთავსებული სავაზნეში. მექანიკური მცველი განლაგებული საკეტზე ბლოკავს დამრტყმელს და არ აძლევს საშუალებას ჩახმახს მიწვდეს მას. ანუ სასხლეტს რომ დააჭიროთ ჩახმახი დაეცემა მაგრამ უბრალოდ ის დაეჯახება მცველის ღერძს და ვერ მიწვდება დამრტყმელს. მაგალითად იმისთვის რომ დაუშვათ ჩახმახი შესაძლებელია დააყენოთ იარაღი მცველზე და დააჭიროთ სასხლეტს. ჩახმახი დაეცემა ისე თითქოს მოხდა დეკოკერის გამოყენება, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ნაცვლად სასხლეტზე დაჭერისა, ჯობია დაუშვათ ჩახმახი თითით, რომ გამორიცხოთ გასროლა, თუ მაგალითად დაგავიწყდათ იარაღის მცველზე დაყენება. დამატებით დამრტყმელის მცველი გამორიცხვას გასროლას თუ არ მოხდა სასხლეტზე თითის დაჭერა. მაგალითად თუ იარაღი დავარდა ჩახმახით მიწაზე. მჭიდის მცველი თიშავს სასხლეტს და თუ მჭიდი იარაღში მოთავსებული არ არის გასროლა შეუძლებელია. ჩემი აზრით ეს უსაფრთხოების ფუნქცია უკვე ზედმეტია. თუ ეს ყვეალფერი საკმარისი არ არის, გეტყვით ასევე რომ შესაძლებელია პისტოლეტის გასაღებზე ჩაკეტვა. ჩარჩოს მარჯვენა მხარეს არის „კლიტე“ რომელიც იკეტება გასაღებით. გასაღები პისტოლეტს კომპლექტში მოყვება.

“P22” შედარებით ადვილად იშლება. დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია, ისევე როგოც Walther P99-ზე, ჩამოწიეთ დაბლა საკეტის ჩამკეტი, შემდეგ როგორც „მაკაროვზე“ გაწიეთ საკეტი ბოლომდე უკან და აწიეთ მაღლა. საკეტი უნდა მოცილდეს ჩარჩოს. ამოიღეთ დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი, რომელიც სხვათაშოის არის ფოლადის და არა პალსტმასის.  იარაღი მზად არის გასაწმენდად.

პისტოლეტის კონსტრუქცია ტექნიკურად გავს Walther G22 ტიპის შაშხანას. ეს არის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმს და ის მოთავსებულია პლასტმასის ჩარჩოში. პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი დამზადებულია ნაბეჭდი და ჩამოსხმული (MIM) ნაწილებისგან და ისევე როგორც G22, “P22”-ის კონსტრუქცია არანაირად არ არის მარტივი და საკმაოდ ბევრ დეტალსაც იყენებს. ორივე ასე ვთქვათ ტიპიური გერმანული იარაღებია, რთული მაგრამ მუშა და საიმედო. ორივე იარაღი ასევე იყენებს ერთი და იგივე მჭიდებს, განსხვავდება მხოლოდ ხუფების ფორმაშია.

უფრო სერიოზული წმენდისთვის შესაძლებელია ლითონის რესივერის პლასტმასის ჩარჩოდან ამოღება.  ამისთვის უნდა ამოაგდოთ ორი პინი და ამოწიოთ ლითონის რესივერი, რომელიც ტექნიკურად არის იარაღის ძირითადი ნაწილი და სწორედ მასზე და ასევე საკეტზე არის დატანილი სერიული ნომერიც. ყუარადღება მიაქციეთ საკეტის შემაკავებელს და მის V ფორმის ზამბარას, რომ დაშლისას ზამაბარა არ ამოხტეს და არ დაიკარგოს. შესაძლებელია რესივერის ბოლომდე დაშლა, ორი ხრახნის ამოღების შემეგ მაგრამ, ამის გაკეთებას ვურჩევ იმას ვისაც აქვს ასეთ შედარებით რთულ დ ფაქიზ მექანიზმებთან მუშაობის გამოცდილება. თუ ოდესმე ამოიღებთ რესივერს ჩარჩოსგან, დარწმუნდით რომ ხსენებული ორი ხრახნი, რომელიც კრავს რესივერის ორ ნახევარს ბოლომდე გადაჭერილია და თუ არის საშუალება გამოიყენეთ ხრახნების ფიქსატორი (ლურჯი “locktite”).

p22resiver

ჩარჩოდან ამოღებული “P22”-ის ლითონის რესივერი, რომელიც აერთიანებს ლულას და დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს.

პისტოლეტის დამაბრუნებელი ზამბარა და მისი ღერძი არ არის გადაბმული ანუ ცალკე დეტალებია. აწყობისას თუ ზამბარა შიგნით აიხლართა და ამასობაში მოახერხეთ და საკეტი გაუკეთეთ ჩარჩოს, ჩათვლეთ, რომ სერიოზულ შარში ხართ. იარაღის დაშლა და ზამბარის მოხსნა ხდება ძალიან რთული და შესაძლებელია ზამბარის ან იარაღის დაზიანება. ეს რომ არ მოხდეს აწყობისას გამოიყენეთ პლასტმასის ღერძი რომელიც  კომპლექტში მოყვება პისტოლეტს.

p22guide rod

იმისთვის რომ ზამბარა არ აიხლართოს შიგნით, წამოაცვით მას პლასტმასის ღერძი. როგორც კი საკეტს გაუკეთებთ ჩარჩოს ის თავისი ამოვარდება.

რაიმე დამატებითი, განსაკუთრებულ პროცედურები ან თავისებურებები ამ იარაღის მოვლისთვის არ არსებობს. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება ორ ხრახნს რომელიც კრავს ფოლადის ქვე-ჩარჩოს და შეეცადეთ ლულის წმენდისას არ გამოიყენოთ რკინის შომპოლი. დანარჩენში ეს იარაღი ისევე იწმინდება, როგორც ნებისმიერი სხვა ნახევრად-ავტომატური პისტოლეტი და რა თქმა უნდა read the fucking manual, ანუ წაიკითხეთ წყეული ინსტრუქცია, სადაც მოცემულია ის მინიმუმი რაც უნდა იცოდეთ თქვენ იარაღზე.

რაც შეეხება “P22”-ის გამოყენების ფილოსოფიას, ის  არის „პლინკერი“, შექმნილი Walther P99-ის „მოტივებზე“, მაგრამ იმის თქმა რომ “P22” არის “P99”-ის სავარჯიშო ვარიანტი ნამდვილად არ შეიძლება. პისტოლეტები გვანან ერთმანეთს მხოლოდ ვიზუალურად, ხოლო მასა, გაბარიტები, მართვის ელემენტები და კონსტრუქცია ძირეულად განსხვავდება. “P22” არის ტიპიური „კვაზი ტაქტიკური“ პლინკერი, ანუ მცირეკალიბრიანი პისტოლეტი გასართობი სროლისთვის, მაქსიმალურად მიმზგავსებული საბრძოლო იარაღს. მცირეკალიბრიანი პისტოლეტების მეორე ოჯახს განეკუთვნება მოდელები, რომლებიც განკუთვნილია მიზანში სროლისთვის და სპორტისთვის. ესენია მაგალითად Colt Woodsman, Hi-Standard, Browning Buckmark, Ruger Mk1,2,3 და ასე შემდეგ. რომელ მოდელზე გააკეთოთ არჩევანი თქვენი საქმეა, მაგრამ ჩემი აზრით “P22” და მისი ანალოგები უფრო გათვლილია ადამიანებზე, რომლებიც ყიდულობენ თავის პირველ იარაღს ან სურთ ასწავლონ სროლა თავის შვილებს. იარაღი ლამაზად, „ტაქტიკურად“ გამოიყურება. სავსეა უსაფრთხოების სისტემებით, მაგრამ მისი მოდით ასე ვთქვათ საბრძოლო თვისებები და გამძლეობა გრძელვადიან პერსპექტივაში საკითხავია. ლულა მეტისმეტად მოკლეა, პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები ვერ გაუძლებენ უხეშ მოპყრობას. მოკლედ “P22”  არის კლასიკური სამოქალაქო „პლინკერი“, მაგრამ თავისი უნიკალური თვისებებითაც. ესენია მცირე ზომები და წონა, იარაღი ძალიან ადვილად იშლება, ხელმისაწვდომია ბევრი აქსესუარი და მას აქვს ყველაფერი რაც გვხვდება საბრძოლო და თანაც ძვირიან, თანამედროვე პისტოლეტებში. ფასს რაც შეეხება, საქართველოში “P22” საკმაოდ ბევრია და ფასიც არ არის მაღალი. ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ერთ მაღაზიაში მართალია “P22” -ს ადევს 1650 ლარი, მაგრამ ავტორმა შეიძინა მეორადი იარაღის ბაზარზე პრაქტიკულად ახალი პისტოლეტი სულ რაღაც 500 ლარად.

viridianp22

“P22” არის ხარისხიანად შესრულებული იარაღი. დეტალები უნაკლოდ არის შესრულებულია. არაფერი არ არის მორყეული ან ცუდათ მორგებული. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა და არც ისე დიდი ფასისა პისტოლეტი არ გამოიყურება როგორც იაფი იარაღი. შთაბეჭდილებას ოდნავ აფუჭებს სხვადასხვა წარწერების და დამღების სიმრავლე მაგრამ ეს გემოვნების ამბავია. სურათზე პისტოლეტს დამატებით დაყენებული აქვს ლაზერული სამიზნე მოწყობილობა Viridian WP22.  

სიმართლე რომ გითხრათ ეს “P22” არის უკვე მესამე, რომელიც ჩემ საკუთრებაში იყო. სულ პირველი “P22” მე შევიძინე ჯერ კიდევ იმ დროს როდესაც საერთოდ არც ვფიქრობდი მეწერა იარაღებზე. მეორეც არც ისე დიდიხნის წინ მქონდა მაგრამ დიდი ხანი არ გამიჩერდა. მახსოვს ის პირველი „ვალტერი“ რომ შევიძინე, მივიტანე ტირში სადაც დამხვდა ჩემი მეგობარი და ცელოფნის პარკში მას ჩალაგებული ქონდა ასე 300-400 ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოების ვაზნა. უმეტესობა დაფარული გამხმარი პარაფინით და რა თქმა უნდა რკინის მასრებით.  დროში ორივე შეზღუდული ვიყავით და ამიტომაც ეს ვაზნები ისე სწრაფად ვისროლეთ რამდენად სწრაფადაც ვახერხებდით ორი მჭიდის ვაზნებით ავსებას. პისტოლეტს ბოლი ასდიოდა მაგრამ ეს ვაზნები შეჭამა მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე. ამის მერე მე მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს თანამედროვე „ტაქტიკური პლინკერები“ (Walther P22, SIG Mosquito, GSG-1911), ჩემთვის ჩავინიშნე რომ პატარა „ვალტერი“ არ არის ზედმეტად პრეტენზიული ვაზნებთან მიმართებაში, რასაც ვერ ვიტყვი SIG Mosquito-ზე, რომელიც არ მუშაობდა ყველა ვაზნასთან.

მცირეკალიბრიან იარაღის საიმედოობის ხარისხი პირველ რიგში ზარალდება გამოყენებული ვაზნის გამო. .22LR არ არის ვაზნა, რომელიც მაინცდამაინც საუკეთესოა ავტომატური იარაღისთვის. თავიდან ეს ვაზნა იქმნებოდა რევოლვერებისთვის და ხელით გადასატენი შაშხანებისთვის. როდესაც ჯონ ბრაუნინგი ქმნიდა თავის 1905 წლის მოდელის პისტოლეტს, მან როგორც ჩანს დაასკვნა რომ .22LR არ იქნებოდა საიმედო და ამიტომაც შექმნა მისი ანალოგი ცენტრალური აალებით – „6.35 ბრაუნინგი“. ბუნებრივია გარსით დაფარული ტყვიის და ცენტრალური აალების სქემის გამო ეს ვაზნა ბევრად უფრო ძვირი გამოვიდა და ვერ ჰპოვა ისეთი გავრცელება, როგორც .22LR-მა. უკანასკნელს აქვს რბილი ტყვია,  გარსის გარეშე და თხელი მასრა, რის გამო ტყვიის თავის ან ვაზნის დეფორმაცია შესაძლებელია ხელით. დენთის ნესტის ზემოქნედებისგან დაცვის მზინით გამოიყენება პარაფინი, რომელიც დამატებით აბინძურებს იარაღს ხოლო თუ ის გახმა საგრძნობლად ზემოქმედებს საიმედოობაზე და ბოლოს მასრას აქვს რკალი, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე დიდია რაც განაპირობებს სპეციფიური მჭიდის  გამოყენებას სადაც ვაზნები ლაგდება კუთხით და როგორც წესი ერთ რიგად, რის გამო მიუხედავად ვაზნის პატარა ზომისა აბსოლუტური უმეტესობა პისტოლეტების იყენებს მაქსიმუმ 10 ვაზნიან მჭიდებს. ჩემი დაკვირვებით არც წრიული აალების სქემა არ გაოირჩევა საიმედოობით, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი დაბრკოლება .22lr ვაზნების სროლისას არის როდესაც დამრტყმელის დარტყმას არ მოყვება გასროლა. და ბოლოს გარდა ამ ყველაფრისა ამ კალიბრის სხვადასხვა მუხტების საწყისი სიჩქარეები შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. 240 მ/წ-დან 520 მ/წ-მდე რაც ორმაგი განსხვავებაა.  მნიშვნელოვნად შეიძლება განსხვავდებოდეს ტყვიის ფორმაც. ამ პრობლემის აღმოფხვრის მიზნით ბოლო დროს მწარმოებლები აკომპლექტებენ იარაღებს სხვადასხვა წონის დამაბრუნებელი ზამბარებით, რომლებიც გათვლილია ვაზნებზე სხვადასხვა საწყისი სიჩქარით ან უბრალოდ უთითებენ ინსტრუქციაში რა ტიპის ვაზნების გამოყენება სასურველია იმისთვის რომ იარაღი საიმედოთ მუშაობდეს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ .22 კალიბრის ავტომატური იარაღები გამოირჩევიან ნაკლები საიმედოობით, რაც დასტურდება ჩემი ჩანაწერებითაც. წლების განმავლობაში ათობით მცირეკალიბრიანი იარაღის ექსპლუატაციისას, დაბრკოლებები იმდენი დაგროვდა, რომ მე გამოვყავი .22 კალიბრის იარაღების სტატისტიკა ცენტრალური აალების ვაზნებზე გათვლილი იარაღების სატატისტიკისგან.

p22options

ოფციებით გაჯერებული P22, პრაქტიკულად ყველაზე მდიდრულად დაკომპლექტებული .22 კალიბრის პისტოლეტია. მეტის მოთხოვნა ამ ფასად უბრალოდ არ შეიძლება. 

ასე რომ შეეგუეთ, რომ თუ იყენებთ სხვადასხვა .22lr კალიბრის ვაზნებს, ადრე თუ გვიან მიაგნებთ ისეთს, რომელზეც თქვენი იარაღი კატეგორიულ უარს იტყვის. ზოგ იარაღი უფრო გათვლილია სწრაფ და ზე-სწრაფ (high velocity, hyper velocity) ვაზნებზე, ეს ეხება მეტ წილად თანამედროვე იარაღებს, ზოგი პირიქით სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებზე. ეს უკვე განსაკუთრებით ეხება ძველ იარაღებს, რომლებიც გამოშვებულია იმ დროს როდესაც ზე-სწრაფი .22 კალიბრის ვაზნები არც არსებობდა. ჩემი აზრით კარგი იარაღია ის რომელიც მუშაობს ყველაზე იაფ და სუსტ ვაზნებზე. “პლინკერი” უნდა სწორედ ასეთ ვაზნებზე მუშაობდეს საიმედოთ. იმიტომ რომ “პლინკინგი” ანუ გასართობი/რეკრეაციული სროლა პირველ რიგში ითხოვს იაფ ვაზნებს ხოლო სამიზნეს ტყვია რა სიჩქარით მოხვდება ამას არანაირი აზრი არ აქვს. გარდა ამისა ჩემი დაკვირვებით უფრო ნელი ტყვიები უფრო უკეთეს სიზუსტეს აჩვენებენ, რისი მიზეზიც არის სავარაუდოთ ის რომ რბილი ტყვია უკეთესად იჭრება ხრახნებში და კარგად სტაბილიზირდება. რხევა და ვიბრაციაც ნაკლებია.

400px-waltherp22ca

Walther P22CA, მოდელი გრძელი ლულით (127მმ) და ე.წ. ლულის სტაბილიზატორით რომელიც აგრძელებს საკეტის ფორმას და მასზე განლაგებული მორას წყალობით სამიზნე ხაზიც უფრო გრძელია 170მმ, 130მმ-ის ნაცვლად. დანარჩენში ეს პისტოლეტები აბსოლუტურად იდენტურია. 

შეიარაღებული ამ ცოდნით ჩვენ გქვონდა მოლოდინი რომ იარაღი უპრობლემოდ იმუშავებდა, მაგრამ ცხადია არ ველოდებოდით სპორტული იარაღის სიზუსტეს. ჩვენ სპეციალურად მოვაგროვეთ ექვსი მუხტი და დამატებით ნაყარი ძველი, ვაზნები სხვად სხვა ტიპის ტყვიებით. ვისროლეთ როგორც ზე-სწრაფი, სწრაფი, სტანდარტული და ასევე “საბ-სონიკ” მუხტები. ტყვიები იყო მრგვალთავიანი, ექსპანსიური, კონუსური ფორმის, დაფარვით და დაფარვის გარეშე, ლატუნის და რკინის მასრებით. მოკლედ პრაქტიკულად ყველანაირი .22lr კალიბრის ვაზნა, რომელიც შეიძლება შეგხვდეს. როგორც ველოდით და ვიმდეოვნებდით, პისტოლეტმა მოინელა ყველა ვაზნა შეფერხების გარეშე. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ  P22 არის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მცირეკლაიბრიანი პისტოლეტი, რომელიც ჩვენ შეგვხვედრია. ასევე ტესტირებისას ჩვენ მივაქციეთ ყურადღება იმას, რომ ექსტრაქცია იყო არაერთგვაროვანი. ძალიან სუსტი “ელეი სპორტის” გამოყენებისას, მასრები მსროლელის ფეხებთან ვარდებოდა, ორჯერ პისტოლეტი არ დადგა საკეტის შემაკავებელზე, რაც ნიშნავდა რომ კიდე ცოტაც და მოხდებოდა დაბრკოლება, მაგრამ მაინც პისტოლეტმა მოინელა ერთი კოლოფი ამ ვაზნების შეფერხების გარეშე. ინეტრენტში არის “რეცეპტები” P-22-ის “ტიუნინგის” მათ შორის ექსტრაქციის გაუმჯობესების, მაგრამ თუ იარაღი მუშაობს, მისი ხელის ხლება არ ღირს. შეგახსენებთ, მხოლოდ რომ სროლისას დამცავი სათვალე აუცილებელია. P-22-ის შემთხვევაში ის დაგიცავთ თქვენ დენთის ნაწილაკებისგან და თუნდაც უკან გამოსროლილი მასრისგან.

რა თქმა უნდა შემოწმდა პისტოლეტის სიზუსტე. სროლა ხორციელდებოდა ხელიდან 15 მეტრზე, ხოლო ქვემოთ მოცემულია სროლის შედეგები 15 მეტრზე ხელიდან.

Winchester SuperX Sub-sonic – 5.5სმ

Sellier&Bellot HP- 4.5სმ

Eley Sport – 5სმ

CCI MiniMag – 5.5სმ

Sobol LVE – 4.8სმ

Sellier&Bellot High Velocity – 4.8სმ

შედეგები არ არის განსაკუთრებულად გამაოგნებელი მაგრამ, იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიუანსი. პისტოლეტს მკვეთრად გამოხატული ჩვევა აქვს ერთი ტყვია აქციოს “ფლაიერად” და ზევით ჯგუფები მოცემულია ერთი “ფლაიერის” გამორიცხვით (სამ შემთხვევაში ექვსიდან).  ფლაიერი არის ტყვია რომელიც ანომალიურად შორს არის ძირითადი შეჯგუფებისგან. ეს ფენომენი აღწერილია არა ერთ მიმოხილვაში სხვადასხვა პისტოლეტების. რა არის ამის მიზეზი დადგენა ძნელია. შესაძლებელია საქმე იყოს იმაში, რომ პირველი ვაზნა თავსდება მექანიკურად მსროლელის მიერ ხოლო დანარჩენი ვაზნები ავტომატურად გადატენვით და ვაზნის განთავსება სავაზნეში ხდება სხვანაირად რაც იწვევს ამ ფენომენს. მოკლედ არ ვიცი ზუსტად მაგრამ ეს ფენომენი ამ კონკრეტულ პისტოლეტში არსებობს. ტყვია ძალიან შორს არ ხვდება, უბრალოდ ის უფრო მეტად არის დაცილებული ძირითადი ჯგუფისგან. გარდა ამისა ჩვენ აღმოვაჩინეთ რომ უკანა სამიზნე მოწყობილობა ოდნავ თამაშობდა ზევით ქვევით რამაც ასევე ალბათ დააზარალა სიზუსტე მაგრამ, რაც არ უნდა იყოს P-22 არ არის სპორტული პისტოლეტი. 15 მეტრიდან ამ იარაღიდან გარანტირებულად გაარტყავთ “კოკა-კოლის” ქილას და მეტი მას არც მოეთხოვება. რა თქმა უნდა გაარტყავთ თუ სროლა იცით. თუ იცით არც P-22  არ გიმტყუნებთ. რაც მთავაროა ეს პისტოლეტი არის აბსოლუტურად საიმედო და არ გაჭედავს სროლისას. უბრალოდ არ დაგავიწყდეთ კარგად დაზეთოთ პისტოლეტი,  და წმენდისას მიაქციოთ ყურადღება რომ საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, მჭიდი და სავაზნე იყოს სუფთა.

ბოლოს დავამატებდი, რომ სროლა P-22-დან ძალიან სასიამოვნოა. უკუცემა პრაქტიკულად არ არის. იარაღი ზის ღრმად  ხელში მაგრამ გამორიცულია რომ საკეტი გამოედოს ხელს. სამიზნე მოწყობილობები დიდია და დამიზნება ადვილია თუმცა ჩემი აზრით უკანა სამიზნე მოწყობილობა ძალიან განიერია და მასში კორა ძალიან ვიწრო ჩანს. ხანდახან სამიზნეები ისეა შესრულებულია რომ შუქს ცუდათ ატარებენ და დამზინეაბ ძნელია, ამ შემთხვევაში პირიქით მაგრამ სამაგიეროდ ცუდი განათების პირობებში დამიზნება ცოტათი უფრო ადვილი იქნება. იარაღის მართვის ელემენტები უნაკლოდ მუშაობენ. მცველით, საკეტის შემაკავებლით, მჭიდის ღილაკით ოპერირება ადვილია. ყველაფერი თავის ადგილას არის და ისე მუშაობს როგორც უნდა მუშაობდეს გერმანული წარმოების იარაღში. პისტოლეტის სასხლეტი არის კარგი, ის არ არის უნიკალური, რამით გამორჩეული, თავისი მახასიათებლებით ის ზუსტად შეესაბამება იარაღის დანიშნულებას. სვლა სასხლეტს ოდნავ გრძელი აქვს, რესეტი კარგია, წონა ერთმაგ რეჟიმში 2.2 კგ, ორმაგ რეჟიმში 5.7კგ.  რამდენადაც ჩემთვის ცნობილია P-22 არის ყველაზე გავრცელებული .22 კალიბრის პისტოლეტი მსოფლიოში. საქართველოში ის “მარგოლინთან” ერთად ასევე ყველაზე ხშირად გვხვდება, და ეს გასაკვირი არ არის. ეს პისტოლეტი ისევე კარგად მუშაობს როგორც გამოიყურება.

P-22 არ არის თავდაცვითი იარაღი და მისი ამ როლისთვის რეკომენდირება არ შეიძლება. .22 კალიბრის ტყვიას 87მმ-ნი ლულიდან ექნება ძალიან დაბალი საწყისი სიჩქარე, მაგრამ რამე არ შეგეშალოთ, P-22 არის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც შეუძლია მოკლას ადამიანი, უდიერად მოპყრობას ეს იარაღი არ გაპატიებთ და თუ ღმერთმა არ ქნას და მოგიწიათ ამ პისტოლეტის გამოყენება თავის დასაცავად, მაშინ გამოგადგებათ მისი ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები და უმჯობესია მჭიდში ელაგოს ყველაზე ძლიერი ვაზნები, მითუმეტეს როდესაც პისტოლეტს არანაირ შეზღუდვა ასეთი ვაზნების გამოყენებისას არ აქვს.

p1070663

გაბარიტებით და საცეცხლე ძალით P22 შუაში დგას “გლოკ 19″-სა და “ჩზ92″-ს შორის. 10+1 ვაზნაც კარგად ჯდება ამ პატარ პისტოლეტის ფორმატში. 

ამ მიმოხილვის დასასრულს მე მინდა გითხრათ, რომ P-22-ის შემთხვევაში, რაც უფრო ახალია პისტოლეტი მით უკეთესი. პირველი გამოშვების P-22-ები იყო საკმაოდ პრობლემური პისტოლეტები და ლომის წილი პრობლემების უკავშირდებოდა მჭიდების არასრულყოფილ კონსტრუქციას. ასე რომ იმისთვის, რომ P-22-მა საიმედოთ იმუშაოს, ახალი პისტოლეტიდან უნდა ისროლოთ 15-200 ძლიერი ვაზნა, რომ პისტოლეტი “მოჯდეს”, ეს ეხება პირველ რიგში დისკონექტორის ყურებს რომლებიც შესრულებულია სასხლეტის ბერკეტზე და ედება საკეტს და იარაღი უნდა იყოს კარგად დაზეთილი. როგორც წესი ასეთ შემთხვევაში P-22 უპრობლემოდ მუშაობს.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. Walther P-22 ითვლება იაფ იარაღად, ითვლება რომ ის შექმნილია Umarex-ის მიერ, რომელიც უშვებს აირსოფტ და პნევმატურ იარაღებს და მათ შორის ფლობს “Walther”-ს, ინტერნეტში ხშირად წერენ პრობლემებზე ამ პისტოლეტთან, მაგრამ ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება ამ იარაღთან და ჩვენ შეგახსნებთ გვქონდა სამი P-22. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე P-22 არის ულტრა საიმედო და კარგი გასართობი პისტოლეტი. ის ისევე როგორც საბრძოლო პისტოლეტები დაკომპლექტებულია ყველაფრით რაც საბრძოლო პისტოლეტს უნდა ქონდეს მაგრამ ამავე დროს იყენებს იაფ ვაზნას, ღირს ნაკლები და არის ბევრად უფრო კომპაქტური. ეს პისტოლეტი არის იმისთვის ვისაც სურს დახვეწოს თავისი ზუსტი სროლის უნარი, ეს იარაღი არის შექმნილი გასართობი სროლისთვის და თქვენი მეგობრები შეაფასებენ მის მაგარ გარეგნობას და ყველა ერთად შესანიშნავად გაერთობით ამ იარაღიდან სროლისას. შეძენისას მიიღეთ გარანტიები რომ იარაღი უპრობლემოა. ეს წესი ეხება ყველა “ბიუჯეტურ” იარაღს.



დატოვეთ კომენტარი