ჩვენი ტესტი – AKC-74У

aksu22

პირადად ჩემთვის „ბნელი 90-ები“ და თბილისის ომი ანუ პრაქტიკულად მთელი ჩემი ბავშვობა ასოცირებულია „კალაშნიკოვის“ ავტომატებთან. იარაღები მე ბავშვობიდან მიზიდავდა და ამიტომაც სკოლის რვეული ავსებული მქონდა იარაღების ნახატებით სადაც დომინირებდა ერთი, უჩვეულოდ მოკლე, უცნაური „ლულით“ და არა პროპორციულად დიდი მჭიდით. ცხადია ასე მე აღვითქვავდი 5.45 კალიბრის AKC-74У-ს, რომელი თავისი კომპაქტური ზომების გამო დიდი პოპულარობით სარგებლოდა იმ დროს თბილისში მოქმედი არარეგულარულ შეიარაღებულ ფორმირებებში, ბანდებში თუ სხვაგვარ შეიარაღებულ დაჯგუფებებში. „რეიბანები“, „ტელნაშკა“ და „აკსუ“ 45 ვაზნიანი მჭიდით იყო „რემბოს“ აუცილებელი ატრიბუტები, “სტეჩკინთან” ერთად. მოგვიანებით, როდესაც ჩემი დაინტერესება გადაიქცა გატაცებად მე დავიწყე რუსული სპეციალიზირებული ჟურნალების კითხვა. აღნიშნულ გამოცემებში განსაკუთრებით “Soldier of Fortune”-ის რუსულ გამოცემაში ჯერ კიდევ ღიად და პირდაპირ წერდნენ ჩეჩნეთის ომზე, ღალატზე, კორუფციაზე, გენერლების სიბეცეზე. საბრძოლო გამოცდილებაზე და რაღა თქმა უნდა იმ დროს საშტატო იარაღის საბრძოლო პირობებში გამოყენებაზე. წაკითხულიდან გამომდინარე მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ AKC-74У დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა. ამის პარალელურად არ წყდებოდა დებატები 5.45×39 კალიბრის ავკარგიანობაზე ძველ ნაცად 7.62×39-თან შედარებაში. რომ შევაჯამო იმ დროინდელი გამოხმაურებები, გამოდიოდა, რომ AKC-74У ადვილად ხურდებოდა, არ გამოირჩეოდა სიზუსტით ხოლო 200 მეტრის ზევით მისი ვაზნა იყო არაეფქტური.

გავიდა წლები, შესაძლებელი გახდა იარაღების შეძეენა, ჩემ ხელში გაიარა ათობით იარაღმა და ერთ 20xx წლის ცხელ ზაფხულს მე მომეცა საშუალება ახლოს გამეცნო AKC-74У, იარაღი რომელიც აქამდე ჩემთვის მიუწვდომელი იყო. ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ ჩემ შეხედულებას ამ უდაოდ საინტერესო იარაღზე.

მე არ ვაპირებ აქ AKC-74У-ს შექმნის ისტორიის მოყოლას. აკრიფეთ გუგლში იარაღის სახელი და თქვენ განკარგულებაში იქნება ტონობით მასალა რომელიც დეტალებში აგიღწერთ საბჭოთა/რუსული იარაღის შექმნის ისტორიას. ამ ისტორიის გამეორება არ არის ჩემი მიზანი, ჩემი მიზანია შევაფასოთ აღნიშნული იარაღი მსროლელის თვალსაზრისით და გავარკვიოთ რას წარმოადგენს ის რეალობაში.

AKC-74У მიღებული იყო შეიარაღებაში 1980 წელს და ის უნდა ყოფილიყო მედესანტეების და საბრძოლო გათვლების, მანქანების ეკიპაჟების საშტატო შეიარაღება. იარაღი მაქსიმალურად უნიფიცირებული იყო იმ დროს შეიარაღებაში მყოფ AK-74-თან, რამაც პრინციპში განაპირობა ამ იარაღის უცნაური სახელის „მოდერნ“-ის მქონე კონკურსში გამარჯვება. დრაგუნოვის, სიმონოვის და სტეჩკინის მიერ წარდგენილი ავტომატები გამოირჩეოდნენ ორიგინალური კონსტრუქციით მაგრამ მათ არ ქონდათ არაფერი საერთო  AK-74-თან გარდა რა თქმა უნდა კალიბრისა.

AKC-74У არ ან ვერ გახდა საბრძოლო ნაწილების შეიარაღების ნაწილი მაგრამ გახდა სტანდარტული შეიარაღება იმ პერსონალის რომელი უშუალოდ არ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო ოპერაციებში. ავღანეთის ომში AKC-74У ასევე იყენებდნენ სამხედრო პილოტები რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ სტანდარტული 9მმ-ნი “მაკაროვები”. მტრის ზურგში მოჯახედების წინააღმდეგ პისტოლეტი იქნებოდა უძლური, ტყვედ ჩავარდნა ნიშნავდა სიკვდილს წამებით ხოლო მოკლე AKC-74У მცირე შანს აძლევდა მფრინავს გაეძლო სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე.

„აკსუ“ გაცილებით უფრო პატარაა და მსუბუქი ვიდრე AK-74. მისი მასა (ბრჩხილებში მოყვანილია AK-74-ის მონაცემები) 2.7 კგ (3.3კგ) ცარიელ დმგომარეობაში და 3 კგ (3.6) სავსე მჭიდით. ლულის სიგრძე 206.5 მმ (372 მმ). ხრახნების ბიჯი 1:200-დან შეიცვალა 1:160-ზე მოკლე ლულაში ტყვიის უკეთესი სტაბილიზაციის მიზნით. გამოცხადებული ტყვიის საწყისი სიჩქარე არის 713 მ/წ-ში ( 910 მ//წ-ში). სროლის ტემპი 700 გასროლა წუთში (650) გვერძე მოკეცილი ლითონის დუგლუგით AKC-74У-ს სიგრძე სულ რაღაც 490მმ-ია.  შედარებისთვის დაკეცილი კონდახით 9მმ-ნი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევ “უზის” სიგრძე 470 მმ-ია.

kasri

ლულა აღჭურვილია მასიური „კასრით“, რომლის ფუნქცია არის ლულის ალის შემცირება ხოლო მეორე ვერსიით ავტომატიკის მუშაობის საიმედოობის გაზრდა, თუმცა „აკსუ“ და ავტორის კუთვნილი 5.56 კალიბრის „არსენალი SAR-SF” მოხსნილი ლულის მოწყობილობით უპრობლემოდ მუშაობდნენ. ასეთი “ბუსტერის” გამო იარაღის შიგნით შედარებით მეტი ნამწვავი ხდება რაც კოროზიული ვაზნების გამოყენებისას საჭიროებს უფრო ყურადღებიან მოვლას. 

ძალიან მომეწონა რესივერის (სალულე კოლოფის) ასახდელი ხუფი, დამაგრებული რესივერზე. დენთის აირების კამერა შესრულბულია წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზასთან ერთად და მისი კუთხე 90 გრადუსია განსხვავებით 45 გრადუსიანი კუთხიდა ადრინდელ “კალაშნიკოვებზე”. ხუფზე მიდუღებულია L-ფორმის ორ პოზიციანი უკანა სამიზნე მოწყობილობა. პოზიცია „П“ –постоянный გამოიყენება 350 მეტრამდე სროლისთვის ხოლო მერორე პოზიცია 350 მეტრზე ზევით მანძილებზე სასროლად. წინა სამიზნე მოწყობილობა (ისევე როგორც უკანა) დაცულია გვერდებიდან და მისი რეგულირება შესაძლებელია ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. „აკსუ“-ს სამიზნე მოწყობილობების დადებით მხარეებს განეკუთვნება სამიზნე მოწყობილობების მარტივი საბრძოლო კონფიგურაცია, უარყოფითებს, უკანა სამიზნე მოწყობილობა ძალიან ვიწროა, შუქს ცუდათ ატარებს და ამიტომ საშუალო მანძილებზე მისი გამოყენება გართულებულია, ახლო მანძილებზე გამოცდილი მსროლელი გამოიყენებს დამიზნების სხვა ტექნიკას როდესაც დამიზნება ხდება ინსტინქტურად, სილუეტით ან სამიზნე მოწყობილობების სილუეტების გამოყენებით. ახალბედა მსროლელი ცხადია დიდ სირთულეებს წააწყდება თუ შეეცდება ახლო მანძილებზე ცუდად ხილვადი „მუშკა-ცელიკის“ “ტრადიციული” წესით გამოყენებას.  საბჭოთა კავშირში არ აღიარებდნენ დიოპტრებს არა და დიოპტრი განიერი ნასვრეტით იქნებოდა იდეალური ამ იარაღისთვის და ჩემი აზრით საგრძნობლად გაზრდიდა სროლის ეფექტურობას.  იდეაში „აკსუს“ კომპლექტში უნდა მოყოლოდა მოწყობილობები რომლებიც მაგრდებოდა იარაღზე და იძლეოდა ღამით სროლის საშუალებას მაგრამ რეალურად ასეთი მოწყობილობები მგონი არავის არ უნახავს.

დენთის აირების მილი ჭკვიანურად ფიქსირდება თავის ადგილას პინით, რომელსაც წევს წინ სალულე კოლოფის ხუფი დახურულ მდგომარეობაში. ახადეთ ხუფი და დენთის აირების მილიც მზად არის მოსახსნელად, შესაბამისად AKC-74У-ს დაშლა გაცილებბით ადვილია. არ არის დახურვისას საჭირო ხუფის გასწორება  და არ არის დენთის აირების მილის ჩამკეტი, რომელიც ხშირად გახსნა ჩაკეტვისას საჭიროებს რამე მყარი საგნის დახმარებას. ამ მხრივ „აკსუ“ შეიძლება ითქვას გაცილებით უფრო ელეგანტურია და მოსახერხებელი.

ისევე როგორც AK-74 “აკსუ” რკინის დეტალები ფოსფატირებულია და შემდგომ გაჟღენთილია თერმო-გამძლე ლაკით. ასეთი კომბინირებული დაფარვა გამძლეა და კარგად იცავს იარაღს კოროზიისგან.

aksu05

პროტოტიპებში „აკსუს“ ქონდა ზევიდან დასკეცი კონდახი მაგრამ საბოლოო ჯამში მას ერგო “AKC”-ის სტანდარტული მარცხნიდან მოსაკეცი ლითონის დუგლუგი, რომელიც არის ზომიერად ერგონომიული და ამავე დროს უკიდურესად გამძლე.  ასევე მისი წყალობით შესაძლებელია „აკსუ“-ზე ქვედა ტიბჟირის გამოცვლა, ვერტიკალური სახელურის დაყენება. სამაგიეროდ შეუძლებელი გახდა გვერდიდან ოპტიკის მონტაჟის შემთხვევაში დუგლუგის დაკეცვა.   

გარდა სტანდარტულთან შედარებით დამოკლებული საკეტის ჩარჩოსა და დგუშისა, AKC-74У-ს კონსტრუქციიდან ასევე ამოიღეს “ჩახმახის შემაკავებელი”, რომლის ჩახმახის დაცემის „გადაავადების“ წყალობით საკეტს ეძლევა საშუალება საიმედოთ ჩაიკეტოს სავაზნეზე (დაწყნარდეს) და მხოლოდ მას მერე ჩახმახი ურტყავს დამრტყმელს და ხდებოდა მორიგი გასროლა.  იმისთვის რომ გამოირიცხოს ჩახმახის დარტყმა სასხლეტზე უკან მისვლისას „აკსუს“ დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმში გაჩნდა ჩახმახის მოძრაობის შემზღუდველი.

AKSNATSILEBI

მართვის ელემენტების განლაგების მხრივ AKC-74У AK-74-ის იდენტურია და ამ მხრივ იზიარებს ყველა იმ ნაკლს რაც ზოგადად გააჩნია “კალაშნიკოვის” სქემას. მარჯვნივ განლაგებული საკეტის სახელური შესრულებული საკეტთან ერთად, იგივე მხარეს განლაგებული მოუხერხებელი მცველი-სელექტორი. სელექტორის ზედა მდგომარეობა უდრის მცველს, შუა ავტომატურ, ქვედა ერთჯერად ცეცხლს. აღნიშნული განხორციელებულია განგებ, იმის გათვალისწინებით რომ სტრესულ სიტუაციაში ჯარისკაცი სელექტორს დააყენებს უკიდურესად ქვედა მდგომარეობაში და თუ ეს იქნება ჯერებით სროლის რეჟიმი აღნიშნული გამოიწვევს ვაზნების მარაგის სწრაფ უკონტროლო გახარჯვას. ამიტომ იარაღი, რომ „აიძულოთ“ ისროლოს ჯერებით საჭიროა უფრო დაფიქრებული მოძრაობა და სელექტორის შუა მდგომარეობაში დაყენება. სულ ეს არის. იარაღი კიდე უფრო მარტივი ჩანს ვიდრე “AK-74″!

akboltface

მასიური ექსტრაქტორის გამოყენება განპირობებულია იმით, რომ “კალაშნიკოვბი” არ იყენებენ სქემას მასრის წინასწარი ექსტრაქციით. 

ალბათ ყველას გაგვიგია  „აკსუს“ სიზუსტეზე უფრო სწორედ მის არ არსებობაზე. ერთის მხრივ გასაგებია საიდან მოდის ეს მოსაზრება, იარაღას აქვს დაახლოებით 10 სანტიმეტრით შემოკლებული სამიზნე ხაზი, მოკლე ლულა. AKC-74У აშკარად არ არის შექმნილი ზუსტი სროლისთვის ხოლო საბჭოთა ჯარის შესაბამისი სახელმძღვანელოს მიხედვით დასაშვებია 15სმ-ნი გაფანტვა 100 მეტრზე. შედარებისთვის 9მმ-ნი Heckler&Koch MP5 იგივე მანძილზე ისვრის თითქმის ორჯერ უკეთესი შედეგით რაღა ვთქვათ კარაბინებზე….

სანამ სიზუსტის დასადგნად იარაღის ტესტირებას დაიწყებთ დარწმუნდით რომ ის მისროლილია. AKC-74У-ს მისასროლად უნდა იცოდეთ რომ წინა სამიზნე მოწყობილობის გადაწევა ჰორიზონტალურ სიბრტყეში 1მმ-ით, გადაწევს მოხვედრის საშუალო წერტილს 100 მეტრზე 37სმ-ით. წინა სამიზნე მოწყობილობის ერთი სრული დატრიალება გამოიწვევს მოხვედრის საშუალო წერტილი გადანაცვლებას ვერტიკალურ სიბრტყეში 28 სმ-ით 100 მეტრზე. საბჭოთა ჯარში „აკსუ“ ითვლებოდა ვარგისად თუ 4 ან 3 მორტყმის დიამეტრი ოთხი გასროლიდან შეადგენდა არა უმეტეს 15 სმ-ს 100 მეტრზე, ხოლო საშუალო მოხვედრის წერტილის გადახრა დამიზნების წერტილიდან არ აღემატებოდა 5 სმ-ს. გასათვალისწინებელია რომ ინსტრუქციით იარაღი უნდა გასწორდეს 100 მეტრზე, მაგრამ გამოცდილი მსროლელი/ჯარისკაცი იარაღს გაასწორებს ისე რომ მიიღოს მაქსიმალურად სწორი ტრაექტორია მინიმალური გადახრებით რაც მისცემს მას საშუალებას ისროლოს ეფექტური სროლის მთელ მანძილზე მინიმალური შესწორებებით.

5,45traj

აღნიშნული ცხრილები მომზადებულია “ჰორნადის” ბალისტიკური კალკულატორით და შედგენილია როგორც ილუსტრაცია ოპტიმალური “განულების” მანძილის მაგალითის. (მე არ ვარ ბალისტიკური კალკულატორის გამოყენების დიდი სპეციალისტი ასე რომ კრიტიკას კომენტარებში მხოლოდ მივესალმები)

aksamxaz

უკანა სამიზნე მოწუობილობა გადაწეულია მსროლელის თვალისკენ, მაქსიმალური სიგრძის სამიზნე ხაზის მიღების მიზნით.

რა თქმა უნდა ჩვენთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ჯერებით სროლა. ჯერებით სროლას აქვს აზრი უკიდურესად მოკლე მანძილებზე და ამ რეეჟიმში სროლის ეფექტურობის გაზრდაზე დღემდე თავს იმტვრევენ ყველა წამყვანი სამხერდო იარაღის მწარმოებელი კომპანიები. ჩვენ უპრობლემოდ “დავამუღამეთ” სამ გასროლიანი ჯერები, მაგრამ 15-20 მეტრზე სროლისას შედეგი არც თუ ისე სახარბიელო იყო. პირველი ტყვია ხვდებოდა სამიზნეს ცენტრში, მეორე მაღლა და მარცხნივ (სროლა ხორციელდებოდა მარცხენა მხრიდან) და მესამე ტყვია ცდებოდა სამიზნეს. როგორც ჩანს ლული მოწყობილობა დიდად ვერ ასრულებდა კომპენსატორის ფუნქციას ხოლო დამოკლებული საკეტის ჩარჩო და დგუში მაინც იმდენად მძიმე იყო რომ უკუცემა მაინც დიდი იყო. შედარებისთვის იგივე მანძილიდან Bushmaster XM-15 გადაყვანილი დგუშიან სქემაზე სტაბილურად არ გამოდიოდა სამიზნის ცენტრიდან. მხოლოდ სილუეტის ძირში დამიზნებით ჩვენ ვაღწევდით იმას რომ საბჭოთა იარაღიდან სამივე ტყვია სამიზნეს ხვდებოდა მაგრამ გაფანტვა იყო საკმაოდ დიდი. დაახლოებით იგივე შედეგი მივიღეთ AKС-74-დან სროლისას რომელიც უფრო დახვეწილი სალულე მოწყობილობით იყო აღჭურვილი. მე არ ვარ დიდი სპეციალისტი ჯერებით მსროლელ იარაღში მაგრამ ჩემი აზრით ორივე იარაღის სიზუსტის გაუმჯობესების შეასძლებლობები არსებობს სროლის ტემპის შემცირებით და უფრო ეფექტური სალულე მოწყობილობების გამოყენებით. უკანასკნელი დასტურდება იმ ფაქტით, რომ რუსული „სპეცურა“ მასიურად ცვლის საშტატო ლულის-მუხრუჭებს/კომპენსატორებს უფრო ეფექტური უცხოური მოდელებით.

ერთჯერადი გასროლებითAKC-74У-ს კონტროლთან პრობლემები არ იყო. იარაღი ზომიერად ზუსტი იყო 100 მეტრზე სროლისას და ჯდებოდა უპრობლემოდ 15 სმ-ან „ნორმატივში“. ჩემი აზრით 5.45-ს გაცილებით უფრო უკეთესი თანდაყოლილი სიზუსტე აქვს ვიდრე 7.62×39-ს.

არსებობს მოსაზრება რომ 200 მეტრის ზევით AKC-74У “ვერ” ისვრის. არ დაიჯეროთ. ჩვენ ვისროდით 450 მეტრის მანძილზე. ქარის არ არსებობის შემთხვევაში 10 გასროლიდან 3-4 ხვდებოდა ადამიანის ფიგურის ფორმის სამიზნეს. კარგი განათების პირობებში ვიწრო „შაშხანის“ სტილის სამიზნე მოწყობილობები უკვე მსროლელზე მუშაობენ და არა პირიქით. ბუნებრივია მზის გადასვლასთან ერთად სროლის ეფექტურობაც რადიკალურად შემცირდა. რა თქმა უნდა ასეთი შედეგების მისაღებად საჭიროა კარგი მსროლელი კარგი მხედველობით და იდეალური პირობები. ჩემი აზრით „აკსუ“-ს ეფექტური სროლის მანძილი გაწვრთნილი მსროლელის ხელებში იქნება 200 მეტრამადე. მაგის ზევით დაბალი უკუცემის გამო შესაძლებელია ზომიერად სწრაფი კორექტირებადი „შემაწუხებელი“ ცეცხლის წარმოება და “სამიზნე“ თავს ნამდვილად არ იგრძნობს უსაფრთხოდ.

dm4aksucomp

მარცხენა მხრიდან სროლისას 10-15 მეტრიდან სროლისას სამიზნეებზე დაახლოებით ასეთი შედეგები გვქონდა. 

ბოლოს ჩვენ ვცადეთ სამ გასროლიანი ჯერებით სროლა 450 მეტრზე. გაფანტვა ძალიან დიდი იყო, 7-10 მეტრის ფარგლებში ან მეტი, როგორც ვხედავდით მოხვედრების ადგილას ამოვარდნილი მტვერით. რამე ეფექტურობაზე საუბარი ზედმეტია. ასეთ მანძილზე ჯერებით სროლა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფურ სამიზნეზე, სხვა შემთხვევაში ეს უბრალოდ ვაზნების უაზრო ხარჯვაა. სამხედრო იარაღის ცნობილი ქსპერტი პიტერ კოკალისი პაკისტანში ვიზიტისას პირველმა გამოცადა მოჯახედების მიერ ხელში ჩაგდებული ახალი საბჭოთა ავტომატი, – AK-74. მისი სიტყვებით ამ იარაღიდან შესაძლებელი იყო ორ გასროლიანი ჯერებით სროლა და 200 მეტრის სიშორეზე განლაგებული ადამიანის ფიგურის სიმაღლის ზომის სამიზნეში მორტყმა, მაგრამ ჩემი აზრით კოკალისი მაღალი კლასის მსროლელია და AK-74 ტიპის იარაღიდან უფრო რეალურია  სამ გასროლიანი ჯერებით სროლა.

რომ გითხრათ, რომ შედეგი მოულოდნელი იყო ალბათ მოვიტყუები თუმცა სროლის სიზუსტის მხრივ ამ იარაღმა დაგვარწმუნდა რომ ის არ არის უიმედო. AKC-74У არ არის შაშხანა და არც კარაბინია, მე ვუწოდებდი მას “სუბ-კარაბინს”, პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის გაბარიტების იარაღი გათვლილი შაშხანის კალიბრზე. არის “აკსუ” არაზუსტი იარაღი? არა. AK-74-თან შედარებით კი, მაგრამ უკანასკნელი არის არაზუსტი Remington 700-თან შედარებით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ რა პირობებში მიიღო AKC-74У-მ არაზუსტი იარაღის რეპუტაცია. საბრძოლო ნათლობა ამ იარაღის მოხდა ავღანეთში. იმ ქვეყანაში სადაც ამერიკელებმა არც ისე დიდიხნის წინ სერიოზულად ჩაფიქრდნენ 5.56 NATO-ს და მასზე გათვლილი M4-ის ეფექტურობაზე და საწყობებიდან გამოიტანეს მანამდე კარგად სშენახული .30 კალიბრის M-14-ები. ასე რომ გასაკვირი არ არის  რომ წვევანდელებით დაკომპლქტებული ჯარი სადაც საცეცხლე მომზადება ისედაც იყო ფორმალური ხოლო საბრძოლო მოქმედებები ხდებოდა მთიან და გაშლილ ადგილებში ასეთი თვისებების მქონე სპეციალიზირებული იარაღი ვერ დაიმსახურა მოწონება.  შესაბამისად AKC-74У-ს გამოყენება ავღანეთში იყო ეპიზოდური, ეს იარაღი არ იყო გავრცელებული საბრძოლო ნაწილებში, ხოლო მოჯახადებს შორის და პაკისტანში, იშვიათობის გამო ამ იარაღს ქონდა ასტრონომიული გასაყიდი ფასი და ის მალევე გახდა სტატუსის სიმბოლო ბოევიკებს შორის. მათ შორის სტატუსის სიმბოლო ის გახდა ოსამა ბინ ლადენისთვის რომელიც დიდიხანი აფარებდა თავს პაკისტანის და ავღანეთის სასაზღვრო რეგიონებს და პერიოდულად ჩნდებოდა პროპაგანდისტურ ვიდეო კლიპებში გვერძე მიყუდებული “აკსუ”-თი. ჩამოგდებული საბჭოთა მფრინავისგან აღებული AKC-74У მოჯახედებმა ასევე მადლობის ნიშნად გადასცეს საჩუქრად ამერიკელ კონგრესმენ ჩარლი ვილსონს, რომელიც სათავეში ედგა მოჯახედებისთვის დახმარების ამერიკულ პროგრამას, რასაც საბოლოო ჯამში მოყვა საბჭოთა კავშირის დამარცხება ავღანეთის ომში და საბოლოოდ მისი დაშლაც.

რა თქმა უნდა AKC-74У ვერ შეედრება “სრულფასოვან” კარაბინებს სროლის სიზუსტეში მაგრამ როგორც “პერსონალური თავდაცვითი იარაღი” ჩემი აზრით ის შეუდარებელია. პირველ რიგში ის არის საიმედო, როგორც ყველა “კალაშნიკოვი” და იყენებს ისეთივე გამძლე, პრაქტიკულად უკვდავ მჭიდებს. გარდა ამისა ის არის უკიდურესად კომპაქტური. რენჯზე მანქანაში გადაადგილებისას აკეცილი კონდახით ის იდო ფეხებში ისე რომ არც გარედან ჩანდა და არც ადგილს იკავებდა. ცეცხლის გახსნა შესაძლებელი იყო დაუყონებლივ. ამავე დროს 14.5 და 16.5 ინჩიანი AR-15-ები თუნდაც ბოლომდე ჩაკეცილი კონდახებით ახლოსაც ვერ მივიდოდნენ კომპაქტურობით „აკსუ“-თან. ასეთი იარაღებიდან ცეცხლის წარმოება მანქანიდან იქნებოდა ძნელი და მეტი დრო დაჭირდებოდა იმ პირობით რომ იარაღი არ უნდა ჩანდეს გარედან. AKC-74У-ს  დასაკეცი კონდახი ძალიან გამძლეა და ამავე დროს ადვილად და სწრაფად იშლება და იკეცება. ეს კონდახი ნაბიჯი წინ არის ადრე გამოყენებული ქვევიდან დასაკეც კონდახთან შედარებით.  უკანასკნელი აღებული გერმანული MP-40 ტიპის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევიდან, ადეკვატური იყო 9მმ-ან იარაღზე მაგრამ ახალ კონდახთან შედარბით ის ნაკლებად მყარია, ჩაკეტვის მექანიზმი ნაკლებად გამძლე და საიმედოა და გაშლა-დაკეცვაც ისეთი სწრაფი და მოსახერხებელი არ არის. 45 ვაზნიანი მჭიდის გამოყენება შესაძლებელია იმპროვიზირებული საყრდენის როლში რაც ოდნავ ზრდის სროლის ეფექტურობას. ლულის ალი დიდია და გასროლის ხმაც მაღალია მაგრამ საშტატო ალის ჩამხშობი ადეკვატურად ასრულებს თავის ფუნქციას.

aksuanalog

“აკსუ”-ს  ანალოგები. ”სუბ-კარაბინები” ბევრ ქვეყანაში შეიქმნა სრული ზომის შაშხანების ბაზაზე, როგორც თავდაცვის იარაღი დამხმარე სამხედრო პერსონალისთვის, მაგრამ როგორც ჩანს შედეგებით კმაყოფილი არავინ არ იყო რის გამოც წლების განმავლობაში უშედეგოდ ხდებოდა პერსონალური დაცვის იარაღის კონცეფციაზე და შესაბამისი იარაღის შექმნაზე მუშაობა, რომელიც იქნებოდა კომპაქტური მაგრამ  ექნებოდა ადეკვატური სიზუსტე, საიმედოობა და საცეცხლე ძალა. 

სიმართლე გითხრათ „კალაშნიკოვის“ ეს ვარიანტი იმდენად მომეწონა, რომ რამდენიმე წლის მერე მე დაუფიქრებლად შევიძინე მისი ბულგარული ანალოგი 5.56×45 კალიბრის “Arsenal SAR-SF”. ამ იარაღის ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო თავდაცვა, გასართობი სროლა და ვარჯიში ტიპიურ თავდაცვით მანძილებზე. იარაღის გადატანისას არ ითხოვს დიდ შალითას ან ჩანთას, საიმედოობა არის ჩვეულებრივი კარაბინის ტოლი და სწორედ ამიტომ მე შევიძინე “სუბ-კარაბინი” და არა სრულფასოვანი კარაბინი ან შაშხანა, თუმცა არჩევანის საშუალება იყო. ქვეყანაში სადაც პისტოლეტის ტარება აკრძალულია, 500მმ-ნი სიგრძის მქონე იარაღი ტარებისს უფლებით არის საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც სურს რომ მისი იარაღი იყოს უნივერსალური და მუდმივად მასთან იყოს. მე არ ვიძახი რომ შესაძლებელია AKC-74У-ს ფორმატის იარაღის ფარული ტარება, ეს სისულელეა, მაგრამ აგარაკზე, პიკნიკებზე, ექსკურსიებზე, მანქანაში ის შეიძლება თან იქონიოთ ისე რომ ის არ დაიკავებს ბევრ ადგილს და არც ზედმეტ ყურადღებას მიიქცევს. გარდა ამისა მოკლე “კალაშნიკოვი” თავისუფალია იმ პრობლემებისგან, რომელიც უკავშირდება “10 ინჩიანი” AR-15-ის ექსპლუატაციას (უაკანასკნელი ასევე არის ხელმისაწვდომი საქართველოში). მაგრამ გავმეორდები კიდევ ერთხელ, “აკსუ” არ არის შაშხანა.  ასე რომ დაფიქრდით სანამ ასეთი ტიპის იარაღზე გააკეთებთ არჩევანს.

ჩემი აზრით AKC-74У და მისი სამოქალაქო „კლონები“ არის სპეციალიზირებული თავდაცვითი, ბრძოლის ველზე “უკანასკნელი შანსის” იარაღი და სწორედ ამ პოზიციიდან უნდა შეფასდნენ. ეს არ არის ფეხოსნის იარაღი, ის არ არის გრძელ დისტანციებზე სასროლი, თუმცა გაწვრთნილი მსროლელის ხელში მისი გამოყენება შესაძლებელია უფრო გრძელ დისტანციებზე ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

თუ გამოყენების ფილოსოფიაზე და სროლის  მანძილებზე შევთანხმდით, რჩება ერთი კითხვა: რამდენად ეფექტურია 5.45 კალიბრის ტყვია ნასროლი ასეთი მოკლე ლულიდან? გამოცხადებული საწყისი სიჩქარე 3.42 გრამიანი ტყვიის AKC-74У-დან არის 710 – 730 მ/წ-ში, AK-74-დან ნასროლ იგივე ტყვიას ასეთი სიჩქარე აქვს 200 მეტრის მანძილზე. ესეიგი AKC-74У-დან ნასროლი ტყვიის საწყისი ენერგია იქნება სადღაც 900 ჯოული. AKC-74У-ს სამხედრო სახელმძღვანელოს მიხედვით (НСД) 100 მეტრზე ტყვიის ენერგია იქნება  72 კილოგრამი მეტრზე, რაც რომ გადავიყვანოთ ჯოულებში გამოდის 715 ჯოული. იგივე მაჩვენებელი 200 მეტრზე შეადგენს უკვე 539 ჯოულს. იგივე საწყისი ენერგია გააჩნია 9მმ „ლუგერის“ ტყვიას რაც არც ისე ცოტაა. რა თქმა უნდა მარტო ენერგიის აბოლუტური მნიშვნელობა არ არის მთავარი. მთავარია რაზე იხარჯება ეს ენერგია მას მერე რაც ტყვია მოხვდება სამიზნეს. 5.45-ის მთავარი დაზიანების მექანიზმი არის მისი აყირავება. ვინც ყურადღებით კითხულობს ჩემ ბლოგს იცის რომ მაგალითად .223 რემინგტონის შემთხვევაში საწყისი სიჩქარის ვარდნა პირდაპირ მოქმედებს ამ კალიბრის ტყვიის ფრაგმენტაციის ხარისხზე, ხოლო ფრაგმენტაცია არის ამ ვაზნის სამიზნესთვის დაზიანების მიყენების მთავარი მექანიზმი.  ანუ ნაკლები საწყისი სიჩქარე უდრის ნაკლებ ფრაგმენტაციას, უდრის ნაკლებ ტერმინალურ ეფექტურობას. ისევე როგროც 5.56 კალიბრის M855, ისევე 5.45 კალიბრის 7ნ6 და 7ნ10 იყენებენ ფოლადის პენეტრატორებს. ჩემი აზრით ასეთი პენეტრატორი ამცირებს ტყვიის ტერმინალურ ეფექტურობას თუმცა ზრდის წინაღობებში შეღწევის უნარს რაც სამხედრო იარაღისთვის ასევე მნიშვნელოვანია. 7ნ10-ში დამატებით სიცარიელე ტყვიის ცხვირში რომელიც იყო 7ნ6-ში უკვე ამოვსებულია ტყვიით. არა და 1998 წელს Journal of Trauma-ში გამოქვეყნდა სტატია სადაც 5.45-თვის დამახაისათებელი აყირავება და უცნაური და რადიკალური ტრაქტორიის შეცვლა ქსოვილებში მოხვედრისას ახსნილი იყო ტყვიის შიდა (გარედან შეუმჩნეველი) დეფორმაციით, როდესაც ტყვიის გული „გადაედინებოდა“ ცარიელ ცხვირში და ეს იწვევდა ტყვიის აყირავებას და ტრაექტორიის ცვლილებას, რასაც მოყვებოდა ქსოვილების მნიშვნეელოვანი დაზიანება. ამის დასადგენად განხორციელდა ათი გასროლა ბალისტიკურ ჟელატინში და ამოღებული ტყვიები შემდგომ გააშუქეს რენტგენით. 7ნ6-იც და 7ნ10-იც სხვაგვარად ძალიან მყარი ტყვიებია და მათი დეფორმაცია ან ფრაგმენტაცია პრაქტიკულად არ ხდება, რაც ასევე დადასტურდა ხორვატიაში 2001 წელს ჩატარებულ ტესტებში რომელთა შედეგი გამოქვეყნდა ჟურნალში „სამხედრო მედიცინაში“. ტესტირება მიზნად ისახავდა 5.45 კალიბრის ტყვიის ქცევას რბილ ქსოვილებში მოხვედრისას. ტყვიის სიმყარეს ადასტურებს ჩემი იმპროვიზირებული ტესტიც, რომელიც წლების წინ მე ჩავატარე ჩემი კუთვნილი 5.45 კალიბრის „ვეპრით“. მიუხედავად გრძელი ლულისა (რაც განაპირობებდა უფრო მეტ საწყის სიჩქარეს ვიდრე სტანდარტული AK-74-დან) და სროლის ახლო მანძილისა ტყვია ხვრიტავდა მორებს, ფიცრებს შედიოდა გრუნტში და იქიდან ამოღებული პრაქტიკულად მთლიანი იყო, ზოგ შემთხვევაში ოდნავ მოღუნული ან წატეხილი ცხვირით. ასეთი მყარი ტყვიის, არასაკმარისი სტაბილიზაციის და სიმძიმის ცენტრის ტყვიის კუდისკენ გადაწევის გამო რიკოშეტის საფრთხე ძალიან მაღალია. ამ მხრივ ტაქტიკური თვალსაზრისით 5.56 NATO გაცილებით უკეთესად გამოიყურება მისი ფრაგმენტაციიის თვისების გამო. ზოგი რუსული წყაროს მიხედვით რიკოშეტების საფრთხის გამო, რუსეთში არ წყდებოდა სამუშაოები უკეთესი პოლიციური იარაღის შესაქმნელად რომელიც შეცვლიდა AKC-74У-ს პოლიციური იარაღის როლში. ჩეჩნეთის ომის ვეტერანები აღნიშნავდნენ ქალაქის პირობებში და შენობების შიგნით რიკოშეტების დიდ საფრთხეს.  საინტერესო ფაქტია, რომ რუსეთში არსებობს მოსაზრება, რომ 5.45-ის შეირაღებაში მიღება იყო შეცდომა ხოლო ის ფაქტი რომ ის უფრო ნაკლებად ძლიერია ვიდრე უფრო “ბებერი” 5.56 NATO აიხსნება ღალატით და საბოტაჟით, მაგრამ ჩემი აზრით იმ დროს საბჭოთა კავშირს უბრალოდ არ შეეძლო შეექმნა და მასობრივად გამოეშვა ისეთი ვაზნა, რომელიც “დაამარცხებდა” 5.56 NATO-ს, დენთიც კი რომელიც გამოიყენება ამ კალიბრში დასავლური სტანდარტებით პრიმიტიულია და ბუნებრივია ასეთ პირობებში უპირატესი ვაზნის შექმაზე საუბარი ზედმეტია.

arxi545

ასე გამოიყურება 5.45 კალიბრის ტყვიის ტიპიური ქცევა ბალისტიკურ ჟელატინში. ბუნებრივია რომ მანძილი შესვლიდან ადგილამდე სადაც ტყვია იწყებს აყირავებას დამოკიდებული იქნება სამიზნეში ტყვიის შესვლის კუთხეზე და სიჩქარეზე რაც ბადებს ეჭვს ამ დაზიანების მექანიზის საიმედოობაში (იგივე ეხება 5.56NATO-ს ტყვიას). (ილუსტრაციის ავტორი მარტინ ფაკლერი)

სამწუხაროდ პრაქტიკულად არაფერი არ არის ცნობილი იმაზე თუ როგორ მოიქცევა ტყვია ნასროლი მოკლე AKC-74У-დან. რაიმე კონკრეტული ტესტირების შესახებ მე ინფორმაცია ვერ მოვიძიე. ამის მიზეზი ალბათ არის დაბალი ინტერესი AKC-74У-ს მიმართ საბჭოთა/რუსულ ჯარში და მისი ნაკლები გავრცელებულობა სხვა ქვეყნებში.

7n6-10

თავდაპირველად 5.45×39-ის გამოჩენამ გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია NATO-ს ქვეყნების სამხედრო ექსპერტებში. წინასწარი ინფორმაციით ტყვიას ქონდა საწყისი სიჩქარე 1200-1300 მ/წ-ში, მაგრამ როგორც კი ექსპერტებმა ხელში ჩაიგდეს 5.45 კალიბრის ვაზნები და გამოცადეს, აღმონდა რომ გამოყენებული ტექნოლოგიებით და ბალისტიკური თვისებებით ის ჩამორჩებოდა 5.56NATO-ს ვაზნას.

რაც შეეხება 5.45 კალიბრის წინაღობებში გავლის უნარს, 7ნ6 ტიპის ვაზნა (წითელი ლაკით) კარგახანია შეცვლილია 7ნ10 ტიპის ვაზნით (ვიზუალურაად იდენტურია, ლაკი ისამაისფერია), რომლის ტყვიის გულა დამზადებულია ნაწრთობი ფოლადისგან, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ამ ტყვიის ჯავშანგამტანი თვისებები, თუმცა ნომენკლატურით ის არ განეკუთვნება ჯავშანგამტან ვაზნებს.

რაც შეეხება პოპულარულ მითს გადახურების და ტყვიებით “ფურთხებას”, ერთ-ერთი ვერსიით აღნიშნული განპირობებულია უფრო ჩქარი ხრახნების ბიჯით რის გამოც იზრდება დატვირთვა ტყვიაზე და გახურებული ლულის შემთხვევაში ტყვია სხლტება ხრახნებიდან და მისი სტაბილიზაცია არ ხდება. შედეგად არის სიზუსტის დეგრადაცია თუმცა ტერმინალური ეფექტურობის მხრივ ახლო მანძილზე სამიზნეს კუთხით მოხვედრილმა ტყვიამ შეიძლება უფრო მეტი დაზიანება მიაყენოს. ჩქარი ბიჯის გამოყენება 5.45 კალიბრის „კალაშნიკოვებში“ განპირობებულია გრძელი ტყვიით, რომელსაც ძალიან კარგი აეროდინამიური თვისებები აქვს და კარგი ბალისტიკა. იგივე მიზეზით ჩქარ ბიჯს იყენებს M-4, რომელსაც ეს ბიჯი ჭირდება ასევე გრძელი მგეზავი ტყვიის სტაბილიზაციისთვის. 5.45 კალიბრის “კალაშნიკოვებში” მაღალი დატვირთვა ლულის კედლებზე დასტურდება იმით რომ ერთ დროს ახალი ტიპის 5.45 კალიბრის ტყვიების შექმნისას კატაასტროფულად შემცირდა ლულის რესურსი რის გამოც საჭირო გახდა ლულის არხში ხრანხნების შესრულების ტექნოლოგიის ცვლილება. რას იზამ? ბალისტიკაში არაფერი არ არის საჩუქრად.

რომ შევაჯამოთ AKC-74У-ს ჩვენი მიმოხილვა, უნდა ვთქვათ, რომ ეს იარაღი არის ცუდი კონცეფციით შექმნილი კარგი იარაღი. აბსოლუტურად ნათელია, რომ რადიკალური შემცირება იარაღის მათ შორის მისი ლულის სიგრძის შემცირებით გამოიწვევს იარაღის სროლისუნარიანობის. თანდაყოლილი სიზუსტის და ვაზნის ეფექტურობის შემცირებას. გამოსავალი ასეთ შემთხვევაში არის განსხვავებული ვაზნის გამოყენება ან თუ ეს მიზანშეუწონელია ლოგისტიკის და ეკონომიურობის თვალსაზრისით მაშინ მეტი უნდა გაკეთდეს იარაღის სროლისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის. უკეთესი კომპენსატორები, სამიზნე მოწყობილობები, ასევე არ იქნებოდა ურიგო შეიქმნას სტანდარტული იარაღის ტარებისთვის უკეთესი მოწყობილობები, კომპაქტური მჭიდები რომ დამხმარე პერსონალს აღარ დაჭირდეს სპეციალიზირებული იარაღი. დღემდე სამხედრო “პერსონალური დაცვის იარაღის” შექმნის ამოცანა გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ამ მცდელობებს მოყვა ბევრი საინტერესო იარაღის და კალიბრის შექმნა. რაც შეეხება AKC-74У-ს, ჩემი აზრით კარგად გაწვრთნილი მსროლელის ხელში ეს იარაღი დამაკმაყოფილებლად შეასრულებს მასზე დაკისრებულ ფუნქციას, ის საიმედოა და მისი ძლიერი მხარე მისი უკიდურესად კომპაქტური გაბარიტეებია სრულფასოვანი კარაბინის საიმედოობის შენარჩუნებით. თუ რომელიმე სტრუქტურა დაფიქრდება ამ იარაღის მოდიფიკაციაზე შემდგომი გამოყენების მიზნით (რაც ნაკლებად სავარაუდოა) პირველ რიგში უნდა გაუმჯობესდეს ლულის მოწყობილობა რომ გაიზარდოს სროლი ეფექტურობა და ასევე ამ იარაღს ჭირდება უფრო ეფექტური “თავდაცვითი” ვაზნა ფრაგმენტირებადი და არა “თავდასხმითი ყველაფრის გამტანი” ტყვიით.



დატოვეთ კომენტარი