ჩვენი ტესტი – Ruger SR9c

“რუგერის” მიერ წარმოებულ იარაღს პრაქტიკულად არ იცნობენ  საქართველოში. რამდენადაც მე მახსოვს არც ერთი რუგერის იარაღი არასდროს მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაოდენობით საქართველოში არ შემოსულა. ეს კომპანია ტრადიციულად ორიენტირებულია ჩრდილო-ამერიკულ ბაზარზე და მას ასევე ნაკლებად იცნობენ მსოფლიოს სხვა კუთხეებშიც. დაარსებული 1949 წელს ბილ რუგერის და ალექსანდერ სტურმის მიერ, ამ კომპანიის ისტორია წააგავს ახდენილ ამერიკულ ოცნებას. ორმა ადამიანმა 50 000 დოლარით გახსნეს კომპანია ნაქირავებ პატარა სახელოსნოში და დაიწყეს ერთი მცირეკალიბრიანი პისტოლეტის წარმოებით. არც ისე დიდიხნის შემდეგ ეს კომპანია გახდა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცეცხლსასროლი იარაღის მწარმოებელი აშშ-ში და ამჟამად მათი კატალოგი სამასამდე მოდიფიკაციის გრძელ და მოკლელულიან იარაღს ითვლის.  ბევრს საქართველოში გაუკვირდება, თუ რამდენად მსხვილი მწარმოებელია “რუგერი” მაგრამ ეს კომპანია 2008-2011 წლებში იყო ნომერ პირველი იარაღის მწარმოებელი აშშ-ში.  1986 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში “რუგერმა” ყველაზე მეტი იარაღი გამოუშვა ყველა ამერიკულ მწარმოებელს შორის (15.3 მილიონი ერთეული) და თუ ეს არ არის საკმარისი, 2009 წლიდან 2012 წლამდე აშშ-ში „რუგერი“ ყველაზე მეტ მოკლელულიან იარაღს უშვებდა სხვა მწარმოებლებთან შედარებით. უკანასკნელი მაჩვენებელი განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ამ სტატიისთვის ვინაიდან ლომის წილი ასეთ მიღწევაში მიუძღვის სწორედაც რომ პირობითად ახალი თაობის „რუგერის“ პისტოლეტებს და მათ შორის ჩვენი მორიგი ტესტირების გმირს Ruger SR9-ს, რომლის წარმოება 2008 წელს დაიწყო.

რუგერის მსხვილკალიბრიანი პისტოლეტების ისტორია იწყება 80-ან წლებში, როდესაც „რუგერმა“ გამოუშვა 9მმ-ნი P-85. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც აშშ-ის არმიამ გადწყვიტა ახალ 9მმ-ან პისტოლეტზე გადასვლა და უარი თქმა .45 კალიბრზე. ბილ რუგერმა ჩათვალა რომ შედეგად სამართალდამცავები და სამოქალაქო მსროლელებიც აყვებოდნენ ამ ტენდენციას და შესაბამისად მოთხოვნაც 9მმ-ან პისოლეტზე ტევადი მჭიდით გაიზრდებოდა. პისტოლეტს თავიდან რთული სტარტი ქონდა, გამოწვეული იმით, რომ ის იქმნებოდა შეზღუდულ ვადებში, იმისთვის რომ მოესწრო კონკურსისთვის, რომელიც არჩევდა ახალ პისტოლეტს აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის. კონკურსში როგორც ცნობილია გაიმარჯვა ‘ბერეტტა 92“-მა, ხოლო ბილ რუგერს მიეცა მეტი დრო დაეხვეწა თავისი იარაღი. საბოლოო ჯამში P-85 დაიხვეწა, პრობლემები აღმოიფხვრა და მისმა გაუმჯობესებულმა ვარიანტმა – P-89 თავისი მაღალი საიმედოობის გამო დაიმსახურა ჩუმი აღიარება სამოქალაქო მსროლელებს და პოლიციელებს შორის. ჩუმი, იმიტომ რომ 80-ნი წლების ბოლოს, პისტოლეტის მწარმოებლები ტყავში ვერ ეტეოდნენ თავის პროდუქციის რეკლამირებისას. აქ ცხადია ლიდერობდა და ამინდს ქმნიდა ახალი აგრესიული მოთამაშე „გლოკი“, რომლის გაყიდვების გურუებმა საერთოდ შეცვალეს იარაღის გაყიდვების სქემა, თავისი ინოვაციური და თამამი მიდგომით, რომელიც მათ შორის მოიცავდა თავისი იარაღის ლობირებას კინოინდუსტრიაში, რეკლამებში ტოპ-მოდელების გამოყენებას და ასევე პოტენციალური კლიენტების მოთაფვლას ძვირადღიორებულ კლუბებში და რესტორნებში ღონისძიებების წყალობით, რომლებიც ცხადია კომპანიის ხარჯებით იფარებოდა.  რამდენად რევოლუციური “გლოკის” პისტოლეტი იყო კონსტრუქციულად იმდენად რევოლუციური იყო გლოკის ბიზნეს მოდელი და ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად ოდესმე მოგითხრობთ. მეორეს მხრივ “რუგერის“ პროდუქციას არ მოსდევდა ასეთი ხმაურიანი სარეკლამო კამპანია და როგორც ჩანს აშშ-ში საკმარისად იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ეყიდათ უცნაური გარეგნობის “რუგერის” პისტოლეტები. ცხადია გაყიდვებს ხელს უწყობდა ორი რამე, დაბალი ფასი , „რუგერის“ პისტოლეტების მაღალი საიმედოობა, კომპანიის რეპუტაცია და ის ფაქტი, რომ “რუგერის” იარაღი კეთდებოდა ამერიკულ მიწაზე ამერიკელების ხელებით. P სერიის პისტოლეტები თანდათან იხვეწებოდნენ და 1991 წელს გამოვიდა ამ სერიის პისტოლეტების ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი Ruger P90, .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იმ პერიოდისთვის აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე იაფი .45 კალიბრის პისტოლეტი, რომელიც იყო ამავე დროს ყველაზე ზუსტი ამ კალიბრის იარაღი, რომელიც პირდაპირ კოლოფიდან უკეთ ისროდა ვიდრე ბევრად უფრო ძვირადღირებული პისტოლეტები. სამწუხაროდ პისტოლეტების იერსახე რჩებოდა ღრმად უტილიტარული და „რუგერის“ პისტოლეტებმა დამსახურებულად მიიღეს დამცინავი მეტსახელი „სასხლეტიანი აგურები“. ეს ყველაფერი შეიცვალა 2004 წელს, როდესაც „რუგერმა“ „შოთ შოუზე“ წარმოადგინა პრაქტიკულად ახალი თაობის .45 კალიბრის პისტოლეტი P345. ეს პისტოლეტი რადიკალურად განსხვავდებოდა ტიპიური “რუგერი” პისტოლეტებისაგან პირველ რიგში იმით, რომ ის უკვე აღარ გავდა „სასხლეტიან აგურს“.  პისტოლეტის დიზაინერებმა საფუძვლიანად იშრომეს P345-ზე რის გამოც პისტოლეტი გამოვიდა კომპაქტური, ლამაზი ფორმებით, მაგრამ ამავე დროს შეინარჩუნა წინა პისტოლეტების ყველა დედებითი თვისება.

Ruger_P345_Pistol_107674

P345 შეიძლება ჩაითვალოს გარადამავალ მოდელად, რომლის გამოჩენის შემდეგ „რუგერების“ პისტოლეტების იერსახე და ერგონომიკა რადიკალურად შეიცვალა უკეთესობისკენ.

მინი-რევოლუცია “რუგერში” დაიწყო 2008 წელს, როეაც წარმოებაში წავიდა ახალი თაობის პისტოლეტები ინდექსით SR. ვიზუალური მზგავსება P345-სა და SR-ს შორის აშკარა არის. ტექნოლოგიურად ასევე ისინი ძალიან გვანა ერთმანეთს. აქ მე მინდა ცოტათი ავცდე ჩვენი სტატიის მთავარ თემას და ორი სიტყვით მინდა გიამბოთ, რისი წყალობით მიაღწია ამ კომპანიამ ასეთ შთამბეჭდავ წარმატებას. უპირველეს ყოვლისა რა თქმა უნდა წარმატება არის უშუალოდ ბილ რუგერის დამსახურება, რომლის წინასწარმეტყველების უნარი აღიარებულია იარაღის ბევრი ისტორიკოსის მიერ. პირველ რიგში ის ყველაზე ადრე ხვდებოდა რაზე იქნებოდა მოთხოვნა მომავალში, მოვლენებს უსწრებდა და სხვებზე ადრე სთავაზობდა მომხმარებელებს  ახალ ინოვაციურ პროდუქტებს, რომელიც მათ ჭირდებოდათ. გარდა ამისა მას ქონდა უნარი, სხვისი კონსტრუქციების შესწავლის და დახვეწის, რისთვისაც ის მათ შორის იყენებდა ახალ ტექნოლოგიებს. ბილ რუგერის მიერ გაუმჯობესებული იარაღი გამოდიოდა უფრო საიმედო, უფრო ტექნოლოგიური, ხოლო მისი წარმოება უფრო იაფიც ჯდებოდა. „რუგერმა“ პირველად დაიწყო ჩამოსხმული დეტალების მასიურად გამოყენება, და ამზადებდა ასეთი მეთოდით საკეტებს, საკეტის თავებს და ლულებსაც კი. ბევრი მითქმამოთქმა არსებობს ჩამოსხმის მეთოდით (casting) დამზადებული დეტალების საიმედოობაზე მაგრამ „რუგერში“ ეს მეთოდი როგორც ჩანს სრულყოფილებამდე დაიყვანეს, რის გამოც „რუგერის“ წარმოებული ჩამოსხმული დეტალების ხარისხზე ჩივილები პრაქტიკულად არ გვხვდება. რა თქმა უნდა „ესთეტები“ დაიწუნებენ ჩამოსხმულ დეტალებს, მაგრამ „რუგერის“ პისტოლეტების გამძლეობა ცნობილია, ამიტომაც არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არ აქვს რა მეთოდით არის დამზადებული პისტოლეტის საკეტი და ლულა. თუ ტექნოლოგია დაცულია და დეტალის კონსტრუქცია სწორედ არის პროექტირებული, ასეთი საკითხები გადადის წმიდა თეორიულ და პირადი გემოვნების სიბრტყეში. შორს, რომ არ წავიდეთ ამის საუკეთესო მაგალითი არის „კალაშნიკოვის“ რესივერების დამზადების ტექნოლოგია. ერთის მხრივ ფრეზირებული რესივერი უმჯობესია, ბეჭდვით დამზადებულზე მაგრამ პრაქტიკაში ორივე რესივერით იარაღი ერთნაირად მუშაობს. ზოგი აირჩევს ფრეზირებულს, იმიტომ რომ ის თეორიულად უფრო გამძლეა, ზოგი აირჩევს მეორეს, იმიტომ რომ ის უფრო მსუბუქია. „რუგერის“ შემთხვევაშიც ეგრეა, ვიღაცა აარიდებს თავს „რუგერის“ პისტოლეტებს, ვიღაცა პირიქით ჩათვლის, რომ ასეთ ფასად მას სწორედ ასეთი იარაღი ჭირდება. ჩემი აზრით ის ვინც “რუგერს” აირჩევს არ წააგებს მაგრამ მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და თანმიმდევრულად მოგიყვებით ამ იარაღზე.

SR სერიის პისტოლეტებს დიდი წარმატება ხვდა წილად და მალევე მათ პრაქტიკულად მთლიანად ჩაანაცველს P სერიის პისტოლეტები და ამჯერად არსებობენ ამ სერიის პისტოლეტები სამ ყველაზე პოპულარულ კალიბრში: 9×19; .45ACP და .40S&W. გარდა იმისა, რომ პისტოლეტეებმა საგრძნობლად “დაიკლეს წონაში”, გაიზარდა მათი მჭიდების ტევადობაც. 9მმ-ნი SR9 იტევს 17 ვაზნას, მანამდე რუგერების მაქსიმალური ტევადობა იყო 15 ვაზნა.

rugernib

ჩვენი ტესტირების ობიექტი, SR9c, კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი. პისტოლეტს მოყვება კომპლექტში პლასტმასის კეისი, ინსტრუქცია, უსაფრთხოების საკეტი, ორი მჭიდი, 10 და 17 ვაზნიანი, ტარის ადაპტორი 17 ვაზნიანი მჭიდისთვის, გამოსაცვლელი ხუფი 10 ვაზნიანი მჭიდისთვის და რკინის მჭიდის დამტენი. “რუგერს” ასევე გააჩნია სრული ზომის SR9, მათ შორის “შავი” საკეტით.

ტრადიციულად პისტოლეტის შეფასებისას ჩვენ ვიყენებთ ჩვენს მიერ შემუსავებულ შეფასების სქემას, რომელიც შედგება 8 კრიტერიუმისგან. ესენია საიმედოობა,  (პისტოლეტი უნდა იყოს 100% საიმედო FMJ ტიპის ვაზნებით და გათვლილი  +P კატეგორიის JHP ვაზნების გამოყენებაზე. შერჩეულ JHP ვაზნების გამოყენებისას უნდა იყოს 100% საიმედო და ჯდებოდეს სიზუსტის მოთხოვნებში), კონსტრუქციული სიმარტივე, (პისტოლეტი უნდა მოიცავდეს მცირე რაოდენობის დეტალებს, იშლებოდეს არასრულად ინსტრუმენტების გარეშე და მარტივი ინსტრუმნეტების გამოყენებით უნდა შედარებით ადვილად იშლებოდეს ბოლომდე.  დეტალების გამოცვლისას არ უნდა იყოს საჭირო მათი ინდივიდუალური მორგება), უსაფრთხოება (პისტოლეტი უნდა იყოს აღჭურვილი ავტომატური მცველებით, რომლებიც გამორიცხავენ გასროლას სასხლეტზე დაჭერის გარეშე (მაგალითად დავარდნისას, ჩახმაზე გარედან დარტყმისას და ა.შ.), გამძლეობა (პისტოლეტი უნდა უძლებდეს ყოვლდღიურ ინტენსიურ ექსპლუატაციას, გააჩნდეს გამძლე მჭიდები, რომლებიც უძლებენ ვარდნას მიწაზე, უნდა გააჩნდეს ანტიკოროზიული თვისებები და იარაღი უნდა ინარჩუნდებდეს საიმედოობას მინიმალური მოვლის პირობებში), სუზუსტე (პისტოლეტი უნდა ისროდეს ქირურგიული სიზუსტით 15 მეტრის მანძილამდე (Brain shot) და 50 მეტრის მანძილამდე იძლეოდეს საშუალებას სილუეტის მასის ცენტრში მორტყმის). მორგება/ადაპტაცია (პისტოლეტს უნდა გააჩნდეს ტარის მსროლელის ხელზე მორგების საშუალება, ორმხრივი მართვის ელემენტები, უნივერსალური სამაგრი. სასურველია დიდი ტევადობის მჭიდები და ასევე აქსესუარების ხელმისაწვდომობა და არჩევანი, რაც მისცემს მსროლელს საშუალებას მოარგოს პისტოლეტი თავის საჭიროებებს. სროლისუნარიანობა (კარგი სასხლეტი მოკლე რესეტით, დაბალი ლულის ღერძი სრწაფი და კონტროლირებადი გასროლებისთვის , ტარის ფორმა მორგებული მჭიდის სწრაფი გადატენვისთვის, ადვილად მისაწვდომი მართვის ელემენტები), ნამსახურეობა (პისტოლეტი უნდა იყოს შეიარაღებაში (არმია/პოლიცია) გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

SR9c არის ავტომატური პისტოლეტი, პლასტმასის ჩარჩოთი, რომელიც იყენებს ბრაუნინგის მოდიფიცირებულ ჩაკეტვის სქემას. SR9 არის „სტრაიკერი“ ანუ ნაცვლად ჩახმახისა ის იყენებს დახურულ საკეტში მოთავსებულ დამრტყმელს. იარაღის წონა არის 630 გრამი. “რუგერი” აყვა მოდას და პისტოლეტი იყიდება ორი მჭიდით, 10 ვაზნიანი და 17 ვაზნიანი + ტარის ადაპტორი.  ეს კარგი გადაწყვეტილებაა, თუ გინდა იარაღი ფარული ტარებისთვის, ატარე ის 10 ვაზნიანი მჭიდით და 17-ნი იყოს სათადარიგო, თუ იყენებ იარაღს სახლის დაცვისთვის, დაუყენე 17 ვაზნიანი მჭიდი და 10 ვაზნიანი გქონდეს ყოველი შემთხვევისათვის, თუ 17 ვაზნა არ გეყო სახლზე “შეტევის” მოგერიებისთვის. მჭიდების კორპუსები მეტალის არის, ხუფები კი პლასტმასის.

პისტოლეტი აღჭურვილია მთელი რიგი უსაფრთხოების სისტემებით, მათ შორის მცველით სასხლეტზე, მჭიდის მცველით (იარაღი არ გაისვრის თუ მასში მჭიდი არ არის მოთავსებული), მექანიკური მცველით და ასევე დამრტყმელის მცველით, რომელიც კეტავს მას მანამ სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა. დამატებით პისტოლეტი არის აღჭურვილი დიდი ინდიკატორით, რომელიც გვაფრთხილებს რომ ვაზნა სავაზნეშია.

sr9options

“რუგერის” დაშლის შემდეგ პირველ რიგში იქცევს ყურადღებას მზგავსება გლოკის სისტემის პისტოლეტებთან. ეს ეხება როგორც ჩაკეტვის სქემას ასევე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციას.  პირობითად და ხუმრობით SR9-ს შეიძლება ვუწოდოთ გართულებული “გლოკი”. გართულებული იმიტომ, რომ რიგი მიზეზების გამო „რუგერის“ კონსტრუქტორებმა თავი აარიდეს „გლოკის“ ბოლომდე კოპირებას. მაგალითად SR9-ს საკეტი ისევე როგორც გლოკის საკეტი ადვილად იშლება, მაგრამ საკეტის ხუფი ფიქსირდება საკეტში ცალკე დეტალით, მაშინ როდესაც „გლოკში“ ის ფიქსირდება იგივე დეტალით, რომელიც ზემოქმედებს ექსტრაქტორზე. ეს მარტივი და ელეგანტური გადაწყვეტილება „გლოკში“ ითხოვს ნაკლებ დეტალს და გაძლევთ საშუალებას ადვილად მოხსნათ ექსტრაქტორი გამოცვლის ან გაწმენდის მიზნით. SR9-ში მასიური ექსტრაქტორი დამაგრებულია საკეტში ხვეული პინით, რომლის ამოსაგდებად დაგჭირდებათ სპეციალური ინსტრუმენტი. დანარჩენში SR9-ს საკეტის კონსტრუქცია მარტივია და ადვილად იშლება, საკეტის ხუფის მოხსნის შემდეგ გარეთ გამოდის მასიური დამრტყმელი თავისი ზამბარით, შემდეგ იხსნება მჭიდის მცველი, რომელიც დაწეულ მდგომარეობაში (როდესაც მჭიდი მას არ აწვება ქვევიდან) არ აძლევს საშუალებას დამრტყმელს მიწვდეს ვაზნას.  ეგ გადაწყვეტილება ჭკვიანურია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ იარაღში მჭიდი არ დევს, სასხლეტზე დაწოლისას ისმის მკაფიო „კლიკი“ იმიტომ, რომ მჭიდის მცველი დამრტყმელს ნახევარგზაზე აჩერებს და არ აძლევს მას საშუალებას მიწვდეს ვაზნის ამაალებელს. ასეთ გადაწყვეტილებას ასევე მოყვა ის რომ მჭიდის მოთავსებისას იარაღში, ზედმეტი ძალა არის საჭირო. უფრო მეტი ვიდრე სხვა პისტოლეტებში. მაგრამ ამავე დროს ვისაც არ სურს ასეთი მცველი, საკეტის აწყობისას უბრალოდ მას არ დააყენებს და ააწყობს საკეტს მის გარეშე.  იარაღი ჩვეულებრივად იმუშავებს და გაისვრის თუნდაც მჭიდის გარეშეც. მჭიდიც გაილებით ადვილად მოთავსდება იარაღში ზედმეტი ძალის დატანების გარეშე.

sr9slide

დაშლილი საკეტი. დამრტყმელის ქვევით არის მჭიდის მცველი, რომელიც საკეტშია განლაგებული.

SR9-ს ჩარჩო დამზადებულია პლასტმასისგან რომელიც შეხებით უფრო მყარია და პრიალა ვიდრე „ზიტელის“ მარკის პოლიმერი, რომელსაც იყენებს ზოგი სხვა მწარმოებელი მათ შორის “გლოკიც”. SR9-ს პლასტმასის ჩარჩოში 4 პინით არის ჩასმული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული, ჩამკეტი ბლოკი, რომელთანაც ზემოქმედებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავი ლულა. წინა სამი პინი პირდაპი ამოდის, მეოთხე უკანა პინი, რომ ამოიღოთ უნდა დაწიოთ ეჟექტორი ოდნავ ქვევით, რომ ის გამოათავისუფლოთ. წინა პინები დამატებით ფიქსირდება ჩარჩოში სწორი ზამბარით. ამიტომ აწყობისას პინები სწორი მხარით უნდა ჩასვათ. “გლოკში” მნიშვნელობა არ აქვს რა მხრით ჩასვავთ პინებს. დამრტყმელ-სასხლეთ მექანიზმთან გადაბმულია ჩამკეტი ბლოკიც (რატომ?), ხოლო კონსტრუქცია “გლოკთან” შედარებით გართულებულია მათ შორის ორმხრივი მექანიკური მცველის გამოყენების გამო. კარგი გადაწყვეტილებაა, რომ მიუხედავად ამისა, ეს მოდული მთლიანად ამოდის ჩარჩოდან და შესაბამისად ადვილად იწმინდება. მექანიზმი გართულებულია, მაგრამ ცხადია მაინც უფრო მარტივია ვიდრე პირობითად მეორე თაობის პისტოლეტების მექანიზმები, რომლებიც აწყობილია ჩარჩოში და არა ცალკე მოდულად. SR9c-ს გააჩნია 89მმ-ნი ლულა, 6 „კლასიკური“ ხრახნით, ბიჯი 1:10. ლულაც, საკეტიც და ჩამკეტი ბლოკიც დამზადებულია ჩამოსხმით. რის გამოც რა თქმა უნდა ისე ლამაზად არ გამოიყურება როგორც ფრეზირებული ნაწილები, თუმცა კრიტიკული ადგილები, ლულის არხის ზედაპირი, ისევე როგორც გარედან საკეტი, სუფთად და კოსმეტიკური დეფექტების გარეშე არის შესრულებული.

rugerframe1

ჩარჩო, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის მოდული და პინები. მზგავსება გლოკთან აშკარაა. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულთან გადაბმულია ჩამკეტი ბლოკიც.

როგორც რიგი სხვა პისტოლეტების, SR9 ისე არის დაპროექტებული, რომ მის დასაშლელად საჭირო იყოს საკეტის გახსნა. აღნიშნული აქტუალურია უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რომ პატრონს არ დაავიწყდეს იარაღის განმუხტვა. იარაღი ადვილად იშლება, საკეტი იკეტება გახსნილ მდგომარეობაში, ზევიდან თითით აწვებით ეჟექტორს, რომელიც ფიქსირდება წინ დახრილ მდგომარეიბაში, მარჯვენა მხრიდან ტყვვიის თავით ან რაიმე სხვა საგნით აწვებით ღერძს, რომელიც იჭერს საკეტს, და მისი ამოღების შემდეგ, უშვებთ საკეტს წინ, ის თავისუფლად მოცილდება ჩარჩოს. შემდეგ ამოიღებთ ორმაგ დანააბრუნებელ ზამბარას და ლულას. საკეტი ასევე ადვილად იშლება. დააჭირეთ თითი ქვევიდან დამრტყმელის  მცველს, რომ გაწიოთ დამრტყმელი წინ, თხელი სახრახნისით დააწეკით საკეტის ხუფის ფიქსატორს (პატარა ნასვრეტი საკეტის ხუფზე) და ჩამოწიეთ ხუფი დაბლა, ის ადვილად მოშორდება საკეტს და მოგცემთ შაშუალებას ამოიღოთ საკეტიდან დამრტყმელი  ზამბარით და მჭიდის მცველი თავისი ზამბარით. დეტალური წმენდისთვის, ამოაგდეთ ჩარჩოდან ოთხი პინი და ამოიღეთ დამრტყმლ-სასხლეტი მექანიზმი. აწყობა პირიქით ხდება, ეჟექტორი შეგიძლიათ დააბრუნოთ თავის ადგილას ხელით ან მჭიდის მოთავსებისას, ის თვითონ დააბრუნებს ექსტრაქტორს თავის ადგილზე.

მთლიანობაში პისტოლეტი გამოირჩევა მართალია “გლოკთან” შედარებით ნაკლებად დახვეწილი კონსტრუქციით, მაგრამ ბევრ სხვა პისტოლეტთან შედარებით მაინც მარტივია. დეტალები არ არის რთული კონსტრუქციის/ფორმის და წესით უნდა გაუძლონ ხანგრძლივ და ინტენსიურ ექსპლუატაციას. ჩვენი პისტოლეტის საკეტი უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, რაც პლასტმასის ჩარჩოსთან ერთად გულისხმობს, რომ ის უპრობლემოდ გაუძლებს ნესტის და ოფლის ზემოქმედებას. საკეტზე განლაგებულია დიდი ზომის ადვილად ხილვადი სამიზნე მოწყობილობები. ფოლადისგან დამზადებული წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები მერცხლის კუდის ტიპის სამაგრებშია ჩამაგრებული, ხოლო უკანა სამიზნე დამატებით რეგულირდება ვერტიკალურ სიბრტყეში. ეს საუკეთესო გადაწყვეტიილებაა, ვინაიდან საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია სამიზნე მოწყობილობების გამოცვლა და იარაღის ზუსტი მისროლაც ადვილდება. ასეთი ფასის იარაღზე ასეთი სრულყოფილი სამიზნე მოწყობილობების ნახვა ძალიან სასიამოვნოა. ნეტა ყველა მწარმოებელი აკეთებდეს იგივეს.

P1070067

SR9-ს საკეტის უკანა ნაწილი და სამიზნე მოწყობილობები. ერთადერთი მინუსი არის მათი დაბალი პროფილი, რის გამოც ერთი ხელით ვაზნის მიწოდება, მაგალითად ქამარზე გამოდებით შეუძლებელია. სამი თეთრი წერტილი არ არის საუკეთესო კომბინაცია, სასურველია წინა სამიზნე მოწყობილობის წერტილის ფერი იყოს განსხვავებული, რომ თვალმა სწრაფად განასხვავოს წინა წერტილი ორი უკანა წერტილისგან და ამისთვის საკმარისია უბრალოდ მდგრადი საღებავით შევღებოთ წინა წერტილი. წლებია ამისთვის მე ვიყენებ Revell-ის საღებავს, რომელიც იყიდება იქ სადაც იყიდება თვითმფრინავების ასაწყობი მოდელები (მაგალითად მე დიღმის „გუდვილში“ შევიძინე). უნდა აღვნიშნო, რომ SR9-ზე წინა წერტილი უფრო დიდია ვიდრე უკანა და ამით ის ცოტათი უფრო მოსახერხებელია.

საბრძოლო პისტოლეტის კრიტერიუმებთან თანხვედრა პრაქტიკულად სრულია. იარაღი მექანიკურად გამძლეა, მარტივია, ადვილად იშლება, გააჩნია დახვეწილი და გამძლე სამიზნე მოწყობილობები. ის ასევე აბსოლუტურად უსაფრთხოა. რაც შეეხება მორგების და ადაპტაცციის საშუალებას, პისტოლეტის ჩარჩო აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით, ხოლო ტარის უკანა ნაწილში არის განლაგებული, შედარებით რბილი რეზინის ჩანართი, რომელსაც გააჩნია ორი ფორმა, ბრტყელი და ამობურცული ზედაპირით. იმისთვის, რომ გამოცვალოთ ის, ამოაგდეთ ერთი პინი, მოხსენით ჩანართი, შეატრიალეთ და ისევ უკან დაამაგრეთ პინით. ვერ ვიტყვი, რომ აღნინული ოფცია მნიშვნელოვნად ცვლის იარაღის ერგონომიკას, მაგრამ ასეა თუ ისე რაღაც მორგების საშუალება მაინც არსებობს. სათადარიგო ნაწილები, ბუდეები, ღამის სამიზნეები ასევე არის ხელმისაწვდომი შესაკვეთად, იმიტომ რომ SR9 საკმაოდ გავრცელებულია აშშ-ში. რაც შეეხება ნამსახურეობას, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია იყენებს თუ არა SR-ს, რომელიმე პოლიციური სამსახური. იარაღი შედარებით ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.

P1070080

SR9-ს საკეტის გვერდები გაპრიალებულია, მე სიმართლე გითხრათ არც ეს არ მომეწონა და არც ის რომ, ჭრილები საკეტზე ზედმეტად ბასრი იყო ასე რომ 15 წუთი ხელობა აბრაზიული ქაღალდით იყო საკმარისი რომ ორივე ეს „პრობლემა“ მოგვარებულიყო.  

ჩარჩოზე განლაგებული მცვლის წყალობით, საკეტი თავისუფალია (კიდე ერთი სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი P სერიის პისტოლეტებთან შედარებით), ჭრილები განლაგებულია მის როგორც უკანა ასევე წინა ნაწილში. იარაღს საკმაოდ ხისტი დამაბრუნებელი ზამბარა აქვს, რის გამოც ასეთი ჭრილების არსებობა აუცილებელია. მთლიანობაში ჩარჩოს და საკეტის ფორმები მომრგვალებულია და მას პრაქტიკულად არ გააჩნია ბასრი კუთხეები. პისტოლეტის ტარი საკმაოდ თხელია. იარაღი ზომიერად კომპაქტურია და ადვილი სატარებელია. კონსტრუქციის და დიზაინის შეფასებისას, რაიმე ნაკლის გამოვლენა შეუძლებელია. ნაკლში ვგულისხმობ რამეს რაც შეამცირებს იარაღის ერგონომიკას ან რამით გაურთულებს ცხოვრებას იარაღის მფლობელს. მჭიდის მცველი ადვილად იხსნება, ვისაც არ სურს ასეთი ოფცია ადვილად გააუქმებს მას. ასეთ მცველს შეუძლია როგორც სარგებლის ასევე ზიანის მოტანა. ერთის მხრივ იარაღი არ გაისვრის მჭიდის გარეშე, მეორეს მხრივ თუ იარაღს დაეუფლა სხვა, მოხსნილი მჭიდი არ მისცემს მას საშუალებას გაისროლოს. ორივე მდგომარეობა შეიძლება დადგეს. უსაფრთხოების მხრივ ეს გადაწყვეტილება ზედმეტია ჩემი აზრით, იარაღს ისედაც მასიური ინდიკატორი აქვს, რომელცი პირდაპირ ყვირის რომ ვაზნა სავაზნეშია. რა ტიპის უბედური შემთხვევისგან უნდა დაგვიცვას მჭიდის მცველმა ჩემთვის გაუგებარია, მაგრამ ეს მომხმარებლის გადასაწყვეტია, რაც მთვარია SR9-ში ამ ოფციის გაუქმება/გააქტიურება ადვილზე ადვილია.

P1070082

SR9-ს ჩარჩო და საკეტი. ისრით ნაჩვენებია მჭიდის მცველი, (მჭიდის დისკონექტორი). პისტოლეტის კონსტრუქცია გათვლილია +P კატეგორიის ძლიერ ვაზნებზე.

რაც შეეხება სხვა საბრძოლო პისტოლეტის კრიტერიუმებს, როგორიც არის საიმედოობა, სიზუსტე, სროლისუნარიანობა, მათი დადგენა შესაძლებელია თუ პისტოლეტს გავატარებთ რიგ ტიპიურ ტაქტიკურ ვარჯიშებში და მათ შორის გავისვრით ამ იარაღიდან ისეთ სამიზნეში, რომ დავადგინოთ ამ იარაღის სიზუსტის ხარისხი. დავიწყოთ ნეგატივით და იმით, რომ საოცრებები იარაღის სამყაროში როგორც წესი არ ხდება.  ბიუჯეტური იარაღისგან არ უნდა ველოდოთ რაიმე განსაკუთრებულს და როგორც წესი აბსოლუტური უმეტესოაბ ესეთი იარაღის „დაჯილოდებულია“ თავისებურებებით. არც „რუგერს“ არ აცდა ეს ბედი და პირველ რიგში ყურადღება მიიქცია მჭიდის ღილაკმა. იმისთვის რომ მჭიდი იარაღში მოათავსოთ საჭიროა გვარიანად მიარტყათ მას ხელი ქვევიდან. მნიშვნელობა არ აქვს მჭიდი სავსეა თუ ცარიელი. თუ საკმარისი ძალა არ დაატანეთ ღილაკის კბილი მჭიდს არ დააფიქსირებს. მეორე ნიუნასი, რომელმაც მიიქცია ყურადღება არის ზედმეტად ხისტი დამაბრუნებელი ზამბარა (რაც როგორც წესი მეტ ნაკლებად ტიპიურია კომპაქტური იარაღისთვის). მეტი არაფერი განსაკუთრებულად ნეგატიური არ შეგვმიჩნევია. იარაღი ღრმად ზის ზელში, სამიზნე მოწყობილობები კარგი ზომის და პროპორციების არის, სასხლეტი ძალიან კარგია. უფრო მოკლე სვლით ვიდრე გლოკზე, ერთგვაროვანი თუმცა ცოტათი მძიმე. რესეტი მოკლე და პოზიტიურია. პირობითად 10 ბალიანი სკალით, SR9-ს სასხლეტი შეიძლება შეფასდეს 8 ქულით.

სროლის წინ იარაღი არც გაწმენდილა და არც დაზეთილა, როგორიც იდო კოლოფში ისეთი გამოვიყენეთ. სროლა SR9-დან ძალიან სახალისოა, იმიტომ რომ უკუცემა პრაქტიკულად არ არის, სასხლეტი ძალიან კარგია ხოლო სამიზნე მოწყობილობები ძალიან მოსახერხებელია ყველა ტიპის სროლისთვის, იქნება ეს საუკუთესო ჯგუფებზე სროლა თუ თავდაცვითი, მაქსიმალურად სწრაფი და დინამიური. პისტოლეტს არ დაჭირდა გასწორება, პირდაპირ კოლოფიდან ის ურტყავდა იქ სადაც უმიზნებდით. სამწუხაროდ ბოლო დროს მწარმოებლები თავს არ იწუხებენ პისტოლეტის ზუსტი მისროლით, არა და ზოგი მოდელისთვის ზუსტი გასწორება შეიძლება შეუძლებელიც იყო, გამოყენებული სამიზნე მოწყობილობების ტიპიდან გამომდინარე.

P1070091

ერგონომიკა ამ პისტოლეტის იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. მიუხედავად მოკრძალებული ზომებისა ის თუნდაც დიდ ხელებში ღრმად და საიმედოთ ზის. ლულის ღერძიც დაბალია. 

sr9target1

ჯგუფები 12 მეტრზე, ციფრი აღნიშნავს ჯგუფის რიგითობას, ყველაზე ბოლოს ნასროლი ყველაზე კარგი გამოვიდა. გამოყენებული მუხტი იყო  Magtech 124gr FMJ. სროლისთვის ტრადიციულად ვიყენებთ ე.წ. Ghost Target-ს, არაკონტრასტულ ბუნდოვან სილუეტს რომელზეც პირობითად აღნიშნულია სასიკვდილო ზონები, ხერხემალი, თავის ტვინი, გული.  თეთრი წრეები განკუთვნილია ზუსტი სროლისთვის. 

P1070079

სწრაფი სროლისას, ორმაგი გასროლებით, 3-8 მეტრის მანძილზე, ჯგუფი არ გამოვიდა ძალიან დიდი.

იარაღი ერგონომიული ტარის წყალობით ძალიან ღრმად ზის ხელში, რის გამოც ლულის ხტომა და უკუცემის შეგრძნება მინიმალურია. იარაღი მაღალი სროლისუნარიანობით გამოირჩევა. 10 ვაზნიანი მჭიდზე ჩვენ გვეყენა დაგრძელებული ხუფი, რის გამოც ჭერის კომფორტი პრაქტიკულად იგივეა რაც 17 ვაზნიანი მჭიდის გამოყენებისას. სასხლეტი როგორც აღვნიშნე ცოტათი მძიმეა, რის გამოც დაჭირდა მცირე მიჩვევა. პირველი ჯგუფები საკმაოდ ნორმალური იყო მაგრამ როდესაც “გავუგეთ” სასხლეტს, ჯგუფები პირდაპირ პროპორციულად შემცირდა.

სროლის დროს არ არის ურიგო ხოლმე გადაამოწმოთ მასრები. შეჭეჭყილობები, ამობურცული გვერდები, ბზარები, დამრტყმელის სუსტი კვალი ამაალებელზე შეიძლება მეტყველებდნენ ბერვ რამეზე. ჩვენ შემთხვევაში არანაირ ანომალიას ადგილი არ ქონდა. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, გასროლი მასრები დაგროვდა მსროლელისგან მარჯვნივ და ოდნავ უკან, 4-5 მეტრის მანძილზე.

იარაღმა იმუშავა, როგორც შვეიცარიულმა საათმა, ზუსტად, უნაკლოდ, შეფერხებების გარეშე. ენერგიუალად შეაგდეთ მჭიდი ტარში, ასევე ენერგიულად გამოქაჩეთ საკეტზე და დაიწყეთ სროლა. საკეტის შემაკავებელი, მცველი მუშაობენ მკაფიოდ და  პოზიტიურად. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს მცველი. ის მარტივი კონსტრუქციის არის, ორმხრივია მაგრამ ზუსტად იქ არის განლაგებული და ისეთი ზომის არის რომ არც ხელს გიშლით, ხოლო მისი ჩართვა გამორთვა ადვილია, ამასთანავე ჩართვა გამორთვა კარგად იგრძნობა ხელით და მკაფიოდ ისმის. ეგრევე ხვდებით რომ ის ან ჩართეთ ან გამორთეთ.

შეიძლება ითქვას, რომ ტესტი სიზუსტეზე და სროლისუნარიანობაზე პისტოლეტმა წარმატებით და წარჩინებით ჩააბარა. სამწუხაროდ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ერთი მუხტი,  Magtech 124gr FMJ. რომ მოვიშველიოთ სხვა რესურსები, შეიძლება დავასკვნათ, რომ “რუგერი” არ არის წუნია ვაზნების მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია SR9 არასდროს აღარ გამოჩნდეს თბილისის იარაღის მაღაზიების თაროებზე, ჩვენ მაინც გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება გაგვეცნო ახლოს ტრადიციული, სუფთა ამერიკული მწარმოებლის ეს პროდუქტი. ჩვენი ტესტის შედეგები თანხვედრაშია იმ გამოხმაურებებთან რაც ნეტში მოიპოვება, Nutnfancy, SootchOO, hickok45, The Daily Shooter, ისევე როგორც სხვა ცნობადი სახეები სროლის და იარაღის სამყაროდან, კოლიონ ნუარე, დეივ სპოლდინგი, ძალიან მაღალი შეფასებები მისცეს ამ პისტოლეტს.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ხშირად მესმის სასაცილო კითხვა რესურსზე, რამდენი აქვს იარაღს რესურსი?  ეს კითხვა ერთის მხრივ ლოგიკურია მაგრამ მეორეს მხრივ საქართველოსთვის აბსოლუტურად უაზრო. თუ X პისტოლეტს აქვს რესურსი 10 000 გასროლა ხოლო Y პისტოლეტს 8 000, ეს რამეს ნიშნავს? 99.9% პისტოლეტის მფლობელების საქართველოში დაკმაყოფილდებიან რესურსით რომელსაც ქვია “ერთი მჭიდი ახალ წელს ჰაერში”. კითხეთ თქვენ თავს, რამდენს ისვრით პისტოლეტიდან და გარწმუნებთ, რომ თუ პისტოლეტი სადმე თურქული პროვინციის სარდაფებში არ არის დამზადებული გადამდნარი ლუდის ქილებისგან ის არ დაიშლება ძალიან დიდხანს. Guns&Ammo-მ ტესტირებისას რამდენიმე დღეში SR9-დან 15 000 ვაზნა ისროლა. The Daily Shooter-მა 2.5 წელიწადში 10 000 გასროლა განახორციელა ყოველგვარი მექანიკური პრობლემების გარეშე.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. „რუგერის“ ტრადიციული ძლიერი მხარე, დაბალი ფასი და A+ კლასის ტექნიკური მხარდაჭერა, საქართველოსთვის ნაკლებად რელევანტურია. იმის ფონზე რომ დღეს ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის პრაქტიკულად ახალი მეორადი “გლოკის” ფასი 1300-1500 ლარია, საქართველოსთვის იშვიათი „რუგერი“ არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რეალური ალტერნატივა სხვა პისტოლეტებისათვის, უბრალოდ იმიტომ რომ მას ვერსად ვეღარ იყიდით. თუ ვთქვათ და ის გამოჩნდა გაყიდვაში,  ”რუგერი” პირველ რიგში დააინტერესებს იმ ადმაინებს ვისაც სურთ იაფი მაგრამ თანამედროვე “სტრაიკერი”, რომელსაც ამავდროულად ექნება ტრადიციული მცველი, რის გამოც ვაზნის სავაზნეში  ტარება არ იქნება განსაკუთრებული საფრთხის შემცველი. ასეთ შემთხვევაში კომპაქტური SR9c, რომელიც 700 გრამსაც არ იწონის, იტევს 18 9მმ-ან ვაზნას იქნება კარგი და ეეფექტური იარაღი. განსაკუთრებულ ქებას იმსახურებს პისტოლეტის საუკეთესო ერგონომიკა. ყოველდღიური ტარება და ექსპლუატაცია იარაღს არაფერს არ დააკლებს, პლასტმასის ჩარჩო არ იცვითება და არ იჟანგება, ისევე როგორც უჟანგავი ფოლადის საკეტი. ვისაც აქვს ინტერესი ამერიკულ იარაღში, სურს მექანიკური მცველი და არ უნდა ბევრის გადახდა, SR9 იქნება ძალიან კარგი არჩევანი. იარაღის კომპაქტური ზომები შეცდომაში ნუ შეგიყვანთ, SR9 ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი კომპაქტური პისტოლეტია იმ 70-ზე მეტი პისტოლეტიდან რომელიც ჩვენ გამოვცადეთ. ჯეფ კუფერმა ერთხელ თქვა, რომ კარგ საბრძოლო პისტოლეტს უნდა ქონდეს კარგი სასხლეტი, კარგი სამიზნე მოწყობილობები და ის უნდა იყოს საიმედო. გამოდის, რომ SR9 ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს და თანაც საკამოდ ზომიერ ფასად.



3 Responses to “ჩვენი ტესტი – Ruger SR9c”

  1. Koba says:

    რაღაც ძალიან ვამგვანებ STAER S-ს :)

  2. misha says:

    savage mark 2 და marlin xt 22-is შედარაბეა ხომ არ გეგმავთ?

  3. Shooter says:

    samtsuxarod jer ara

დატოვეთ კომენტარი