Remington 597 vs Marlin 795

P1070012

.22lr და მისთვის განკუთვნილი იარაღი იყო, არის და იქნება ჩვენი ყურადღებიც ფოკუსში, იმიტომ რომ ორივე რჩება ყველაზე ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ადამიანისთვის და ამვე დროს უნივერსალურობით და იმ სარგებლით რომლის მოტანა მათ შეუძლიათ ისინი დღემდე შეუდარებელნი არიან. ნადირობა, მიზანში სროლა, რეკრეაციული სროლა, პრაქტიკული ვარჯიშებ ზედმეტი ხარჯებუს და იარაღის ნაჩქარევი ცვეთის გარეშე და ბოლოს თუნდაც თავდაცვა, ეს ყველა ის სფეროა სადაც .22lr გამოადგენა მსროლელს. .22lr-მა გახადა ხელმისაწვდომი სროლა პრაქტიკულდ ნებისმიერისთვის. ამ კალიბრის იარაღი არ საჭიროებს ძვირად ღირებულ აქსესუარებს, ოპტიკას, მოვლის საშუალებებს, მინიმალური ინვესტიციებია საჭირო რომ მიიღოთ თქვენთვის სასურველი იარაღი. ხანდახან მესმის ხოლმე: არა, არ ვცემ პატივს .22-ს, ზედმეტად სუსტია. პატივცემულო თქვენ, როგორც ჩანს არ გესმით .22-ის დანიშნულება და თანაც განებივრებული ხართ უფასო ტყვიაწამლით და იარაღით. .22 კალიბრი არასდროს არ შექმნილა სახიფათო ცხოველებზე სანადიროდ და მტრის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად. ის შეიქმნა იმისთვის, რომ სროლა გამხდარიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის და ამ ფუნქციას ის წარმატებით ასრულებს აგერ უკვე საუკუნეზე მეტია. გამომდინარე კარგი თანდაყოლილი სიზუსტიდან, რომელიც .22lr-ს გააჩნია და ასევე გასროლის დაბალი ხმიდან და მცირე უკუცემიდან ამ ვაზნამ ჰპოვა გამოყნება ბევრ სხვა სფეროში. პრაქტიკულად ყველა სფეროში სადაც ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება.

მოთხოვნა მცირეკალიბრიან იარაღზე არასდროს არ შემცირებულა, თუმცა ბოლო დროს მოთხოვნა გაიზარდა მცირეკალიბრიან იარაღზე, რომელიც აკოპირებს საბრძოლო იარაღს. გაჩნდა მოდელები, რომლებიც სრულად იმეორებენ საბრძოლო იარაღებს და ასევე მოდელები, რომლებიც შორეულად გვანან საბრძოლო იარაღს.  მათი ფასი საკმაოდ მაღალია და ისინი, როგორც წესი ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირია ვიდრე კლასიკური მცირეკალიბრიანი შაშხანები.  ამავე დროს “მილიტარისტული” მცირეკალიბრიანი კარააბინები (სულ ყველა რაც ჩვენ შეგხვედრია) გამოირჩევიან კონსტრუქციის გაუმართლებელი სირთულით.

rugassc

.22 კალიბრის ორი ყველაზე გავრცელებული დღეს ფორმატი არის “ტაქტიკური” და “კლასიკური”, პირველი გამოირჩევა მოდიფიიკაციების მრავალი ოფციებით, მაღალი ფასით და ტაქტიკური გარეგნობით, რომელიც დღეს მოდაშია. მეორეს გააჩნია სანადირო/სპორტული იარაღის ფესვები, გამოირჩევა მსუბუქი წონით, მოკრძალებული გაბარიტებით და დაბალი ფასით. მარცხნივ ISSC Mk22, მარჯვნივ Ruger 10/22. 

აღნიშნულ სტატიაში ჩვენ შევადარებთ ერთმანეთს და შევაფასებთ, სწორედ კლასიკური ტიპის ორ ამეირიკული წარმოების შაშხანას, “რემინგტონ 597″ და “მარლინ 795″-ს. ორივე იარაღი გათვლილია .22lr ვაზნაზე, ორივე არის ნახევრად ავტომატური, ორივე იკვებება მოსახსნელი მჭიდიდან. ამ ორიდან „რემინგტონი“ ბევრად უფრო ხშირია საქართველოში ვიდრე “მარლინი”. ორივე იარაღი ამერიკაში 150 დოლარამდე ღირს, ცხადია საქართველოში ჩვენი იმპორტიორების წყალობით ისინი ორჯერ სამჯერ უფრო მაღალ ფასად იყიდება.

ისტორია და ტექნიკური მახასიათებლები

“რემინგტონ 597″ უფრო ახალგაზრდაა ვიდრე “მარლინი” და გამოდის 1997 წლიდან. ის ხელმისაწვომია სამ კალიბრში. .22lr, .22WMR, და .17HMR, აქიდან უკანასკნელის წარმოება შეწყევტილია. არსებული ინფორმაციით რემინგტონი ნებაყოფლობით იბრუნებს ამ იარაღს და უნაზღაურებს მფლობელს მის ფასს, როგორც ჩანს ამ კომპანიამ ისევ იჩქარა ახალი იარაღის გაყიდვაში გაშვება მისი საფუძვლიანი გამოცდის გარეშე. “597″-ის შექმნით რემინგტონს სურდა კონკურენცია გაეწია მარლინ 60/795-თვის და რუგერ 10/22-სთვის, ორ იარაღთან, რომელიც დომინირებდა მცირეკალიბრიანი იარაღის ამერიკულ ბაზარზე.  ამისთვის მათ რიგი ორიგინალური გადაწყვეტილებებიც მიიღეს, მათ შორის მაგალითად “597″ მაქსიმალურად იმეორებს მსხვილ-კალიბრიანი იარაღის ერგონომიკას.  სხვა ანალოგებთან შედარებით „რემის“ კონდახი უფრო გრძელი და მსხვილია (ერთი, ერთნახევარი ინჩით). „რემის“ ხელში აღებისას იარაღი აღითქმევა, როგორც მსხვილკალიბრიანი შაშხანა. შემდეგ, სასხლეტი ყოველთვის იყო სუსტი წერტილი ყველა „ბიუჯეტური“ მცირეკალიბრაინი ნახევრად ავტომატური კარაბინების, ამიტომ “რემინგტონ 597″-ში დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის დეტალები დაფარულია ტეფლონით და ნიკელით, რაც უზურნველყოფს სასხლეტის სუფთა, ერთგვაროვან მოქმედებას. კონსტრუქციის ორიგინალურ თავისებურებას ასევე უნდა მივათვალოთ ორი დამაბრუნებელი ზამბარა, მოთავსებული ფოლადის ორ ღერძზე, რომელზეც ასევე მოძრაობს საკეტი. რემინგტონის რწმუნებით ეს უზრუნველყოფს საკეტის სუფთა სვლას და ის ყოველთვის ერთგვაროვნულად იკეტება, რაც შესაბამისად უზრუნველყოფს კონკურენტებთან შედარებით უკეთეს საიმედოობას და სიზუსტეს. დანარჩენში იარაღი არაფრით განსაკუთრებულად არ გამოირჩევა.

იარაღის წონა ოპტიკის გარეშე დაახლოებით 2.5 კგ. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა. ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია 16 ინჩიანი ლულით, შავი სინთეტიკური კონდახით, იარაღზე აყენია Bushnell 3-9×40 ოპტიკა და ლულაზე დამატებითი პიკატინის სამაგრი. ჩვენ იარაღს ასევე არ გააჩნია რკინის სამიზნე მოწყობილობები.  პირველი შეხედვით “რემინგტონ 597″ ძალიან ლამაზი და დახვეწილი იარაღის შთაბეჭდილებას ტოვბს.

P1030763

რემინგტონი ამჟამად უშვებს 597-ის ათზე მეტ მოდიფიკაციას. ჩვენი არის მოდელი 597AAC-SD. ამ მოდელის კარაბინის ლულა იძლევა საშუალება ლულის მოწყობილობის დაყენების. ხრახნების ბიჯი იგივეა რაც სტანდარტულ AR-15-ზე, 1/2 -28. 

“მარლინ 795″ წარმოადგენს ზე-პოპულარული “მარლინ 60″-ის ვერსიას მოსახსნელი მჭიდით. მოგეხსენებათ “მარლინ 60″ აღჭურვილია ლულის-ქვეშა ცილინდრული მჭიდით. აღნიშნული იარაღის კონსტრუქცია ეკუთვნის მარლინის კონსტრუქტორს ედვარდ ნიკოლს. “მარლინ 60″-ის და “795″-ის კონსტრქუცია პრაქტიკულად იდენტურია გარდა იმ სხვაობებისა რაც საჭირო იყო იარაღის ადაპტაციისთვის ჩვეულებრივი მჭიდის გამოსაყენებლად. “მარლინ 60″ გამოდის 1960 წლიდან და სულ გამოშვებულია 11 მილიონი კარაბინი. უნდა ვივარაუდოთ, რომ კონსტრუქცია გამოცდილი და საიმედოა. იარაღის მთავარი კონსტრუქციული თავისებურებაა მარლინის საფირმო ე.წ. მიკროღარიანი ლულა, 16 ღარით, რაც კომპანიის რწმუნებით არ ახდენს რბილი .22 კალიბრის ტყვიის დეფორმირებას და ამით მიიღწევა მაღალი სიზუსტე. ლულის სიგრძე 18 ინჩია, წონა სულ რაღაც 2 კილოგრამი. მოსახსნელი მჭიდის ტევადობა 10 ვაზნა.  იარაღი აღჭურვილია რკინის სამიზნე მოწყობილობებით, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ პირდაპირ მაღაზიიდან წახვიდეთ სასროლად და ოპტიკის შეძენა გადადოთ. “რემის” შეძენისას ფასს უნდა დაუმატოთ ოპტიკის ღირებულებაც.

P1060994

ჩვენი ტესტირების ობიექტი აღჭურვილია ოპტიკით Shirstone 4×32, Caldwell-ის „ბიპოდით“ და ჩვენს მიერ შეღებილი სინთეტიკური სტოკით.

მართვის ელემენტები

„რემი“ იყენებს მოსახსნელ 10 ვაზნიან მჭიდს. მჭიდის ღილაკი განლაგებულია იარაღის  მარჯვენა მხარეს. მარლინზე მჭიდის ღილაკი განლაგებულია მჭიდის უკან. პატარა ბერკეტის ფორმით. მცველების განლაგება ორივე იარაღზე იდენტურია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის უკან. ორივე კარაბინი ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ ტოვებს საკეტს ღიად, აქიდან “მარლინზე” საკეტის დახურვის მიზნით უნდა დააწვეთ პატარა ბერკეტს სასხლეტთან, ხოლო „რემ“-ზე საკეტი უნდა დაქაჩოთ უკან და გაუშვათ წინ. “რემისგან” განსხვავებით “მარლინი” აღჭურვილია მჭიდის მცველით. თუ იარაღში მჭიდი არ დევს სასხლეტი დაბლოკილი რჩება.

მართვის ელემენტების ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ იარაღები ერთნარია, თუმცა „რემის“ მჭიდის ღილაკის განლაგება ჩვენი აზრით უფრო უკეთესია. „მარლინზე“ რთულია მჭიდის მოხსნა ერთი ხელით, განსაკუთრებით, როდესაც წევხარ და ამიტომ მე უბრალოდ ვაჭერდი მას ქვევიდან და მჭიდი ძირს ვარდებოდა. ერთის მხრივ ეს კარგია, იმიტომ რომ ტყეში, ბუჩქებში ძრომიალის დროს მჭიდის დაკარგვის ალბათობა მცირდება.

ზოგადი ერგონომიკის და მოხერხებულობის მხრივ „რემი“ ოდნავ უკეთ გამოიყურება მისი „ზრდასული“ სტოკის გამო, მაგრამ ის ამავე დროს საგრძნობლად უფრო მძიმეა ვიდრე ბუმბულივით მსუბუქი „მარლინი“. “მონოლითური” ოპტიკის სამაგრით, დამატებითი სამაგრით ლულაზე, უფრო მძიმე და ძლიერი ოპტიკის გამო „რემი“ დამძიმდა, ამიტომ დამატებით ბიპოდის დაყენება უკვე ჩემი აზრით ზედმეტად დაამძიმებდა ამ იარაღს. მეორეს მხრივ „მარლინი“ კომპაქტური ოპტიკით, ბიპოდით, მსუბუქი ღვედით და თხელი სტოკით იყო გაცილებით უფრო მსუბუქი და ამავე დროს უფრო კომპაქტური და ადვილად სათრევი იარაღი.

კონსტრუქციების შედარება

“რემინგტონ 597″ გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა და ბუნებრივია რომ ამის გამო გარკვეული  უპირატესობებიც გააჩნია. უკვე ნახსენები ტეფლონ/ნიკელის დაფარვა გამოიხატა საგრძნობლად უფრო უკეთეს სასხლეტში. “რემის” სასხლეტი იყო ერთდროულად უფრო მსუბუქიც და ერთგვაროვანიც. „რემის“ ავტომატიკის სქემა ორი ფოლადის ღერძით და ორი დამაბრუნებელი ზამბარით ძალიან  საიმედოდ გამოიყურება. ამავე დროს სქემატურად ორივე იარაღი თითქმის იდენტურია, ალუმინის რესივერი, მასიური ფოლადის საკეტი მოსახსნელი სახელურით. „რემის“ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ერთ მოდულად არის შესრულებულია, მარლინში ორ მოდულად არის გაყოფილი. მომსახურების მხრივ ორივე იარაღი იდენტურია.  დაშლისას ორივე იარაღი ერთნაირად იშლება. ჯერ უნდა მოიხსნას ორი ხრახნი, რომელიც აფიქსირებს რესივერს სტოკში, შემდეგ განცალკევდეს რესივერის ზედა და ქვედა ნაწილები, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ საკეტები. ორივე იარაღზე ალუმინის რესივერები შეღებილია, ხოლო ლულები ოქსიდირებულია. უკეთესი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და თეორიულად უფრო მყარი ავტომატიკის სქემის გამო „რემი“ ისევ ოდნავ უკეთესად გამოიყურება.

update 30.02.2016: “მარლინზე” მწყობრიდან გამოვიდა პლასტმასის ბუფერი. ინსტრუქციის თანამხმად ამ იარაღიდან არ არის რეკომენდირებული ზე-სწრაფი (hyper velocity) ვაზნების გამოყენება. არ ვიცი რა არის ამის მიზეზი მაგრამ ბუფერი პრაქტიკულად დაიფშვნა. მისი ფასი ამერიკაში არის 20 დოლარი რაც საკმაოდ ბევრია პალსტმასის ნაჭერში და ნიშნავს რომ იარაღის მწყობრში დასაბრუნებლად 50 ლარი არის საჭირო და ორი კვირა ლოდინი. ბუფერი ასევე “რემინგტონის” კონსტრუქციაში არის და როგორც ჩანს ეს ბუფერი იცავს ალუმინის რესივერს საკეტის დარტყმისგან. სავარაუდოთ ბუფერის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი არის მისი ასაკი.

ორივე კარაბინი დიდიხანია დაკვირვების ქვეშ არიან და “მარლინს” უკანასკნელი 5 წელი პრობლემა არ ქონია თუმცა „რემთან“ შედარებით ნაკლები ვაზნა არის ნასროლი (დაახლოებით 500 ცალი). „რემინგოტნი“ 2 წელია ექსპლუატაციაში და უკვე 1800 ვაზნაზე მეტია ნასროლი. ამ პერიოდის დროს მხოლოდ მწყობრიდან გამოვიდა და შეიცვალა ქარხნული პიკატინის სამაგრები, რომლებიც დაყენებული იყო ალუმინის რესივერზე. ასე რომ ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში მოემზადეთ რომ ამ სამაგრების შეცვლა მოგიწევთ და ნაცვლად გამოიყენებთ “მერცხლის კუდის” ტიპის სამაგრებს. “მარლინზე” სხვა ტიპის სამაგრის ოფცია არც არის. .22 კალიბრისთვის ამ ტიპის სამაგრი აბსოლუტურად საკმარისია. მინუსი კი” მერცხლის კუდის” ის გახლავთ რომ მაგათზე შეუძლებელია სწრაფად მოსახსნელი კრონშტეინის ან “რინგების” დაყენება.

remlingraf

როგორც ხედავთ ორი იარაღი დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. მარცხნივ “მარლინი”, მარჯვნივ “რემინგტონი”. რემინგტონის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კონსტრუქციაში იგრძნობა რუგერ 10/22-ის გავლენა. 

ჩემი აზრით კონსტრუქციების შედარებისას “მარლინის” უპირატესობა არის მისი მჭიდი. წლების განმავლობაში “რემინგტონ 597″-ის რეპუტაცია ზარალდებოდა მჭიდების არადამაკმაყოფილებელი კონსტრუქციის გამო. არ ვიცი რა გაუჭირდათ რემინგტონში ასე, რომ მათ დაჭირდათ მჭიდის კონსტრუქციის ორჯერ შეცვლა რის გამოც ამ იარაღის სამი თაობის მჭიდები არსებობს. აქიდან მესამე თაობა ბუნებრივია ყველაზე უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო. მიუხედავად იმისა, რომ ტევადობა მითითებულია როგორც 10 ვაზნა, მჭიდში თავსდება მხოლოდ რვა ცალი და ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მჭიდის კორპუსი არის მსუბუქი შენადნობისგან დამზადებული, რომელიც ჩამოსხმის მეთოდით მზადდება. მჭიდის ხუფი და მიმწოდებელი პლასტმასის არის. “მარლინის” მჭიდი არის გაცილებით უფრო მყარი, დამზადებული ფოლადისგან და შემდგომ დაფარული ნიკელით, ნარინჯის ფერი პლასტმასის მიმწოდებლით. ხუფიც არის მეტალის. ძნელად წარმოადგენია რა უნდა მოხდეს რომ ეს მჭიდი დააზიანოთ. ასე რომ “ძველი სკოლა” უმჯობესია და “მარლინის” მჭიდი უკეთესია. რემინგტონზე კი მჭიდი ყველაზე სუსტი წერტილია. დავამატებდი რომ კარგი იქნებოდა რომ მარლინის მჭიდზე შესაძლებელი ყოფილიყო მიმწოდებლის თითით დაშვება , რაც გაადვილებდა და დააჩქარებდა მჭიდის ვაზნებით შევსებას.

remlinmag1

რემინგტონის და მარლინის მჭიდები. რატომ ვერ უნდა შეძლოს ამხელა კომპანიამ, როგორიც არის რემინგტონი გამოუშვას ათ ვაზნიანი მჭიდი, რომელშიც ჩადის 10 ვაზნა ჩემთვის გაუგებარია.  

ორივე იარაღი არ გამოირჩევა განსაკუთრებულად ადვილი დაშლის ალგორითმით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ იარაღებს არ აქვთ სამხედრო ფესვები. ასეთი იარაღის წმენდა არ არის აუცილებელი ყოველი გამოყენების შემდეგ. “მარლინის” ინსტრუქციის მიხედვით იარაღი უნდა დაიშალოს და გაიწმინდოს 250 ვაზნის გასროლის შემდეგ. ჩვენი მცრეკალიბრიანი იარაღების მარავალწლიანი ექსპლუატაციის გამოცდილება გვეუბნება რომ თუ მჭიდი და სავაზნეს მიმდებარე “ტერიტორია” სუფთაა, ინტერვალი წმენდებს შორის შეიძლება 1000 გასროლაც იყოს. ლულის გასაწმენდად იარაღის დაშლა აუცილებელი არ არის და ცხადია, რომ ლულას რეგულარული წმენდა ჭირდება, იმისთვის რომ არ მოხდეს ლულის არხის ზედაპირზე ტყვიის ნადების დაგროვება და არ მოხდეს სიზუსტის დეგრადაცია.

შედარება სროლით

სროლა ხორციელდებოდა ორ მანძილზე, 50 და 90 მეტრზე. გამოყენებული იყო სამი ტიპის ვაზნა, Eley Sport, CCI SV და CCI Mini-Mag. სამივე ვაზნამ დაახლოებით ერთნაირი სიზუსტე აჩვენა, ამიტომ ჩვენ უბრალოდ შევკრიბეთ ყველა ჯგუფი და გამოვიყვანეთ საშუალო სიზუსტე თითო იარაღისთვის. 50 მეტრზე “მარლინის” ჯგუფების საშუალო სიგანე იყო 24მმ, ხოლო 100 იარდზე 61მმ. “რემის” ანალოგიური მაჩვენებელი 50 მეტრზე იყო 36მმ და 66მმ 100 იარდზე. აქიდან “მარლინის” საუკეთესო ჯგუფი 50 მეტრზე იყო  შთამბეჭდავი 18მმ და 54მმ 100 იარდზე. ჩემი აზრით “რემი” ადეკვატურად ზუსტია “პლინკერისთვის”, “მარლინმა” აშკარად მიგვანიშნა, რომ მეტიც შეუძლია.

როგორ შეიძლება შევაფასოთ ორივე კარაბინი სიზუსტის და სროლისუნარიანობის მხრივ? “რემინგტონი” აშკარად უკეთესად იგრძნობა თავისი უაღრესად ერგონომიული სტოკის გამო. სასხლეტიც “რემზე” ბევრად უკეთესია და ასეთ მსუბუქ იარაღში სასხლეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს სიზუსტის მიღწევაში. მიუხედავად ამისა ორი “რემინგტონის” ექსპლუატაციამ გვაჩვენა, რომ რამდენადაც სრულყოფილი არ უნდა ყოფილიყო სროლის პირობები და რამდენად კარგი ოპტიკა არ უნდა გამოგვეყენებინა (მეორე რემზე კარგი ხარისხის “ნიკონი” გვეყენა) ან თუნდაც ყველაზე მაღალი ხარისხის ვაზნები სეგვერჩია, “რემინგტონ 597″ უბრალოდ არ გამოირჩევა ქირურგიული სიზუსტით. აქიდან გამომდინარე უნდა დავასკვნათ რომ ეს პირდაპირ უკავშირდება “რემის” ლულის ხარისხს. რაც შეეხება “მარლინს”, თუნდაც ძალიან მოკრძალებული “სკოპით” და მძიმე სასხლეტით ის მაინც ძალიან კარგად ისროდა, რაც უნდა ვივარაუდოთ მიკრო-ღარიანი ლულის დამსახურებაა.

სროლა ხდებოდა საველე პირობებში, გაყინული მიწიდან, ყინვაში. ასე რომ მიღებული შედეგები გვიჩვენებს ორი იარაღის პრაქტიკულ სიზუსტეს, რომელიც მიღწევადია ღია ცის ქვეშ. ასეთ პირობებში “ბიპოდი” მოსახერხებელია, იმიტომ რომ ის უზრუნველყოფს სტაბილურ და ერთგვაროვან სასროლო პლატფორმას. “რემს” ვისროდით საყრდენიდან და ცხადია ყოველთვის არ იქნება დრო კარგი პოზიციის და საყრდენის მოსამზადებლად. 2.5 კგ-ან .22 კალიბრის იარაღს არ ჭირდება 100 დოალრიანი “ჰარისები”, ამიტომ თუ გნებავთ მაქსიმალურად ზუსტი სროლა , ნორმალური ბიპოდის შეძენა იქნება სწორი გადაწყვეტილება. “მარლინზე” დაყენებული Caldwell-ის ბიპოდი 30 დოლარი ჯდება და მშვენივრად ასრულებს თავის ფუნქციას.

20160225_083224

“მარლინმა” დაადასტურა თავისი მაღალი სიზუსტის პოტენციალი, როდესაც 50 მეტრიდან მსროლელმა, პირველივე გასროლით მოხსნა 20 თეთრიანი მონეტა. ამჯერად “მარლინი 795″ არის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ჩვენ გამოგვიცდია.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე იარაღი ისროდა მინუსურ ტემპერატურაში ვაზნით, რომელიც ძალიან არასაიმედოთ მუშაობს ნახევრად-ავტომატურ იარაღში (Eley Sport), არც ერთ დაბრკოლებას ადგილი არ ქონდა. თუ ჩვენ რამე არ გვავიწყდება არც”მარლინს” და არც “რემინგტონს” არასდროს არ გაუჭედავს, რაც მეტყველებს, რომ ორივე იარაღი ძალიან საიმედოა.

ორი სიტყვა უნდა ვთვქათ ოპტიკაზე. “ბუშნელი”, რომელიც აყენია “რემინგტონზე” არის  ჩინური კონტრაფაქტი. ავტორს ქონდა 4 ასეთი “სკოპი” და მისაღები ლინზების ხარისხთან ერთად ამ მოდელებს აქვთ ძალიან არასანდო შესწორებების მექანიზმი, ხოლო “ზუმის” შეცვლისას მოხვედრის წერტილიც იცვლება. ჯვარი საკმაოდ სქელია და ოპტიკის ბადე ძალიან გადატვირთულია. ასეთი “სკოპი” 60-80 ლარი ღირს, რაც ძალიან იაფია. ასეთი “სკოპის” ყიდვისას რეკომენდირებულია მისი ხმარება ერთი კონკრეტული გადიდებით, ხოლო განულების შემდეგ დოლურების ხელის ხლება აღარ ღირს. სხვადასხვა მანძილზე სროლისას კარგად მუშაობს სამიზნე ბადის დანაყოფები, რომლებსაც იყენებთ ტყვიის ვარდნის კომპენსირებისთვის. სწორედ ამიტომ ბიუჯეტური ოპტიკის შეძენისას .22 კალიბრის იარაღისთვის ალბათ უპრიანია ფიქსირებულ ზუმიანი ოპტიკის შეძენა. რაც უფრო მარტივია იაფი “სკოპი” მით უფრო დიდი ალბათობაა რომ ის უპრობლემოდ იმუშავებს. “მარლინზე” დაყენებული “Shirstone”-ის “სკოპი” დამზადებული იაპონიაში  ასევე გამოირჩევა დაბალი ფასით (130 ლარი)  მისაღები ხარისხის გამოსახულებით, ბადე ასევე სქელია, მაგრამ შესწორებების მექანიზმი უნაკლოდ მუშაობს, რის გამოც იარაღის განულება უპრობლემოდ მოხდა 8 გასროლით. სროლებისას ჩვენ არ გამოგვიყენებია “ზუმის” საშუალება “ბუშნელზე” რომ ორივე თანაბარ მდგომარეობაში ყოფილიყო. ჩემი აზრით ორივე იარაღი უდაოდ იმსახურებს კარგი ხარისხის ოპტიკას. განსაკუთრებულად “მარლინი” რომლიც შერჩეული ვაზნებით და კარგი ოპტიკით ეჭვი არ გვეპარება კიდე უფრო ზუსტი იქნება. ეხლა “მარლინი” ეკუთვნის “რემინგტონს” და ვინ იცის იქნებ რემინგტონებზეც გამოჩნდეს მიკრო-ღარიანი ლულები. იმიტომ რომ ჩვენი აზრით სწორედაც რომ ამ ლულის წყალობით “მარლინი” არის უფრო ზუსტი.

ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს კარაბინები არ ითხოვენ ინვესტიციებს და დროის ხარჯვას, იმისთვის რომ ზუსტად ისროლონ. თავისუფლად გამოკიდებული სქელი და გრძელი ლულები, ბედინგი ისევე როგორც ვუდუს რიტუალები, როგორიც არის  ლულის “აბკატკა” ამ იარაღებს არ ჭირდება.  ნორმალური ბიპოდი, კარგი “სკოპი” და იარაღი მზად არის. “რემინგტონზე” ჩვენ ლულაზე გვიყენია სამაგრი ფანრისთვის.  ესთეტი აღშფოთდება და იტყვის რომ ეს მკრეხელობაა, მაგრამ რეალობაში არანაირ ნეგატიურ გავლენას იარაღის სიზუსტეზე ადგილი არ ქონია. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ორივე იარაღს აქვს “მედიუმ პროფილის” ლულები, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია .22 კალიბრისთვის. სქელ ლულას ასეთ იარაღში აქვს მხოლოდ ის პლუსი რომ იარაღი მძიმდება და ცოტათი უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის. თუ ლულა კარგი ხარისხის არის, ყველაზე თხელი პროფილის ლულაც საკმარისი იქნება, რომ .22lr კალიბრის სიზუსტის პოტენციალი სრულად გამოიყენოთ.

ტესტირების შედეგები რომ შევაჯამოდ, საიმედოობის და კონსტრუქციულად ორივე იარაღი ერთნაირია, აქიდან “რემინგტონი” უფრო ერგონომიულია, მაგრამ “მარლნი” უფრო ზუსტია. “რემინგტონი” “მარლინზე” უფრო მძიმეც არის და ნაკლებ ვაზას იტევს მჭიდში. მიუხედავად იმსა, რომ “რემი” უფრო ახალგაზრდაა, აქსესუარები მისთვის უფრო ხელმისაწვდომია. ფასი ორივე იარაღზე თითქმის ერთნაირია. “მარლინის” უპირატესობაა რკინის სამიზნე მოწყობილობები, სამაგიეროდ “რემის” ლულაზე მოწყობილობების დაყენების ოფცია გააჩნია. ჩვენი აზრით ორივე იარაღი ერთნაირად კარგია, მაგრამ “მარლინს” მცირე უპირატესობას მივანიჭებდით უკეთესი სიზუსტის და უპრობლემო კონსტრუქციის გამო. ჩემი აზრით “რემინგტონს” არ ეკადრება პიკატინის სამაგრი, რომელიც ირყვეა და ძვრება და არც მუშა მჭიდის შექმნა არ უნდა იყოს ზედმეტად რთული ამხელა კომპანიისთვის.



8 Responses to “Remington 597 vs Marlin 795”

  1. თედო says:

    მოგესალმებით, საინტერესო სტატიაა და ბოლო წელი ძალიან გამიტაცა 22 კალიბრის ავტომატურმა შაშხანებმა და პისტოლეტებმა.
    თქვენს მფლობელობაში არსებულ ნახევრად ავტომატურ იარაღებს როგორ შეაფასებდით, 1, 2, და ა.შ. (უხეში შედარებაა, მაგრამ ბევრს აინტერესებს თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით)

  2. Shooter says:

    ასე მიჭირს პასუხი. საქმე იმაშია რომ ყველა პლინკერი არის ბიუჯეტური დაბალფასიანი იარაღი და იდელაური არც ერთი არ არის. მე მაინც ვთვლი რომ ახალი გამოშვება რუგერ 10/22 იქნებოდა ალბათ პირველ ადგილზე ჩემთვის. მოსბერგ 702 ძალიან იაფი იარაღია მაგრამ ფაქტია, რომ ორი ცალი რაც გვქონდა ზესაიმედო და ზუსტიც იყო და ამიტომ ისიც ჩემი ფავორიტია. რემინგტონი 597 ასევე მოგვწონს, ძალიან გამძლე იარაღია და საიმედო. მარლინები ყველაზე ზუსტებია მაგრამ კონსტრუქცია ზედმეტად რთულია. ტოზ99 კარგია იმით რომ ეგრევე 4 მჭიდი მოსდევს, ლამაზია და მარტივია მაგრამ შეოძლება ქლიბით მუშაობა გახდეს საჭირო. ვალტერ ჯ22 არის ლამაზი, ფუტურისტული, პიკატინებით და ბევრი აქსესუარით მაგრამ მისი დაშლა და აწყობა დიდ დროს ითხოვს და სასხლეტიც კოშმარულია მაგრამ გასართობად ის ძალიან კარგია თუმცა ძალიან ძვირია. რაც შეეხება GSG-ს და Walther-ის იარაღებს რომლებიც იმეორებენ უზის, მპ5-ს და M4-ს ფასის გამო მე მაგენი არასდროს არ მიყიდია, ზედმეტად რთულებია და ჩემი აზრით ძალიან ფაქიზი იარაღებია.

  3. Giorgi says:

    გამარჯობა. ინტერნეტქსელში გავრცელებულია აზრი, რომ რემინგტონ 597-ს ძალიან ფაქიზი და არასაიმედო ლულის სამაგრი აქვს (ლულისა და დამტენი კოლოფის? გადაბმის ადგილი) და იარაღის ძირს დავარდნის შემთხვევაში (განსაკუთრებით თუ ლულით დაეცემა) ძალიან დიდი შანსია, რომ ლულა მოტყდეს და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ეს “დაზიანება” არ იკურნება/კეთდება, ანუ ამის შემდეგ იარაღი უბრალოდ სანაგვეში უნდა გადააგდოო. მართლა ესეთი ფაქიზია ეს იარაღი, თუ ცოტა გაზვიადებულია ეს “ამბავი”?

  4. Shooter says:

    ჩვენ გვქონდა სამი ასეთი რემინგტონი და არც ერთს ასეთი პრობლემა არ ქონდა. არც ერთი ძირს არ დაგვიგდია. ამ კარაბინის რესივერი არის ალუმინის, და გასაკვირი არ არის რომ ძლიერი დარტყმის შედეგად შეიძლება ის დაზიანდეს. მითუმეტეს თუ მოხდა გადაჭერა ლულის დამჭერი ქანჩის იარაღის აწყობის დროს. პრინციპში ეს საკმარისი მიზეზია უარი თქვა ამ იარაღის შეძენაზე იმიტომ რომ მისი გამოცვლა შეუძლებელი იქნება აქ.

  5. ოთარი says:

    გამარჯობა. ასეთი იარაღის შენახვა ტარება საქართველოში შეიძლება?

  6. Shooter says:

    სალამი. ორივე ფორმდება შენახვის და ტარების უფლებით

  7. ჯონი says:

    გამარჯობათ, სად შეიძლება მარლინ 795 ის შეძენა და დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა საქართველოში მისი შეკეთება?

  8. Shooter says:

    რამდენადაც ვიცი ეხლა მაღაზიებში ეს მოდელი არ იყიდება ამიტომ mymarket.ge-ზე თუ ნახავთ მეორადს. შეკეთება შეიძლება. არიან თბლისში იარაღის ხელოსნები.

დატოვეთ კომენტარი