ჩვენი ტესტი – АПС

Пистолет-Стечкина_01_tb-620x400

მიღებული შეიარაღებაში მაკაროვის სისტემის პისტოლეტის შემდეგ, სტეჩკინის სისტემის პისტოლეტი (АПС) ძალიან წააგავს “მაკაროვს”, მართვის ელემენტების განლაგება პრაქტიკულად არ განსხვავდება, სახეზეა ვიზუალური მსგავსებაც. ავტომატიკის სქემა იყენებს ისევე როგორც „მაკაროვი“ თავისუფალ საკეტს. დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების არის. სროლის რეჟიმის გადამრთველი და მექანიკური მცველი ერთი დეტალით არის შესრულებული და ისევე როგორც „მაკაროვზე“ განლაგებულია  საკეტის მარცხენა მხარეს. და ისევე როგორც „მაკაროვი“, „სტეჩკინის“ დასაშლელად საკმარისია ჩამოწიოთ დაბლა სასხლეტის დამცავი რკალი და გადაწიოთ საკეტი უკან და ზევით მისი მოხსნის მიზნით. ცნობისთვის „სტეჩკინის“ პირველი პროტოტიპებზე დამაბრუნებელი ზამბარა იყო განლაგებული ლულის ქვეშ, შემდგომ როგორც მაკაროვზე ზამბარამ გადაინაცვლა ლულაზე. რაღა თქმა უნდა “სტეჩკინი” ისევე, როგოც “მაკაროვი” იყენებს 9მმ-ან ვაზნას 9×18, რომელიც ტრადიციულად რუსებისთვის შექმნილია გერმანული ვაზნის მიხედვით (9×18 Ultra).

უფრო გრძელი ლულის (140მმ), ავტომატური სროლის რეჟიმის და დიდი ტევადობის (20 ვაზნა) მჭიდის წყალობით ბუნებრივია სტეჩკინის პისტოლეტსუფრო მეტი საცეცხლე ძალა აქვს ვიდრე კომპაქტურ მაკაროვს. გრძელი (ისევე, როგორც “მაკაროვში” ქრომირებული) ლულის წყალობით ტყვიის საწყისი სიჩქარე 340 მ/წ-ში შეადგენს ხოლო სროლის ეფექტური მანძილი ინსტრუქციის შესაბამისად დაყენებული ბუდე-კონდახით  არის ძნელად დასაჯერებელი 100 მეტრი ჯერებით და 200 მეტრი ერთჯერადი გასროლებით. პირდაპირ ვიტყვი ეს არის არარეალური მაჩვენებლები და თუ გავითვალისწინებთ რა ყურადღება ექცეოდა პისტოლეტის შესწავლას საბჭოთა არმიაში ძალიან საეჭვოა რომ საერთოდ ოდესმე მომხდარიყო ამ იარაღიდან ეფექტური სროლის ათვისება.

ტრადიციულად რუსული/საბჭოთა იარაღის კონსტრუირების სკოლა ითვალისწინებდა ყველა დეტალისთვის მრავალი ფუნქციის მინიჭებას. “სტეჩკინში” მაგალითად სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი ასევე ასრულებს ავტომატური დამშვების ფუნქციას, ექსტრაქტორის ზამბარა ასევე ასრულებს მცველის ფიქსატოირის ფუნქციას და ასე შემდეგ. ამის გამო პისტოლეტი დეტალები რთული ფორმის არის, შტიფტების მაგივრად იყენებს დეტალთან ერთად შესრულებულ ჰაბებს (ისევე როგორც მაკაროვის პისტოლეტი). ასეთი მიდგომა ითხოვს რთული ფორმის დეტალების დიდი სიზუსტით დამზადებას, რაც ძვირი ჯდება მაგრამ სამაგიეროდ “სტეჩკინის” პისტოლეტი სულ 35 დეტალისგან შედგება. როგორც ჩანს საჭირო სიზუსტის დაცვა ვერ ხდებოდა და ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით თითოეული პისტოლეტზე დეტალების მორგება ხელით ხდებოდა ინდივიდუალური წესით.   რუსული წყაროები აღნიშნავენ, რომ პისტოლეტი რეკორდულ ვადებში შესრულდა და წავიდა სერიაში მაგრამ გამოშვების პერიოდში ტექნიკურ დოკუმენტაციაში ათასზე მეტი ცვლილება იყო შეტანილი ხოლო მიღებისას პისტოლეტების 20% იწუნებოდა და ბრუნდებოდა ქარხანაში გამოვლენილი ხარვეზების გამო, რომელთა დიდი წილი უკავშირდებოდა არასაიმედო ფუნქციონირებას. (“Оружие пехоты” В. Мураховский). ალბათ წარმოების სირთულის გამო “სტეჩკინი” საბჭოთა კავშირის გარდა არავის არ გამოუშვია.

მოგეხსენებათ “სტეჩკინი” განეკუთვნება საკმაოდ იშვიათ პისტოლეტების კლასს, ანუ გააჩნია ჯერებით სროლის საშუალება. ავტომატურ რეჟიმში „სტეჩკინის“ სროლის ტემპი შეადგენს 700-750 გასროლას წუთში. აღნიშნული ტემპი მიიღწევა როგორც საკეტის დიდი მასით ასევე მექანიკური ტემპის დამწევის გამოყენებით.  ეს მექანიზმი ერთდროულად ამუხრუჭებს საკეტს და ასევე ავტომატური დამშვების ფუნქციას ასრულებს. განლაგებული პისტოლეტის ტარის უკანა ნაწილში აღჭურილი ზამბარით ის ჯერ ამუხრუჭებს საკეტს ხოლო საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას  ათავისუფლებს სასხლეტს მის ბერკეტზე ზემოქმედებით. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ეს დეტალი ასევე ამცირებს სროლის ტემპს იმით, რომ უშვებს სასხლეტს მცირე დაგვიანებით. მაღალი ხარისხის შენელებულ კადრებზე ჩანს რომ როდესაც საკეტი ბრუნდება წინა მდგომარეობაში გადის რაღაც დრო რის მერეც ეცემა ჩახმახი.  ანალოგიური მიდგომა განხორციელებულია მაგალითისთვის მოდერნიზირებულ კალაშნიკოვის ავტომატში. თუ სროლის რეჟიმის გადამრთველი დაყენებულია ერთჯერად რეჟიმზე მისი ღერძი არ აძლევს საშუალებას ტემპის შემანელებელს მიწვდეს სასხლეტის ბერკეტამდე და ასე გამოირიცხება ჯერით გასროლა.  რა თქმა უნდა სტეჩკინი არ იყო პირველი ვინც ტემპის მარეგულირებელი გამოიყენა და ამით მიაღწია სასურველ სროლის ტემპს. მექანიკური და ჰიდრავლიკური ტემპის მარეგულირებელი მქანიზმები ჯერ კიდევ ყველაზე ადრინდელ ტყვიამფრქვევების კონსტრუქციაში გამოიყენებოდა. ასეთი მექანიზმის გარეშე ტიპიური პისტოლეტის საკეტის შედარებით დაბალი მასის და მოკლე სვლის გამო სროლის ტემპი ადვილად ცილდება 1000 გასროლას წუთში. მაგალითად ავტომატური „გლოკების“ სროლის ტემპი შეადგენს 1100-1300 გასროლას წუთში.

stech1

სროლის ტემპის მარეგულირებელი მექანიზმი (ნაჩვენებია ისრით) განლაგებულია ტარის უკანა ნაწილში რის გამოც ტარი საკმაოდ სქელი გამოვიდა.  

სავარძლის ექსპერტები იტყვიან ალბათ, რომ რაც უფრო დიდია სროლის ტემპი მით უფრო უკეთესია მაგრამ საქმე იმაშია, რომ ასეთი მაღალი სროლის ტემპისას იარაღის კონტროლი შეუძლებელია და სროლა ხდება არაეფექტური. სტეჩკინმა რატომღაც ჩათვალა, რომ 1.2 კგ-ის წონის ავტომატური იარაღიდან სროლის ტემპი 700 გასროლა იქნებოდა ოპტიმალური მაგრამ მაგალითად გერმანელებმა, MP-5-ის შექმნისას გამოიყენეს სროლის ტემპი 650 გასროლა წამში რისთვის საკეტი დაამძიმეს ვოლფრამის ჩანართებით. ტომპსონის პისტოლეტ ტყვიამფრქვევის (M1) სროლის ტემპი შეადგენდა 600 გასროლას წუთში და ყველა ეს იარაღი აღიარებულია როგორც ზუსტი და ეფექტური იარაღი ჯერებით სროლისას. სამხედრო იარაღების ცნობილი ექსპერტი კოკალისი საერთოდ თვლიდა რომ 600 გასროლა წუთში არის საუკეთესო სროლის ტემპი ავტომატური იარაღისთვის ხოლო 890 გასროლა წუთში არის ეფქტური სროლის ტემპის ზედა ზღვარი. არსებობს მეორე გზაც სროლის ეფექტურობის გაზრდის, ეს არის ფიქსირებული ჯერებით სროლის რეჟიმი. ასეთი მიდგომა განხორციელდა მაგალითად მოგვიანებით H&K VP70-ში და Beretta 93R-ში.   ჩემი აზრით 750 გასროლა წუთში 1.2 კგ-ის წონის იარაღში მასიური საკეტით არ უზრუნველყოფს ეფექტურ სროლას ავტომატურ რეჟიმში და ავტომატური სროლის ეფექტური გამოცხადებული მანძილი 100 მეტრი რა თქმა უნდა არ შეესაბამება სიმართლეს. საინტერესო ის არის რომ სტეჩკინის გარდა კონკურსზე პისტოლეტები წარადგინეს ასევე ვოევოდინმა და კალაშნიკოვმა, რომლებმაც საერთოდ  ფეხზე დაიკიდეს სროლის ტემპი და არც უცდიათ სროლის ტემპის შემცირება. ბუნებრივია მათი პისტოლეტები დამარცხდნენ. კალაშნიკოვმა როგორც მას ჩვევია ხოლმე არ გამოიჩინა თავი ორიგინალურობით და პრაქტიკულად წარმოადგინა ზომებში გაზრდილი Walther PP-ს კოპია თანაც ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით.

პისტოლეტზე მუშაობისას სტეჩკინი დიდ პრობლემებს წააწყდა ვაზნების საიმედო მიწოდების უზრუნველყოფის პროცესში. პრობლემების მიზეზი იყო ორ რიგიანი ვაზნების  გამოსვლის სქემის გამოყენება, ასევე სქელი და მოკლე მასრა პრაქტიკულდ მრგვალი ტყვიის თავით. ამის გამო სტეჩკინი მუშაობდა სხვადასხვა ტარის კუთხეებთან და ხვეწავდა მჭიდის კონსტრუქციას.  შრომა მართლაც რომ ტიტანური იყო, უმეტესობა პრობლემების სტეჩკინმა გადაწყვიტა მაგრამ მის იარაღს მაინც დარჩა საფირმო დაბრკოლება, ორმაგი მიწოდება, როდესაც ერთი ვაზნა თავით ზევით იყურება საექსტრაქციო ფანჯრიდან და რის გამოც როგორც ჩანს ნაწილი პისტოლეტების ვერ გადიოდა სამხედრო მიღების პროცედურებს. ამ პისტოლეტისთვის სტეჩკინმა სრულიად დამსახურებულად მიიღო სტალინის პრემია.

stech2

მოკლე სქელი მასრის და საკეტის უჩვეულოდ გრძელი სვლის გამო პირველი პროტოტიპების ტესტირებისას, საკეტის გახსნისას დარტყმა ჩარჩოზე საკმარისი იყო რომ მომხდარიყო ზედა ვაზნის თვითნებური ინერციული მიწოდება. ისრით ნაჩვენები ღარები იჭერენ ვაზნას, რომელიც მიწოდებამდე პრაქტიკულად გადახრილ და ნახევრად მიწოდებულ მდგომარეობაში ელოდება სანამ საკეტი დაარტყავს მას უკან დაბრუნებისას და შეაგდებს სავაზნეში. ასეთი პრაქტიკულად ორ საფეხურიანი მიწოდება უზრუნველყოფდა მოკლე ვაზნის საიმედო მიწოდებას მჭიდიდან ორრიგიანი ვაზნების გამოსვლით.

თავისთავად ავტომატური პისტოლეტის ამხელა არმიის შეიარაღებაში მიღება მოვლენა უნიკლაურია. არასდროს მანამდე და მის მერე ავტომატური პისტოლეტი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ ყოფილა შეიარაღებაში არც ერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. პისტოლეტის საბრძოლო თვისებების გაზრდა და კარაბინის როლის დაკისრება არ იყო მაშინ რაღაც ახალი.  ჯერ კიდევ 1914 წელს გერმანელებმა გარკვეული კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეები შეაიარაღეს „გრძელი“ „პარაბელუმებით“, 1904 წლიდან შეიარაღებაში იყო „პარაბელუმის“ ე.წ. „საზღვაო“ მოდელიც. რა თქმა უნდა იყო მოდელები რომლებიც ისროდნენ ჯერებით, მაგალითად Steyr M1912, Astra 901 და ა.შ. ხანმოკლე ინტერესი ავტომატური პისტოლეტების მიმართ გამოწვეული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში პირველ რიგში იმით, რომ პისტოლეტი იყო ერთადერთი ნახევრად-ავტომატური ან თუნდაც ავტომატური იარაღი, მსუბუქი და საიმედო და ამიტომაც იყო მცდელობები ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილის და საცეცხლე ძალის მაქსიმალური გაზრდის. როგორც კი გამოჩდნენ პირველი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევები და დაიწყო მათი მასიური წარმოება სამხედროების ინტერესი “საიერიშო პისტოლტების” მიმართ მკვეთრად დაეცა და მას მერე მოყოლებული ავტომატური პისტოლეტები რჩებიან ეკზოტიკად და იშვიათად ხვდებიან სადმე შეიარაღებაში. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს პისტოლეტებზე შემორჩენილი იყო მხოლოდ კონდახის დაყენების ოფცია, ხოლო დიდი მჭიდები, რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, გრძელი ლულები, ავტომატური სროლის რეჟიმები ჩაბარდა წარსულს, მაგრამ არა საბჭოთა კავშირში სადაც ყველა სიახლე და აღმოჩენა დიდი დაგვიანებით აღწევდა. შექმნილი წარუმატებელი და ბებერი ევროპული კონცეფციით გათვლილი სუსტ ვაზნაზე, „სტეჩკინის“ მიწოდება ჯარში იწყება 1952 წელს. ამ პისტოლეტით იარაღდებოდა ის სამხედრო პერსონალი, რომელიც ვერ ატარებდა ავტომატს, საბრძოლო მანქანების ეკიპაჟები, არტილერისტები, პილოტები და ასე შემდეგ. ბუნებრივია არადამაკმაყოფილებელი საცეცხლე ძალის და დიდი გაბარიტების გამო ამ იარაღმა არ დაიმსახურა კარგი გამოხმაურებები და  ზუსტად 7 წლის შემდეგ პისტოლეტის წარმოება შეწყდა. 1981 წლიდან მისი ჩანაცვლება მასიურად დაიწყო  AKC-74У ტიპის ავტომატებით. საბრძოლო პირობებში, მაგალითად ავღანეთში საბჭოტა არმიის საბრძოლო ნაწილებში „სტეჩკინი“ პრაქტიკულად არ გამოიყენებოდა როგორც ძირითადი საბრძოლო იარაღი და მაგის მაგივრად ოფიცრები ავტომატების ტარებას ამჯობინებდნენ. სტეჩკინი გახდა უფრო მოდური აქსესუარი, რიტუალური იარაღი რომელიც მეტყველებდა მისი პატრონის განსაკუთრებულ სტატუსზე.   გარდა მოკრძალებული საბრძოლო თვისებებისა როგორც უკვე აღვნიშნეე „სტეჩკინი“ გამოვიდა გაბარიტული, მძიმე (1.22 კგ სავსე მჭიდით), კომპლექტში მას მოყვებოდა ხის ბუდე-კონდახი (მოგვიანებით პლასტმასისგან დამზადებული), და ტყავის ჩანთა გათვლილი 4 სათადარიგო მჭიდზე. ეკიპირების ეს ელემენტები გაცილებით უფრო ნაკლებად გამძლე გამოვიდა ვიდრე პისტოლეტი და ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ჩემთვის საერთოდ ის ფაქტი, რომ “სტეჩკინმა” ჯარამდე მიაღწია დიდ გაკვირვბას იწვევს და ბევრ კითხვას ბადებს. ცნობილია მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირში მიხვდნენ, რომ პისტოლეტის როლი ჯარში იყო ძალიან უმნიშვნელო და ამის შედეგად შეიარაღებაში მიიღეს შედარებით მსუბუქი და კომპაქტური 9მმ-ნი მაკაროვის პისტოლეტი, გერმანული ვალტერ პპ-ს კონცეპტუალური ასლი ამის ფონზე უშველებელი პისტოლეტის აბსოლუტურად არარეალური გამოცხადებული მაჩვენებლებით შეიარაღებაში მიღება ძალიან უცნაურად გამოიყურება. როგორ დადგინდა გამოცხადებული ეფექტური სროლის მანძილები? 200 მეტრზე 9მმ-ნი “მაკაროვის” ვაზნის ვარდნა ისეთი იყო რომ პატარა შეცდომა სამიზნემდე დისტანციის გამოთვლაში და ტყვია სამიზნეს უბრალოდ არ მოხვდება. რა თქმა უნდა ასეთ მანძილზე ეფექტური სროლის წარმოება ჯერებით იყო აბსოლუტურად შეუძლებელი.

АПС

1952 წელს ასეთი პირადი იარაღი კონცეფცია მორალურად მოძველებული იყო და მისი შეიარაღებაში მიღება მორიგი დადასტურებაა რუსების/საბჭოთა კავშირის ჩამორჩენის ახალი სისტემის იარაღების შემოღებაში.  შექმნისას ამ პისტოლეტს ადარებდნენ “მაუზერის” და იგივე სისტემის “ასტრას” ავტომატურ პისტოლეტებს, რომლებიც წინა საუკუნეში იყვნენ შექმნილები. ბუნებრივია, რომ “სტეჩკინი” უკეთ გამოიყურებოდა.  

მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტის წარმოება მალევე შეწყდა გარკვეული მისი რაოდენობა მოხდა აფრიკაში, სადაც საბჭოთა კავშირი მხარს უჭერდა და ამარაგებდა ბევრ ტერორისტულს ორგანიზაციას ან თუნდაც “მეგობარ” სახელმწიფოებს რომლებიც იზიარებდნენ უტოპიურ საბჭოთა იდეოლოგიას. ცნობილია, რომ “სტეჩკინი” საჩუქრად მიიღეს ფიდელ კასტრომ და ჩილეს პრეზიდენტმა სალვადორ ალიენდემ დიდი რაოდენობა “სტეჩკინების” დაილექა საბჭოთა არმიის სპეც დანიშნულების ნაწილებშიც.

საბჭოთა კავშირში სადაც ცეცხლსასროლი იარაღის არც ისე ბევრი მოდელი იყო წარმოდგენილი, ნებისმიერი იარაღის ირგვლივ იქმნებოდა უამრავი მითქმა-მოთქმა, მითი და ლეგენდა. რუსული წყაროების გადაკითხვისას, ხშირად წააწყდებით ესეთ ფრაზებს, როგორიც: “სარგებლობდა პოპულარობით სპეცრაზმებში, კრიმინალურ წრეებში, კილერებში, შპიონებში“ და ასე შემდეგ. რეალობა ის არის რომ საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთში ნებისმიერი იარაღზე იყო მოთხოვნა და გამოიყენებოდა ყველაფერი რისი საშუალებაც კი იყო.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ლოკალური კონფლიქტების და კრიმინალური განუკითხაობის ფონზე მოთხოვნა კომპაქტურ იარაღზე გაიზარდა და ანემიური “მაკაროვის” გარდა აღმოჩნდა რომ ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ “სტეჩკინი”, იგივე კალიბრის მაგრამ უფრო უკეთესი სროლისუნარიანობით (რა თქმა უნდა ერთჯერადი გასროლებით), დიდი ტევადობის მჭიდით და რამე იყოს შესაძლებლობით დაეცალა მჭიდი ერთ წამზე ნაკლებ დროში. ყველა უწყება დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროთი და დამთავრებული ფინანსთა სამინსიტროთი ქმნიდნენ საკუთარ სპეც-რაზმებს და დაიწყო “სტეჩკინის” “რენესანსი”. ასევე გამოყენება მოიძებნა ამ იარაღის “დახშობილი” ვერსიისთვის (АПБ, შეიარაღებაში მიღებული 1972 წელს), რომელიც იყენებდა მოსახსნელ საპრესორს და ბევრად უფრო ერგონომიულ რკინის მავთულის კონდახს. მოთხოვნა პისტოლეტზე იმდენად დიდი იყო რომ ერთ-ერთი წყაროს მიხედვით ჩეჩნეთის ომში რუსები იყენებდნენ ლენდ-ლიზით მიღებულ M1911A1 ტიპის პისტოლეტებს და ტყვიაწამალს. ამჟმამად ყველაზე ელიტარული რუსული სპეც-დანიშნულების ნაწილები გადავიდნენ დასავლურ პისტოლეტებზე და ასევე მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელ ადგილობრივი წარმოების იარიგინის კონსტრუქციის პისტოლეტზე. იმის ფონზე რომ უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსებმა ვერ შექმნეს საკუთარი წარმოების წარმატებული პისტოლეტი “სტეჩკინის” გამოყენება კვლავ გრძელდება “დაბალი რანგის” სპეც-რაზმებში, რომლებიც ფართოდ არიან წარმოდგენილი რუსეთის ყველა ძალოვან სტრუქტურაში. ასევე ის გამოიყენება უკრაინის, ბელორუსიის და სხვა ქვეყნებში რომლებსაც ერგოთ “სტეჩკინები” საბჭოთა კავშირისგან.   გამოდგა სტეჩკინის “დახშობილი” ვარიანტიც. მავთულის კონდახის და საპრესორის გამოყენების წყალობით იარაღი უფრო ერგონომიული და კონტროლირებადი გახდა მათ შორის ჯერებით სროლისას.

apb1

კონსტრუქციულად პისტოლეტი АПБ საკმაოდ საინტერესო არის. ერთი შეხედვით თითქოს ეს ჩვეულებრივი “სტეჩკინია” ლულაზე დაყენებული საპრესორით, მაგრამ რეალურად პისტოლეტს გააჩნია ორ კომპონენტიანი ინტეგრირებული გასროლის ხმის დახშობის სქემა. იმისთვის, რომ ტყვიის საწყისი სიჩქარე დაწეულიყო ბგერის სიჩქარეზე დაბლა, პისტოლეტის ლულას გააჩნია 12 ნახვრეტი საიდანაც დენთის აირები ხვდებიან სპეციალურ კამერაში, რომელიც ჩამოცმულია ლულაზე, ხოლო კამერაზე დამატებით ყენდება საპრესორი, რომელიც დამატებით ახშობს გასროლის ხმას. ასეთი იარაღი ძალიან სპეციფიური ინსტრუმენტია. დაყენებული საპრესორით და მავთულის კონდახით მისი სიგრძე 785მმ-ია ხოლო წონა 1800 გრ. 

“ბნელი 90-ების” დროს საქართველოში “სტეჩკინი” დიდი პოპულარობით სარგებლობდა და “რემბოს” სათვალესთან ერთად აუცილებელი ატრიბუტი იყო ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ოდნავ მაინც აღელვებდა თავისი გარეგნობა. გარკვეული რაოდენობის პისტოლეტები მათ შორის “დახშობილ” მოდიფიკაციაში მოხვდა სხვადასხვა ქართული შეიარაღებული ფორმირებების ხელში ლაგოდეხში განლაგებული გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-12 სპეციალური დანიშნულების  ბრიგადის ნაწილიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემდეგ შეიარაღების დიდი ნაწილი დატოვა ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე (მეორე ვერსიით რუსებმა უბრალოდ გაყიდეს შეიარაღება). გარკვეული რაოდენობა “სტეჩკინების” “გაპრავდა” და გახდა ლეგალური სამოქალქო იარაღი გამომდინარე იქიდან, რომ ამ იარაღის ფლობა ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. ასევე გარკვეული რაოდენობა შემოიტანეს საქართველოში უკრაინიდან და გაყიდეს სამოქალაქო ბაზარზე.

სიმართლე გითხრათ სტატიის დაწერა სტეჩკინის სისტემის პისტოლეტზე მე საკმაოდ დიდი ხანი მინდოდა. მართალია ეს იარაღი არასდროს არ ყოფილა ჩემ პირად საკუთრებაში, საშუალება მისი ახლოს გაცნობის მომეცა 5-6 წლის წინ როდესაც მე პრაქტიკულად შემთხვევით მომიწია სასროლეთზე ყოფნა ერთ-ერთი უწყების სპეცრაზმელებთან. სხვადასხვა იარაღებს შორის რომელიც იმ დღეს ჩვენ ვისროლეთ  მათ შორის იყო თვისობრივად ერთმანეთთან ახლოს მყოფი MP5K და “სტეჩკინის” პისტოლეტი.

არ მეხამუშება ვაღიარო რომ “სტეჩკინი” ლამაზი და ქარიზმატული იარაღია. იმ ეპოქის საბჭოტა იარაღებს ახასიათებს მაღალი დამზადების ხარისხი და ძალიან კარგი ხარისხის დაფარვები. მე ადრე ვწერდი 50-ან წლებში იჟევსკში გამოშვებულ TT-ს პისტოლეტებზე, რომლებიც დამზადების მაღალი ხარისხით გამოირჩეოდნენ და ძალიან ლამაზი შავი ფერის დაფარვა გააჩნდათ. ეს იარაღები ასევე ძალიან კარგად ისროდნენ. ამ მხრივ “სტეჩკინის” პისტოლეტიც სრულყოფილად გამოიყურება. სხვათაშორის “სტეჩკინს” უშვებდა ქარხანა “მოლოტ” განლაგებული ქალაქ ვიატსკიე-პლიანიში. ამ ქარხნის პროდუქცია დღესაც გამოირჩევა კარგი ხარისხით.  სოლიდური ზომები, სუფთა ფორმები, კარგი დაფარვა. საკეტი რბილად მოძრაობს,  უჩვეულო  გრძელი სვლა აქვს და მაკაროვისგან განსხვავებით არ საჭიროებს ძალის დატანებას. მიუხედავად დიდი ზომებისა ხელში სიმძიმე არ იგრძნობა. პისტოლეტის “საბრძოლო-საომარ” დანიშნულებაზე მეტყველებს უკანა სამიზნე მოწყობილობა, რომელიც წარმოადგენს დოლურას ღარებით და გათვლილია 25-50-100-200 მეტრზე სასროლად.

“სტეჩკინის” ბუდე-კონდახი ლამაზად გამოიყურება სურათებზე მაგრამ რეალურად ასეთი მიდგომის გამოყენებას მოყვა ის რომ ბუდის როლში ეს მოწყობილობა გამოვიდა დიდი, მძიმე, მოუხერხებელი, ხოლო კონდახის როლში ის ძალიან მოუხერხებელია. განლაგება, სიგრძე და ფორმა გამორიცხავს მის სწრაფად მიბჯენას მხარზე და მოსახერხებელი პოზიციის დაკავება პრაქტიკულად შეუძლებელია. კისერი არაბუნებრივად უნდა გადახაროთ და სულ ცოტახანში დაგეწყებათ ტკივილები. ერთ-ჯერადი გასროლებისას კონდახი კიდე რაღაცაში გეხმარებათ მაგრამ ავტომატური სროლა “სტეჩკინიდან” მოუხერხებელია და შესაბამისად ნაკლებად ეფექტური.

asdasda12

პისტოლეტის მცველი და სროლის რეჟიმების გადამრთველი მოუხერხებელია, ჯერ იმიტომ რომ განლაგებულია საკეტზე, მერე იმით რომ  გადამრთველით მანიპულირება ერთი ხელით ძნელია. 

ერთჯერად რეჟიმში სროლისას ტრადიციულად ვიწრო სამიზნე მოწყობილობები, რბილი სასხლეტი და გრძელი (185 მმ) სამიზნე ხაზი უზრუნველყოფს შესანიშნავ სიზუსტეს თუ წყნარად ისვრით კარგად განათებულ ტირში. ასეთ რეჟიმში სროლა ძალიან სასიამოვნო და ადვილია. ამ მხრივ “სტეჩკინი” სროლისუნარიანობით მე მირჩევნია ყველა სხვა რუსულ/საბჭოთა პისტოლეტს. ცუდი განათების პირობებში სამიზნე მოწყობილობების გარჩევა და ეფექტურად გამოყენება რთულია.

stechkin target

12 მეტრიდან, დაყენებული კონდახით ორ და სამ გასროლიანი ჯერებით  ყველა ტყვია ხვდება სანიზნეს თუ უმიზნებთ მუცელში. (სროლა ხორციელდებოდა კონდახის მარცხენა მხრზე მიბჯენით). ტარის კუთხის, მოუხერხებელი კონდახის  და ლულის მაღალი ღერძის გამო ეს იარაღი თითქოს საერთოდ არ არის შექმნილი ჯერებით ეფექტური სროლისთვის. 

ავტომატურ რეჟიმში სროლისას, გამოცდილ მსროლელს არ გაუჭირდება მიაღწიოს 2 გასროლიან კონტროლირებად ჯერებს. შედარებისთვის ეს აბსოლუტურად შეუძლებელია ავტომატურ გლოკში, სადაც 3-4 გასროლიანი ჯერების მიღწევა უფრო რეალურია. დაყენებული კონდახით “სტეჩკინი” ოდნავ უკეთესად კონროლდება ჯერებით სროლისას მაგრამ სროლა ხდება მოუხერხებელი. ასეთი კონდახის არანაირ ტაქტიკურ გამოყენებაზე ლაპარაკი ზედმეტია. თუ სანგრიდან წყნარად ესვრით მოშორებულ სამიზნეებს ეს “კონდახი” კიდე რაღაცნაირად ასრულებს თავის ფუნქციას, ახლო მანძილებზე სროლისას მისი გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა იარაღის სროლის ტემპს, მოხსნილი კონდახის შემთხვევაში, ეფქტური სროლა ასეთი ტიპის იარაღიდან ითხოვს სერიოზულ მომზადებას. ავტომატური კომპენსატორიანი “გლოკიდან” და “სტეჩკინიდან” რეზულტატიური სროლა ჯერებით შესაძლებელია 10 მაქსიმუმ 15 მტერის მანძილზე, ისიც მაქსიმალურად მოკლე ჯერებით. გრძელი ჯერი ორივე იარაღში ერთნაირად არაფეფქტური იქნბა, 2 მაქსიმუმ 3 ტყვია მოხვდება სამიზნეს, დანარჩენი უბრალოდ აცდება. ესეც იმ შემთხვევაში თუ იარაღი მყარად გიჭირავთ და სამიზნე პირდაპირ თქვენ წინ არის. მოუხერხებელი პოზიციებიდან და ერთი ხელით, ჯერებით სროლას აზრი არ აქვს.  მოუმზადებელი მსროლელისთვის ავტომატური პისტოლეტის გადაცემა სახიფათოა რაზეც მეტყველებს ქვემოთ ვიდეოს “სკრინშოტი” და თბილისის ტირებში “სტეჩკინიდან” დაცხრილული ჭერები და კედლები. სროლის დროს “სტეჩკინმა” გაგვახარა საფირმო დაბრკოლებით, ვაზნა ამოხტა მჭიდიან და გაიჭედა თავით მაღლა. უნდა ვივარაუდოთ რომ ცვეთის პარალელურად იარაღის საიმედოობა პირდაპირ პროპორციულად მცირდება.

oopsacs

მომენტი როდესაც მსროლელმა გაიხვრიტა ხელი ავტომატური “გლოკიდან”.  

რა შეიძლება ვთქვათ ამ მიმოხილვის ბოლოს? ავტომატური პისტოლეტები არასდროს არ იყვნენ პოპულარულები და ვერ ჰპოვეს ფართო გავრცელება. დედამიწის ზურგზე ძალიან ცოტა ქვეყანაა სადაც კერძო პირებისთვის ნებადართულია ასეთი იარაღების ფლობა, ხოლო ძალოვან სტრუქტურებში ეს იარაღი არ სარგებლობს პოპულარობით მისი ათვისების სირთულის გამო, რაც ითხოვს დიდი ხარჯებს ხოლო სარგებელი საკითხავი რჩება. ეს იარაღები რჩება ეკზოტიკად და ვერასდროს ვერ შეავსეს ალბათ არ არსებული ნიშა პისტოლეტსა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს შორის. ავტომატური პისტოლეტები დღეს შემორჩნენ ძალიან სპეციალიზირებულ თითებზე ჩამოსათვლელ სპეციალური დანიშნულების რაზმებში, კერძო კოლექციებში და კრიმინალურ წრეებში. ვისაც აქვს ბედნიერება და უფლება ფლობდეს ასეთ იარღს აფასებენ მათ მათი ისტორიული ღირებულების და იშვიათობის გამო ისევე როგორც იმის გამო, რომ ასეთი იარაღებიდან სროლა ძალიან სახალისოა. ამართლებს დღეს “სტეჩკინი” იმ ფასს, რომელსაც მაგაში ითხოვენ საქართველოში (4000 ლარი და ზევით)? თუ შევხედავთ მას პრაქტიკული თვალსაზრისით არ ვიცი. ერთის მხრივ იმ პირობებში, რომ პისტოლეტის სახლიდან გატანა საქართველოში შეუძლებელია, ლეგალური ავტომატური იარაღი თუ ის გამოცდილ ხელებშია სახლის დაცვის უზრუნველყოფის სცენარებში მრისხანე და ეფექტური იარაღი იქნება (თუ მსროლელი კარგად მომზადებულია) ყაჩაღების წინააღმდეგ. ფსიქოლოგიური ეფექტი როდესაც ტყვიების წვიმის ქვეშ მოექცევი ისეთია, რომ არ მგონია ბევრმა ყაჩაღმა გადაწყვიტოს განაგრძოს თავისი ბოროტი ქმედებები, როდესაც მას ჯერებით დაუშენენ ახლო მანძილიდან.  როგორც თავდაცვის იარაღი ფარული ყოველდღიური ტარებისთვის  ”სტეჩკინს” არანაირი აზრი არ აქვს უკვე დასახელებული მიზეზების გამო. რა თქმა უნდა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ იარაღს მის ხელუხლებელ მდგომარეობაში (ავტომატური სროლის რეჟიმის შენარჩუნებით) აქვს ძალიან დიდი საკოლქციო ღირებულება და როგორც აღვნიშნე დედამიწაზე არც ისე ბევრი ქვეყანაა სადაც უბრალოდ მოქალაქეს შეიძლება ლეგალურად საკუთრებაში ქონდეს ეს იარაღი. ასე რომ ალბათ ასეთი მაღალი ფასი გამართლებულია.



დატოვეთ კომენტარი