კომპაქტური და ხელმისაწვდომი – ბულგარული Arsenal “SAR-SF” (ნაწ. 1)

ჩვენი მორიგი მიმოხილვის ობიექტია ბულგარული „არსენალის“ მიერ წარმოებული ნახევრად-ავტომატური კარაბინი SAR-SF. ჩვენთან ეს იარაღი ალბათ პირვლად წელს გამოჩნდა, თუმცა ევროპაში და აშშ-ში „არსენალის“ პროდუქცია კარგახანია იყიდება და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. აღნიშნული კომპანია უშვებს კალაშნიკოვის სისტემაზე დაფუძნებული იარაღის ფართო ასორტიმენტს, რომელიც წარმოდგენილია ორ ძირითად კალიბრში 7.62×39 და 5.56×45 (ასევე 5.45×39), როგორც  ფრეზირებული ასევე ფოლადის ფურცლიდან „დაბეჭდილი“ (“stamped”) რესივერებით, მრავალი მოდიფიკაციით, განკუთვნილი სამართალდამცველბისთვის, თავდაცვისთვის, სპორტული სროლისთვის და ნადირობისთვის. აშშ-ში „არსენალის“ პროდუქცია ძალიან ფასობს, და მისი იარაღები საკმაოდ ძვირი ღირს. მათი ფასი როგორც წესი 1000 დოლარზე მეტია.

SLR-107FR-2

აშშ-ში ყველაზე გაყიდვადი მოდელი არის 7.62 კალიბრის მოდელი SLR-107FR, რომელიც პრაქტიკულად არის AK-74M მაგრამ 7.62 კალიბრის.

ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი „არსენალის“ კარაბინებს განსხვავებული სახელები აქვთ, ისევე როგორც გარკვეული ნაწილები ამერიკული წარმოების არის. როგორც წესი SLR მოდელები იყენებენ „დაბეჭდილ“ რესივერებს ხოლო SAM მოდელები შესაბამისად ფრეზირებულ რესივერებზეა აწყობილი. ამერიკაში „არსენალის“ წარმომადგენელი არის ნევადას შტატის დედაქალაქში ლას-ვეგასში განლაგებული კომპანია „Arsenal Inc“.

P1060420

ჩვენი მიმოხილვის ობიექტი, 5.56 კლაიბრის კარაბინი SAR-SF, ფრეზირებული რესივერით და დასაკეცი კონდახით.

თეთრი არაფრით გამორჩეული მუყაოს ყუთის გახსნისას გარდა პოლიეთილენის პარკში გახვეული იარაღისა ჩვეენ აღმოვაჩნეთ საკმაოდ კარგი ხარისხის მუქი მწვანე ფერის ბრეზენტის ღვედს, ზეთისთვის განკუთვნილ პლასტმასის ბოთლს, ბევრისთვის კარგად ნაცნობ მეტალის ცილინდრს შიგნით მოთავსებული საწმენდი კომპლექტით და სახრახნისით, ძალიან ზოგად ინსტრუქციას, და უჩვეულოდ მოკლე ზუმბას. აღსანიშნავია, რომ არსენალის წარმოებული კარაბინები იყიდება სტანდარტულად ერთი 5 ვაზნიანი მჭიდით, მაგრამ ქართულმა იმპორტიორმა იზრუნა ამაზე და დამატებით შეიძინა თითო კარაბინისთვის ორი მაღალი ხარისხის „არსენალის“ პლასტმასის 30 ვაზნიანი მჭიდი, რისთვისაც მას ჩემგან დიდი მადლობა. ასე რომ საკმაოდ ზომიერ ფასად ჩვენ ვყიდულობთ ახალ კარაბინს, რომელსაც თან მოყვება  საწმენდი კომპლექტი, ქამარი და სამი მჭიდი. ჩემი აზრით მშვენიერი შემოთავაზებაა თუ გავითვალისწინებთ ფასს (1870 ლარი) და ასევე იმას, რომ აქამდე  მისი რუსული ანალოგები გლდანში ერთ-ოთახიანი ბინის ფასად იყიდებოდა.

მოდელი SAR-SF, რომელზეც ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი არჩევანი არის პრაქტიკულად საბჭოთა AKC-74У-ს კლონი. ძალიან კომპაქტური ის აღჭურვილია დასაკეცი კონდახით, პლასტმასის ფურნიტურით და მისი ლულის სიგრძე მხოლოდ 21.5სმ-ს შეადგენს. დაკეცილ მდგომარეობაში იარაღის სიგრძე სულ რაღაც 50სმ-ია! წონა მჭიდის გარეშე, ზომიერი 3 კილოგრამია. ლულა აღჭურვილია საკმაოდ დახვეწილი კონსტრუქციის მქონე ეფექტური ლულის მოწყობილობით, რომელიც ახშობს ალს, ამცირებს გასროლის ხმას და ამავე დროს „ატყუებს“ იარაღს დენთის აირების კონუსური ფორმის ხაფანგში მოქცევით რაც აძლევს საშუალებას „ავტომატიკას“ მიიღოს საკმარისი იმპულსი რომ უზრუნველყოს საიმედო გადატენვა. აღნიშნული მოწყობილობა ადვილად იხსნება გასაწმენდად.

P1060445

მართვის ელემენტებით და იერსახით იარაღი პრაქტიკულად მთლიანად იმეორებს AKC-74У-ს.

საინტერესო ნიუანსია, რომ აშშ-ში იმისთვის რომ იყიდოთ კარაბინი 16 ინჩზე მოკლე ლულით საჭიროა სპეციალური ნებართვა ამის გამო SAR-SF (ამერიკული ბაზრისთვის SAM7) იქ იყიდება კონდახის გარეშე, როგორც პისტოლეტი და მასზე იკრძალება კონდახის ან წინა ვერტიკალური სახელურის დაყენება.. საქართველოში ასეთი შეზღუდვა არ არსებობს ამიტომაც ჩვნ შეგვიძლია უპრობლემოდ შევიძინოთ მოკლე კარაბინი. ერთი პერიოდი აშშ-ში იყიდებოდა მოკლე „არსენალი“ კონდახით მაგრამ გრძელი 16 ინჩიანი ლულით. სპეციალური ნებართვის აღების შემდეგ ხდებოდა ლულის გადაჭრა და მყიდველი ღებულობდა სასურველ მოკლე-ლულიან კარაბინს.

P1060433

SAR-SF-ზე მარკირება იუწყება რომ იარაღი გათვლილია 5.56×45 კალიბრის ვაზნაზე რაც წესით უნდა ნიშნავდეს რომ 5.56 Nato-ს გამოყენებას არ უნდა მოყვეს პრობლემები. მწარმოებლის საიტზე ასევე მითითებულია, რომ შესაძლებელია M193 და SS109 ტიპის ვაზნების გამოყენება.

SAR-SF ამჯერად საქართველოში ხელმისაწვდომია ორ კალიბრში, ამერიკულ 5.56×45 და ძველ გერმანულ კალიბრში 7.62×39. ორივ ეს კალიბრი დამსახურებულად ძალიან პოპულარულია საქართველოში და წმიდა ტერმინალური ეფექტურობის თვალსაზრისით ალბათ 7.62 კალიბრის მოდელი უფრო ეფექტური იქნება, როგორც თავდაცვის იარაღი, გამომდინარე იქიდან, რომ მოკლე ლულიდან ნასროლი 5.56 კალიბრის ტყვია ალბათ ვერ მიაღწევს ისეთ სიჩქარეს რომ ამუშავდეს ამ კალიბრის ეფექტურობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორი – ფრაგმენტაცია. 21სმ-ნი ლულიდან ნასროლი 62 გრანიანი ტყვიის საწყისი სიჩქარე იქნება მოკრძალებული 700-710 მ/წ-ში. ამის გამო ლოგიკური იქნებოდა  მძიმე წონის, კონტროლირებადი ექსპანსიის მქონე ტყვიების გამოყენება რამაც უნდა  საგრძნობლად გაზარდოს 5.56 კალიბრის SAR-SF-ის ტერმინალურ ეფექტურობა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ დაბალი უკუცემის გამო, 5,56 კალიბრის SAR-SF-დან სროლა უფრო ადვილი იქნება და რა თქმა უნდა ვაზნების ასორტიმენტი და ხარისხიც უფრო დიდი არის.

P1060444

5.56 კალიბრის გამოყენებამ განაპირობა უფრო სწორი მჭიდების გამოყენება. სწორედ მჭიდის  ფორმით ადვილად მიხვდებით რა კალიბრის არის იარაღი. 7.62×39 კალიბრის ვაზნას აქვს უფრო „დაქანებული“ ფორმის მასრა რასაც ჭირდება უფრო „მოღუნული“ მჭიდი. ბულგარულ მჭიდებს საკმაოდ მაღალი შეფასება აქვთ. კრიტიკული ადგილები და მჭიდის ხუფი ფოლადის არის.  მჭიდის მეორე მხარეს დატანილია კალიბრი. მჭიდების აღებისას დააკვირდით რომ მაღაზიის გამყიდველს არ აერიოს და არ გაგატანოთ სხვა კალიბრზე გათვლილი მჭიდი.

ამ სტატიის დაწერამდე ერთი ორი თვით ადრე რამდენიმე მაღაზიაში გაჩნდა კალაშნიკოვის სისტემის იარაღები, მათ შორის ბულგარული და პოლონური მოდელები. აქიდან ერთ-ერთი იყო აღჭურვილი  არა-ქრომირებული „შავი“ ლულით. ასევე ეჭვები გაჩნდა „არსენალის“ ლულების მიმართაც, რაც გასაგებია, იმიტომ, რომ მწარმოებლის საიტზე არ წერია არსად რომ ლულები ქრომირებულია. დათვალიერებისას ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ  SAR-SF-ის დენთის აირების კამერა, დგუში, სავაზნე და ლულა ნამდვილად ქრომირებულია. იგივე დაგვიდასტურა მაღაზიის კონსულტანტმა და ასევე დასძინა რომ ერთ მყიდველს იარაღების ხელოსანი მოყვა, რომელმაც ასევე დაადასტურა რომ ლულა ქრომირებულია. ეხლა რატომ არის ეს დეტალი მნიშვნელოვანი? საქმე იმაშია, რომ ასეთი იარაღებიდან გამოიყენება ხშირად ბი-მეტალით დაფარული ტყვიები და კოროზიული ვაზნები და ამიტომაც ქრომი უზურუნველყოფს ლულის დამატებით დაცვას. ეს მით უფრო აქტუალურია თუ საქმე გვაქვს სწრაფ და მაღალწნევიან კალიბრებთან, როგორიც არის 5.45×39 ან 5.56×45. სათანადო მოვლის და შენახვის პირობებში კარგი ხარისხის „შავი“ ლულაც დიდხანს გაძლებს მაგრამ ზოგადად წესი ასეთია, რომ სამხედრო, ტაქტიკურ, თავდაცვით იარაღზე ლულა და სავაზნე უნდა იყოს ქრომირებული. ასეთი დანიშნულების იარაღის ექსპლუატაცია გულისხმობს დიდი რაოდენობით ვაზნების ხარჯვას, სროლის მაღალ ტემპებს და არც თუ ისე იდეალურ სროლის პირობებს და არც თუ ისე მაღალი ხარისხის ვაზნების გამოყენებას. ქრომი იცავს ლულის არხს და სავაზნეს, უზრუნველყოფს ადვილ ექსტრაქციას და ამავე დროს ადვილია გასაწმენდად. დამატებით „არსენალის“ ლულებზე შემიძლია გითხრათ რომ ლულები ცივი როტაციული ჭედვის მეთოდით მზადდება (დადის ჭორი, რომ მათთვის ლულებს ამზადებს ცნობილი ავსტრიული მწარმოებელი „შტეირ-მანლიხერი“) ხოლო ლულის „საპასპორტო“ რესურსი არის 15 000 გასროლა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. სათანადო მოვლის შემთხვევაში ლულის სიცოცხლის ციკლი უფრო გაიზრდება. 5.56 კალიბრის SAR-SF-ის ლულას ექვსი ხრახნი აქვს ხოლო ბიჯი არის 1:7.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც უკავშირდება SAR-SF-ს არის მისი რესივერის დამზადების ტექნოლოგია. მოგეხსენებათ რომ თავიდანვე კალაშნიკოვის ავტომატი უნდა ყოფილიყო აწყობილი  რესივერზე რომელიც დამზადდებოდა ფოლადის ფურცლის პრესის მეშვეობით ცივი ფორმირებით. რუსებს გაუჭირდათ გერმანელების მოგონილი ტექნოლოგიის მასობრივი წარმოებისთვის ადაპტირება და პირველი კალაშნიკოვის ავტომატები იყენებდნენ ფრეზირების მეთოდით დამზადებულ რესივერებს. პირველი მეთოდი იყო უფრო ტექნოლოგიური, იაფი და ნაკლებ მასალას ითხოვდა. მეორე მეთოდი თეორიულად ქმნიდა უფრო მყარ კონსტრუქციას თუმცა ითხოვდა რთულ და ხანგრძლივ ოპერაციებს, ფრეზირებას და მასალის ხარჯიც იყო დიდი. როგორც უკვე აღვნიშნე „არსენალი“ უშვებს ორი ტიპის რესივერს, ფრეზირებულს და ცივი ფორმირებით დამზადებულს („ნაბეჭდს“). კომპანიის რწმუნებით ფრეზირებული რესივერები მათი განსაკუტრებული სიამაყის მიზეზია, ვინაიდან ასეთი რესივერი მზადდება ფრეზირებით ცხელი ჭედვით ნაჭედი ფოლადის ნაჭრებისგან. ცხელი ჭედვის გამო ფოლადი გამოდის უფრო მყარი, შიდა დეფორმაციების და სიცარიელეების/დეფექტების გარეშე და შესაბამისად დიდი რესურსი გააჩნია. დამატებითი „გვერდითი ჩვენებები“ ასეთი დამხადების მეთოდის არის იარაღის უფრო მყარი კონსტრუქცია (სროლისას ნაკლები ვიბრაცია წარმოიშვება), და დეტალების უკეთესი მორგეება, რაც უზრუნველყოფს მეტ სიზუსტეს, უფრო საიმედო ოპტიკის ფიქსაციას, საკეტი უფრო რბილად მოძრაობს რესივერში და პრაქტიკულად არ აქვს ადგილი მჭიდის რესივერში „თამაშს“. ნაჭედი და ფრეზირებული საკეტი, საკეტის მატარებელი, რესივერი და ცივი ჭედვის მეთოდი დამზადებული ქრომირებული ლულა, მართლაც უნდა ნიშნავდეს, რომ ეს იარაღი არაერთ თაობას უნდა გაუძლოს. ყოველ შემთხვევაში ასე ამტკიცებენ არსენალის წარმომადგენლები. ასეთი რესივერის გამოჩენას მათ იარაღებზე “არსენალმა” უწოდა თამაშის წესების შემცვლელად აკ-ს კლონების ბაზარზე. იმიტომ რომ იარაღი ასეთი რესივერით აშშ-ს ბაზარზე პირველად ღირდა ათას დოლარზე ოდნავ მეტი.  მისი წინადმორბედი, აშშ-ში დამზადებული “არსენალის” შაშხანა თავის დროზე ღირდა არც მეტი არც ნაკლები 3500 (!!!) დოლარი.

დეტალების მორგებას რაც შეეხება მართლაც უნდა აღვნიშნო, რომ საკეტი ძალიან რბილად მოძრაობს, სასხლეტი არის ძალიან კარგი და ალბათ საუკეთესო რაც მე შემხვედრია „კალაშნიკოვის“ კლონებში. მცველიც მუშაობს ძალიან რბილად, ადვილად ირთვება და საიმედოდ ფიქსირდება გახსნის და დახურულ პოზიციაში. იგივეს ვერ ვიტყვი ძალიან ბავრ ‘საიგაზე“ და „ვეპრზე“. სუბიექტური შეფასებით დეტალების დამუშავების ხარისხის ძალიან კარგია და არაფრით არ ჩამოუვარდება სხვა ანალოგებს.

მოდელი SAR-SF აღჭურვილია ქვევიდან დასაკეცი კონდახით. აღნიშნული კონსტრუქციის კონდახი პირველად გამოყენებულ იქნა საბჭოთა AКС-ზე 1949 წლიდან და იდეა ცხადია გერმანული იყო, ასეთი კონსტრუქციის კონდახებს იყენებდნენ გერმანელები MP-40 ტიპის „პისტოლეტ-ტყვიამფრქვევზე“. ჩვენი აზრით კონდახი უკიდურესად მოსახერხებელია, დაკეცილ მდგომარეობაში პრაქტიკულად შერწყმული არის იარაღთან და არ ზრდის მის გაბარიტებს.  მისი გახსნა/დაკეცვა შესაძლებელია დაყენებული მჭიდითაც.  ასევე კონდახის ასეთი კონსტრუქციის გამო SAR-SF-ს არ გააჩნია ოპტიკის გვერდითი სამაგრი. ასეთი სამაგრი გააჩნია მოდელებს მხოლოდ გვერდიდან დასაკეცი ან ფიქსირებული კონდახებით. დაკეცილი კონდახით SAR-SF სრულიად ფუნქციონალურია, შესაძლებელია მჭიდის გამოცვლა, მცველის ჩართვა გამორთვა და ცეცხლის წარმოება. კონდახის გასაშლელად/დასაკეცად უნდა დააჭიროთ მასიურ ღილაკს მარცხენა მხრიდან. კონდახს არ აქვს „ლუფტები“, არაფერი არ თამაშობს და არ ხმაურობს. გახსნილ და დაკეცილ დმგომარეობაში კონდახი ფიქსირდება ფრეზირებულ რესივერში ორი მასიური კბილით. AKMC-ის ექსპლუატაციამ საბჭოთა ჯარში გამოავლინა პრობლმები ასეთი კონდახის მდგრადობასთან ჯარის პირობებში ექსპლუატაციისადმი, რის გამოც მოგვიანებით გამოიყენებოდა გვერძე დასაკეცი კონდახი უფრო ძლიერი, ხისტი გადაბმის სქემით. ჩვენი აზრით ბულგარულმა კონდახმა არ უნდა შექმნას პრობლემა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კბილები ჯდება ფრეზირებულ რესივერში. ჩვენ დავაკვირდებით ამ დეტალსს და რამე პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად გაცნობებთ.

P1060431

P1060432

SAR-SF-ის პლასტმასის ფურნიტურა, კარგად გამოიყურება. პისტოლეტის ტიპის სახელური ბევრად მოსახერხებელია ვიდრე სტანდარტული საბჭოთა ტიპის. ღვედი არის Condor Speedy.  

P1060428

ისევე როგორც AKC-74У-ზე რესივერის ხუფი არ ცილდება იარაღს, და იხსნება ზევით. ხუფზე განლაგებულია სტანდარტული უკანა რკინის სამიზნე მოწყობილობა, რომელსაც აქვს ორი მდგომარეობა სტანდარტული “П“ (350 მეტრამდე სასროლად)  და „4-5“ განკუთვნილი 450-500 მეტრზე სასროლად (ჩვენი აზრით ზედმეტად ოპტიმისტური მოთხოვნა ისევე როგორც 350 მეტრი). ესთეტიური თვალსაზრისით იარაღს უხდება ხუფი, ამობურცული ტექსტურით, როგორც ადრინდელ საბჭოთა „კალაშნიკოვებში“.

P1060440

წინა სამიზნე მოწყობილობა რეგულირდება ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეში. როგორც ჩანს იარაღი გასწორებულია ქარახანაში (სამიზნე მოწყობილობის ბაზაში განლაგება მონიშნულია). სურათზე კარგად ჩანს დენთის აირების კამერა ქრომირებული ზედაპირით. 

რაც შეეხება კოლიმატორის დაყენებას ეს შეიძლება იყოს პრობლემატური. SAR-SF არ არის აღჭურვილი ოპტიკის გვერდითი სამაგრით. შესაბამისად კოლიმატორის დაყენება შესაძლებელია დენთის აირების მილზე (შესაბამისი დეტალის დაყენების შემდეგ) ან რესივერის ხუფის გამოცვლა. მაღალხარისხიანი დეტალები საკმაოდ ძვირი ღირს (Samson-ის ალუმინის ტიბჟირი და დენთის აირების მილის ხუფი ჯდება 200 დოლარზე მეტი), ასე რომ დაფიქრდით იქნებ უმჯობესია შეიძინოთ მოდელი გვერდიდან დასაკეცი კონდახით, რომელიც 300 ლარით მეტი ღირს.

მიმოხილვის ბოლოსკენ როგორც წესი ყურადღებას ვამახვილებ ხოლმე რაიმე ნაკლოვანებებზე და ამ შემთხვევაში ეს ალბათ არის იარაღის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი – მისი დამცავი დაფარვა. იარაღი შეღებილია შავი საღებავით რაც ჩვეულებრივი პრაქტიკა არის, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის აბსოლუტურად არადმგრადია საწმენდი ქიმიის მიმართ. ის ასევე მაგალითად ადვილად იხსნება სპირტით, რაც მე აღმოვაჩინე მას მერე რაც შევეცადე ზედმეტი ზეთის და საკონსერვაციო საფოხის მოშორება. სიმართლე გითხრათ ასეთ რამეს მე წავაწყდი პირველად. პრაქტიკულად ნებისმიერი აგრესიული საწმენდი ქიმია ზემოქმედებს „არსენალის“ კარაბინის საღებავთან ამიტომ ალბათ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ასეთი ხსნარების გამოყენებისას თუნდაც ლულის გაწმენდისას. იარაღის მექანიზმის საწმენდად გამოდგება ზეთები საწმენდი მინარევებით, ხოლო აგრესიული საწმენდი ხსნარების/სოლვენტების გაოყენებისგან მგონი უკეთესი იქნება თავი შეიკავოთ.  იგივეზე იუწყება Arsenal.inc-ის საგარანტიო პოლიტიკის დოკუმენტი, რომლიც მათ საიტზე არის ატვირთული. მათი რეკომენდაციით საუკეთესო საწმენდი საშუალება არის Break-Free CLP. სხვა საწმენდი საშუალების გამოყენება შეაჩერებს გარანტიის მოქმედებას. აი ასე, არც მეტი არც ნაკლები.

სამწუხაროდ ბულგგარელებმა არ გამოასწორეს ის რაც არის „კალაშნიკოვების“ მოწყალებული სიზუსტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი (გარდა დაბალი ხარისხის ამუნიციისა), არასრულყოფილი, რუდიმენტარული სამიზნე მოწყობილობები. უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარი ზედმეტად წვრილია და პრაქტიკულად არ ატარებს შუქს. ასეთი კონფიგურაციის სამიზნე მოწყობილობები არ უნდა ეყენოს ახლო მანძილზე სროლისთვის განკუთვნილ იარაღზე. სერიოზული მსროლელი აუცილებლად დააყენებს ამ იარაღზე ან კოლიმატორს ან შეეცდება საკუთარი ძალებით გააუმჯობესოს სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები, „მუშკის“ ღია ფერში შეღებვით ან უკანა სამიზნე მოწყობილობის ღარის გაგანიერებით.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი აზრით ყველა ვინც განიხილავს ასეთი ტიპის იარაღის შეძენას უნდა გაითვალისწინოს რომ ის ყიდულობს პრაქტიკულად ე.წ. „საბ განს“. შემოკლებულად „საბ განს“ ამერიკელები ეძახიან პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს. ანუ კომპაქტურ ავტომატურ იარაღს, რომელიც იყენებს პისტოლეტის კალიბრს და როგორც წესი აღჭურვილია კონდახით. რა თქმა უნდა SAR-SF არ იყენებს პისტოლეტის კალიბრს მაგრამ ძალიან მოკლე ლულის და წვრილი კალიბრის ვაზნის გამო, თვისობრივად ის ჩვენი აზრით არის „საბ განი“ შაშხანის კალიბრზე. შესაბამისად ასეთი არჩევანი განპირობებული უნდა იყოს პირველ რიგში მისი გამოყენების სპეციფიკით. ეს იარაღი არის თავდაცვითი პირველ რიგში და ასევე გამოდგება გასართობი სროლისთვის. ამ იარაღის შეძენას აზრი არ აქვს თუ მყიდველს სურს კარაბინი და სროლა ას მეტრზე და უფრო შორს მეტ ნაკლები სიზუსტით. ასეთ შემთხვევაში  SAR-SF-ის შეძენას აზრი არ აქვს.

პრაქტკული თვალსაზრისით ანუ იმ ადამიანის გადმოსახედიდან, რომელიც აფასებს იარაღს, როგორც ინსტრუმენტს და არა როგორც სექსუალური ფანტაზიების ობიექტს, SAR-SF არის ვიწრო-სპეციალიზირებული თავდაცვითი იარაღი, რომლის გამოყენება იგულისხმება პისტოლეტისთვის ტიპიურ დისტანციებზე. საქართველოს პირობებში აღნიშნულ მოდელს აქვს კიდევ ერთი დიდი უპირატესობა. ის ფორმდება ტარების უფლებით. ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა როდესაც მიდიან დასასვენებლად და სურთ იარაღი თან ქონდეთ. პისტოლეტის გადატანა გამოირიცხება. სრული ზომის შაშხანის თრევა შეიძლება დამღლელი იყოს, ცოლ-შვილიც არ იქნება კმაყოფილი იმით რომ იმის მაგივრად რომ დამატებითი მატრასები, ბალიშები და სათამაშოები ჩაატიოთ მანქანაში იქ ნაცვლად იდება შალითა ან კეისი მათი აზრით სრულიად არა საჭირო კარაბინით ან შაშხანით შიგნით. SAR-SF აკეცილი კონდახით იმდენად კომპაქტურია რომ ის არც ადგილს დაიკავებს და არც ზედმეტ ყურადღებას მიიპყრობს. მე არ ვთვლი, რომ საქართველო იმდენად სახიფათო ადგილია, რომ მანქანაში მუდმივად გედოს კარაბინი, მაგრამ ის რაც საკმარისია და ადეკვატურია (პისტოლეტი) აკრძალულია ამიტომაც ასეთი მოკლე კარაბინი შეიძლება ბევრისთვის იყოს მისაღები და რაც მთავარია აბსოლუტურად ლეგალური ალტერნატივა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაინც კარაბინია და იყენებს საკმაოდ ძლიერ ვაზნას, რეკომენდირებულია გაეცნოთ ამ იარაღის შესაძლებლობებს, შეზღუდვებს და რეგულარულად ივარჯიშოთ.

ამით ბულგარული SAR-SF-ის „ცივი“ მიმოხილვა დასრულებულია ხოლო მეორე ნაწილში ჩვენ შევეცდებით მოგიყვეთ როგორ გამოიჩინა თავი ამ იარაღმა რენჯზე. თუ იარაღი ისევე კარგად ისვრის, როგორც გამნოიყურება ფასი-ხარისხით ის კონკურენციას გაუწევს “ვზორებს” და კარგი ალტერნატივა იქნება ბევრად უფრო ძვირადღირებული AR-15 ტიპის კარაბინებისთვის.  ამ ფასის კატეგორიაში “არსენალის” კონკურენტია ჩეხური Vz 58 ტიპის შაშხანები, რომელიც ალბათ უმჯობესია კალიბრში 7.62 თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთი “ვზორების შეძენა რეალურია 700 ლარად. 5.56 კალიბრში “არსენალი” უკეთესია ვიდრე CSA-ს იგივე კალიბრის კარაბინები, იმიტომ რომ ღირს უფრო იაფი და კასტომიზაციის მეტი ვარიანტიც არის. ცხადია ნაღდი “საბჭოთა რკინის” მოყვარულებს ყოველთვის შეუძლიათ მიყიდონ სული ეშმაკს და მაგ ფულით იყიდონ რუსული საიგა 2500-3000 დოლარად.

 



14 Responses to “კომპაქტური და ხელმისაწვდომი – ბულგარული Arsenal “SAR-SF” (ნაწ. 1)”

  1. Hanibal says:

    კარგი მიმოხილვაა. 7,62-ზეც ქრომირებული ლულით არის? დაფარვა გასათვალისწინებელი ფაქტორია, მაგრამ თუ შევადარებთ ვზ58ს ისეთი მოლურჯო ფერის დაფარვა აქვს, რომ ვზორის შეძენის შემთხვევაში ალბათ შეღებვაზე ვიფიქრებ.

  2. Shooter says:

    ყველა არსენალი გამოდის ქრომირებული ლულით. დაგვიდასტურა არსენალის წარმომადგენელმა.

  3. Shooter says:

    ველა არსენალი გამოდის ქრომირებული ლულით. დაგვიდასტურა არსენალის წარმომადგენელმა.

  4. jubi says:

    1. რომელი უფრო უკეთესი ნაკეთობაა cz858 თუ არსენალი? ხარისხი, აკურატულობა მაინტერესებს.

    2. ARSENAL SAR-M1F cal.7.62*39 და/ან ARSENAL SAR-M8F, cal. 7,62×39 -ის ტესტირება ხომ არ იქნებოდა უფრო საინტერესო და შედარება cz858-თან? მე როგორც ვიცი თვითონ რუსებიც იმ დასკვნამდე მივიდნენ რომ 22 სმ-იანი ლულა ნაკლებად ეფექტურია და 32 სანტიმეტრიანი ლულებით უშვებენ უკვე, თან სიგრძეში სხვაობაც პატარაა. პატივისცემით.

  5. Shooter says:

    შესრულების ხარისხით ორივე ერთნაირია უბრალოდ გამომდინარე იქიდან რომ არსენალი მაინც კომერციული იარაღია ის უფრო სუფთად არის დამუშავებული. მეორეს მხრივ ვზ-ს საღებავი ბევრად უფრო გამძლეა. ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ცალსახად უკეთესია მეორეზე.
    საინტერესო ტესტირებებს რაც შეეხება რისი საშუალებაც გვაქვს იმას ვაკეთებთ. ყველა იარაღი ჩვენი პირადია და ჩვენი ფულია გადახდილი. თუ ვინმე დაგვაფინანსებს, გაცილებით მეტს შევძლებთ. :)
    22სმ-ნი ლულით იარაღი არ არის კარაბინი ან შაშხანა, ის არის პრაქტიკულად პისტოლეტ-თყვიამფრქვევი მაქსიმალური ეფექტური მანძილით 100-150 მეტრი.

  6. zaza says:

    gamarjobat mainteresebs romeli iaragi jobia chexuri works zs 7.62*39 tu bulgaruli arsenal sar-m1f 7.62*39

  7. Shooter says:

    works zs თუ რაღაცა მაგის მაგვარი იყიდება თითქოს მაღაზია ქარავანში მაგრამ რეალურად მე იქ რაც ვნახე არის პოლონური ნაწილებისგან აწყობილი იარაღები. ანი მათი წარმოამვლობის დადგენა ძალიან ძნელია. იარაღი გავს კუსტარულად აწყობილს სხვადასხვა ნაწილებისგან. არსენალს რაც შეეხება ეს კარგი იარაღებია მაგრამ მაინც ყურადღება არის მისაქცევი. ზოგზე სამიზნე მოწყობილობების ბაზა არის გადახრილი, ხოგს პატარა ქლიბით მუშაობა უნდა. მე ალბათ არსენალს ვიყიდიდი გამოდმინარე იქიდნა რომ ახალიქ არხნული იარაღია ცნობილი მწარმოებლისგან.

  8. მალხაზი says:

    ბატონო ლევან თუ იცით ბულგარულ ბსრ-74 ზე თუ მიდის რუმინული დასაკეცი ლითონის კონდახი? ან სხვა რომელიმე ალტერნატივას(დასაკეც კონდახს ხო ვერ მირჩევდით?)

  9. Shooter says:

    არ მგონია წავიდეს. წავა ის მოდელები რომლებიც გათვლილია სტანდარტულ ხის კონდახიან აკ-ზე. დანრჩენ შემთხვევაში სერიოზული გადაკეთებებია საჭირო. ზუსტად არ ვიცი არ დავინტერესებულვარ.

  10. slr 107 არის akm, sgl 21 (saiga) არის ak 74m_7.62×39 კალიბრის

  11. Shooter says:

    ვერ გავიგე რის თქმა გინდათ

  12. გიორგი says:

    მოგესალმებით,
    ამ პოსტში და მომდევნოშიც გიწერიათ უკანა სამიზნის გაგანიერებაზე. ინტერნეტში არის ვიდეოები: ზოგი სამკუთხედად იღებს ზედა ნაწილს; ზოგი ფორმას არ ცვლის, უბრალოდ სიგანეს უმატებს. თუ საიდუმლო არ არის, თქვენ როგორ გააკეთეთ და კმაყოფილი თუ ხართ?

  13. Shooter says:

    გამარჯობა. მე გავაკეთე ე.წ. “ექსპრეს” ტიპის სამიზნის სტილში. ნახევრად სფეროს ფორმის. და ახლო მანძილებზე კარგად მუშაობს მაგრამ ცხადია 100-150 მეტრის ზევით სამიზნე სურათი ისეთი კარგი არ არის. მე კმაყოფილი ვარ მითუმეტეს რომ მოკლე არსენალზე ორი “ცელიკი”-ა და ძალიან შორს მანძილზე შიძლეება მეორე ცელიკის გამოყენება თუმცა სიმართლე გითხრათ ამ იარაღის ეფექტური სროლის მანძილი მაქსიმუმ 200 მეტრია ისიც თუ მსროლელი მართლა კარგია ამიტომ არ ვნანობ რომ გადავაკეთე.

  14. irakli says:

    მოგესალმებით, თქვენი აზრით არსენალის მოკლე ვარიანტებიდან რომელი სჯობს 5,56 თუ 7,62 კალიბრზე ?

დატოვეთ კომენტარი