Glock-ების მოდიფიცირება

P1050296

გლოკის პისტოლეტები დამსახურებული პოპულარობით სარგებლობენ მთელს მსოფლიოში. აღნიშნული პისტოლეტების ოჯახის საფირმო ნიშნებია, კონსტრუქციის სიმარტივე, დეტალების მცირე რაოდენობა, საიმედოობა, ხელმისაწვდომი ფასი. კონკურენტებთან შედარებით განსაკუთრებით დასაფასებელია დეტალების და მჭიდების თავსებადობა. ამ ყველაფრის გამო გლოკი არის დიდი ალბათობით ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი მსოფლიოში. წლების განმავლობაში ეს პისტოლეტი უმნიშვნელოდ იხვეწებოდა და ცვლილებები მეტ წილად ეხებოდა ერგონომიკას ვიდრე პისტოლეტის ტექნიკურ მხარეს. მომხმარებლის თვალსაზრისით პირველ და მეოთხე თაობას შორის არანაირ სხვაობა არ არის. იგივე მართვის ელემენტები, ტარის კუთხე, სასხლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ითვლება რომ გლოკის პისტოლეტები მუშაობენ პირდაპირ ყუთიდან ყოველგვარი მოდიფიკაციების გარეშე, შესაძლებელია მცირე ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში მივიღოთ უფრო უკეთესი თავდაცვითი ინსტრუმენტი.

ამ სტატიაში წავა საუბარი მოდიფიკაციებზე, რომლებიც შესაძლებელია განახორციელოს პისტოლეტის მფლობელმა, რთული ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე და იმის გათვალისწინებით, რომ საბოლოო პროდუქტი უნდა იყოს უკეთესი თავდაცვის ინსტრუმენტი. ბევრი რამე რაზეც აქ იქნება საუბარი ეხება არა მარტო გლოკს არამედ სხვა პისტოლეტებსაც. პირობითად გლოკის გაუმჯობესება შეიძლება დაიყოს სამ მიმართულებად, გაუმჯობესება, რომელიც აუცილებელია, რომელიც სასურველია და რომლის მიზანია მფლობელის ესთეტიური გრძნობების დაკმაყოფილება. აღნიშნული სტატია ეფუძნება ჩემ პირად გამოცდილებას და შეხედულებებს. სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა გამოცდილება შეიძლება ქონდეთ.

დავიწყოთ აუცილებელი გაუმჯობესების აღწერით. წლების განმავლობაში ყველა აღნიშნავდა, რომ გლოკის სტანდარტული პლასტმასის სამიზნე მოწყობილობები გამძლეობით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან დანარჩენ პისტოლეტს. განსაკუთრებით ეს ეხება წინა სამიზნე მოწყობილობას, რომლის მოტეხვაც ძალიან ადვილია. მართალია ზოგჯერ გლოკის პისტოლეტები კომპლექტდებიან რკინის სამიზნე მოწყობილობებით პირდაპირ ქარხნიდან, მაგრამ როგორც წესი მხოლოდ ის პისტოლეტები, რომლებიც განკუთვნილია სამართალდამცავებისთვის და მათ სპეციალურად ეს მოითხოვეს. მაგალითად უმეტესობა პისტოლეტების, რომლებიც ჩვენ ძალოვნებს აქვთ სწორედ გლოკის სტანდარტული ღამის (და რკინის) სამიზნე  მოწყობილობებით არის აღჭურვილი. როდესაც ასეთ მეორად გლოკს ყიდულობთ, ყოველთვის გაითვალისწინეთ რომ ფასს რომელსაც იხდით აკლდება 70-100 დოლარი, რაც უნდა გადაიხადოთ ხარისხიან რკინის სამიზნე მოწყობილობებში. სამიზნე მოწყობილობების შეძენისას რა თქმა უნდა ჯობია იყიდოთ კომპლექტი წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებისგან. თუ საკმარისი თანხა არ გაგაჩნიად, როგორც მინიმუმ ყველაზე სუსტი წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა გამოცვალოთ. ასეთი მიდგომა დაგიზოგავთ 50-60 დოლარს.

სამიზნე მოწყობილობების არჩევისას გარკვეული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და კარგად უნდა შეისწავლოთ პროდუქტი რომელსაც ყიდულობთ. სამიზნე უნდა იყოს რკინის. უნდა ქონდეს ტრიტიუმის “წერტილები”. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობის ტრიტიუმის წერტილები არ უნდა იყოს ერთნაირი რომ სიბნელეში ეგრევე გაარჩიოთ წინა სამიზნე მოწყობილობა და ერთნაირი წერტილები ერთმანეთში არ აგერიოთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ ცნობილი კომპანიების ნაწარმს.  თუ ყიდულობთ მოდელს რომელიც არ იძლევა ვერტიკალური რეგულირებების საშუალებას არსებობს ალბათობა რომ მოხვედრის წერტილი იქნება განსხვავებული. შეეცადეთ მიიღოთ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია, მათ შორის “youtube”-ზე შეფასებების ნახვით. დარწმუნდით რომ მათი ფორმა ზომა, სამიზნე სურათი თქვენ გაწყობთ. სამიზნე მოწყობილობების არჩევა სერიოზული გადაწყვეტილებაა და არ შეიძლება ამ საკითხს ზერელდ მოეკიდოთ.  კარგ სამიზნე მოწყობილობებს უშვებენ მაგალითად: Ameriglo, Trijicon, Meprolight, Tru-glo.  გლოკზე სამიზნე მოწყობილობების ამოცვლა არის ერთადერთი რამე რაც უნდა განახორციელოთ აუცილებლად. მეტი გლოკის პისტოლეტში რამის გამოცვლა/დამატება აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს. გლოკი შესანიშნავი პისტოლეტია და დამიჯერეთ სამიზნეების გამოცვლის შემდეგ ის ხელის შევლებას არ საჭიროებს.

glonitesights

სამიზნეები თავდაცვით იარაღზე შეიძლება იყოს ოპტიმიზირებული ახლო მანძილზე სროლისთვის (მარცხნივ) და ტრადიციულები (მარჯვნივ). 

რაც შეეხება სასურველ მოდიფიკაციებს, აქ რა თქმა უნდა უფრო ბევრი ვარიანტები და შესაძლებლობებია. ჩემი აზრით უპირველეს ყოვლისა უნდა დაყენდეს დამაბრუნებელი ზამბარა რკინის ღერძით. ორიგინალური დეტალი  პლასტმასის არის და მიუხედავად იმისა რომ ის იშვიათად ტყდება ჩემი აზრით მისი გამოცვლა არის კარგი ინვესტიცია. აღნიშნულ დეტალს ულევი რესურსი ექნება, ზამბარის გამოცვლაც ახლით ადვილია. ასეთი ღერძი არ ღირს ძვირი, როგორც წესი ქარხნული წონის ზამბარით მისი ფასი 20-30 დოლარია. შეძენისას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ ზამბარის წონა იყოს სტანდარტული თქვენი გლოკის მოდელისთვის.

p_066000008_1

როგორც წესი ღერძი იჭერს ზამბარას ხრახნის საშუალებით. ხრახნი უნდა იყოს ხრახნების ფიქსატორით ჩაწეპებული, რომ სროლისას ის არ მოიშვას. 

მჭიდების ტევადობის გაზრდა ასევე ძალიან პოპულარულიმოდიფიკაციაა და სახლის დაცვის იარაღში, რომელიც არ უნდა იყოს მაინცდამაინც პატარა და მსუბუქი მასიმალური ტევადობის მჭიდი არის მე თუ მკითხვავთ აუცილებელი. იმისთვის, რომ გაიზარდოს გლოკის სტანადრტული მჭიდების ტევადობა გამოიყენება ორი ტიპის დამაგრძელებლები. ყველაზე იაფი არის მხოლოდ პლასტმასის დაგრძელებული ხუფები, რომლებიც ყენდება სტანდარტული ხუფის ადგილას და იყენებს სტანდარტულ მჭიდის ზამბარას. მჭიდის ამ გზით მოდიფიცირება დაჯდება 8-10 დოლარი. მინუსები ამ მიდგომის არის ის რომ ზამბარა მუშაობს არასტანდარტულ პირობებში და გარდა ამისა პლასტმასის ხუფი უფრო სუსტია ვიდრე ორიგინალური დეტალი. თუ ამ გზით მოდიფიცირებული სავსე მჭიდი  დავარდება რამე მყარ ზედაპირზე და საკმარისი ძალით, ხუფი გატყდება. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს საჭიროა მაღალი კლასის მჭიდის ტევადობის გაზრდის კომპლექტების ყიდვა, რომლებსაც ასევე მოყვება მჭიდის ახალი ზამბარაც. ასეთი ნაკრებების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწარმოებელია Arredondo Accessories. საბრძოლო კომპლექტის  გაზრდის დამატებითი გზა არის (თუ თქვენი გლოკი კომპაქტია ან სუბ-კომპაქტი) გამოიყენოთ სრული ზომის გლოკის მჭიდი ან გამოიყენოთ გლოკის სტანდარტული 33 ვაზნიანი მჭიდი. გრძელი მჭიდი უნდა აუცილებლად აღიჭურვოს ადაპტორით, რომელიც შეავსებს ადგილს მჭიდსა და ტარს შორის. ეს აუცილებელი იმიტომ არის რომ მჭიდს ადგილზე იჭერს მჭიდის ღილაკი ხოლო დამატებით ის მიბჯენილია ტარზე, რომელიც იღებს დარტყმას. თუ იარაღი დავარდება დაგრძელებულ მჭიდზე მთელი ძალა მიადგება მჭიდის ღილაკზე და საკეტზე. ადაპტორი უზრუნველყოფს დარტყმის ძალის გადაცემას ტარზე რაც გამორიცხავს პისტოლეტის დაზიანებას გარდა ამისა პისტოლეტი უფრო ესთეტიურად გამოიყურება და ჭერაც გაადვილებულია.  მჭიდები გლოკისთვის უნდა იყოს ორიგინალური, გლოკის წარმოების.  მჭიდების პროფესორებმა კომპანია “Magpul“-დან გამოუშვეს მჭიდები გლოკისთვის მაგრამ ეს ჯერ ახალი პროდუქტია, რომელიც არ არის გამოცდილი საველე პირობებში.

grext

მჭიდზე დასაყენებელი ტარის დამაგრძელებლები

მართვის ელემენტების მოდიფიცირება ასევე პოპულარულია. აღნიშნული მეტ წილად კეთდება იმისთვის, რომ საკეტის შემაკავებელი და მჭიდის ამოგდების ღილაკი იყოს უფრო ადვილად ხელმისაწვდომი. თუ სტანდარტულ დეტალებთან არ გაქვთ პრობლემა ჯობია დატოვოთ სტანდარტული დეტალები. ორივე ეს დეტალი უნდა შეცვალოთ მხოლოდ მაშინ თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობს. რატომ? იმიტომ რომ უფრო მსხვილი გამოწეული მჭიდის ღილაკი მეტი ალბათობით უნებლიედ გააქტიურდება და გაათავისუფლებს მჭიდს მასზე შემთხვევით დაჭერის გამო, მაგაალითად მაშინ როდესაც პისტოლეტი ქამარშია გაყრილი.

gextend

დიდი ზომის მჭიდის ღილაკი (1). საკეტის შემაკავებლების ვარიანტები (2) ადრე იყო პოპულარული სტანდარტული შემაკავებლის მოღუნვა ისე რომ ის უფრო მკვეთრად იყო გამოწეული. ასე აკეთებდნენ მანამ სანამ გაირკვა რომ გაღუნული დეტალი მალევე ტყდებოდა. ქარხნული დეტალების გადაკეთება არ არის სწორი გზა.  

ე.წ. “grip tape”-ის გამოყენებაც არის პისტოლეტის კარგი მოდიფიკაცია. ასეთი ფირების გამოყენება აადვილებს ჭერას და მანიპულაციებს იარაღთან თუ ხელები გაქვთ სველი (ოფლიანი/სისხლიანი) ან გაცვიათ ხელთათმანები და ა.შ.  გამოიყენება სპეციალური იარაღისთვის შექმნილი ფირები, რომლებიც რბილი რეზინის ზედაპირით არის (GT-5000 Grip Tape)  და არის ე.წ. „სკეიტბორდის ფირები“ რომლებიც ძალზედ აბრაზიულია და ადვილად შეიძლება გაანადგუროს/დააზიანოს ყელაფერი რაც მასთან კონტაქტში შევა, ბუდე, ტანსაცმელი და ა.შ. ხელმისაწვდომია პირველი ტიპის ნაკრებები კონკრეტული იარაღისთვის, წინასწარ გამოჭრილი ან შესაძლებელია იყიდოთ ფირების ნაჭრები და თავად გამოჭრათ სასურველი ფორმის ფრაგმენტები. გაითვალისწინეთ, რომ ფირის დაწეპებამდე ზედაპირი უნდა გაიწმინდოს ჭუჭყისგან და ცხიმებისგან (სპირტით მაგალითად).

P1050328

 

ავტორის კუთვნილი გლოკი ორივე ტიპის ფირს იყენებს, რეზინის ფირი ტარზე და აბრაზიული საკეტზე. საკეტში ჩაწეპებული თხელი ფირფიტები ჩამალულია ღარებში და არ ცვითავს ტანსაცმელს მაგრამ ხელის მოკიდებისას სრულად ასრულებენ თავის ფუნქციას. არასდროს არ ჩამოაცვათ ტარს რეზინის სახელურები. ეს სახელურები მალე იწელება, კარგავენ ფორმას და ტარზე არ ფიქსირდებიან მყარად.

რაც შეეხება იარაღის პერსონალიზაციას, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყველაფერი რაშიც ფულს ხარჯავთ და იარაღზე აყენებთ, რაღაც პრაქტიკულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

P1050284

ავტორის გლოკზე ასეთი “პერსონალიზირებული” საკეტის ხუფი აყენია, გარდა იმისა, რომ ეს ხუფი ასე ვთქვათ დეკორატიულ როლს ასრულებს, ის ასევე განსხვავებით პლასტმასის ორიგინალური დეტალისგან არის ალუმინისგან დამზადებული. ჩარჩო შეღებილია „Duracoat“-ით (ფერი Coyote Brown) ისევ პერსონალიზაციის მიზნით.

რაიმე მოწყობილობების დაყენება პიკატინის ტიპის სამაგრზე არ არის მოდიფიცირება. ფარანი, ლაზერი, ან ლაზერი და ფარანი ერთ მოდულში საკმაოდ საჭირო დანამატი იქნება გლოკისთვის. ლაზერული სამიზნე ადვილებს დამიზნებას, ხოლო ფარანი გაძლევთ საშუალებას ერთ ხელში გქონდეთ იარაღიც და განათების წყაროც, ხოლო მეორე ხელი გქონდეთ თავისუფალი. პიკატინის სამაგრზე შეიძლება ასევე დაყენდეს მცირე ზომის ხიშტი ან მოწყობილობა რომელიც გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ გლოკი დარტყმისთვის და მიბჯენით სროლისთვის. ჩემი აზრით უკანასკნელ ორს ჯობია ფარანი ამ ლაზერი ან ორივეს კომბინაცია. სტანდარტული წესი “არ იყიდოთ ჩინური პროდუქტი” აქაც მოქმედებს. საუკეთესო ფარნებს უშვებს “Surefire“, თუმცა Streamlight TLR-1 და მისი მოდიფიკაციები ასევე საიმედოა და უფრო ხელმისაწვდომიც. გლოკი ასევე უშვებს ფარნებს და ფარნის და ლაზერის კომბინაციებს თავისი პისტოლეტებისთვის. ლაზერული დამიზნები საშუალებებს შორის ლიდერობენ Lasermax, Crimson Trace, Viridian.

და ბოლოს, როგორც უკვე ვთქვი გლოკი არის ძალიან საიმედო პისტოლეტი. მე არავის არ ვურჩევ თავდაცვითი იარაღის ქარხნული ნაწილების (გარდა ნახსენების ამ სტატიაში) გამოცვლას თუ ამის გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს. ეს ეხება როგორც გლოკს ასევე ნებისმიერ სხვა ხარისხიან იარაღს.  მსუბუქი ზამბარები, ბრჭყვიალა უჟანგავი რკინის ლულები, არაქარხნული „თეთრი“ საკეტები, ტიტანის შიგნეულობები, მსუბუქი სასხლეტები ეს ყველაფერი არის სისულელე და წყალში გადაყრილი ფული. ყველაფერი აღნიშნულის გამოყენებამ შესაძლებელია სავალალო გავლენა მოახდინოს იარაღის რესურსზე. ხელს ნუ ახლებთ გლოკის შიგნეულობებს და გლოკი იმუშავებს საიმედოთ. რთული “ტუნინგი” არის პროფესიონალების საქმე. მე ათჯერ მეტი იარაღი მინახია მწყობრიდან გამოსული არაკვალიფიციური ჩარევის გამო ვიდრე თავისით მწყობრიდან გამოსული.

განსაკუთრებით ხშირად მესმის პრეტენზიები გლოკის სასხლეტის მიმართ. საქმე იმაშია რომ გლოკი შექმნილია იმისთვის რომ ატაროთ ის ვაზნით სავაზნეში მაგრამ ამავე დროს მას არ გააჩნია მექანიკური მცველი. ასეთ იარაღზე სასხლეტი არ შეიძლება იყოს მოკლე და მსუბუქი. ეს ელემენტარული უსაფრთხოების მიზნებით არის განპირობებული. სტანდარტული გლოკის 5.5 ფუნტიანი სასხლეტი არის ოქროს შუალედი უსაფრთხოსა და კომფორტულს შორის და ტყვილა არ ყენდება ამდენი წელი ამ პისტოლეტებზე სასხლეტი სწორედაც რომ ასეთი წონით. ბოლო დროს გამოჩნდა მზა კომპლექტები, რომლებიც მთლიანად ცვლიან ქარხნულ დამრტყმელი-სასხლეტი მექანიზმის მოდულს მაგრამ მათი ფასი საკმაოდ ძვირია (150-300 დოლარს შეადგენს) ხოლო მათი დაყენება თავდაცვით იარაღზე საკითხავი მიზანშეწონილობის არის.ასე რომ ჩემი რჩევა იქნება მეტი ივარჯიშოთ გლოკთან და არ გადადგათ დაუფიქრებელი ნაბიჯები.

დაიმახსოვრეთ, იარაღში და სროლაში უკეთესი კარგის მტერია. თუ რამე მუშაობს და თავის ფუნქციას ასრულებს ის არ უნდა შეცვალოთ. მოდიფიკაცია გულისხმობს კონსტრუქციის გართულებას რაც ზრდის ალბათობას რომ რაღაცა გამოვა მწყობრიდან ამიტომ მოდიფიკაცია უნდა იყოს დასაშვები თუ სხვა გზა არ არის. გონივრულად მიუდექით ამ საკითხს და მიიღებთ უკეთეს უფრო მოსახერხებელ და ეფექტურ თავდაცვის საშუალებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აი ასეთი “ინვალიდი” შეგრჩებათ.

Bubbas_Glock_mod (1)

პს

მე არ შემიძლია არ ვახსენო ერთი ისტორია, როდესაც ტირში ვნახე ადამიანი ასე ვთქვათ მძიმედ მოდიფიცირებული გლოკით, “თეთრი” საკეტი, გრძელი უჟანგავი ლულა და მთელ “ნავაროტები”. იარაღის ხელოსანმა შეასრულა ეს სამუშაო მფლობელის დაკვეთით, ხელოსანმა რომელმაც არ იცოდა რა არის პისტოლეტი. პისტოლეტი მაგრად გამოიყურებოდა მაგრამ არ ისროდა ზუსტად, არ აგდებდა მასრებს და ალბათ 15 წელიწადში პირველად და იმედია უკანასკნელად წავაწყდი “ასეჩკას” თანამედროვე პისტოლეტში ახალი ვაზნით.  საშინელი სიზუსტის მიზეზი იყო რკინის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი რომელიც როგორც ჩანს სხვა მოდელის იარაღისთვის იყო. საკეტი დადიოდა იქეთ აქეთ ისე რომ ხელით იგრძნობოდა რომ ზამბარას ძალა არ ყოფნიდა რომ საკეტი ადგილზე გაეჩერებინა. ექსტრაქტორი იყო შეღებილი სქელი შავი საღებავით, რის გამოც თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა.  შიგნით კიდე რა ხდებოდა კაცმა არ იცის… ფაქტია რომ მფლობელის სიტყვებიდან გამომდინარე 60 დოლარიანი დამაბრუნებელი ზამბარა რომ შეიცვლა 7 დოლარიანი ქარხნული ზამბარით პისტოლეტმა დაიწყო ზუსტად სროლა. მფლობელი არ იყო კარგი მსროლელი. არ არსებობს არაფერი, რაც შეიძლება იყიდოთ, დააყენოთ პისტოლეტზე და გახდეთ უკეთესი მსროლელი. ეს შეუძლია მხოლოდ ვარჯიშს, პრაქტიკას, ცოდნის და გამოცდილების დაგროვებას.



3 Responses to “Glock-ების მოდიფიცირება”

  1. კობა says:

    სასარგებლო სტატიაა..!! მადლობა

  2. lasha says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან გილოცავთ ახალ წელს დაესწარით მრავალს გისურვებთ ყოველივე კარგს, ერთი კითხვა მაქვს პისტოლეტის შეძენა მინდა და ვერ გადავწყვიტე რომელი ვიყიდო გლოკ 17 მინდა 3 მე თაობა თუ მეოთხე რომელი ავიღო და ავსტრიულ და ამერიკულს შორის რაიმე სხვაობა თუ არის

  3. Shooter says:

    aranairi sxvaoba ar aris. is iyidet romelits ufro mogtsont

დატოვეთ კომენტარი