კლასიკური საბრძოლო იარაღი – M14 (ნაწილი 1)

ამჯერად ჩვენი მორიგი სტუმარია კიდევ ერთი ლეგენდარული იარაღი. მიუხედავად იმისა რომ ამერიკული წარმოების ავტომატური შაშხნა  M14 ყველაზე მცირე დრო დაჰყოვნა ამავე ქვეყნის შეიარაღებაში მას პრაქტიკულად ლეგენდარული რეპუტაცია აქვს. ის სასურველი შენაძენია ნებისმიერი  იარაღის მოყვარულისათვის, ხოლო ყველაზე ძლიერი სამხედრო მანქანის ელიტარული ნაწილები დღემდე იყენებენ მას საბრძოლო ოპერაციებში. ჩვენ შევეცდებით დავადგინოთ რა არის ამის მიზეზი, რატომ სარგებლობს ის aseTi პოპულარობით გარკვეულ წრეებში მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაზე ხანმოკლე კარიერა ქონდა როგორც ფეხოსნის იარაღის სხვა დანარჩენ სისტემებს შორის, რომელსაც ამერიკლეი ჯარისკაცი იყენებდა. ჩვენ გავისვრით M14-ს, დავშლით მას, შევისწავლით მას და შევეცდებით ობიექტურად შევაფასოთ ის. დიახ, ჩვენ გვაქვს საშუალება პირადად და უშუალოდ გავეცნოთ იარაღის ისტორიის ამ ნაწილს და შემოგთავაზოთ ქართულ ენაზე ექსკლუზიური სტატია და ფოტომასალები. M14-ს პრაქტიკულად არ იცნობენ საქართველოში და ბევრისთვის დარწმუნებული ვარ საინტერესო იქნება წაკითხვა ამ იარაღზე. სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზებთ ექსკურსს M14-ის შექმნის და მსახურობის ისტორიაში სადაც გავამახვილებთ ყურადღებას ყველაზე საკვანძო და საინტერესო ფაქტებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ამ შაშხანას უკავშირდება.

როგორც უკვე ავღნიშნე M14 (სრული ინდექსი The U.S. Rifle 7.62 mm M14) ყველაზე ნაკლები დრო იმყოფებოდა შეიარაღებაში, როგროც ფეხოსნის ძირითადი იარაღი. ის მიიღეს შეიარაღებაში 1957 წლის 1 მაისს და ოფიციალურად მოხსნეს შეიარაღებიდან 1963 წელს. ამ პერიოდში სულ გამოშვებულ იქნა 1,376,031 ცალი M14. შაშხანას აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის უშვებდა ოთხი კომპანია: Springfield Armory; Winchester; Harrington & Richardson Arms Company და Thompson-Ramo-Wooldridge, Inc. იმ ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ, რომელიც ეხება M14-ის ისტორიას მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი პრაქტიკულად შემთხვევით მოხვდა შეიარაღებაში. გრძელი ისტორია მოკლედ რომ მოვყვეთ, მისი გამოჩენა ჯარში მჭიდროდ უკავშირდება 7.62X51 ვაზნას. მე შეგნებულად არ ვწერ .308 winchester-ს, იმიტომ რომ 7.62X51 NATO და .308 Winchester არის განსხვავებული ვაზნები. მიზეზი მისი გამოჩენის არის მარტივი, სარდლობას სურდა იარაღი, რომელიც იქნებოდა უფრო მსუბუქი ვიდრე იმ დროს შეიარაღებაში მყოფი გარანდის შაშხანა, რომელიც შეძლებდა ჯერებით სროლას ხოლო ვაზნა იქნებოდა უფრო მსუბუქი და კომპაქტური. შეგახსენებთ 30-06, მასრის სიგრძით 63მმ იყო ყველაზე გრძელმასრიანი საშუალო სიმძლავრის სამხედრო ვაზნა. მიუხედავად უფრო მოკლე მასრისა თანამედროვე დენთების გამოყენებით ახალი ვაზნა იყო ბალისტიკურადდ პრაქტიკულად იდენტური 30-06-ის და ამავე დროს უფრო ზუსტიც. მოგვიანებით M14-ის გამოჩენამ პრაქტკულად ეგერევე გამოდევნა ყველა გარანდის და სპრონგფილდის შაშხანები სპორტული შეჯიბრებებიდან რომელშიც საუკეთესო სამხედრო მსროლელები იღებდნენ მონაწილეობას. 7.62X51 გარდა ამისა იყო 10% უფრო მსუბუქი ვიდრე 30-06, რაც ნიშნავდა რომ ერთი რეისით სატვირთო ტვითმფრინავი გადაზიდავდა 10%-ით მეტ ტყვიაწამალს. ბუნებრივია აშშ სერიოზულად ლობირებდა ახალ ვაზნას და ის მალევე გახდა NATO-ს სტანდარტული კალიბრი. ამის საპასუხოდ აშშ-ს უნდა მიეღო შეიარაღებაში ბელგიური კონცერნის FN-ის ახალი შაშხანა FAL. მიუხედავად იმისა, რომ NATO-მ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აშშ იქნებოდა ვაზნების ყველაზე საიმედო და სტაბილური მომწოდებელი და 7.62X51 გახდა სტანდარტული კალიბრი ალიანსში შემავალი ქვეყნებისთვის, აშშ-მ პირობა არ შეასრულა და ბელგიური შაშხანა არ მიიღო შეიარაღებაში. სანაცვლოდ გადაწყდა საკუთარი კონსტრუქციის T-44 მოდელის შაშხანის შეიარაღებაში მიღება, რომელიც უკვე მოგვიანებით გახდა ის რასაც ჩვენ ვიცნობთ, როგორც   M14-ს. ჩაითვალა, რომ რახან ახალი იარაღი დაფუძნებულია უკვე წარმოებაში ათვისებულ ჯონ გარანდის M1 ტიპის კონსტრუქციაზე, M14-ის მასობრივი წარმოებაც და ჯარში ათვისებაც არ იქნებოდა პრობლემა. სინამდვილეში ნაწილების თავსებადობა ამ ორ იარაღს შორის არის მხოლოდ 25% და ისიც ეხება მეორეხარსხოვან დეტალებს, შტიფტებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება განსხვავებებს ორიგინალური გარანდის კონსტრუქციისგან, გამვყოფდი ორ ძირითად სხვაობას. ეს არის 20  ვაზნიანი მოსახსნელი მჭიდი და მოდიფიცირებული დენთის აირების სისტემა, სადაც აირების “აღება” ლულიდან ხდება შუიდან (გადაიწია უკან 15 სმ-ით), რაც სროლის დროს იწვევს ნაკლებ რხევას და ვიბრაციას და ასევე წნევა უფრო სტაბილურია და შესაბამისად უზრუნველყოფს ავტომატიკის უფრო სტაბილურ მუშაობას. რა თქმა უნდა M14-ს ასევე ქონდა ჯერებით სროლის საშუალება, როგორც ამას სამხედროები სულ ტყვილა ითხოვდნენ. ავტომატიკის სქემა იყო იგივე და იყენებდა ბრუნავ საკეტს.

T-25. ერთ ერთი პროტოტიპი, რომელიც ასევე შეიქმნა გარანდის შაშხანის დიზაინზე დაყრდნობით. ამ ექსპონატს მჭიდი მოხსნილი აქვს.

ამ სურათიდან კარგად ჩანს გარანდის დიზაინის გარდაქმნა M14-ად. პირველი შაშხანა არის გარანდის კონსტრუქციის M1. მეორე არის პროტოტიპი ტ20 და მესამე, პროტოტიპი ტ44. აშშ-ს მთავრობას M14-ის შექმნა საერთო ჯამში დაუჯდა 10,927,523 დოლარი.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში პირველი ნაწილი, რომელმაც მიიღო ახალი შაშხანა შეიარაღებაში იყო ლეგენდარული 101-ე საჰაერო სადესანტო დივიზია.   1963 წლისთვის M14-ით უკვე დაკომპლექტდა ყველა  საბრძოლო ნაწილი რომელსაც ეს იარაღი ეკუთვნოდა  საშტატო განრიგით. სამწუხაროდ ამ იარაღის მიღება მოხდა მაშინ, როდესაც უკვე კარგად იყო ცნობილი ამ კალიბრის იარაღის ყველა მინუსი, მათ შორის ვაზნის დიდი წონა რაც ამცირებდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს, თუმცა ამავდროულად ეს ვაზნა 10%-ით ნაკლებს იწონიდა ვიდრე მანამდე სტანდარტული 30-06. ასევე შეუძლებელი იყო ეფექტური სროლა ჯერებით დიდი უკუცემის და ლულის ხტომის გამო.  ამის გამო ბევრ M14-ზე ჯერებით სროლის რეჟიმი გაუქმებული იყო, ან ჯერებით სროლა დაშვებული იყო მხოლოდ ჩასაფრებაში მოყოლის დროს. თვითონ შაშხანა იყო მძიმე და გაბარიტული. ვიეტნმაში დაწყებული კონფლიქტის ინტენსიურობაც იზრდებოდა და დიდი და მოუქნელი M14-ის გამოყენება ჯუნგლებში იყო გართულებული, სადაც სროლის მანძილი იშვიათად აღემატებოდა 150 მეტრს. გარდა ამისა გენიალური სტოუნერი ასრულებდა მუშაობას თავის AR-15-ზე, რომელიც საბოლოოდ შეცვლიდა ფეხოსნის პირადი იარაღის კონცეფციას.

ასე გამოიყურებოდა ამერიკული შაშხანის ბელგიური კონკურენტი. ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში FN FAL გახდება ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული საბრძოლო შაშხანა.

რასაც ვერ დაუწუნებ M14-ს არის ის, რომ მას აქვს საიმედო იარაღის რეპუტაცია. მიზეზი ამისა არის ხისტი მოთხოვნები, რომლებიც იყო წაყენებული დამკვეთის მიერ. ყველაზე საინტერესო გამოცდები, რომელშიც მიიღო მონაწილეობა M14-მა იყო მათ შორის ტესტი ხანგრძლივ სროლაზე ფორტ ბენინგში, სადაც კონკრეტული შაშხანიდან მიყოლებით გაისროლეს 3080 ვაზნა, ტემპით 60 გასროლა წუთში. იარაღს ცეცხლი მოეკიდა და ვაზნებმა დაიწყეს თვითაალება გადახურებული სავაზნის გამო, მაგრამ ლულა მაინც უზრუნველყოფდა ტყვიების სტაბილიზაციას. 1968 წელს ისევ ფორტ ბენინგში ჩატარდა მასშტაბური  ტესტირება სხვადასხვა იარაღების გამოყენებით ( M14E2, M60, HK33, AR18, Stoner 63 და  M16-ის ორი მოდიფიკაცია). 100 M14-დან გასროლილ იქნა ჯამში 445,268 ვაზნა, რაზეც მოვიდა 313 დაბრკოლება. ამ დაბრკოლებების შემდეგ მსროლელის ჩარევამ ეგრევე დააბრუნა შაშხანა მწყობრში 261 შემთხვევაში. ტესტირებაში მონაწილე იარაღებს შორის M14-ს ქონდა ყველაზე ნაკლები რაოდენობის დაბრკოლება და მწყობრიდან გამოსული ნაწილი. რემონტ გავლილი შაშხანები ასევე გადიოდნენ ტესტირებას რა დროსაც განსაზღვრული იყო არა მარრტო დაბრკოლებების რაოდენობა არამედ ასევე იყო განსაზღვრული დაბრკოლებების ტიპები რაც უზრუნველყოფდა შეკეთების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას.

როდესაც ამერიკელი სამხედროებისთვის გახდა ხელმისაწვდომი იუჯინ სტოუნერის AR-15 (შემდგომში M-16) მიუხედავად სამხედროეების წინააღმდეგობისა, აშკარა ხდებოდა სტოუნერის იარაღის უპირატესობები, ის  იყი მსუბუქი, იაფი, მარტივი, ზუსტი, სროლა ჯერებით იყო ბევრად ეფექტური, ტყვია ცოტას იწონიდა რაც ზრდიდა ჯარისკაცის საბრძოლო კომპლექტს. რობერტ მაკნამარას, რომელიც იყო იმ დროს თავდაცვის მდივანი, ყავდა ძალიან ნიჭიერი მრჩევლების გუნდი. ეს გუნდი ძირითადად იყო დაკავებული რთული გათვლებით, ისინი ითვლიდნენ ყველაფერს რაც უკავშირდებოდა თავდაცვის სტრუქტურას და მათ ქონდათ მყარი არგუმენტები ახალი შაშხანის სასარგებლოდ და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ომის პირობებში მასშტაბური გადაიარაღება დიდ რისკებს უკავშირდებოდა, არაფერს ვამბობთ რომ ამ ნაბიჯით გამოდიოდა რომ M14-ზე გადაიარაღებაც იყო ფინასურად წამგებიანი, გადაწყვეტილება მაინც იყო მიღებული სტოუნერის ახალი იარაღის სასარგებლოდ ხოლო დანარჩენი კიდე უკვე ისტორიაა…

პრინციპში M14 და მასთან იმდროინდელი ყველა .30 კალიბრის საბრძოლო შაშხანა იყო გარდამავალი თაობის იარაღი, ეს უკვე არ იყო მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ნახევრად ავტომატური შაშხანები მაგრამ ამავე დროს ასევე შორს იყვნენ ინ იარაღებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ დღეს თანამედროვე ფეხოსნის ძირითად შეიარაღებას, ხოლო თავისმხრივ M14 მათ შორის იყო ალბათ ყველაზე მოძველებული კონსტრუქციის მქონე. ყველაზე დიდი ნაკლი M14-ის, რომელიც გამოსწორდა მხოლოდ 2000-ან წლებში არის მოძველებული ტექნიკური გადაწყვეტილება როდესაც ლულის კოლოფიც და ლულაც ასვენია ხის კონდახში. საბრძოლო შაშხანისთვის ეს დიდი პრობლმას არ წარმოადგენს, თუმცა სრული ხის კონდახი იყო და იქნება ყველაზე სუსტი ელემენტი საბრძოლო იარაღის კონსტრუქციაში. თუ საბრძოლო შაშხანაში სრული ხის კონდახი არ არის კრიტიკული პრობლემა იგივე გადაწყვეტილება ხდება სერიოზული დაბრკოლება, როდესაც საქმე ეხება საბრძოლო შაშხანის ადაპტაციას სანიპერული იარაღის როლისთვის. მნიშვნელოვანია ეს იმიტომ, რომ დაწყებული პირველი მსოფლიო ომიდან, ჩვეულებრივ პრაქტიკად ითვლება საბრძოლო შაშხანის ბაზაზე სპეციალზიირებული სნაიპერული იარაღის შექმნა. მაგალითად იმ დროს FN FAL-იც,  გერმანული Stg.45  და  ესპანური CETME-ს შაშხანა (მომავალში Heckler&Koch G3) აღარ იყენებდნენ სრული ხის კონდახებს არ იყენებდა მას არც პირველის სპეციალიზირებული სნაიპერული თვითდამტენი შაშხანაც “სვდ”, რომელიც გაცილებით უფრო გვიან შეიქმნა. მიუხედავად ამისა ჩემთვის რჩება დიდ გამოცანად რით აზროვნებდა „სვდ“-ს შემქმნელი, როდესაც იარაღის დიზაინზე მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანა გაცილებით გვიან შეიქმნა და უფრო ტექნოლოგიურია ვიდრე M14, უკანასკნელთან შედარებით ის არის სრული ერგონომიული კოშმარი. ლოგიკურია ამ ორი იარაღის შედარება და მე მიკვირს, რატომ ამერიკული საბრძოლო შაშხანა უფრო მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის ვიდრე სპეციალურად სნაიპინგისთვის შექმნილი იარაღი.

ხის სრული კონდახის გამოყენებას უკავშირდებაკიდევ რამდენიმე პრობლემა, M14-ში შედარებით გართულებულია მჭიდების სწრაფი გამოცვლა. ისე სწრაფად მჭიდის გამოცვლა როგორც თანამედროვე იარაღში M14-ში შეუძლებელია. თუ ავიღებთ M14-ს სნაიპერული როლისთვის, პირველ რიგში ვაწყდებით ხის და რკინის მორგების პრობლემას და შემდგომ იარაღის კონსტრუქციის გამო ოპტიკური სამიზნის მონტაჟის პრობლემას. უკანასკნელი პრობლემა მეტ ნაკლებად აქტუალურია ყველა იმ ეპოქის .30 კალიბრის შაშხანისთვის, მაგრამ M14-ში ის ყველაზე უფრო ღიად გამოხატულია ლულის კოლოფის დიზაინის გამო.

M14 როგორც სნაიპერის იარაღი. 60-ან წლებში, როდესაც აშშ-ის ჯარები აქტიურად იყვნენ ჩართული საბრძოლო ოპერაციებში ვიეტნამში, წარმოიშვა მოთხოვნილება ნახევრად-ავტომატურ სნაიპერულ შაშხანაზე. ასე გაჩნდა XM-21, M14-ის პირველი სნაიპერული მოდიფიკაცია. ყოველთვის იყო მიღებული პრაქტიკა საბრძოლო შაშხანის ადაპტაციის სნაიპერული იარაღის როლისთვის და არც M14–ს ეს ბედი არ აცდა. სნაიპერული M14 წარმოადგენდა M14 National Match-ის (მეტი ყურადღებით და ხარისხით აწყობილი, მცირედ მოდიფიცირებული სტანდარტული M14, ოპტიმიზირებული ზუსტი სროლისთვის) ბაზაზე აგებულ იარაღს. M14-ის M21-ში კონვერტაციას ასრულებდა Rock Island Arsenal . მთავარი მოდიფიკაცია მოიცავდა  Leatherwood 3–9  ოპტიკური სამიზნის მონტაჟს და სპეციალიზირებული ამუნიციის გამოყენებას.  XM-21 ასევე იყო აღჭურვილი სპეციალურად შერჩეული კაკლის კონდახით. შემდგომ მოდელი, ინდექსით M-21 იყო აღჭურვილი სინთეტიკური კონდახით (მაკ მილანის წარმოების), რამაც გარკვეულ წილად მოხსნა ყველა ზუსტი მსროლელისთვის ცნობილი ხის კონდახის და ლულის კოლოფოს მორგების პრობლემა. თუმცა სრულად ეს პრობლემა მოგვარდა მას შემდეგ რაც M14-თვის შეიქმნა ალუმინის „შასი“ რომელმაც ჩაანაცვლა ტრადიციული ფორმის კონდახები. ის რომ კონდახის და ლულის კოლოფის მორგება ყოველთვის იყო პრობლემატური საკითხი, მეტყველებს ჩანაწერი საველე ინსტრუქციაში (FM 23-10), რომლის მიხედვითაც სნაიპერს უნდა გაეწმინდა იარაღი მისი დაშლის გარეშე, ხოლო დაშლის უფლება ქონდა მხოლოდ მეიარაღეს. M21 ასევე აღჭურვილი იყო უფრო სრულყოფილი ოპტიკური სამიზნეებით  Bausch&Lomb Tactical 10×40 ან Leupold MK4 10×. სიზუსტეს რაც შეეხება ის საშუალოდ შეადგენდა 1.5 კუთხის წუთს 100 იარდზე სპეციალური ამუნიციის გამოყენების პირობით. XM-21 და M-21 მთლიანობაში გაამართლეს და იყვნენ ძირითადი სნაიპერული სისტემა აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში მანამ სანამ 1988 წელს ის არ ჩაანაცვლა რემინგტონის M-24-მა. მიუხედავად ამისა დაწყებული ამ პერიოდიდან M14 ყოველთვის ისევ ბრუნდებოდა მწყობრში, როდესაც აშშ-ის საბრძოლო დანაყოფები ერთვებოდნენ საბრძოლო მოქმედებებში და წარმოიქმნებოდა მოთხოვნა ზუსტ ნახევრად ავტომატურ .30 კალიბრის იარაღზე. ასე მოხდა 1991 წელს ერაყში და 1993 წელს სომალიში. ბოლო მოდიფიკაცია წმიდა სნაიპერული M14-ის არის M25, შექმნილი სპეციალური დანიშნულების ძალების მე-10 დაჯგუფების სახელოსნოებში (იმ დროს ერთიანი სარდლობა სპეც დანიშნულების შენაერთებს არ ქონდათ, ხოლო თავად შენაერთები (Special Forces Groups) განაწილებულები იყვნენ რეგიონალური პრინციპით, ასე მე-10 დაჯგუფებას უწევდა ევროპის ტერიტორიაზე მოქმედება და 1977-1978 წლებში მას ხელმძღვანელობდა ჩვენი თანამემამულე ოთარ შალიკაშვილი). ამ მოდიფიკაციას რომლის ძირითადი განსხვავება იყო ოპტიკური სამიზნის სამაგრი და ოპტიკური სამიზნეების უფრო დიდი არჩევანი იყენებდნენ საჯარისო და საზღვაო სპეციალური დანიშნულების შენაერთები ვისი დაკვეთითაც ეს იარაღი შეიქმნა.

სურათზე მებრძოლებს აქვთ  XM21-ები, რომლებიც აღჭურვილია Sionics SS-1 მაყუჩებით და  AN/PVS-2 Starlight ტიპის ღამის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობებით. მებრძოლები ეკუთვნიან 25-ე ქვეით დივიზიას. პირველებმა ვიეტნამში M21-ები მიიღეს მე-9 ქვეითი დივიზიის სნაიპერებმა 1968 წელში.

საჭიროა ცოტა მეტი დრო დაუთმოთ ვიეტნამის ომის პერიოდს, ვინაიდან ამ პერიოდს უკავშირდება გარკვეული საინტერესო ფაქტები, რომლებიც ეხება როგორც ჩვენი სტატიის გმირს ასევე ზოგადად სნაიპინგის თემას და მკითხველისთვის უნდა ინტერესს წარმოადგენდეს. საქმე იმაშია, რომ შეიძლება დავასკვნათ რომ სწორედ ვიეტნამის კამპანიამ საბოლოოდ დაარწმუნა სარდლობა, სნაიპერების მომზადების სისტემატიზირებაში. მოგეხსენებათ, რომ აქამდე ამერიკელები ჩაბმულები იყვნენ ორ დიდ კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომში და კონფლიქტში კორეის ნახევარ კუნძულზე. ეს მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები წარმოშობდნენ ისეთ პრობლემებს სადაც სნაიპერების მომზადება, ტაქტიკა და შეიარაღება უბრალოდ იმალებოდა და არ ჩანდა. კორეის ომის შემდეგაც უმაღლესი სარდლობა და მაგათ შემყურე ოფიცრები იგნორირებას უკეთებდნენ სნაიპერებს და მათ მომზადებას. 1954 წელს „საარმიო ჟურნალის“ ერთერთ ნომერში პირდაპირ დაიწერა, რომ ოფიცრები არ იყენებენ საშუალებას  გააგზავნონ შერჩეული მსროლელები 10 დღიან სნაიპერების კურსზე. მაკნამარას სამსახური გართული იყო M16-ით და შეიმუშავა აბსოლუტურად უსაფუძვლო დოქტრინა ამ იარაღის გამოყენების, რომელიც აქცენტს აკეთებდა ჯერებით სროლაზე, იმისთვის რომ ჩაეხშო სამიზნე მასიური ცეცხლით და არა ზუსტი გასროლებით (ე.წ. სწრაფი სიკვდილის დოქტრინა). ამას მოყვა სამხედრო მოსამსახურეებში ზუსტი სროლის უნარის სწრაფი დეგრადაცია, რაც ეგრევე გამოვლინდა ვიეტნამში. ჯარისკაცებს არ ქონდათ შორსმსროლელი ზუსტი იარაღი, რომელიც იქნებოდა გამოსადეგი სნაიპინგისთვის. ამერიკელები კვლავ მოუმზადებლები შეხვდნენ ომს. ვითარებამ დაიწყო გამოსწორება როდესაც არმიის დეპარტამენტმა გამოსცა სახელმძღვანელო  ზუსტ სროლის გააღრმავებულ საფუძვლებზე და დაავალა სამხედრო მეთაურებს შეიმუშაონ მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ორგანიზაციულ, დოქტრინულ და მატერიალურ მოთხოვნილებებს სნაიპერების მოქმედების უზრუნველსაყოფად. ბოლო პუნქტის მიხედვით ამისთვის საჭირო იყო გამოცდილი, საიმედო შაშხანა 1000 იარდზე სროლის პოტენციალით. ბუნებრივია M14 იყო ლოგიკური არჩევანი ამ როლისთვის. 1968 წელს პირველი პარტია (50 ცალი) სნაიპერული M14-ების (ინდექსით XM21) გაიგზავნა მე-9 ქვეით დივიზიაში. იმავე წელს იანვრიდან ივლისის თვის ჩათვლით დივიზიამ ჩაიწერა 1139 მოკლული მოწინააღმდეგე. ამავე დივიზიაში პირველად დაიწყო საველე პიორბებში სნაიპერების მომზადების პროგრამის შემუშავება. თავდაპირველად ის წარმოადგენდა 48 საათიან თეორიულ პროგრამას, რომელიც ოფიცრების და სერჟანტების მოტივაციის წყალობით გადაიზარდა 18 დღიან ინტენსიურ სწავლებაში, რა დროსაც მხოლოდ პირველ 6 დღეში მსროლელი ხარჯავდა 720 ვაზნას და იგივე დროს ატარებდა სპოტერის როლში. ასევე ისინი სწავლობდნენ საჰაერო და საარტილერიო დარტყმის გამოძახებას, შენიღბვის ხელოვნებას და ასე შემდეგ.

ამავე პერიოდს უკავშირდება ხარისხობრივი ნახტომი სნაიპერების შეიარაღებაში.  მათ მიიღეს მართალია საბრძოლო შაშხანის ბაზაზე შექმნილი მაგრამ უდაოდ დახვეწილი სნაიპერული სისტემა M21-ის სახით. სპეციალურად ღამის ოპერაციებისთვის M21-ები აღჭურვილი იყო Sionics inc.-ის საპრესორებით (საპრესორი ამცირებს გასროლის ხმას და ლულის ალს, მაყუჩი კი განკუთვნილია გასროლის ხმის სრული ჩახშობისთვის) და ასევ იმ დროისთვის ძალიან დახვეწილი ღამის სამიზნე მოწყობილობით AN/PVS-2 “სტარლაიტ” (ვასკვლავების შუქი). ამ სამიზნეს ქონდა მხოლოდ ორი მინუსი, წონა (3.4 კგ) და ფასი, რომელიც შეადგენდა 3000 დოლარს (იმ დროს ამერიკაში ახალი ავტომობილის ფასი იყო საშუალოდ 3900 დოლარი). XM21 აღჭურვილი ღამის ოპტიკით და საპრესორით საშუალოდ გამოიყენებოდა  400 მეტრის მანძილზე და იყო ძალიან ეფექტური იარაღი. არსებობს დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტი, როდესაც ერთმა სნაიპერმა გასროლების ერთი სერიით მოხსნა მოწინააღმდეგეს 14 გუშაგი, ეს იყო იმდენად ადვილი რომ უბრალოდ იყო სასაცილო, იხსენებდა შემდგომ სანიპეერი. ასევე ღამით, კონტრსნაიპერული ოპერაციების დროს, ჩრდილო ვიეტნამელ სნაიპერებს პრაქტიკულად არ ქონდათ გადარჩენის შანსი. საბჭოთა კავშირიდან გარკვეული რაოდენობით მათ მიიღეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ძველი ამერიკული წარმოების აქტიური ღამის ოპტიკური სამიზნეები (M1 და M2), რომელიც საბჭოთა კავშირმა თავის დროზე ამერიკიდან ლენდ-ლიზით მიიღო. აქტიური ნიშნავს, რომ სამიზნის გაშუქებისთვის გამოიყენებოდა ინფრა-წითელი პროჟექტორები ხოლო თავის მხრივ „სტარლაიტი“ იყენებდა არსებული ბუნებრივი განათების გაძლიერების მეთოდს (აძლიერებდა მას 75,000-ჯერ) და მათ შორის უპრობლემოდ აფიქსირებდა ინფრა-წითელი პროჟექტორების გამოსხივებას. ცხადია ასეთი თვითგანათებული სამიზნის განადგურება უკვე პრობლემას არ წარმოადგენდა. კონვენციონალურ ოპტიკური სამიზნეებს რაც შეეხება პირველი 50  შაშხანა, რომელიც მოხვდა მე-9 დივიზიაში  აღჭურვილი იყო სამხედრო ოფიცრის ჯიმ ლიზერვუდის კონსტრუქციის ოპტიკური სამიზნით (ART), რომლის კონსტრუქციაშიც გათვალისწინებული იყო სტანდარტული .308 კალბრის ტყვიის ვარდნის კომპენსირების სისტემაც. ეს ოპტიკური სამიზნე აღმოჩნდა საკმარისად გამძლე და ეფექტური და მასიურად ყენდებოდა როგორც M21-ზე ასევე სხვა შაშხანებზე. მთლიანობაში შეიძლება ითქვას რომ სნაიპერულმა M14-მა მაღალი შეფასებები დაიმსახურა და უდაოდ იყო წარმატებული პროექტი, ვიეტნამის თემაზე საუბარი რომ დავასრულოთ, უნდა ავღნიშნო რომ არმიისგან განსხვავებით საზღვაო ფეხოსანთა კორპუსი არ იყო აღტაცებული იდეით სნაიპინგისთვის გამოეყენებინა ნახევრად-ავტომატური შაშხანა. პირველ რიგში იმიტომ, რომ M14-ის წინამორბედი გარანდის შაშხანა და მისი სნაიპერული მოდიფიკაცია არ გამოირჩეოდა მაღალი საბრძოლო თვისებებით სნაიპერული იარაღის როლში. ტრადიციული „ბოლტი“ იყო მათთვის სასურველი სისტემა მიუხედავად იმისა, რომ არმიის ნაწილები ძირითადად განლაგებულები იყვნენ ვიეტნამის სამხრეთ ნაწილში და იბრძოდნენ უფრო ღია გაშლილ ადგილებში, ხოლო საზღვაო ფეხოსნებს უწევდათ ბრძოლა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მეტ  წილად მჭიდრო ტყეებში და ჯუნგლებში.  კორპუსი მაინც სხვა გზით წავიდა და მათი არჩევანი ძირითადად იყო ვინჩესტერის 70-ე მოდელი თუმცა M14-ს ხშირად იყენებდა სნაიპერის სპოტერი. ისტორიის ეს ნაწილი არ ეხება ამ სტატიის თემას და ამიტომაც აღვნიშნავ მხოლოდ, რომ საზღვაო ფეხოსანებმაც მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს სნაიპინგში და განიცადეს სწრაფი ადაპტაცია და ევოლუცია. ასევე ვიეტნამში მიღებულმა გამოცდილებამ საფუძველი ჩაუყარა საზღვაო ფეხოსნების სნაიპერების მომზადების სკოლის შექმნას, რომელიც დღეს ერთერთ საუკეთესო ამ პროფილის სასწავლებლად ითვლება მსოფლიოში.  ზოგადად სწორედ ვიეტნამის კამპანიის შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების შიგნით დამკვიდრდა იდეა რომ სნაიპინგი არის სამხედრო დოქტრინის განუყრელი ნაწილი. თუმცა სამწუხაროდ, მრავალი წლის შემდედ როდესაც M14-ს მოუხდა კიდევ ერთხელ დაბრუნება მწყობრში, საბრძოლო შენაერთები იგივე პრობლემებს წააწყდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ M14-ის კონკურენტები უკეთესად გამოიყურებოდნენ საბრძოლო შაშხანის როლში უნდა აღინიშნოს რომ სნაიპერული იარაღის როლისთვის ამერიკელებმა შეძლეს ამოწურონ მაქსიმუმი M14-ის კონსტრუქციიდან და თუ არ ჩავთვლით Heckler&Koch G3-ის ბაზაზე შექმნილ ძვირ და შესანიშნავ PSG-1-ს, ამერიკული შაშხანა არის საუკეთესო იარაღი სანიპინგისთვის კონკურენტებს შორის. ამაში დიდ როლს თამაშობს განსხვავებული ხედვა სნაიპერების როლზე და მათი გამოყენების დოქტრინაზე რის გამოც ზუსტი სროლისთვის გაანკუთვნილი ნახევრად ავტომატური იარაღი მეტ ყურადღებას იმსახურებდა აშშ-ში და ასევე National Match ფაქტორი, როდესაც გამოცდილი ოსტატი მეიარაღეები ახერხებდნენ საბრძოლო იარაღის კონსტრუქციიდან მაქსიმალური სიზუსტის მიღებას და ამის მიღწევა ხდებოდა ყველა დეტალისადმი მაქსიმალური ყურადღების მიქცევით და გამოყენებული კომპონენტების გადარჩევით.

მეორედ მოსვლა. პრინციპში არც სტანდარტული M14 არასდროს არ გამქრალა ბოლომდე არსენალებიდან და მას ძალიან შეზღუდულად იყენებდნენ გარკვეული ნაწილები მათ შორის აშშ-სს საზღვაო ფლოტის სპეციალური დანიშნულების შენაერთები, რომლებიც რამდენიმე როლში იყენებდნენ ამ იარაღს. ყველა M14, რომელიც გამოიყენებოდა ასეთ შენაერთებში იყო მეტ წილად ინდივიდუალურად მორგებული ოპერატორის გემოვნებას და მათი კლასიფიცირება ძალიან ძნელია. ასეთი ელიტარული რაზმები, ყოველთვის თავისუფლებით სარგებლობდნენ იარაღის არჩევაში და მათ ბევრი სისტემა ქონდათ, რომელიც მოხსნილი იყო შეიარაღებიდან  რეგულარულ შენაერთებში (პისტოლეტი M1911A1, ტყვიამფრქვევი M60E3) ან საერთოდ არ ყოფილა არასდროს შეიარაღებაში მიღებული (მსუბუქი ტყვიამფრქვევი Stoner 63).

M14 ძალიან ბევრ როლში გამოიყენებოდა, მათ შორის როგორც ცერემონიალური იარაღის, განმაღმველი საშუალება და ასევე იმისთვის, რომ ერთი გემიდან მეორეზე მოხდეს ტროსის გადასროლა, საბაგირო გზის ასაგებად და მძიმე ტვირთების გადასაზიდად. სურათზე სწორედ ეს პროცესია აღბეჭდილი.

რეალურად  M14-ის მასიური დაბრუნება საბრძოლო ნაწილებში მათ შორის საარმიო დანაყოფებში დაიწყო ავღანეთში ოპერაციის დაწყების შემდეგ 2001 წელში. რა დროსაც მალე გახდა აშკარა, რომ სტანდარტული 5.56 კალიბრის კარაბინი 14.5 ინჩიანი ლულით არ იყო  გაშლილ ადგილებში ეფექტური ცეცხლის წარმოებისთვის საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ M4 არის შესანიშნავი იარაღი, პატარა უკუცემას, მცირე წონას და გაბარიტებს მოყვა გარკვეული შეზღუდვები რაც პირველ რიგში აისახა ეფექტური სროლის სიშორეზე, რომელიც 300 მეტრს არ აღემატებოდა. 2009 წელს სპეციალურმა კვლევამ დაადასტურა, რომ ნახევრაზე მეტი შეიარაღებული შეტაკებების ავღანეთში ხდებოდა მანძილებზე, რომლებიც აღემატებოდა 300 მეტრს. ეს კიდე ნიშნავდა რომ ქვეითი ასეულის განკარგულებაში არსებული იარაღების 80% უბრალოდ ვერ წვდებოდა მოწინააღმდეგეს.  ამავე დროს M14-ის სანიპერული მოდიფიკაცია იყო საკმარისად ეფექტური 300-დან 800 მეტრამდე, განსაკუთრებულად ახალი  M118LR  ტიპის ვაზნის გამოყენები, რომელიც იყენებს მაღალი ხარისხის Sierra Match King-ის ტიპის ტყვიას და ოპტიმიზირებულია შორ მანძილებზე გამოყენებისათვის. ავღანეთამდე და ერაყამდე, არც ისე ბევრი M14 იყო შეიარაღებაში შემორჩენილი. ანტიტერორისტული კამპანიის დაწყების შემდეგ დარჩენილი M14-ის მწყობრში დაბრუნება დაიწყეს რომ დაეკმაყოფილებინად მოთხოვნა შორსმსროლელ ნახევრად ავტომატურ შაშხანაზე. სამწუხაროდ ძნელია ამ საგანგებო გადაწყვეტილების სარგებლიანობის განსჯა მაგრამ არ მგონია, რომ სამ დღიანი გადამზადების კურსი ყოფილიყო საკმარისი, რომ მსროლელმა აითვისოს ახალი იარაღი. ასეა თუ ისე ის ფაქტიც რომ მაღალი სარდლობა ათვითცნობიერებს პრობლემას და ცდილობს ის გადაწყვიტოს უკვე იმსახურებს მოწონებას. განსხვავებით ვიეტნმაის კამპანიისგან სანიპერები ადეკვატურად მომზადებულები იყვნენ, ხოლო მიზეზი M14-ის დაბრუნების იყო პრინციპში დაგეგმარების შეცდომა, როდესაც ფეხოსნების ასეულები განიცდიდნენ შორსმსროლელი სისტემების ნაკლებობას. უკვე დასახელებული მიზეზების გამო საბრძოლო მოქმედებების თეატრზე ასევე გაჩნდა რამდენიმე სხვა ანალოგიური სისტემა გათვლილი 7.62X51 NATO-ზე,  მათ შორის ისევ და ისევ სტოუნერის კონსტრუქციის AR10-ის ბაზაზე შექმნილი ორი შაშხანა M110 SASS (Knight’s Armament Company) და M27 (Heckler&Koch), ასევე ძალიან შეზღუდულად ორიგინალური დიზაინის ბელგიური FN SCAR-H. ხეკლერ&კოხის შაშხანის გამოჩენა უკავშირდება საზღვაო ფეხოსანთა კორპუსის გადაწყვეტილებას ჩაანაცვლოს მაგით M249 ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევბი, გადაწყვეტილება, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და დისკუსია ამ გადაწყვეტილებისს სისწორეზე დღემდე არ წყდება ისევე, როგორც არ წყდება მცდელობები შეიქმნას მსუბუქი .30 კალიბრის ტყვიამფრქვევი. სამწუხაროდ სახსრების უქონლობის გამო შემორჩეენილი M14 აღმოჩნდა უფრო მოსახერხებელი ამ ვაკუუმის შესავსებად.  ”შემორჩენილი” კიდე იმიტომ, რომ კლინტონის პრეზიდენტობის დროს არსენალებიდან გაიტანეს ძალიან ბევრი დაკონსერვებული  M14. ნაწილი განადგურდა ნაწილი გადაეცა ამერიკის მოკავშირეებს. დარჩენილი M14-ის გადაკეტება ხდებოდა ადგილობრივად და ხდებოდა შაშხანის ოპტიმიზირება ზუსტი სროლისთვის. ეს იარაღები არ არის სნაიპინგისთვის განკუთვნილი M21-ები, არამედ სტანდარტული შაშხანები, რომლებიც გარკვეულ მოდიფიკაციებს განიცდიდნენ, აქედან ძირითადად ხდებოდა კომპოზიტური კონდახების გამოყენება და ოპტიკური სამიზნის მონტაჟი. M14-ის დაბრუნებას მოყვა გარკვეული უნიფიკაცია და გაჩნდა მეტ ნაკლებად სტანდარტიზირებული მოდელები. მაგალითად  მოდელი Mark 14 Enhanced Battle Rifle, რომელიც წარმოადგენს მძიმედ მოდიფიცრებულ M14-ს მოკლე ლულით და დასაკეცი კონდახით. შექმნილი ახლო ბრძოლებისთვის და როგორც მარქსმენის იარაღი, ის ჯერ 2004 წლიდან იყო სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაში და 2010 წლიდან ორი ამ ტიპის იარაღი უკვე არის ყოველი საარმიო ქვეითი ოცეულის შეიარაღებაში, რომელიც მოქმედებს ავღანეთში. სულ დაახლოებით ავღანეთში მოხვდა 5 000 M14. ხოლო იმისთვის, რომ მიხვდეთ რამდენი M14-ის მოდიფიკაცია არსებობს გეტყვით მხოლოდ, რომ  Mark 14 Enhanced Battle Rifle-ის რვა სხვადასხვა მოდიფიკაცია არის შეიარაღებაში.

Mk14 Enhanced Battle Rifle Mod 0. პირობითად პირველი თაობის Mk14, გამოდიოდა 2004-2005 წლებში. შედარებით გრძელი ლულა შეცვლილია 457მმ სიგრძის ლულით. ტრადიციული კონდახი შეცვლილია ალუმინის “შასით” რომელსაც ამზადებს Sage International. ალმქრობი შეცვლილია უფრო ეფექტური მოდელით SEI 2000V. გამომდინარე იქიდან თუ ვინ არის ამ შაშხანების კლიენტურა, ყველა მათგანი არის განსხვავებული და მორგებული ინდივიდუალურ მსროლელზე. მათ შორის ეს ერთეულიც.

სავარაუდოთ ამ იარაღს აქვს ძალიან ნათელი მომავალი, სნაიპერული იარაღის როლში, მითუმეტეს როდესაც უკვე დღეს არსებობს ამ სისტემის შაშხანები მძლავრ .300 Win Mag-ზე. სურათზეა M110 Semi-Automatic Sniper System. ავღანეთში ის პირველად გამოჩნდა 2008 წელს საბრძოლო შენაერთ “ფიური”-ში (Task Force Fury) და სნაიპერებისგან უმაღლესი შეფასებები მიიღო. ამ შაშხანას შეუძლია “მინუტაზე” ნაკლები ჯგუფები ისროლოს და ამისთვის არ იქნება საჭირო ოსტატების ჩარევა.

სტოუნერის AR-10-ზე დაფუძნებული სისტემების გამოჩენა პრინციპში ნიშნავს, რომ M14-ის სამხედრო კარიერია საბოლოოდ სრულდება და მესამედ მოსვლა არ მოხდება.  ერთი თაობით უფრო ახალგაზრდა AR-10-ს შეუძლია, როგორც იტყვიან პირდაპირ ყუთიდან უზრუნველყოს სიზუსტე რომელიც არ აღემატება ერთი კუთხის წუთს 100 მეტრზე. ის მოდულურია, უფრო ტექნოლოგიურია და ადვილად ექვემდებარება მოდიფიკაციებს. მოვლა მომსახურებაც უფრო ადვილია. M14-ს რაც შეეხება, მგონი ამ მოკლე სტატიის წაკითხვის შემდეგ არავის ეჭვი არ შეეპარება, რომ ეს შაშხანა ნამდვილად იმსახურებს ლეგენდის სტატუსს. ერთხელ ჯარისკაცი ყოველთვის ჯარისკაცია და რაც არ უნდა მოხდეს M14 კიდევ დიდხანს შეძლებს შეასრულოს მასზე დაკისრებული დავალეებები ისევე როგორც ის გაახარებს მის სამოქალაქო მფლობელებს, უმწიკლო მუშაობით, შესანიშნავი სროლისუნარიანობით და სიზუსტით.

ბუნებრივია, რომ როგორც ეს ყოველთვის ხდება საბრძოლო იარაღის მოდელები სამოქალაქო ბაზარზეც მოხვდა. 1971 წლიდან დღემდე M14-ის სამოქალაქო ვერსიებს უშვებს ან უშვებდა ათამდე კომპანია და თავისი რეპუტაციის და მაღალი საბრძოლო თვისებების გამო ეს იარაღი ძალიან პოპულარუული მსროლელთა და კოლექციონერთა წრეებში. გარდა ამისა ამერიკელები არიან პატრიოტები და საკუთარი ქვეყნის ისტორიას დიდ პატივს სცემენ, რის გამოც M14 ყოველთვის არის სასურველი შენაძენი. სამოქალაო მომხმარებლის თვალსაზრისით, რომელიც დაეძებს ეფექტურ იარაღს და ნაკლებად აინტერესებს კოლექციური და/ან ისტორიული ღირებულება M14 რა თქმა უნდა ყოველმხრივ მოძველებული იარაღია და ეს არის ფაქტი. როგორც თავდაცვის იარაღი ის ვერ გაუწევს კონკურენციას თანამედროვე შაშხანებს/კარაბინებს თითქმის არც ერთ პარამეტრში გარდა იმისა, რომ M14 იყენებს ძლიერ .308 კალიბრის ვაზნას. დანარჩენში ახალი თაობის კარაბინები ბევრად უკეთესი სამომხმარებლო თვისებებით გამოირჩევიან, აქვთ უკეთესი ერგონომიკა, მერტივი კონსტრუქცია. როგორც უკვე ავღნიშნე M14-ს აქვს დიდი გაბარიტები და მასა, სიგრძე არის 112სმ, ხოლო წონა 5.1 კგ. ვინც ამ სტატიას წაიკითხავს, ბერვს არ ექნება M14 ცოცხლად ნანახი ამიტომ ვიტყვი რომ ის პრაქტიკულად იგივე სიგრძის არის რაც საქართველოში უკეთესად ცნობილი სვტ-40, ხოლო წონა სვტ-სი არის 1.5 კგ-ით ნაკლები!  ეს შეგიქმნით წარმოდგენას იმაზე თუ რამდენად მძიმე იარაღია M14. კონკრეტულად ჩვენ შაშხანაზე, რომელაც ჩვენ ამ სტატიის მეორე ნაწილში გამოვცდით,  დამატებით აყენია Por-Mag-ის ფოლადის ოპტიკის კრონშტეინი, ოთხჯერადი გადიდების მქონე კომპაქტური ოპტიკური სამიზნე Shirstone, ასევე Por-Mag-ის 20 ვაზნიანი პოლიმერის მჭიდები და სტანდარტული სინთეტიკური ღვედი. ასეთ კომპლექტაციაში, სავსე მჭიდით იარაღის წონა ურტყავს 6.5 კგ-ს რაც ძალიან ბევრია. იარაღი მძიმეა და მისი “მართვა” გართულებულია ჩემნაირი კომპლექციის ადამიანისთვისაც კი. თუმცა ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ხელში გვიჭირავს ზუსტი და საიმედო ნახევრად-ავტომატური შაშხანა, რომელშიც “ზის” არც მეტი არც ნაკლები ოცი .308 კალიბრის ვაზნა. ეს კიდე შთამბეჭდავი საცეცხლე ძალაა.

ვისაც აქვს ამის საშუალება და სურს ფლობდეს M14 და მისცეს მას პრაქტიკული გამოყენება მაშინ ეს Springfield Armory-ის  M1A Squad Scout კარაბინი იქნება ერთ ერთი საუკეთესო არჩევანი.  Springfield Armory უშვებს სამოქალაქო M14-ის ვერსიებს 1974 წლიდან. კონკრეტულად ეს კარაბინი ასევე აღჭურვილია შესანიშნავი ოპტიკური სამიზნით Nightforce 2.5-10x, რომელიც დაყენებულია Springfield Armory-ის კრონშტეინზე. სურათი ეკუთვნის ოლეგ ვოლკს.

სამოქალაქო ბაზარზე სულ უფრო მეტი AR-10-ის კლონი ჩნდება . ისინი უფრო მსუბუქება, შედარებით უფრო იაფია, უფრო მეტი თანდაყოლილი სიზუსტე აქვთ და გარდა ამისა ადვილად მოდიფიცირდება. ერგონომიკაც იმეორებს AR-15-ს ანუ ის პრაქტიკულად იდეალურია. ასევე დახარჯულ ფულში გაცილებით უკეთეს შედეგს იღებთ ვიდრე M14-ის მოდიფიცირებისას. სურათზე არის Armalite AR10A

სტატიის მეორე ნაწილი თავიდან ბოლომდე დაეთმობა M14-ის კონსტრუქციის განხილვას, სროლას, მოვლა მომსახურებას და ტექნიკურ დეტალებს.

 



დატოვეთ კომენტარი