ვარჯიშის ორგანიზება სახლის პირობებში

იარაღი არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც უნდა ისწავლოთ. გამოყენება არა ტირის პირობებში არამედ რეალურ მაღალ სტრესულ პირობებში. ბევრისთვის შეიძლება სიახლე იყოს რასაც ეხლა მე აქ დავწერ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვარჯიში სროლაში არ ხორციელდება მხოლოდ მაშინ როდესაც იმყოფებით ტირში ან პოლიგონზე და ესვრით სამიზნეს. მაგალითად ჩემი წესი არის მარტივი, სამჯერ მეტი დრო უნდა დაიხარჯოს მშრალ ვარჯიშებზე ვიდრე ის დრო, რომელსაც ტირში ან პოლიგონზე ატარებთ, რეალობაში კი მე გაცილებით მეტ დროს ვხარჯავ სახლის პირობებში ვარჯიშზე ვიდრე ტირში. ამის გათვითცნობიერება მითუმეტეს უფრო მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ რა დროს და რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ, როდესაც უბრალო მოქალაქისთვის მიუწვდომელია მაღალი ხარისხის სასწავლო დაწესებულებები, იარაღი, ტყვია-წამალი და ასე შემდეგ.  მაგრამ მიუხედავად ამისა ასეთ პირობებშიც სურვილის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ეფექტური სავარჯიშო პროგრამის შედგენა, რომელიც დაგეხმარებათ თქვენ გახდეთ უკეთესი და უფრო მომზადებული სმროლელი. ის ტირები, რომლებიც მოქმედებენ საქართველოში იძლევიან საშუალებას მიზანში სროლის პისტოლეტიდან მხოლოდ სტატიკური პოზიციიდან რა დროსაც არც თქვენ და არც სამიზნე არ მოძრაობს. თუნდაც რომ გადაიხადოთ 2 ლარი ვაზნაში და გაამდიდროთ ასეთი ტირად გადაკეთებული სათავსოების პატრონები, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევაზე ლაპარაკი მაინც ზედმეტია. მანდ უბრალოდ არ არის შესაბამისი პირობები.

იმისთვის, რომ ისწავლოთ მანიპულაციები იარაღთან, სწრაფი ამოღება, გადატენა, მოძრაობა, უსაფრთხოება, გადაადგილება, ბარიერების გამოყენება, სულაც არ არის საჭირო სროლა. საჭიროა მინიმალური ფართი და მინიმალური რაოდენობა აღჭურვილობის. ნუ ფიქრობთ 25 მეტრიან ტირზე. სტატისტიკა იუწყება რომ პისტოლეტის გამოყენების უმეტესობა შემთხვევების ხდება სასაუბრო დისტანციებზე. ამიტომ 5 მეტრიანი მანძილიც არის თქვენთვის აბსოლუტურად საკმარისი. მე შევეცდები ჩამოვწერო რამდენიმე იდეა, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ და რომელიც დაგეხმარებათ გადახედოთ თქვენ საწვრთნელ პროგრამას და მიაღწიოთ კარგ შედეგებს.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიში, რომლისთვისაც არ არის საჭირო ტირი და შესაძლებელია შეასრულოთ ნებისმიერ ადგილას არის მშრალი სროლა. არასწორი სასხლეტის დამუშავება არის ზუსტი სროლის ყველაზე ხელშემშლელი ფაქტორი და ამის გამოსწორება შესაძლებელია სახლში ზედმეტი კაპიკის დახარჯვის გარეშე. მე წაკითხული მაქვს ისტორია, რომელიც ლათინოამერიკულ ქვეყანაში მოხვდა, სადაც შეიარაღებულ ძალებს არ ქონდათ საკმარისი ტყვია-წამალი რეგულარული წვრთნების ორგანიზებისთვის. ერთი ასეულის მეთაური აიძულებდა ჯარისკაცებს ყოველ დღე მშრალად ევარჯიშათ, რის შედეგადაც აღნიშნული ასეული გაცილებით უფრო მაღალ ქულებს იღებდა ჩათვლებზე ვიდრე ნაწილები, რომლებიც მხოლოდ ისროდნენ საბრძოლო ტყვია-წამალს. რჩევა რომელიც უკავშირდება ამ ვარჯიშს ჟღერს ასე, დასამიზნებელ ობიექტად გამოიყენეთ რაც შეიძლება პატარა სამიზნე, რომლის მიმართაც ეგრევე გამოჩნდება ცდომილება მიზანში სასხლეტის დამუშავებისას. ეს არის ასე ვთქვათ აკადემიური ვარჯიში და პირობები უნდა იყოს მაქსიმალურად კარგი, მათ შორის კარგი განათება რომ სამიზნეს და სამიზნე მოწყობილობებს კარგად ხედავდეთ. დანარჩენი ვარჯიშები მოითხოვენ მეტ რეალიზმს.

ე.წ. Penny Drill/კაპიკიანი ვარჯიში. იგივე ვარჯიშის ნაირსახეობას იყენებდნენ ინსტრუქტორები საბჭოთა ჯარში რა დროსაც ავტომატის ლულის კოლოფის ხუფზე იდებოდა მასრა. სასხლეტზე გამოკვრას არ უნდა მოყვეს მასრის, მონეტის ძირს დაცემა.

საწვრთნელი პისტოლეტი. ამ როლისთვის რა თქმა უნდა შესაძლებელია გამოიყენოთ თქვენი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი (უბრალოდ სანამ ვარჯიშზე გადახვალთ ყოველთვის დარწმუნდით რომ იარაღი განმუხტულია და სავსე მჭიდი ან ვაზნები ჯობია შეინახოთ ცალკე ოთახში, რომ სრულად გამორიცხოთ უბედური შემთხვევის ალბათობა) მაგრამ უფრო უკეთესია შეიძინოთ „აირსოფტისთვის“ განკუთვნილი კოპია. ასეთი იარაღები, როგორც წესი ზუსტად დეტალებში იმეორებენ საბრძოლო ანალოგს. გამოდგება პლასტმასის სათამაშოც, რომელიც მეტ ნაკლებად წააგავს პისტოლეტს, რომელიც თქვენ გაქვთ. ეს პირველ რიგში შეინახავს თქვენ  იარაღს ცვეთისგან და დაზიანებისგან (მაგალითად თუ ის ვარჯიშის დროს დაგივარდებათ).. მე არ ვიძახი, რომ სრულად უნდა ჩავანაცვლოთ სათამაშოთი ნამდვილი იარაღი მაგრამ ბევრ შემთხვევაში ასეთი სათამაშო უფრო გამოსადეგია, მაგალითად თუ ვარჯიშობთ პარტნიორთან ხელჩართულ ბრძოლაში.  გარდა ამისა შესაძლებელია ასეთი იარაღიდან შედარებით უსაფრთხო სროლა ოთხ კედელში და კონკრეტული ვარჯიშები შეიძლება მოიცავდეს „აირსოფტის“ იარაღიდან სროლას.

“აირსოფტისთვის” განკუთვნილი პისტოლეტი და ნამდვილი გლოკი. ორ პისტოლეტს შორის პრაქტიკულად არანაირი განსხვავება არ არის.

ვიდეო კურსები. ჩვენ რეალობაში სადაც არ არსებობენ ინსტრუქტორები და სკოლები ერთადერთი გზა მიიღოთ ხარისხიანი ინფორმაცია არის ვიდეო კურსები. ნეტში დევს უამრავი ასეთი ვიდეო ინსტრუქცია მაგრამ მე გირჩევთ თავი დაანებოთ ცალკეული ადამიანების მოკლე კლიპებს „იუთუბზე“ და გადმოწეროთ სრული კურსები. მაგალითად Panteao Production-ის, Magpul Dynamics-ის ვიდეო კურსები. კარგი ვიდეო კურსები/ლექციები აქვთ ცალკეულ ინსტრუქტორებს, Clint Smith-ს, Jeff Cooper-ს, James Yeager-ს და ასე შემდეგ. ყველაფრის სწავლა გაგიჭირდებათ, ამიტომ დაფიქრდით რა გჭირდებათ კონკრეტულად თქვენ გამომდინარე იმ საფრთხეებიდან, რომლის წინაშე დგეხართ და გარემოებებისა რა გარემოებებშიც გიწევთ ცხოვრება.  ნუ იქნებით სკეპტიკურები, ადამიანები იღებენ სამეცნიერო ხარისხებს ინტერნეტით და არც თქვენ არ გიშლის ხელს არავინ ინტერნეტის მეშვეობით გაზარდოთ თქვენი შესაძლებლობები სროლაში.

სამიზნეები. გამოიყენეთ რაც შეიძლება რეალისტური სამიზნეები, არა კონტრასტული სილუეტები, მანეკენები. სამიზნე მაქსიმალურად უნდა წააგავდეს რეალურ სამიზნეს, რომელზეც ნამდვილად წითელი ხარის თვალი ან ჯვარი არ იქნება დახატული.  სამიზნეები განალაგეთ, როგორც წინ ასევე გვერდებიდან და უკნიდან, იმიტომ, რომ თავდასხმა არ ხდება მხოლოდ წინა ფრონტიდან. დიდი ალბათობით თავდამსხმელი შეეცდება შეუმჩნევლად დაგვიახლოვდეს. შესაბამისად თქვენი სავარჯიშო პროგრამა უნდა მოიცავდეს სხვა და სხვა კუთხით სროლას/დგომას, პოზიციის, სროლის მიმართულების შეცვლას. შესაბამისად მიზნის სწრაფი გადატანა 360 გრადუსით შეიძლება იყოს სასარგებლო ვარჯიში.

ბარიერი. ბარიერის მოსაფარებლად გამოყენება და სროლა ბარიერიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ტაქტიკური, საცეცხლე მომზადების. ბარიერის დამზადება ადვილია. მაგალითად მე ჩემ ავტოფარეხში ვიყენებდი ერთი მეორეზე დალაგებულ საბურავებს ან ზეთის რკინის კასრს. შემდგომ დსპ-ს ფილისაგან დავამზადე ტაქტიკური ბარიერი, რომელსაც დღემდე ვიყენებ. ვარჯიში უნდა მოიცავდეს ასეთი ბარიერის უკან სხვა და სხვა სტაბილური სროლის პოზიციების დაკავებას რა დროსაც ყურადღება ექცევა პოზიციის სტაბილურობას და ბარიერის მაქსიმალურად გამოყენებას, რომ რაც შეიძლება ნაკლები სხეულის ნაწილი რჩებოდეს დაუცველი.  მიაქციეთ ყურადღება ფეხებს, მხრებს და თავს, იმისთვის, რომ ბარიერის უკან პოზიციის დაკავებისას არც ერთი სხეულის ნაწილი არ იყოს დაუცველი. უამრავი ვიდეო მასალა დევს ნეტში, რომელიც გასწავლით ბარიერის სწორ გამოყენებას. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ტექნიკა, ელემენტები და იმეორეთ ისინი ვარჯიშის დროს სანამ არ დაგამახსოვრდებათ ინსტინქტის დონეზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ გამოიყენოთ ბარიერის ორივე მხარე, მარცხენა და მარჯვენა, რაც გულისხმობს იარაღის გადატანას მარცხენა ხელში ან განსაკუთრებული დგომის გამოყენებას. IDPA-ში, სასროლოსნო სპორტში, რომელიც ეძღვნება თავდაცვით სროლას, ბარიერის არაეფექტური გამოყენება ისჯება საჯარიმო ქულებით, იმიტომ, რომ ეფექტურ ამოფარება ზრდის გადარჩენის შანს. სხეულის რაც შეიძლება მცირე ნაწილი უნდა დარჩეს ღია.

ბარიერების ნაირსახეობები. მათ გაკეთებას ჭირდება დრო და გარკვეული ხარჯები მაგრამ სარგებელი, რომელსაც მიიღებთ ასეთი სავარჯიშო ინვენტარისგან არის გაცილებით მეტი.

ფუჭი ვაზნები. ვინც რა არ უნდა თქვას მშრალი გასროლები იარაღს აფუჭებს. თუ თქვენ იარაღს აქვს გარე ჩახმახი დაუდეთ მას ქვეშ სქელი რეზინის ან ტყავის ნაჭერი, რომ დაიცვათ ნემსა. თუ დამრტყმელი შიგნით არის განლაგებული მაშინ ფუჭი ვაზნა აუცილებელია. გარდა ამისა ფუჭი ვაზნები აუცილებელია თუ ვარჯიშობთ სწრაფ ან ტაქტიკურ გადატენვაში, რა დროსაც ასეთი ვაზნების გამოყენება აუცილებელია. ფუჭი ვაზნა არც ისე ძვირი ღირს და თუ ის კარგი ხარისხისაა ძალიან დიდხანსაც ძლებს.

ფუჭი ვაზნები (Snap cap) ხელმისაწვდომია პრაქტიკულად ყველა გავრცელებულ კალიბრში და მათი კუსტარულად დამზადებას აზრი არ აქვს.

ეკიპირება. ვარჯიშების შესრულებისას გეცვათ ჩვეულებრივი თქვენი ყოველდღიური სამოსი. იმისთვის, რომ გაიგოთ რით გზღუდავთ ზედმეტად მოტკეცილი ჯინსები ან ერთი ზომით პატარა ან დიდი ფეხსაცმელი. რეალიზმი არის მთავარი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ეს მათ შორის ეხება ტანსაცმელსაც.

ზოგადი ფიზიკური ფორმა. მე ერთხელ დავესწარი ვარჯიშს, რა დროსაც ერთ ერთი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები აბარებდნენ ჩათვლებს. ერთ ადამიანს საერთოდ არა რთული ვარჯიშის შესრულებისას დაემართა ფეხის კუნთების სპაზმი. რა მოხდებოდა რომ ის რეალურ შეტაკებაში მოყოლილიყო? ის დაკარგავდა გადაადგილების უნარს და ადვილი სამიზნე გახდებოდა. ჩემი ტიპიური ვარჯიში მოიცავს მარტივ გიმნასტიკას, და შემდგომ ასევე სწრაფ დაძვრას ადგილიდან, სწრაფ შეჩერებას, ცეცხლის ხაზის დატოვებას სწრაფი დიაგონალური მოძრაობით. ნაწილობრივ ეს ვარჯიშები სრულდება იარაღის ამოღებით, იმიტომ რომ ერთია იარაღი ბუდიდან ამოაძროთ როდესაც ტირში სამიზნის წინ დგეხართ და მეორეა განახორციელოთ იგივე როდესაც მაქსიმალური სისწრაფით გაურბიხართ საფრთხეს. შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადარჩენის შანს იძლევა მხოლოდ გადაადგილება. ხოლო თუ ამას სწრაფად აკეთებთ გადარჩენის შანსიც იზრდება. თავდაცვა ყოველთვის არის რეაქტიული ქმედება, როდესაც თქვენ რეაგირებთ თავდასხმაზე. ეს რეაგირება უნდა იყოს ძალიან სწრაფი. მარტივად რომ ვთქვათ კარგი ფიზიკური ფორმა არის მნიშვნელოვანი! ხანდახან მე ვასრულებ ვარჯიშებს ძალოვანი ვარჯიშების შემდეგ  რა დროსაც კუნთები დაღლილია და ხელებიც და ფეხებიც დამძიმებულია და ილეთების შესრულება რთულდება.  თუმცა ამავე დროს ორგანიზმი რეაგირებს სხვა და სხვა ნაირად სტრესზე და ფიზიკურ დაღლილობაზე. ანუ ასეთი ვარჯიში კარგია მაგრამ უკიდურესის სტრესის პირობებში თქვენ სხვა ტიპის ბარიერების გადალახვა მოგიწევთ ვიდრე დაღლილობისგან დამძიმებული ხელები და ფეხები. მაგრამ ვიმეორებ ფიზიკური დატვირთვის და ტაქტიკური ილეთების კომბინირება არის კარგი.

სხვა ვარჯიშები. არ არის საჭირო ტირში სიარული იმისთვის, რომ ისწავლოთ იარაღის სწრაფი ამოღება. საკმარისია დადგეთ სამიზნის პირდაპირ და დაიწყოთ ვარჯიშები. დაიწყეთ ნელი ტემპით, იმისთვის რომ დარწმუნდეთ რომ ყველაფერს ზუსტად ასრულებთ და ნელ ნელა გაზარდეთ ტემპი. გაითვალისწინეთ, რომ სამოქალაქო პირის შემთხვევაში იარაღის ამოღებას ყოველთვის არ უნდა მოყვებოდეს გასროლა, ანუ დაყავით ეს ციკლი როდესაც ასრულებთ ამოღებას პირობითი გასროლით და გასროლის გარეშე. იგივე ეხება იარაღის გადატენვას (მჭიდის გამოცვლას). ასეთი ვარჯიშისთვის ფეხებს ქვეშ დაფენილი სქელი პარალონი გამორიცხავს მჭიდების დაზიანებას მიწაზე დავარდნისას. ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია პისტოლეტის „ატანა“ დამიზნების ხაზზე. ეს მოითხოვს მუდმივ ვარჯიშს, იმისთვის რომ ეს მოხდეს სწრაფად, მინიმალური კორექტირებების შეტანით. პრინციპში ეს ვარჯიში (სამიზნე ხაზზე ატანა როგორც წესი ხორციელდება სწრაფი ამოღების შემდეგ). პრინციპში ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ასრულებთ იარაღით იმსახურებს გამეორებას და ვარჯიშს, იარაღის ბუდეში მოთავსება, გადაადგილება, სასროლოსნო პოზიციების შეცვლა (დაწოლიდან ისევ ფეხზე დამდგარში და ასე შემდეგ)  და ასე შემდეგ. ყველაფრის ერთ დღეს გამეორება შეუძლებელია ამიტომაც ფურცელზე გაწერილი რამდენიმე ციკლიანი პროგრამა ძალიან დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ და განავითაროთ უნარები.

დახურულ კედლებში ვარჯიშს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა, ღილაკზე თითის დაჭერით დღე ცვლის ღამეს და პირიქით. შესაბამისად დაბნელებულ გარემოში ვარჯიში, ვარჯიში ტაქტიკური ფარნის გამოყენებით ასევე არის მარტივად მოსაწყობი, სახლის/ფარეხის პირობებში. გარდა ამისა თქვენ არ გჭირდებათ მგზავრობა იმისთვის, რომ საწვრთნელ ობიექტამდე მიაღწიოთ. თქვენი სახლი არის ასეთი ობიექტი და ყველა პირობა გაქვთ რომ ასეთი ვარჯიშები იყოს რეგულარული.

ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ პრაქტიკა არის ყველაფერი. კარგია, როდესაც არის ვინმე პროფესიონალი ინსტრუქტორი ვინც გასწავლის იმას რაც დაგეხმარება გადარჩე მაგრამ ჩვენ პირობებში ეს ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს ამიტომაც საჭიროა იმპროვიზაცია და მეტი შრომა. მაღალი შედეგის მიღწევა მაინც შესაძლებელია. აამოძრავეთ ტვინი და მოიფიქრეთ რა გჭირდებათ თქვენ. ერთ ერთი ინსტრუქტორი მაგალითად სთავაზობს ასეთ ტექნიკას. აავსეთ ორი დიდი ქილა, ქვაბი ან სხვა ჭურჭელი ყინულიანი წყალით და ჩაყავით ხელები შიგნით სანამ არ აგტკივდებათ. ამოიღეთ ხელები და დაიწყეთ ვარჯიშების შესრულება. ხელები იქნება სველი, გაყინული, კუნთები გაშეშებული, მგრძნობიარობა დაქვეითებული.  მიხვდით ხო იდეას? იგივე სიმპტომები რაც დიდი სტრესის დაძაბულობის დროს. იდეა ასეთი ვარჯიშების არის მარტივი, უზრუნველვყოთ რომ რეალური შეტაკების პირობებში არ დაკარგავთ კონტროლს საკუთარ სხეულზე და გულის რიტმზე.

რაც ამ სტატიაში ეხლა წაიკითხეთ არ არის სრული ინსტრუქცია. ეს არის მხოლოდ იდეების ნაკრები, რომელმაც უნდა გიბიძგოთ დაფიქრდეთ ამ თემაზე და მოიფიქროთ ის რაც საჭიროა  თქვენთვის. ვიმეორებ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ეს სფერო არის აუთვისებელი, თქვენ თუ გგონიათ, რომ აღნიშნული საკითხები სქართველოში მოგვარებულია სხვა და სხვა განსაკუთრებული დანიშნულების სამსახურებში, “სპეცნაზებში“ და სპეც-სამსახურებში მინდა გითხრათ რომ არც იქ არ არის ყველაფერი კარგად წვრთნების და ვარჯიშების ორგანიზებაში. ყველა ეს სტრუქტურა არის დახურული და მათ ძალიან უჭირთ თვითშეფასება და მეეჭვება დღეს სადმე ვინმეს ქონდეს ზუსტი წარმოდგენა რა დონეზეა მათ სტრუქტურებში ორგანიზებული საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება. რაც მე აქ დავწერე ეხება როგროც პისტოლეტს ასევე პრინციპში ნებისმიერ სხვა იარაღს.

 



One Response to “ვარჯიშის ორგანიზება სახლის პირობებში”

  1. ჯიმ says:

    მადლობა ლეევან ძალიან საინტერესო სტატიისათვის

    სტატიაში მოყვანილი მაგალითებიდან რამოდენიმეს სახლში აუცილებლად ვცდი

დატოვეთ კომენტარი