მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა

პირველ რიგში სანამ უშუალოდ საკითხზე გადავალ მინდა გაგაფრთხილოდ, რომ ყველაფერი ამ სტატიაში დაწერილი არის ჩემი პირადი აზრი და ეს აზრი არ იქმნებოდა ჰაერიდან.  უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემ ხელში გაიარა ურიცხვმა მცირეკალიბრიანმა იარაღმა, რომლებიდანაც მე ათასობით ვაზნა მაქვს ნასროლი. ბუნებრივია ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება შეიძლება ვინმესთვის წარმოადგენდეს გარკვეულ ინტერესს. დასაწყისისთვის მე შემიძლია ვთქვა რომ მცირეკალიბრიან კარაბინს განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემ გულში. რატომ? იმიტომ, რომ მე მიმაჩნია რომ ამ ტიპის იარაღი არის ძალიან სასარგებლო და საჭირო ინსტრუმენტი მსროლელის არსენალში, იქნება ეს მონადირე თუ უბრალოდ სროლის მოყვარული. ამ იარაღის გამოყენების სფეროები ძალიან ფართეა.  მცირეკალიბრიანი იარაღის უმეტესობა მოდელების არის ძალიან ხელმისაწვდომი ფასის მიხედვით, მათ არ ჭირდებათ დარტყმაგამძლე ძვირად ღირებული ოპტიკური სამიზნეები, .22 კალიბრის ვაზნაც შედარებით ხელმისაწვდომია ყველასთვის. იქნება ეს ნადირობა, თავდაცვა, გასართობის თუ სავარჯიშო სროლა, .22 კალიბრის კარაბინი თავს გაართმევს ყველა ამ დავალებას. .22 -ით ნადირობდნენ დათვებზე, ამყარებდნენ ოლიმპიურ რეკორდებს და ათავსებდნენ მათ მფრინავების გადარჩენის კომპლექტში, რომლებიც ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირის სახმედრო აქტიურობას უთვალთვალებდნენ, ებრაელები ანადგურებდნენ ტერორისტებს და მსროლელების ბევრი თაობა იზრდებოდა ამ კალიბრის იარაღზე ამიტომაც არც ერთი სხვა კალიბრი არ  შეედრება ძველ და კარგ .22 გამოყენების სფეროებით. შესაბამისად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერს ვისაც უყვარს სროლა და ნადირობა უნდა ქონდეს ერთი .22 კალიბრის კარაბინი მაინც. მე მქონდა როგორც უკვე ავღნიშნე ძალიან ბევრი სხვა და სხვა მცირეკალიბრიანი კარაბინი. მინიმუმ 15 სხვადასხვა მოდელი. მაგრამ მე ვირჩევ იარაღებს ქაოტურად, თუ იარაღს ადევს მისაღები ფასი, ის მე მაინტერესებს და მითუმეტეს აქამდე არ მქონია მე უბრალოდ მას ვყიდულობ ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე. კარგად მესმის, რომ სხვებს გაცილებით მეტი კითხვა აწუხებთ და იმედია ეს სტატია ასეთ კითხვებს უპასუხებს.

პირობითად მცირეკალიბრიანი კარაბინები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად. “საბავშვო” მოდელები (1), ყველაზე იაფი მსუბუქი როგორც წესი ცალმუხტიანი, მოკლე კონდახით, სტანდარტული (2) და სპორტული (“მატჩ”) ტიპის (3)

პირველი შეკითხვა, რომელიც წარმოიშვება ასეთი კარაბინის არჩევისას როგორც წესი ჟღერს ასე: თვითდამტენი თუ “ბოლტი”? ზოგადად ჩვენთან ითვლება რომ “ბოლტი” უფრო ზუსტია და ასევე ტყვია უფრო მეტ საწყის სიჩქარეს იღებს. სიჩქარეს რაც შეეხება, შეგიძლიათ თამამად იგნორირება გაუკეთოთ ამ მოსაზრებას. არანაირი სხვაობა საწყის სიჩქარეში, რომელიც იქნება საკმარისი რომ დაიმსახუროს განხილვა  უბრალოდ არ არის.  ამ ფაქტორის გათვალისწინებას არანაირი აზრი არ აქვს. რაც შეეხება სიზუსტეს, ჩემი გამოცდილებაც ადსტურებს იმ ფაქტს, რომ “ბოლტები” უფრო ზუსტებია ნახევრად-ავტომატებთან შედარებით მაგრამ მიზეზი ამისა არის, “ბოლტების” უფრო უკეთესი სასხლეტი მექანიზმები, რა დროსაც ნახევრად-ავტომატები მეტ წილად იყენებენ უფრო რთულ დახურულ ჩახმახიან კონსტრუქციას. გამოდმინარე იქიდან, რომ ნახევრად-ავტომატები კონსტრუირდება ისე, რომ მოხდეს მაქსიმალურად დაბალი ფასის მიღება, ცხადია არავინ არ იწუხებს თავს მათი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის ჭკუაზე მოყვანით. ამ მექანიზმის დეტალებიც მზადდება რაც შეიძლება იაფი ტექნოლოგიით, რომელიც ხშირად გულისხმობს ჩამოსხმული რკინის და პლასტმასის დეტალების გამოყენებას. ბუნებრივია თავის მასაში ასეთ პირობებში ნახევრად-ავტომატებს საკმაოდ მძიმე და ცუდი სასხლეტები აქვთ, რაც ცუდათ მოქმედებს სიზუსტეზე. ჩემპიონი ცუდ სასხლეტებში კი არის Walther G22. აგებული ბულპაპის სქემით, რომელიც ტრადიციულად ცნობილია მძიმე სასხლეტებით არც ვალტერი არ ღალატობს ამ ტარდიციებს. მიზეზი არის უჩვეულოდ გრძელი გადაბმა სასხლეტსა და “შეპტალოს” შორის, რაც განპირობებულია “ბულპაპის” სქემის გამოყენებით. თუმცა არსებობენ ნახევრად-ავტომატები, რომლებიც იყენებენ ისეთივე დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს, როგორც “ბოლტები”, მაგალითად ТОЗ99 და Savage 64. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარზე არის უამრავი ბიუჯეტური ნახევრად-ავტომატი და ძალიან ცოტა მაღალი კლაისის. მაშინ როდესაც “ბოლტების” არჩევანი გაცილებით უფრო მდიდარია.  ასე, რომ დიახ “ბოლტი” უფრო ზუსტია მაგრამ არა იმის გამო, რომ ნახევრად-ავტომატური სქემა არის ნაკლებად ზუსტი. ჩემი არჩევანი ამ ორს შორის ყოველთვის იქნება ნახევრად-ავტომატი. გამომდინარე იქიდან, რომ იარაღი ჩემთვის პირველ რიგში თავდაცვის ინსტრუმენტია, ბუნებრივია მე მირჩევნია იარაღი, რომელიც იძლევა საშუალებას განახორციელო 10 სწრაფი და ზუსტი გასროლა მაღალსიჩქარიანი ვაზნით. დამიჯერეთ ასეთი “ჯერი” იქნება ძალიან ზუსტი და დიდი ალბათობით გააჩერებს ნებისმიერ თავდამსხმელს. მიზეზი მეორე არის უნარი სწრაფად განახორციელო მეორე გასროლა. რამდენადაც ზუსტი არ  უნდა იყოს მცირეკალიბრიანი იარაღი, გასროლილი .22 კალიბრის ტყვია რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე ატმოსფერულ პირობებში.  ნახევრად-ავტომატი იძლევა საშუალებას სწრაფად შეიტანოთ შესწორება და ისროლოთ მეორეჯერ ან მესამეჯერ ან სანამ მჭიდი ბოლომდე არ დაიცლება. მე კატეგორიულად არ მომწონს ცალ-ვაზნიანი იარაღები. მიუხედავად იმისა, რომ ТОЗ-8 არის ყველაზე ზუსტი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც მე მისვრია.  სიზუსტე კარგია, მაგრამ ცალვაზნიანი .22 კალიბრის იარაღი კარგავს უნივერსალურობას, რაც მე ყველაზე უფრო მომწონს ამ კლასის იარაღში.

მარცხნივ არის სამიზნე რომელშიც ნასროლია 20-მდე ვაზნა რუსული წარმოების TОЗ-78-დან (“ბოლტი”), მარჯვნივ არის 5 გასროლიანი ჯგუფი Mossberg 702-დან (ნახევრად ავტომატი). ხედავთ რამე მნიშვნელოვან სხვაობას? სროლა ხორციელდებოდა დახურულ  ტირში, მაგიდიდან, 50 მეტრზე.

თუ ზედა სურათზე ნაჩვენები ჯგუფები არ მოგწონთ და თუ გნებავთ მაქსიმალური სიზუსტე,  ეძებეთ ძველი რუსული სპორტული შაშხანები, რომლებიც პერიოდულად ჩნდებიან მეორადი იარაღის ბაზარზე  ან იყიდეთ უცხოური წარმოების სპეციალიზირებული მოდელები, რომლებიც 2-ჯერ სამჯერ მეტიც ღირს. მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი წარმოების ბიუჯეტური კარაბინები შეიძლება იყონ ძალიან ზუსტები, მაქსიმალურ სიზუსტეს და სტაბილურად მაღალ შედეგებს უზრუნველყოფს მხოლოდ სპეციალიზირებული იარაღი.

რუსული წარმოების CM-2 არის ყველაზე იაფი “მატჩ” კლასის შაშხანა, რომელიც შეიძლება იყიდოთ მეორად ბაზარზე. ფასი 600-დან 900 ლარამდე. მინუსებიც აშკარაა. მძიმე წონა, გაბარიტები და ცალმუხტიანი კონსტრუქცია.

ნახევრად-ავტომატების საიმედოობას რაც შეეხება მოდით ვიყოთ რეალისტები და ნუ მოვთხოვთ ასეთ იარაღს ისროლოს მაგალითად ტალახში ჩაგდების შემდეგ. ასეთი იარაღის საკეტი არის ძალიან მსუბუქი, მოძრავი ნაწილების სიჩქარე არის მცირე. .22 კალიბრის ტყვია არის რბილი და გარსის გარეშე, თან ხანდახან საკამოდ უჩვეულო ფორმების. ამის გამო ასეთი კარაბინი ვერასდრიოს ვერ შეედრება საიმედოობით მსხვილკალიბრიან იარაღებს. ნახევრად-ავტომატური მცირეკალიბრიანი იარაღი როგორც წესი ასევე ითხოვს წმენდას და დაზეთვას. ამ მხრიც ცხადია “ბოლტი” უკეთესია მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. დაბრკოლებები სროლაში არის იშვიათი თუ იარაღი სუფთა და მოვლილია. დაბრკოლებების 90% უკავშირდება ყოველთვის ვაზნას, ტყვიის ფორმას ან მის საწყის სიჩქარეს. 99.9% პროცენტში უბრალოდ არ ხდებოდა მასრის სრული ამოგდება, რაც სწორდება ეგრევე საკეტის გადატენვით და გაჭედილი მასრის “ამოფერთხვით”. წლების განმავლობაში მე ვიხსენებ ორ ბრენდს, რომელიც კატეგორიულად არ მუშაობდა ნახევრად-ავტომატებში. ეს არის RWS-ის ვაზნები (ზუსტი სახელი არ მახსოვს, მაგრამ მგონი RWS Club) და Eley Sport (მწვანე კოლოფებში). დანარჩენი ყველა ტიპის და მწარმოებლის ვაზნა, როგორც წესი  უპრობლემოდ მუშაობდა. ცხადია გამოცდილება სხვადასხვა ხალხს სხვადასხვა ექნება, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არაფერი არ მაძლევს მე საფუძველს ვიფიქრო, რომ მცირეკალიბრიანი იარაღის არის განსაკუთრებულად პრეტენზიული ტყვიაწამლის მიმართ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს იარაღი არ არის ის იარაღი, რომელსაც უნდა სიცოცხლე ვანდოთ ამიტომ დაბრკოლება სროლაში არ არის კატასტროფის ტოლფასი მოვლენა, დააბრუნეთ იარაღი მწყობრში და გააგრძელეთ სროლა.  თუ თქვენ გსურთ  გამოიყენოთ ასეთი კარაბინი თავდაცვის მიზნებისთვის (იმიტომ, რომ სხვა არჩევანი არ გაქვთ) მაშინ აირჩიეთ ყველაზე ძლიერი ვაზნა და დარწმუნდით, რომ მას თქვენი კარაბინი კარგად ინელებს. ბოლოს ვიტყვი რომ ძალიან იაფი კარაბინიდან (Mossberg 702) მე გავისროლე 2000-ზეე მეტი ვაზნა და მივიღე მხოლოდ 10 არამოგდებული მასრა, აქიდან ნახევარი მოვიდა უკვე ნახსენებ RWS-ზე, რომელიც მას მერე მე არც მიყიდია. იგივე მოსბერგი უპრობლემოდ ისროდა როდესაც ინტრევალები წმენდას შორის შეადგენდა 200 გასროლას და ორ სამ კვირას.

ტიპიური დაბრკოლება. მასრა გაიჭედა და ხელი შეუშალა საკეტის დაკეტვას. დაბრკოლება აღმოიფხვრება მარტივად, გაწიეთ საკეტი უკან და “დააწვინეთ” კარაბინი ისე რომ მასრა ძირს გადმოვარდეს.

კარაბინი უნდა იშლებოდეს ადვილად. სამწუხაროდ აქაც ჩემი არჩეული ნახევრად-ავტომატი ძლიერად ჩამორჩება “ბოლტს”. ბევრი თვლის რომ ასეთი ტიპის იარაღისთვის ეს არ არის პრინციპული, ვინაიდან ამ იარაღს წმინდავ მაშინ, როდესაც ის იწყებს ჭედვას ჭუჭყისგან. შესაძლებელია ეს იარაღი ყოველთვის არ უნდა იყოს იდეალურად სუფთა, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჭუჭყიანი იარაღის სეიფში არის ჩემი პირადი შეურაცხოფა. სამწუხაროდ ნახევრად-ავტომატების უმეტესობა ძალიან ძნელად იშლება. ჩემპიონი ისევ G22-ია, რომლის დაშლა აწყობა წააგავს ლეგოს კონსტრუქტორისგან კარაბინის აგებას. ზოგი იარაღიც ისეა მოწყობილი, რომ იფიქრებ ეს იარაღი საერთოდ არ იშლება. მაგალითად ამერიკული (სინამდვილეში იწყობა კანადაში) Savage 64. იმისთვის, რომ მოხსნათ საკეტი ამ იარაღში უნდა დაუშვათ 5 (!!!) ხრახნი. აქიდან მეხუთე იჭერს ლულას! ასევე მოხსნათ მჭიდის “ძაბრი” და დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი. “სევიჯის” პლიუსი მხოლოდ ის არის რომ შესაძლებელია ლულის სავაზნის მხრიდან გაწმენდა….  ზოგი მოდელი უფრო ადვილად იშლება მაგრამ, ზოგადად გართულებული დაშლა-აწობა ახასიათებს ბევრ ნახევრად ავტომატურ კარაბინს. მეორეს მხრივ ყველა ბოლტი იშლება ადვილად ხოლო გასაწმენდად საკმარისა სასხლეტზე დაჭერის შემდეგ ამოიღოთ საკეტი და ამის შემდეგ ლულა  შესაძლებელია გაიწმინდოს სავზნის მხრიდან რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ლულის გამოსასვლელის  დაზიანებას.

ეს G22 ჯერ კიდევ არ არის დაშლილი გასაწმენდად. ჯერ იშლება მრავალკომპონენტიანი პლასტმასის კორპუსი და შემდეგ ქვედა ჩარჩო და ლულის კოლოფი. დეტალების რაოდენობა არის ძალიან დიდი. მათი დაკარგვა რეალურია.

მორიგი შეკითხვა: ხე თუ პლასტმასა? ცალსახად პლასტმასის კონდახი იქნება საუკეთესო არჩევანი. .22 იარაღიდან ბევრის ისვრიან და ბევრს დაათრევენ იქით აქით, ბევრსაც ათხოვებენ სასროლად. რა დამავიწყებს მე იმ მომენტს როდესაც ერთმა …. ჩემი ახალთ-ახალი ТОЗ 78 გაჭედა რკინის ღობეში იმისთვის, რომ უფრო სტაბილურად დაემიზნებინა. შედეგი კი იყო რამდენიმე ძალიან ღრმა ნაკაწრი ხის კონდახზე, რამაც კიდე უფრო დააჩქარა ამ კონდახის გადაკეთება. არ ვდაობ, ხის კონდახი ძალიან ლამაზია, მაგრამ როგორც წესი მცირეკალიბრიან იარაღზე არ ხარჯავენ  ხის ძვირფასი ნედლეულის მარაგებს, ხოლო პლასტმასის კონდახის რემონტი, აღდგენა და განახლება არის გაცილებით ადვილი და როგორც წესი არ ითხოვს პროფესიონალის ჩარევას. პლასტმასა ადვილად წებდება, იღებება. ამას ყველაფერს შეძლებს ნებისმიერი. ასევე პლასტმასას არ ეშინია წყლის, საწმენდი სითხეების და ყინვის. არც დრო მას არ აკლებს არაფერს.

მცირეკალიბრიან იარაღს უნდა ქონდეს მექანიკური სამიზნე მოწყობილობები და სამგრი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიკის მონტაჟს. მექანიკური სამიზნეები (ე.წ “რკინები”) საჭიროა იმიტომ, რომ როგორც წესი ბიუჯეტურ იარაღზე ყენდება ბიუჯეტური ოპტიკა, რომელიც შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. რამდენად გჭირდებათ ოპტიკა ეს თქვენი გადასაწყვეტია, იმ მანძილებზე რა მანძილებზეც გამოიყენება .22 “რკინებიც” გეყოფათ მაგრამ უდაოდ ოპტიკა აადვილებს სროლას, ზრდის სიზუსტეს და იძლევა საშუალბას სამიზნის უკეთ ამოცნობის. ამავე დროს ერთ ერთი საუკეთესო შედეგები სიზუსტის მხრივ მიღწეული მაქვს ТОЗ-8-ით, ზედ დაყენებული სპორტული დიოპტრიული სამიზნით. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ არც ძვირადღირებული ოპტიკური სამიზნეები არასდროს არ გამომიყენებია და ძალიან კარგ შედეგებს ვიღებდი იაფი Tasco-თი და Konus-ით. გაითვალისწინეთ, რომ ეს ოპტიკა არის ლატარეა და გამოდგომაზეა. თუ ჩაგივარდათ ხელში კარგი მუშა ოპტიკური სამიზნე ის კარგად გემსახურებათ, მაგრამ ბევრიც მინახია, რომელიც არ იძლეოდა იარაღის გასწორების საშუალებას დეფექტების გამო შესწორებების შეყვანის მექანიზმში. ამის გამო იარაღის გასწორების შემდეგ მე შესწორებები შემქონდა დამიზნებით და არა დოლურების ტრიალით.

ეს გადატვირთული ბადე გაამოიყენება ბევრს იაფ Tasco-ში და Bushnell-ში, ის წააგავს ყუმბარმტყორცნის ამერიკულ სამიზნეს  მაგრამ იძლევა საშუალებას გამოიყენოთ დამატებითი ბადის ელემენტები სხვადასხვა მანძილზე სროლისას.

მეორადი იარაღის ბაზარზე ძალიან ბევრია ძველი რუსული “ტოზები” (8,16,17 და ნახევრად-ავტომატური 21). ყველა ეს იარაღი არის მარტივი, მუშა, საიმედო და ძალიან ზუსტი. სამწუხაროდ არც ერთი მათგანი არ არის მზად “მიიღოს” ოპტიკა.  8 და 16 მოდელები ცალმუხტიანებია, ხოლო 17-ს პატარა მჭიდი აქვს. გამომდინარე იქიდან რომ ეს იარაღი იაფია და გამძლე ის კარგი შენაძენია ყოველთვის.  უბრალოდ ყურადღებას ითხოვს ლულები. ვინაიდან ეს იარაღები მძიმე ექსპლუატაციაში იმყოფებოდნენ, შებერილობები ლულაში არც ისე იშვიათია. დანარჩენის მხრივ ეს იარაღები აბსოლუტურად უპრობლემოა. მე მინახია 50-60 წლის წინ გამოშვებული კარაბინები, რომლებიც იდეალურად მუშაობდნენ. ამ იარაღებში მე არ მინახია არც ერთი გაცვეთილი ან კოროზიით დაზიანებული ლულა. შებერილობა არის ყველაზე სერიოზული და პრინციპში ერთადერთი დეფექტი, რომელიც მე ამ იარაღებში მინახია და რომლის მიზეზია უპასუხისმგებლო წინა მფლობელი. შეგახსენებთ გარედან ჟანგიანი მე-8 მოდელი, მთლიანად გადაქერცლილი კონდახით მცირე ხელის შევლების შემდეგ იყო ყველაზე ზუსტი .22 კალიბრის იარაღი რომელიც მე ოდესმე მქონია.  უნდა ვაღიარო საბჭოთა წარმოების მცირეკალიბრიანი იარაღიც და ამუნიციაც არის ძალიან კარგი.  პრინციპში რუსული წარმოების ამუნიციაც ძალიან კარგი არის და მე არასდროს არ მქონია პრობლემა რუსულ ვაზნებთან, რომელიც ყოველთვუს ძალიან კარგ შედეგებს მიჩვენებდა.

ლულის პროფილს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ მე ვერ ვხედავ აზრს სქელ (ვარმინტ) ლულაში. ეს არ არის ისეთი კალიბრი, რომელიც იწვევს ისეთ ვიბრაციას, რომლის დასახშობად საჭიროა ლულის მასის გაზრდა. ჩემი აზრით ეს არის გემოვნების ამბავი. ვისაც უნდა მაქსიმალური სიზუსტე, გადაიზღვიეთ თავი და იყიდეთ იარაღი სქელი ლულით. დანარჩენ შემთხვევაში ჩვეულებრივი ლულის პროფილი არის სავსებით ადეკვატური .22 კალიბრისთვის. თუმცა სქელი ლულა ე.წ. “ბულ ბარელი” ძალიან მიმზიდველად გამოიყურება.  გარდა ამისა მძიმე იარაღი უფრო სტაბილურიც არის.

სამწუხაროდ ბევრი მსურველი მცირეკალიბრიანი იარაღის ყიდვის იწყებს ტანჯვას ნაკლებად მნიშვნელოვანი კითხვებით. რამდენი ხრახნია ლულაში? რა მნიშვნელობა აქვს? მარლინს აქვს 16 და ამიტომ რა? მარლინი ოთხჯერ უკეთესია ვიდრე ვთქვათ კარაბინი 4 ხრახნიანი ლულით? არასდროს არ მიფიქრია ამაზე და არც თქვენ გირჩევთ. იგივე ეხება სროლის მანძილებს. რა მანძილზე ისვრის მესმის ეს კითხვა ხშირად? რა მანძილზე ისვრის .22 როგორ გგონიათ? ან მოდელს რა მნიშვნელობა აქვს? მნიშვნელობა აქვს ალბათ ლულის სიგრძეს რაც განაპირობებს მეტ საწყის სიჩქარეს მაგრამ ამას არავინ არ კითხულობს. რა სამიზნეს ესვრით? ისვრით ჯგუფზე თუ რამე კონკრეტულ სამიზნეს? მსუბუქი და ნელი .22 კალიბრის ტყვია არ არის საუკეთესო კანდიდატი შორ მანძილებზე გასაგზავნად. მე ვიტყოდი, რომ საველე პირობებში კარგი იარაღიდან ეფექტური სროლის მანძილი არის 150 მეტრი მაქსიმუმ. რეალურად .22-ს გაცილებით ნაკლებ მანძილებზე იყენებენ. 200 მეტრზე კი მცირე ნიავიც იწვევს ტყვიის სერიოზულ გადხრას. სწორედ ამიტომ გარკვეული უპირატესობა აქვს ნახევრად-ავტომატს. ის იძლევა სწრაფი განმეორებითი გასროლის გაკეთების საშუალებას. იდეალურ პირობებში კარგი იარაღიდან სროლა შესაძლებელია 300 მეტრზეც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევრად-ავტომატი საიმედოთ მუშაობდეს სუსტ ვაზნებთან. ყოველთვის იქნება ისეთი ვაზნები, რომლებიც არ იმუშავებს თითქმის არც ერთ თვითდამტენ იარაღში, მაგრამ სტანდარტული სისწრაფის ვაზნების მონელება არის აუცილებელი მოთხოვნა, თან როგორც წესი კარარაბინი უფრო ყოვლის მომნელებელია ვიდრე შედარებით მოკლელულიანი პისტოლეტები. მე მქონდა 70-ან წლებში გამოშვებული კოლტის ნახევრად-ავტომატი. ამ იარაღმა ისროლა ძალიან სუსტი “მწვანე Eley”, ყინვაში, რამდენიმე წლის გაუწმენდავმა ხოლო ახალი Savage 64, გაწმენდილი და გაზეთილი უარს ამბობდა ამ ვაზნებთან მუშაობაზე. Mossberg 702-მა შეჭამა 2000 სხვა და სხვა ტიპის ვაზნა და მხოლოდ RWS-ის ვაზნებზე თქვა უარი. სხვადასხვა იარაღს სხვადასხვა ხასიათი აქვს და ამ ხასიათის გარკვევა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია  ვიდრე ხრახნების რაოდენობა.  საქართველოში არ იყიდება ბევრი ტიპის .22 კალიბრის ტყვიაწამალი  და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კარაბინი ინელებდეს ყველა ტიპის ვაზნას. ამიტომაც მე არ მომწონს როდესაც ზოგ იარაღს აწერენ .22LR – HV (HV = High Velocity, მაღალი სიჩქარე). ამით მწარმოებელი გეუბნება რომ უნდა გამოიყენო მხოლოდ მაღალი სისწრაფის ვაზნები რაც ნონსნენსია. .22lr არის .22lr და იარაღი უნდა ინელებდეს ყველა ამ კალიბრის ყველა ტიპის ვაზნას.

კვების სქემას რაც ეეხება ჩემი ფავორიტია მაინც ლულის ქვეშა მილისებრი მჭიდი. ის არ დაიკარგება, პრაქტიკულად არ იცვითება. ზამბარა თუ დაჯდა ან გატყდა, არ იქნება პრობლემა მისი შემცვლელის პოვნა. რა თქმა უნდა არც მოსახსნელი მჭიდი არის ცუდი. უბრალოდ მე მაინც ვთვლი, რომ თეორიულად ლულის ქვეშა მჭიდი უფრო საიმედოა და გამძლე. გარდა ამისა შესაძლებელია მისი შევსება, ის იტევს მეტ ვაზნას. სასურველია იარაღს მოყვებოდეს ორი მჭიდი მაინც. თუმცა ბიუჯეტურ კარაბინებს, როგორც წესი აკლებენ ყველაფერს, ანტაბკებს და სათადარიგო მჭიდებსაც. ამ მხრივ რუსული ТОЗ-99 არის კონკურენციის გარეშე. მას 4 მჭიდი მოყვება.

ბოლო დროს ბაზარზე გამოჩნდა ძალიან ბევრი მცირეკალიბრიანი იარაღი, რომელიც ზუსტად იმეორებს სახელგანთქმულ მოდელებს, როგორებიცაა AK-47, H&K MP5, Uzi და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ეს კარგი გასართობი იარაღებია მაგრამ ყველას მათ ახასიათებთ ზედმეტად რთული კონსტრუქცია, დიდი მასა და გაბარიტები და ასევე გამომდინარე იქიდან რომ დეტალები მასიურად მზადდება პლასტმასისგან გამძლეობით ის ვერ ედრება რეალურ მოდელებს. გარდა ამისა ყველა ეს იარაღი ითხოვს მაღალი სისწრაფის ვაზნებს, რომელთა ფასი საკმაოდ დიდია და სროლა ამ იარაღიდან ხდება ძვირი სიამოვნება. ასევე მათი ფასი იშვიათად არის 1200 ლარზე ნაკლები ხოლო ასეთ ფასში მოგივათ შესანიშნავი სრულიად ახალი Marlin 795, კარგი ოპტიკური სამიზნე, წვრილმანი აქსესუარები და ვაზნების სოლიდური მარაგი.

ფასებს რაც შეეხება, კარგია რომ იარაღების ასორტიმენტი გაიზარდა. 500 ლარამდე ფასში დომინირებს მეორადი საბჭოთა იარაღი. 500-1000 ლარამდე ყველაზე მეტი იარაღია  წარმოდგენილი. ე.წ. “პლინკერები” შექმნილები ნადირობისთვის, გასართობი სროლისთვის და ვარჯიშისთვის. მიუხედავად ასეთი არასერიოზული სახელისა, ეს იარაღი, როგორც წესი არის ძალიან ზუსტი და შესანიშნავი საექსპლუატაციო თვისებები აქვთ. 1000-ის ზევით ღირს უკვე შედარებით ძვირიანი მოდელები ან უკვე ნახსენები ცნობილი ისტორიული და თანამედროვე საბრძოლო იარაღის კოპიები.  ჩემი აზრით ყველაზე მიმზიდველი არის პირველი და მეორე კლასის წარმომადგენლები. დანარჩენები უბრალოდ ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან. “მატჩ” კლასის იარაღი ჩვენთან პრაქტიკულად არ შემოდის.  ამიტომ ეძებეთ ძველი საბჭოთა იარაღები. თან არ მგონია 3 000 დოლარიან “Anshutz 2013 Super Match”-ს ყავდეს ბევრი მყიდველი.  (საქართველოს პირობებში ეს ფასი ალბათ გაორმაგდება).

სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა. ყველაფერი რაც მე დავწერე არის ჩემი პიირადი აზრი. მე შევეცადე მაქსიმალურად ამეღწერა ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომლის შესახებაც ჩემთვის ცნობილია. არჩევანი თქვენზეა, ჩემ აზრს მე არავის თავზე არ ვახვევ ხოლო სულ ბოლოს ჩემი პერსონალური “ხიტ-ლისტი”:

ყველაზე კარგი შაშხანა, რომელიც მე ოდესმე მქონია, ფასისი, ხარისხის, სიზუსტის და საექსპლუატაციო თვისებების მიხედვით: Mossberg 702. ზე ბიუჯეტური (აშშ-ში ის 140 დოლარი ღირს), ის ინელებდა ყველაფერს, ისროდა ყოველთვის, იყო მსუბუქი, კომპაქტური და საკმარისად ზუსტი. შედარებით ადვილად იშლებოდა და იწმინდებოდა.  ჩემთვის ის იდეალური უნივერსალური კარაბინია.

ყველაზე ზუსტი – TОЗ-8. ნაყიდი 150 ლარად კუსტარულად დაყენებული დიოპტრით ის იყო ყველაზე ზუსტი მცირეკლაიბრიანი იარაღი, რომელიც მე მქონდა.

ყველაზე  გასართობი – Walther G22. ფუტურისტული, ზომიერად საიმედო და ზუსტი, ძალიან რთული. მაგრამ გამოიყურება შესანიშნავად, აქვს უნივერსალური სამაგრები და საკმაოდ ერგონომიულია.

ყველაზე ცუდი – Savage 64.  დაშლა აწყობა საოცრად რთულია. არ მუშაობდა სტანდარტულ სიჩქარიან ვაზნებთან. ერგონომიკა ძალიან საშუალო. ფასიც საკმაოდ დიდია (800 ლარი).

და ბოლოს, ჩემი საოცნებო კარაბინი – ყველაზე პოპულარული და კლასიკური Ruger 10/22. ზუსტი, საიმედო, ხელმისაწვდომი, მარტივი, უამრავი გაუმჯობესების ოფციით ის დღეს დამსახურებულად არის ყველაზე პოპულარული მცირეკალიბრიანი იარაღი მსოფლიოში.

 



5 Responses to “მცირეკალიბრიანი კარაბინის არჩევა”

  1. gio says:

    ბრავო!! ძალიან კარგი სტატიაა!!!

  2. zviadi says:

    tqven saitze xshirad var da amjerad savage-is tipis iarags vezebdi, konkretulad savage model 42 22lr/410, am modelze ar gaqvt informacia, sxva savage-is modelebi vnaxe. es iaragi shemtxvevit vnaxe da zalian damainteresa misma universalurobam. tu shegizliat tqveni agceriloba gaaketot mis gamzleobaze konstruqciis sirtuleze da zogadad xarisxze. didi molodinit davelodebi tqvens komentars. cinascar madloba.

  3. Shooter says:

    სტატიები იწერება იმ აირაღზე რომელსაც მე ვყიდულობ. სამწუხაროდ მე არ შემიძლია ვიყიდო ყველა იარაღი რომელზეც მინდა სტატიის დაწერა

  4. newhunter says:

    Shooter savage 64 yidva mindoda da titqmis gadamafiqrebine :) rame + aqvs toz 99 tan?

  5. Shooter says:

    სევიჯს აქვს მეტი სიზუსტე, უკეთესი ხარისხი და დენთის ნაწილაკებს არ მაყრიდა სახეში. მეტი არაფერი.

დატოვეთ კომენტარი