ჩვენი ტესტი – Taurus PT 1911

მგონი არავის არ გავაკვირვებ თუ ვიტყვი, რომ .45 კალიბრის იარაღის არჩევანი საქართველოში ძალიან მწირია და მითუმეტეს პრაქტიკულად შეუძლებელია ამ კალიბრზე გათვლილი ყველაზე ცნობილი და ქარიზმატული  M1911 ტიპის იარაღის შეძენა. ეხლა კარგად, რომ გავიხსენო თუ არ ჩავთვლით ისრაელის წარმოებულ ძალიან საშუალო BUL M5-ებს, 1911 ტიპის იარაღი მე ბოლოს ვნახე ერთი 6-7 წლის წინ და ეს იყო კოლტის პისტოლეტი, რომელიც იყიდებოდა 6 000 ლარად, რაც ძვირია და ასევე ძვირია ის პისტოლეტები, რომლებიც ძალიან იშვიათად ჩნდება მეორად ბაზარზე. სიტუაციის გაუმჯობესებად ალბათ ვერ ჩავთვლი ვერც ბრაზილიური წარმოების 1911-ის გამოჩენასაც ვინაიდან მათი ფასი, რომელიც შეადგენს 2600 ლარს არის ძალიან მაღალი.  ეს სტატია, სწორედ ტაურუსის მიერ წარმოებულ 1911-ის კლონს ეხება, რომელიც ჩემ ხელში მოხვდა პრაქტიკულად შემთხვევით და მე მასში დამერწმუნეთ არ გადამიხდია  2600 ლარი, იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 1911 არ იყო მოქცეული ჩემ ყურადღების ქვეშ, ამხელა ფასს ამ იარაღში მაინც ვერ გადავიხდიდი. საბედნიეროდ მე გამიმართლა და პისტოლეტი მხოლოდ თითქმის ნახევარი მისი ფასი დამიჯდა. სწორედ ასე მომეცა საშუალება გავცნობოდი უშუალოდ და ახლოდან ჯონ ბრაუნინგის ერთ-ერთ ყველაზე ლეგენდარულ იარაღს. პირველი სტატია „1911 – ლეგენდა გრძელდება“ ეხებოდა ზოგადად 1911 ტიპის პისტოლეტებს, ისტორიას, ნაირსახეობებს და ამ სისტემის ევოლუციას. ეს სტატია ეხება კონკრეტულად ტაურუსის პისტოლეტს – PT1911-ს, რომელიც წარმოადგენს M1911A1-ის კიდევ ერთ კლონს.

ჩვენი ტესტის ობიექტი Taurus PT1911

ბრაზილიურმა ტაურუსმა პირველად ახალი/ძველი პისტოლეტი წარმოუდგინა საზოგადოებას აშშ-ში „შოტ შოუზე“ 2005 წელს. 1911-ის ახალი კლონით ჩვენ დროს ვერავის ვერ გააკვირვებ, თუნდაც ის ღირდეს ძალიან იაფი. 500 დოლარიანი 1911-ის კლონები აქამდეც ცნობილი იყო, ხოლო ტაურუსმა შეცვალა ის, რომ მორიგი ხელმისაწვდომი 1911-ის კლონი აღჭურვილი იყო ისეთი ოფციებით, რაც აქამდე იყო სტანდარტული მხოლოდ მაღალი კლასის და ძვირად ღირებული 1911-ის შემთხვევაში. და ყველაფერი ეს არ ღირდა 600 დოლარზე ძვირი (აშშ-ში). მოგეხსენებათ კარგი 1911-ები არსებობენ, მაგრამ მაგათი ფასი, როგორც წესი იწყება 1000 დოლარიდან.  მაღალი დონის 1911-ის ტიპის იარაღი უბრალოდ არ შეიძლება ღირდეს იაფი.

ორი წარმომადგენელი ბიუჯეტური 1911-ების ოჯახიდან. პირველი არის ამერიკული რუგერი, მეორე თურქული წარმოების Regent R100, თურქთან შედარებით რუგერი გამოირჩევა უფრო უკეთესი ოფციებით და ღირს დაახლოებით 700 დოლარი, თურქული პისტოლეტი პრაქტიკულად საბაზისო 1911А1-ია და მისი ფასი შეადგენს 500 დოლარს. PT1911 ღირს უფრო ნაკლები ვიდრე რუგერი და ამავე დროს გაცილებით უფრო ბევრი “ნავაროტი” აქვს.

ეხლა რას წარმოადგენს PT1911? ეს არის 1911-ის “სამთავრობო მოდელის”  კლონი, ფოლადის ჩარჩოთი და 5 ინჩიანი ლულით. მჭიდი არის ერთ რიგიანი და იტევს 8 .45 კალიბრის ვაზნას. შესაბამისად უმეტესობა ნაწილების თავსებადია მე-80 სერიის 1911-ის სხვა პისტოლეტებთან. აქვე ვიტყვი, რომ თუ მოგინდებათ PT1911-ის კასტომიზაცია არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ამ სისტემის პისტოლეტებში ხშირად ნაწილებს ჭირდება მორგება, ანუ უბრალოდ ჩააგდოთ პისტოლეტში ახალი დეტალი და დაიწყოთ სროლა დიდი ალბათობით არ გამოგივათ.  PT1911 აღჭურვილია ორმხრივი მცველით, რაც დიდი იშვიათობაა ბიუჯეტურ 1911-ში. ასეთი მცველი არ არის ერთადერთი რაც გამოარჩევს ბრაზილიელს სხვა ბიუჯეტურ 1911-ს შორის. სინამდვილეში პისტოლეტს აქვს საკმაოდ გრძელი „ნავაროტების“ ნუსხა.  მაგალითად, პისტოლეტის საკეტი აღჭურვილია ჭრილებით წინა ნაწილში, რომელიც მე არ მომწონდა მანამ სანამ არ ჩავირტყი მაჩეტე თითში და არ დავაფასე ასეთი ჭრილების სარგებლობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტრავმის გამო ყველა კიდურს სათანადოდ ვერ იყენებთ. პისტოლეტის ტარის წინა და უკანა ნაწილი დამუშავებულია ისე რომ გააჩნიათ აგრესიული ტექსტურა (ე.წ. “ჩეკერინგი”), რომელიც უზრუნველყოფს იარაღის საიმედო ჭერას. საბრძოლო ზამბარის ხუფი განლაგებული ტარის ძირში, არის ფოლადის და არის ბრტყელი ზურგით, ისევე როგორც სულ პირველ 1911-ში. ჩემი აზრით ესთეტიურად ასეთი დეტალი უფრო ლამაზად გამოიყურება და ბევრი მწარმოებელი სტანდარტულად სწორედაც, რომ სწორ ზურგიან ხუფებს იყენებს.   პისტოლეტი აღჭურვილია დიდი ზომის მჭიდის ღილაკით, როგორ უკვე ავღნიშნე ორმხრივი მცველით, სასხლეტით, რომელსაც გააჩნია ე.წ. „ტრიგერ სტოპი“.  საკეტზე, რომ გადავიდეთ მას აქვს დიდი ზომის საექტრაქციო ფანჯარა და რაც მთავარია ნოვაკის კონსტრუქციის რკინის სამიზნე მოწყობილობები.  წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობის რეგულირება ხდება ადვილად, ზევიდან ხრახნის დაშვებით. ნოვაკის სამიზნე მოწყობილობები ეხლა სტანდარტულია, მას ტაურუსი ლიცენზიით თავად ამზადებს ხოლო ადრინდელი PT1911-ები აღჭურვილი იყო ასევე ძალიან ეფექტური Heinie Specialty Products- ის SlantPro Straight Eight ტიპის სამიზნეებით, რომლებიც ნოვაკის სამიზნეეებს ჩემი აზრით ჯობია და არ მესმის რატომ შეცვალა ისინი ტაურუსმა. პისტოლეტს ასევე აქვს სრული სიგრძის დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი, რომელიც ითვლება რომ უზრუნველყოფს უფრო ერთგვაროვან საკეტის მოძრაობას.  მოკლედ პისტოლეტი გაძეძგილია ისეთი ოფციებით, რომლებსაც ვერ ნახავთ ვერც ერთ სხვა ბიუჯეტურ 1911-ზე. ასევე ყველა დეტალი დამზადებულია ფოლადისგან. არანაირ პლასტმასები რამდენიმე ცენტის მოგების მიზნით. ერთადერთი პლასტმასის დეტალი პისტოლეტში არის ტარის პანელები, რომლებიც დიზაინით იმეორებენ კლასიკური კოლტის ე.წ. „ორმაგი ბრილინტის“ ტარის პანელის ფორმას და ტექსტურას.

ლამაზი და პრაქტიკული. მაღალ დონეზე შესრულებული “ჩეკერინგი” უხდება იარაღს და ასევე ზრდის ერგონომიკას. დააკვირდით რამდენად ზუსტად და ხარისხიანად არის დამზადებული ჩარჩო.

თუ ეს არ არის საკმარისი დავამატებ, რომ  ყველა PT1911 იწყობა ინდივიდუალურად, რა დროსაც ოსტატები ინდივიდუალურად არგებენ ლულას, საკეტს და ჩარჩოს და ასევე ამუშავებენ სასხლეტს. შესაბამისად ყველა ძირითადი დეტალი ატარებს ერთნაირ სერიულ ნომერს და პრინციპში ეს ნიშნავს, რომ ერთი ტაურუსის დეტალი არ დაყენდება ეგრევე მეორე ტაურუსზე და შესაძლებელია გახდეს საჭირო მორგება.

ბუნებრივია ამის წაკითხვის შემდეგ ჩნდება კითხვა ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ასეთი დაბალი ფასის შენარჩუნება? ალბათ იმიტომ, რომ პირველ რიგში წარმოება მდებარეობს ბრაზილიაში სადაც შრომის ანაზღაურება არის ნაკლები. ასევე ყველა დეტალს,რომელსაც ტაურუსი იყენებს თავიანთ პისტოლეტებში ის თავადვე ამზადებს. გარდა ამისა დეტალების მაქსიმალური რაოდენობა მზადდება ჩამოსხმის მეთოდით, რაც იძლევა საშუალებას პატარა დანახარჯებით დიდი რაოდენობის დეტალების გამოშვების.  ყველა ეს ფაქტორი მთლიანობაში აძლევს საშუალებას ტაურუსს გამოუშვას 1911-ის კლონი, ისეთი ოფციების ნაკრებით, რომლის სხვა ანალოგი ღირს მინიმუმ ორჯერ მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დეტალი ჩამოსხმით მზადდება (ე.წ. MIM ტექნოლოგია), PT1911-ის ლულა (ლულას 6 ხრახნი აქვს ხოლო ხრახნების ბიჯი არის 1:16), საკეტი და ჩარჩო არის ნაჭედი ფოლადისგან ფრეზირებით დამზადებული, ისევე, როგორც პრემიუმ კლასის 1911-ის კლონები. ეს კიდე ნიშნავს, რომ PT1911 არის სასურველი პლატფორმა სერიოზული მოდიფიკაციებისთვის.

უნდა ავღნიშნო, რომ PT1911 გამოდის, როგორც შავი დაფარვით ასევე უჟანგავი რკინისგან დამზადებული. სამწუხაროდ დაფარვა, რომელსაც იყენებს ტაურუსი არის ძალიან სუსტი და ადვილად გადადის. ასე, რომ თუ გაქვთ არჩევანი, გირჩევთ იყიდოთ „უჟანგავი“ მოდელი. სურათზეც სწორედ ის არის ასახული. დამატებით ეს მოდელი აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით, რომელიც სასარგებლო ოფციაა მაგრამ იარაღის ესთეტიკას ნამდვილად არ აუმჯობესებს.

კითხვა, რომელიც ალბათ აწუხებს ყველა მყიდველს: რა მოყვება ახალ პისტოლეტს? პირველ რიგში სოლიდური ზომის კარგი ხარსხის პლასტმასის კეისი, რომელშიც დევს პისტოლეტი, ინსტრუქცია, დასაშლელი ხელსაწყო, ლულის ჯაგრისი, ორი მჭიდი და გასაღები. პისტოლეტის ჩახმახზე არის საკეტი, რომელიც იკეტება ამ გასაღებზე და იარაღის გამოყენება ხდება შეუძლებელი. ეს ოფცია სტანდარტულია პრაქტიკულად ყველა ახალ ტაურუსზე.
ასეთ კეისში იყიდება PT1911. განსხვავებით სხვა ტაურუსის პისტოლეტებისგან, რომლებსაც იაფი მუყაოს ყუთი მოყვებათ.
გამომდინარე იქიდან, რომ PT1911 ასე გამდიდრებულია სხვადასხვა ოფციებით ის ძალიან მოსახერხებელი და ერგონომიულია. ვიზუალურად ის კარგად გამოიყურება და შესრულების ხარისხი არის კარგი. დაფარვის გარდა შეიძლება დაუწუნოთ საკეტის ბასრი კუთხეები. ბუნებრივია ასეთ ფასში ჩვენ ვეღარ მოვითხოვთ საკეტის და ჩარჩოს დამატებით ხელით დამუშავებას.

რაც შეეხება სროლას და ექსპლუატაციას აქ პისტოლეტმა დატოვა ერთდროულად კარგი და არც ისე კარგი შთაბეჭდილებები. პირველ რიგში, როგორც 1911-ის კლონს, პისტოლეტს აქვს ფენომენალური სროლისუნარიანობა და შესანიშნავი ერგონომიკა. დიდი მასა 1100 გრამი ადვილად შთანთქავს უკუცემას. სასხლეტი არის ძალიან კარგი, როგორც ყველა 1911-ზე ზოგადად, რის გამოც სწრაფი და ზუსტი სროლა არის ადვილი. პისტოლეტიდან შესაძლებელია ერთ ნახვრეტში სროლა 15 მეტრიდან და ასევე ეფექტური სროლა 100 მეტრამდე მანძილზე. ცუდია, რომ პისტოლეტი არ იყო გასწორებული და საჭიროა გახდა მისი მისროლა. პისტოლეტი ისროდა ქვევით და მარცხნივ. შესაბამისად საჭირო გახდა წინა სამიზნე მოწყობილობის დადაბლება და უკანა სამიზნე მოწყობილობის გადაწევა.

ნეტში წერდნენ სუსტ ექსტრაქტორზე, რომელიც მზადდება ჩამოსხმის მეთოდით (გადაუმოწმებელი ინფორმაცია). სამწუხაროდ ჩვენ შემთხვევაში ეს ჭორი დადასტურდა და ექსტრაქტორს მოტყდა კბილი დაახლოებით 50 გასროლის შემდეგ. ბევრი იარაღის მფლობელისთვის ეს გახდებოდა სერიოზული პრობლემა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში პრობლემა გამოსწორდა 5 წუთში, როდესაც გატეხილი დეტალი შეიცვალა ამჯერად სწორედ დამზადებული ფრეზირებული Wilson Combat-ის ექსტრაქტორით, რომელიც წინასწარ იყო შეძენილი. ექსტრაქტორის მცირე მორგების შემდეგ იარაღი დაბრუნდა მწყობრში. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მე-80 სერიისთვის განკუთვნილი ექსტრაქტორი და საჭირო იქნება დამრტყმელის ბლოკირატორის მოხსნა ან ექსტრაქტორის მოდიფიკაცია. ამ შემთხვევაში უკეთესი იყო ბლოკირატორის მოხსნა ვინაიდან მე ვერ გავრისკავდი 40 დოლარინი ექსტრაქტორის გაფუჭებას. ხშირად ასეთ ოპერაციას (როდესაც დამრტყმელის ბლოკირატორი იხსნება) ასევე მოყვება უფრო მსუბუქი ტიტანისგან დამზადებული დამრტყმელის დაყენებაც, რომელიც გამორიცხავს ინერციულ დარტყმას ამაალებელზე, მაგრამ ნეტში გამოიანგარიშეს ძალა, რომელიც უნდა მიიღოს დამრტყმელმა რომ დაძლიოს ზამბარა და მიწვდეს ამაალებელს და რეალურ სამყაროში ასეთი ტიპის სიტუაციის წარმოქმნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ბლოკირატორი პირველად გამოჩნდა 80-ან წლებში, კოლტის ე.წ. ,მე-80 სერიის პისტოლეტებში და აქამდე ამ იარაღს უპრობლემოდ ხმარობდნენ ბლოკირატოირს გარეშეც. ჩვენ შემთხვევაში სხვა არჩევანიც არ იყო და ამიტომაც ბლოკირატორმა თავისი ზამბარით დატოვეს პისტოლეტის კონსტრუქცია. მე არ ვიცი მოერგება თუ არა იარაღს 70-ე სერიის ექსტრაქტორი, რომელიც არ გულისხმობს ბლოკირატორის არსებობას. შემიძლოია დავწერო, იმაზე რაც მე თვითონ ვნახე და გავაკეთე. PT1911-ში ბლოკირატორი ითიშებოდა სასხლეტზე დაჭერით და ამიტომაც ამ ოპერციის შედეგად  ისედაც კარგი სასხლეტი კიდე უფრო უკეთესი გახდა. გაითვალისწინეთ, მე არავის არ ურჩევ იარაღის თვითნებურ მოდიფიკაციას. ეს ცვლილება განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით რომ იარაღი მწყობრიდან გამოვიდა. თუ არ ჩავთვლით გატეხილ ექსტრაქტორს, სხვა არანაირ პრობლემას ადგილი არ ქონდა.  იარაღმა უპრობლემოდ მოინელა გადატენილი ვაზნები, რომლებიც ჩვენ მაღაზიებში იყიდება და რომლებიც ზოგადად ძალიან ცუდი ხარისხის არის.

გაყიდვაში .45 კალიბრის ვაზნები, მეტ წილად არის გადატენილი. თუ მასრებზე არის დეფორმაციები, ხოლო დამღები არის განსხვავებული, დიდი ალბათობით ეს გადატენილი ვაზნებია. ეს ორი ვაზნა აშკარად დეფექტურია და მათი გამოყენება სახიფათოა. ამიტომაც კარგად შეამოწმეთ ვაზნები, რომლებსაც ყიდულობთ. ამ ორი ვაზნის მასრები გაბზარულია, რაც ძალიან დიდ საფრთხეს ატარებს. ასეთი დაბალი ხარისხის ვაზნებში არ არის გამორიცხული დენთის ორმაგი მუხტიც რაც პრაქტიკულად დაანგრევს იარაღს და შეუძლია მსროლელიც დააზიანოს.

ექსტრაქტორის შეცვლამ გააუმჯობესა ექსტრაქცია, მასრები ტოვებდნენ იარაღს და საკმაოდ გრძელ მანძილებზე და კარგი ტრაექტორიით მიფრინავდნენ. ექსტრაქტორის ისტორია რომ დავასრულო, შემიძლია დავამატო, რომ სავარაუდოთ ედ ბრაუნის (Ed Brown) მე-80 სერიის ექსტრაქტორი ყენდება PT1911-ზე ისე, რომ შესაძლებელია დამრტყმელის ბლოკირატორის შენარჩუნება.

ექსტრაქტორის შეცვლაზე მე არ გავჩერებულვარ და ვინაიდან იარაღის დაფარვის შეცვლის გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო მე დამატებით დავამუშავე პისტოლეტის საკეტი ისე, რომ არც ერთი ბასრი კუთხე ზედ აღარ დარჩა.

1911-ის კუთხეების დამრგვალებას ქვია „დეხორნინგი“ და სარგებლობაზე ამ პროცესის ჯერ კიდევ 50-ან წლებში წერდა ჯეფ კუპერი. ასეთი პისტოლეტი უფრო სასიამოვნოა ხელში, ნაკლებად ცვითავს ეკიპირებას. მარცხნივ საკეტი ქარხნულ მდგომარეობაში, მარჯვნივ უკვე დამუშავებული.

შემდგომ იარაღი დაიფარა სპეციალური საღებავით Duracoat (ფერი Magpul Flat Dark Earth), რომელიც გაცილებით უფრო გამძლეა ვიდრე ქარხნული დაფარვა. ყველა წარწერა, დამღა და სერიული ნომრები დარჩა ხელუხლებელი და ადვილად წაკითხვადი. უკვე ამის შემდეგ ქარხნული ტარის პანელები შეიცვალა SI Custom-ის Punisher Grip Panel-ებით, რომელიც ყოველგვარი მორგების გარეშე პირდაპირ დაყენდა პისტოლეტზე. როგორც ჩემმა უცხოელმა მეგობარმა თქვა, არ არსებობს ორი ერთნაირი 1911.

იარაღის კასტომიზაცია ყველას ინდივიდუალური საქმეა, მაგრამ უდაოდ ჩვენ შემთხვევაში შედეგი კარგი გამოვიდა.

მთლიანობაში ამ ცმირე მოდერნიზაციის შემდეგ პისტოლეტი კიდე უფრო უკეთესი გახდა. რა თქმა ერთი კონკრეტული პისტოლეტისგან მიღებული გამოცდილება ბუნებრივია არაფერს არ ნიშნავს და მფლობელების გამოცდილება რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული. ყველაფერი რაც მე დავწერე არ ნიშნავს იმას, რომ ყველა 1911-ს ან ყველა PT1911-ს ჭირდება მოდიფიკაციები და გადაკეთებები, მაგრამ არ არის საჭირო ილუზიები. PT1911 არის ბიუჯეტური იარაღი ხოლო ზოგადად 1911 არ არის არიფისთვის, ამიტომაც 1911 ითხოვს გამოცდილ მფლობელს, რომელმაც იცის, როგორ მოუაროს ამ პისტოლეტს და „აიძულოს“ ის იმუშაოს კარგად. როგორც 60-ან წლებში გამოშვებული „მუსტანგი“ არ არის მანქანა ყველასთვის, ისე 1911 არ არის პისტოლეტი ნებისმიერისთვის ვისაც სურს პისტოლეტის ფლობა. ხოლო ბიუჯეტური 1911-ის შემთხვევაში პრობლემების ალბათობა მხოლოდ იზრდება. ზოგადად 1911-ის სისტემა უკვე მოძველებულია და გაცილებით ნაკლებად საიმედოა ვიდრე თანამედროვე პისტოლეტები. ერთადერთი რაშიც 1911-ს ჯერ ვერ ჯობნიან არის სროლისუნარიანობა და საოცარი ერგონომიკა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა 1911 კვლავ ჩვენთან არის და ფართოდ წარმოდგენილია. ხოლო PT1911 უდაოდ არის კარგი კლონი. როგორც ჩანს ტაურუსს ეს პისტოლეტი მართლაც გამორჩეული გამოუვიდა, მასად აიუბი თავის წიგნში Greatest Handguns of The World 1911-ის ევოლუციის ისტორიაში ამ პისტოლეტს ცალკე პარაგრაფი გამოუყო, როგორც 1911-ის ევოლუციის მნიშვნელოვან ეტაპს.

მოვლას და ექსპლუატაციას რაც ეხება, პისტოლეტის მოვლა ადვილია, და ამ მხრივ ის არაფრით არ განსხვავდება სხვა 1911-ის ტიპის პისტოლეტებისგან. უბრალოდ გირჩევთ პისტოლეტი დაშალოთ შემდეგნაირად. ჯერ დააჭირეთ ზამბარის ხუფს საკეტზე წინიდან და გაწიეთ გათავისუფლებული ბუშინგი მარცხნივ (საკეტს უყურებთ წინიდან). ამის შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ხუფი და ზამბარა. შემდეგ დაატრიალეთ ბუშინგი მარჯვნივ და მოხსენით ის საკეტს. უკვე ამის მერე გაწიეთ საკეტი უკან და ამოიღეთ საკეტის შემაკავებელი. მოხსენით საკეტი ჩარჩოს და ამოიღეთ ზამბარის ღერძი და ლულა. აწყობა პირიქით განახორციელეთ. გაცილებით უფრო ძნელია საკეტის ცალკე აწყობა და მერე დაყენება ჩარჩოზე, როგორც ეს უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების შემთხვევაში ხდება.

 

PT1911-ს გაძეძგილია ოფციებით, რომლებიც განკუთვნილია უკეთესი სროლისუნარიანობის და ერგონომიკისთვის. ტარის მცველის ამობრცული ფორმა უზრუნველყოფს მცველის გათიშვას თუნდაც სუსტი ჭერის შემთხვევაში. მჭიდის ძირები არის სქელი და გარეთ გამოწეული რაც იდეაში უზრუნველყოფს უფრო ადვილ მათ მოთავსებას იარაღში და ასევე წესით უნდა იძლეოდეს “მაგველის” გამოყენების საშუალებას.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. PT1911 არის საკმაოდ საინტერესო იარაღი. ის ალბათ არ იქნება საუკეთესო იარაღი ყოველდღიური ტარებისთვის და ნაკლებად გამოდგება სამსახურეობრივი იარაღის როლისთვის მაგრამ თუ გაქვთ სურვილი იქონიოთ 1911-ის ტიპის იარაღი და არ გინდათ ბევრი ფულის დახარჯვა მაშინ PT1911 კარგი არჩევანია. გამომდიინარე იქიდან, რომ პისტოლეტი ძალიან მდიდრულ კომპლექტაციაშია, სროლის დროს თქვენთივს გარანტირებულია მასა სასიამოვნო ემოციების. გამოხმაურებების საფუძველზე და ჩვენმა ტესტმაც ეს დაადასტურა PT1911-ები ზოგადად ძალიან ზუსტი პისტოლეტებიაა. მცირე პრობლემებმა არ უნდა შეგაშინოთ, ეს არის 1911 და ის მუდმივ ყურადღებას ითხოვს.  რამდენად თქვენ გჭირდებათ ბიუჯეტური 1911 თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კლასში ტაურუსი გამორჩეულ პოზიციას იკავებს.


 



3 Responses to “ჩვენი ტესტი – Taurus PT 1911”

  1. jurkha says:

    მშვენიერი სტატიაა, გილოცავთ ახალ შენაძენს

  2. lasha says:

    gamarjoba batono levan tu icit axal modelebsac extraktoris problemebi aqvs pt1911 vikide da mainteresebs

  3. Shooter says:

    ზუსტად ვერ გეტყვით მაგას. ჯობია თავი დაიზღვიოთ და იყიდოთ ეს დეტალი მაგალითად და თუ გაფუჭდა მერე გამოაცვლევინოთ ხელოსანს. http://www.amazon.com/Govt-Acp-Ser-70-Blt-Extrctr/dp/B004XADMZ8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1438374233&sr=8-1&keywords=1911+extractor

დატოვეთ კომენტარი