ჩვენი ტესტი – დრაგუნოვის შაშხანა

შაშხანები/კარაბინები აღჭურვილი ოპტიკური სამიზნით არც ისე ხშირი სტუმრებია ჩემ ბლოგზე. მიზეზი ამისი პირველ რიგში არის ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სპეციალიზაცია თავდაცვით იარაღზე, პისტოლეტებზე, რევოლვერებზე, ტაქტიკურ თოფებზე. ბუნებრივია, რომ შორსმსროლელი იარაღები ამ კატეგორიაში ნაკლებად ჯდება და შესაბამისად არც ისე დიდი ყურადღება ექცევათ.

ვერ ვიტყვი, რომ მე არ მაქვს ინტერესი ზუსტი იარაღების/შაშხანების მიმართ. პირიქით მე ძალიან მომწონს ზუსტი სროლის პროცესი. რიტუალი იარაღის მომზადების, სასროლეთზე გამგზავრების, პოზიციის მოწყობის, სამიზნის განლაგების და რა თქმა უნდა სროლის ჩემთვის არ არის უცხო და ერთი პერიოდიც ამ თემით ძალიან ვიყავი დაინტერესებული. გარდა ამისა არც ისე დიდიხანია თბილისში გაჩნდა ხელმისაწვდომი (შედარებით) უცხოური წარმოების შაშხანები. მათი ფასი 1300 ლარიდან იწყება და ეს არც ისე ცუდია ქვეყნისთვის სადაც საწყობებიდან ჯართის ფასად გაყიდული სკს-ები  1500 ლარი ღირს. პრინციპში ერთადერთი რაც მე მაჩერებდა იყო იმის გათვითცნობიერება რომ გარდა იმისა, რომ უნდა გადამხედა 1300 ლარი 300 დოლარიან შაშხანაში, შემდგომ ასევე უნდა მეყიდა ოპტიკის „რგოლები“, ოპტიკური სამიზნე, სადგარები, შალითა, ვაზნების მარაგი, საწმენდები და სხვა წვრილმანები, რის გამოც საბოლოო “პაკეტის” ფასი იქნებოდა ბევრად მეტი ვიდრე 1300 ლარი. ასეთი ხარჯები კიდე ცილდებოდა ჩემ შესაძლებლობებს. გარდა ამისა ყველაფერი რაც მე მაქვს, როგორც წესი უნდა ასრულებდეს თავდაცვითი იარაღის როლს, და ოპტიკიანი “ბოლტი” ამ კონცეფციაში არანაირად არ ჯდებოდა. აქიდან გამომდინარე უკვე საჭირო არ ხდება ახსნა იმისა, რატომ მოხვდა ჩემთან ტიგრი და არა სხვა რამე. თვითდამტენი, 7.62X54R კალიბრის შაშხანა “ტიგრი” აღჭურვილი სტანდარტული ПСО-1 ტიპის ოპტიკური სამიზნით წარმოადგენს  ექსპლუატაციისთვის გამზადებულ სისტემას. აავსეთ მჭიდები ვაზნებით და წინ სასროლეთზე. გარდა ამისა თავისი როლი რა თქმა უნდა ითამაშა ხელსაყრელმა ფასმა და პირობებმა, რა პირობებითაც მე გადმომეცა ეს შაშხანა. ასევე ჩემ “ტიგრს” მოყვა შალითა, ქამარი, დამატებითი მჭიდი, ოპტიკური სამიზნის შალითა. ერთი „ანგარიშის“ გადახდით მე მივიღე სისტემა, რომელიც მზად იყო გამოყენებისთვის ეგრევე ავიღებდი თუ არა მასზე ნებართვას. “ტიგრის” ფასს რაც შეეხება, დღეს მეორადი ამ მოდელის იარაღის ფასი მერყეობს 2500-3000 დოლარის ფარგლებში (თუ ვიმსჯელებთ განცხადებებით იარაღის გაყიდვის შესახებ, რომლებიც ამ სტატიის დაწერის მომენტში დევს ინტერნეტში). მე მიმაჩნია, რომ ეს ძალიან ძვირია თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ტიგრები დიდიხანია არ შემოტანილა გასაყიდათ ჩვენ ქვეყანაში და აშშ-ში სადაც იგივე სიტუაციაა, ტიგრის ფასი შეადგენს 2000 დოლარს კარგ მდგომარეობაში მყოფი მოდელისთვის. СВД-ს ფასი კი (რომლის სამოქალაქო ვერსია არის “ტიგრი”) იქ აღწევს 10 000  დოლარს! მიზეზი ამისა არ არის ევგნეი დრაგუნოვის კონსტრუქციის შაშხანის გამორჩეული საბრძოლო თვისებები არამედ მათი ამერიკაში იშვიათობა და საკოლექციო ღირებულება. ანუ იქაც და აქაც “ტიგრი” არის საკმაოდ იშვიათი და მაღალი ფასიც ამით აიხსნება.

მიუხედავად იმისა, რომ დრაგუნოვის შაშხანას აქვს უამრავი მინუსი, რომელზეც მათ შორის ბლოგზეც მეწერა (ამაზე ცოტა მოგვიანებით), ასევე ამ სისტემას გააჩნია ჩემი აზრით ბევრი დადებითი და ძლიერი მხარეც, რომლის არ დანხავა და იგნორირება ამ იარაღის შეფასებისას არ შეიძლება. პირველ რიგში ტიგრი/სვდ არის ძალიან საიმედო სისტემა, ტრადიციული თითქმის ყველა საბჭოთა სამხედრო იარაღისთვის. მას აქვს მოსახსნელი 10  ვაზნიანი მჭიდი გათვლილი ყველაზე ძლიერ ვაზნაზე, რომელიც ადამიანმა შესაძლებელია ისროლოს ნახევრად ავტომატური იარაღიდან ადეკვატური ეფექტურობით. იარაღი ადვილად იშლება და ადვილად იწმინდება. მას, როგორც უკვე ავღნიშნე კომპლექტში უკვე მოყვება მოძველებული მაგრამ ეფექტური ოპტიკური სამიზნე თავისივე კრონშტეინით. სადგარი? ტიგრზე საერთოდ სადგარი გათვალისწინებული არ არის, ასე რომ ესეც არ ხდება თავსატეხი. ოპტიკური სამიზნე მორგებულია 7.62 კალიბრის ტყვიის ტრაექტორიაზე, ხოლო ბალისტიკური ცხრილებია გამზადებულია და დევს ინტერნეტში. ტიგრის და სვდ-ს პატრონებმა ასევე უნდა წაიკითხონ ეს ნაშრომი, რომლეიც მოიცავს მინიმალურ ინფორმაციას, რომელიც მფლობელმა უნდა იცოდეს დრგაუნოვის შაშხანაზე.


რაც შეეხება სტანდარტულ ოპტიკას, ПСО-1 (Прицел снайперский оптический) შეიქმა სპეციალურად დრაგუნოვის შაშხანისთვის 1963 წელს. ის განკუთვნილია საჯარისო სნაიპერითვის და ამიტომაც ძალიან ადვილია მოხმარეებაში. ის ასევე აღჭურვილია პრიმიტიული მაგრამ ეფექტური ოპტიკური მანძილმზომით. მისი მასა 620 გრამს შეადგენს. გადიდება ფიქსირებულია, ოთხჯერადი. დიახ ის ნამდვილად საკმაოდ სუსტია, კი ის გაბარიტულია და მძიმე, მაგრამ თუ ის არ არის “მოკლული” ის მუშაობს კარგად. მას აქვს ინტეგრირებული ოპტიკური მანძილმზომი, მზისგან დამცავი „ბლენდა“ და ბადის განათების ოფცია. 60-ნი წლებისთვის ეს იყო კოსმოსური ტექნოლოგიების დონე. თუ გაგიმართლად და შეგხვდათ სამიზნე ნათელი მინებით, ხოლო შესწორებების მექანიზმი მუშაობს კარგად, მაშინ დამიჯერეთ, ПСО-1 ხდება საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტი.

თუ თქვენი ტიგრი კარგ შედეგებს იძლევა, შესაძლებელია მასზე უფრო უკეთესი ოპტიკური სამიზნის  და მეტ ნაკლებად უნივერსალური კრონშტეინის დაყენება. ეს შეიძლება საკმაოდ პრობლემატური იყოს ვინაიდან მაღალი ხარისხის ფოლადის კრონშტეინები ძალიან ძნელად იშოვება. გვერდითა სამაგრი გარანტირებულად კარგად მუშაობს მხოლოდ ორიგინალური კრონშტეინებით, რომლებიც ПСО-1-ს ნაწილს წარმოადგენენ. სურათზე არის CTC-ის წარმოებული მეტ ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ალუმინის კრონშტეინი. სურათის წყარო http://www.maksimov.su

მე არ ვთვლი, რომ სვდ/ტიგრი არის სნაიპერის იარაღი. სნაიპერული კომპლექსი შედგება იარაღისგან, ოპტიკური სამიზნისგან, სნაიპერული ვაზნისგან და სადგარისგან, ყველაფერს უნდა ქონდეს მსროლელზე მორგების საშუალება. ოპტიკა არის ძალიან სუსტი დღევანდელი სტანდარტებით, სადგარი იარაღზე გათვალისწინებული არ არის, სნაიპერული ვაზნა პრაქტიკულად არ არსებობს, რეგულირებები არ არსებობს შესაბამისად სნაიპერული სისტემა სვდ/ტიგრი არ არის. ნიშნავს ეს, რომ ტიგრი არ შეიძლება იყოს ზუსტი?  ბუნებრივია ეს კითხვა, მეც მაწუხებდა და ბლოგის ინტერესებიდან გამომდინარე საჭირო იყო მიზნობრივი ტესტირების ჩატარება. მოსახსნელი მჭიდი, საიმედოობა და ძლიერი კალიბრი კარგია, მაგრამ შაშხანა უნდა იყოს ზუსტი, მაგრამ რამდენად ზუსტი? მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 8სმ-ნი ჯგუფი 100 მეტრზე სვდ-თვის არის მისაღები გადმოყვა ჯერ კიდევ იმ დროიდან რა დროსაც ქმნიდნენ მოსინ-ნაგანის შაშხანის სნაიპერულ მოდიფიკაციას, საშუალო სიზუსტე სვდ/ტიგრებისთვის არის 5-7სმ 100მეტრზე. მეოირეს მხრივ რუსულ ფორუმზე, რომ დაწეროთ „მინუტნი“ ტიგრზე, დამიჯერეთ დაგმარხავენ „ტაბურეტკების“ ქვეშ.  რუსეთი საკმაოდ წინ წაიწია ზუსტი სროლის ხელოვნების განვითარებაში, და იქაური მსროლელები დიდიხანია გადასულები არიან უცხოურ სისტემებზე და “,ტიგრი” იქ რჩება უფრო რელიქვიად, ისტორიულ არტეფაქტად და არა სისტემად რომელსაც აქვს პრაქტიკული გამოყენება. რუსეთის საარმიო სპეცრაზმების სნაიპერები „ტაბელური“ სვდ-ეებით სტაბილურად იკავებენ ბოლო ადგილებს სნაიპერულ შეჯიბრებებში მაშინ, როდესაც პოლიციური და სპეც სამსახურების სნაიპერების გუნდები დიდიხანია ასპარეზობენ ნაირ-ნაირი უცხოური სისტემებით. მათთვის ადვილია ცალკეული იარაღის ერთეულების შეძენა, მაშინ როდესაც საჯარისო ნაწილები უნდა დაკმაყოფილდნენ იმით რასაც ფედერალური მთავრობა მათთვის ცენტრალიზებულად იძენს.

სურათზე არის კონსტანტინოვის შაშხანა (სამი სხვადასხვა მოდიფიკაცია), რომელიც იყო დრაგუნოვის კონკურენტი. საუკეთესოს გამოსავლენად თავად ვასილი ზაიცევიც მოიწვიეს. მე არ ვარ დარწმუნებული ზაიცევი მართლა ძლიერი სნაიპერი იყო თუ პროპაგანდისტული მითი მაგრამ ერთი მსროლელის გადასაწყვეტი ამხელა საქმე არ უნდა იყოს. ლეგენდის თანახმად ზაიცევს გაუჭირდა გამარჯვებულის დასახელება.

მე ძალიან მაინტერესებდა რა შედეგების მიღება შესაძლებელი იქნებოდა ტიგრიდან, რომელიც აღჭურვილი იქნება სტანდარტული ПСО-1-ით. ვერ ვიტყვი, რომ ტიგრის თემა ჩემთვის აქამდე უცნობი იყო. საკმაოდ ბევრი ვაზნა მაქვს ნასროლი ამ იარაღიდან, უბრალოდ ამჟამად მე მქონდა სურვილი სპეციალურად ბლოგისთვის ტესტირების ჩამეტარებინა და ბოლოს და ბოლოს საქმე ეხებოდა ჩემ პირად საკუთრებაში მყოფ იარაღს! სროლა ხორციელდებოდა წოლითი პოზიციიდან 100 მეტრის სიშორით განლაგებულ სამიზნეზე. საყრდენის როლს ასრულებდა რიუკზაკი. ქარი იყო უმნიშვნელო, უბერავდა მარჯვნიდან მარცხნივ.  რუსული წარმოების ვაზნა 9.6 გრამიანი მთლიანად გარსით დაფარული ტყვიით, აჩვენა შედეგი 4.5 სმ 100 მეტრზე (5 გასროლა).  იგივე ტიპის და მასის ტყვიით ვაზნა განკუთვნილი ზუსტი სროლისთვის (7H1) აჩვენა შედეგი 3.5 სმ (4 გასროლა) აქიდან სამი საუკეთესო მორტყმული იყო მხოლოდ და მხოლოდ 1.9სმ! საჭირო გახდა მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებების შეტანა ოპტიკურ სამიზნეში. თავდაპირველად შაშხანა ისროლა მარჯვნივ და დაბლა.

ასე გამოიყურება ერთ ერთი საუკეთესო ჯგუფი 100 მეტრზე 9.6 გრამიანი “სტანდარტული” ტყვიით სროლისას

აქ მხოლოდ 4 გასროლა განხორციელდა ვინაიდან მეოთხე ტყვია სამიზნის უკან ქვას მოხვდა და ნამსხვრევებით დააზიანა ის.

ამ მინი-ტესტის შედეგად მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დრაგუნოვის სისტემის შაშხანის სიზუსტე პირდაპირ უკავშირდება ვაზნის ტიპს და ვაზნის და იარაღის შესრულებას. შედეგი გაუმჯობესდება უკეთესი სასხლეტის, სადგარების და კარგი ოპტიკური სამიზნის გამოყენების შემთხვევაში. მიუხედავად ამისა მე მიმაჩნია, რომ მიღებული შედეგები ძალიან კარგია. 4.5 სმ 100 მეტრზე არის კარგი შედეგი მასიური პრაქტიკულად სამხედრო ნახევრად ავტომატური შაშხანისთვის.  1.8 MOA ჩვეულებრივი ვაზნების გამოყენების შემთხვევაში არ არის ცუდი შედეგი. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ შესრულება და ხარისხის კონტროლი მერყეობს არ მგონია ყველა ქარხნიდან გამოსულ „ტიგრს“ ქონდეს ასეთი შედეგები. აწყობის ხარისხი იყო, არის და იქნება რუსეთში წარმოებული იარაღის მთავარი ნაკლი.

რაც შეეხება ზოგად შთაბეჭდილებებს, უნდა ვაღიარო, რომ დრაგუნოვის შაშხანა არ გამოირჩევა კარგი ერგონომიკით. მასზე იძახიან, რომ ის შექმნილია სპორტსმენის მიერ, ვისაც ესმოდა როგორი უნდა იყოს შაშხანა განკუთვნილი ზუსტი სროლისათვის. მე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. შაშხანის კონდახი ძალიან მოკლეა, ხოლო მისი უკანა ნაწილი არის თხელი ფოლადის ფირფიტა, რაც ძალიან არაკომფორტულს ხდის სროლას. კონდახი ძალიან სწორია და მაღალი რის გამოც სროლა მექანიკური სამიზნე მოწყობილობებით ძალიან ძნელია. სალოყე უნდა მოიხსნას “რკინის” სამიზნე მოწყობილობების გამოყენებისას, სხვანაირად დამიზნება შეუძლებელია. მცველის გამორთვა-ჩართვისთვის დიდი ძალა არის საჭირო და გადართვისას ის ძალიან ხმაურობს. საკეტის სახელურის ფორმა არ უზრუნველყოფს მის კომფორტულ გახსნა ჩაკეტვას. კალაშნიკოვზე იგივე ფორმის დეტალია მაშინ როდესაც უფრო ადრინდელ იარაღებზე ეს დეტალი იყო მრგვალი და ხელის ტრავმირება მისი ბასრი კუთხეებით იყო შეუძლებელი. სასხლეტი არ იძლევა რეგულირების საშუალებას, რაც სნაიპერული სისტემისთვის არის აუცილებლობა. არც ტიგრზე და არც სვდ-ზე არაფერი არ რეგულირდება, რის გამოც არა შაშხანა ერგება მსროლელს არამედ პირიქით – მსროლელი უნდა მოერგოს შაშხანას. ერთადერთი რისი რეგულირებაც შესაძლებელია არის სალოყე. მისი გადატანა შესაძლებელია მარცხენა ან მარჯვენა მხრიდან სასროლად.

დადებით მხარეებს განეკუთვნება შაშხანის მცირე გაბარიტები და არც ისე დიდი მასა, რომელიც შეადგენს 4.6 კგ-ს ოპტიკით და სავსე მჭიდით. შაშხანა აღჭურვილია საკეტის შემაკავებლით, რომელიც ტოვებს საკეტს გახსნილ მდგომარეობაში ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. გადატენვის სისწრაფე არ არის პრიორიტეტული ასეთი კლასის იარაღში, თუმცა მსროლელი ეგრევე ხვდება რომ ბოლო ვაზნა გაისროლა, რაც სიგნალია მჭიდის გამოცვლისთვის.  კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ დრაგუნოვის შაშხანა ძალიან საიმედოა. მხოლოდ ერთხელ ამ ტიპის შაშხანამ თქვა უარი იმ ვაზნების მონელებაზე, რომლებითაც ე.წ. “ნიჭიერი და გაღლეტილი” პატრიორტი მენეჯერები ამრაგებდნენ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს. თუ სწორედ მახსოვს ვაზნები იყო ალბანური წარმოების. ჩემი აზრით ასეთი ვაზნებით მომარაგება საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების არის დანაშაული. ჩვენ ჯარში ამ ვაზნებზე გათვლილია სვდ-ს შაშხანები და პკ-ს თყვიამფრქვევები. ორივე ეს სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ბრძოლაში და თუ ის არ ისვრის იმის გამო, რომ ვაზნა არის ნაგავი მაშინ დიდ პრობლემას აქვს ადგილი.

ტიგრის ლულას რაც შეეხება, ხრახნების ბიჯი არის 320, როგორც პირველი გამოშვების სვდ-ებში. ლულის სიგრძე სამხედრო მოდელთან შედარებით არის მოკლე. 53 სმ. ეს არ არის ნაკლი. მოკლე ლულა ნაკლებ რხევას განიცდის, იარაღი მთლიანობაში არის უფრო კომპაქტური.  53 სმ არის აბსოლუტურად ადეკვატური ლულის სიგრძე იმ მანძილებისთვის რა მანძილებზეც ეს საშხანა ისვრის ეფექტურად. ინტერნეტში დადის ჭორი, რომ ტიგრის ლულები მზადდება უფრო მარტივი ტექნოლოგიით ვიდრე სვდ-ს ლულები. რამე ამის დადასტურება ოფიციალური წყაროებიდან არ არსებობს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რუსული მწარმოებლების ფანატურ და გაუგებარ სურვილს მაქსიმალურად განასხვავონ სამოქალაქო იარაღები უარესი მხრისკენ არ არ გამორიცხული, რომ არ ჭორს რაღაც რეალური საფუძვლები აქვს. გავიმეორებ სანდო ინფორმაცია ტექნოლოგიურ სხვაობებზე არ არსებობს.

სიზუსტის პოტენციალს რაც შეეხება მე მიმაჩნია, რომ .30 კალიბრების გამოყენებისას, იქნება ეს რუსული 7.62X54R თუ ამერიკული .308Win, დრაგუნოვის შაშხანა უფრო უპირატესი პლატფორმაა ვიდრე კალაშნიკოვის სისტემა. ჩემი აზრია, რომ .30 კალიბრის კალაშნიკოვის სისტემაზე აგებული შაშხანები არ შეიძლება ჩაითვალოს სერიოზულ იარაღად. კალაშნიკოვის ავტომატები შუალედურ, უფრო სუსტ ვაზნაზეც არ ბრწყინავდნენ სიზუსტით და რატომ უნდა მოგივიდეს თავში აზრი მათ ბაზაზე შექმნა ზუსტი სისტემები უფრო ძლიერ ვაზნაზე მე არ მესმის. ვეპრი 5.45X39, რომელიც მე მქონდა იყო შესანიშნავი იარაღი. დიდი მასა, ტყვიამფრქვევის სალულე კოლოფი, სქელი ლულა, მთლიანობაში ქმნიდა ძალიან სასიამოვნო და ზუსტ სისტემას მაგრამ იგივე ვეპრი კალიბრში .308 იყო, ყველაზე აზრს მოკლებული სისტემა, რომელიც მე ოდესმე ხელში მჭერია. დრაგუნოვს შაშხანა იზიარებს ბევრ მინუსს კალაშნიკოვის სისტემასთან მათ შორის უპირველეს ყოვლისა თხელი “ჟესტის” ხუფს, რომელზეც ვერაფერი ვერ ყენდება და გვერდითა ოპტიკის სამაგრს, მაგრამ ამავე დროს გააჩნია სქელი ფრეზირების მეთოდით დამზადებული ლულის კოლოფი, რომელიც უკეთესად იტანს ვიბრაციებს და მეტი სიხისტის გამო გაცილებით მეტი სიზუსტის პოტენციალი გააჩნია. ტიგრზე/სვდ-ზე დაყენებული გვერდითა სამაგრი უფრო საიმედოა და მყარი ვიდრე იგივე დეტალი დაყენებული კალაშნიკოვის კლონებზე.

ჩემი აზრით მსოფლიოში საუკეთესო .30 კალიბრის თვითდამტენი შაშხანა არის უიჯინ სტოუნერის AR-10. შექმნილი გასული საუკუნის 50-ნი წლების ბოლოს ის უდაოდ იყო რევოლუციური და ინოვაციურობის დონით უკან შორს იტოვებს დრაგუნოვის ქმნილებას, რომელიც დაახლოებით იგივე პერიოდში იქმნებოდა. დღეს AR-10-ის ბაზაზე შექმნილია მსოფლიოში საუკეთესო თვითდამტენი სნაიპერული სისტემები. ქვევით მარჯვნივ: Lewis Machine & Tool Company-ის .308 Modular Weapons System.

დაშლა, აწყობა, წმენდას რაც შეეხება აქ დრაგუნოვის შაშხანა არ ღალატობს სსრკ-ში იარაღის წარმოების ტრადიციებს. იარაღი ადვილად იშლება და იწყობა. ააწყო რამე არასწორედ პრაქტიკულად შეუძლებელია. ინსტრუმენტები საჭირო არ არის. ღილაკი კონდახთან, ლულის კოლოფზე მარჯვნივ ათავისუფლებს კოლოფის ხუფს, რომელსაც მოყვება დამაბრუნებელი ზამბარა. საკეტის ჩარჩო და საკეტი ადვილად ტოვებს ლულის კოლოფს. ღილაკი წინა სახელურზე, დენთის აირების კამერასთან, ათავისუფლებს წინა სახელურის ორ ნახევარს. გაწიეთ უკან დენტის აირების სისტემის ღერძი, ამოიღეთ მოკლე დგუში და ფრთხილად აწიეთ ღერძი მაღლა რომ  ის გარეთ გამოიღოთ. მორჩა. იარაღი დაშლილია. აწყობა პირიქით ხდება. თუ ვერ გაიგეთ მიმართეთ youtube.com-ს. იქ დევს პრაქტიკულად ყველა იარაღის დაშლა აწყობის ვიდეო. ტიგრს ადვილად ეხსნება დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსი, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს წმენდას.

ეხლა გადავიდეთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხებზე. გაითვალისწინეთ, რომ ის რითიც თქვენ “დრაგუნოვს” კვებავთ, დიდი ალბათობით არის კოროზიული ტყვიაწამალი ანუ ამაალებლის ნივთიერების წვა იწვევს ლულაში მავნე კოროზიული ნივთიერებების მოხვედრას, რისგანაც ქრომირებული დაფარვაც არ იცავს. ქიმიური ნივთიერებების სახელების წერისგან თავს შევიკავებ და გეტყვით მინიმუმს რაც უნდა იცოდეთ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენების შესახებ. ნივთიერება, რომელიც რჩება ლულაში არის ჩვეულებრივი სუფრის მარილის ნაირსახეობა. ჩვენ ყველამ ვიცით რა ზიანის მიყენება შეუძლია მარილიან ზღვის წყალს იარაღისთვის. ეს არის ერთ ერთი კი არა და ყველაზე აგრესიული გარემო, რომელშიც შეიძლება იარაღი მოხვდეს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ყოველი სროლის შემდეგ თქვენი იარაღის ლულის არხი და სხვა ნაწილები ასეთი წყლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, იმიტომ, რომ ლულაში დარჩენილი მარილი იწოვს ნესტს ჰაერიდან და იგივე ეფექტს იძლევა რაც ზღვის წყალში ბანაობა. ეხლა კი უნდა მიხვდეთ (ვინც ამას აქამდე ვერ ხვდებოდით) რაოდენ მნიშვნელოვანია იარაღის სწორი მოვლა კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენებისას. როგორც უკვე ვთქვი ქრომირებული დაფარვა არ არის პანაცეა. მე ნანახი მაქვს ტიგრი, რომლიდანაც ისროლეს რამოდენიმე ათეული ვაზნა და დატოვეს ერთი წლით გაუწმენდავი. ლულას კოროზია გაუჩნდა და მოხდა ქრომის ფენის აქერცვლა. ქრომი ზრდის დაცვის ხარისხს და აადვილებს წმენდას მაგრამ ის არ იცავს სრულად ლულის არხს მარილების ზემოქმედებისგან. ასე, რომ  დაივიწყეთ ტრანსფორმატორის ზეთები და ნავთი. გამოიყენეთ მაღალი ხარისხის ლულის საწმენდი სითხეები, რომლებიც ნეიტრალურია ქრმომის მიმართ (წაიკითხეთ რა აწერია ფლაკონს ასეთი სითხით!). ლულის საწმენდი Hoppes N9 ერთ ერთი ასეთი სითხეა, რომელსაც მე მრავალი წელი ვიყენებ. ის იაფია, ის არ ყარს, არ არის ძალიან ტოქსიკური, ის შლის ნამწვავს და ანეიტრალებს კოროზიის გამომწვევ ნივთიერებებს. გაითვალისწინეთ, რომ კოროზიული ტყვიაწამლის გამოყენება ასევე ითხოვს არა მარტო ლულის არამედ სხვა მექანიზმების უფრო ინტენსიურ წმენდას. ეს ეხება საკეტს, დენთის აირების სისტემას, დგუშს და რა თქმა უნდა ლულას. ყველა იმ ნაწილს, რომელსაც ხვდება ნამწვავი. პრაქტიკულად ყველა რუსული ყოფილი სამხედრო ტყვიაწამალი არის კოროზიული. აღმოსავლეთ ევროპიდან ძველი გამოშვების ამუნიცია ასევე შეიძლება იყოს კოროზიული. თუ არ ხართ დარწმუნებული და ვერ ადგენთ ამუნიციის წარმომავლობას, წმინდეთ და ხეხეთ იარაღი ისე თითქოს ზღვაში ჩაგივარდათ. თუ ეს დაგეხმარებათ გეტყვით, რომ ამუნიცია თქვენი იარაღისთვის არის ორი ტიპის ამაალებლით, ბოქსერის და ბერდანის ტიპის. ბოქსერი ნიშნავს, რომ ამაალებელი გასროლისას არ წარმოქმნის მავნე მარილებს ხოლო ბერდანის ამაალებლები უმეტეს შემთხვევაში ასეთ ნივთიერებეს წარმოქმნიან.

მარცხნივ ბერდანი, მარჯვნივ ბოქსერი

თუ არ გაქვთ საშუალება გამოიყენოთ სპეციალური სითხე მაშინ გამოსავალი არის ლულის გამორეცხვა ცხელი წყლით. ცხელი წყალი ადვილად შლის და აშორებს მარილს (ზეთი მარილს არ აშორებს!). წყლით გამორეცხვის მერე ლულა უნდა გაამშრალოთ და ზეთით გამოწმინდოთ, რომ გამორცხოთ კოროზია, გამოწვეული წყლის ზემოქმედებით.

ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს იარაღს კოროზიული ვაზნების გამოყენებისას და არა სათანადო მოვლისას კარგად ჩანს ამ სურათიდან. წყარო  akeyboardanda45.blogspot.com

დიახ, დრაგუნოვის შაშხანა არ არის სნაიპერული იარაღი, დიახ ოპტიკა არის სუსტი, აწყობის ხარისხი მერყეობს, შესრულება საშუალოა, მაგრამ ის ისვრის კარგად, ის ისვრის ყოველთვის, მას ნაკლებად ეშინია დაბინძურების. ის მსუბუქია და კომპაქტური, იყენებს ძლიერ .30 კლაიბრის ვაზნას და ბოლოს და ბოლოს ტიგრიდან სროლა მაგრად “ასწორებს”. დაგეგმილი მაქვს ტიგირს ტესტირება უფრო შორ მანძილებზე სხვა და სხვა ტიპის ვაზნების გამოყენებით და შედეგებს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.


რუსეთში ისწავლეს ზე-ზუსტი დრაგუნოვის შაშხანების გამოშვება. ლულა არის ლოტარ ვალტერის, კონდახი არის ამერიკული „მაგპულის“ წარმოება, პისტოლეტის ტარი „ა2“ ტიპის თუმცა, როგორც ჩანს შესაძლებელია ნებისმიერი სხვა ტიპის სახელურის გამოყენება, რომელიც AR-ებზე ყენდება. ასეთი პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ერთეულებისთვის, ვინაიდან შაშხანა არ არის მოდულური და მნიშვნელოვან გადაკეთებებს საჭიროებს. ფასი შესაბამისად ვერ იქნება პატარა.  AR სერია არ გეგონოთ, რომლის გადაწყობა პრაქტიკულად ინსტრუმენტის გარეშე შესაძლებელია. წყარო http://www.nfbv.ru

 



One Response to “ჩვენი ტესტი – დრაგუნოვის შაშხანა”

  1. გიო says:

    ბრავო! შესანიშნავია!

დატოვეთ კომენტარი