Heckler&Koch P2000

მე თითქმის ყველაფერი მომწონს გერმანული Heckler&Koch-ის პისტოლეტებში (ვგულისხმობ USP-ს პისტოლეტების ოჯახს).  მომწონს მათი კონსტრუქცია, ერგონომიკა, დამზადების ხარისხი. მომწონს რეპუტაცია, რომელიც მათ გააჩნიათ, უკვდავი და საიმედო იარაღის. მომწონს, რომ მათზე ყველაზე ნაკლებად წუწუნებენ ინტერნეტში. ბოლოს ვიტყვი რომ ეს პისტოლეტები ერთ ერთი ყველაზე ზუსტი პისტოლეტებია, რომლებიც მე ოდესმე მისვრია. უდავოდ H&K USP არის გერმანული წარმოების საუკეთესო პროდუქტი. რაც არ მომწონს ამ პისტოლეტებში არის მათი ზომები. გლოკს ადარებენ აგურებს მაგრამ გლოკები USP-ებთან შედარებით გამოიყურება, როგორც მოკრივე მსუბუქ წონაში სუმოს მოჭიდავესთან შედარებით. შეიძლება სხვაობა ამ ორ პისტოლეტს შორის ასეთი დრამატული არ არის, მაგრამ USP  არის დიდი იარაღი. მისი ფარული ტარება ამის გამო საკმაოდ რთულია. ტარი არ ერგება ყველა ხელს და მსროლელს პატარა ხელებით გაუჭირდება ამ პისტოლეტების კონტროლი. იგივე მაგრამ ნაკლები ხარისხით ეხება იგივე პისტოლეტის კომპაქტურ მოდელსაც. გამომდინარე იქიდან, რომ კომპაქტზე არის რკინის მჭიდი, ტარი უფრო თხელია, მაგრამ საკეტის სისქე იგივეა. ამის გამო USP Compact-ს აქვს განსაკუთრებული ერგონომიიკა და მიუხედავად იმისა, რომ ეს შესანიშნავი იარაღია ჩემ ხელში ის როგორც იტყვიან არ ზის კარგად.

როგორც ჩანს ამას კარგად ათვითცნობიერებდნენ  ობერნდორფში, სადაც მდებარეობს ხეკლერ&კოხის შტაბ ბინა და 2001 წელს, 8 წლის შემდეგ რაც გამოჩნდა USP, ხეკლერ&კოხმა წარმოადგინა ახალი პოლიციური/სამსახურეობრივი პისტოლეტი ინდექსით P2000.

ტექნიკურად P2000 პრაქტიკულად USP-ს იდენტურია, თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებები. პისტოლეტის ფორმები უფრო დახვეწილია, საკეტი ისეთი მსხვილი არ არის. პისტოლეტის „ცხვირი“ შევიწროებულია. პისტოლეტს არ გააჩნია მცველი, ხოლო „დეკოკერი“ განლაგებულია საკეტის უკან, სასხლეტის გვერძე. ამის გამო პისტოლეტს გვერდებიდან არ გააჩნია არანაირი კონტროლის ორგანოები გარდა მჭიდის ღილაკისა და საკეტის შემაკავებლისა. ერთადერთი პისტოლეტი, რომელიც მე მახსენდება რაიმე გადამრთველით პისტოლეტის უკანა ნაწილზე არის Mauser M2.  იარაღი ამის გამო უფრო თხელი ჩანს ვიდრე ის ნამდვილად არის და მისი ტარებაც ძალიან კომფორტულია ამის გამო. ეს მიუხედავად იმისა, რომ საკეტის შემაკავებელი (slide stop) ორმხრივია.

P2000-ის დაშლისას აღმოაჩენთ, რომ ის პრაქტკულად USP- იდენტურია (და იდენტურად იშლება, რომ მოხსნათ მარჯვენა საკეტის შემაკავებელი უნდა აწიოთ ის ზევით და გარეთ გამოიღოთ). ისევე როგორც USP Сompact, P2000 გააჩნია დამაბრუნებელ ზამბარაზე წამოცმული პლასტმასის ბუფერი. ისევე, როგორც USP, Р2000-ის ფოლადის დეტალები დაცულია საფირმო “HE” დამცავი დაფარვით.

პისტოლეტის ტარი აღჭურვილია ცვლადი პანელებით. კომპლექტში პისტოლეტს აქვს სამი ასეთი პანელი, “ძალიან დიდი”, დიდი, საშუალო და პატარა ზომის.  ყოველი მათგანი მონიშნულია შესაბამისი ლათინური ასოებით XL, L, M, S. მათ გამოსაცვლელად საკმარისია ამოიღოთ ღერძი ტარის ქვედა ნაწილიდან, მოხსნად ერთი და დააყენოთ მეორე პანელი. პირველად ასეთი ცვლადი პანელები გამოჩნდა 1996 წელს Walther P99-ზე და მას მერე ისინი ყენდება ბევრ სხვა პისტოლეტზე.

 

P2000 არის კომპაქტი. მისი ლულის სიგრძე არის 93მმ (პოლიგონალური). ფოლადისგან დამზადებული მჭიდის ტევადობა 13 ვაზნა არის და ასეთივე მჭიდები მიდის USP Сompact-ზე (9მმ ლუგერი). ცარიელის წონა არის მხოლოდ 700  გრამი. არსებობს ასევე სუბ-კომპაქტური მოდელი ინდექსით P2000SK. მის წონა უკვე 620 გრამი, ხოლო ლულის სიგრძე 83მმ-ია. განსხვავებით USP-გან პისტოლეტს აქვს პიკატინის უნივერსალური სამაგრი, რაც აადვილებს მასზე ფანრების ან ლაზერით დამიზნების სისტემების დაყენებას.

 

P2000 sk და P2000. სუბკომპაქტური Sk არის ნამდვილი ბესტსელერი და დიდი პოპულარობით სარგებლობს.

კიდევ ერთი, რაც განასხვავებს ამ პისტოლეტს არის მისი დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი. მას რამოდენიმე ვარიანტი გააჩნია.

V0 (ვერსია 0), Combat Defense Action (CDA). დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების.

V1. CDA. LEM (Law Enforcement Module). მხოლოდ ორმაგი მოქმედების, ერთნაირი სასხლეტის წონით გასროლიდან გასროლამდე, შიგნით განლაგებული შეყენების ჩახმახით.

V2. იგივე რაც V1, მაგრამ უფრო მძიმე (დაახლოებით 30%) სასხლეტით.

V3. კონვენციონალური, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, დეკოკერით საკეტის უკანა ნაწილში.

V4. CDA. იგივე, რაც V1 და V2 მაგრამ საშუალო სიმძიმის სასხლეტით.

V5. კონვენციონალური მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, შესაბამისად მძიმე სასხლეტით.

 

ე.წ. LEM სასხლეტი არის საკმაოდ საინტერესო სისტემა. 2005 წელს კომპანია ხეკლერ&კოხმა მიიღო უპრეცენდენტოდ მსხვილი შეკვეთა აშშ-ს მთავრობისგან და ლომის წილი შეკვეთის მოვიდა სწორედ, რომ P2000-ზე და სწორედ რომ LEM სასხლეტებით. P2000 და P2000SK  დღეს არის აშშ-ს სასაზღვრო პატრულის (US Border Patrol) ძირითადი პისტოლეტი.  მოგეხსენებათ, რომ პოლიციას არ უყვარს შეყენებული ჩახმახები. იარაღი შეყენებული ჩახმახით განიხილება, როგორც განსაკუთრებულად საშიში იარაღი და ითვლება, რომ სტრესის პირობებში შემთხვევითი გასროლის ალბათობა დიდია. ცალკე თემა, როდის უნდა შეაყენოს ჩახმახი ოფიცერმა, თავის ტკივილს იწვევს ნებისმიერ ინსტრუქტორში, რომელიც მათ ამზადებს. ტრადიციული მხოლოდ ორმაგი მოქმედების დ.ს.მ. არის მძიმე, რის გამოც ბევრმა მწარმოებელმა შეეცადა შეეცვალა ის შედარებით უფრო რბილი და მოკლე სასხლეტებით. მაგალითად SigSauer DAK ან ParaOrdnance LDA. ხეკლერ&კოხისთვის ასეთი მექანიზმის როლს ასრულებს LEM. ის წარმოადგენს პრაქტიკულად ორ ჩახმახს, ერთი ასე ვთქვათ გარედან არის განლაგებული ხოლო მეორე შიგნით. შეყენება ხდება სწორედ შიდა ჩახმახის (გნებავთ ხელით, გნებავთ საკეტით) ხოლო გარეთა რჩება უცვლელ მდგომარეობაში. ანუ თქვენ გაქვთ პისტოლეტი, რომელიც არის შეყენებული მაგრამ გარედან ასე არ ჩანს. გარეთა ჩახმახი კვლავ ბრუნდება წინ და ისეთ მდგომარეობაშია თითქოს ჩახმახი დაწეულია. სინამდვილეში ჩახმახის ზამბარა უკვე შეკუმშულია და შიდა ჩახმახი შესაბამისად შეყენებული. ამის გამო სასხლეტი საგრძნობლად მსუბუქდება მაგრამ სვლის სიგრძე იგივე რჩება. უნიკალური თვისება არის ის, რომ გასროლიდან გასროლამდე რესეტი ანუ მანძილი, რომელსაც გადის სასხლეტი წინ სანამ მოხდება მისი გადაბმა ჩახმახთან შემდეგი გასროლისთვის არის უფრო მოკლე და სასხლეტის წინ მიშვება საჭირო აღარ არის. რესეტი რა თქმა უნდა უფრო გრძელია ვიდრე კონვენციონალურ ორმაგი მოქმედების დ.ს.მ.-ში ან ვთქვათ პოპულარული გლოკის შემთხვევაში მაგრამ ის მაინც მოკლე არის და ამის გამო სწრაფი სროლა საკმაოდ ადვილია. რაც შეეხება დეკოკერს ის ზემოქმედებს შიდა ჩახმახთან და მისი დაშვების შემდეგ შესაძლებელია გასროლა მაგრამმ რა თქმა უნდა სასხლეტი უფრო მძიმე იქნება. რაღაცით ეს სისტემა მაგონებს Walther P99-ის ე.წ. ანტი-სტრესის სასხლეტს.

უდავოდ მე მირჩევნია ჩვეულებრივი ორმაგი მოქმედების დ.ს.მ. და LEM-ის ასეთში ტრანსფორმაცია შესაძლებელია თუ გაქვთ ჩვეულებრივი მოდელის ჩახმახი. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დეტალი არის პრაქტიკულად ყოველთვის out of stock (ანუ გაყიდულია), შეიძლება დავასკვნათ, რომ ჩემ შეხედულებას ბევრი სხვა მსროლელიც იზიარებს. შემიძლია მე „თანაცხოვრება“ ასეთ სასხლეტთან. დიახ, უპრობლემოდ. ასეთი სასხლეტითაც პისტოლეტი ძალიან ზუსტი და საკმარისად სწრაფია. ფიზიკის კანონებს ვერ დაამარცხებ და მაღალი ლულის ღერძი იწვევს საგრძნობ ლულის ხტომას გასროლიდან გასროლამდე. საბრძოლო-თავდაცვით პისტოლეტში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ან მოდით ვთქვათ რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს მაგრამ IPSC-ში სადაც ასეთ რამეებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს თქვენ ხეკლერ&კოხებს იშვიათად ნახავთ. ჩვენ შეიძლება ვსდიოთ იდეალურ სასხლეტებს, ზე-დაბალ ლულის ღერძებს მაგრამ თავდაცვით იარაღში ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გასაგებია არავინ არ აირჩევს  დიზელის ძრავს NASCAR-ის რბოლაში მონაწილე ავტომობილისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დიზელის ძრავს საერთოდ ადგილი არ აქვს ავტომობილების წარმოებაში. აქაც იგივე სიტუაცია არის. სპეციალური მხოლოდ ორმაგი მოქმედების მექანიზმი არ არის ნაკლოვანება ის არის თავისებურება, რომელსაც უნდა მოერგოთ.  ვეტერანი ინსტრუქტორები ერთხმად ადასტურებენ, რომ მხოლოდ ორმაგი მოქმედების მექანიზმით შესაძლებელია ზუსტი და სწრაფი სროლა.  აბსოლუტურად ადეკვატური რეზულტატებით ნებისმიერი თავდაცვითი სიტუაციისთვის.  ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, როდესაც ცდილობთ გადმოიტანოთ რამე დინამიური სროლის დისციპლინებიდან, რეალურ სამყაროში სადაც ისვრიან არა ქულების მისაღებად არამედ სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ეხება არა მხოლოდ იარაღს და აღჭურვილობას ასევე ტაქტიკას.

ამ პისტოლეტის გარკვეულ მოდელებს შორის შეიძლება იყოს სხვაობები. მაგალითად ზოგი პისტოლეტი არის აღჭურვილი მჭიდის მცველით, რაც ნიშნავს, რომ იარაღი არ გაისვრის თუ მჭიდი მასში არ არის მოთავსებული. ზოგ პისტოლეტში ყენდება მიკროჩიპი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პისტოლეტის შესახებ და ითვლის გასროლებს. სპეციალურ სკანერს შეუძლია წაიკითხოს ინფორმაცია ასეთი ჩიპიდან. როგორც წესი ეს ჩიპი ყენდება იარაღზე, რომელსაც ყიდულობენ სახელმწიფო უწყებები და ის ასრულებს საინვენტარიზაციო ნომრის/კოდის როლს.  არ არის გამორიცხული ასეთი ჩიპით აღჭურვილი იარაღი მოხდეს სამოქალაქო ბრუნვაში. ასვე P2000 შეიძლება იყოს  აღჭურვილი გასაღებიანი საკეთით. გასაღები პისტოლეტის კომპლექტში შედის ხოლო “კლიტე” განლაგებულია ტარის შიგნით მის უკანა ნაწილში. ბოლო დროს ეს ოფცია ბევრ იარაღში ჩნდება თუმცა მე მიმაჩნია, რომ ის სრულიად ზედმეტია.

ე.წ. RIFD ჩიპი (მრგვალი). სურათის წყარო Hkpro.com

 

თავდაცვითი პისტოლეტების ორი შესანიშნავი წარმომადგენელი. Glock 17 და H&K P2000.

მე ვერ შევადარებ გლოკს და P2000-ს. ეს აბსოლუტურად განსხვავებული პისტოლეტებია. გლოკი არის და იქნება ჩემი ფავორიტი. თუმცა არც P2000-მა არ დამწყვიტა გული. მისი ფასი აშშ-ში მერყეობს 900 დოლარიდან 1200 დოლარამდე რაც ძალიან ძვირია. შეგახსენებთ გლოკის პისტოლეტები 550-650 დოლარი ღირს. მე არ მომწონს გერმანული პისტოლეტების დიდი ფასი, ის ვერ აკეთებს ვერაფერს რასაც ვერ შეძლებს გლოკი, მაგრამ ამასთანავე გლოკს აქვს ბევრი უპირატესობა. მეტი ვაზნა, დაბალი მასა, მცირე გაბარიტები, მარტივი კონსტრუქცია და ლულის დაბალი ღერძი რის გამოც გლოკიდან სწრაფად სროლა სიამოვნებაა. ხეკლერ&კოხის პისტოლეტები გამოირჩევიან სხვა რამით. მე მიჭირს ზუსტად ავხსნა რითი, ალბათ შეიძლება ამას უწოდოთ სოლიდურობა.  პისტოლეტი აწყობილია, როგორც ტანკი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ლუქს კლასის დიდ სედანებზე, ბუნებრივია მერსედესის ს კლასი არის ეტალონური და განუმეორებელი ავტომობილი. ჰეკლერ&კოხის პისტოლეტები (P და USP სერიის) სწორედაც რომ წარმოადგენენ ს კლასს პისტოლეტებში. მათი ფლობა განსაკუთრებულ სიამოვნებას და სიამაყის გრძნობას იწვევს. არ ვიცი ეს მეხება მარტო მე თუ სხვა იარაღის მფლობელებსაც მაგრამ ის ფაქტი, რომ ამ პისტოლეტებს სტაბილურად უჭირავთ მაღალი ფასი საქართველოში (1800-2300 დოლარი) მეტყველებს იმაზე, რომ ბევრი ადამიანი თვლის, რომ ეს პისტოლეტი ღირს ის ფული, რომელსაც მასში ითხოვენ.

LEM სასხლეტითაც ყოველგვარი მიჩვევის გარეშე პისტოლეტი ზუსტად ისვრის. აქ უნდა ავხსნათ, რომ არის სხვაობა ტექნიკურ სიზუსტეს და პრაქტიკულ სიზუსტეს შორის. ზოგადად კარგი ხარისხის „სამსახურეობრივი“ (არა სპეციალიზირებული სპორტული) პისტოლეტი აჩვენებს ჯგუფებს 3-დან 9-სმ-მდე 25 მეტრზე, თუ სროლა ხდება სპეციალური დაზგიდან ან კარგი საყრდენიდან. ანუ როდესაც მსროლელის ფაქტორი ან გამორიცხული ან მაქსიმალურად მინიმიზირებულია.  როგორ ისვრის პისტოლეტი ხელიდან დამოკიდებულია უკვე იმაზე თუ როგორ ერგება ის მსროლელს და რა თქმა უნდა მსროლელის კვალიფიკაციაზე. ხელიდან 10 მეტრზე P2000-დან ისე შეიძლება სროლა რომ ნახვრეტები ერთმანეთს შეეხებიან. პისტოლეტი იდეალურად იყო მისროლილი, დამიზნების და მoრტყმის წერტილები ერთმანეთს ემთხვეოდა. იარაღი ხელში კარგად ზის, ბევრად უკეთესად ვიდრე USP ან USP Compact-ი. ნაწილობრივ უფრო ერგონომიული ტარის გამო, ნაწილობრივ იმის გამო რომ მას არ აქვს ასეთი აგრესიული, უხეში ტექსტურა სახელურზე როგორც USP-ზე.  სამიზნე მოწყობილობები დიდია და კარგად ჩანს.

რაც შეეხება ორმხრივ საკეტის შემაკავებელს, P2000-ს აქვს ერთი თავისებურება. ეს დეტალი მეორე მხარეს ხმაურობს. ანუ ის ისეა დამაგრებული, რომ გააჩნია პატარა „ლუფტი“. თავისთავად ეს არ არს დეფექტი მაგრამ, როდესაც იარაღში რაღაცა კაკუნებს ეს შეიძლება ნერვები მოგოშალოთ. გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის მარტივი. დეტალის უკანა მხარეს დააწებეთ რამე წებოვანი ლენტა და ეს ხმაურიც გაქრება.

 

შესაძლებელია რეზინის ნაჭრის გაცხელება და ამ დეტალზე ჩამოცმა, და ხმაური გაქრება. დააკვირდით მჭიდის ხუფს. ამ სურათზე არის მოკლე ხუფი.  სურათის წყარო hkpro.com

shooterscentral.ge-ს დასკვნა

Heckler&Koch P2000 არის მაღალი კლასის თავდაცვითი და საბრძოლო იარაღი. თავისი გაბარიტებიდან და წონიდან გამომდინარე ის იდეალურია ფარული ტარებისთვის და ასევე ნებისმიერი ფორმიანი მოსამსახურისათვის. ის იყენებს USP-ში გამოყენებულ გამოცდილ ტექნოლოგიებს და ისეთივე გამძლეა და საიმედო. პისტოლეტს არ გააჩნია არანაირი ნაკლი ან თავისებურება, რომელიც თავს გამოაჩენს ექსპლუატაციისას. პისტოლეტს აქვს შესანიშნავი ერგონომიკა, ის ძალიან მოსახერხებელია ფარული ტარებისთვის. ფასი ზედმეტად მაღალია მაგრამ ეს ეხება ნებისმიერ ხეკლერ&კოხის პისტოლეტს. ამ ფასად თქვენ ღებულობთ სრულყოფილ იარაღს, რომელიც არანაირ პრობლემას არ შექმნით. ნებისმიერი ხეკლერ&კოხის პისტოლეტის არჩევისას თქვენ არ შეცდებით. მაღალი საექსპლუატაციო თვისებების, მაღალი ხარსხის და შესანიშნავი სიზუსტის გამო პისტოლეტი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას.



კომენტარები გათიშულია.