Ontario RAT3

დღეს ჩვენი სტუმარია დანა აშშ-დან, Ontario Knife Company-ს მოდელი – RAT 3. მე ადრე მქონდა აღნიშნული მწარმოებლის დანა, მოდელი RAT 5, რომელიც იყო ძალიან კარგი ინსტრუმენტი, უბრალოდ მას ქონდა პირი „სერეიტორით“, რაც ამცირებდა ამ დანის უნივერსალურობას, ან პირდაპირ რომ ვთქვა მაგ დანას მე უბრალოდ ვერაფერში ვერ ვიყენებდი სწორედაც, რომ ასეთი პირის გამო. ამიტომ RAT 5 უკვე კარგახანია ჩემთან არ არის. ამბობენ, რომ მეთევზეებს მოწონთ დანები სერეიტორით, მაგრამ მე მგონია, რომ ასეთი პირის ადგილია მხოლოდ იქ რისთვისაც ის თავიდან შეიქმნა, პარაშუტის „სტროპების“ საჭრელად ან კიდევ საბრძოლო-თავდაცვით დანებში, რომლებიც უტილიტარულ როლში არასდროს არ  გამოიყენება. დანებში, რომელთა გამოყენება იგულისხმება საყოფაცხოვრებო ფუნქციებისთვის სერეიტორს ჩემი აზრით ადგილი არ აქვს. კონკრეტულად ამ RAT 3-ს რაც შეეხება პირი ამ მოდელზე სწორი არის ხოლო ფოლადი არის 1095 მარკის, რომელიც ჩემ საყვარელ Ka-bar-შიც გამოიყენება. ზოგი თვლის, რომ ეს არ არის უმაღლესი კლასის ფოლადი, რომ ის შედარებით ადვილად იჟანგება და ასე შემდეგ, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი უპირატესობა. ის ადვილად და სწრაფად ილესება. ხოლო ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში სიბასრესაც ის კარგად ინარჩუნებს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ადრინდელი RAT 3-ების პირის მასალა იყო D2. კოროზიისგან პირი ამ დანაში დაცულია შავი ეპოქსიდური საღებავით.

აბრევიატურა RAT ნიშნავს Randall Adventure & Training (rat ინგლისურად ნიშნავს ვირთხას). ეს არის სასწავლო ორგანიზაციის სახელი, რომელიც სპეციალიზირდება ჯუნგლებში გადარჩენის ხერხების შესწავლაზე და RAT 3-ის დიზაინი მათ ეკუთვნის, ხოლო მზადდება ის აშშ-ში კომპანია Ontario Knife Company-ის მიერ.

ასეთ „კომპლექტაციაში“ იყიდება RAT 3. მუყაოს ყუთი, ქარქაში, Teklok-ის ტიპის სამაგრი, “კლიფსა“, სათადარიგო ხრახნები და დანა.

იუხედავად იმისა, რომ  RAT 3-ს აქვს შედარებით მოკლე ტარი და პრაქტიკულად არ გააჩნია დამცავი „გარდა“, ის ჩაფიქრებულია, როგორც თავდაცვითი. თუმცა ჩემი აზრით ის უფრო არის უტილიტარული, მეტ ნაკლებად უნივერსალური ინსტრუმენტი იმათთვის ვისაც უყვარს ბუნებაში ყოფნა. პირის ფორმა და სიგანე გვეუბნება, რომ დანის გამოყენება მეტ ნაკლებად წარმატებულად შესაძლებელი იქნება ცხოველის გასატყავებლადაც. კატალოგებში და საიტზე მითითებულია, რომ RAT 3-ის პირის სიგრძე არის 3.5 დუიმი მაგრამ ეს არის მხოლოდ საჭრელი პირის სიგრძე. პირის მთლიანი სიგრძე არის 4 დუიმი. ტარი დამზადებულია „მიკარტასაგან“, რომელიც ტარის მასალის როლში მე ძალიან მომწონს. ის ისეთივე „თბილია“, როგორც ხე და ამავე დროს უფრო კარგად უძლებს ნესტის ზემოქმედებას. ტარის ბოლოს არის თოკის გასაყრელი ადგილი.

ტარი მარტივი ფორმის არის და შესაბამისად ერგონომიულია. ის იძლევა საშუალებას დანა ისე დაიჭიროთ, პირთან ახლოს, რომ შეასრულოთ დანით მოძრაობები  „ქირურგიული“ სიზუსტით, თუნდაც მაგალითად ძალიან პატარა ცხოველის გატყავებისას. ჩემი გამოცდილებით რთული ორთოპედიული ფორმის ტარები კარგად გამოიყურება მაგრამ ხმარებაში, როგორც წესი ძალიან მოუხერხებელია. პირის სიგრძე ადეკვატურია ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც, როგორც წესი გამოიყენება ხოლმე დასაკეცი დანები.

RAT 3 ვერ შეცვლის სრული ზომის სანადირო საბრძოლო დანას მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ის პატარა ზომის არის, მისი ტარება შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ დროს და ადგილას. ის უფრო გამძლეც არის ვიდრე დასაკეცი დანა.

ტარებას რაც შეეხება აქ გადავდივართ საინტერესო ნაწილზე. დანას მოყვება ცნობილი კომპანიის Bladetech-ის მიერ დამზადებული ქარქაში და სამაგრი. სინამდვილეში სამაგრი კომპლექტში ორი არის. პირველი მარტივი „კლიფსა“ რომელიც მაგრდება ხრახნებით ქარქაშზე, ხოლო მეორე არის Teklok-ი, რომელიც ასევე მაგრდება ქარქაშზე ორი ხრახნით და შუაში მოყოლებული რეზინის რგოლებით. ეს სამაგრი ელემენტი იძლევა საშუალებას ატაროთ დანა ქამარზე როგორც ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. გახსნისას შიგნით დაინახავთ ორ მყარი რეზინის ფირფიტას. შესაძლებელია მათი მოხსნა და დაყენება ისე რომ სამაგრი მოერგოს ნებისმიერი ზომის ქამარს ან ეკიპირების ელემენტს. იმისთვის, რომ გახსნათ ან ჩაკეტოთ სამაგრი უნდა შეასრულოთ ორი მოქმედება. ჯერ გახსნათ ფიქსატორი და შემდეგ თითებით გვერდებიდან შეკუმშოთ საკეტი. ასეთი საკეტის კონსტრუქცია გამორიცხავს მის გახსნას. საკეტის და ქარქაშში დანის ფიქსაციის საიმედოობა შემოწმდა ერთ დღიან ლაშქრობაში, როდესაც დანა ჰორიზონტალურად იყო დამაგრებული ქამარზე. არც საკეტი არ გახსნილა და არც დანა არ ამოვარდნილა ქარქაშიდან. დანა ქარქაშში ფიქსირდება ისევე, როგორც მაგალითად Ka-bar-ის TDI სერიის დანები. ქარქაშის ზედა „ტუჩები“ დრეკადია და იკეტებიან ტარზე. დანის ამოსაღებად უნდა ხელის ენერგიული მოძრაობით გამოაძროთ ის ქარქაშიდან. ტარების ხერხების სიმრავლით RAT 3 ნამდვილად უნივერსალურია. მისი ტარების ოფციები უამრავია. მათ შორის შეგიძლიათ არ დააყენოთ არც „კლიფსა“ და არც Teklok-ი და უბრალოდ გაუყაროთ ქარქაშს თოკი და დანა ისე ჩამოკიდოთ კისერზე.

Teklok გახსნილ მდგომარეობაში დამაგრებული ქარქაშზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში სატარებლად. ქარქაში ხელმისაწვდომია, შავ, მწვანე და ქვიშის ფერებში. თუ ის დაბინძურდა უბრალოდ გარეცხავთ მას ცხელი საპნიანი წყლით. 1) საკეტის ფიქსატორი (გახსნილი). 2) საკეტის ელემენტები, რომლებსაც უნდა დააჭიროთ, რომ ის გახსნათ. 3)ქამრის ზომის მიხედვით რეგულირებები. ერთი ცალი მოხსნილია (4).

RAT 3-ის ფასი მერყეობს 120 დოლარიდან  60 დოლარამდე, გააჩნია სად და რა დროს ყიდულობთ. მე ეს დანა შევიძინე, როგორც ახალი ისეთ მდგომარეობაში მონადირისგან, რომლის სიტყვებიდანაც გამომდინარე მან ეს დანა უბრალოდ ვერ იხმარა (ძალიან კარგი იმიტომ, რომ დანა პრაქტიკულად ახალი იყო). ეს გასაკვირი არც არის, RAT 3 უფრო პატარა არის ვიდრე ტიპიური სანადირო დანა ფიქსირებული პირით, ხოლო ანალოგიური დასაკეცი დანა უფრო კომპაქტურიც გამოდის. მონადირის ქამარზე კიდე არ არის საკმარისი ადგილი რომ დამაგრდეს ორი დანა და RAT 3-სმაინც და მაინც ჯიბეში ვერ ჩაიგდებ, როგორც დასაკეც მოდელს. უკვე ნახსენებ ერთ დღიან ლაშქრობაში მე ასევე ვინანე რომ არ წამოვიღე ჩემი Ka-bar-ი 18სმ-ნი პირით. საჭირო გახდა სასიარულო ჯოხის დამზადება და RAT 3 უბრალოდ იყო ძალიან პატარა იმისთვის, რომ ეს ჯოხი ამომეჭრა ეკლიანი ბუჩქიდან და შემდგომ ტოტებისგან და ეკლებისგან გამეწმინდა. დანაში მე 80 ლარი გადავიხადე რაც ძალიან კარგი ფასია, რისთვისაც წინა პატრონს ჩემგან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

როგორც ნაკეთობამ RAT3-მა ძალიან კარგი შთაბეჭდილებები დამიტოვა, ხოლო Teklok არის საუკეთესო რამ რაც მე აქამდე შემხვედრია, მაგრამ დანის ფუნქციონალურობა კითხვის ქვეშ დგას, იმიტომ, რომ გავიმეორებ ის პატარა არის ფიქსირებულ პირიანი დანისთვის და დიდია დასაკეც დანასთან შედარებით. პრინციპში ამ დანის ავტორებმა ეს გაითვალისწინეს და RAT 3 ხელმისაწვდომია ასევე დასაკეც ფორმატში. მიიჩნევა, რომ „ყოველდღიური“ უტილიტარული დანის პირის სიგრძე უნდა იყოს 3-4 დუიმი ხოლო გინდათ ის თქვენ ფიქსირებული პირით თუ დასაკეცი დანის ფორმატში არჩევანი თქვენზეა.

დასაკეცი RAT3 Model 1. პირის მასალა – AUS8. ტარის მასალა – პლასტმასა Zytel.  ეს მოდელი მზადდება ტაივანში.


RAT3 გამოგადგებათ ყველგან სადაც სრული ზომის დანა იქნება ზედმეტი. ხანმოკლე ლაშქრობა, გასეირნება ტყეში, პიკნიკი ან თუნდაც ქალაქის პირობებში სატარებლად. მისი დაზიანებაც დანის თხოვების შემთხვევაში ვინმე არიფი „ტურისტისთვის“, იქნება საკმაოდ ძნელი. ზევიდან პირველი არის Ka-bar ხოლო ქვევით ბოლოში – SOG Topo Meridian.

 

 



One Response to “Ontario RAT3”

  1. გიო says:

    ბრავო ბატონო ლევან როგორც ყოველთვის კარგი სტატიაა.

დატოვეთ კომენტარი