დამიზნება იარაღის სილუეტით/weapon silhouette point

დამიზნების ამ ტექნიკის გამოყენების შესახებ, მე პირველად წავიკითხე ჯიმ სირილოს წიგნში Guns, Bullets and Gunfights. მისი სიტყვებით ის წარმატებით იყენებდა ამ ტექნიკას (weapon silhouette point)  და ასწავლიდა მას როგორც ინსტრუქტორი საცეცხლე მომზადებაში. მისი სიტყვებით ეს ტექნიკა ძალიან ეფექტურია, ადვილია ათვისებაში და ის კარგ შედეგებს იძლეოდა. ჯიმ სირილო იყო (ის გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში 2007 წელს) დიდი ავტორიტეტი იმაში რაც ეხებოდა მოკლე ლულიან იარაღს და მის გამოყენებას, ასე, რომ მე ჩავთვალე დამეწერა ბლოგზე ამ უდავოდ საინტერესო ტექნიკის შესახებ. მოკლედ, რომ ავხსნათ, ამ დამიზნების ტექნიკის არსი მდგომარეობს იმაში, რომ პისტოლეტის/რევოლვერის დამიზნებისათვის გამოიყენება არა სამიზნე მოწყობილობები არამედ მთლიანად პისტოლეტი, კონკრეტულად კი მისი სილუეტი, რომელსაც ხედავს მსროლელი. ამასთანავე პისტოლეტის „გამოტანა“ ხდება თვალების დონეზე და ამიტომაც ნუ აურევთ ამ ტექნიკას ე.წ. „მიშვერით“ სროლაში, რაც საერთოდ განსხვავებულ თემას წარმოადგენს.

წიგნის ავტორი, ჯიმ სირილო. წარმოშობით ბერძენი 60-ან წლებში ის მსახურობდა ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ყველაზე პროფესიონალურ ქვედანაყოფში, რომლის დანიშნულება იყო სავარაუდო ძარცვის ობიექტებზე ჩასაფრების მოწყობა და პირდაპირი დაპირისპირება მძარცველებთან. თითო ასეთ ჩასაფრებაში მხოლოდ ორი პოლიციელი მონაწილეობდა. მრავალ შეიარაღებულ შეტაკებაში მოყოლილი ის ასევე იყო მრავალგზის ჩემპიონი დინამიური სროლის სხვა და სხვა დისციპლინებში და საცეცხლე მომზადების ინსტრუქტორი. ორივე მისი წიგნი, უკვე ნახსენები Guns, Bullets and Gunfights და ასევე Tales of The Stake-out squad, არის ერთ ერთი ყველაზე საინეტერესო ნაშრომები, რომლებიც მე წამიკითხავს.

სირილო ასახელებს რამდენიმე მიზეზს, რომლის გამოც გარკვეულ პირობებში „სროლა სილუეტით“ შეიძლება იყოს უფრო რეზულტატიური ვიდრე სროლა სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით. მოგეხსენებათ იდეალური სამიზნე გამოსახულება როდესაც წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობები იდეალურად არის გასწორებული არის საკმაოდ ძნელად მისაღწევი და მოითხოვს კარგ განათებას, კარგ ხედვას და უნარს შეინარჩუნოთ ისინი ასეთ მდგომარეობაში, გასწორებულები სამიზნის მიმართ.  ეს უკანასკნელი პირობის შესრულება იდეალურად  კი შეუძლებელია, იმიტომ, რომ სხეული მუდმივად მოძრაობს და შესაბამისად მოძრაობს იარაღიც. გარდა ამისა თვალს არ შეუძლია ერთდროულად იყოს ფოკუსირებული რამდენიმე ობიექტზე, რომელიც სხვა და სხვა მანძილით არის დაშორებული.

 

ასე გამოიყურება იდეალური სამიზნე გამოსახულება. ფოკუსი არის „მუშკაზე“, დანარჩენი დეტალები (უკანა სამიზნე მოწყობილობა და სამიზნე) ბუნდოვნად  ჩანან.

მსროლელის სურვილი განახორციელოს გასროლა იმ მომენტში, როდესაც ის თვლის რომ  დამიზნება იდეალურია აიძულებს, მას აჩქარდეს და გამოკრას სასხლეტს მანამ სანამ მისი აზრით ის იდეალურად უმიზნებს სამიზნეს და არა დააჭიროს მას თანაბარი ძალით, როგორც ამას ითხოვს ზუსტი სროლის ერთ ერთი მთავარი პირობა. ამის შედეგი არის გაფუჭებული გასროლა და ტყვია არ ხვდება იქ სადაც ეს მსროლელს უნდა. იგივე მიზეზის გამო მსროლელმა შეიძლება შეეცადოს სამიზნე გამოსახულების შენარჩუნების მიზნით შეეცადოს წინასწარ უკუცემის კომპენსირება და ამით ასევე გამოიწვიოს სიზუსტის დეგრადაცია.  თავის მხრივ სილუეტით დამიზნება გამორიცხავს ასეთი სიტუაციის დადგომას და შესაძლებელია ზოგიერთმა მსროლელმა ასეთი დამიზნების ტექნიკის გამოყენებით მიაღწიოს უფრო მაღალ შედეგებს. ანუ მსროლელი ისვრის უფრო თამამად, სწრაფად და „სუფთად“.

პრობლემა, რომელიც უკავშირდება პატარა სამიზნე მოწყობილობების გამოყენებას, რომლებიც, როგორც წესი ყენდება პისტოლეტებზე წყდება სხვა და სხვა გზებით. ეს ითვალისწინებს, როგორც სამიზნე მოწყობილობების კონსტრუქციის გაუმჯობესებას ასევე ალტერნატიული დამიზნების ისეთი ტექნიკების გამოყენებას, რომელიც არ ითვალისწინებს მათ იდეალურ გასწორებას ან ამ სტატიაში აღწერილ შემთხვევაში საერთოდ არ ითვალისწინებს მათ გამოყენებას.

ეს არის პისტოლეტებზე ყველაზე გავრცელებული ფორმატის სამიზნე მოწყობილობები. მათი ავტორი არის ე.ე. პატრიჯი და ადრინდელ ლიტერატურაში ასეთ სამიზნე მოწყობილობები მისი ავტორის სახელით მოიხსენებოდნენ. პატრიჯი იყო ე.წ. „სანახაობრივი“ მსროლელი და 1880 წლამდე სანამ ის ამ სამიზნეებს შექმნიდა პისტოლეტებზე ყენდებოდა პრიმიტიული V ფორმის (ან უბრალო ღარი) უკანა სამიზნე მოწყობილობა და კონუსური ან მრგვალი „მუშკა“.


XS Big Dot არის მცდელობა სამიზნე მოწყობილობები გახადონ მაქსიმალურად მოსახერხებელი  სწრაფი და ზუსტი სროლისთვის. ის კონცეფციით იმეორებს სანადირო ე.წ. ექსპრეს თოფების/შტუცერების სამიზნე მოწყობილობებს, რომლებიც საუკუნეზე მეტი გამოიყენება ახლო მანძილებზე სახიფათო ცხოველებზე სროლისთვის. მომხმარებლების აზრით 15 მეტრზე უფრო მაღალ დისტანციებზე XS Big Dot-ის გამოყენებით ზუსტი სროლა ხდება პრობლემატური, რაც უკავშირდება „მუშკის“ დიდ ზომას.

სირილოს აღწერილი ტექნიკის გამოყენებით, თავად პისტოლეტი წარმოადგენს დამიზნების ელემენტს, იმიტომ, რომ პისტოლეტი/რევოლვერი არის დიდი და ადვილად ხილვადი განსხვავებით პატარა სამიზნე მოწყობილობებისგან. იმისთვის, რომ მსროლელმა დაიწყოს ამ ტექნიკის ეფექტურად გამოყენება მან უნდა დაიმახსოვროს, თუ როგორ გამოიყურება ვიზუალურად მისი იარაღი მაშინ, როდესაც სამიზნე მოწყობილობები იდეალურად არიან გასწორებულები ერთმანეთთან და სამიზნესთან მიმართებაში. შემდეგ იარაღი უნდა დაიხაროს მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, რომ მსროლელმა დაინახოს თუ როგორ გამოიყურება იარაღის სილუეტი თუ ის არ არის გასწორებული.  ყურადღება უნდა მიექციოს ცალკეულ დეტალებს, რომელთა დანახვით გასაგები ხდება სად უმიზნებს იარაღი. სტუდენტი იმახსოვრებს სურათს, შემდგომ ხდება სამიზნე მოწყობილობების შენიღბვა (მაგალითად იზოლაციური წებოვანი ლენტით). ჯერ ხდება „მშრალი“ ვარჯიში, შემდეგ მსროლელი იწყებს სროლას სიგნალის მიღების შემდეგ, ერთი ან ორი გასროლა. როდესაც მსროლელი ითვისებს ტექნიკას და  ჯგუფები მცირდება ხდება წებოვანი ლენტის მოშორება და მსროლელი აგრძელებს სროლას სამიზნე მოწყობილობების იგნორირებით.   სასწავლო სესიის ბოლო ნაწილი არის ამ ტექნიკით სროლა დროის შეზღუდვებით.

პისტოლეტი დახრილია მარცხნივ ან მარჯვნივ

პისტოლეტი დახრილი ზევით ან ქვევით. ისრებით ნაჩვენებია ადგილები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია პისტოლეტის მდგომარეობის დადგენა.


ზოგ თანამედროვე პისტოლეტს აქვს ბრტყელი და განიერი საკეტი, რისი წყალობითაც შესაძლებელია მისი საკეტის ზედაპირის როგორც თოფის პლანკის გამოყენება დამიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, მსროლელმა უნდა განსაზღვროს ოპტიმალური სამიზნის გამოსახულება და შესწორებები, რომლებიც უნდა შეიტანოს დამიზნებაში.  ისრით ნაჩვენებია ადვილად ხილვადი “ორიენტირი” რომელიც იუწყება რომ იარაღი უმიზნებს მარჯვნივ.

იდეალური დამიზნების მაგალითი.

არავითარ შემთხვევაში არ ღირს ამ ტექნიკის განხილვა კონტექსტში, რომელიც გულისხმობს სამიზნე მოწყობილობების გამოყენებაზე უარის თქმას. ყოველთვის, როდესაც არის ამის საშუალება მსროლელმა უნდა გამოიყენოს დამიზნებისთვის „მუშკა-ცელიკი“. მათი გამოყენება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი რეზულტატის მისაღწევად. კოვბოური სროლა ბარძაყიდან, ჯიბიდან, ანტონიო „დესპერადო“ ბანდერასის სტილში და ასე შემდეგ არის აქტუალური მხოლოდ კინოფილმებისთვის სადაც ორი მოწინააღმდეგე ესვრის ერთმანეთს ბარძაყის დონიდან დამიზნების გარეშე და თანაც ქუჩის სხვა და სხვა ბოლოებიდან. ნამდვილი განფაიტერებისთვის უკვე იმ დროს, რომელიც ჩვენთან ცნობილია, როგორც ველური დასავლეთის ათვისების ეპოქა, კარგად ესმოდათ სამიზნე მოწყობილობების გამოყენების მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა რომ კინო-ვესტერნები ჩვენ სხვას გვეუბნებიან. ცნობილი სამართალდამცავი და განფაიტერი უაიტ ერპი წერდა თავის მემუარებში, რომ მისი დაკვირვებით შეარაღებულ დაპირისპირებებში ჩქარ, ჯიბიდან მსროლელებს შანსი არ ქონდათ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც იყენებდნენ თავის დროს და სასხლეტს მხოლოდ ერთჯერ აჭერდნენ. მე არ ვიცნობ განფაიტერს, რომელიც იყენებდა ბარძაყიდან სროლის ტექნიკას ამატებს ის. მოგიყვანთ კიდევ ერთი ადამიანის მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ამ ადამიანის პერსონალური ბიოგრაფი  წერდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას უყვარდა ხალხის გაოცება ბარძაყიდან სროლის სისწრაფით მაგრამ კერძო საუბრების დროს ის თვლიდა, რომ სამიზნე მოწყობილობების გამოყენებას ქონდა უდიდესი მნიშვნელობა შეიარაღებული შეტაკებისას. ბიოგრაფი იყო რობერტ დეარმენტი, ხოლო „ის“ ადამიანი – ბეტ მასტერსონი, უაიტ ერპის მეგობარი და ველური დასავლეთის ეპოქის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი განფაიტერი.

აქიდან გამომდინარე კარგად უნდა გვესმოდეს, როდის ხდება  სილუეტით დამიზნების ტექნიკა ეფექტური და აუცილებელიც.  მხოლოდ მაშინ, როდესაც არ არის საშუალება განახორციელოთ დამიზნება სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით და ძირითადად 10 მეტრამდე მანძილზე. მათ შორის ეს ეხება სროლას ცუდი განათების პირობებში, სადაც იარაღის სილუეტი უფრო უკეთესად ჩანს ვიდრე „მუშკა-ცელიკი“. მსროლელს კარგად უნდა ქონდეს დამახსოვრებული იარაღის სილუეტი და “ორიენტირები” რომლებსაც მან უნდა ყურადღება მიაქციოს.

სირილოს სიტყვებით, ამ ტექნიკით გამოყენებით ჯგუფების საშუალო ზომა იყო 7.5 სმ, ხოლო რეაქციის დრო (დრო ბრძანებიდან ცეცხლის გახსნაზე უშუალოდ გასროლამდე) შემცირდა 50%.

როდესაც მე ეს სტატია დავამთავრე, გავიხსენე, რომ ამგვარი ტექნიკის შესახებ მე კიდევ ერთ წიგნში წავიკითხე. ეს წიგნი იყო „მწვანე თვალები, შავი შაშხანები“ (Green Ayes, Black Rifles). წიგნის ავტორი აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალების ვეტერანი და Vickers Tactical-ის ინსტრუქტორი კაილ ლამბი წერდა, რომ უკიდურესად ახლო მანძილებზე უფრო მოსახერხებელია M16A2 (და სხვა ამ ოჯახის იარაღის მოდელების შემთხვევაში, რომელიც იყენებს A2 ტიპის სტანდარტულ „რკინის“ სამიზნე მოწყობილობებს) ისე დამიზნება, როდესაც „ცელიკის“ როლს ასრულებს სახელური მთლიანად, ხოლო მუშკის როლს თამაშობს წინა სამიზნე მოწყობილობის მთლიანი ბაზა.

მისი სიტყვებით ეს ტექნიკა იძლეოდა უფრო სწრაფი და ზუსტი გასროლების განხორციელების საშუალებას მტერთან უკიდურესად ახლო კონტაქტისას, მაგალითად საცხოვრებელ ოთახებში და ასე შემდეგ. საერთოდ კაილ ლამბის აღნიშნული წიგნი არის ერთ ერთი საუკეთესო ნაშრომი AR15/M16/M4 გამოყენებაზე საბრძოლო პირობებში და წიგნის დიდი ნაწილი უნდა იქცეს ამ ტიპის იარაღის გამოყენების სტანდარტულ წესდებად.  პრაქტიკა აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმა უკვე თითქმის 6 წელია ჩვენი ჯარის და პოლიციის შეიარაღებაში მანდ ჯერ კიდევ კარგად არ ესმით ამ იარაღის არსი და დანიშნულება.

 

ამ სურათით მიხვდებით კაილ ლამბის მიხედვით იარაღის რომელი ელემენტები ასრულებენ სამიზნე მოწყობილობის როლს. მარცხნივ არის სამიზნე მოწყობილობის ორი ელემენტი. ვიწრო რგოლი და ტრადიციული “მუშკა”. მარცხნივ (გამოყენებულია კომპიუტერული თამაშიდან სკრინშოტი) არის დამიზნების ელემენტების როლს ასრულებს სახელური მთლიანად (დიოპტრი ყენდება შუალედურ მდგომარეობაში)  ხოლო მუშკის როლს ასრულებს მთლიანად წინა სამიზნე მოწყობილობის ბაზა. ზომებიდან გამომდინარე მათი გამოყენება ადვილი და უფრო სწრაფია ხოლო მიღწეული სიზუსტე ადეკვატურია ძალიან მოკლე მანძილებისთვის.

 



დატოვეთ კომენტარი