ორი საუკეთესო ხელმისაწვდომი პისტოლეტი

წარმოგიდგენთ ჩვენი ბლოგის ვერსიით წლის ორ საუკეთესო ხელმისაწვდომ პისტოლეტს, რომელიც შესაძლებელია შეიძინოთ საქართველოში. ეს თემა აქტუალურია იმიტომ, რომ იმ შეკითხვების ლომის წილი, რომელსაც მე ვიღებ ეხება იარაღის შეძენას და ამიტომაც ჩავთვალე საჭიროთ ეს სტატია მომემზადებინა, იმისთვის, რომ კიდევე ერთხელ ამეხსნა ჩემი პირადი არჩევანი, როდესაც საქმე ეხება შედარებით იაფფასიან პისტოლეტების არჩევას. წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილების და ინფორმაციის საფუძველზე შესაძლებელია დარწმუნებით გამოვყოთ ორი გამარჯვებული ამ ნომინაციაში, საქართველოს პირობებში და ჩვენი ბლოგის ვერსიით. ორი გამარჯვებულიდან პირველი არის თურქეთში წარმოებული  Stoeger Cougar 8000 იგივე Beretta Cougar 8000, ხოლო მეორე არის ავსტრიული Steyr M. თავდაპირველად მე მინდოდა მოხლოდ „სტოეგერის“ ნომინირება, ვინაიდან  Steyr M/S პისტოლეტები აღარ გამოდის ხოლო მისი თანამედროვე მოდიფიკაციების ფასი უტოლდება პრემიუმ კლასის პისტოლეტების ფასს და ამ სეგმენტში საუკეთესოს გამოვლენა ცოტათი უფრო პრობლემატური ხდება, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს პისტოლეტები, კონკრეტულად პირველი თაობის მოდელები საკამოდ გავრცელებულია საქართველოში და ხშირად გვხვდება გაყიდვაში მე ბოლოს მაინც გადავწყვიტე ამ პისტოლეტის ნომინირებაც. ძირითადი კრიტერიუმები იყო, ფასი, ხარისხი, რეპუტაცია, გავრცელებულობა ანუ იარაღის შეძენა ჩვენ ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებელი.

ფასს რაც შეეხება, ბუნებრივია, როდესაც ვლაპარაკობთ საუკეთესო შენაძენზე, იგულისხმება, რომ ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი.  ახალი Cougar 8000 ღირს 1600 ლარი, რაც არც ისე ძვირია პისტოლეტში, რომელიც არის შესანიშნავი ხარისხის თანამედროვე იარაღი და თან რომელსაც აქვს ყველაფერი რაც შეიძლება ისურვო, მათ შორის უსაფრთხოების მრავალსაფეხურიანი სისტემები, “დეკოკერი”, ქრომირებული ლულა, მაღალი ტევადობის მჭიდი და დამაკმაყოფილებელი სამიზნე მოწყობილობები. თანაც ყველაფერი ეს შეიძლება შეიძინოდ მხოლოდ 1000-1100 ლარად, თუ მეორადი იარაღის შეძენას გადაწყვიტავთ. ასეთ ფასად ასეთი იარაღი კი უკვე ნამდვილი საჩუქარია. არის მეორადი და არის მეორადიც. საქართველოს შემთხვევაში მეორადი პისტოლეტი, როგორც წესი პრაქტიკულად ახალი პისტოლეტებია. ხანდახან მსუბუქი (ხანდახან არც ისე მსუბუქი) კოსმეტიკური დეფექტებით  რაც განპირობებულია მათი „ხელებით წვალებით“ ან არასათანადო შენახვით ან ტარებით. როგოც წესი ამის შედეგად პისტოლეტი მხოლოდ კოსმეტიკურ დეფექტებს იღებს, ხოლო ტექნიკურად ის 100%-ან მდგომარეობაშია (თუ მაგალითად არ არის დაზიანებული ლულის ზედაპირი, რაც საკმაოდ იშვიათია).

ეს პისტოლეტი ვიზუალურად ცუდათ გამოიყურება მაგრამ შიგნიდან ის პრაქტიკულად ახალი არის ხოლო ….


… პისტოლეტი (Zastava M57), რომელსაც ეს ლულა ეკუთვნის შესანიშნავად გამოიყურებოდა, მაგრამ ლულა დაზიანებულია კოროზიისგან. თანამედროვე კალიბრების ამუნიცია, როგორც წესი არის სუფთა დენთით და ამაალებლებით, რომლებიც არ შეიცავენ კოროზიის გამომწვევ აგრესიულ ნივთიერებებს. ამის გამო დენთის და ამაალებლის წვის შედეგად წარმოქმნილი პროდუქტების  ხანგრძლივი  ზემოქმედებაც არ იწვევს ლულის და სავაზნის ზედაპირის  კოროზიას. “ზასტავას” შემთხვევაში, რომლის კალიბრია 7.62X25 TT, ამან გამოიწვია ლულის ზედაპირის პერმანენტული დაზიანება.

ნებისმიერ შემთხვევაში შევთანხმდეთ, რომ მეორადი იარაღის შეძენისას, რა ოდენ კარგ მდგომარეობაშიც ის არ უნდა იყოს, ის უნდა კარგად/დაწვრილებით შემოწმდეს.

რატომ ავირჩიე Cougar 8000? ჩემი აზრით საქართველოში დღეს არ არის პისტოლეტი, რომელიც ფასის/ხარისხის შეფარდებით  შეედრება Cougar 8000-ს. ვერ დამისახელებთ 9მმ-ან პისტოლეტს ქრომირებული ლულით, რომელიც ხელმისაწვდომია 1000 ლარად. ვერ დამისახელებთ პისტოლეტს 1000 ლარად, რომელიც იქნება უკეთესად დამზადებული ვიდრე Cougar 8000. ვერ დამისახელებთ პისტოლეტს, რომელიც ღირს 1000 ლარი და პირდაპირ ყუთიდან აქვს ასეთი კარგი სასხლეტი. ეს არის, რაც  გამოარჩევს, Cougar 8000-ს (და ჩვენ მეორე ნომინანტსაც). ის კი ღირს ძალიან იაფი მაგრამ ის არ არის იაფი იარაღი. როგორც ერთ-ერთ უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში დაიწერა, Cougar 8000 ხარისხით არ გავს ბერეტას, ის ხარისხით არის ბერეტა და მე შემიძლია ამას დავეთანხმო და დავადასტურო ეს სიტყვები, ვინაიდან  მქონდა შედარების საშუალება და რამე განსხვავება ორს შორის მე არ შემიმჩნევია, არც შიგნიდან და არც გარედან. განსხვავდება  მხოლოდ საკეტის დაფარვა. Cougar 8000-ზე ის წააგავს ჩეხურ CZ-ზე გამოყენებულ დაფარვას, რომელიც წარმოადგენს საღებავს დატანილს ოქსიდირებულ რკინის ზედაპირზე. მე მქონდა საშუალება მენახა ერთი საკმაოდ ნახმარი Cougar 8000 და მიუხედავად იმისა, რომ იარაღი იყო დაბინძურებული და საღებავი საკეტზე იყო გადაქერცლილი, ღია მეტალი არსად არ ჩანდა და კოროზიის ნიშნებიც ვერსად ვერ ვიპოვე. ეს მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს ამ იარაღს არავინ არ უვლიდა. გასაკვირი არ არის, რომ Cougar 8000 არის ბესტსელერი აშშ-შიც სადაც ის დაახლოებით 390 დოლარად იყიდება. მას მერე რაც ამ ბლოგზე  დაიწერა პირველი სტატია ამ პისტოლეტზე, სტოეგერის პისტოლეტების მოდელების გამას დაემატა მოდელი .45ACP კალიბრში და ასევე სუბკომპაქტური მოდელიც. გარდა ამისა პისტოლეტები აღიჭურვა უნივერსალური სამაგრით, ხოლო საკეტის დიზაინი ეხლა ზუსტად იმეორებს იტალიური პისტოლეტის საკეტის დიზაინს. იმედია ეს პისტოლეტები მალე გამოჩნდება საქართველოში!

დააკვირდით პისტოლეტის ფორმებს და დაფარვის ხარისხს. მაღალი კლასის დანადგარები ქმნიან ლამაზ და ზუსტ ფორმებს. ხოლო Cougar 8000 არის ძალიან მაღალი სიზუსტით და ხარისხით დამზადებული.


განახლებული Stoeger Cougar 8045. კალიბრი .45ACP

უნდა ავღნიშნო, რომ სტოეგერის პისტოლეტები, რომლებიც გვხვდება საქართველოში დამზადებულია აშშ-ს ბაზრისთვის, რაც ჩვენთვის ნიშნავს იმას, რომ პისტოლეტს გავლილი აქვს ყველანაირი შემოწმება, ვინაიდან როგორც წესი იარაღი, რომელიც ხვდება პრიორიტეტულ ბაზრებზე და აშშ-ს ბაზარი არის ყველაზე პრიორიტეტული ნებისმიერი მწარმოებლისთვის,  ყოველთვის არის ყველაზე მაღალი ხარისხის სტანდარტებით დამზადებული.

„ჩვენ“ პისტოლეტებს მოყვებათ კომპლექტში ორი მჭიდი, დამზადებული იატალიაში, თავდაპირვრლად ორიგინალური ბერეტას პისტოლეტებისათვის.

მინდა განსაკუთრებით ავღნიშნო, რომ წლების განმავლობაში მე ჯერ ვერ შევძელი მენახა ერთი მაინც უარყოფითი გამოხმაურება „სტოეგერის“ პისტოლეტებზე. ერთადერთი რასაც უჩივიან, არის ის რომ ახალ პისტოლეტებში დამაბრუნებელი ზამბარის ღერძი არის პლასტმასის, ხოლო ადრინდელ მოდელებში ეს დეტალი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.  გამოხმაურებები პოზიტიურია ან ძალიან პოზიტიური. ძალიან კარგი გამოხმაურებები მესმის ასევე ამ იარაღის პატრონებისგან საქართველოშიც.

Cougar 8000 წარმოებაშია, ხოლო მისი წარმოება მეზობელ ქვეყანაში მდებარეობს, რაც სავარაუდოთ კარგია იმ მხრივ, რომ საჭიროების შემთხვევაში ნაწილების შეძენა თეორიულად არ უნდა იყოს რთული.

ერთადერთი „ნაკლოვანება“ არის მხოლოდ ეს წარწერა. დამზადებულია თურქეთში. მიუხედავად ყველაფრისა ავტორი არ თვლის, რომ თავის მასაში თურქული სამოქალაქო იარაღი არის მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ „სტოეგერი“ ნამდვილად არის გამონაკლისი. და ეს არ ეხება მხოლოდ პისტოლეტებს არამედ ამავე კომპანიის გლუვლულიან თოფებსაც. თუ ოდესმე „სტოეგერი“ გამოუშვებს ტაქტიკურ ნახევრად-ავტომატურ თოფს მე მას აუცილებლად ვიყიდი. სურათზე ასევე ჩანს ამერიკული იმპორტიორის დასახელება (1).

 


თუ მცველი საკეტზე თქვენთვის არ წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას მაშინ „კუგუართან“ თქვენ სხვა პრობლემა არ გექნებათ.

ავსტრიული კომპანიის Steyr-Mannlicher ამ პისტოლეტებს საკაოდ რთული ბედი ქონდათ. თავდაპირველად მათი გაყიდვები იყო შეფერხებული პირველი სერიის პისტოლეტების ტექნიკური პრობლემებით და არადამაკმაყოფილებელი დისტრიბუციით. დასაშვებია, რომ ბევრს ასევე არ მოეწონა ახალი პისტოლეტის ზედმეტად უცნაური დიზაინი და სხვა ასეთივე უჩვეულო ტექნიკური გადაწყვეტილებები. მაგრამ წლების განმავლობაში პირველი M სერიის პისტოლეტები ბევრისთვის იყო ნამდვილი საგანძური, რომელიც მათ აღმოაჩინეს, ისევე, როგორც იყო საყვარელი იარაღი ერთეულებისთვის, რომლებმაც კარგად მიიღეს ის უნიკალური თვისებები რაც ამ იარაღს გააჩნდა. სამწუხაროდ ცალკეული მსროლელების  ენთუზიაზმი არ უზრუნველყოფდა ამ პისტოლეტების სტაბილურ გაყიდვებს და ერთ დროს, M/S სერიის ახალი პისტოლეტები აშშ-ში იყიდებოდა სულ რაღაც 299 დოლარად!  მას მერე გარკვეული დრო გავიდა,  შტეიერ-მანლიხერმა განაახლა მოდელების გამა, პისტოლეტმა გაიარა „რესტაილინგი“, მოწესრიგდა პროდუქციის ტექნიკური უზრუნველყოფა და საგარანტიო მომსახურება და ასევე მისი კლონის წარმოება დაიწყო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. პირველი M/S სერია ისტორიას ჩაბარდა და 2006 წლიდან ხელმისაწვდომია მხოლოდ პისტოლეტები Caracal  დამზადებული გაერთიანებულ საემიროებში  და „შტეირის“ ახალი მოდიფიკაციები ინდექსით A1.

(1) პირველი თაობის პისტოლეტი M9. (2) მეორე თაობის M9A1. (3) Caracal С

საქართველოში პირველი თაობის პისტოლეტები გამოჩნდა 2003 წელს. ისინი იყიდებოდა საკმაოდ ზომიერ ფასად, რომელიც შეადგენდა დაახლოებით 1950 ლარს, მაშინ როდესაც სხვა  ავსტრიული პისტოლეტი – გლოკი   იყიდებოდა 2200-2400 ლარად. დღეს ახალი, M სერიის პისტოლეტები მაღაზიებში რა თქმა უნდა აღარ დევს დახლებზე, მაგრამ მეორად ბაზარზე პერიოდულად ჩნდება განცხადებები მათი გაყიდვის შესახებ. ფასი ვარირებს 1000 ლარიდან 1000 დოლარამდე და ამ ფასში ჩვენ მოგვივა იარაღი, რომელიც არაფრით არ ჩამოუვარდება პრემიუმ კლასის პისტოლეტებს. Steyr M/S პისტოლეტები თავად არიან პრემიუმ კლასის პისტოლეტები. დამზადების ხარისხი არის უმაღლესი და დამერწმუნეთ უფრო მაღალი ვიდრე გლოკის შემთხვევაში, რომელიც ბევრად მეტი ღირს. მე არ დამავიწყდება, როდესაც სახლში მოვიტანე ჩემი პირველი გლოკი მოდელი 17 და დავდე ჩემი M9-ს გვერდით. გაოცებული ვიყავი, ნუთუ ეს არის ის გლოკი, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ?! ჩემი პირველი მაღალი კლასის 9მმ-ნი, „შტეირი მ9“ აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. მართალია მერე მალე გავიგე, რომ გლოკი უყვართ არა მისი იერსახის  არამედ ცოტა სხვა რამეების გამო.

ავტორის კუთვნილი სუბკომპაქტური Steyr S9. ეს იარაღი სასაცილო ფასად იქნა შეძენილი, სულ რაღაც 900 ლარად. მიზეზი არის ამ პისტოლეტის არაპოპულარული ნაკლებად ცნობილი სახელი, რის გამოც ის არ არის ისეთი ცნობადი, არ არის ისეთი „ბრენდი“, როგორც „გლოკები“ და „ხეკლერები“ და შესაბამისად ძნელად იყიდება.

შტეირის პისტოლეტებში გამოყენებულია უმაღლესი კლასის მასალები, რაც ბუნებრივია იმიტომ, რომ ეს კომპანია დიდიხანი უშვებს უმაღლესი კლასის სამხედრო და სამოქალაქო  იარაღს. რკინის დეტალები დამუშავებულია, როგორც გლოკის პისტოლეტების ნაწილები Tennifer-ის ტექნოლოგიით, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო იმისთვის, რომ დაიცვათ იარაღი ცვეთისგან, ოფლის და ნესტის ზემოქმედებისაგან.

Steyr M/S სერიის პისტოლეტები (M სრული ზომის მოდელი, S სუბკომპაქტი) არიან ძალიან ზუსტები. გარდა ამისა მათი მე ვიტყოდი უნიკალური ერგონომიკის გამო, სწრაფი სროლა ძალიან ადვილია. ასევე ამას ხელს უწყობს უნიკალური Steyr Trapezoid Sights, რომელიც მოსახერხებელია, როგორც ნელი და ზუსტი ასევე სწრაფი სროლისთვის. სუბკომპაქტური მოდელი S-დან სწრაფი სროლა ისეთივე ადვილია, როგორც ბევრი სხვა სრული ზომის პისტოლეტებიდან. პისტოლეტებს აქვთ ძალიან დაბალი ლულის ღერძი და ტარის ფორმა, რომლის წყალობით პისტოლეტი ღრმად ზის ხელში. ყველაფერი ეს განაპირობებს უმაღლეს „სროლისუნარიანობას“.  თავის მხრივ ხარისხი და დამზადების სიზუსტე განაპირობებს მე ვიტყოდი ეტალონურ სიზუსტეს. როგორც წესი, „შტეირები“ საიმედო იარაღებია, ყოველ შემთხვევაში მე რაიმე პრობლემები მათთან არ მქონია. ტექნიკური პრობლემები უკავშირდებოდა პირველი პარტიების პისტოლეტებს, რომელთა სერიული ნომრები იწყება ციფრი 10-ით.  ყველაზე პირველმა პისტოლეტმა M9, რომელიც მე მქონდა, უპრობლემოდ მოინელა ყველა ტიპის 9მმ-ნი ვაზნა, მათ შორის რუსული ექსპანსიური ვაზნები, რკინის მასრებით და ლაკით დაფარულები. ერთადერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ექსტრაქცია. ხანდახან პისტოლეტი ცდილობს მოგახვედროთ ამოგდებული მასრა პირდაპირ შუბლში. ზოგი ტიპის ვაზნის შემთხვევაში ეს ხდება რეგულარულად. ამიტომ ალბათ ლოგიკური იქნება გირჩიოთ, რომ სროლის დროს ატაროთ დამცავი სათვალე, რომელიც პრინციპში ისედაც უნდა ატაროთ ნებისმიერი იარაღიდან სროლისას. მე ერთხელ ვნახე, როგორ მოხვდა ადამიან თვალში დენთის ნამწვავის პატარა ნაწილაკი და მინდა გითხრათ, რომ მიკროსკოპული ნაკაწრიც თვალის გუგაზე არის საკმარისი, რომ დიდიხანი განიცადოთ საკმაოდ ძლერი და შემაწუხებელი ტკივილები.

პისტოლეტები ასევე აღჭურვილია მცველით, რომლის ჩასართავად უნდა ჩამოწიოთ დაბლა ღერძი, რომლის ორი ბოლო ღილაკებივით არის განლაგებული ჩარჩოს ორივე მხარეს (1). მცველის გამოსართავად უნდა აკრათ ღილაკს, რომელიც სასხლეტის წინ არის განლაგებული (2).

ბატონი ვილი ბუბიცი, M/S სერიის პისტოლეტების ავტორი ქმნიდა თავის იარაღს, როგორც გლოკის ანალოგს და კონკურენტს. სინამდვილეში მან ჯერ თავისი იდეები შესთავაზა გლოკის კომპანიას და უარის მიღების შემდეგ დაიწყო თანამშრომლობა ჯერ შტეირ-მანლიხერთან და შემდეგ ასე ვთქვათ არაბულ ბიზნეს-წრეებთან. „შტეირი“ გლოკს რომ შევადაროთ, გამოდის რომ თეორიულად პირველს აქვს გარკვეული უპირატესობები. ეს ეხება ულტრა-მყარ ჩარჩოს, რომელიც წარმოადგენს ფოლადის ჩონჩხს, რომელიც ზის პოლიმერის ჩარჩოში. დეტალები, რომლებზეც დადის საკეტი უფრო მსხვილია, რაც ნიშნავს ნაკლებ ვიბრაციას სროლისას და თეორიულად მეტ სიზუსტეს.

სურათზე კარგად ჩანს მასიური ფოლადის „ჩონჩხი“ (1), რომელიც პოლიმერის ჩარჩოში ზის.

პრაქტიკულ უპირატესობებს, რაც შეხება, ეს არის პირველ რიგში არა ავტომატური მცველი, რომელიც გლოკს არ გააჩნია. ეს მცველი პრაქტიკულად არ ზრდის იარაღის სიგანეს და თუ მას არ იყენებთ ის არც იპყრობს ყურადღებას და პრაქტიკულად იარაღზე ადგილს არ იკავებს. ვინმეს იარაღი, რომ მისცეთ ვინც მას არ იცნობს ის ვერც მიხვდება, რომ პისტოლეტს აქვს არა ავტომატური მცველი. გარდა ამისა პისტოლეტზე თავიდანვე აყენია რკინის სამიზნე მოწყობილობები, რომლებიც ბევრად უფრო გამძლეა ვიდრე გლოკის სტანდარტული პლასტმასის მოწყობილობები. ჩემი სუბიექტური აზრით „ტრაპეზოიდული“ სამიზნე მოწყობილობები „შტეირზე“ უფრო მოსახერხებელია ვიდრე გლოკის სტანდარტული კონფიგურაციის მქონე სამიზნე მოწყობილობები. ასევე ჩემი სუბიექტური აზრით შტეირის სასხლეტი უკეთესია გლოკის სტანდარტულ 5.5 ფუნტიან სასხლეტზე. მას უფრო მოკლე სვლა აქვს და სუბიექტურად ამის გამო ის უფრო მსუბუქიც გეჩვენებათ. სწრაფი სროლა „შტეირიდან“ უფრო მოსახერხებელია ვიდრე გლოკიდან, მაგრამ ვიმეორებ ეს ჩემი პირადი, სუბიექტური აზრია.

გარდა ამისა “შტეირებს” აქვთ სავაზნეში ვაზნის ყოფნის ინდიკატორი. თუ ის არის გარეთ გამოწეული ესეიგი ვაზნა სავაზნეშია.

„შტეირის“ პისტოლეტებს აქვთ უნიკალური სამაგრები, რის გამოც მათზე რაიმე სტანდარტულ სამაგრზე გათვლილი მოწყობილობის  დაყენება შეუძლებელია. ადრე იყიდებოდა ადაპტორები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ პისტოლეტზე პიკატინის სამაგრზე გათვლილი მოწყობილობების დაყენებას. დღეს მათი შოვნა ალბათ უკვე შეუძლებელია.

უნიკალური სამაგრების გარდა M/S სერიის პისტოლეტებს გააჩნია სხვა შეზღუდვებიც. ეს შეზღუდვები გამომდინარეობენ იქიდან რომ პისტოლეტი აღარ არის წარმოებაში. თუ ახალი თაობის პისტოლეტის ნაწილები ზოგ შემთხვევაში მიდის პირველი თაობის მოდელებზე, თქვენ მაგალითად გაგიჭიდრებათ იპოვოთ ბუდე ან სხვა აქსესუარები. პირადი გამოცდილებით ბუდეები გათვლილი მაგალითად გლოკ 30-ზე კარგად „იღებენ“ „შტეირის“ S მოდელის პისტოლეტებს.

განსხვავებით სტოეგერის პისტოლეტისგან, Steyr M/S პისტოლეტები იყენებენ დროით გამოცდილ მოდიფიცირებულ ბრაუნინგის ჩაკეტვის სქემას. იტალიელებმა აირჩიეს ლულის ბრუნვით ჩაკეტვა, იმის, გამო რომ Beretta 92-ის დამოკლება იყო პრობლემატური ასევე იშვიათი ჩაკეტვის სქემის გამო, რომელიც იყენებდა მოძრავ საბრძოლო ბჯენს ისევე, როგორც Walther P38. შესაბამისად შედარებით კომპაქტური მოდელი 8000 უნდა ყოფილიყო დანამატი სრული ზომის მოდელი 92-თვის.

მიუხედავად გარკვეული შეზღუდვებისა Steyr M/S მაინც არიან 100% პრემიუმ კლასის პისტოლეტები და ეს მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ რა ღირს ამ კლასის პისტოლეტები საქართველოში და რა ღირს კონკრეტულად ეს პისტოლეტები.  ის იწყობა ავსტრიაში და არა თურქეთში და შესაბამისად მისი წარმოშობა სტოეგერისგან განსხვავებით არის ნამდვილად არისტოკრატიული (იმათთვის ვისაც ეს აღელვებს). მიუხედავად იმისა რომ ეს პისტოლეტები აღარ გამოდიან მისი ხელმისაწვდომობის და მაღალი საექსპლუატაციო თვისებების  გამო ისინი ნამდვილად ასევე არიან საუკეთესო შენაძენები და შესაბამისად იმსახურებენ აღიარებას თუნდაც ჩვენი ბლოგის ფარგლებში.

როდესაც ყიდულობთ იარაღს, რომელიც იაფი ღირს, მიდიხართ კომპრომისებზე. ეს ეხება დაფარვის ხარისხს, ანტი-კოროზიულ თვისებებს, ლულის ხარისხ და გამძლეობას, გამოყენებულ მასალებს, რესურსს და სხვა ნიუანსებს, რომლებსაც თქვენ თმობთ ზოგჯერ მეტს, ზოგჯერ ნაკლებს, იმის გამო, რომ შეიძინოთ იარაღი ნაკლებ ფასად. ამ ორი იარაღის შეძენისას თქვენ კომპრომისზე არ მიდიხართ და ყიდულობთ პრემიუმ კლასის პისტოლეტებს, რომლებშიც გარკვეული მიზეზების გამო ნაკლებ ფასს ითხოვენ და გაცილებით მეტი ღირებულების რამეებს გთავაზობენ. სწორედ ეს გამოარჩევს მათ სხვებისგან და ამიტომ მე ვთვლი, რომ ჩვენი რეალიების გათვალისწინებით ეს ორი იარაღი არის საუკეთესო შენაძენი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთი არის „ძველი სკოლის“ პისტოლეტი, ლითონებისგან დამზადებული, ჩახმახიანი დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით, ხოლო მეორე არის უფრო თანამედროვე, „პლასტმასის“ პისტოლეტი დახურული დამრტყმელით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ  ორი ეს პისტოლეტი დააკმაყოფილებს ორივე  „სკოლის“ მიმდევრების მოთხოვნებს. საინტერესოა, რომ მეორადი იარაღის ბაზარზე, ორივე ამ პისტოლეტის დაბალი ფასი ჩემი აზრით პირველ რიგში განპირობებულია იმით, რომ პოტენციური მყიდველები არ ცნობენ/აღიარებენ ამ პისტოლეტებს და არ აფასებენ მათ, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი თურქულია ხოლო მეორე რა არის ბოლომდე არ ესმით. ერთის მხრივ ეს კარგია იმათთვის ვინც ეძებს კარგ იარაღს ხელმისაწვდომ ფასად, მაგრამ მეორეს მხრივ ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ქვეყანაში სადაც ძალიან შეზღუდული არჩევანი და მაღალი ფასებია, მაინც ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს სამომხმარებლო თვისებების მიხედვით იარაღის არჩევა. სურათებზე აღბეჭდილი Cougar 8000-ის გაყიდვის შესახებ განცხადება რამდენიმე თვე იყო ატვირთული. 1100 ლარად ხელმისაწვდომი იყო შესანიშნავი, აბსოლუტურად ახალი პისტოლეტი, რომელსაც გარდა ყველაფრისა რაც ახალ Cougar 8000-ს უნდა მოყვებოდეს, პატრონმა ასევე 150 ლარის ვაზნები  და საწმენდები გააყოლა…..

საუკეთესო შენაძენების სია, რომ გავაგრძელოთ, მესამე ადგილზე ალბათ მოხვდებოდა ისრაელში წარმოებული Jericho 941 – ასევე კარგი, საიმედო და ძალიან ზუსტი იარაღი, ხელმისაწვდომი ბევრ კალიბრში და სხვა და სხვა „წონით კატეგორიებში“, კომპენსატორით და მის გარეშე. მეოთხე ადგილს მე მივანიჭებდი ალბათ იტალიური კომპანია „Tanfoglio-ს“ ავტომატურ პისტოლეტებს. მეხუთე ადგილზე დავაყენებდი ბულგარულ „Arcus 94/98“. ყველა ეს პისტოლეტი არის მუშა/საიმედო იარაღები, მაგრამ ყველას მათ აქვთ გარკვეული არა თუ ნაკლოვანებები, არამედ თავისებურებები, რომლებსაც უნდა შეეგუოთ, იმის გამო, რომ ყოველი მათგანი ღირს ორჯერ სამჯერ ნაკლები ვიდრე პრემიუმ კლასის პისტოლეტები. მაგრამ  ეს ნამდვილად არ ეხება  Stoeger Cougar 8000-ს და Steyr-Mannlicher M/S სერიის პისტოლეტებს.

 



3 Responses to “ორი საუკეთესო ხელმისაწვდომი პისტოლეტი”

  1. dato says:

    გილოცავ ახალ წელს ლევან ბატონო! რაც შეეხება სტატიას,მართლა ძალიან აქტუალურია საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე და როგორც ყოველთვის, ძალიან “გამოსადეგი”. დიდი მადლობა.

  2. zura says:

    გამარჯობათ ლევან. ძალიან საინტერესო სტატიაა. აქ ალბათ ტაურუსის შეფასება აკლია და ტაურუს PT-92-ს რომელ ადგილზე დააყენებდით?

  3. Shooter says:

    PT92 არ მქონდა როდესაც ამ სტატიას ვწერდი. დღევანდელი გადმოსახედიდან პტ92 ერთ ერთ საუკეთესოდ მეჩვენება ხელმისაწვდომ იარაღებში.

დატოვეთ კომენტარი