CZ75/85 გამადიდებელი შუშის ქვეშ

ჩენ ბლოგზე უკვე დევს სტატია, რომელიც CZ 75-ს და მის მოდიფიკაციებს ეხება. სტატია დიდი ხნის წინ დაიწერა ფორუმისთვის და ალბათ ცოტა მშრალი და ენციკლოპედიური გამოვიდა. ამიტომაც ეხლა, როდესაც ფინანსური კრიზისი გვიტევს და მე დამჭირდა არჩევანის გაკეთება ბიუჯეტური პისტოლეტის სასარგებლოდ, მე ისევ ავირჩიე ჩეშსკა ზბროიოვკას იარაღი.  კონკრეტულად კი მოდელი CZ 85B.  კრიზისი მარტო, როგორც ჩანს მე არ მიტევს და დღეს შესაძლებელია ამ მოდელის მეორადი პისტოლეტის შეძენა საკმაოდ ზომიერ ფასად, დაახლოებით 1300-1600 ლარის ფარგლებში. რატომ CZ და არა ვთქვათ სხვა „ბიუჯეტური“ მოდელები, მაგალითად Jericho 941 ან თურქული Stoeger Cougar 8000? პირველ რიგში იმიტომ, რომ მე ძალიან დიდიხანია ვარ CZ-ს პისტოლეტების მოყვარული. ჩემ ხელში გაიარეს 75-ის ბევრმა მოდიფიკაციამ. ესენია: CZ 75, CZ 75 Compact, CZ 85B, CZ 85BD, CZ SP-01, CZ 75 Phantom. მქონდა ამ კომპანიის სხვა მოდელებიც: CZ 92, CZ 97, СZ P07 Duty და CZ 82-ები ორ კალიბრში, .380 და 9მმ მაკაროვი.  ყველა ეს პისტოლეტი იდეალურად მუშაობდა და მათთან არასდროს არ მქონია  არანაირი პრობლემა. ხოლო განსაკუთრებულად მომწონდა კლასიკური 75-ის ერგონომიკა, 83-ის „სროლისუნარიანობა“ და 97-ის ფენომენალური  სიზუსტე, რომელიც 50 მეტრზე ისეთ ჯგუეფებს აკეთებდა, როგორც სხვა პისტოლეტები 15 მეტრზე. როდესაც ცნობილი ექსპერტი და ჟურნალისტი პიტერ კოკალისი წერდა ჟურნალ Soldier of Fortunes-თვის, მან ერთ ერთმა პირველმა გამოცადა .45 კალიბრის მოდელი 97 და დაწერა სიტყვა სიტყვით შემდეგი: CZ 97 არის ყველაზე ზუსტი სერიული .45 კალიბრის პისტოლეტი, რომლიდანაც მას აქამდე უწევდა სროლა.  კონკრეტულად მოდელ 75-ს რაც შეეხება, მე განსაკუთრებული გრძნობები მაქვს ამ პისტოლეტის მიმართ, იმიტომ, რომ ჩემი პირველი შედეგები სროლაში, რომელთა ჩვენება არ იქნებოდ სირცხვილი, უკავშირდება სწორედ ამ პისტოლეტს. ამ სტატიაში მე მექნება საუბარი სწორედ, რომ ჩზ75/85-ზე, რომლებსაც პრაქტიკულად არანაირი მნიშვნელოვანი სხვაობა არ არის გარდა ორმხრივი მცველის და საკეტის დამშვების ღილაკებისა 85-ე მოდლეში. მათ ბაზაზე შექმნილია სპეციალიზირებული სპორტული პისტოლეტები და ასევე P სერიის სამოქალაქო და პოლიციური მოდელები, რომელთა დამზადების მასალები და კონფიგურაცია შეიძლება განსხვავდებოდეს ორიგინალური 75/85 სერიის მოდელებისგან. მოდელების გამა, რომელიც წარმოადგენენს 75-ის მოდიფიკაციებს საკმაოდ დიდია. მათი დაყოფა პირობიღად შესაძლებელია კომპაქტურ (Cz75 Compact, Cz P07),  სტანდარტულ მოდელებათ (Cz75, Cz85, Cz 85 Combat, Cz SP 01) და სპორტულ მოდელებად (Cz Shadow, Cz75 Tactical Sport და ასე შემდეგ ). ყველას მათ საფუძვლად  უდევს პირველი და კლასიკური  Cz 75.  სულ ეს ოჯახი დღეს ითვლის დაახლოებით ოცამდე სხვა და სხვა მოდიფიკაციას.

დღეს ძალიან ცოტა პისტოლეტია ხელმისაწვდომი, ორ რიგიანი მჭიდით, ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით და ამავე დროს მთლიანად ფოლადის ჩარჩოთი. თანაც ხელმისაწვდომ ფასად. თანაც ასეთი პისტოლეტების 90% წარმოადგენს ისევ  CZ 75-ის კლონებს. კარგია, რომ თუ ადამიანი შეაჩერებს არჩევანს ამ მწარმოებლის პისტოლეტზე,  მას საკმაოდ დიდი არჩევანი ექნება.

დააკვირდით რამდენად ლამაზი ფორმები აქვს იარაღს, არც ერთი ბასრი კუთხე. ის ძალიან დახვეწილია და ესთეტიური თვალსაზრისით ის ძალიან ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი დეტალი ახლო დაკვირვებით ძალიან კარგი ხარისხით არ არის დამზადებული. პისტოლეტის თხელი ფორმები აადვილებენ მის ტარებას.

CZ 75 იყო პირველი სერიული პისტოლეტი ევროპაში, რომელიც შეითავსებდა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტ მექანიზმს და დიდი ტევადობის ორ რიგიან მჭიდს.  3 წლით ადრე, 1972 წელს აშშ-ი გამოვიდა Smith&Wesson M59, რომელიც გახდა პირველი ასეთი მსოფლიოში. თავისი დროისთვის პისტოლეტი მართლაც გამორჩეული იყო. მას გააჩნდა საკმაოდ ორიგინალური  დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი და აქამდე უკვე არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლების გამოყენებამაც შექმნა საკმაოდ ეფექტური იარაღი იქ და იმ დროს რა დროსაც ის წესით არ უნდა შექმნილიყო. აღმოსავლეთ ევროპაში, პრაქტიკულად ოკუპირებულ ჩეხოსლოვაკიაში, სადაც საბჭოთა მენტალიტეტი მეფობდა. ზუსტი მიზეზი ასეთი პისტოლეტის შექმნის ჩემთვის უცნობია, ვერც ჯარი და ვერც პოლიცია მას დასავლური კალიბრის გამო ვერ მიიღებდა შეიარაღებაში. ერთ ერთი ვერსიით ჩეშსკა ზბროიოვკას სურდა საექსპორტო პისტოლეტის შექმნა, რომელიც დამატებით შემოსავალს მოუტანდა ქვეყანას. სიმართლე გითხრათ არ მგონია, რომ ერთი მოდელის პისტოლეტის ექსპორტს, რამე როლი ეთამაშა ქვეყნის ეკონომიკაში მაგრამ ფაქტია, რომ ჩეხოსლოვაკებმა შექმნეს მართლაც კარგი პისტოლეტი, რომელმაც ვარშავის პაქტის ქვეყნებში წარმოებული სხვა მოკლელულიანი იარაღებივით არ დაკარგა აქტუალურობა მას მერე რაც საბჭოთა კავშირი და ვარშავის ფაქტიც ისტორიას ჩაბარდა. ჩეხებს ყოველთვის ყავდათ ძალიან ნიჭიერი და მე ვიტყოდი უნიკალური სტილის მქონე კონსტრუქტორები და იარაღის ოსტატები. ჩეხი კონსტრუქტორების წვლილი იარაღის და მისი წარმოების განვითარებაში საკმაოდ დიდია და მათ ნამდვილად ბევრი რამით შეუძლიათ იამაყონ.  ნაწილობრივ ეს იმის „ბრალიც“ არის, რომ დასავლეთ ჩეხეთი ავსტრიის კულტურული ზემოქმედების ქვეშ იყო. ქვეყნის, რომელსაც ასევე ძალიან ძლიერი კონსტრუქტორების სკოლა და იარაღის წარმოების მდიდარი ტრადიციები ქონდა. „სირცხვილია, რომ ეს იარაღი არ გამოიგონეს აშშ-ში“. ეს სიტყვები ეკუთვნის ჯეფ კუპერს, რომელიც იყო ამ სისტემის პისტოლეტების დიდი მოყვარული. მისი იდეების თანამხმად შექმნილი ძლიერ 10mm Auto-ზე გათვლილი პისტოლეტი Bren Ten, კონსტრუქციულად იყო სწორედ  CZ 75-ზე დაფუძნებული. „როდესაც ჩზ75-ს მოხსნით საკეტს, თქვენ არ დაინახავთ უამრავ პატარა ზამბარას და დეტალს, რომელიც ელოდება იმას რომ ამოხტეს პისტოლეტიდან და თვალი ამოგთხაროთ“, ამას წერდა პიტერ კოკალისი თავის სტატიაში, რომელიც ეხებოდა CZ 75-ის გამოცდას.  თავიდან მე სიმართლე გითხრათ არ ვეთანხმებოდი კოკალისის შეფასებას. CZ-ში საკმაოდ ბევრი ზამბარაა, მათ შორის მცველის ღილაკის ფიქსატორის მიკროსკოპული ზამბარები, მაგრამ ნამდვილად არც ერთი მათგანი  იარაღის სრული დაშლისას არ ხტება თავისი ადგილიდან. თუმცა სრული დაშლისას ჯობია ამ დეტალებისთვის ყურადღბის მიქცევა, რომ არ დაკარგოთ ისინი. CZ75 ერთი შეხედვით რთული იარაღია, მაგრამ მისი სრული დაშლა და აწყობა საკმაოდ ადვილია ძალიან ჭკვიანური კონსტრუქციის გამო. დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი პრაქტიკულად ცალკე მოდულის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც იხსნება ეგრევე მას მერე რაც გარეთ გამოაძრობთ  მცველს თავის ღერძით. ამით ადვილდება ამ მოდულის წმენდა, ისევე, როგორც ჩარჩოს შიგნიდან გასუფთავება ხდება შესაძლებელი. შეგიძლიათ გააგრძელოთ და პისტოლეტი ბოლომდე დაშალოთ, მაგრამ მისი აწყობისას გაარკვეული ხრიკები უნდა გამოიყენოთ. როგორც კი ყველაფერს „დაამუღამებთ“, ჩზ-ს ბოლომდე დაშლა ძალიან ადვილი ხდება, მაგრამ მე ამის გაკეთებას  მაინც არ გირჩევთ. არის დეტალები, რომელთა დაკარგავა ან დაზიანება ადვილია და თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ, ჯობია ბოლომდე პისტოლეტი არ დაშალოთ. საკმარისია შემოიფარგლოთ დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულის ამოღებით, რაც უზრუნველყოფს ძალიან დაბინძურებული პისტოლეტის მისაღები ხარისხის წმენდას.

უკანასკნელ CZ-ებზე ჩახმახი არის მრგვალი ფორმის. ის უფრო მოსახერხებელია ვიდრე ადრინდელი ქუსლიანი ჩახმახი. ის არ ედება არაფერს და გამორიცხავს სროლისას ხელზე დარტყმას. ბელგიურ FN-ში, რატომღაც პირიქით გადაწყვიტეს და უკანასკნელ ჰაი პაუერებზე მრგვალ ჩახმახზე უარი თქვეს. მარჯვნივ CZ 75-ის, ხოლო მარცხნივ FN High Power MKIII ჩახმახები.

კონსტრუქციის შეფასებას რომ დაუბრუნდეთ, პისტოლეტის ჩაკეტვის სქემა არის… რა გასაკვირია ბრაუნინგის. ჩაკეტვა ხდება ბჯენებით, რომლებიც განლაგებულია ლულაზე, სავაზნის წინ, ხოლო შესაბამისი ღარები განლაგებულია საკეტის შიგნიდან. იგივე სქემა არის გამოყენებული Сolt 1911-ში და FN High Power-ში.  75/85 მოდელები მთლიანად ფოლადის კონსტრუქციის არიან, თუმცა არსებობს მოდელები ალუმინის ჩარჩოთი  და ერთ მოდელი Phantom, პოლიმერის  ჩარჩოთი გამოდის.  ერთ ერთ წყაროში ნახსენებია, რომ სანამ ჩეხები აითვისებდნენ დეტალების ზუსტი ჩამოსხმის ტექნოლოგიას, პირველი CZ 75-ის საკეტები და ჩარჩოები მზადდებოდა ესპანეთში. პირველი რკინის საჭრელი ზუსტი დანადგარები ჩეხეთში ასევე მოხვდა ესპანეთიდან.  ალუმინის ჩარჩოები, ნახევარფაბრიკატის სახით ასევე მიეწოდება ჩეშსკა ზბრიოვკას გარე კონტრაქტორისგან. ადგილზე ხდება მხოლოდ მათი საბოლოო დამუშავება.  მცველი პისტოლეტზე განლაგებულია იქ სადაც ის უნდა იყოს, ანუ ჩარჩოზე. CZ 75, იქმნებოდა, როგორც სამხედრო პისტოლეტი და დღემდე მის ბევრ მოდიფიკაციაზე, ტარის შიგნით განლაგებულია დიდი ბრტყელი ზამბარა, რომელიც მჭიდის ღილაკზე დაჭერის შემდეგ არ აძლევს მას საშუალებას თავისუფლად ამოვარდეს.  საჭიროა გათავისუფლებული მჭიდის ხელით ამოღება. ამბობენ, რომ პირველად ამის საჭიროებაზე გერმანელები დაფიქრდნენ, სადღაც პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის. მათ ჩათვალეს, რომ ბრძოლის პირობებში თავისუფლად ვარდნადი მჭიდები გამოიწვევდნენ  მათ დიდი რაოდენობით დაკარგავს და დაზიანებას, რაც შემდგომში ლოგისტიკურ პრობლემებს შექმნიდა. დიახ ბატონებო, როდესაც გერმანელები ქმნიდნენ უძლიერეს საბრძოლო მანქანას, ისინი ასეთ წვრილმანებზეც ფიქრობდნენ… მაგალითად პირველი Glock 17-ები, რომლებიც ავსტრიის არმიისთვის მზადდებოა ასევე გამორიცხავდნენ მჭიდის თავისუფალ ამოვარდნას იარაღიდან. კარგია თუ გერმანელებს მიბაძავენ ჩვენი შეიარაღებული ძალების „მშენებლები“…

CZ-ს არასრული დაშლა

CZ-ს შემთხვევაში აღნიშნული ზამბარის ამოღება შესაძლებელია, მაგრამ მე არ გირჩევდით ამის გაკეთებას, იმიტომ, რომ ზამბარა უზრუნველყოფს მჭიდის რბილ  მოძრაობას ტარის შიგნით და პრაქტიკულად წარმოადგენს ტარის შიდა უკანა კედელს, რომელიც საბრძოლო ზამბარას ფარავს. მჭიდის „ამოფერთხვა“ შესაძლებელია ერთი სწრაფი მოძრაობით ან მეორე დამხმარე ხელით. სანამ ეს ხელი დაიწყებს მოძრაობას სათადარიგო მჭიდისკენ გზად ის ამოაგდებს დაცლილ მჭიდს. მართალია სწრაფი გადატენვისას დაცლილი მჭიდის ამოგდება ხდება მხოლოდ მას მერე, რაც დამხმარე ხელი აიღებს სავსე მჭიდს, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული რა მეთოდს აირჩევთ. CZ-ეები არ არიან აღჭურვილი მჭიდის მცველით და თუ გადატენვისას გახდება საჭირო სროლა და ვაზნა სავაზნეში იქნება, გასროლა შესაძლებელი იქნება მჭიდის გარეშეც. მჭიდის გარეშე CZ 75/85-ში ექსტრაქცია არის საიმედო. ზოგ პისტოლეტებში ეს ასე არ არის. მაგალითად Walther P38 და Steyr M სერიის პისტოლეტები  მჭიდის გარეშე სროლისას მასრას ბოლომდე არ აგდებდნენ და ის იარაღში იჭედებოდა ხოლმე.  ეს შეიძლება არ ხდებოდეს ყოველთვის მაგრამ უკანასკენლ ორში ეს ხდებოდა ხშირად.

“მჭიდის მუხრუჭი”

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ამ ნაწილშიც CZ 75 ღირსეულად გამოიყურება. მას გააჩნია არა ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება მხოლოდ მაშინ თუ ჩახმახი შეყენებულია. მე მიმაჩნია ეს უპირატესობად, როდესაც მცველის გააქტიურება შესაძლებელია მხოლოდ შეყენებულ სასხლეტზე. იერიხოში და სხვა კლონებში მაგალითად ეს შესაძლებელია, როდესაც ჩახმახი დაშვებულია. მე მიმაჩნია, რომ არსებობს საფრთხე მცველის უნებლიე გააქტიურების და როდესაც მოვა სროლის დრო, შესაძლებელია, რომ მსროლელი დაიბნეს და ვერ მიხვდეს რატომ არ ხდება გასროლა. ამის გამო პოლიციელების დაღუპვის შემთხვვები ცნობილია და სამწუხაროდ არა ერთი და ორი არამედ საკმაოდ ბევრი ასეთი ფაქტი. მოდელებზე ინდექსით BD, მცველი შეცვლილია დეკოკერით. პისტოლეტებს აქვთ ჩახმახის ნახევრად შეყენების ფუნქციაც. ეს კაარგია და აუცილებელიც არის, როდესაც არ არის გათვალისწინებული დეკოკერი. ასე მცირდება უნებლიე გასროლის საფრთხე ჩახმახის დაწევისას, ხოლო ორმაგი მოქმედების რეჟიმში სროლისას სასხლეტის სვლის სიგრძეც ცოტათი მცირდება. ერთ დროს ჩეხებმა მასზე უარი თქვეს მაგრამ გახშირებული უბედური შემთხვევების გამო ეს ფუნქცია დააბრუნეს.  ადრინდელი CZ 75-ები არ იყვნენ აღჭურვილი დამრტყმელის მცველით. მოდელებში ინდექსით B ის უკვე წარმოდგენილია თუმცა ამის გამო გართულდა დამრტყმელის ამოღება, რომელიც ფიქსირდება არა, როგორც ადრე ადვილად მოსახსნელი დეტალით საკეტის უკანა ნაწილში არამედ საკეტში გაყრილი ხვეული „შტიფტით“.  დღეს შესაძლებელია CZ 75-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული მოდელების შეძენა ასეთი მცველის გარეშე. მცველის არ არსებობა ოდნავ აუმჯობესებს სასხლეტს, რაც მნიშვნელოვანია სპორტული პისტოლეტისთვის. უნდა ავღნიშნო, რომ იერიხოზეც არის დამრტყმელის მცველი მაგრამ იქ დამრტყმელის ამოღება ადვილად შესაძლებელია.  საიმედოობის მხრივ მე არ ვარ დარწმუნებული რომელია უფრო მისაღები მიდგომა. დამრტყმელის „ხუფიც“ საკტში და გვერდიდან გაყრილი ღერძიც ტყდება ხოლმე ინტენსიური ექსპლუატაციის დროს.

სროლის სიზუსტე არის ის, რაც ახასიათებს Cz75/85-ს. ეს მიიღწევა მაღალი ხარისხის ლულით, რომელიც როტაციული ჭედვის მეთოდით მზადდება და ასევე იმით, რომ საკეტი მოძრაობს ჩარჩოს შიგნით (სულ პერველად მზგავსი სქემა სავარაუდოთ გამოყენებულ იქნა 1900 წლის მოდელის ბრაუნინგში). ასეთი გადაწყვეტილება განაპირობებს საკეტის და ჩარჩოს შეხების დიდ ფართს და შესაბამისად ამცირებს ვიბრაციაებს.  ამის გამო ასევე 75-ს აქვს დაბალი ლულის ღერძი. კარგი სასხლეტი და სამიზნე ხაზის დიდი სიგრძე ასევე სიზუსტისთვის ხელშემწყობი ფაქტორებია. დამატებით ლულა ფიქსირდება საკეტში მის წინა მხარეს ჩაპრესილი ფოლადის რგოლით, რომელიც „ბუშინგის“ როლს ასრულებს. ეს ელემენტი გააჩნია პრაქტიკულად ყველა მაღალი კლასის ზე-ზუსტ პისტოლეტს.  შემიძლია ვთქვა, რომ 75/85 და მათი კლონები ერთ ერთი ყველაზე ზუსტი სტანდარტული პისტოლეტებია, რომლებთანაც მე მქონდა საქმე.

ჩზ-ს ტარის პანელები საუკეთესო ასეთი დეტალებია და ისინი დიდი როლს თამაშობენ ამ პისტოლეტის ერგონომიულობაში და ასევე ხელს უწყობენ ზუსტ სროლას. დააკვირდით მათ საკმაოდ რთულ ფორმას. ისინი ერგონიმიკის თვალსაზრისით სრულყოფილებია. უკანასკნელ მოდელებზე ყენდება რეზინით დაფარული რთული ფორმის პლასტმასის პანელები, რომლებიც არის საუკეთესო ასეთი დეტალები, რომლებიც მე შემხვედრია.

ლულა პისტოლეტებში არ არის ქრომირებული, მაგრამ მე ჯერ არ მინახია კოროზიისგან დაზიანებული ჩზ-ეს ლულა. ნაწილობრივ ამას განააპირობებს კოროზიული 9მმ-ნი ვაზნების პრაქტიკულად არ არსებობა.  ისეთ პისტოლეტებშიც კი, რომელბსაც აშკარად ეტყობოდა, რომ პატრონები არ უვლიდნენ, მე დაზიანებული ლულები არ მინახავს. გარედან ლულა საჭიროებს მოვლას, იმისთვის, რომ მას არ გაიუჩნდეს მუქი კოროზიის ლაქები. თუმცა მათი მოშორებაც საკმაოდ ადვილია.

CZ-ს სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები, მე მაინც და მაინც არ მომწონს, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ მათი გამოცვლა ძალიან ძნელია, იმიტომ რომ მათი ადგილიდან დასაძრავად ძალიან დიდი ძალაა საჭირო. ისინი კარგია ზუსტი სროლისთვის და ცოტათი უფრო ნაკლებად გამოდგებიან სწრაფი საბრძოლო სროლისთვის.

მინუსები? ნაკლოვანებები? როგორც ყველა იარაღს, 75-საც აქვს გარკვეული ნაკლოვანებები. იარაღი მთლიანად ფოლადისაა და მას აქვს დიდი მასა. ვაზნების გარეშე ის 1000 გრამს იწონის რაც დაახლოებით 300 გრამით მეტია ვიდრე მაგალითად იგივე გაბარიტების პისტოლეტი პოლიმერის ჩარჩოთი.  ამ მხრივ ფარული ტარებისთვის კომპაქტური მოდელებიმსუბუქი შენადნობისგან დამზადებული ჩარჩოთი უფრო მოსახერხებელია. გარდა ამისა უნდა ავღნიშნო, რომ ჩეშსკა ზბროიოვკას პისტოლეტები მაინც და მაინც არ გამოირჩევიან დამზადების მაღალი ხარისხით. დეტალების დამუშავება სტანდარტულ მოდელებში დასაშვების ზღვარზეა. ინსტრუმენტების ნაკვალევი შიგნიდან ყველგან გვხვდება. აქტიური მსროლელეები უჩივიან ზამბარების მოკლე სიცოცხლის ციკლს და ზოგი დეტალის დაბალ რესურს. საკეტის შემაკავებლის ღერძის გატეხვის მიზეზი ხშირად არის არაზუსტად გახვრეტილი ჩარჩო, რის გამოც ღერძი ცერად ზის და არათანაბრად იღებს დარტყმას. ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ბევრი პრობლემა, რომელიც უკავშირდება პისტოლეტს იშვიათად თუ დასტურდება მწარმოებლების მიერ, რომლებიც ამჯობინებენ ჩუმად ხმაურის გარეშე გამოცვალონ იარაღი, შეიტანონ ცვლილებები კონსტრუქციაში ან დაარქვან პროდუქციის გამოთხოვას მაგალითად პროდუქციის უფასო გაუმჯობესება. იარარის მფლობელებისგან ცალკეული „რეპორტები“ პრობლემებზე, შეიძლება არაფერზე არ მეტყველებდნენ თუ ავიღებთ გამოშვებული პისტოლეტების საერთო რაოდენობას. თუმცა გარკვეული ტენდნციების გამოვლენა შეიძლება. ბევრს არ მოწონს საღებავი, რომლითაც იღებება CZ 75-ები.  თუ ის იწყებს გადასვლას, იარაღი ღებულობს ძალიან ნახმარ და გაქუცულ იერსახეს. საღებავის განახლება შეუძლებელია. მისი მოცილება იმისთვის რომ მოხდეს იარაღის ოქსიდირება ძალიან ძნელია. ამავე დროს ეს საღებავი გაცილებით უფრო უკეთესად იცავს ფოლადს კოროზიისგან. მე ვნახე ერთი ცუდად შენახული CZ 85B, რომელსაც კოროზიის გამო ქონდა დაზიანებული ოქსიდირებული ჩახმახი, მცველის და საკეტის შემაკავებლის ღილაკები, მაგრამ საღებავით დაფარული დეტალები აბსოლუტურად სუფთა იყო.  მთლიანობაში CZ-ს პისტოლეტები აბსოლუტურად შეესაბამება იმ ფასს, რომელსაც მასში ითხოვენ, ხოლო მოდელი 97 მე ვთვლი საუკეთესოა ფასის და ხარისხის მიხედვით.  ამავე დროს უნდა ავღნიშნო, რომ მე არ დავაყენებდი CZ-ს სტანდარტულ მოდელებს ერთ რიგში “გლოკებთან”, “ხეკლერებთან” და სხვა თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიურ პისტოლეტებთან. ასევე დავამატებ, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში სადაც ძალიან ცოტას ისვრიან და პრაქტიკულად ყოველთვის იყენებენ სტანდარტულ მუხტიან ვაზნებს, CZ-ს საიმედოობა და რესურსი არ წარმოადგენს პრაქტუკული მნიშვნელობის მქონე საკითხს.

გარედან გაცვეთილი CZ 75 ისე კარგად არ გამოიყურება, როგორც სხვა პისტოლეტები. ამის გამო მათზე ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. ეს CZ 85 ნაყიდი იყო 1300 ლარად. უხეში გარეგნობის და მსუბუქი კოროზიის ნიშნების ქვეშ იმალებოდა პრაქტიკულად ახალი პისტოლეტი, ზუსტი და საიმედო იარაღი.

მე მიმაჩნია, რომ CZ 75/85 არის ძალიან ერგონომიული, ტექნოლოგიური და შედარებით მარტივი პისტოლეტი. ის არის ამავე დროს მძიმე და გაბარიტული რაც ერთის მხრივ ართულებს ტარებას მაგრამ მეორე მხრივ განაპირობებს მის შესანიშნავ სროლისუნარიანობას. განსხვავებით თანამედროვე პისტოლეტებისგან CZ-ს აქვს ძალიან თხელი ფორმები.  ყველაფერი ეს ხელმისაწვდომია საკმაოდ ზომიერ ფასად. ჩემი აზრით დღეს აღნიშნული პისტოლეტი ერთ ერთი საუკეთესო შენაძენია.

არის CZ 75/85 მორალურად მოძველებული? არა. ის დღემდე რჩება ერთ ერთ ყველაზე კოპირებულ პისტოლეტად. ევროპაში და რუსეთში და სხვა ქვეყნებში (ცოტა ნაკლებად ჩრდილო ამერიკაში) ის ძალიან პოპულარულია პრაქტიკული სროლის დისციპლინებში მოასპარეზე მსროლელებში. ეს პისტოლეტი დღემდე გამოდის და კარგადაც იყიდება ანუ თავისი ადგილი უკავია ბაზარზე. ძალიან ბევრ ქვეყანაში 75-ები არიან შეიარაღებაში მიღებული. პოპულარულია ეს პისტოლეტი ყოფილი სსრკ-ს ქვეყნების სპეცრაზმებშიც. რამოდენიმე წელია აშშ-ში ამუშავდა CZ Custom Shop, რომელიც დაკავებულია სპეციალიზირებული სპორტული პისტოლეტების შექმნით და სტანდარტული მოდელების მოდიფიკაციებით.

 

კომპაქტური CZ-ები ძალიან კარგი პისტოლეტებია და დღეს წარმოადგენენ ყველაზე დაბალანსებულ თავდაცვისთვის გამოსადეგ მოდელებს. პისტოლეტები შედარებით მსუბუქია, აქვთ უნივერსალური სამაგრები და ყველა ის დადებითი მხარე , რაც კლასიკურ CZ 75-ს გააჩნია. სურათზე CZ 75 D PCR Compact არის ასახული. სურათის წყარო thefiringline.com

 



15 Responses to “CZ75/85 გამადიდებელი შუშის ქვეშ”

  1. dato says:

    ძალიან საინტერესოა,როგორც ყოველთვის.დიდი მადლობა და დიდი მოლოდინი შემდეგი სტატიებისა.

  2. jurkha says:

    მშვენიერი სტატიაა განსაკუთრებით ცემნაირი ჩეზეს მოყვა\რულისათვის.
    დიდი მადლობა.

  3. სოსო says:

    გამარჯობათ, ცოტა ხნის წინ შევიძინე CZ 85B, პლასმასის ყუთში ”გუბკის” ქვეშ
    ვნახე საგარანტიო სერთიფიკატი და ამ იარაღის ქარხნული ტესტირების სამიზნის ასლი , სადაც სამიზნე არის ოთხკუთხედი და არა წრიული. გაფანტვის მაჩვენებელი არის 84 მილიმეტრი, 25მეტრიდან 5ვაზნაა ნასროლი, მაინტერესებს თქვენი აზრი – როგორი მაჩვენებელია ეს, რამდენი მილიმეტრია ზოგადად ჩძ-ების მაჩვენებელი? და შეიძლება თუ არა კონკრეტულად ამ პისტოლეტით უკეთესი შედეგის მიღება?

  4. gaga says:

    ბ-ნო ლევან,

    პირველ რიგში დიდი მადლობა საინტერესო სტატიისთვის.
    ხომ ვერ მეტყოდით სად და რა ფასად შეიძლება დღეს CZ 85B-ის შეძენა საქართველოში?

    მე არცთუ ისე დიდი ხნის წინ ჩამოვედი აშშ-დან სადაც 8 წელი ვცხოვრობდი და როგორც იქნა მოვიცალე ჩემი პირველი 9მმ-იანის მოსაძიებლად. გამოგიტყდებით პირველმა თვალის შევლებამ აქაური იარაღების ბაზარზე ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. შტატებიდან ჩამოსულს აქაური ფასები (როგორც იარაღზე, ასევე ტყვიაწამალზე) სტრატოსფერული მეჩვენება, არჩევანი კი – ძალზე მწირი.

    ამერიკამდე არასდროს არ მაინტერესებდა იარაღი და ამიტომ აზრზე არ ვარ აქ სად რა იშოვება. იქიდან რომ მოვდიოდი გულუბრყვილოდ მეგონა, რომ გლობალიზაციის პირობებში ეს განსაკუთრებული პრობლემა არ იქნებოდა. ძალიან გამიხარდა, როდესაც ამ სტატიიდან შევიტყვე, რომ ჩზ-ს შოვნა ხელმისაწვდომ ფასებში საქართველოში შესაძლებელი ყოფილა. ამ კომპანიის და ამ იარაღის (75 მოდელის) დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მიმაჩნია, რომ ეს შესანიშნავი დასაწყისი იქნებოდა.

    ამიტომ დიდად დამავალებთ, თუ ცოტას დამაკვალიანებთ. წინასწარ გიხდით მადლობას! მე განსაკუთრებით არსად მეჩქარება, ამიტომ შეგიძლიათ მიპასუხოთ, როცა მოგიხერხდებათ.

  5. dato says:

    გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენი აზრი რომელი უფრო ხარისხიანი პისტოლეტებია ჩზ-ები თუ იერიჰოები, და რესურსი რომელს უფრო მეტი აქ?

  6. Shooter says:

    იერიხო უფრო სუფთად გაკეთებული ჩანს მაგრამ სხვაობა მათ შორის მინიმალური იქნება. ორივე ჩემთვის ერთია. თუმცა ჩზ-ზე გაცილებით ნაკლებად მესმის რამე პრობლემებზე.

  7. dato says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან, რამოდენიმე ხნის წინ შევიძინე 85B, აწყობილ მდგომარეობაში იარაღს არანაირი “შატკა” არ ააქვს, მაგრამ რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე რომ ჩარჩოს წინა ნაწილი სადაც ღარებია საკეტი რომ მოძრაობს მარცხენა(მარჯვენაა ზემოდან თუ შევხედავთ) კედელი ოდნავ უფრო თხელია ვიდრე მეორე კედელი. ეს დეფექტია? მაინტერესებს თუ ეს დეფექტია- სროლის სიზუსტეზე თუ მოქმედებს? და ხშირია ჩზ-ს იარაღებში ესეთი მომენტები? ძალიან დიდ მადლობას გიხდით წინასწარ

  8. Shooter says:

    ხარისხიანი შესრულება არ არის ჩზ-ს ძლიერი მხაარე და არასდროს არ ყოფილა. რაც შეეხება სისქეს, არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს. თუ იარაღი მუშაობს კარგად და ისვრის ზუისტად ესეიგი ეს ასე უნდა იყოს.

  9. goga says:

    ბ-ნო ლევან მაღაზიაში ყიდვის დროს ჩზ-ს არჩევისას, როდესაც ყიდულობ უხმარს და მოყვება საგარანტიო სერთიფიკატი (ქარხნული),
    მაინც საჭიროებს დეტალურ დათვალიერებას? დეფექტის საშიშროება მაინც არსებობს? (ზემოთ ერთერთ გამოხმაურებაში წავიკითხე სხვადასხვა სისქის კედლის შესახებ, თუ ის დეფექტია საერთოდ)).
    და საერთოდ ჩზ-ები ბიუჯეტურ იარაღებს განეკუთვნება მაღაზიაში ყიდვისას რომ კარგად შემოწმება უნდა(ერთერთ სტატიაში როგორც წერდით) ? თუ არაბიუჯეტურ იარაღებში გადის როგორც ზიგები, გლოკები და სხვა როდესაც ბრენდი ხარისხის გარანტიაა და “ბრაკები” არ გვხვდება?
    ახლახანს ერთერთ მაღაზიაში შედარებით ნორმალურ ფასებში შემოვიდა ჩზ-ები და ძალიან დამავალებთ თუ გამოეხმაურებით ჩემს შეკითხვებს.დიდი მადლობა

  10. Shooter says:

    შემოწმება ჭირდება ნებისმიერ იარაღს. ჩზ-ს შესრულება ყოველთვის იყო საშუალო. ამიტომაც გარდა შემოწმებისა მოითხოვეთ გარანტია, რომ პრობლემის შემთხვევაში იარაღი გამოიცვლება. თუ მაღაზიას თავი მოაქვს რომ მწარმოებლის ოფიციალური წარმომადგენელია მაშინ ოფიცილაური გარანტიაც უნდა გაფორმდეს.

  11. besik buturishvili says:

    გამარჯობათ, ვაპირებ -ის შეძენას, დიდად დამავალებთ თუ მირჩევთ ან არ მირჩევთ ამ იარაღის ყიდვას, თქვენი სტატია აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით უკვე წავიკითხე, თუმცა სტატია ცოტა ადრეა დაწერილი და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ იარაღზე ახლა. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

  12. ბესიკ ბუთურიშვილი says:

    გამარჯობათ, ვაპირებ CZ duty-ის შეძენას, დიდად დამავალებთ თუ მირჩევთ ან არ მირჩევთ ამ იარაღის ყიდვას, თქვენი სტატია აღნიშნულ იარაღთან დაკავშირებით უკვე წავიკითხე, თუმცა სტატია ცოტა ადრეა დაწერილი და მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ იარაღზე ახლა. ძალიან დიდი მადლობა წინასწარ.

  13. lasha says:

    გამარჯობათ ბატონო ლევან ერთი კითხვა მაქვს ჩეზე 85 მაქვს და მაღალ ზარიადიან ტყვიებს ინელებს კარგად 115 ტიანებს ვისვრი ხოლმე. 200 ცალი მაჩუქეს 147 იანები არის გათვლილი ეს პისტოლეტი დიდ ზარიადიანებზე

  14. marika says:

    მომეწონა…კი ვიჩუქებდი ასეთს…

  15. Shooter says:

    147 gr არის ტყვიის წონა. ზოგადად ჩზ75 შეიძლება ძლიერი ვაზნების გამოყენება +p და +p+

დატოვეთ კომენტარი