ტაქტიკური თოფების მარტივი “ტუნინგი”

დღეს ხელმისაწვდომია ძალიან ბევრი პირდაპირ დასაყენებელი აქსესუარები (drop in parts) რომელთა დაყენება, როგორც მათი სახელიდან გამომდინარეობს შესაძლებელია რთული ინსტრუმენტების და ხელოსნების  ჩარევის გარეშე. სწორედ ასეთი აქსესუარების დაყენება წარმოადგენს “მარტივ ტუნინგს”. ძალიან კარგი ამბავია ჩვენთვის  ისიც არის, რომ საქართველოში რამოდენიმე კომპანია მოქმედებს და მათთან ერთად უამრავი კერძო პირი, რომლებსაც ჩამოაქვთ პროდუქცია უცხოური (მეტ წილად ამერიკული) საიტებიდან. ამას ხაზს იმიტომ ვუსვავ, რომ თბილისის მაღაზიებში ვერანაირ აქსესუარებს ვერ იშოვით ან რასაც იშოვით ბევრად უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე იმას, რასაც ასეთი კომპანიების დახმარებით ჩამოიტანთ თქვენ თვითონ. მაგალითად ერთ ერთ მაღაზიაში ეხლა დევს მოკლე პისტოლეტი ტარი თოფისთვის, რომელიც ღირს 80 ლარი. ასეთის ჩამოტანა ამერიკიდან დაგიჯდებათ მაქსიმუმ 40 ლარი. შესაბამისად თუ ფიქრობთ თქვენი თოფის მოდიფიცირებაზე, გამორიცხეთ ამ პროცესში აქაური იარაღის მაღაზიების მონაწილეობა. ჯობია ყველაფერი შეუკვეთოთ ინტერნეტით.

ასეთი ნაწილები/აქსესუარები, რომელთა დაყენების საშუელაბით შესაძლებელია თოფის მოდიფიცირება ძალიან ბევრია. გამომდინარე იქიდან, რომ უკვეთავთ ამერიკიდან გაითვალისწინეთ, რომ ნაწილებს იშოვით იმ იარაღზე, რომელიც მეტ ნაკლებად არის წარმოდგენილი ამერიკულ ბაზარზე. მაგალითად FABARM SDASS-ის აქსესუარების შოვნა უფრო რთული იქნება, სამაგიეროდ ზღვა აქსესუარების ხელმისაწვდომია ვინჩესტერებისთვის, მოსბერგებისთვის და რემინგტონებისთვის.

მარტივი ტუნინგის შესაძლებლობები ძალინ დიდია. ამ სურათზე არის მოდიფიცირებული Mossberg 590. ყველაფერი რაც მასზე დაყენებულია არ მოითხოვს თოფის გადაკეთებებს ან ხელოსნის ჩარევას.

თქვენი თოფისთვის აქსესუარების არჩევისას მე გირჩევთ აარიდოთ თავი ჩინურ პროდუქციას (UAG, UTG, Nc Star და ასე შემდეგ), ისინი უშვებენ ამერიკული კომპანიების პოპულარული მოდელების კოპიებს, მაგრამ ფასის სხვაობა არის არც ისე დიდი, საშუალოდ 20-30%. ჩემი აზრით ჯობია ამდენით მეტი გადაიხადოთ და ამერიკული პროდუქტი იყიდოთ ხარისხის გარანტიით. ორი ნივთი სულ ვიყიდე მე ჩინური წარმოების ჩემი AR15-თვის. ერთი იყო ე.წ. „რაიზერი“, რომელიც მაღლა აყენებს ოპტიკას და მეორე ნივთი – ტაქტიკური ფანარი. რაიზერი მიუხედავად იმისა რომ იყო ვივერზე გათვლილი არ დადგა სამაგრზე, ხოლო ფანარი, რომელიც მე მეგონა „პატიოსანი“ ჩინური მწარმოებლის, რომელიც შესანიშნავად გამოიყურებოდა და ძალიან ძლიერი ნათება ქონდა,  გამოვიდა მწყობრიდან   პირველივე გასროლების შემდეგ. ამის მერე მე აუკრძალე ჩემ თავს ჩინური წარმოების იარაღის აქსესუარების ყიდვა. მეორეხარისხოვანი დანიშნულების ჩინური წარმოების ნივთების შეძენა კიდე დასაშვებია. მაგალითად იგივე Nc Star-ს აქვს ძალიან კარგი სადგარები, ცნობილი Harris-ის კოპიები (გამოდგება მცირეკალიბრიანი პლინკერისთვის), ასევე შალითები.  მაგრამ ის, რასაც მე/თქვენ გამოვიყენებთ თავდაცვის იარაღზე უნდა იყოს მხოლოდ კარგი მწარმოებლის და აუცილებლად ამერიკული.

მე საკმარისად ბევრი ასეთი ტიპის აქსესუარი და მოწყობილობა მაქვს დაყენებული, როგორც ჩემ Ar15-ზე ასევე სხვა და სხვა ტიპის „პომპებზე“. არც ერთხელ მე არ მქონია მათი დაყენების პრობლემა და არ დამდგარა მათი მორგების საჭიროება. პროცესი იარაღის ასეთი მოდიფიკაციის არის ძალიან სახალისო და არ არის დაკავშირებული მნიშვნელოვან ხარჯებთან. მაგრამ ამ პროცესს აქვს გარკვეული ასე, რომ ვთქვათ თავისი დამახასიათებელი “წყალქვეშა ქვები”, რომლებზეც მე ეხლა ვისაუბრებ ამ სტატიაში.

ძირითადი “გვერდითი ჩვენება” ტუნინგის არის თქვენი იარაღის სირთულის ზრდა. ყველაფერს, რასაც თქვენ იარაღზე აყენებთ, შესაძლებელია მწყობრიდან გამოვიდეს. იზრდება მოწყობილობების რაოდენობა, იზრება პრობლემების ალბათბაც. ამიტომაც აქსესუარების ან ტუნინგის „პროგრამის“ შემუშავებისას თქვენ გარდა იმისა, რომ უნდა განიხილოთ ამა თუ იმ მოდიფიკაციის ზოგადი მიზანშეწონილობა ასევე უნდა კითხოთ თქვენ თავს, რას გაძლევთ და რას გართმევთ თქვენ ესა თუ ის მოდიფიკაცია. მაგალითად გვერდითა პატრონტაში რესივერზე გაძლევთ 4-6 დამატებით ვაზნას, მაგრამ ზრდის იარაღის სისქეს, წონას და გამორიცხავს გვერდზე დასაკეცი კონდახის გამოყენებას. ასევე უნდა იკითხოთ თუ რა მოყვება თქვენს მიერ დაყენებული ელემენტის მწყობრიდან გამოსვლას, მოყვება ამას თოფის მწყობრიდან გამოსვლა თუ ამას მოყვება მხოლოდ ეფექტურობის დროებითი შემცირება.  სხვა და სხვა აქსესუარებს აქვთ სხვა და სხვა დატვირთვა და გამოყენების სპეციფიკა. სწორედ, რომ გამოყენების სპეციფიკა უნდა გკარნახობდეთ თქვენ რა ტიპის მოდიფიკაციის რა კომპონენტების გამოყენებით რა შედეგებს გინდათ, რომ მიაღწიოთ.   მარტივი ტუნინგი არ გულისხმობს თოფის კონსტრუქციის შეუქცევად ცვლილებებს. ეს არის ყველაზე მომხიბვლელი ამ პროცესში. თუ თქვენ რამე არ მოგეწონათ, შეგიძლიათ ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდეთ.

ხრახნები და მათი რაოდენობა. ავხსნი აქ რა პრობლემა არის დამალული. TacStar-ის გვერდიდან დასაყენებელი პატრონტაშის დაყენების შემდეგ ხრახნების რაოდენობა თქვენ იარაღზე გაიზრდება შვიდით. უმეტესობა აქსესუარების, სწორედაც რომ ხრახნების დამხარებით მაგრდება თოფზ. ისინი კიდე იშვება დროთა განმავლობაში და ასევე სროლით გამოწვეული ვიბრაციების გამო. ამიტომაც პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგათ, შეიძინოთ ე.წ. ხრახნების ფიქსატორი, ცისფერი ფერის (Blue Loctite). მისი გამოყენებისას უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ხრახნის მოსახსნელად დაგჭირდებათ მისი გახურება. ისე მას უბრალოდ ვერ მოხსნით.

ხრახნების ფიქსატორი. ცისფერი ფერის. მისი გამოყენებისას ხრახნები არ დაიშვება თავისით არასდროს. ასევე ძალიან ეფექტურია ოპტიკის კრონშტეინების ხრახნების  ფიქსაციისთვის. გამოდგება სხვა უამრავ საქმეშიც.

კონდახები. მე ძალიან მომწონს M4-ის სტილის ტელესკოპური კონდახები (collapsible stock). საკმაოდ გამძლე კონსტრუქციის კონდახებია, ადვილია მათი სიგრძეზე მორგება. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ როდესაც აყენებთ ასეთ კონდახს (რომელიც ითვალისწინებს პისტოლეტის ტიპის ტარის გამოყენებას) პომპაზე, რომლის ლულა გრძელია, თქვენ დისკომფორტი შეგექმნებათ იარაღის ოპერირებისას. გრძელ ლულას და ვაზნებით სავსე მჭიდს გადააქვს სიმძიმის ცენტრი  ლულის ბოლოსკენ და ერთი ხელით, პისტოლეტის ტარის მეშვეობით იარაღის ჭერა ძალზედ გართულებული ხდება. მაჯას არ ყოფნის ძალა, რომ აკონტროლოს მძიმე იარაღი. ჩემი აზრით პისტოლეტის ტარიანი კონდახი მიზანშეწონილია ძალიან მოკლე პომპებზე ლულის სიგრძით მაქსიმიმ 38 სმ-მდე.  უფრო გრძელ ლულებზე ტრადიციული კონდახი გაცილებთ უფრო მოსახერხებელია.  გარდა ამისა, მაგალითად მოსბერგის 500/590-ის რესივერის დასაშლელად საჭიროა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის მოდულის მოხსნა. კონდახი BlackHawk Spec Ops, რომელიც მე Mossberg 500-ზე დავაყენე გამორიცხავდა აღნიშნული მოდულის მოხსნას. ხრახნი, რომლითაც მე დავამაგრე კონდახი, წინასწარ დავფარე “ლოქტაიტით”, რის გამოც ამით პრაქტიკულად გამოვრიცხე თოფის/რესივერის დაშლის შესაძლებლობა.  საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ასეთი კონდახის დაყენება, რომელიც გამორიცხავს იარაღის დაშლას არ არის მიზანშეწონილი. კარგი ტელესკოპური კონდახები აქვს Knoxx–ს, ასევე Tapco–ს და ATI-ს. პირველი უფრო მაღალი ხარისხის პროფესიონალურ მოდელებს უშვებს, მათ შორის უკუცემის მექანიკური ამორტიზატორით (90–110 დოლარი). უკანასკნელი ორი უფრო სამოყვარულო დონის არის და ფასიც შესაბამისი აქვთ (50–70 დოლარი). სამივე გამოდგება თავდაცვის იარაღზე.

დასაკეცი კონდახები (folding stock). არ ჩათვალოთ, რომ დასაკეცი კონდახი ისეთივე მოსახერხებელია ხმარებაში, როგორც ფიქსირებული კონდახები. დასაკეცი მოდელები არიან ძალიან არასრუყოფილი კონდახის შემცვლელები და მათ შორის სხვაობა არის საკმაოდ დიდი. დასაკეცი კონდახის არსებობა რა თქმა უნდა ჯობია საერთოდ კონდახის არ არსებობას, მაგრამ ბევრად ჩამოუვარდება ერგონომიკით ფიქსირებულ  და ტელესკოპურ კონდახებს. მათი ეფექტური გამოყენება ძალიან რთულია და უამრავ შეზღუდვას მოიცავს. ზოგი მოდელი უბრალოდ სახიფათოც არის. ჩემმა მეგობარმა ასე გაიხეთქა ტუჩი, ჩემი თოფიდან სროლისას, რომელსაც ლითონის დასაკეცი კონდახით იყო აღჭურვილი (ქარხნულად). სახეში მას მოხვდა სწორედაც, რომ ლითონის კონდახის ამოწეული “ზურგი”. კარგი დასაკეცი კონდახები აქვთ Uncle Mike–ს, Arms Tech-ს, ასევე ATI-ს აქვს ერთდროულად დასაკეცი და ტელესკოპური კონდახის მოდელიც, რომელი მე ძალიან რთული და გაბარიტული მეჩვენება.

საუკეთესო ვარიანტი ფიქსირებული კონდახის. Speed Feed მოდელი. კონდახში გათვალისწინებულია ადგილები ორი სათადარიგო ვაზნისთვის. ფასიც საკმაოდ დაბალია.

არსებობს კონდახები, რომლებიც არა გვერდიდან არამედ ზევიდან იკეცებიან.  ასეთი კონდახი კეტავს სამიზნე ხაზს, ხოლო გვერდიდან დასაკეცი კონდახი გამორიცხვას მაგალითად გვერდითა პატრონტაშის გამოყენებას. დასაკეც კონდახს სასურველია ქონდეს სწორი ზურგი და საიმედო კონსტრუქცია განსაკუთრებულად ადგილში სადაც კონდახი მაგრდება ტარზე. ჩემი აზრით ლითონისგან დამზადებულ დასაკეცი კონდახები უფრო გამძლეა და საიმედო ვიდრე პლასტმასისგან დამზადებულები. ყოველთვის უყურეთ დასაკეც კონდახს, როგორც “ერზაც კონდახს”, ხოლო მათი დაყენება მიზანშეწონილია თუ თქვენ გჭირდებათ თოფი, რომელიც ძირითადად უნდა იხმარებოდეს მხოლოდ პისტოლეტის ტარით და ძალიან იშვიათად კონდახის გამოყენებით. თოფი დასაკეცი კონდახით ან მის გარეშე არის ძალიან სპეციფიური იარაღი და მისი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენება მოითხოვს სპეციფიურ უნარჩვევებს და მომზადებას. ასეთი თოფის მომზადების გარეშე გამოყენებას შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოყვეს. მე მაინც რეკომენდაციას უწევ ყოველთვის სრულფასოვანი ფიქსირებული ან ტელესკოპური კონდახის გამოყენებას. ტელესკოპური კონდახი პრაქტიკულად ისევე მოსახერხებელია, როგორც კლასიკური, მაგრამ ამავე დროს მასზე შეიძლება დაყენდეს სალოყე, შესაძლებელია გაშლის სიგრძის რეგულირება, ზოგ მოდელზე ყენდება დამატებითი პატრონტაში. ბოლომდე ჩაკეცილი ასეთი კონდახი, ყოველთვის უფრო მოკლე იქნება ვიდრე ფიქსირებული კონდახი.

 

ასეთი დასაკეცი კონდახი არის სახიფათო გამოუცდელი მსროლელისთვის. ადგილი, რომელიც მონიშნულია ისრით, უკუცემისას ურტყავს მსროლელს სახეში. ასეთი კონდახის გამოყენებისას საჭიროა იარაღის ჭერის შეცვლა, რომ გამოირიცხოს რკინის კონდახის და სახის კონტაქტი.

გვერდითა პატრონტაში (side saddle). ჩემი აზრით ერთ ერთი საუკეთესო და სასარგებლო აქსესუარი, რომელიც შეიძლება დააყენოთ თოფზე. მე ვანიჭებ უპირატესობას TacStar-ის პროდუქციას. ის არ ღირს ძვირი, 30-45 დოლარი (გააჩნია მოდელს), არის ძალიან კარგი ხარისხსის და შესანიშნავად მუშაობს (გამოცდილია). რა თქმა უნდა არის Messa Tactical-ის პატრონტაშებიც 200 დოლარამდე ფასით, მაგრამ ჩემი აზრით ეს პროფესიონალური აღჭურვილობაა და ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამხელა ფასის გადახდა საჭირო არ არის.

TacStar-ის პატრონტაში. ადვილი დსაყენებლად და გამძლე. ფასიც მისაღებია.

რა უნდა იცოდეთ ასეთი პატრონტაშის შესახებ? ისინი ზრდიან თოფის სისქეს და მასას, არ არიან სწრაფად მოსახსნელი. გამორიცხავენ გვერდიდან დასაკეცი კონდახის გამოყენებას.  ცვლიან თოფის ბალანსს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ გრძელი 6 ვაზნიან მოდელებს შეუძლიათ ზოგ მოდელებში ხელი შეუშალონ „ცევიოს“ მოძრაობაში. გამოსავალია ან მოკლე 4 ვაზნიანი პატრონტაშის დაყენება ან „ცევიოს“ „მოდიფიცირება“ ანუ მარტივად, რომ ვთქვათ გადაჭრა.

რაც შეეხება დამატებითი ვაზნების იარაღზე დამაგრების სხვა მეთოდებს: სინთეტიკის და ტყავის კონდახზე ჩამოსაცმელი პატრონტაშები მუშაობენ, მხოლოდ თუ დამზადებული არიან პროფესიონალების მიერ. თბილისში შეკერილი სინთეტიკის პატრონტაში ვერ იჭერდა ვაზნებს და სროლისას ისინი პატრონტაშიდან დაბლა იყრებოდნენ. საჭიროა ასეთი პატრონტაშების საიმედო ფიქსაცია კონდახზე, ზონარებით, ქამრებით ან თუ სხვა გზა არ არის “ველკროს” ტიპის სამაგრებით (ე,წ, “ლიპუჩკებით”. ამას იმიტომ განვმარტავ, რომ ერთი დიდი “იარაღების და აღჭურვილობის ექსპერტისთვის” უცნობი იყო “ლიპუჩკის” “მეცნიერული” სახელი). ელასტიური პატრონტაშები ეგრევე გამორიცხეთ. ისინი უბრალოდ არ მუშაობენ.

თოფის ქამარი პატრონტაშით. დადებითი მხარეებია ვაზნების დიდი რაოდენობა, სიიაფე. უარყოფითი მხარეებია, რომ ვაზნები ქამართან ერთად იქით აქით მოძრაობენ თოფით ხელში გადაადგილებისას. ვაზნის სწრაფი ამოღება  შეიძლება პრობლემატური იყოს. არის მოდელები დახურული “პაუჩებით” და ეს ვარიანტი ყველაზე სასურველია. ის არ გამოდგება სწრაფი გადატენვისთვის მაგრამ 4–6 ვაზნას საიმედოთ შეინახავს.

უკვე ნახსენები Speed Feed ტიპის კონდახი. დადებითი მხარეებია სიმარტივე, არ ზრდის გაბარიტებს, არ ცვლის თოფის ბალანსს.  უარყოფითი მხარეებია: საჭიროა მთლიანად კონდახის გამოცვლა და იტევს მხოლოდ ორ ვაზნას.

პლასტმასის პატრონტაში დასაყენებელი ტელესკოპურ კონდახზე. მაგალითად ATI-ს აქვს ასეთი მოდელი, რომელიც პირდაპირ ყენდება მათივე ტელესკოპურ კონდახზე. მინუსები იგივეა, რაც გვერდითა პატრონტაშის.

გამოსაცვლელი “მუშკები” (Fiber-optic shotgun sights) კიდევ ერთი საკმაოდ კარგი, იაფი და ეფექტური მოდიფიკაცია. მე გამოვყოფდი TruGlo-ს და HiViz-ის პროდუქციას, მათ ოპტიკურ-ბოჭკოვან მილიანი სამიზნე მოწყობილობებს. მუშკებს, რომლებიც ხრახნით ყენდება ტრადიციული ლატუნის მუშკების ადგილას, აქვთ ფოლადის კორპუსები, კომპლექტში მოყვება სხვა და სხვა ზომის ხრახნები, რის გამოც მე არასდროს არ შემქმნია პრობლემა მათი დაყენებისას სხვა და სხვა თოფებზე. არსებობს ასევე ზევიდან ლულაზე ჩამოსაცმელი მუშკები. თითო თითო მოდელი აქვთ TruGlo-საც და HiViz-საც. უკანასკნელი მე მიმაჩნია უპირატეს მოდელად. პლასტმასა არის მუქი, არ არის პრიალა და კარგად აჯდება ლულას (ფასი 15 დოლარი). გარდა ამისა კომპლექტში მას მოყვება ოთხი ოპტიკურ–ბოჭკოვანი მილი, ორი ფერის და ორი ზომის, რომელთა გამოცვლა ადვილია და შესაძლებელია სამიზნის ლულიდან მოხსნის გარეშეც. გაითვალისწინეთ, რომ მათი დაყენებისას თუ არ ხდება მათი დამატებითი ფიქსაცია წებოთი, ისინი უნდა მიბჯენილი იყვნენ ლატუნის მუშკაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სროლისას დაიძვრებიან ადგილიდან. ხრახნიანი მუშკის დაყენებისას, თუ ხრახნი ცოტათი გრძელია, საჭირო გახდება ზედმეტი ფოლადის დაქლიბვა, რომ ლულაში არ შეიქმნას დაბრკოლება. არსებობს უფრო რთული დაძვირად-ღირებული ტრიტიუმის მუშკები. ყველაზე კარგია შაშხანის ტიპის სამიზნე მოწყობილობების დაყენება, მაგრამ ეს უკვე მოითხოვს ხელოსნის ჩარევას და შესაბამისად არ ჯდება ამ სტატიის კონტექსტში. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მუშკები კარგად მუშაობენ, მათ შორის სუსტი განათების პირობებში, განსაკუთრებულად კარგად, როდესაც მოღრუბლული ამინდია. წლების განმავლობაში მე დაახლოებით 7 ცალი დავაყენე ჩემ თოფებზე და არც ერთთან არ მქონია პრობლემა თუ ისინი თავიდან სწორედ იყვნენ დაყენებულები. გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია ფიქსატორის გამოყენება, რომ ხრახნი არ დაიშვას სროლისას. რა თქმა უნდა დაყენების საიმედოობა უნდა შემოწმდეს სროლით, ისევე, როგორც უნდა დადგინდეს შეიცვალა თუ არა მოხვედრის წერტილი. უმეტეს შემთხვევაში ცვლილებები იქნება უმნიშვნელო. არჩევანი ასეთი ტიპის “მუშკების” დიდია და ნებისმიერი თოფისთვის შესაძლებელია საჭირო მოდელის პოვნა და დაყენება.

Tru Glo-ს ლულაზე ჩამოსაცმელი მუშკა. პრიალა პლასტმასა არ მაგრდება საიმედოთ თოფზე (თუ მას წინ სტანდარტული ლატუნის მუშკა არ უყენია). კომპლექტში მოყვება მხოლოდ ერთი ოპტიკურ–ბოჭკოვანი მილი. ამ შემთხვევაში დაყენებულია ავტორის Stoeger 312-ზე.


წინა სახელური, ცევიო. პრონციპში ამ დეტალის შეცვლა ჩემი აზრით მიზანშეწონილია, თუ სტანდარტულის მაგივრად აყენებთ დეტალს, რომელიც აღჭურვილია უნივერსალური სამაგრებით ან სპეციალური სამაგრით ფანარისთვის. ან თუ გნებავთ, რომ თოფი ესთეტიკურად კარგად გამოიყურებოდეს (მაგალითად არ ქონდეს ტაქტიკური ტელესკოპური კონდახი და ხის სანადირო ცევიო).  ასევე მიმაჩნია, რომ რეზინის Hogue-ს ცევიო ყველაზე ერგონომიული და მოსახერხებელია (Hogue Overmolded Forend, ფასი 20 დოლარიდან). ის რბილი მაგრამ მყარი რეზინისგან არის დამზადებული და საკამოდ დაბალ პროფილიანია. ვერტიკალურ სახელურიანი  ”ცევიოს” გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ ძალიან კომპაქტურ თოფებზე, გრძელ ლულიან მძიმე თოფზე ვერტიკალური სახელურის გამოყენება იქნება საკმაოდ მოუხერხებელი. აუცილებლად დარწმუნდით, რომ ცევიო, რომელსაც ყიდულობთ ყენდება არა მხოლოდ კონკრეტული მწარმოებლის თოფზე, არამედ საჭირო კონკრეტულ მოდელზეც.

საუკეთესო წინა სახელური. Surefire 618. ფასი 350 დოლარიდან. გამომდინარე იქიდან, რომ პომპის გამოყენებისთვის ორივე ხელია საჭირო, ფანრის პირდაპირ თოფზე დაყენება არის ერთ ერთი ყველაზე სასარგებლო მოდიფიკაცია.  თუმცა არსებობს პრობლემის მოგვარების უფრო იაფი ვარიანტებიც, ვიდრე ამ სურათზეა ნაჩვენები.

ლულის რადიატორები (heat shield). თუ ისვრით ბევრს და ინტენსიურად ლულის რადიატორი იქნება კარგი მოდიფიკაცია. გარდა იმისა, რომ ის იცავს ხელს დამწვრობისგან ის ასევე უზრუნველყოფს ჰაერის ცირკულაციას ლულის ირგვლივ და უფრო ინტენსიურად აგრილებს მას. პრობლემა ის არის, რომ კონკრეტულ თოფზე რადიატორის შოვნა შეიძლება ძნელი იყოს. საუკეთესო მოდელები აქვს მოსბერგს. (ფასი 50 დოლარამდე) ის საიმედოდ ფიქსირდება ორი ხრახნით და დამატებითი ბჯენით. მისი დაყენება არ მოითხოვს დიდ შრომას, თუმცა ყურადღებით უნდა იყოთ, რომ ბჯენი გადაჭრათ საჭირო ადგილას (კომპლექტში ის მოდის ყველაზე გრძელი ვარიანტისთვის). მიაქციეთ ყურადღება რადიატორის დაფარვას, ის სასურველია, რომ ემთხვეოდეს თოფის დაფარვას. დაფარვის ტიპი თითქმის ყოველთვის მითითებულია პროდუქტის აღწერილობაში.

აქ მე ვიჩქარე და ბჯენი არასწორედ დავამოკლე, მიუხედავად ამისა სროლისას რადიატორი არ დაიძრა. შესანიშნავი დიზაინია. (წითლად მონიშნულია ადგილი სადაც უნდა განლაგებულიყო ბჯენი).

მჭიდის დამაგრძელებლები (magazine extension). თუ გსურთ  გაზარდოთ მჭიდის ტევადობა, მაშინ ეს შესაძლებელია მჭიდის დამაგრძელებლის საშუალებით. პოპულარულ თოფის მოდელებზე ასეთ დამაგრძელებს ადვილად იშოვით და თანაც ვაზნების სასურველ რაოდენობაზე გათვლილს.  სასურველია იყიდოთ ქარხნული მოდელი და დაფარვით, რომელიც ემთხვევა მჭიდის დაფარვას. გაითვალისწინეთ, რომ ჩემთვის გაუგებარი მიზეზით რემინგტონის მჭიდებს ბოლოში აქვთ ისეთი კონსტრუქცია, რომელიც ხელს უშლის ზამბარას მოძრაობაში ასეთი დამაგრძელებლის დაყენების შემდეგ. ამიტომაც თუ თქვენ რემინგტონზე  ეს პრობლემა წარმოიქმნა  საჭიროა ეს ადგილები დაქლიბოთ და ისე დააყენოთ დამაგრძელებელი. სასურველია ასევე მჭიდის დამაგრძელებელი “გადააბათ” დამატებით ლულას. ეს ზრდის თოფის კონსტრუქციის სიმკვრივეს და იცავს მჭიდს დაზიანებისგან.

დაგრძელებული მჭიდის და ლულის დამატებითი “გადაბმა” ხორციელდება სპეციალური დეტალით (barrel clamp). ამ შემთხვევაში დეტალზე ასევე არის განლაგებული უივერის უნივერსალური სამაგრი. (ფასი 20–დან 50 დოლარამდე)

ფანარების დაყენების მრავალი ოფცია არსებობს, მათ და კონკრეტულად ტაქტიკურ ფანრებს მე განვიხილავ ცალკე სტატიაში.

ქამრები და საქამრე სამაგრები (shotgun sling, sling swivels, sling mount). აქ მე რამე კონკრეტული რჩევებისგან თავს შევიკავებ. ქამრის არჩევანი და მისი დამაგრება თოფზე არის დამოკიდებული თოფის გაბარიტებზე, დანიშნულებაზე და იმ სიტუაციების სპეციფიკაზე სადაც უნდა გამოყენებულ იქნას თოფი. მოგახსენებთ მხოლოდ ჩემ პირად მოსაზრებას. მოკლე და დასაკეც კონდახიან თოფებზე, ისევე, როგორც თოფებზე კონდახის გარეშე ჩემი აზრით ერთ წერტილიანი ქამარი უფრო მოსახერხებელია. საშუალო და გრძელ მოდელებზე ჩემი აზრით მიზანშეწონილია შუალედური საქამრის დაყენება.  ის უფრო კომფორტულს გახდის თოფს ტარებისას. მძიმე და გრძელი ტაქტიკური თოფების შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტია სამ წერტილიანია ქამრის გამოყენება.  ქამრების არჩევა და მიმოხილვა ცალკე თემას წარმოადგენს და ამ სტატიაში არ განიხილება. სტანდარტულ საქამრეებს რაც შეეხება (sling swivels) პირადად მე მიმაჩნია, რომ Blackhawk-ის 10 დოლარიანი საქამრეების სავსებით საკმარისია (BLACKHAWK! Lok-Down ).

“შუალედური საქამრე”, გაცილებით უფრო მოსახერხებელს ხდის თოფის ტარებას და გამოყენებას, ვიდრე კონდახის ბოლოს დამაგრებული საქამრე. შესაძლებელია, როგორც ერთ წერტილიანი ქამრის ასევე ორ და სამ წერტილიანი ქამრის ეფექტური გამოყენება. ასეთი საქამრე არის ჩემი აზრით აუცილებელი გრძელ თოფებზე.

 

რა რჩევა შეიძლება მოგცეთ დამატებით? თუ ყიდულობთ ინტერნეტით ყოველთვის დაკვირვებით წაიკითხეთ პროდუქტის აღწერილობა.  თუ საიტი ამის საშუალებას იძლევა ნახეთ მომხმარებლების გამოხმაურებები და პროდუქტის მიმოხილვები, იქ შეიძლება ძალიან სასარგებლო დამატებითი ინფორმაცია იყოს. დაიხმარეთ ინტერტენტი, რომ ზუსტად გაიგოთ რას უკვეთავთ, დაყენდება თუ არა ეს ნაწილი კნკრეტულად თქვენი მოდელის თოფზე და ასე შემდეგ. გარდა ამისა მიაქციეთ ყურადღება, რომ აქსესუარები ერთმანეთს მუშაობაში ხელს არ უშლიდეს. მოდიფიკაციების თემა საკმაოდ ვრცელია და მათი სრილყოფილი, ყოვლის მომცველი მიმოხილვა ერთ სტატიაში შეუძლებელია, ამიტომ მე შევეცადე გამემახვილებინა ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე, იმაზე, რაც მე პირადად გამოვცადე ჩემ თოფებზე.

 

წარმატებებს გისურვებთ,

 

Shooter

 

 



4 Responses to “ტაქტიკური თოფების მარტივი “ტუნინგი””

  1. დემეტრე says:

    ძალიან საჭირო თემაა ბატონო ავტორო. ასევე ძალიან საჭირო და სასარგებლო რამ არის ხრახნების გასამაგრებელი “ლურჯი სითხე”,მაგის წყალობით სკს–ზე დავამაგრე გვერდით ოპტიკური სამაგრის სალასკა,ნასროლი აღემატება 400 ვაზნას და კონსტრუქცია იდეალურად მუშაობს!

  2. Gregor says:

    Gamarjoba Levan, chven adre gvqonda am temaze saubari, konkretulad sks is kondaxs sheexeboda TAPKOS s pirmis, da problemebi iko chamotanastan dakavshirebit rbilad rom vtqvat alogikuri problemebi da , anu gamostorda am mxriv rame, anu vgulisxmob amazonidan chamovitan tavisuplad sks is da mossberg 500 is aqsesuarebs ? .. madloba kargi statiebistvis da rchevebistyvis..

  3. Gio says:

    ძალიან საინტერესო სატატია იყო ლევან, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე
    მადლობა

  4. Giorgi says:

    შესანიშნავი სტატიაა

დატოვეთ კომენტარი