უკომპრომისო Heckler&Koch USP

ე.წ. “ნაცრისფერი ოთახი”, Heckler&Koch-ის ამერიკულ შტაბ-ბინაში ვირჯინიაში (აშშ), ასრულებს სათათბირო დარბაზის როლს სადაც გამოფენილია ამ კომპანიის მიერ წარმოებული სხვა და სხვა იარაღის მოდელები. ანალოგიური ოთახი ასევე არის ამ კომპანიის სათაო ოფისში ობერნდორფში (გერმანია)

სიმართლე გითხრათ უკვე ერთი კვირა გავიდა დაახლოებით, რაც მუშაობა დავიწყე სტატიაზე, რომელიც ეხებოდა კომპანია Heckler&Koch-ს და მათ პისტოლეტებს უფრო კონკრეტულად მათ USP ტიპის პისტოლეტების ოჯახს. დაახლოებით 8 გვერდიანი ტექსტი გამოვიდა და მერე მივხვდი, რომ ეს 8 გვერდი იყო უბრალოდ კომპილაცია იმისა, რასაც ადვილად იპოვით google საძიებო სისიტემის საშუალებით თუ დაინტერესდებით ამ კომპანიით და მის მიერ წარმოებული იარაღით. …. კომპანია დაარსებულია ტეოდორ კოხის და ედმუნდ ხეკლერის მიერ ……, ….. რომლის გამოშვება დაიწყო კომპანიამ იყო G3 ტიპის შაშხანა…., ხოლო ქარხანა დაფუძნდა მაუზერის ქარხნის საამქროებში…. პისტოლეტი იწონის ამდენს, ლულის სიგრძე იმდენია და ასე შემდეგ. გამოვიდა მშრალი არაფერი ახლის არ მთქმელი ტექსტი. გადავწყვიტე ეს 8 გვერდი უბრალოდ წამეშალა, და შემომეთავაზებინა სხვა ფორმატის სტატია, რომელშიც იქნებოდა ცოტათი უფრო მეტი ვიდრე ამონარიდები სხვა და სხვა ვებ გვერდებზე განთავსებული მოკლე “ანოტაციებიდან”. შემომეთავაზებინა მაგალითად ის რაც ინტერნეტში არ წერია, საკუთარი თვალით დანახული და შეფასებული იარაღი, საკუთარი დეტალიზირებული სურათები ან მაგალითად ჩემი პირადი აზრი ამ პისტოლეტებთან დაკავშირებით.  რას ეფუძნება ჩემი აზრი? 10 წელიწადს ურთიერთობის პრაქტიკულად ყველა ტიპის ავტომატურ პისტოლეტებთან და მათ შორის USP -ს ოჯახის შემდეგ წარმომადგენლებთან: USP Compact Stainless, USP Standart, USP .45ACP Tactical, USP .40S&W Expert და USP 9X19 Expert.

1949 წელს, ობერნდორფში, ახალი კომპანიის დაფმუძნებლები, ედმუნდ ხეკლერი, ტეოდორ კოხი და ალექს ზაიდელი. სურათის წყარო Hkpro.com

დავიწყებ იმით, რომ ჩემ პირად, პერსონალურ „ჩარტში“, USP შედის პირველ სამეულში. მასთან ერთად Glock-ის პისტოლეტები და ჩემთვის განსაკუთრებულად საყვარელი Beretta 92FS. თუ ჩემი პერსონალური „ჩარტი“ თქვენთვის ინტერესს არ წარმოადგენს მაშიმ შეგახსენებთ, რომ 20-ზე მეტ ქვეყანაში USP-ს ტიპის პისტოლეტები მიღებულია შეიარაღებაში.

როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გერმანულ კომპანია Heckler&Koch-ზე უნდა გვესმოდეს რომ ჩვენ ვლაპარაკობთ არა კომპანიაზე, რომლის ისტორია წარმოადგენს რამოდენიმე წარმატებულ პროექტს თუ კონტრაქტს, არამედ კომპანიაზე/მწარმოებელზე, რომელიც გასული საუკუნის 50-ნი წლებიდან პრაქტიკულად ჩავარდნის გარეშე მოღვაწეობს მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღის შექმნაში,  იარაღების, რომელიც მოიცავს  პრაქტიკულად ყველაფერს დაწყებული კომპაქტური პისტოლეტებიდან და დამთავრებული ავტომატური ყუმბარმტყორცნებით. კომპანია, რომელიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ, განადგურებულ და გაყოფილ გერმანიაში. ვსაუბრობთ კომპანიაზე, რომელიც ლიდერობს ყველა იმ სეგმენტში, რომელშიც მოღვაწეობს, კომპანიაზე, რომლის მიერ წარმოებული იარაღები უკვე იარაღის ისტორიაში კლასიკად მიიჩნევა, იქნება ეს პისტოლეტ ტყვიამფრქვევი MP-5 თუ საიერიშო შაშხანა G3. დამერწმუნეთ, ეს ბევრ რამეს ნიშნავს და ასეთი მწარმოებელი მსოფლიოში ერთი ხელის თითებზე ჩამოითვლება.

ეხლა რაც შეეხება ამ მწარმოებლის უაღრესად პოპულარულ  USP-ს ტიპის პისტოლეტებს. მოკლედ, რომ გადმოგცეთ მისი შექმნის ისტორია, პისტოლეტების ოჯახი ცნობილი სახელით USP (USP – Uniwersale Selbstlade Pistole – უნივერსალური თვიდამტენი პისტოლეტი) იწყებს თავის ასრებობას პროგრამიდან OHWS (Offensive Handgun Weapon System), რომელიც 1991 წელს გამოცხადდა აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ჯარების სარდლობის მიერ. პროგრამა ითვალისწინებდა მოკლელულიანი იარაღის სისტემას, რომელიც შედგებოდაპისტოლეტისგან, მოდულური დამიზნების სისტემისგან და მაყუჩისგან. აქცენტი კეთდებოდა პისტოლეტის არა როგორც თავდაცვის არამედ, როგორც დამხმარეთავდასხმის იარაღად გამოყენებაზე. ამ პროგრამაში აქტიურად მონაწილეობდა კომპანია კოლტიც, რომელმაც სხვათაშორის ძალიან საინეტერესო პისტოლეტი წარმოადგინა, მაგრამ იმს გამო რომ არჩეული ქონდა ცალრიგიანი მჭიდი, ხოლო მინიმალური ტევადობა იყო 10 ვაზნა, კოლტის პროტოტიპის ტარის სიგრძე ვერ ჩაეტია ტექნიკურ მოთხოვნებში და კოლტი პროგრამას გამოეთიშა.  საბოლოო ჯამში ის რაც მიიღო  აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებმა Heckler&Koch Mk23-ის სახით და ის რაც ერგო სამოქალაქო ბაზრას დიდად არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ექსპერტები კი თავის მხრივ ირწმუნებიან, რომ სამოქალაქო პისტოლეტმა გაირა ყველა ის უმკაცრესი და უმძიმესი ტესტირება, რასაც ეს პროგრმა ითვალისწინებდა. ტესტირება ითვალისწინებდა სროლას წინასწარ ლულაში გაჭედილი ტყვიით ისე, რომ იარაღი არ გამოვიდოდა მწყობრიდან და შეინარჩუნებდა სიზუსტეს, ასევე იარაღს ყინავდნენ -40 გრადუსამდე და შემდეგ სწრაფად ახურებდნენ +60 გრადუსამდე, რასაც მოყვებოდა სროლით შემოწმება.  მიღწეულ იქნა აბსოლუტური საიმედოობა 20 000 გასროლიან ციკლში ყოველგვარი დაბრკოლების ან რაიმე ნაწილის მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ტესტების, რაც USP გადიოდა.   ასევე განსხვავებით ამ კომპანიის პისტოლეტების წინა მოდელებისგან, ეს პისტოლეტი თავიდან ბოლომდე იგებოდა ამერიკული ბაზრის მოთხოვნების მიხედვით და შეძლებისდაგვარად იყენებდა ტრადიციულ გამოცდილ ტექნიკურ გადაწყვეტილებებს. მოგეხსენებათ უკვე დიდიხანია ჩრდილო ამერიკა კარნახობს მოდას თავდაცვით იარაღში და არა მხოლოდ. ბუნებრივია, რომ Heckler&Koch-ის მენეჯერები პირველ რიგში ჩრდილო ამერიკის ბაზრის ათვისებაზე ფიქრობდნენ.  მანამდე ორ მათ პისტოლეტს (P9S, P7) ქონდა ძალიან უმნიშვნელოა წარმატება ხოლო VP70-მა საერთოდ ვერ მოიკიდა ფეხი.  დამატებით უნდა ავღნიშნო, რომ მას მერე, რაც Mk23-მა გაიმარჯვა და მიღებულ იქნა შეიარაღებაში ის ასევე ხელმისაწვდომი გახდა სამოქალაქო მომხმარებლებისთვის, და ისიც უნდა დავამატო, რომ დღეს Mk23-ის წარმოება შეწყვეტილია, ხოლო სამოქალაქო პისტოლეტების ოჯახი პირიქით დიდი წარმატებით სარგებლობს და რეგულარულად იმატებს ახალ ახალ წევრებს.

Mk23 არის ძალიან დიდი და მოუხერხებელი პისტოლეტი, რასაც ეს სურათი ადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი გამძლეობით, სიზუსტით და რესურსით პრაქტიკულად ცალკე კლასს ქმნის მისმა დიდმა ზომებმა და წონამ  ხელი შეუშალა მის ფართო გავრცელებას. სურათის წყარო Hkpro.com

აღნიშნული OHWS-ს პროგრამიდან სამოქალაო USP-ს გადმოყვა ისტორიაში პირველად იარაღის ჩარჩოს კონსტრუქციაში ინტეგრირებული უნივერსალური სამაგრი, რომლის საშუალებითაც ჯერ იყო გათვალისწინებული ლაზერით დამიზნების მოწყობილობის გამოყენება (LAM მოდული Laser Aiming Device), რომელსაც შემდგომ დაემატა სპეციალური ტაქტიკური ფარანიც. USP-ში „ამერიკული განხრა“ კი გამოიხატა ლეგენდარული M1911A1-თვის დამახასიათებელი ელემენტების გადმოღებაში. მაგალითად დამცველის/დეკოკერის განლაგება ისეთივეა, როგორც M1911A1-ზე.  დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი განსხვავებით გლოკისგან იყენებდა ღიად განლაგებულ ჩახმახს და იყო ორმაგი მოქმედების. არ გაინტერესებთ რატომ არის ჩახმახი ნაწილობრივ რეზინის? იმისთვის, რომ როდესაც იარაღი დაეცემა მყარ სიბრტყეზე დიდი სიმაღლიდან ეს რეზინის დეტალი უბრალოდ გაძვრება და ჩახმახი ვერაანაირად ვერ მიაღწევს დამრტყმელამდე. უსაფრთხოება სიმაღლიდან მყარ ზედაპირზე დავარდნისას გათვალისწინებულია ტესტირების პირობებით და USP თუ დაეცემა შეყენებულ ჩახმახზე, გასროლა მაინც არ მოხდება. დამატებით პისტოლეტი აღჭურვილია პასიური დამრტყმელის მცველით.  M1911A1-სგან გერმანულმა პისტოლეტმა ასევე მიიღო ტარის დახრის კუთხე, რომელიც შეადგენს ზუსტად 17 გრადუსს. (ტარის დახრის კუთხე არის კუთხე რომელსაც ქმნის ტარის წინა ნაწილი ლულის ღერძთან მიმართებაში).

არასრულად დაშლილი USP Compact Stainless, ყურადღბა მიაქციეთ საკეტის შიგნიდან დამუშავების ხარისხს, ასევე კარგად ჩანს ჩაკეტვის სისტემა.

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით  USP მეტ ნაკლებად ტრადიციული პისტოლეტი ჩანს, 1993 წელს ის იყო საკმაოდ ინოვაციური და ორიგინალური. პირველად პოლიმერის ჩარჩო იყო გამოყენებული გარეთ განლაგებული ჩახმახთან ერთად, უკვე ნახსენები უნივერსალური სამაგრი, ბუფერი განლაგებული დამაბრუნებელი ზამბარის ღერძის ბოლოს, რომლიც ამცირებს უკუცემას 30% (სინამდვილეში ვერ იპოვით ვერავის ვინც ამას დაადასტურებს სუბიექტური შეგრძნებებით), და რაც მთავარია დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რომლის ტრანსფორმირებით შესაძლებელია მისი 10 განსხვავებული  რეჟიმის მიღება. იმ დროისთვის ეს ყველაფერი იყო დიდი სიახლე.

ჩარჩოზე განლაგებული ღილაკი ასრულებს მცველის და დეკოკერის ფუნქციას. საინეტერესო ფაქტი. მიუხედავად 10 გამოცხადებული დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის რეჟიმისა, მე-8 ნომერი რეზერვირებული იყო სამომავლო რაიმე მოდიფიკაციისთვის და დღემდე მე-8 რეჟიმი როოგორც ეგეთი არ არსებობს ბუნებაში.

პირველი USP-ს ტიპის პისტოლეტი იყო .40 კალიბრის სრული ზომის მოდელი. მას მოყვა 9მმ-ნი მოდიფიკაცია, შემდეგ კომპაქტური მოდელები (სადაც მექანიკური ბუფერი შეიცვალა პლასტმასის ამორტიზატორით) და შემდეგ მოდელები კალიბრში .45 ACP. იარაღის დაშლისას აღმოაჩენთ ჩაკეტვის სისტემას, რომელიც საკმაოდ უცნაურად გამოიყენება. აქ გერმანელებმა გადაუხვიეს თავიანთ ტრადიციას და დაუბრუნდნენ უკვდავ ლეგენდას ჯონ მოზეს ბრაუნინგს და მის ჩაკეტვის სისტემას. ლულა იკეტება ზედა ბჯენით მასრების ექსტრაქციის ფანჯარაზე (როგორც პირველად Sig P220-ში), ხოლო ლულის და საკეტის გახსნა (ლულის დაწევით) ხდება ლულაზე ქვევიდან განლაგებული ბჯენის ზემოქმედებთ დამაბრუნებელი ღერძის სპეციალურის ფორმის დაბოლოებასთან. საიმედო ჩაკეტვის სქემა, ბუფერი და ზოგადად ძლიერი კონსტრუქცია განაპირობებს შესაშურ გამძლეობას და რესურსს. კომპანიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ბუფერის გამოყენება ამცირებს პიკურ დატვირთვას, რომელიც ადგება ჩარჩოს სროლის დროს. თუ ჩვეულებრივ პისტოლეტებში ის შეადგენს დაახლოებით 5000 ნიუტონს, USP–ს შემთხვევაში ის კი მხოლოდ 300–ს უდრის.  ასეთი შემცირება ასევე აისახება უკუცემაზე, რომელიც უფრო რბილია თუ შეიძლება ასე ითქვს, მაგრამ მისი აღთქმა ძალიან სუბიექტურია და ვერ ვიტყვი, რომ რაიმე აშკარა სხვაობას აქვს ადგილი.  +P, +P+ კლასის ვაზნების მკაცრი დიეტა ვერაფერს ვერ დააკლებს USP-ს, სტანდარტული წნევის ვაზნებს ეს პისტოლეტი მოინელებს ათი ათასობით უმნიშვნელო დეტალების მწყობრიდან გამოსვლის გარეშე. აწყობილი როგორც სატვირთო მანქანა, ასე ახასიათებენ მათ. უკიდურესი გამძლეობა არის ალბათ ის რაც ამ პისტოლეტს ასევე გადმოყვა OHWS პროგრამიდან და სწორედ ეს თვისება არის ის რაც ამ ოჯახის პისტოლეტებს ახასიათებს.

მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი (LEM Trigger, Law Enforcement Module – სამართალდამცავი მოდული, განკუთვნილი პოლიციური სამსახურებისთვის)   კომპანიისთვის დამახასიათებელი ინოვაციურიბით გამოირჩევა, ეს პრაქტიკულად ჩახმახი ჩახმახში არის, ვაზნის სავაზნეში მიწოდებისას ხდება შიდა ჩახმახის შეყენება, რის გამოც სასხლეტი არის ძალიან რბილი და მოკლე სვლით, პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე.  ამ სისტემას შეცვალა “კონვენციონალური” მხოლოდ ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, რომელსაც ძალიან არაკომფორტული სასხლეტის მუშაობა ახასიათებდა.

 სამი ჩემი USP-ს  პისტოლეტი აღჭურვილი იყო ე.წ. „მატჩ სასხლეტით“.  კომპანია ყიდის ასეთი სასხლეტის დეტალების კომპლექტებს, თუმცა მათ დასაყენებლად საჭიროა კომპეტენტური იარაღების ოსტატი. ზოგ სპეციალიზირებულ მოდელებზე ასეთი სასხლეტი სტანდარტულად ყენდება. ასეთ სასხლეტებს განსაკუტრებულად რბილი, მოკლე სასხლეტის სვლა აქვთ და ამას ემატება “ტრგიერ სტოპი”, რომელიც გამორიცხავს სასხლეტის ზედმეტ სვლას ჩახმახის გათავისუფლების შემდეგ.

2005 წელს USP-ს ოჯახი „გახალისდა“ მოდელებით ფერადი ჩარჩოებით, ცისფერ-ნაცრსიფერი, ყავისფერი და მწვანე. საინტერესო ფაქტი,  პირველად იარაღის წარმოების ისტორიაში 1957 წელს High Standard-მა გამოუშვა „ფერადი“ რევოლვერები (მოდელი Sentinel). ფერადი ჩარჩოები გემოვნების ამბავია, მე პირადად არაფერი არ მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ კომპანია Magpul-ის აზრით, პილიმერში ფერის გარევა იწვევს მისი სტრუქტურის დასუსტებას (მართალია უცნობია რამდენად). რა თქმა უნდა ფერადი USP-ს ჩარჩო არ დაიფშვნება ხელში, მაგრამ ეს ფაქტი საკმარისია რომ პედანტ მსროლელებს გადაათქმევინოს ფერად-ჩარჩოიანი USP-ს შეძენა.

საინტერესო ფაქტი, ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი პისტოლეტ P8-ს  გააჩნია ლულა ჩვეულებრივი ხრახნებით ნაცვლად პოლიგონალურისა, როგორც სამოქალაქო მოდელებში. მიზეზი სავარუდოთ არის ის, რომ ასეთი ლულიდან სროლა შეიძლება მისი უკიდურესი დაბინძურების შემთხვევაშიც. 1994 წლამდე გამოშვებულ USP–ს პისტოლეტებს ასევე ქონდა ტრადიციული ლულის ხრახნები.  

საინტერესო თავისებურებაა ისიც, რომ USP-ს აქვს მჭიდის გათავისუფლების ორიგინალური მეთოდი. ნაცვლად ღილაკისა ის იყენებს ბერკეტს, რომელიც განთავსებულია ტარის წინა ზედა ნაწილში და არის ორმხრივი. პირველად ანალოგიური დეტალი გაჩნდა ამავე კომპანიის პისტოლეტზე P7-ზე. თავდაპირველად ეს პისტოლეტი იყო აღჭურვილი ევროპული პისტოლეტებისთვის დამახასიათებელი ღილაკით ტარის ძირში (როგორც მაგალითად მაკაროვის პისტოლეტში). როდესაც P7 გამოჩნდა ამერიკაში, პოლიციურმა სამსახურებმა მოითხოვეს უფრო ეფექტური და სწრაფი მჭიდის გამოცვლის საშუალების უზრუნველყოფა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ მოდელის პისტოლეტს ტარის წინა ნაწილი მოძრავი ქონდა, ტრადიციული ღილაკის გამოყენება შეუძლებელი იყო. გამოსავალი იყო მის მაგივრად ბერკეტის გამოიყენება და ასეც მოიქცნენ. USP უფრო ტრადიციული პისტოლეტია, მაგრამ მასში მაინც ანალოგიური ბერკეტი გამოიყენება. გამომდინარე იქიდან, რომ Walther-იც იყენებს ანალოგიურ ბერკეტს, ეტყობა ასეთ გადაწყვეტილების უკან დგას გარკვეული ობიექტური მიზეზებიც და არა მარტო ტრადიციების პატივისცემა. ჩემი აზრით თითით ბერკეტის დაბლა დაწევა უფრო ბუნებრივი მოძრაობაა ვიდრე შედარებით ნაკლებად მოსახერხებელი ტარზე გვერდიდან ღილაკის დაჭერა. მაგრამ სხვაობა არ არის კრიტიკული. ყველაფერი მიჩვევის და ვარჯიშის ამბავია, თუმცა მიჩნეულია, რომ ბერკეტი შედარებით უფრო ნელია გადატენვისას და ამის გამო პრაქტიკული სროლის დისციპლინებში თქვენ ბევრ USP-ს ვერ ნახავთ მაგრამ IDPA-ში (სპორტული, თავდაცვითი სროლა) რამდენიც გინდათ.

მინდა ასევე ავხსნა ის მარკირებები და დამღები, რაც USP-ს პისტოლეტებზე არის დატანილი.  პისტოლეტების მარცხენა მხარეს არის  სერიული ნომერი – პირველი ორი ციფრი მიეკუთვნება კონკრეტულ იარაღის მოდელს მაგალითად 62-ით იწყება MP-5 პისტოლეტ ტყვიამფრქვევის სერიული ნომრები.
გამოშვების წელი – აღინიშნება ორი ასოთი სერიული ნომრისს წინ და ადვილად გაიშიფრება.  
A B C D E F G H I K
0 1 2 3 4 5 6 7 8 9

დანარჩენი მარკირებები ამ ჩემ ადრინდელ ილუსტრაციაში არის განმარტებული:

USP-ს ოჯახში გარდა სტანდარტული და კომპაქტური მოდელებისა შედის მოდელები, რომლებიც სპეციალურად შექმნილია კონკრეტული დანიშნულებით. ორი ასეთი მოდელის ახლო გაცნობის საშუალება მე მომეცა.

USP Tactical .45ACP დიდი, ძალიან დიდი, მართლა ძალიან დიდი პისტოლეტია. ორ რიგიანი პლასტმასის მჭიდის ტევადობა შეადგენს 13 ვაზნას. ეს მოდელი შექმნილია სპეციალურად ტაქტიკური რაზმებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ირაღი აღჭურვილი მაყუჩით. ამ მიზნით ის თავიდანვე დაკომპლექტებულია ლულით რომელზეც შესაძლებელია მაყუჩის დაყენება. სამიზნე მოწყობილობები დიდია და მაღალი იმისთვის, რომ მაყუჩმა არ გადაფაროს ისინი. ასეთი პისტოლეტი სთავაზობს ტაქტიკურ რაზმს უკვე გამზადებულ პლატფორმას, რომელიც მზად არის მაყუჩის გამოყენებისთვის. არ არის საჭირო ლულის გამოცვლა და მორგება, სამიზნე მოწყობილობების შეცვლა.  ტაქტიკური მოდელები აღჭურვილია ასევე შესანიშნავი „მატჩ“ სასხლეტებით.  9მმ-ნი მოდელი ინდექსით SD აღჭურვილია ჩვეულებრივი სასხლეტით.  ტყვია ტყვიაში 15 მეტრზე? თუ თქვენ ეს შეგიძლიათ მაშინ Tactical-ი ამის საშუალებას მოგცემთ.  ასე თუ ისე, USP-ს ჩაკეტვის სისტემას საფუძველში უდგას Peter-Stahl-ის სპორტული პისტოლეტებში გამოყენებული სისტემა.  ეს მოდელის პისტოლეტი ასევე არის გერმანული სპეციალური დანიშნულების ძალების შეიარაღებაში და ატარებს ინდექსს P12.  P12-ს არ გააჩნია “მატჩ სასხლეტი”.   შეიძლება ითქვას, რომ სწორედ Tactical-ი ითავსებს ყველაფერ იმას, რაც გააჩნია Mk23–ს და ამავე დროს მას გააჩნია მეტ ნაკლებად მისაღები გაბარიტები და წონა.

USP Expert, შექმნილია უფრო როგორც სპორტული პისტოლეტი, ის აღჭურვილია დიდი ზომის სპორტული სამიზნე მოწყობილობებით, ამასთანავე მხოლოდ ექსპერტზე უკანა სანმიზნე მოწყობილობა  საკეტში ღრმად ზის. გრძელი ლულა ასეთივე დაგრძელებულ საკეტშია მოთავსებული. ექსპერტს გააჩნია „მატჩ სასხლეტი“, ორმხრივი დამცველის ღილაკი და რეზინის რგოლი ლულაზე, რომელიც უზრუნველყოფს ლულის ერთგვაროვან დაფიქსირებას საკეტთან მიმართებაში (ანალოგიური რგოლები ყენდება ყველა სპეციალიზირებულ USP-ს პისტოლეტზე). იარაღი დიდია და მძიმე, მისი პრაქტიკული გამოყენება გართულებულია, ისევე როგოც შეზღუდულია სპორტული დისციპლინების რაოდენობა სადაც შეიძლება მისი გამოყენება. ის გამომდინარე თავისი სპეციფიურობიდან არ სარგებლობს დიდი პოპულარობით, მაგრამ ეს ნამდვილი სრულყოფილი სასროლოსნო მანქანაა, რომელსაც გააჩნია ყველა ის შესანიშნავი თვისება, რაც ახასიათებს USP-ს პისტოლეტების ოჯახს, თუმცა დიდი გაბარიტები და სპორტული ტიპის სამიზნე მოწყობილობები, როგორც უკვე ავღნიშნე ზღუდავენ მის პრაქტიკულ გამოყენებას, როგორც თავდაცვის იარაღის.

H&K USP Expert .40S&W, ამ ტიპის ისტოლეტების მოყვარულებში პოპულარული ასოების შეღებვით.

და ბოლოს მინდა მოკლედ მიმოვიხილო USP–ს კომპაქტური მოდელები. ჩემი აზრით ეს ძალიან დაბალანსებული და მოსახერხებელი პისტოლეტებია. მიუხედავად იმისა, რომ მექანიკური ბუფერის არ არსებობა აშკარად იგრძნობა და საკმაოდ ხისტ უკუცემაში გამოიხატება პისტოლეტი გაცილებით უფრო მოსახერხებელია “პრაქტიკული აპლიკაციებისთვის” ვიდრე მისი დიდი ძმები. სამწუხაროდ რკინის ორ რიგიანი მჭიდის ტევადობა უკვე არასაკმარისია, ასეთი ზომის პისტოლეტისვის, შედარებისთვის უფრო კომპაქტურ Glock 19-ში ორი ვაზნით მეტი ჩადის (15 ვაზნა გლოკში 13-ის წინააღმდეგ USP-ში). დანარჩენში ეს პისტოლეტი ინარჩუნებს ამ ოჯახის პისტოლეტების ყველა საფირმო ნიშანს და ამასთანავე შედარებით უფრო მცირე ზომის კომპაქტურ იარაღში.

USP Compact Stainless, არსებული ინფორმაციით Heckler&Koch-მა შეწყვიტა უჟანგავი რკინისგან დამზადებულ საკეტიანი პისტოლეტების წარმოება. ყველა პისტოლეტი იქნება  შავი დამცავი დაფარვით  დაფარული.

როგორც ყველა იარაღს USP-ებსაც აქვთ უარყოფითი მხარეები. პრინციპში მე გამოვყოფდი ჩემი აზრით სამ საკითხს, რომელსაც აქვს მნიშვნელობა მსროლელისთვის. არა ეს ნამდვილად არ არის ლულის ღერძის მაღლა განლაგება, ამას სპორტში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ პრაქტიკულ თავდაცვით იარაღში ლულის ღერძის სიმაღლეს ხანდახან ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. პირველი და უმთავრესი არის გაბარიტები. იარაღი მსხვილია.  ძალიან მსხვილია. მათი ფარული ტარება  საკმოდ არაკომფორტულია. საკითხი მეორე: კონსტრუქციის სირთულე. ეს გამოიხატება დეტალების დიდი რაოდენობაში, სრული დაშლის სირთულეში. ასევე არ იშლება ადვილად საკეტი, სადაც მის დასაშლელად საჭიროა ინსტრუმენტები.  შეიძლება არიან ისეთი ტალანტები, რომლებიც მე არ დამეთანხმებიან მაგრამ USP-ს  დაშლა თუნდაც დეტალური ფოტო ვიდეო ინსტრუქციით არის საკმაოდ რთული. საკითხი მესამე: მჭიდების  ცვლადობა, უფრო სწორედ ამის შეუძლებლობა. გარდა ზომებისა, სრული ზომა, კომპაქტი, სუბ კომპაქტი არის კიდე მჭიდები გათვლილი ექსკლუზიურად „ძაბრიან“ მოდელებზე. ისინი ცვლადები არ არის.

ტარზე განლაგებულ “ძაბრს” Heckler&Koch-ში, Jet Funel-ს ეძახიან, დამასში მხოლოდ ასეთ ტარზე გათვლილი მჭიდები მოთავსდება.

ჩემი აზრით ასეთი მიდგომა მოუხერხებელია.  მაგალითად შეიძლება ატაროთ Glock 17 სრული ზომის ბუდეში და ვთვქათ 3 სათადარიგო მჭიდი ხოლო, როგორც დამხმარე იარაღი Glock 26 ერთი მასში მოთავსებული სტანდარტული 10 ვაზნიანი მჭიდით, მაგრამ რომელშიც „წავა“ Glock 17-ის 17 ვაზნიანი მჭიდები. ანუ გეძლევად საშუალება იქონიოთ ერთდროულად ორი სხვა და სხვა კლასის იარაღი ცვლადი ტყვიაწამლით და მჭიდებით.  USP-ს შემთხვევაში ასეთი რამ შეუძლებელია.  რკინის მჭიდის გამოყენებამ კომპაქტურ მოდლებებში განაპირობა სამაგიეროდ ის, რომ მათი ტარი უფრო თხელია.  ალბათ სულ ეს არის, რაც შეიძლება ითქვას USP-ს სისუსტეებზე. მეტს მე ამ პისტოლეტებს ვერაფერს ვერ დაუწუნებ. ალბათ ამ სამ ნაკლს შეიძლება დაუმატოთ ისიც, რომ რამოდენიმე მოდელს აქვს ე.წ. სახარჯი დეტალები. მაგალითად რეზინი რგოლები, რომლებიც მაგრდება ლულაზე და ასევე კომპაქტურ მოდელებეში პლასტმასის ბუფერი (პისტოლეტის სროლა შესაძლებელია რეზინის რგოლის გარეშეც). ორივე ეს ნაწილი საჭიროებს გამოცვლას გარკვეული “გარბენის” შემდეგ, რომელიც მართალია ათასობით გასროლილ ვაზნას უტოლდება. თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ასეთივე გამოცვლას პერიოდულად საჭიროებენ სხვა დეტალებიც ნებისმიერ პისტოლეტში, მაგალითად ზამბარები. კიდე ძალიან რომ დავფიქრდე, შეიძლება ცოტა ვიწუწუნოთ ფასზე. ამ კომპანიის პისტოლეტები (და არა მარტო) საკმაოდ ძვირი ღირს. სწორედ ამიტომ USP-ს პისტოლეტებს ნაკლებად იყენებენ “ტუნინგისთვის”. ასევე ნაკლებად არის გავრცელებული მათი სხვა მწარმოებლების ნაწილები. ეს კომპანია ტრადიციულად ცდილობს შეინარჩუნოს მონოპოლია თავის პროდუქციის მომსახურებაზე და გაუმჯობესებაზე.

USP Expert .40, ლულაზე კარგად ჩანს რეზინის რგოლი.  ასევე დააკვირდით ჩვეულებრივზე უფრო ღრმად “ჩასმული” უკანა რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობა.

სულ ეს არის, რისი მოყოლაც მინდოდა ამ პისტოლეტებზე. მსხვილი, გამძლე, საიმედო და ძალიან ზუსტები. ხარისხის კონტროლი Heckler&koch-ში ყოველთვის სათანადო დონეზეა, რაც ნიშნავს, რომ ალბათობა მიიღოთ არაკონდიციური, ხარვეზიანი პისტოლეტი თითქმის ნულის ტოლია. მაღალტექნოლოგიური დაფარვების და პოლიგონალურ ხრახნებიანი ლულის წყალობით პისტოლეტი მინიმალურ მომსახურებას საჭიროებს. თუ ფასი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი, დამერწმუნეთ, რომ რთული მაგრამ სრულყოფილი USP-ს პისტოლეტები ყოველთვის და ნებისმიერ პირობებში შეასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

და ბოლოს არის კიდევე ერთი რამ, რაც ახასიათებს USP-ს პისტოლეტებს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემში ეს პისტოლეტები, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულ გრძნობებს იწვევდნენ. გასაგებია, იარაღი პირველ რიგში უტილიტარული ინსტრუმენტია, განსაკუთრებულად მასობრივი წარმოების პირობებში. მაგრამ   USP-ს ფლობა ყოველთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო იყო ჩემთვის. ამ პისტოლეტებში იგრძნობა ალბათ სტილი, ხარისხი, დახვეწილი გერმანული სრულყოფილება, განსაკუთრებულობა, როგორც მაგალითად მერსედესის ავტომობილებში (A კლასი არ იგულისხმება).   USP არის სოლიდური, ხარისხიანი, ლამაზი და დახვეწილი იარაღი. უნაკლო ნაწილების დამუშავება, აწყობის ხარისხი, ფუნქციონირება.  ყველა  USP-ს ახასიათებდა შესაშური სიზუსტე და აბსოლუტური საიმედოობა. მეტსაც ვიტყვი, მე ჯერ აქამდე არასდროს არ მსმენია საერთოდ რაიმე პრობლემეებზე ამ ოჯახის პისტოლეტებთან. მახსენდება იშვიათი პრობლემები გლოკის პისტოლეტებთან სადაც მთელი პარტიები ბრუნდებოდა მწარმოებელთან ნაწილების შესაცვლელად, მახსენდება სმიტ&ვესონების პისტოლეტები ზედმეტად სუსტი მჭიდის ღილაკების ზამბარებით, რის გამოც მათ მწიდები ცვიოდა, მახსენდება Ruger SR9-ს მთელი პარტიების გამოთხოვა, პრაქტიკულად ნებისმიერ პისტოლეტთან დაკავშირებული ასეთი პრობლემები მე მახოსვს, USP-ზე ვერაფერს ასეთს ვერ ვიხსენებ. 1993 წლიდან, როდესაც USP გაჩნდა გაყიდვაში, დღემდე ეს პისტოლეტები რჩება საუკეთესო პოლიმერის ჩარჩოიან პისტოლეტებად.



6 Responses to “უკომპრომისო Heckler&Koch USP”

  1. Longbowman says:

    კარგი სტატიაა.
    ზოგადად საინტერესო იარაღია, სიამოვნებით ვიქონიებდი მის რომელიმე მოდელს.
    ისე საინტერესო რაც არის ქართულ ბაზარზე ეს იარაღიც და გლოკიც ერთი ფასი ღირს, როცა ამერიკაში გლოკი ორჯერ იაფია.
    პ.ს. თქვენს ცხრილში სამწუხაროდ არ არის კომპაქტ ტაქტიკალის მოდელი ნახსენები. იმედია ჩემი ეს რემარკა არ გეწყინებათ.

  2. Shooter says:

    kompaqt tacticali cxrilshi mocemuli momacemebis mixedvit chveulebrivi compactisgan gamoircheva mxolod daaxloebit 12 mm-it ufro grdzeli lulit ;) garda amisa es cxrili jer kidev 6 tslis tsin aris shedgenili.

    ps
    qartul bazarze heckler kochi meti ghirs koveltvis vidre gloki. maghaziebshi sahualod 4000 lari gloki 5000 lari heckler kochi, meoradebi gloki 1500 dolari, HK 2000 dolari.

  3. Longbowman says:

    ბოდიშს ვიხდი არ ვიცოდი თუ ექვსი წლის წინანდელი იყო.
    ერთხელ მაქვს სრულად დაშლილი ეს პისტოლეტი და საკმაოდ დიდი ხანი მოვუნდი დაშლა აწყობას. ძალიან რთული კონსტრუქციაა და ითხოვს დამატებით ინსტრუმენტის გამოყენებას. თან იმდენი პატარა ღერძია რო ლამის ავირიე. ხომ არ იცით ისეთი დაშლის მეთოდი რომ არ მომიწიოს ჩაქუჩის და სპეციალური ბერკეტის გამოყენება.
    კიდევ ერთი კითხვა მაქვს: კომპაქტ ტაქტიკალ და კომპაქტ მოდელების გარკვეული ნაწილები ასევე სტანდარტის და ტაქტიკალის ნაწილები მიდის ხომ ერთმანეთზე?
    (ვარიანტის ნომრის დამთხვევის შემთხვევაში რა თქმა უნდა)

  4. levan giligashvili says:

    martla legenda iaragia hk usp dzaan magaria

  5. levani says:

    erti kitxva maqvs levan glock 21 mirchev tu hk usp 45 ts. archevani maqvs

  6. Shooter says:

    Rats ufro mogtsont is ikidet

დატოვეთ კომენტარი