როგორი შეიძლება იყოს იდეალური საბრძოლო პისტოლეტი?

Smith&Wesson ASP, ერთ ერთი პირველი სპეციალიზირებული საბრძოლო/თავდაცვითი პისტოლეტი, რომელსაც უკვე 70–ან წლებში ქონდა უმეტესობა იმ ელემენტების, რომელსაც ჩვენ ამ სტატიაში მიმოვიხილავთ.

იდეა ამ სტატიის დაწერის მე უკვე დიდიხანი გამიჩნდა. მინდა ამ სტატიაში შემოგთავაზოთ ჩემი ხედვა იმისა, თუ რა თვისებები და ელემენტები უნდა ქონდეს ეფექტურ სრულყოფილ და თუ გნებავთ იდეალურ საბრძოლო პისტოლეტს. ამ სტატიის დაწერას წინ უძღვოდა ჩემი თითქმის 10 წლიანი ძიება იდეალური პისტოლეტის.  ასევე მახსენდება დუეინ ტომასის სტატია – “იდეალური პისტოლეტის ძიებაში”, რომელი მე ძალიან მომეწონა და თავად დამაფიქრა იმაზე თუ რა არის საერთოდ იდეალური პისტოლეტი, რა თვისებები უნდა ქონდეს მას, რა ელემნეტები ან მოწყობილობები. ამ სტატიაში მე შევეცდები დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი ის, რაც ჩემი აზრით არის მნიშვნელოვანი და ბოლო ნაწილში ის რაც უკვე შესაბამისად ნაკლებად მნიშვნელოვანია. საბრძოლო პისტოლეტის ტერმინის ქვეშ მე  ვგულისხმობ ადეკვატური კალიბრის თანამედროვე ავტომატურ პისტლეტებს, იმას რასაც საზღვარგარეთ მოიხსენიებენ, როგორც fighting handgun. არ ვაკონკრეტებ  წონით კატეგორიას, მითუმეტეს ეხლა, როდესაც ხელმისაწვდომია ძლიერ კალიბრებზე გათვლილი სუბკომპაქტური მოდელები. ვგულისხმობ მხოლოდ ავტომატურ პისტოლეტებს დაწყებული მაკაროვიდან და დამთავრებული H&K MK23–ით, შუაში კიდე უამრავი სხვა დანარჩენ მოდელს.  კალიბრი ჩემი აზრით იწყება მინიმალური დასაშვები, “მოკლე” 9მმ–დან პირდაპირ 10mm Auto-მდე.   კონკრეტულ პისტოლეტებზე მე საუბარი და მათი განხილვა თითქმის არ მექნება, მხოლოდ აღწერილ სასურველ თვისებებთან და ელემენტებთან დაკავშირებით .  დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია, ჩარჩოს მასალა, ლულის სიგრძე ასევე არ განიხილება. ოპერატოორის პრეფერენციებიდან და კონკრეტული გარემოს მოთხოვნებიდან გამომდონარე ეს ყველაფერი შეიძლება იყოს განსხვავებული სხვა და სხვა შემთხვევებში. მითუმეტეს ერთი და იგიე მწარმოებლის პისტლეტები სხვა და სხვა კონფიგურაციით გამოდიან.  კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ ყველაფერი აქ დაწერილი არის ჩემი პირადი აზრი და შეხედულებები, რომლებსაც მე შევეცდები გავამყარო შესაბამისი არგუმენტებით. დამეთანხმებით თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია. მე არ  გთავაზობთ გამზადებულ პასუხებს, მხოლოდ გაძლევთ საბაბს თავად დაუკვირდეთ და დაიწყოთ ფიქრი.

დავიწყოთ თუნდაც პისტოლეტის ფორმებით. იარაღი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული მისი ფარული და კომფორტული ტარებისთვის ისევე, როგორც უნდა იყოს მოსახერხებელი ადვილი და სწრაფი ამოღებისთვის, და ბუდეში ან სხვა ადგილას (ჯიბე, ქამარი, ჩანთა და ა.შ.) შენახვისას/უკან მოთავსებისას. ამაში პირველ რიგში იგულისხმება არა პისტოლეტის გაბარიტები, არამედ მისი ფორმები. კონკრეტულად კი ბასრი კუთხეების და გარეთ გამოშვერილი დეტალების არ არსებობა. იარაღის მართვის ელემენეტები (მცველი, მჭიდის ღილაკი, საკეტის შემაკავებელი, დეკოკერი) ასევე სამიზნე მოწყობილობები, ჩახმახი არ უნდა იყოს გარეთ გამოშვერილი და ისეთი ფორმის არ უნდა იყოს, რომ მას ადვილად ედებოდეს ტანსაცმლის, ბუდის ან სხვა ეკიპირების ელემენტები. იდეალური ვარიანტია ამ მხრივ მაგალითად Glock–ის პისტოლეტები. ეს პისტოლეტები ძალიან ლაკონური და მარტივი ფორმებით გამოირჩევა. ამოღებისას ეს იარაღი ძალიან სწრაფია ხოლო მისი ფორმები გამორიცხავენ რაიმე დაბრკოლებას იარაღის ამოღების (“პრეზენტაციის”) დროს.  ფორმების თვალსაზრისით დამატებით უნდა განიხილოს ორმხრივი მცველის ან დეკოკერის არსებობის გამართლებულობა/საჭიროება. არის თუ არა საჭირო ეს ოფცია? ჩემი აზრით არა. თუ ცაცია ხართ მცველი მარჯვენა მხარეს უნდა იყოს თუ არა მაშინ მხოლოდ მარცხენა მხარეს. მაგალითად ჩემ კუთვნილ USP Expert-ზე ორმხრივი მცველი/დეკოკერია, თუ მცველის როლში მისი ოპერირება პრობლემას არ იწვევს დეკოკერის ფუნქციის შესრულებისას უკვე საჭიროა ჭერის შეცვლა, იმიტომ რომ მეორე მხარეს განლაგებული დეკოკერის დაშვებისას ხელი მას აბრკოლებს. გარდა ამისა ორმხრივი მართვის ელემენტები თითქმის ყოველთვის ზრდიან იარაღის გაბარიტებს. შევთანხმდეთ, რომ მართვის ელემენტები უნდა იყოს მხოლოდ იქ სადაც ის ჭირდება მხოლოდ კონკრეტულ ოპერატორს.

შემდეგი პუნქტი: მცველი და მისი განლაგება.  საერთოდ შეკითხვაზე უნდა იყოს თუ არა არაავტომატური მცველი იარაღზე,  პირადად მე  ზუსტი პასუხი არ მაქვს. რაიმე აქსიომა, წესი აქ არ არსებობს. ერთის მხრივ მცველი სთავაზობს დამატებით დაცვას იარაღი წართმევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა ასევე წარმოადგენს უნებლიე გასროლისგან დამატებითი დაცვის საფეხურს. ბოროტმოქმედი, რომელიც დაეუფლება სხვის იარაღს შეიძლება ვერ გაერკვიოს მცველის ფუნქციონირებაში და ამით მისცეს დრო წართმეული იარაღის პატრონს გამოიყენოს დამხმარე იარაღი ან რაიმე სხვა მოიმოქმედოს თავისი სიცოცხლის გადასარჩენად. მეორეს მხრივ ორი ყველაზე პოპულარული სამხედრო, პოლიციური და თავდაცვითი იარაღი Glock და Sig Sauer P სერია, საერთოდ არ იყენებს არაავტომატურ მცველებს.  ერთი რამ პირადად ჩემთვის ნათელია, როგორც დღე. მცველი არ უნდა იყოს განლაგებული საკეტზე. საკეტი უნდა იყოს მაქსიმალურად “სუფთა”, იმისთვის რომ მისი ოპერირებისას არაფერი მასზე განლაგებული ან მისი სპეციფიური ფორმა ხელს არ უშლიდეს ოპერატორს. საკეტზე მაქსიმალურად დიდი “მოჭიდების ფართი” უზრუნველყოფს სტრესულ პირობებში საკეტის საიმედო ოპერირებას, გაჭედილი მასრისას, ან ორმაგი მიწოდებისას ან უბრალოდ ვაზნის სავაზნეში მიწოდებისას. რაც უფრო კარგად მოკიდებთ მას ხელს მით უფრო მეტ ძალას დაატანთ, მაგალითად იმისთვის, რომ ამოაგდოთ გაჭედილი მასრა ან ვაზნა.

ჩემი აზრით Beretta 92-ს ყველაზე მოუხერხებელი საკეტი აქვს . ძალიან პატარა მოჭიდების ფართი და ორმხრივი მცველი საკეტზე, რომლის  უნებლიედ გააქტიურება გადატენვისას ადვილია.ამის გამო ჩემი აზრით ნაცვალად ხელით საკეტის გათავისუფლებისა ჯობია საკეტის შემაკავებელზე დაჭერა. მარჯვნივ არის Sig Sauer-ის საკეტი. თავისუფალი ზედმეტი მოწყობილობებისგან, ძალიან  მოსახერხებელი ოპერირებისას.

სამიზნე მოწყბობილობები. დღეს პისტოლეტებზე უამრავი ტიპის სამიზნე მოწყობილობები აყენია, მათი უმეტესობა არის მარტივი სექტორული ტიპის სამიზნეები, რეგულირებადი და არარეგულირებადი ტიპის, შედგებიან ორი ელემენტისგან, წინა (“მუშკა”) და უკანა (“ცელიკი”) სამიზნე მოწყობილობებისგან.  დავიწყებ იმით, რომ ჩემი აზრით საბრძოლო პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობები უნდა იყოს რკინის და წერტილი.  ეს ის შემთხვევა არ არის როდესაც პლასტმასი/პოლიმერები და რკინა თანაბარ მდგომარეობაშია.  სამიზნე მოწყობილობები არის პატარა ნაწილები, რომლებმაც შეიძლება დიდი დატვირთვა განიცადონ იარაღის მიწაზე დავარდნისას, ხელჩართული ჩხუბის დროს ან მოუხერხებელი მოძრაბისას.  ამიტომ ფოლადი არის საუკეთესო მასალა სამიზნეებისთვის. პლასტმასისგან დამზადებულ  სამიზნეებს აქვთ მხოლოდ ერთი პლიუსი – ტარებისგან ისინი ფერს არ იცვლიან (თუმცა ცვდებიან და იცვლიან ფორმებს ხანგრძლივი ექსპლუატაციისგან). რკინის სამიზნე მოწყობილობებზე დაფარვა დროთა განმავლობაში ასევე გადადის. ამიტომაც ალუმინის სამიზნეებზეც უარს ვიტყოდი, მათი ქიმიურად/ცივად ოქსიდირება შეუძლებელია, ხოლო რკინის სამიზნე მოწყობილობის 5 ლარიანი ხსნარით “გაშავებას” ნახევარი წუთი უნდა.  რეგულირებადი თუ არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, ეს თქვენი გადასაწყვეტია. იმ შემთხვევაში თუ ორივე ტიპის სამიზნე არის კარგი რეპუტაცის მწარმოებლისგან და შექმნილია, საბრძოლო/თავდაცვითი და არა სპორტული იარაღისთვის.  გაითვალისწინეთ, რომ კარგი და საიმედო სამიზნე მოწყობილობები იაფი არ ღირს. რეგულირებადი და თან ღამის სამიზნე მოწყობილობების ფასი 200 დოლარამდე ადის. ჩემი არჩევანი იქნებოდა არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები, მათი პოტენციალურად უფრო დიდი საიმედოობის გამო. წინა და უკანა სამიზნე მოწყობილობებიც უნდა იყოს მოსახსნელი. მათი დაზიანების შემთხვევაში, რკინისგან შეიძლება გამოითალოს სათადარიგო “ერზაც” “მუშკა” ან “ცელიკი”. თუ დაზიანდა მუშკა, რომელიც საკეტის ნაწილია, მაშინ გამოსაჩარხი იქნება სამაგრი ადგილი საკეტზეც, რაც ორმაგი სამუშაოა + მათი ერთმანეთზე მორგება. გარდა ამისა თუ სტანდარტული მუშკა არ გაკმაყოფილებთ მას ისე ადვილად ვერ გამოცვლით, როგორც მოსახსნელს.

”მუშკაც” და ”ცელიკიც” უნდა იყოს უსაფრთხო, ამაში ვგულისხმობ იმას რომ მათი კუთხეები არ უნდა იყოს ბასრი, იარაღთან მანიპულაციების დროს რომ არ მოხდეს ხელის/თითების ტრავმირება.  გარდა ამისა ისინი არ უნდა ედებოდნენ ტანსაცმელს და ბუდეს. იგივე ეხება ასევე უნივერსალურ სამაგრებს. მაგალითისთვის, ზედმეტად აგრესიულად გამოყვანილი  ”პიკატინის” ”კბილები” და  მოკლე ბუდეები ერთმანეთში არ მეგობრობენ. იარაღის ამოღებისას შეიძლება კბილები ბუდეს წამოედონ და გაართულონ/შეანელონ იარაღის ამოღება.

სურათზე არის ახალი ჩეხური ტაქტიკური/სამსახურეობრივი იარაღის CZ Duty-ის სტანდარტული სამიზნე მოწყობილობები.  ეს , როგორც ილუსტრაცია  სამიზნე მოწყობილობის არასწორი კონსტრუქციის მაგალითი .  ის პლასტმასისაა. უკანა მხარე არის ბასრი, რაც გამორიცხავს საკეტის იძულებით ჩაკეტვას ხელის დარტყმით. თუ რა თქმა არ გაცვიათ სქელი ხელთათმანები ან უკანასკნელი 10 წელი არ მუშაობდით თოხზე.

ჩემი აზრით სამიზნე მოწყობილობები სასურველია, რომ იყოს ტრიტიუმის რადიატორებით,  რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება ღამით ან ცუდი განათების პირობებში.  ”ფიბერ-ოპტიკური” მილებით აღჭურვილ ”მუშკა ცელიკებს” მე რეკომენდაციას ვერ მივცემ. გარდა ამისა ღამით ისინი, როგორც ჩვეულებრივი “რკინის” სამიზნე მოწყობილობები საერთოდ გამოუსადეგარები არიან.

ჩემი არჩევანი იქნებოდა ეს ან  ანალოგიური დაბალ პროფილიანი ღამის არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. სურათზეა Novak Low Profile Night Sights.

“მაგველი” (Magwell) ან თვისობრივად მასთან მიახლოებული ტარის ფორმა ჩემი აზრით არის სასურველი ოფცია. მოგეხსენებათ მაგველი, როგორც ცალკე დეტალი პირველად გაჩნდა პრაქტიკულ სროლაში და მისი დანიშნულებაა მჭიდის იარაღში სწრაფი და საიმედოთ მოთავსების უზრუნველყოფაა. მუშაობს იგივე პრინციპით რაც  ძაბრი.  დამატებით მაგველის არსებობა აადვილებს იარაღის გადატენვას სტრესის პირობებში ვინაიდან კუთხე, რომლითაც მჭიდი შეიძლება მოთავსდეს იარაღში უფრო დიდია. უმეტესობა თანამედროვე იარაღის ტარები ისეთი ფორმისაა, რომ მჭიდის გამოცვლა ადვილია მაგრამ არის გამონაკლისებიც, მაგალითად Steyr M9, რომლის ტარის ფორმის გამო სწრაფი მჭიდის მასში მოთავსება ძალიან გართულებულია. საპირისპირო მაგალითია Glock–ის პისტოლეტები, რომლსებსაც ჩემი აზრით სწრაფი მჭიდის გამოცვლისთვის ყველაზე მოსახერხებელი ტარის ფორმა აქვთ და “მაგველის” დაყენებას პრაქტიკულად არ საჭიროებენ.  ნებისმიერ შემთხვევაში “ტაქტიკური” მაგველი არის მარტივი დეტალი, რომელიც თითქმის არ ზრდის იარაღის გაბარიტებს და ამავე მნიშვნელოვნად აადვილებ მჭიდის გამოცვლას. მისი არსებობა საბრძოლო პისტოლეტზე ჩემი აზრით სასურველია.

ამ სურათიდან კარგად ჩანს სხვოაბა სტანდარტულ ტარს შორის, ტაქტიკურ და სპორტულ “მაგველებს” შორის. პირველი აშკარად მოუხერხებელია სწრაფი მჭიდის გამოცვლისთვის, მეორე ერთდროულად მოსახერხებელია და ამავე დროს არ ზრდის მნიშვნელოვნად გაბარიტებს, მესამე სუფთა სპორტული დანიშნულებისაა, ძალიან ეფექტური მაგრამ ძალიან გაბარიტული და მძიმე, რის გამოც მისი “პრაქტიკული” გამოყენება შეუძლებელია.

ვერაფერს ვერ ვიტყვი სასხლეტის ტიპზე, ტოპ კლაისის ძვირიან პისტოლეტის მოდელებზე ხშირად აყენია ქარხნული სპორტული (“მატჩ”) სასხლეტები, მისი რეგულირების ოფციებით. არჩევანი მომხმარებელზეა. რა თქმა უნდა სპორტული ტიპის სასხლეტები მოსახერხებელია ზუსტი სროლისთვის, მაგრამ რეალურ სბრძოლო/თავდაცვით სცენარებში ასეთი ტიპის სასხლეტს ალბათ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. პოლიციური და სამხედრო სტრუქტურები თავს არიდებენ ასეთ სასხლეტებს, ზედმეტად მსუბუქი სასხლეტი შარის რეცეპტია. ჩემი გამოცდილებით 15 მეტრამდე “თავდაცვითი” სროლისას არც თუ ისე “ცისფერსისხლიანი” Zastava CZ99 არაფრით არ ჩამორჩებოდა არისტოკრატიულ H&K USP Expert-ს საფირმო სპორტული სასხლეტით. ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით შემდეგია. სპორტული/რეგულირებადი/”მატჩ” სასხლეტი კარგი რამეა მაგრამ არა კრიტიკული მნიშვნელობის. ერთადერთ ელემენტს, რომელსაც მე ვისურვებდი იდეალურ საბრძოლო პისტოლეტზე და რაც  ყველა “მატჩ” პისტოლეტის ელემენტია,  ეს არის, Trigger Stop. დეტალი, რომელიც გამორიცხავს სასხლეტის ზედმეტ უკუსვლას. მას შეუძლია მიუხედავდ მისი ზომებისა სერიოზულად გაზარდოს სროლის შედეგები. მაგრამ ფრთხილად იყავით! მისი რეგულირებისას დარწმუნდით, რომ იარაღი ისვრის ორივე რეჟიმში, ერთმაგი და ორმაგი მოქმედების (თუ რა თქმა უნდა პისტოლეტს თავიდანვე გააჩნია ასეთი დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმი).

ორმაგ და ერთმაგ რეჟიმში სროლისას სასხლეტი სხვა და სხვა მანძილს გადის და ზოგი პისტოლეტის მოდელის შემთხვევაში თუ “ტრიგერ სტოპი” ზედმეტად გამოწეულია, ორმაგი/ერთმაგი მოქმედების დამრტყმელ სასხლეტიანი პისტოლეტი გახდება მხოლოდ ერთმაგი მოქმედების.

შევთანხმდეთ იმაზე, რომ სასხლეტი უნდა იყოს ადეკვატური. ანუ ერთგვაროვანი მთელი მისის სვლის მანძილზე. არ უნდა ქონდეს ზედმეტად გრძელი სვლა  და “ხრაშუნის” შეგრძნება. ყველაფერი დანარჩენი, რაგულირებები, მოდიფიკაციები და ასე შემდეგ მფლობელის სინდისზე იყოს :) .  მე ვერ ვიხსენებ იარაღს, რომელსაც ქონდა ჩემი აზრით საგანგაშოდ არაადეკვატური სასხლეტი. ისეთი, რომ პრობლემები შეექმნას სროლისას. ალბათ მარტო რუსული Mp446 Викинг–ი მახსენდება. რომელსაც მართლა გაურკვეველი სასხლეტი ქონდა. ასევე იშვიათად მსმემნია და წამიკითხვას სხვებისგან სტანდარტულ პისტოლეტებზე განსაკუთრებულად საშინელ სასხლეტებზე. არსებობს კიდე trigger job, ანუ სტანდარტული სასხლეტის მორგება პოლირება. უმეტეს პოპულარულ პისტოლეტზე ასეთი სამუშაოების დეტალური ინსტრუქციები ინტერნეტშია, მაგრამ თუ კარგად არ გესმით რას აკეთებთ, ჯობია იარაღს ხელი არ ახლოთ.

ანტიკოროზიული თვისებები და დაფარვები. პისტოლეტი უნდა იყოს დაფარული ისეთი ტიპის დაფარვით, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო დაცვას კოროზიისგან. ალბათ საუკეთესო, რაც დღეს არის ქარხნულ პისტოლეტებზე,  ტენიფერი და მისი ამერიკული ანალოგი მელონიტია (ორივე დაფარვა პრაქტიკულად იდენტურია, უბრალოდ განსხვავებული რეგულირებების გამო, აშშ–ში გამოიყენება სხვა ნივთიერებები თვისობრივად იგივე დაფარვის მისაღებად). ტენიფერიც და მელონიტიც არის პრინციპში არა დაფრავა არამედ ფოლადის ზედაპირის დამუშავების მეთოდიკა, რომლის შედეგადაც ფოლადის გარეშე ფენა ხდება განსაკუთრებული თვისებების მატარებელი, არ ექვემდებარება კოროზიას, ცვეთას და ხდება ძალიან მკვრივი. ასეთი დამუშავების შემდეგ რკინა იღებს ღია ნაცრისფერს და ამის მერე უკვე ხდება დამცავი/კოსმეტიკური შავი ფერის დატანა. ასეთი ტიპის დამუშავებით ფოლადი უფრო ძლიერ ანტიკოროზიულ თვისებებს იძენს ვიდრე უჟანგავი რკინა. ჩემი აზრით ქარხნულ დაფარვებში ეს ორი დაფარვის ტიპი ისევე, როგორც მეტ ნაკლებად Heckler&Koch-ის HE ტიპის დაფარვა არის საუკეთესო. საბრძოლო თავდაცვითი იარაღი უნდა იატნდეს ყველაზე აგრესიულ გარემოში ექსპლუატაციას. ის არ უნდა გამოდიოდეს მწყობრიდან ცუდ პირობებში ხანგრძლივი შენახვის შემდეგაც კი. ფოლადის დაცვის ეს მეთოდები ამას უზრუნველყოფენ.

ეტალონური ანტიკოროზიული თვისებების მაგალითი. Glock 21 მარილიან წყალში რამოდენიმე კვირიანი შენახვის შემდეგ. პირველ სურათზე ჟანგის ძირითადი წყარო არის არაქარხნული რკინის დამაბრუნებელი ღერძი. მეორე სურათზე არის ნაწილები ზეთიანი ტილოთი გაწმენდის შემდეგ.

იარაღის ბოლომდე დაშლის და აწყობის სიმარტივე. აბსოლუტურად ყველა თანამედროვე პისტოლეტი ადვილად იშლება წმენდისთვის, რაც კარგია. მაგრამ როდესაც საქმე ეხება ბოლომდე დაშლას უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებულ სიტუაციას ვღებულობთ. რატომ არის ბოლომდე ადვილი დაშლა ჩემთვის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენი იარაღი ჩავარდა ტალახში ან ქვიშაში. საჭიროა მექანიზმის ბოლომდე გამოწმენდა. როგორ? მხოლოდ და მხოლოდ იარაღის ბოლომდე დაშლით შესაძლებელი იქნება შეღწეული ჭუჭყის ამოღება. ან მაგალითად  საჭიროა მწყობრიდან გამოსული ნაწიილი ოპერატორის მიერ გამოცვლა. წარმოიდგინეთ, რომ ორივე შემთხვევაში მეიარაღე ან იარაღის ოსტატი მიუწვდომელია. ამიტომაც იდეალური საბრძოლო პისტოლეტი უნდა იშლებოდეს ბოლომდე შედარებით ადვილად, ისე რომ ეს გარკვეული წვალებით მაგრამ მაინც შეძლოს საშუალო სტატისტიკურმა ადამიანმა, სპეციფიური ცოდნის გარეშე. ეტალონი ამ მხრივ ისევ და ისევ Glock-ია. ის ბოლომდე იშლება ინსტრუმენტების გარეშე, მხოლოდ ერთი ლურსმნის დახმარებით. დეტალების მცირე რაოდენობა აქ სხვათაშორის გადამწყვეტი არ არის. მაგალითად P სერიის “ზიგ ზაუერები” ძალიან ადვილად იშლება ბოლომდე. ჩეხოსლოვაკიური Cz75 ასევე მეტ ნაკლებად ადვილად იშლება მაგრამ მისი აწყობისას  მაგრად იწვალებთ. Beretta 92-ის დაშლის სურვილი არ გამჩენია, ისევე როგორც უკიდურესად რთული H&K USP პისტოლეტების, მათი რთული კონსტრუქციის გამო. დავამატებ, რომ იარაღში არ უნდა იყოს დაშვებული საშუალება მისის არასწორი აწყობის. თუ დეტალი არ დგება სწორედ, ის არ დგება საერთოდ და იარაღი ვერ აიწყობა. ეს აქსიომაა.

მიუხედავად დეტალების რაოდენობისა, Sig Sauer-ის ბოლომდე დაშლა და აწყობა სიამოვენებაა (მას მერე რაც ერთხელ დაინახვათ ეს როგორ  უნდა მოხდეს სწორი თანმიმდევრობით). სურათზე ჩემს მიერ “გამოფატრული” Sig Sauer P226-ია.  ბოლომდე დაშლა საჭირო გახდა, იმიტომ რომ იარაღი იყო მნიშვნელოვნად დაბინძურებული.

რა არ არის მნიშვნელოვანი და რასაც ჩემი აზრით ანიჭებენ ყურადღებას, რომელსაც ის არ იმსახურებს.

მჭიდის დიდი ტევადობა. სტანდარტული ორ რიგიანი მჭიდების ტევადობა შეადგენს 15–18–20 ვაზნას. ჩემი აზრით ტევადობა არც ისე მნიშვნელოვანია. სანამ იარაღი ვარგისია სწრაფი გადატენვისთვის ხოლო თქვენ ფლობთ იარაღის გადატენვის ეფექტურ ტექნიკას, ჩათვალეთ რომ მჭიდებში რამდენი ვაზნაც გაქვთ იარაღიც მაგდენს იტევს.  ერთ რიგიანი თუ ორ რიგიანი მჭიდი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მოგცემდით რჩევას გაამახვილოთ ყურადღება იარაღში მჭიდის გამოცვლაზე ერთი ხელით.

რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. ჩემი აზრით სერთოდ არ არის აუცილებელი, იმ პირობით თუ ირაღზე აყენია შესაბამისად მორგებული არარეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები და პისტოლეტი მისროლილია. ჩემთვის ძნელია წარმოვიდგინო სცენარი, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს პისტოლეტის სამიზნე მოწყობილობაში შესწორებების შეტანა.  ზოგადად შესწორებების შეტანის მექანიზმი საჭიროა სხვა და სხვა მანძილებზე სასროლად. პისტოლეტისთვის ეს საჭირო არ არის. სპორტული პისტოლეტისთვის კი ბატონო, საბრძოლო პისტოლეტისთვის ეს, როგორც ვთვქი უბრალოდ არ არის საჭირო. გამონაკლისი ალბათ ტაქტიკური ჯგუფების პისტოლეტები, საიდანა შესაძლებელია საჭირო გახდეს ქირურგიული გასროლის განხორციელება, და ვაზნის ტიპის გამოცვლისას საჭიროა თუნდაც უმნიშვნელო ცვლილების კომპენსირება. დღეს ასევე არსებობს კარგი გამძლე საბრძოლო რეგულირებადი სამიზნე მოწყობილობები. არჩევანი ისევ და ისევ ოპერატორზეა დამოკიდებული.

ლულის სიგრძე. მე არ დავიწყებ ბალისტიკაზე საუბარს, ეს ცალკე განხილვის თემაა, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩემ პირადი/სამოყვარულო გამოცდილებაზე დაყრდნობით მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სუბკომპაქტური პისტოლეტიდან 100 მეტრზე დაშორებულ სამიზნეებზე ეფექტური სროლა შესაძლებელია. რა თქმა უნდა მაგალითად Heckler&Koch USP Elite-დან ასეთ მანძილზე სროლა უფრო მოსახერხებელი იქნება ვიდრე ვთქვათ Glock26-დან, მაგრამ ორივედან მაინც შესაძლებელია სამიზნის განადგურება.  ხოლო იმასაც გაგხსენებთ, რომ პისტოლეტის გამოყენება უმეტეს წილად ხდება სასაუბრო დისტანციებზე, 0–დან 5 მეტრამდე. ამიტომაც მე ჩემი პირადი პრეფერენციებიდან გამომდინარე უფრო ვიხრები კომპაქტური და სუბკომპაქტური პისტოლეტებისკენ ვიდრე ისეთ “მეგა–ბლასტერებისკენ” როგორებიცაა USP Elite, Glock 3 ან Sig X-six. იმ მანძილებზე რა მანძილებზეც ხდება პისტოლეტის გამოყენება მათ უბრალოდ არანაირი პრაქტიკული  უპირატესობა არ ექნებათ სტანდარტულ კომპაქტურ პისტოლეტებთან შედარებით.  იგივე არ შეიძლება ითქვას ბალისტიკაზე, ვინაიდან თუნდაც მეტი საწყისი სიჩქარე გრძელი ლულიდან უზრუნველყოფს თეორიულად ტყვიის უფრო საიმედო ექსპანსიას. მაგრამ ამავე დროს ტყვიაწამლის მწარმოებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებენ საიმედო ექსპანსიას მოკლელულიანი პისტოლეტებიდან სროლისას, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრითაც დღეს ეს საკითხიც გარკველ წილად უფრო თეორიული მნიშვნელობისაა ვიდრე პრაქტიკულის. რაც შეეხება შემცირებულ სამიზნე ხაზს, 15 და თუნადც 25 მეტრამდე ამით წარმოქმნილი სხვაობა სიზუსტეში იქნება უმნიშვნელო.

კონსტრუქციის სიმარტივე/დეტალების რაოდენობა. ეს წმიდა რუსული ან უფრო სწორედ საბჭოთა დოგმაა, რომლის მიხედვითაც სიმარტივე განაპირობებს საიმედოობას. მოგონილი იმისთვის, რომ გაამართლონ მორალურად მოძველებული იარაღის არსებობა მათ არსენალებში.  შეიძლება ზოგადად ამ გამოთქმაში არის გარკვეული წილი სიმართლის, მაგრამ პისტოლეტებს ეს ნაკლებად ეხება.  1986 წელს მასად აიუბი თვლიდა, რომ Heckler&Koch P7 არის ყველაზე საიმედო ავტომატური პისტოლეტი, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი კონკრეტული გასაქირავებელი პისტოლეტიდან მის სასწავლო ცენტრში 5 000 გასროლა იქნა განხორციელებული, სხვა და სხვა მსროლელების მიერ და თანაც წმენდის გარეშე. ეს ადასტურებს რომ რთული იარაღიც შეიძლება იყოს საიმედო, თუ ის სწორედ არის დაპროექტებული.

5000 გასროლა წმენდის გარეშე პისტოლეტიდან, რომლის მექანიზმი წააგავს საათისას და თანაც ის იყენებს ლულიდან აღებულ დენთის აირებს. ძველი საბჭოთა დოგმა ამ შემთხვევაში არ მუშაობს. სურათზე ნაწილობრივ დაშლილი H&K P7–ია.

გარდა ამისა პრაქტიკული თვალსაზრისით დეტალების რაოდენობას იმდენად არ აქვს მნიშვნელობა რამდენადაც დეტალების სიმარტივეს. მაგალითად ავიღოთ მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და მეორეს მხრივ მისი ჩეხოსლოვაკიური ანალოგი  Cz83. მაკაროვი შედგება სულ 23 დეტალისგან + მჭიდიდ, ჩეხური პისტოლეტი დაახლოებით 50 დეტალისგან. მაკაროვს არ აქვს არც ერთი ვინტი (გარდა ტარის ვინტისა) და არც ერთი შტიფტი. ერთის მხრივ მაკაროვი უპირატეს პოზიციაშია, მაგრამ მეორეს მხრივ აბა დაფიქრდით რა ექვემდებარება უფრო რემონტს, გატეხილი ჩახმახის შტიფტი “ჩეზეში” (დროებით შეიცვლება გადაჭრილი სქელი მავთულით ან ლურსმნით თუ მაკაროვის ჩახმახი მთლიანად, რომელსაც შეცვლას ვერ უპოვით ხოლო დამზადებაში ის საოცრად არატექნოლოგიურია? ან მაგალითად იგივე ჩახმახის ზამბარა, კლასიკური ფორმის “ჩეზეში”, რომელიც რაიმე სხვა ზამბარით შეიცვლება თუ მაკაროვის ზამბარა, რომელსაც ვერაფრით ვერ შეცვლით გარდა ისევ ახალი მაკაროვის ჩახმახის ზამბარისა?  ასე, რომ მხოლოდ დეტალების სიმცირე ჯერ არაფერს არ ნიშნავს.  თუ გინდათ გაანალიზოთ კონსტრუქცია კონკრეტული პისტოლეტის ცოტა უფრო შორს უნდა წახვიდეთ და ცოტა მეტი ცოდნა დაგჭირდებათ ვიდრე ასეთი ზედაპირული ანალიზი სურათებზე დაკვირვებით.

ჩემი აზრით უმეტესობა თანამედროვე პისტოლეტების არის ძალიან საიმედო, და ზედმეტად ბევრი ფიქრი დეტალებზე და შტიფტებზე, ჭანჭიკებზე და პოჭოჭიკებზე დროის უაზრო ხარჯვაა. გაცილებით უფრო  მნიშვნელოვანია ჩემი აზრით მაგალითად იარაღის ბოლომდე დაშლის სიადვილე, რომელზეც მე ზევით დავწერე.

დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის ტიპი ჩემი აზრით დამოკიდებულია ოპერატორის სურვილზე მხოლოდ. იქნება ეს პისტოლეტი ღიად განლაგებული ჩახმახით თუ დახურული დამრტყმელით, ორმაგი, ერთმაგი თუ მხოლოდ ორმაგი მოქმედების არის ოპერატორის ასარჩევი. ორმაგი მოქმედების იარაღში საჭიროა რომ ოპერატორმა იცოდეს პირველი გასროლის განხორციელება ორმაგ რეჟიმში, წინასწარ ჩახმახის შეყენების გარეშე, ამას ხშირად ბევრი “თავისუფალი მხატვარი” (მსროლელი ენტუზიასტი, რომელიც არ ან ვერ გადის მომზადებას კვალიფიციურ ინსტრუქტორთან) იგნორირებას უკეთებს. დახურულ დამრტყმელიანი პისტოლეტის, კონკრეტულად კი Glock–ის  ან Steyr-ის პისტოლეტები მე მომწონს იმიტომ, რომ პირველი გასროლიდან ბოლო გასროლამდე სასხლეტი ერთნაირად მუშაობს.  ჩემი აზრით უკანასკნელი ასევე უფრო დაცულია დაბინძურებისგან.

ეხლა სხვა აქსესუარებს რაც შეეხება. შეგნებულად არ დავიწყე ამ სტატიაში საუბარი ისეთ რამეებზე, როგორებიცაა მაგალითად ტარის პანელები და მათზე ჩამოსაცმელი რეზინის “წინდები”, ლაზერები, ფანრები და ასე შემდეგ. მათი დაყენება არ მოითხოვს ხელოსნის ჩარევას და შესაბამისად ეს უკვე ოპერატრის/მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის დამატებით/”პერიფერიულ” მოწყობილობებს დააყენებს ის თავის იარაღზე. ასევე აგმომდინარე იქიდან, რომ წარმოება იხვეწება და დეტალები დიდი სიზუსტით მზადდება, პისტოლეტში შეიძლება  პრაქტიკულად ნებისმიერი კომპონენტის გამოცვლა მორგების გარეშე, რაც ნიშნავს, რომ კომპეტენტური იარაღის ოსტატის ჩარევა საჭირო არ იქნება. შესაბამისად მომხმარებლის (რომლის ხელებიც სწორი ადგილიდან იზრდება) შესაძლებლობები ძალიან გაზრდილია. არც ისე დიდიხნის წინ მაგალითად პისტოლეტები დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაციის შეცვლის ოფციით საერთოდ არც არსებობდნენ. დღეს ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც მულტი–კალიბრები და პისტოლეტის თვისებების შეცვლა ინტერნეტიდან გამოწერილი ნაწილებით.

Heckler&Koch USP. მომხმარებელს მინიმალური ცოდნით შეუძლია თავად აირჩიოს დამრტყმელ–სასხლეტი მექანიზმის კონფიგურაცია (სულ 10 ვარიანტი).  სამწუხაროდ დანარჩენში ეს პისტოლეტი არ არის ასე მეგობრული მომხმარებლის მიმართ.

დაუბრუნდეთ 1970 წელს გამოშვებულ Smith&Wesson-ის პისტოლეტს, რომლის სურათითაც იწყება ეს სტატია. დიზაინის ავტორია ამერიკელი პერის ტეოდორი. ASP წარმოადგენს ,მძიმედ” მოდიფიცირებულ Smith&Wesson M39–ს. მოდიფიკაციების ტიპი განპირობებულია სურვილით შეიქმნას კომპაქტური დიდი საცეცხლე ძალის მქონე პისტოლეტი საუკეთესო ერგონომიკით.   მისი ფორმები გლუვია და ეს სპეციალური დამუშავების შედეგია. დააკვირდით მცველს, რომლის ფორმა ასევე გლუვია.  პისტოლეტი ასევე აღჭურვილია “ლექსანისგან” დამზადებული გამჭირვალე ტარის პანელებით, საიდანაც ჩანს მჭიდში დარჩენილი ვაზნების რაოდენობა. მაღალტექნოლოგიური დაფარვა Teflon-S, უზრუნველყოფს კარგ დაცვას კოროზიისგან და ამცირებს ხახუნის კოეფიციენტს. სასხლეტის დამცავი რკალი უზრუნველყოფს დამხმარე ხელის თითის მასზე მოთავსებას. ამ მხრივ ეს მგონი პირველი იარაღია ასეთი ოფციით. იარაღი გამოირჩევა დამზადების მაღალი ხარისხით და არის ძალიან კომპაქტური. ასევე ის აღჭურვილია Guttersnipe ტიპის სამიზნე მოწყობილობით, რომელიც არ იყენებს მუშკას. თავისი დროისთვის ეს იყო ძალიან ინოვაციური იარაღი და ბევრი რამ, რაც მასში გამოყენებულია დღეს გვხვდება საუკეთესო თანამედროვე  პისტოლეტებში ისევე როგორც იგივეს ასრულებენ იარაღის ოსტატები სპეციალური დაკვეთით. ეს ეხება გლუვ კუთხეებს და ერგონომიულ მართვის ორგანოებს, მაღალ ტექნოლოგიურ დაფარვებს, ინოვაციურ სამიზნე მოწყობილობებს და ასე შემდეგ.

მინდა დავამატო ის, რომ იქიდან, რაც მე ეხლა დავწერე სულაც არ გამომდინარეობს მაგალითად ის, რომ Beretta 92 არის ცუდი პისტოლეტი. მე მხოლოდ გავამახვილე ყურადღება იმაზე, რაც ჩემი აზრით, ერთობლიობაში არა თუ შექმნიდა არამედ იქნებოდა იდეალურ ან იდეალურთან მიახლოებულ საბრძოლო პისტოლეტის შემადგენელი ნაწილი ან თვისება. მაგრამ მხოლოდ ამაზე არ მთავრდება ეს საკითხი. რჩება კიდე მასალები, ლულის ტიპები, კალიბრები, ზომები და ასე შემდეგ. იდეალური პისტოლეტი რა თქმა უნდა ისეთივე ფიქციაა, როგორც იდეალური ავტომობილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომხმარებელს არ შეუძლია იპოვოს მისთვის იდეალური იარაღი. კონკრეტულად მე რაც მეხება, ჩემთვის იდეალური პისტოლეტი  ყოველთვის იქნება Glock-ი.



5 Responses to “როგორი შეიძლება იყოს იდეალური საბრძოლო პისტოლეტი?”

  1. DAP says:

    ლევან რაც შენ ბერეტა 92-ზე დაწერე მცველის ოზიციაზე,ეგ თუ სეიძლება მინუსი ვუწოდოთ ბრაზილიელებმა ტაურუს პტ-სერიებში გაითვალისწინეს!

  2. Shooter says:

    Berettas modelebicaa ramkaze mcvelit, magaalitad 92 Steel I

  3. dato says:

    გამარჯობა ლევან. პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაგიხადო ამ საიტის შექმნისთვის და ამხელა შრომის გაწევისთვის. მე ბევრი რამ ვისწავლე შენი საიტის დახმარებით.

    ეხლა რაც შეეხება კითხვას: მაინტერესებს შენი აზრი მეოთხე თაობის გლოკებზე. ფორუმებზე ხშირად იწერება gen 4–ის პრობლემაზე, კერძოდ ახალი ორმაგი ზამბარის დეფეკტზე. შენ რა აზრის ხარ ამაზე? პირადად თუ გქონია გამოცდის საშუალება, და თუ გქონია რა შთაბეჭდილება დატოვა შენზე?

  4. Gilgamesh says:

    გმადლობ საინტერესო სტატიისათვის.

  5. Shooter says:

    გამატჯობა, დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის.

    მეოთხე თაობას რაც შეეხება, თავიდან იყო პრობლემები, ზამბარას კონსტრუქციასთან და მერე პისტოლეტის რამკებთან. რამდენადაც ვიცი პრობლემა მოგვარებულია. ანუ ეს ყველაფერი იყო განპირობებული ახალი მოდელის სერიაში გაშვებით. ეს ნორმალურია, ასეთი რამეები ხდება თითქმის ყოველთვის, კომპანიები ჩქარობენ ახალი პროდუქციის გაშვებას და შემდგომი ექსპლუატაციის დროს იწყება პრობლემები მაგრამ მათ მალევე ასწორებენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია პრობლემები მოგვარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აქ არ შეიძლება მოხვდეს პრობლემური იარაღი. მე ეს დიდად არ მადარდებს, მე მესამე თაობის “ფანი” ვარ და არც მიფიქრია მეოთხე თაობისს გლოკის შეძენა.
    თუ სასურველი პისტოლეტის სერიულ ნომერს მომწერთ შევეცდები გავარკვიო არის თუ არა ეს პისტოლეტი იმ პრობლემური პარტიებიდან რაც თავდაპირველად გამოჩნდა გაყიდვაში.

დატოვეთ კომენტარი