Sig Sauer P226 მფლობელის თვალით

მოგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ მე გავხდი ამ პისტოლეტის (Sig Sauer P226) მფლობელი და შესაბამისად მინდა გაგიზიაროთ რამოდენიმე ჩემი შეხედულება ამ იარაღთან დაკავშირებით.

საკმაოდ ვრცელი ადრინდელი ჩემი სტატია ამ სერიის პისტოლეტებზე დიდიხანია დევს ინტერნეტში და ბლოგზეც, ამიტომაც რაიმე ახლის დამატება ტექნიკური მონაცემების ან ისტორიული ექსკურსის სახით იქნება საკმაოდ ძნელი. შესაძლებელია მხოლოდ კიდევ ერთხელ გავიაროთ ამ იარაღის სუსტი და ძლიერი მხარეები, ზოგადი შეფასებით და ლამაზი სურათებით შემოვიფარგლოთ.

როგორც უკვე ალბათ იცით P22X სერიის პისტოლეტების შექმნაში ლომის წილი ეკუთვნის შვეიცარიელებს. გერმანელების კონტრიბუცია პისტოლეტის კონსტრუქციაში არის ალბათ მხოლოდ ე.წ. ”დეკოკერი”, ანუ ჩახმახის უსაფრთხო დაწევის მექანიზმი, ცნობილი ჯერ კიდე Sauer 38-დან.  გამოჩენისთანავე იარაღი გახდა ძალიან პოპულარული, ერთ რიგიან 220-ს და 225-ს მოყვა ორ რიგინია 226 მოდელი და კომპაქტური 228, გაძლიერებული 229 მოდელი და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში P226 არის ”ფლაგმანური” მოდელი და გამოდის უამრავ მოიდიკაციაში და შესრულებით.

Sauer 38H (1938 წელი), ისრით არის ნაჩვენები ”დეკოკერი”, თუმცა ამ მოდელში ღილაკის გამოყენებით შესაძლებელი იყო ჩახმახის შეყენებაც და არა მარტო დაშვება.

P226 დღეს უკვე ალბათ არ შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე პისტოლეტად.  რატომ? რა ქმნის დღეს თანამედროვე 9მმ-ან სრული ზომის პისტოლეტს?  მსუბუქი მასა, პოლიმერის რესივერი, დაბალი ლულის ღერძი, მაღალი ტევადობის მჭიდი (17+), მოდულური კონსტრუქცია, შესაძლებლობა კონკრეტულ მსროლელზე მორგების (ტარის პანელების შეცვლით) და შედარებით დაბალი ფასი.  თუ მჭიდის ტევადობის პრობლემა ასე თუ ისე მოგვარებადია, დანარჩენში P226 უკვე ისე დამაჯერებლად აღარ გამოიყურება.  მაგრამ ფაქტი გახლავთ ისიც, რომ P226 არის Glock-ის შემდეგ ყველაზე გავრცელებული პისტოლეტი მსოფლიოში. გადაუმოწმებელი მონაცემებით სულ გაყიდულია დღმდე 2.5 მილიონი ერთეული, რაც ძალიან ბევრია. ამ სერიის პისტოლეტებს და კონკრეტულად P226-ს აქვს შესანიშნავი კარიერა შეიარაღებულ ძალებში და სხვა ძალოვან სტრუქტურებში, ისევე როგორც ”კერძო სექტორში”.  ძალიან ბევრი სერიოზული რეპუტაციის მქონე უწყება და დანაყოფი იყენებდა ამ პისტოლეტს ხანგრძლივი დროის მანძილზე, მათ შორის ტეხასის რეინჯერები, აშშ-ის საზღვაო ფლოტის სპეცდანიშნულების რაზმები, ბრიტანული SAS (უკანასკნელი ორი დღემდე იყენებს) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

ჩემი მეორე იარაღია Beretta 92FS. შესანიშნავი პისტოლეტი, ასევე P226-ის თანატოლი, ასევე ვერ ჯდება დღევანდელ მოდაში, რომელსაც მისდევენ პისტოლეტების მწარმოებლები, მაგრამ, ეს პისტოლეტია, რომელიც იმავე დროს თითქოს სპეციალურად ჩემთვის არის დამზადებული, რის გამოც მე მას ძველმოდურობას ადვილად ვპატიებ.  მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან მომწონს Beretta 92 და მისი დიდი ქომაგი ვარ, ამავე დროს ვათვითცნობიერებ, რომ მის დიზაინში არის გარკვეული ნაკლოვანებები. პირველი და უმნიშვნელოვანესი არის, დამცველის განლაგება საკეტზე.  მისი ძალაუნებურად ამოქმედება საკეტის მოძრაობისას საკმაოდ ადვილია.  გარდა იმისა ის იკავებს ადგილს საკეტზე და ამით ამცირებს ზედაპირის ფართობს, რომელსაც შეიძლება  იარაღის გადატენვისას “მოეჭიდო”. მიუხედავად იმისა, რომ საკეტის და ლულის დიზაინი უზრუნველყოფს საიმედო მიწოდებას, მაინც გაჭედვის შემთხვევაში, გართულებული იქნება საკეტის ხელით ამუშავება, ცხადია პრობლემა დამცველთან კიდევ უფრო იზრდება ასეთი სცენარისას.  დამატეით დამცველის ასეთი განლაგება იწვევს საკეტის კონსტრუქციის გადატვირთვას, პრობლემატური ხდება მისი დაშლა წმენდისთვის ან მომსახურებისათვის. გარკვეულ შეკითხვებს იწვევს ასევე ორ ნაწილად გაყოფილი დამრტყმელი, მბრუნავი ნაწილით, რომელიც მანდ იტალიელი კარაბინერების მოთხოვნით გაჩნდა.

ამ მხრივ ბერეტას თანატოლი P226 გარკვეულ უპირატესობებს სთავაზობს მსროლელს. საკეტი დიდია და ”სუფთა”, ადვილია იარაღის გადატენვა (speed reload, მჭიდის გამოცვლა და ჩაკეტილი საკეტის გათავისუფლება ხელით და არა პატარა ღილაკზე დაჭერით, ე.წ. sling shot მეთოდი).  იარაღს არ გააჩნია არავატომატური დამცველი, რაც კარგია (ჩემთვის), თუმცა ნემსა ჩაკეტილია სანამ არ მოხდება სასხლეტზე დაჭერა, ეს კი უზრუნველყოფს საჭირო უსაფრთხოების დონეს.  ჩემი აზრით მინუსია მხოლოდ საკეტის შემაკავებლის ღილაკის განლაგება, ის ბევრად უფრო უკან არის განლაგებული და ორი ხელით ჭერისას მას ხელი ეშლება მუშაობაში, რის გამოც ბოლო გასროლის შემდეგ საკეტი არ რჩება ღია. ლულის ღერძი მაღლა არის განლაგებული, რის გამოც უკუცემა საკმარისად ხისტია მაგრამ კარგი ბალანსის და ტარი ერგონომიკის გამო იარაღი მალევე ბრუნდება დამიზნების ხაზზე. ცხადია ისეთ პისტოლეტებს, როგორებიც არის Steyr M, Glock დაბალი ლულის ღერძის გამო ექნებათ გარკვეული უპირატესობა სწრაფი სროლისას, მაგრამ მსროლელსთა უმეტესობისთვის ეს უფრო ალბათ თეორიული საკითხია ვიდრე პრაქტიკული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ P226 შედარებით ადვილად იშლება ბოლომე, როგორც საკეტი ასევე რესივერი. საჭიროა მხოოდ ერთი ინსტრუმენტი შტიფტების ამოსაგდებად და ერთი სახრახნისიც, პირველი ცდის მერე, როდესაც გარკვევით რა რის მერე იშლება და იწყობა, სრულ დაშლას და აწყობას რამოდენიმე წუთი დაჭირდება. ეს საკმაოდ კარგი ”ოფციაა”, რომელსაც მე პატივს ვცემ, მითუმეტეს ”იმ ეპოქის” იარაღებში. ორი სიტყვით მინდა შევეხო სამიზნე მოწყობილობებს, სტანდარტული შესრულებით ასეთი სამზინე მოწყობილობები ძალიან გავს პოპულარულ და ეფექტურ “ექსპრეს” სამიზნეებს. უპირატესობა ჩემი აზრით არის მათი სწრაფი გამოყენება, ერთ ვიწრო ”კოლონად” აწყობილი (პრაქტიკულად ლათინურ i-ს გავს) ის სივიწროვის გამო ადვილად ხვდება თვალის ფოკუსში და ი-ზე წერტილის დასმით დამიზნება ძალიან ადვილია სწრაფად.  დანარჩენში P226-ის ერგონომიკა აბსოლუტურად მისაღებია. სერიოზული იარაღი, სერიოზული საქმეებისთვის. შთამბეჭდავი ბიოგრაფია ამას ადასტურებს.  თავისთავად ის ფაქტი, რომ რომელიღაცა სუპერ სპეც რაზმი რომელიმე იარაღს იყენებს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ის ფაქტი, რომ იარაღი ათწლეულების მანძილზე  სხვა და სხვა სამხედრო და პოლიციურ დანაყოფებში მსახურობს, ნიშნავს იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ის მუდმივად იხვეწებოდა და საბოლოო პროდუქტი, რომელშიც თქვენ იხდით ფულს არის ბოლომდე დაწვეწილი და მასში გამოვლენილია და გამოსწორებულია ყველა სისუსტე, ხარვეზი ან ნაკლოვანება.

კონსტრუქციულად ეს ჩემი კონკრეტული P226 არის ე.წ. ადრინდელი მოდელი. მისი საკეტი არის დამზადებული ”შტამპოვკით” და ელექტრო შედუღებით, ხოლო მის შიგნით არის მოთავსებული უკვე ფრეზირებით დამზადებული საკეტის ”გული”, რომელშიც განლაგებულია დამრტყმელი და ექსტრაქტორი.  ეს ნაწილი ფიქსირდება საკეტში ერთი ხვეული შტიფტით. დღეს ასეთი საკეტები აღარ გამოდის, ახალი ზიგების საკეტები მზადდება მხოლოდ ფრეზირების მეთოდით. ზიგის ადეფტები ირწმუნებიან, რომ პირველი მეთოდით დამზადებული საკეტები უფრო მუსუბუქია და იარაღს უკეთესი ბალანსი აქვს.  საერთოდ რომ გადახედოთ გერმანელების მიერ წარმოებულ ე.წ. ”ფოლკს პისტოლეტებს” მიხვდებით, რომ იმ საშინელ უშნო იარაღებთან გაცილებით უფრო მეტი აქვთ საერთო თანამედროვე პისტოლეტებს, ვიდრე ვთქვათ ”ძველი სკოლის” წარმომადგენლებთან, როგორებიცაა Сolt 1911, FN P35, Luger P08.  ”შტამპოვკა”, შედუღება, კომპოზიტური მასალები, შენადნობებისგან დამზადებული ძირითადო ნაწილები და დატვირთის ადგილებში ფოლადის ნაწილების ჩასმა, სწორედ მათ მერე დაიწყო ამ ელემენტების გამოყენება  პისტოლეტების (და არა მარტო)  კონსტრუირებისას.  ამ მხრივ ზიგ ზაუერის პისტოლეეტები ნამდვილად გამოირჩეოდნენ თავისი ტექნოლოგიურობით. ის რაც დაიზოგა მასალებში მთლიანად გამოყენებულ იქნა ხარისხის კონტროლში და მასალების არჩევაში.  სწორედ ამის გამო გაითქვეს სახელი ამ კომპანიის პისტოლეტებმა.  ცნობილი, როგორც უკიდურესად გამძლე და საიმედო, 226-ის და 228-ის მოდიფიკაციები  დღესაც ღირსეულ კონკურენციას უწევენ უახლეს მოდელებს და პერიოდულად იგებენ კონკურსებს და ტენდერებს. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ გაცილებით უფრო პოპულარულია 228-ის და 229-ის მოდიფიკაციები, ანუ უფრო კომპაქტური მოდელები.

დანარჩენში ჩემი P226 არის ტიპიური ”ექს პოლიციური” იარაღი, მიხვდებით ეს რასაც ნიშნავს თუ წაგიკითხვათ ჩემი სტატია საქართველოში იარაღის არჩევის თავისებურებებზე. ანუ რას ვგულისხმობ? ძალიან გაცვეთილი გარედან და დავარდნის ნიშნები (ჩემ შემთხვევაში სასხლეტი დამცავზე არის პატარა შეჭეჭყილობა). შიგნიდან იარაღი პრაქტიკულად ახალია (რის გამოც მე ის შევიძინე). მთლიანობაში ის წააგავს კარგად ნახმარ და მორგებულ საყვარელ ჯინსებს.   არანაირი გლამური, მხოლოდ კომფორტი და დადებითი ემოციები.

P226 დაყვანილი სრულყოფილებამდე, სპორტული მაღალი კლასის მოდელი Sig Sauer P226 X-Six

 

პს

“ტრადიციულად” ორი ლეგენდის ბერეტასი და ზიგ ზაუერის “ცოცხალი” შედარება ანუ სროლა - შეუძლებელია. 20 წლის დამოუკიდებლობამ ჯერ ვერ მოგვიტანა პატარა მაგრამ საჭირო ცვლილება არაეფექტურ კანონში იარაღის შესახებ. დაველოდოთ…..



4 Responses to “Sig Sauer P226 მფლობელის თვალით”

  1. giga says:

    gamarjoba levan,

    jer arasdros ar amomighia xveuli shtifti.rasac ukureb problema ar unda ikos.mainteresebs shen tu dagishlia saketi?
    aseve albat isic unda aghinishnos,rom p226 da p228-stvis gakidvashi aris gazrdili tevadobis mchidebi-17 da 15 shesabamisad.dzvel modelebs agretve ar gaachnia fanris an lazeris samagrebi,magram arsebobs dzalian kargi xarisxis adapterebi romlebic am problemasac ckvitaven.magalitad me mikenia Insight Technologis adapteri.

  2. Shooter says:

    amogheba adviilia, ubralod bolomde ar unda amoagdo. erti boloti rom adrches ramkashi isev ukan rom daabruno. mchidebs rac sheexeba mec-gars aqvs 17 vaznianebi beretastvisac da sigistvisac, da 20-ni mchidebic aris. samagrebs beretastvisac ushveben, magalitad CAA. am mxriv orive pistoleti absoluturad tanabaria.

  3. Gilgamesh says:

    მოგესალმები ბატონო ლევან!
    თუ შეგიძლიათ გაავლოთ პარალელები ამას და Cz99a შორის?
    თუ გქონიათ შეხება რათქმაუნდა …

  4. Shooter says:

    salam,

    99 პრაქტიკულად ზუსტი კოპიაა ზიგ ზაუერის. ცოტა უფრო მსხვილია და ერთი ღილაკით ნაკლები აქვს, ანუ დეკოკერი ერთდროულად სლაიდ სტოპის როლსაც ასრულებს. რაც მე მინახია ძალიან სუფთა ნამუშევარია და კარგად მუშაობს. საზღვარგარეთაც ძალიან აფასებენ. თან შეიძლება საკმაოდ იაფად იყიდო აქ. სხვოაბა იქნება ალბათ მარტო ბრენდში და უმნიშვნელო დეტალებში.

დატოვეთ კომენტარი