AR-15 ტესტირებისას ჩვენგან უმაღლეს შეფასებებს იღებს

 

მინდა შემოგთავაზოთ სტატია ცოტა უფრო უჩვეულ ფორმატში. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩაგვეტარებინა მოკლე ტესტირება ცნობილი ამერიკული „შავი შაშხანის“ ანუ AR-15 ტიპის იარაღის. უდაოდ ლეგენდარული იარაღი, რომელზეც ბევრი მითი და ლეგენდა არსებობს. ჩვენ შემთხვევაში რა თქმა უნდა ლაპარაკია სამოქალაქო კარაბინზე, რომელიც ხელმისაწვდომია დღეს საქართველოში, როგორც სამოქალაქო იარაღი. ხელმისწავდომია ცხადია ეს ძალიან პირობითი განმარტებაა. ვგულისხმობ იმას, რომ მოქალაქეს აქვს უფლება ის იქონიოს კერძო საკუთრებაში და ეს სულაც არ ნიშნავს რომ თბილისი იარაღის მაღაზიებში იყიდება AR-15-ები და თანაც ხელმისაწვდომ ფასად. ბოლო AR-15 მაღაზიაში მე ვნახე 8 წლის წინ მაღაზიაში. ასე რომ ასე ნამდვილად არ არის და მითუმეტეს შანსი ასეთი იარაღის შემოწმების არის ძალიან იშვიათი და არ არის ხელიდან გასაშვები.

არ დავიწყებ აქ AR-15 შექმნის ისტორიის მოყოლას, ეს ინფორმაცია ბევრისთვის ცნობილია, ხოლო ვისთვისაც ცნობილი არ არის მიმართეთ Google-ს და საკმარისზე მეტ ინფორმაციას მიიღებთ.  გავჩერდები, მხოლოდ რამოდენიმე ნაკლებად ცნობილ ფაქტზე, რომელიც ეხება ამ იარაღის  შექმნას და ევოლუციას.

რა გვაქვს ჩვენ. სამოქალაქო AR-15. როგორც სამოქალაქო A3 „თაობა“ მისი რესივერის ზედა ნაწილი აღჭურვილია უნივერსალური სამაგრით (მას ეძახიან flat top, ანუ ბრტყელი ზედაპირი), რაც საშუალებას იძლევა მასზე დაყენდეს ურიცხვი რაოდენობის ოპტიკური სამიზნეები და კონვენციონალური რკინის დასაკეცი ან ფიქსირებული სამიზნე მოწყობილობები. ჩვენ შემთხვევაში ეს არის Magpul MBUS Gen1 დასაკეცი უკანა სამიზნე მოწყობილობა. წინა სამიზნე მოწყობილობა ტრადიციულია, თუმცა გამოდის ბევრი მოდელი ბრტყელი დენთის აირების ბლოკით, რომელზეც შეიძლენა დაყენდეს ასვე დასაკეცი წინა სამიზნე მოწყობილობა.  უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ფორმისა ტრადიციული წინა სამიზნე მოწყობილობა არ შეუშლის ოპტიკას, ის ახლოს იქნება ოპტიკის ობიექტივთან და მისი  ფოკუსის გარეთ.

საინტერესოა, რომ AR-15 არის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, რომელიც ეკუთვნის კომპანია Colt-ს, მაგრამ ეს სახელი გამოიყენება ზოგადად ამ იარაღის ოჯახის წარმომადგენლების მიმართ და ჩვენ ასე დაუძახებთ ჩვენ კარაბინს.  რა არის AR-15-ის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანთვისებები რაც მას გამოარჩევენ:

მსუბუქი ალუმინის რესივერი, რომელიც არ იჟანგება

მოდულური დიზაინი რაც აადვილებს იარაღის მოდერნიზაციას, მოდიფიკაციას და სხვა და სხვა მოწყობილობეების და აქსესუარების დაყენებას.

სწორი კონდახი და ერთ ხაზზე განლაგებული მოძრავი ნაწილები რაც ამცირებს ლულის ხტომას.

მცირე კალიბრის ვაზნა, მსუბუქი სწრაფი ტყვიით

სინთეტიკური ტარი. კონდახი და წინა სახელური. არ რეაგირებს სინესტეზე და ძალიან გამძლეა და მსუბუქი.

დენთის აირების პირდაპირი სქემა, რაც ამცირებს მოძრავი დეტალების რაოდენობას და მათ მასას.

ბრტყელი რესივერის ზედა ნაწილი (A3), რომელიც უზრუნველყოფს სხვა და სხვა ოპტიკური სამიზნეების დაყენებას.

მოდულური დიზაინი და კონსტრუქციის თავისებურებები განაპირობებს უდიდეს არჩევანს სხვა და სხვა კალიბრებს შორის, რომლებშიც ამ ტიპის იარაღია ხელმისაწვდომი. პრაქტიკულად ქვედა მოდულზე (lower reciver), რომელიც მოიცავს კორპუსს დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმით, მჭიდის „შახტას“, ბუფერს და პისტოლეტის ტიპის ტარს, შეიძლება დაყენდეს ზედა მოდული (upper reciver), პრაქტიკულად ნებისმიერი კალიბრის და ლულის ზომის კონფიგურაციით. კალიბრები, რომელზეც გამოდის AR-15 მოიცავს მაგალითად .22LR, 9mm, .204 Ruger, 5.45×39, 6.5 Grendel, 6.8 SPC, 7.62×39, .450 Bushmaster, .458 SOCOM, .50 Beowulf, .50 BMG და ასე შემდეგ.

დიზაინის თავისებურება გახლავთ ის, რომ იარაღი ვერ იქნებოდა აღჭურვილი დასაკეცი კონდახით, სანაცვლოდ იარაღი აღჭურვილია ადვილად საცნობი ტელესკოპური კონდახით (ხელმისაწვდომია ჩვეულებრივი კონდახიც), რომელიც „ჩამოცმულია“ ბუფერზე და არის 6 პოზიციაინი. ჩვენ კარაბინზე დაყენებული კონდახი გამოშვებულია ისრაელში. კონდახის უკანა ნაწილში იქ სადაც საბჭოთა შაშხანებს აქვთ საწმენდი კომპლექტი ჩვენ AR-15-ს აქვს ადგილი სათადარიგო ელემენტებისათვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღზე დაყენებული ელექტრონული მოწყობილობებისათვის.

იარაღი აღჭურვილია ალუმინის მჭიდებით, რომლებიც ძალიან ძალიან მსუბუქია. ცხადია, მჭიდები განიხილებოდა ამ სისტემის სუსტ წერტილად, ზოგადად დაახლოებით 80% ყველა დაბრკოლებების ალბათ უკავშირდება მჭიდებს. მაგრამ მჭიდები იაფია, მათი გამოცვლა ადვილია და მათი ბოლო თაობა არის საკმარისად გამძლე და საიმედო. თავდაპირველად მჭიდი იყო 20 ვაზნიანი, შემდეგ იუჯინ სტოუნერს სპეციალურად სთხოვეს 30 ვაზნიანი მჭიდების შექმნა.

მთლიანობაში იარაღი არარეალურად მსუბუქია და წააგავს ალბათ პროფესიონალ მორბენალს სპრინტერს. მხოლოდ ძვლები და კუნთები, არაფერი ზედმეტი. თავის კლასში ეს კარაბინი დღესაც ყველაზე მსუბუქია.

სიზუსტე

სამწუხაროდ რთული სროლის პირობები და შეზღუდული დროის გამო ჩვენ ვერ შევძელით სრულყოფილად და ბოლომდე გვენახა ამ კონკრეტული იარაღის სიზუსტე სხვა და სხვა პოზიციებიდან სროლისას მაგრამ მიუხედავად ამისა პოტენციალი ნამდვილად გვაჩვენა. 100 მეტრზე წოლითი პოზიციიდან არასრულყოფილი განათების პირობებში, რკინის სამიზნე მოწყობილობების გამოყენებით საუკეთესო 5 გასროლიანმა ჯგუფმა შეადგინა 8სმ.  არც ისე ცუდია! კარგი ვაზნებით, კარგ პირობებში, კარგი ოპტიკით სანატრელი 3 სმ მიღწევა 100 მეტრზე  იქნება სავსებით რეალური. და ეს ირაღით, რომლის წონა 3კგ-ზე ნაკლებია ხოლო ლულის სიგრძე მხოლოდ 32სმ. ნასროლი იყო 60-მდე ვაზნა (მაპატიეთ მაგრამ ვაზნები ძვირი ღირს და რამდენის საშუალებაც გვაქვს იმდენს ვისვრით), მხოლოდ ერთი დაბრკოლება დაკავშირებული ვაზნის ამაალებელთან, რომელმაც არ გაისროლა.

რაც შეეხება ზოგადად ამ სისტემის სიზუსტეს. მინდა გითხრათ, რომ AR-15 სერიის იარაღი თავდაპირველად არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით.  მხოლოდ როდესაც გამოჩნდა 80-ნი წლების დასაწყისში A2 თაობა (სამხედრო და სამოქალაქო იარაღში), ამ სისტემამ გამოავლინა სიზუსტის სრული პოტენციალი და გახდა პრაქტიკულად სპორტული ზუსტი შაშხანა. M16A2 მოდიფიკაციაზე სამუშაოების ლომის წილი ეკუთვნის აშშ-ის არმიის ზუსტი სროლის გუნდს, რომელიც ბაზირებს ჯორჯიას შტატში ფორტ ბენინგში, კონკრეტულად კი ამ გუნდის მეთაურს ჯინ კლარკს, რომელსაც ეძახიან თანამედროვე ზუსტი AR-15 სისტემის იარაღის მამას. სწორედ ამ დანაყოფის სახელოსნოებში ხდებოდა თავდაპირველი დიზაინის დახვეწა, რამაც გახადა საბრძოლო შაშხანა პრეციზიულ მაღალი კლასის იარაღად, რომელმაც „დაძირა“ შეჯიბრებებში M14/M1A შაშხანები. გათვლილი, როგორც იარაღი „300 მეტრამდე“ კატეგორიაში, მძიმე ტყვიების გამოყენებით (77,80, 90 გრანი) იარაღი გადავიდა კატეგორიაში „600 მეტრი“.  A2 თაობას ბევრი სხვა ცვლილება მოყვა. გასქელდა ლულა (არა იმიტომ, რომ უფრო ზუსტი ყოფილიყო, უბრალოდ მას ხშირად ხმარობდნენ საყრდენად, რის გამოც მას ასევე ხშირად ღუნავდნენ), შეიცვალა სამიზნე მოწყობილობები, გამყარდა და შეიცვალა რიგი ელემენტების კონსტრუქცია. წონა გაიზარდა მხოლოდ 220 გრამით, მაგრამ ამ ცვლილებების შედეგად იარაღი გახდა ბევრად უფრო გამძლე და მოსახერხებელი.

რა შეიძლება კიდე ითქვას სროლაზე. როგორია უკუცემა? როდესაც მკითხეს როგორი უკუცემა აქვს., მე უპასუხე: სადაა უკუცემა რომ მასზე რამე ვთქვა? ყველაზე საოცარი კი არის როგორ იქცევა იარაღი სწრაფი სროლისას. მოძრავი ნაწილების დაბალი მასა და იარაღის სქემა სადაც კონდახი და მოძრავი ნაწილები ერთ ხაზზეა განლაგებული განაპირობებს იმას, რომ ლულა არ დახტის ზევით სროლის დროს. ეს არის ყველაზე უცნაური გრძნობა, რომელიც მე გამიცდია იარაღის სროლისას. ისვრი სწრაფად და ლულა ერთ ადგილას დგას. საოცარი გრძნობაა. ვიდეო რგოლებმა დაადასტურეს, რომ მიუხედავათ  სროლის სწრაფი ტემპისა ლულა პრაქტიკულად უძრავია. სწრაფი სროლა ადვილია, ეფექტურია და ძალიან სასიამოვნო. ყოველი ჩვენთაგანი აღრთოვანებული იყო იარაღის ამ თვისებით და მისი კონტროლირებადობით სწრაფი სროლის დროს. ასეთი ეფექტურობის მიღწევა კალაშნიკოვით არის უბრალოდ არარეალური. ბოლო დროს „მოდაში“ შემოვიდა დგუშიანი დენთის აირების სისტემის გამოყენება AR-15-ში. არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნული კომპლექტები შეძენილ იქნა საქართველოშიც. ეს არის არ არსებული პრობლემის იდეალური მოგვარება. აღნიშნული სისტემის დაყენება ამძიმებს იარაღს და ცვლის იარაღის ქცევას სროლისას. აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ამ სისტემაზე უარი თქვეს, სხვაგან სადაც ეს სისტემა შეიარაღებაშია არავის არც განუხილავს ასეთი მოდიფიკაციების ჩატრება. ჩვენთან კვლავ გრძელდება ველოსიპედის გამოგონების მცდელობები და მუქთა ფულის ხარჯვა. სიმართლე არის მარტივი გასაგებათ.  AR-15 საჭიროებს მომსახურებას და ეს მომსახურება მარტო წმენდას არ გულისხმობს, ეს ასევე გულისხმობს მდგომარეობის კონტროლს და ნაწილების დროულ გამოცვლას.

AR-15 ორ ძირითად ნაწილად იშლება აქიდან ზედა ნაწილი არის ყველაზე ძვირად ღირებული, მანდ შედის საკეტის ჯგუფი, ლულა, დენთის აირის სისტემა და ლულა. აზრი ამის გამოცვლის? ხომ არ ჯობია უბრალოდ ვისწავლოთ იარაღის სწორი მოვლა და დროული მომსახურება?  და დავიწყოთ იმით მაგალითად, რომ არ დაუტეხავთ კარაბინებს დენთის აირების მილებს, მათი გაწმენდის მცდელობისას მაშინ როდესაც ცნობილია, რომ ეს ნაწილი არ საჭიროებს წმენდას მთელი მისი საექსპლუატაციო ვადის დროს. ამბობენ, რომ AR-15 რთული იარაღია. ვერ დაგეთანხმებით. ის ძალიან მარტივია, ტექნოლოგიურია და საოცრად ეფექტური დიზაინი აქვს. ჩემი აზრით უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ AR-15-ის ოპერატორმა კარგად იცოდეს დენთის აირების პირდაპირი სისტემის მუშაობის პრინციპები და მაგალითად კარგად ესმოდეს, რომ როდესაც ხეხვისას ის ამოაცლის საკეტს დენთის აირების რგოლებს (gas rings) მისი იარაღი მწყობრიდან გამოვა.

ითვლება, რომ AR-15-მა რევოლუცია მოახდინა საიერიშო შაშხანებში, იმით, რომ იყო მსუბუქი, ტექნოლოგიური და ეფექტური იარაღი. ამჯერად ამ კონკრეტულმა AR-15-მა რევოლუცია მოახდინა უკვე ჩემ აზროვნებაში. ძალიან მაღალფარდოვნულად ჟღერს მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. საქმე იმაშია, რომ ბოლო 9 წელი ჩემთვის ხელმისაწვდომი იყო მეტ წილად კალაშნიკოვის სისტემის იარაღები. სხვა და სხვა საიგები და ვეპრები ასევე სხვა თვითდამტენი სისტემები, როგორებიცაა СКС, СВТ40, СВД (Тигр). მე მივეჩვიე ამ სისტემებს, მათ ერგონომიკას უფრო სწორედ მის არ არსებობას. მე ვთვლიდი, რომ 5.45 კალიბრის რუსული ვეპრი იყო საუკეთესო თვითდამტენი შაშხანა, რომელიც მე ოდესმე მქონია. ამის მერე ჩემთვის სროლა AR-15-დან იყო ნამდვილი შოკი. მარტივი შედარება რომ გამოვიყენო, იგივეა რომ გადაჯდე რუსული ჟიგულიდან C კლასის მერსედესში. ავხსნი. პირველ რიგში როგორც უკვე ვთქვი – მასა. AR-15 არის ბუმბულივით მსუბუქი. ხელში ის აღითქმება, როგორც პლასტმასის სათამაშო. მესმის რატომ უყურებენ მას ასე ირონიულად „კალაშაზე“ გაზრდილი მსროლელები. ის ძალიან კომპაქტურია. ის არ გღლის. ერგონომიკა საუკეთესო არის. ის არ ტოვებს უროს შთაბეწდილებას, რომლითაც შეიძლება გაანგრიო კედელი ან მოწინააღმდეგეს ტავი მაგრამ ფაქტია, რომ AR-15  მუშაობს, ის არის ძალიან, ძალიან ზუსტი. ის არის მარტივი და საიმედო. დიახ დიახ მარტივი და საიმედო. არაფერი ზედმეტად რთული ამ იარაღში არ არის. კონსტრუქცია ადვილად იშლება და იწმინდება.

AR-15-ის დაშლილი საკეტი. ბევრად უფრო ადვილად იშლება ვიდრე იგივე დეტალი კალაშნიკოვის სისტემის ავტომატში

AR-15 საჭიროებს მიჩვევას, სპეციფიურ ჩვევებს მაგრამ კარგ რამეებს ადვილად ეჩვევი. ძალიან ადვილად. ცოტახანში ყველა მანიპულაცია იარაღთან ხდება ბუნებრივი და მარტივი. მე ვისვრი მარცხენა მხრიდან და პრინციპში ეს გარკვეულ პრობლემებს მიქმნის დამცველის და საკეტის შემაკავებლის ღილაკთან ოპერირებისას. ხელმისაწვდომია ორმხრივი დამცველები და პრობლემა მცირდება მოცულობაში. კომპანია Stag Arms უშვებს მოდელებს ცაციებისთვის, სადაც მასრების ექსტრაქციაც გადატანილია მარცხენა მხარეს. მიჩვევას საჭიროებს მჭიდის მოთავსებაც, ხანმოკლე გავარჯიშება და მჭიდი უკვე თავსდება თავის ადგილას მარტივად და სწრაფად. მიუხედავად აღნიშნული თავისებურებებისა ამ მხრივ კალაშნიკოვის სისტემასთან შედარება არც შეიძლება. უბრალოდ არ იქნება სამართლიანი.

ცაციებისთვის არის მოგონილი ამრეკლი /დეფლექტორი (ნაჩვენებია წითელი ისრით), რომელიც იარაღის ზედა რესივერის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. მასრები მას ხვდება და ირეკლება, რაც გამორიცხავს მათ სახეში მოხვედრისას. გარწმუნებთ, რომ ეს ამრეკლი მუშაობს.  მიაქციეთ ყურადღება სპილენძის ნადებს ამ დეტალზე, რომელსაც არეკლილი მასრები ტოვებენ.

რა შეიძლება დამატებით ითქვას ამ იარაღზე. ყველაფრის მერე მე კვლავ ვრჩები ჩემ აზრზე, რომ ამ იარაღის მიღება შეიარაღებაზე საქართველოში იყო დიდი და ძვირად ღირებული შეცდომა. როგორც ჩანს ეს იარაღი ვერასდროს  ვერ მიაღწევს სრულყოფილ ოპერაციულ მზადყოფნას. ის საჭიროებს იმას რაც საქართველოში არის იშვიათობა. ეს არის პედანტურობა და დისციპლინა. მომსახურება უნდა ჩატარდეს რეგულარულად,  წმენდა საფუძვლიანად, სწორედ და ასევე რეგულარულად. საჭიროა სპეციალური ზეთები და საწმენდი საშუალებები.

ასე გამოიყურება ტიპიური AR15 (ამ შემთხვევაში Bushmaster XM15-E2S)  წმენდის წინ.  რამე ზედმეტად რთული და გაუგებარი გეჩვენებათ? მე არა.

გარკვეული კითხვები რჩება იმასთან დაკავშირებით თუ რა სტანდარტით არის დამზადებული ეს კარაბინები. მოგეხსენებათ არსებობს სპეციალური სამხედრო სტანდარტი, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს სტანდარტული საბრძოლო შაშხანისთვის და კარაბინისთვის, თუ არ ვცდები ეს არის 48 ფურცლიანი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს იარაღის ყველა დეტალის სპეციფიკაციას. რატომ არის ეს სტანდარტი შემოღებული? ეს სტანდარტი უზრუნველყოფს სტაბილურ ხარისხის, როგორც დამზადების ასევე გამოყენებული მასალების. უზრუნველყოფს, რომ იარაღი სტაბილურად იმუშავებს სამხედრო ნაწილებში, რომლებიც განლაგებულია ჰავაის კუნძულებზე და ალასკაში. კომპანია Bushmaster უდაოდ არის სერიოზული მწარმოებელი და უდაოდ შესანიშნავ იარაღს უშვებს, მაგრამ ცნობილია, რომ მწარმოებლებს აქვთ საკუთარი პროდუქციის გრადაცია ხარისხის მიხედვით (დიახ ეს ნამდვილად ასეა). უფრო დაბალი ხარისხით დამზადებული იარაღი უფრო იაფი ღირს უფრო მაღალი ხარსხით უფრო მეტი, სავარაუდოთ სამხედრო სტანდარტის AR-15 (M4/M16) ყველაზე ძვირი იქნება (თუ არ ჩავთვლით ტოპ კლასის სამოქალაქო მოდელებს). რა ვიყიდეთ ჩვენ? როგორ მოხდა პარტიების მიღება? მოხდა თუ არა პარტიების შემოწმება უცნობია. დიდი ალბათობით არც მომხდარა. ასეა თუ ისე მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელ გამოცდილ ოპერატორებს აქვთ დადებითი შეფასებები ამ იარაღზე, უმეტესობა შეფასებების არის მაინც ნეგატიური.

ინდივიდუალურ დონეზე იარაღს ეპყრობიან, როგორც წესი კარგად, სამხედრო ნაწილის დონეზე, როგორც წესი ცუდათ. ეს არის რეალობა.  არ შეიძლება არევა იარაღის წმენდის და მომსახურების. არა და ორივე პირდაპირ მოქმედებს იარაღის საიმედო ფუნქციონირებაზე.  გინახიათ ჩვენ რეზერვში რა ავტომატები აქვთ? მიხაილ კალაშნიკოვს ცუდ სიზმარშიც არ დაესიზმრებოდა ასეთი ექსპლუატაციის პირობები.  და იქ კალაშნიკოვები ჭედავენ. მანდ ეს ჩვეულებრივი ამბავია. რა დღეში იქება AR15 ბევრად უფრო მომთხოვნი მომსახურების და წმენდის მიმართ,  არ არის ძნელი წარმოსადგენი.  ჯარში იარაღის ექსპლუატაცია ხდება მანამდე სანამ რაღაცა არ გატყდება და გაფუჭდება, მანამ სანამ იარაღი საერთოდ არ შეწყვიტავს მუშაობას. ასეთ პირობებში AR15 ტიპის იარაღის ”პარკის” შესაბამის ტექნიკურ დონეზე შენარჩუნება ხდება თითქმის შეუძლებელი.  რეზერვი და ჯარი განსხვავებული რამეებია მეტყვით თქვენ. მე კიდე გეტყვით რომ დიდი სხვაობა არ არის.  ჩემი ინფრომაციით ჯარში უბრალოდ არ არიან არც სპეციალიტები და არც ტექნიკური საშუალებები, რომლის საშუალებითაც  მოხდება იარაღის დიაგნოსტირება და მისი ზუსტი ტექნიკური მდგომარეობის დადგენა ისევე, როგორც მომსახურების რეგლამენტირება და დროული ჩატარება.  ჯარისკაცებმა და ოფიცრებმა არ იციან რა პრინციპებით მუშაობს მათი იარაღი, რა არის დაბრკოლებების მიზეზები კონკრეტულ სისტემებში და რა გააკეთონ სროლის დროს დაბრკოლებისას.

საუკეთესო გამოსავალი ნატოს სტანდარტებზე გადასვლისას (ნატოშიც შესვლა, როგორც ჩანს უკვე დღის წესრიგშიც არც დგას) იქნებოდა 5.56 კალიბრზე კალაშნიკოვის სისტემის რომელიმე დერივატის არჩევა. ისრაელის გალილი ან ბულგარული წარმოების კალაშნიკოვის კლონი ან ფინური ვალმეტის ბაზაზე შექმნილი. ეს იქნებოდა ყველაზე იაფი და ეფექტური გზა ნატოს სტანდარტებზე გადასვლის. მაგრამ პიარის მხრივ წამგებიანი, ვინ გაარჩევს ეხლა კალაშნიკოვს და კალაშნიკოვს პარადზე? ცხადია ნატოს სტანდარტები არ ეხება მარტო კალიბრს, მაგრამ როდესაც ლაპარაკია პატარა, მაგრამ მაინც მთლიანად ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ძირითადი ცეცხლსასროლი იარაღით მომარაგებაზე, ბევრი კომპანია არ დაიხევს უკან და დააკმაყოფილებს სპეციფიურ მოთხოვნებს.

მიუხედავად ყველა მითქმა მოთქმისა M16 და M4 რჩება მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში. დიზაინის ეფექტურობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ეს სისტემა არის ყველაზე ხანგრძლივი დრო აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში, უკვე დაახლოებით 40 წელი. შედარებისთვის სპრინგფილდის 1903 წლის მოდელი მსახურობდა 37 წელი, M1 გარანდი 22 წელი ხოლო M14 რომელიც მან შეცვალა მხოლოდ 11 წელი. არაფერს ვიტყვი სამოქალაქო ბაზარზე. ეს  რაღაცაზე და მეტყველებს.

რა შეიძლება ურჩიოთ AR-15-ის ოპერატორებს?

იარაღის მომსახურება უნდა ჩატარდეს ყოველი 5 000 გასროლის შემდეგ. პროფილაქტიკის მიზნით 5000 გასროლის შემდეგ იცვლება ექსტრაქტორი, მისი ზამბარა, მისივე შტიფტი, 0 ფორმის რეზინის რგოლი, რომელიც ექსტრაქტორის ზამბარაზეა მოთავსებული, დენთის აირების რგოლები. 15 000 გასროლაზე იცვლება ბუფერის ზამბარა. ყველა იარაღი უნდა შემოწმდეს უშუალოდ ნაწილის წინა ხაზზე გამგზავრებამდე. ყველა ეს ნაწილი ყენდება პირდაპირ ოპერატორის მიერ, არ საჭიროებს სპეციალურ ან რთულ ინსტრუმენტებს ისევე, როგორც არ საჭიროებს მორგებას.  კიდევ ერთი ნიშანი ეფექტური და რაციონალური დიზაინის.

ამ სურათზე კარგად ჩანს ორი ტიპის ექსტრაქტორის ზამბარა, ქვედა არის ე.წ. მილ სპეკი, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის AR-15-ის საიმედოობას.

ყველა მჭიდი უნდა იყოს დანომრილი და მიწერილი კონკრეტულ მებრძოლზე/ოპერატორზე რომელიც მას ხმარობს. დეფექტური მჭიდები ეგრევე ამოიღება ექსპლუატაციიდან და გამოიყენება საჭიროების მიხედვით საწვრთნელი მიზნებით, რომ ოპერატორმა ისწავლოს დაბრკოლებების აღმოფხვრა და იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში სწრაფი დაბრუნება.

თითო იარაღზე უნდა იყოს აღრიცხვის წიგნი, სადაც ჩაიწერება ნასროლი ვაზნების რაოდენობა და ინფორმაცია ყველა მომსახურებაზე, დაბრკოლებაზე და გამოცვლილ ნაწილებზე.

წვრთნის და მომზადების პროგრამაში უნდა იყოს შეყვანილი თეორიული კურსი, რომელიც აუხსნის ოპერატორს AR-15-ის სისტემის მუშაობის პრინციპებს. სწორ წმენდას, მოვლას და მოსმახურებას. პრაქტიკული კურსი, რომელიც აუხსნის ოპერატორს ტიპიური პრობლემების და სროლისას დაბრკოლებების მიზეზებს და მათ სწრაფ აღმოფხვრას. მიზანი: ოპერატორმა უნდა იცოდეს როგორ მუშაობს მისი იარაღი.

უნდა არსებობდნენ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც უზრუნველყოფენ არსენალში მყოფი კარაბინების/შაშხანების „პარკის“ მონიტორინგს და შემოწმებას.

რა თქმა უნდა უნდა არსებობდნენ ადეკვატურად მომზადებული პროფესიონალი იარაღის ხელოსნები, სპეციალურად მომზადებულები შეიარაღებაში მყოფი იარაღის მოდელების მომსახურებისთვის და რემონტისთვის.

თუ ყველაფერი ეს მაგალითისთვის შესრულდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ლაპარაკი არასაკმარისად საიმედო M4-ბზე სავარაუდოთ შეწყდება.

სტატიის მომზადებისას გამოყენებული დამატებითი წყაროები:

The M16A2. Final Verdict. By Peter Kokalis. Soldier of Fortune. 1985

The Big Myth: Fouling caused by the direct impingement gas system makes the M4/M4A1 carbine unreliable. By Mike Panone. Rifles and Carbines. 2010

M4/M4A1 carbine reliability issues. By Mike Panone. Rifles and Carbines. 2008

The filthy 14. By Patrick Rogers. SWAT magazine. October. 2010

 

ps სტატიის გაგრძელება მალევე გამოქვეყნდება.



4 Responses to “AR-15 ტესტირებისას ჩვენგან უმაღლეს შეფასებებს იღებს”

  1. Gilgamesh says:

    სასიამოვნო წასაკითხი იყო და ანალიზიც შესაბამისი.
    სრულად ვეთანხმები ავტორს დაკვირვება-დასკვნაში!
    ასე განაგრძეთ!

  2. longbowman says:

    სამწუხაროდ საქართველოს ჯარში და რეზერვში იარაღი უნდა იყოს შტერგამძლე. ამაზე შეიძლება ბევრმა მისაყვედუროს, არაპატრიოტობა დამწამოს მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილად ესეა. იარაღის მოვლის კულტურა საერთოდ არ არსებობს.
    თუმცა იმ პირობებში რა პრიობებშიც შეიძლება მოგვიწიოს ომი (ანუ ყოველგვარი ლოჯისტიკის მოშლის პირობებში, ნაირნაირი ტყვიებით, ხელოსნების და მომსახურების გარეშე) ვინძლო არ იყოს ეფექტური გადაწყვეტილება მ4 და მისთანები.

  3. შოთა says:

    1-წონა – წონა AK-74–ს იგივე აქვს.
    2–ტარებისას AK-74 იმაზე მეტად არა ღლის რამდენადაც M-4 ღლის.
    3–AK-74–ს უფრო ნაკლები უკუცემა აქვს ვიდრე ემშოს.
    4–ჯერებით სროლისას AK-74–ი მაღლა კი არა დაბლა მიდის–ისწავლეთ ბოლო ბოლო სად რა როდის ხდება,ამოდით სტერეოტიპებიდან.
    5–ერგონომიკა – ამიხსენი რა არის და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და მერე ვისაუბროთ რომელს რა ერგონომიკა აქვს, სიმართლე კიდევ ისაა რომ სახმარად ემშო უფრო რთულია და უაზრო მანიპულაციებს ითხოვს მებრძოლისგან და საშუალო სტატისტიკური მებრძოლი მისი ხმარებისას სტრესის დროს ხშირად იბნევა ამ უაზრო მანიპულაციებისგან.
    6–მექანიზმი – გაცილებით რთულია, საკეტის სირთულე თითიდანაა გამოწოვილი და საბავშვო ზღაპარია, AK-74–ის საკეტი არ იშლება, წესდებით მებრძოლს ეკრძალება მისი დაშლა, ასე რომ ემშოს ეგ საკეტი კიდევ მეტი უაზრო სირთულეა და მეტი არაფერი, გასაწმენდა ემშო არის მარაზმი, დასაშლელად შპონკების გამოსაყრელად სპეციალურ ხელსაწყოს მოითხოვს, ან კიდევ ტყვიის თავით უნდა იცალიჩო.
    7–საიმედოობა კიდევ ემშოს ასი წელი არც დაესიზმრება AK-74–ის საიმედოობა.

    ასე რომ ავტორის აღფრთოვანებული ფრაზები “ბუმბულია”, “სასწაულია”, “უზუსტესია” – ცოტა არ იყოს არასერიოზულად ჟღერს.

დატოვეთ კომენტარი