“სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან

sf

სამხრეთ აფრიკაზე, კონკრეტულად კი მის შეიარაღებულ ძალებზე და სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიაზე საკმაოდ ცოტა რამ არის ცნობილი.  არა და ამ თვალსაზრისით ეს ძალიან საინტერესო ქვეყანაა, როგორც შესწავლის ობიექტი. თავისი შედარებით მოკლე ისტორიის განმავლობაში სამხრეთ აფრიკა ცხოვრობს მუდმივი სამხედრო კონფლიქტების რეჟიმში  (ისევე როგორც საქართველო), და ამ პერიოდის განმავლობაში ჩამოაყალიბა ძლიერი შეიარაღებული  ძალები და მძლავრი სამხედრო სამრეწველო კომპლექსი (განსხვავებით საქართველოსგან).  სამხრეთ აფრიკის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უშვებს პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას, დაწყებული მსუბუქი ცეცხლსასროლი ირაღიდან და დამთავრებული საბრძოლო-მოიერეშე ვერტმფრენებით. მარტივ შეკითხვას უპასუხეთ: რამდენ ქვეყანას შეუძლია დამოუკიდებლად გამოუშვას სრულფასოვანი საბრძოლო მოიერიშე ვერტმფრენი? ასეთ ქვეყნებს ერთი ხელის თითებზე ჩამოთვლით, მათგან რუსეთი უკვე 25 წელიწადზე მეტი წვალობს და დღემდე 40 წლის წინ შექმნილ МИ24-ს შემცვლელი ვერ მოუგონა. მთელი ევროპა გაერთიანდა და თუ არ ჩავთვლით მსუბუქ იტალიურ „მანგუსტს“, ნელ ნელა დიდი პრობლემებით შეყავს მწყობრში ევროკოპტერი “Tiger”. ამასობაში, ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე სამხრეთ აფრიკამ დამოუკიდებლად შექმნა სრულყოფილი საბრძოლო ვერტმფრენი AH-2 Rooivalk. რა თქმა უნდა უჩვეულო მდგომარეობა, სპეციფიური ლანდშაფტი და არაკონვენციონალური საბრძოლო მოქმედებების ხასიათი განაპირობებს უნიკალურ მოთხოვნებს იარაღის და აღჭურვილობის მიმართ. შესაბამისად სამხრეთ აფრიკას გააჩნია რამოდენიმე მართლაც რომ უნიკლაური და პიონერული იარაღის ტიპი. მაგალითად ჯავშანმანქანები, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქების შემდეგ 1-2 საათში ბრუნდებიან მწყობრში, თვითმავალი საარტილერიო სისტემა G6, კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ყველაზე უჩვეულო მოდიფიკაცია CR21 და ასე შემდეგ. ამ სტატიაში კი ლაპარაკი წავა იარაღზე, რომელიც არ არის პიონერული, ვინაიდან ეს „შაშხანა“ იმეორებს ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებულ გერმანულ ტანკსაწაინააღმდეგო შაშხანას 13მმ-ნი Tankgewehr 1918, მაგრამ NTW-20  ნამდვილად უნიკალურია რიგი გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც დაწვრილებით განვიხილივათ. 

 eettr

პირველი თავის კლასში, გერმანული Tankgewehr 1918. ცნობილი იმით რომ სროლისას იწვევდა ძვლების მოტეხილობებს და მხრის ამოგდებას.

სამხრეთ აფრიკული 20მმ-ნი  ხელის ქვემეხი წარმოადგენს საკმაოდ იშვიათი კლასის იარაღს. კონცეფცია, რომლითაც ის შეიქმნა არის იგივე რომლის მიხედვითაც იქმნება მსხვილკალიბრიანი .50 კალიბრის შაშხანები. აქ უნდა ავღნიშნო, რომ  მიუხედავად სხვა და სხვა მითქმა მოთქმისა, ამ იარაღის დანიშნულების შესახებ შესანიშნავად გამოთქვა აზრი ყველასთვის ცნობილმა გურუმ ჯეფ კუპერმა: არის მიზეზი მსხვილკალიბრიანი ხელით გადასატანი შაშხანის არსებობის, და ეს მიზეზია მექანიკური აღჭურვილობის განადგურება საშუალო მანძილებზე.   .50 კალიბრის და ზევით შაშხანების სამიზნეებში შედის ტრადიციულად სხვა და სხვა მნიშვნელოვანი და ფაქიზი ტექნიკა, რადიო-ლოკაციური სადგურის ანტენები, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, საავიაციო ტექნიკა განლაგებული მიწაზე, რთული შეიარაღების სიტემები, და ასე შემდეგ. მოწინააღმდეგის ცალკეული ქვეითი მებრძოლი არასდროს არ იყო „ბარეტისტების“ სამიზნე,  გარდა ამისა .50 კალიბრის ვაზნები არასდროს არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით განსაკუთრებულად შორ მანძილებზე, ხოლო სპეციალური სნაიპერული ვაზნის დამზადება (ტყვია მზადდება ფრეზირებით) ძალიან ძვირია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო კონფლიქტებმა დაადასტურა, რომ 12.7მმ-ნი (.50) ტყვიის სამიზნეში მორტყმა უდიდეს ნეგატიურ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს მოწინააღმდეგეზე, ხოლო ცალკეული მებრძოლების განადგურება შესაბამისად ჩვეულებრივ პრაქტიკად იქცა. არსებული ინფორმაციით, .50 ეფექტური გამოყენების სფერო დიდად არ აღემატება სტანდარტული სნაიპერული შაშხანების ეფექტური გამოყენების მანძილებს. სამხედრო სნაიპერების ინდივიდუალურ სამიზნეებზე მუშაობის ეფექტური მანძილები გაიზარდა სტანდარტულ .308-ზე უფრო ძლიერი და .50-ზე უფრო მეტი სიზუსტის პოტენციალის მქონე კალიბრებით, როგორიცაა .300 Winchester Magnum, .338 Lapua Magnum და სულ ბოლო .408 Chey-tac. სამხრეთ აფრიკელები წავიდნენ სხვა გზით და შექმნეს 20მმ-ნი სნაიპერული ხელის ქვემეხი, რომელიც იყენებს მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებისთვის განკუთვნილ 20მმ-ან ჭურვებს. 

იარაღის ავტორი გახლავთ კომპანია Aerotek-ის სამხრეთ აფრიკელი ინჟინერი, წარმოშვებით კიპრიოტი, ტონი ნეოფიტუ.  „ცოცხალი“ იარაღის შესაქმენლად მას დაჭირდა სულ რაღაც ოთხ ნახევარი თვე. შემდეგ იარაღის წარმოების უფლებები შეიძინა კომპანია Denel-მა, რომელიც ამ იარაღს (NTW-20) დღესაც სთავაზობს მყიდველებს. 1998 წლიდან ეს იარაღი შეიარაღებაში მიღებულია სამხრეთ აფრიკის შეიარაღებული ძალების მიერ.

იარაღის ასე მოკლე ვადებში შექმნას ხელი შეუწყო იმან, რომ ტონი ნეოფიტუს ქონდა დიდი გამოცდილება ვერტმფრენებზე დასაყენებელი ტურელების პროექტირებაში და ამიტომაც მან მალევე ააწყო პირველი პროტოტიპი. გამოყენებული იყო ასევე უკვე არსებული იარაღის ნაწილები, კონკრეტულად კი GA1 ავტომატუირ ქვემეხის ლულა და საკეტის თავი, რამაც ასევე დააჩქარა სამუშაოები.  

ფასის შემცირების, ტექნოლოგიურობის და სიზუსტის პოტენციალის გამო, არჩეულ იქნა ხელით გადასატენი შაშხანის კონცეფცია. საკეტს გააჩნია 6 საბრძოლო ბჯენი. სამ ვაზნიანი მჭიდი იარაღის გვერდიდან არის განლაგებული, ამას მოითხოვდა იარაღის ძირითადი ნაწილების განლააგება და უკუცემის შემცირების სისტემის მოქმედების სქემა.

იარაღის ძირითადი თავისებურება არის სამ კომპონენტიანი უკუცემის შემცირების სისტემა, რომელიც შესაძლებელს ხდის გამოყენებულ იქნას ძლიერი 20მმ-ნი ჭურვები. პირველი  კომპონენტი არის მასიური კომპენსატორი, რომელიც 130 გრადუსი კუთხით ფანტავს დენთის აირებს და ამცირებს უკუცემას. მეორე კომპონენტია ორი პარალელური ზამბარა, რომელიც ამცირებს როგორც უკუცემის ძალას ისევე მოძრავი ნაწილების უკან დაბრუნებით წარმოქმნილ ძალებს. ამაში მას ასევე ეხმარება ჰიდრავლიკური ბუფერი (მესამე კომპონენტი), რომელიც შთანთქავს უკუცემის ყველაზე მეტ ენერგიას და მუშაობს პირველ ეტაპზე, შემდეგ ის ეთიშება ამ პროცესს და დანარჩენ ენერგიას შთანთქავენ ზამბარები. ჰიდრავლიკური ბუფერის მუშაობის ეფექტურობა დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე, ვინაიდან ის იყენებს ზეთს, როგორც სამუშაო სითხეს, ხოლო მიის თვისებები იცვლება ტემპერატურიდან გამომდინარე. ორი ტიპის ბუფერია ხელმისაწვდომი, ტემპერატურის სხვა და სხვა რეჟიმებისთვის. თავისთავად იდეა ჰიდრავლიკის გამოყენების ცეცხლსასროლ იარაღში არ არის ახალი. თუნდაც პისტოლეტის ხელა იარაღში, მაგალითად გერმანელები კომპანია Heckler&Koch-იდან ცდიდნენ ჰიდრავლიკური ტუმბოს ნაირსახეობას მათ P7-ში, რომელიც იყო განკუთვნილი .45APC კალიბრზე. თუმცა ეგ იდეა წარმატებით არ დასრულებულა. გაცილებით უფრო დიდი ზომის იარაღში სამხრეთ აფრიკელების სქემა გაცილებით უფრო წარმატებული აღმოჩნდა.

უკუცემის დროს არც ერთი ნაწილი, რომელთანაც ურთიერთობს მსროლელი (კონდახი, სახელური, რესივერი, ოპტიკა, სადგარი) არ მოძრაობს. მოძრავი ნაწილების მოძრაობის სიგრძე დაახლოებით 100მმ-ია.

fds

იარაღზე ყენდება სტანდარტული ოპტიკური სამიზნე 8 x 56 Lynx ინტეგრირებული ტყვიის ვარდნის კომპენსატორით.

იარაღის ქვედა ნაწილი წარმოადგენს ლაფეტს, რომელზეც მოძრაობს მთელი სისტემა. მის უკანა ნაწილში განლაგებულია მონოპოდი, რომელიც წარმოადგენს იარაღის ხელით გადატანის კომპონენტს. ის რეგულირებადია და შესაძლებელია მისი აკეცვა ან მოხსნა. სახელური არის სამხრეთ აფრიკული მოიერიშე შაშხანა R4-იდან აღებული (ისრეალური ავტომატის გალილის მოდიფიკაცია). დამრტყელ სასხლეტი მექანიზმი მოდულური ტიპისაა და მისი რეგულირება შესაძლებელია მისი მოხსნის გარეშეც. იარაღი იშლება გასაწმენდად ინსტრუმენტების დახმარების გარეშე.

NTW20 იწონის 26 კგ-ს და ტრანსპორტირებისას იყოფა ორ ნაწილად, 11 და 15 კგ პაკეტებად. აწყობილ საბრძოლო მდგომაარეობაში იარაღის სრული სიგრძე 1795მმ-ია, ლულის სიგრძე ზუსტად ერთი მეტრი.  უკანასკნელი მოდიფიკაცია კალიბრში 20 x 110 mm Hispano იწონის უკვე 31 კგ-ს. სროლის ეფექტური მანძილი მწარმოებლის განცხადებით შეადგენს 1300 მეტრს ჭურვით და 1700 მეტრს 14.5მმ ტყვიით სროლისას.

fdsg

20 x 110 mm Hispano-ს ჯავშანგმატანი და მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვები. სურათი მწარმოებლის საიტიდან. 

სამ ვაზნიანი მჭიდის წინა მხარე ისეთი ფორმიასაა, რომ ჭურვის ცხვირი დაცული იყოს მჭიდის კედელთან კონტაქტისგან.

ლულის, მჭიდის და საკეტის თავის გამოცვლით შესაძლებელია ქვემეხის კონვერტაცია შაშხანაში, რომელიც იყენებს რუსულ 14.5X114 კალიბრის ვაზნებს. ლულის მოხსნა შესაძლებელია საველე პირობებში, ამისთვის გასაღების როლს ასრულებს ვაზნა გამოდგება, როგორც 20მმ-ნი ჭურვის ასევე 14.5 მმ-ნი ვაზნის მასრები (მასრის ქვედა ნაწილი, ხოლო შესაბამისი ზომის ”პაზები” იარაღზე მარკირებულია). . როგორც უკვე ავღნიშნე ამ ორ კალიბრს მოგვიანებით დაემატა მესამე: 20 x 110 mm Hispano. კიდე უფრო ძლიერი ჭურვი, რომლის საწყისი სიჩქარე 20X82თან შედარებით 100მ/წ-ით უფრო გაზრდილია. ეფექტური სროლის მანძილი შეადგენს შთამბეჭდავ 1500 მეტრს. ამ კლაიბრში იარაღი არის ცალვაზნიანი, მისი წონა კი 31 კილოგრამს აღწევს.

456

კარგად ჩანს გვერდიდან განლაგებული მჭიდი. მეტალის ჩარჩო აადვილებს იარაღის გადატანას და დამატებით იცავს ოპტიკას დაზიანებისგან.

345dfg

.50BMG ვაზნა და 20X82 ჭურვი

რაც შეეხება ამუნიციას, რომელსაც იყენებს ეს ქვემეხი. 20X82 ჭურვი არის შექმნილი მაუზერის მიერ 30-ან წლებში და პრაქტიკულად წარმოადგენს 20X80RB Oerlikon-ის ჭურვის კოპიას. განსხვავებით უკანასკნელისგან, პირველს აქვს უფრო აშკარად გამოხატული ბოთლისებრი ფორმა და სრული დიამეტრის საექსტრაქციო რკალი.  ვაზნა შედარებით ნაკლები სიმძლავრისაა სხვა 20მმ-ან ჭურვებთან შედარებით, რაც თავიდანვე იყო განპირობებული მისი გამოყენებით მსუბუქ ავტომაატურ ქვემეხებში. შესაბამისად იგივე მიზეზის გამო შესაძლებელი გახდა მისი გამოყენება შაშხანის კლასის იარაღში. ამერიკელებმა კიდე უფრო განავითარეს დაბალი სიმძლავრის ჭურვის ირგვლივ შაშხანის შექმნის იდეა და გაზარდეს კალიბრი 25 მმ-დე, ხოლო საბრძოლო ეფექტურობა გაიზარდა ჭურვის  უფრო მძლავრი საბრძოლო ნაწილის გამოყენებით. ჩემი აზრით ეს იარაღი კონცეფციით უფრო ახლოს დგას უნიტარული ჭურვების გამოყენებისთვის განკუთვნილ ყუმბარმტყორცნებთან ვიდრე სნაიპერულ სისტემებთან.   აღნიშნული იარაღი შეიქმნა კომპანია Barrett-ის მიერ და ის ატარებს ინდექს XM109.

xm

Barrett XM109

1997 წელს, იმ დროს ჟურნალ Soldier of Fortune-ში მომუშავე ცნობილმა ექსპერტმა პიტერ კოკლალისმა გამოცადა აღნიშნული იარაღი და სტატიაში დაწერა, რომ იარაღს შეუძლია აჩვენოს 1.1MOA-ს ტოლი ჯგუფები 900 მეტრზე სროლისას. ანუ ეს არის დაახლოებით 25სმ. მეტი ინფორმაცია მე ვერ მოვიძიე, შესაბამისად შეუძლებელია რამე შედარება გაკეთდეს აქვს თუ არა რაიმე უპირატესობა ამ ქვემეხს უფრო ტრადიციულ მსხვილკლაიბრიან სნაიპერულ სისტემებთან შედარებით.  უდაოდ რჩება ის ფაქტი, რომ 20მმ-ან ჭურვს უფრო მეტი დამაზიანებელი ძალა აქვს.

.50 კალიბრის ვაზნებისგან ამ ამუნიციის განსხვავება არის ის, რომ ტყვიის როლში აქ გამოდის სრულყოფილი ჭურვი, რომელიც შედგება ფეთქებადი ბირთვისგან და აღჭურვილია ამფეთქებლით. საბრძოლო ნაწილიანი .50BMG კალიბრის ვაზნებიც არსებობს, მაგრამ ცხადია, რომ 20მმ-ნ ჭურვს უფრო მეტი სიმძლავრე აქვს, უბრალოდ იმიტომ, რომ ის მეტ ასაფეთქებელ ნივთიერებას იტევს.  სულ 20X82 კალიბრის 5 ტიპის ჭურვი არსებობს. მათ უშვებს სამხრეთ აფრიკული კომპანია Pretoria Metal Pressings. ესენია: აალებადი მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვი, ცხვირში განლაგებული ამფეთქებლით (HEI); აალებადი მაღალფეთქებადი (ფუგასური) მგეზავი ჭურვი (HEIT); აალებადი, ნახევრად ჯავშანგამტანი მაღალფეთქებადი (ფუგასური) ჭურვი, ამფეთქებლით ძირში(SAPHEI); პრაქტიკული სავარჯიშო ჭურვი (TP) და პრაქტიკული სავარჯიშო მგეზავი ჭურვი(TPT).  ჭურვების საწყისი სიჩქარე არის 720 მ.წ-ში, ხოლო ამფეთქებელი მოდის საბრძოლო დმგომარეობაში 8 მეტრის მანძილზე ირაღიდან, გასროლის შემდეგ. მგეზავი ნივთიერების წვის ხანგრძლივობაა მინიმუმ 2 წამი. ჭურვის გარშემო არის რბილი მეტალის რკალები, რაც უზრუნველყოფს ლულის დაცვას ზედმეტი ცვეთისგან და ხელს უწყობს ობტურაციას.

ნახევრად ჯავშანგმატან ჭურვს შეუძლია გახვრიტოს 10მმ-ნი სტანდარტული ნატოს ჯავშანფირფიტა 1000 მეტრის მანძილზე სწორი კუთხით მოხვედრისას.  ძირში განლაგებული ამფეთქებელი უზრუნველყოფს ოდნავ დაგვიანებულ დეტონაციას, და შესაბამისად ეფექტურად გამოიყენება მაგალითად ჯავშან ტრანსპორტიორების წინააღმდეგ, როდესაც ჭურვის დეტონაცია მოხდება ტრანსპორტის შიგნით შეღწევის  შემდეგ.

არსებობს ამ იარაღის რამოდენიმე ანალოგიც: ბულგარული APH RK20 და ხორვატიული  RT20, ინდური ოთხ კალიბრიანი Vidhwansak და საკმაოდ საინტერესო კერძო პირის მიერ აწყობილი Anzio 20mm Rifle. არსებობს ასევე სხვა მოდელებიც. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსხვილკალიბრიანი არა თვითდამტენი შაშხანის წარმოება არც ისე ბევრს მოითხოვს. უკვე ჩვენმა მეზობლებმაც, აზერბაიჯანელებმა დაიწყეს ასეთი კლასის შაშხანის წარმოება. რას ვაწარმოებთ ჩვენ, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია.

 tr

სურათზე Anzio 20mm Rifle იგივე ფირმის .50 კალიბრის შაშხანის გვერდით, რომელიც ქვემეხის გვერძე სათამაშო იარაღს გავს. სურათი მწარმოებლის საიტიდან

სტატია მომზადებულია ინტერნეტში მასალებზე და უცხოურ ლიტერატურაზე დაყრდნობით



4 Responses to ““სნაიპერული ქვემეხი” სამხრეთ აფრიკიდან”

  1. ლექსო says:

    უძლიერესი იარაღია!!! შეუჯავშნავ ტექნიკას ალბათ გახევს შუაზე..

  2. longbowman says:

    რუსული 14.5X114 კალიბრის ვაზნები მართლაც საინტერესოა და მე ვთვლი რომ ამ ტიპის ვაზნების პოტენციალი ჯერ არ ამოწურულა და ანტიმატერიალურ შაშხანებში მის სიტყვას იტყვის, ისე კი ამ კონკრეტულ მოდელს ყველაზე კარგად შეესატყვისსება ტერმინი ჯიბის არტილერია. ვინაიდან ხორვატების საწარმოო სიმძლავრეები არ დგას დიდ სიმაღლეებზე და ისინიც კი აწარმოებენ ამ ტიპის იარაღს შესაბამისად უნდა ვივარაუდოდ რომ მისი წარმოებაც არ არის რთული, არ სჭირდება სუპერზუსტი ტექნოლოგიები და სიზუსტე.

  3. gun says:

    ”.50 კალიბრის ვაზნები არასდროს არ გამოირჩეოდა დიდი სიზუსტით განსაკუთრებულად შორ მანძილებზე, ხოლო სპეციალური სნაიპერული ვაზნის დამზადება (ტყვია მზადდება ფრეზირებით) ძალიან ძვირია”
    Hornardy A-Max 750 grain – ბალისტიკური კოეფიციენტი 1.05.

  4. Shooter says:

    ვერ გავიგე რისი თქმა გსურდათ მაგრამ მაინც იყოს თქვენი კომენტარი.

დატოვეთ კომენტარი