Archive for November, 2022

როგორ მივიღოთ მაქსიმუმი იაფფასიანი პისტოლეტიდან

Sunday, November 20th, 2022

30 წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო კვლავ რჩება უღარიბესი ქვეყნების სიაში, ხოლო კარგი იარაღი, კონკრეტულად კი პისტოლეტები არ ღირს იაფი. მითუმეტეს პატარა ქვეყანაში, რომლის ბაზარიც პატარა არის და არავის არ აინტერესებს. ასეთ ქვეყანაში არაფერი არ იშოვება და რაც იშოვება ყოველთვის ღირს ძვირი. ამიტომ ბევრისთვის ერთადერთი ალტერნატივა არის იაფფასიანი, ბიუჯეტური პისტოლეტების შეძენა. ბლოგპოსტის დაწერის მომენტისთვის, საქართველოში ფასი/ხარისხის საუკეთესო კომბინაცია ან უფრო სწორად best buy იარაღი არის “გლოკი”. გლოკები ჩვენ ქვეყანაში ბევრია, ბევრ იმპორტიორს შემოაქვს და ფასიც შედარებით დაბალია. ეს რომ გესმოდეთ რატომ ნაკლები რეგულაცია და ღია საზღვრები არის კარგი, იმიტომ რომ ყველაფერი ბევრია და რაც ბევრია ის იაფია.  გლოკს რომ ყოლოდა საქართველოში ერთი იმპორტიორი, მისი ფასი იქნებოდა არა 2500 ლარი, არამედ 4500 ლარი. მეორადი “გლოკის” შეძენა შესაძლებელია 2000 ლარზე ოდნავ დაბალ ფასშიც კი. იგივე ფასის კატეგორიაში გადის ჩეხური CZ-ს პოლიმერის პისტოლეტები (P07, 09, 10), მაგრამ ზოგისთვის ესეც ბევრია და მაშინ თქვენი არჩევანია თურქული, ბრაზილიური, ჩინური პისტოლეტები და ბულგარული წარმოების Arcus 98.

არის მიზეზი რატომ ეს პისტოლეტები ღირს იაფი და იმისთვის რომ მიიღოთ ამ პისტოლეტებისგან მაქსიმუმი, საჭიროა ეს ნიუანსები იცოდეთ. პირველ რიგში ფასი დაბალია იაფი (ე.ი. ნაკლებად კვალიფიციური/პროფესიონალური) მუშა ხელის გამო. როგორც წესი ხარისხის კონტროლიც ან დაბალია ან არ არსებობს. აქ ასევე იგულისხმება რომ პისტოლეტი იწყობა, იდება კოლოფში და იყიდება. არავინ, მათ შორის დამოუკიდებელი სასერტიფიკაციო უწყება არ ამოწმებს საბოლოო პროდუქტს, ხოლო ხარისხის კონტროლის როლს ასრულებს თავად მყიდველი. ამიტომ ასეთი პისტოლეტის შეძენისას საჭიროა უფრო დაწვრილებითი ინსპექტირება. მათ შორის ბოროსკოპით ლულის და სავაზნის შემოწმება. ფუნქციონალური შემოწმება, დეტალების ინსპექტირება რაიმე დაიზიანებებზე, ანომალიური ცვეთის ნიშნებზე. ყველაფერი ეს იმისთვის, რომ თავიდანვე გამოვრიცხოთ რაიმე “სტრუქტურული” პრობლემები. მე მინახია ბევრი ლულა და სავაზნე ქარხნული დეფექტებით შედარებით დაბალხარისხიან იარაღებზე, ამიტომ ყველას ვურჩევ შეძენამდე ასეთ იარაღზე ლულის და სავაზნის ბოროსკოპით შემოწმებას.

folowerin reverse

CZ-75-ის თურქული წარმოების  მჭიდები. ახალ გაუხსნელ მჭიდში მიმწოდებელი ზის უკუღმა. ესეც თქვენ მაგალითი არაპროფესიონალური მუშახელის და ხარისხის კონტროლის არ არსებობის.

ba galling

დიდი ალბათობით უჟანგავი ლულის ქარხნული წუნით გამოწვეული ლულის არხის მნიშვნელოვანი დეფექტი, ამერიკული წარმოების “დერინჯერში” უმნიშვნელო რაოდენობის გასროლებით.

შემდეგ არის გამოყენებული მასალები. სახლის პირობებში, ჩვეულებრივი ადამიანისთვის, პრაქტიკულად შეუძლებელია დაადგინოთ მასალების ხარისხი, რომლისგანაც არის დამზადებული იარაღი. ფოლადის ან პოლიმერის მარკის გარკვევაც აქ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ხარისხი შეიძლება იყოს განსხვავებული. შეიძლება ფოლადი იყოს ხარისხიანი და წრთობა იყოს უხარისხო.  მეორად იარაღზე უხარისხო ფოლადის ნიშნებია, პლასტუკური დეფორმაცია გამოწვეული ექსპლუატაციით. ახალ იარაღში ცხადია ამის ნიშნები არ იქნება. მეორე პრობლემა არის ე.წ. “galling”.  ეს არის როდესაც ორი განსხვავებული ფოლადი ურთიერთზემოქმედებისას იწყებენ დაჩქარებულ ჩვეთას და/ან ხდება მათი “ცივი შედუღება”.  ეს პრობლემა მეტ წილად უკავშირდებოდა მაგალითად იარაღებში უჟანგავი ფოლადების გამოყენების საწყის ეტაპს, სანამ ფოლადის “რეცეპტურა” არ დაიხვეწა და ეს პრობლემაც მეტ წილად არ გაქრა.  ამიტომ მე ალბათ თავს შევიკავებდი იაფფასიანი პისტოლეტის შეძენისგან რომელიც დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. მე ასევე არ ვიყიდიდი მეორად პისტოლეტს მეტალის პლასტიკური დეფორმაციის ნიშნებით.

galing example

ე.წ. “გალინგის” მაგალითი ბრაუნინგის თოფზე. აქ მიზეზი შეიძლება იყოს როგორ დეტალების ზედმეტად მჭიდრო მორგება ასევე ექსპლუატაციის წესების დარღვევა. (სურათი ინტერნეტიდან)

saigaisshit

აქ ბევრს ვერაფერს გაარჩევთ, მაგრამ მეტალის დეფორმაცია “საიგას” ჩახმახზე იწვევს მის კონტაქტს დისკონექტორთან და გაჭედვას.  სასხლეტზე დაჭერისას ჩახმახი რჩება გაჭედილი.

naklep

საკეტის ნაწილის დეფორმაცია, საკეტის შემაკავებლის არასწორი მუშაობის გამო სლოვაკური წარმოების პისოლეტზე. კარგად ჩანს “ათლილი” კუთხე. მიზეზები შეიძლება მათ შორის იყოს საკეტის შემაკავებლის არასოწირ პოზიციონირება, საკეტის არადამაკმაყოფილებელი წრთობა ან მისი საერთოდ არ არსებობა.  (სურათი ინტერნეტიდან)

თუ ყიდულობთ იაფფასიან პისტოლეტს, იყიდეთ პისტოლეტი რომელშიც გამოყენებულია ნაცადი გადაწყვეტილებები ან პისტოლეტი რომელიც კლონია სხვა გამოცდილი კონსტრუქციის. ეგ დაგაზღვევთ საკითხავი კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებისგან და როგორც მინიმუმ ეგ ნიშნავს, რომ არ უნდა ელოდოთ რაიმე სიურპრიზებს. Stoeger STR არის “გლოკის” კლონი, ეს ნიშნავს, რომ თუ მანდ წარმოებისას რამე უხეში შეცდომა არ დაუშვეს, ამ პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო პრობლემებს.  დღეს თურქული Canik ასოცირებულია ხარისხიან თურქულ პისტოლეტებთან მაგრამ თავის დროზე Canik-ის პისტოლეტი გამოვიდა პრაქტიკულად გლოკის მექანიზმით და ორმაგი მოქმედების Walther P99-ის დეკოკერით, როგორც ამ ორი დიზაინის ჰიბრიდი, იმ განსხვავებით რომ “გლოკში” დეკოკერის არსებობას აზრი არ აქვს და ის არის ე.წ. kill switch-ი, რომელიც გადაყავს პისტოლეტი მდგომარეობაში, როდესაც ვაზნა სავაზნეშია და გასროლის წარმოება შეუძლებელია. რაც აბსურდული გადაწყვეტილებაა და ერთვარი შეხსენებაა რომ ხანდახან იაფი იარაღის მწარმოებლებს ბოლომდე არ ესმით რას აკეთებენ. ყველა ახალ კონსტრუქციას აქვს “კბილების წამოჭრის”, “დაღვინების” პერიოდი, როდსაც მისი კონსტრუქცია იხვეწება, ექსპლუატაციიდან მიღებული გამოცდილების მიხედვით, ამიტომ ნაცად კონსტრუქციას ექნება უპირატესობა ახალ კონსტრუქციაზე.  ეს ერთნაირად აქტუალურია, როგორც მაღალი ხარისხის ასევე იაფიან პისტოლეტებთან მიმართებაში. მე უფრო ვიყიდიდი იაფფასიან კლონს რომელიმე ცნობილი გამოცდილი პისტოლეტის, ვიდრე იაფ ფასიან პისტოლეტს ორიგინალური კონსტრუქციით.

მერე მოდის მჭიდები.  მჭიდი თამაშობს კრიტიკულ როლს პისტოლეტის საიმედო ფუნქციონირებაში. მჭიდი ერთის მხრივ მარტივი კონსტრუქციის მექანიზმია მეორეს მხრივ კრიტიკული მნიშვნელობა აქვს დაშვებებს და მასალებს. პატარა აცდენა და ჩვენ მივირებთ პრობლემურ კვების მექანიზმს და ე.ი.  არასაიმედო პისტოლეტს. ამის გამო ბევრი სერიოზული მწარმოებელი მჭიდებს თვითონ არც ამზადებენ და უკვეთავენ მათ სხვას.  ზოგი თურქი მწარმოებელი უკვეთავს მჭიდებს ისეთ სერიოზულ მწარმოებლებთან, როგორიც არის იტალიური Mec-gar. კარგია თუ პისტოლეტი იყენებს სხვა მაღალი ხარისხის პისტოლეტის მჭიდებს და მაშინ შესაძლებელია ამ მჭიდების ყიდვა და მხოლოდ მათი გამოყენება, რაც დადებითად აისახება საიმედოობაზე.

two magsit

ბერეტა 92-ის თურქული წარმოებული მჭიდი, იტალიურთან შედარებით. დააკვირდით ზამბარის სიგრძეს და მავთულის სისქეს. აშკარად ჩანს, რომელი მჭიდისგან უნდა ელოდო პრობლემებს.

იაფფასიანი პისტოლეტისგან არ უნდა ელოდო როგორც გლოკისგან ისეთ საიმედოობას, როდესაც პირდაპირ ყუთიდან იღებ პისტოლეტს და ისვრი 10 000-ჯერ ყოველგვარი მომსახურების გარეშე ნებისმიერ მუხტებს. იაფფასიანი პისტოლეტი ყოველთვის უნდა იყოს იდეალურად სუფთა, კარგად დაზეთილი და მჭიდი უნდა იყოს სავსე ვაზნებით, რომლებიც გატესტილია და იცით რომ ამ ვაზნებზე პისტოლეტი კარგად მუშაობს.

20221029_153910

Arcus 98DA/DAC არის ბიუჯეტური პისტოლეტის კარგი მაგალითი, მაგრამ ამ პისტოლეტმა შეწყვიტა მუშაობა ექსტრაქტორის ქვეშ დაგროვილი უმნიშვნელო რაოდენობის ჭუჭყის გამო. “არკუსი” დაფუძნებულია “ჰაი პაუერის” კონსტრუქციაზე და ამ შემთხვევაში ქარხნული მჭიდის ნაცვლად გამოიყენება Mec-gar-ის მჭიდი, რომელიც უფრო მაღალი ხარისხის არის და ასევე იგივე სიგრძის პირობებში 13 ვაზნის ნაცვლად იტევს 15 ვაზნას.

იაფფასიანი პისტოლეტის მომსახურების რეგლამენტი უნდა იყოს ბევრად ხისტი. დაიჭირეთ თადარიგი. ყველამ იცის, რომ მე არ ვარ ბრაზილიური “ტაურუსების” მოყვარული, მაგრამ როდესაც მომეცა შანსი მეყიდა იაფად მათი წარმოების 1911, მე ის ვიყიდე. გამოვიკვლიე ინტერნეტში, რომ ამ პისტოლეტს აქვს პრობლემური ექსტრაქტორი. შევუკვეთე და ჩამოვიტანე ეგ დეტალი დამზადებული Wilson Combat-ის მიერ. კიდევ ერთი მიზეზი რატომ კლონის ყიდვა კარგია, შესაძლებელია პრემიუმ ხარისხის დეტალების შეძენა. ქარხნული ექსტრაქტორი “ტაურუსზე” გატყდა პირველი ორი მჭიდის შემდეგ….  ერთხელაც ჩვენ მოგვიწია ისრაელის წარმოების 1911 გადაწყობა Wilson Combat-ის დეტალებზე იმიტომ რომ ახალი პისტოლეტის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი არ მუშაობდა.

არც ერთ პისტოლეტს არ აწყენს პერიოდული ინსპექტირება და სერიოზული მსროლელები ზუსტად ასე უდგებიან საქმეს მაგრამ იაფფასიანი პისტოლეტისთვის დეტალური ინპსექტირება კრიტიკული ადგილების არის სავალდებულო. პისტოლეტში ესენია, საკეტის სარკე, ექსტრაქტორი, დამრტყმელი, ჩახმახი, უსაფრთხოების მექანიზმები, მცველები, მჭიდის ყველა ელემენტი.

პრევენციული მომსახურება მნიშვნელოვანია ასევე იმიტომ რომ, იაფფასიან პისტოლეტებზე არ გვხვდება ისეთი მაღალტექნოლოგიური დამცავი დაფარვები, როგორც მაღალი კლასის პისტოლეტებზე. პერიოდული გაწმენდა მეტალის დეტალების ზეთიანი ტილოთი, დაიცვას დაფარვას და რკინის დეტალებს კოროზიისგან. ამავე დროს გახსოვდეთ, რომ გაცილებით მეტი იარაღი ფუჭდება ზედმეტი და არასწორი მოვლით ვიდრე სროლით გამოწვეული ექპსლუატაციისგან, ასე რომ დაიცავით ბალანსი.

 რომ გავაკეთოთ დაწერილის შეჯამება, იაფფასიან პისტოლეტებთან მიმართებაში მიყევით შემდეგ წესებს:

1. გამოიკვლიეთ ინტერნეტით რას ყიდულობთ

2. აირჩიეთ უკვე გამოცდილი პისტოლეტების კლონები

3. მოერიდეთ უჟანგავ ფოლადს და ეკზოტიკურ მასალებს.

4. ყიდვამდე ყველაფერი კარგად შეამოწმეთ

5.  თუ შესაძლებელია გამოიყენეთ უკეთესი ხარისხის მჭიდები

6. პისტოლეტი უნდა იყოს ყოველთვის სუფთა და კარგად დაზეთილი.