Archive for September 25th, 2022

Walther PPK .22lr გამადიდებელი შუშის ქვეშ

Sunday, September 25th, 2022

lhfhfhfg

ჯეიმს ბონდის როლის შესმრულებელი ჯონ ლაზენბი. იან ფლემინგის და მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციები სამუდამოდ დააკავშირებენ WaltherPPK-ს ყველაზე სახელგანთქმული შპიონის სახელთან.  

უხერხულია ამის აღიარება, მაგრამ მე არასდროს აქამდე არ მქონია შესაძლებლობა, მესროლა Walther PPK-დან. პისტოლეტი, რომელმაც შექმნა არა თუ კლასი არამედ იერსახე და კონცეფცია კომპაქტური პისტოლეტის, რომელიც დღემდე არსებობს, ცოცხალი და პოპულარულია. პისტოლეტი, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი იარაღი, “კალაშნიკოვთან”, “გლოკთან”, “უზისთან” ერთად.  ბოლო ბოლო PKK ლეგენდარული აგენტ 007-ის პისტოლეტია. მიზეზი რის გამოც “ვალტერი”  ამდენი ხანი ვერ ჩავიგდე ხელში,  ყოველთვის იყო მისი ფასი და ხელმისაწვდომობა. მრავალი წლის განმავლობაში, რაც საქართველოში გახდა შესაძლებელი ფლობდე მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღს, PPK არასდროს არ იშოვებოდა და გადიოდა პრაქტიკულად საკოლექციო იარაღში, რაც თავისთავად განაპირობებდა მის მაღალ ფასს. რამდენიმეჯერ საქართველოში იმპორტირებული იყო ახალი გამოშვების “ვალტერები” მაგრამ ეს იყო უკვე მოდელები PPK/S, წარმოებული ლიცენზიით ამერიკაში “სმიტ&ვესონის” მიერ.

ppk-0113_78-25674_t1000

მოდელი PPK/S  PPK-ს და PP-ს ერთგვარი ჰიბრიდია, სადაც პირველისგან მას ერგო საკეტი და მეორესგან შედარებით დიდი ჩარჩო. ეს “ჰიბრიდი” გაჩნდა მას შემდეგ რაც ამერიკაში 1968 წელეს დაწესდა შეზღუდვები იმპორტირებული იარაღის ტიპებზე და ამ შზღუდვების აცილების მიზნით საჭირო გახდა პისტოლეტის ასეთი კონსტრუქციის ცვლილება, რომ მას დაერგორვა საჭირო ქულები და შესაძლებელი გამხდარიყო მისი ექსპორტი ამერიკაში.

PP და PPK ყოველთვის წარმოადგენდნენ დიდი ინტერესს კოლექციონერებისთვის, რისი მიზეზი გარდა ადგილისა რომელიც მას უკავია ცეცხლსასროლი იარაღის ისტორიაში, არის ასევე ის, რომ მას აქვს საკმაოდ მრავალფეროვანი წარმოების ისტორია. ის გამოდიოდა ორ კონტინენტზე, ჩრდილო ამერიკაში და ევროპაში. მაგალითად ევროპაში წლების განმავლობაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, PPK-ს უშვებდა ფრანგული კომპანია Manuhrin ხოლო საბოლოო აწყობა პისტოლეტების ხდებოდა სენტ-ეტიენის არსენალში. ნაწილი პისტოლეტების მიდიოდა გერმანიაში სადაც, როგორც ვხვდები მათი მარკირება ხდებოდა, როგორც ვალტერის მიერ გამოშვებული პროდუქციის. ეს სიტუაცია დიდი ალბათობით გაგრძელდა 80-ნი წლების ბოლომდე, როდესაც “ვალტერმა” დაიწყო პისტოლეტების გამოშვება ულმში განლაგებულ ქარხანაში.   პატარა “ვალტერების” წარმოება დაიწყო მოგვიანებით უკვე აშშ-ს ტერიტორიაზე. 1980 წლიდან Ranger Manufacturing ინტერარმსისთვის (შეთანხმება გაფორმდა 1978 წელს მაგრამ 2 წელი გახდა საჭირო წარმოების დაწყებისთვის). 1999-2001 წლამდე Smith&Wesson-მა და “ვალტერმა” დაარსეს კომპანია Walther  USA LLC, რომლის საშუალებითაც გაყიდეს ინტერარმსის დახურვის შედეგად დარჩენილი დეტალებისგან აწყობილი პისტოლეტები, ხოლო 2001 წლიდან  Smith&Wesson, რომელიც უშვებდა ამ პისტოლეტებს 2013 წლამდე. როგორც ვხვდები 2018 წლიდან, PPK და PPK/S გამოდის ამერიკაში, არკანზასის შტატში განლაგებული “ვალტერის” ახალ საწარმოში. წარმოების დირექტორმა ბრეტ ვორჰეესმა ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ მხოლოდ “ვალტერის” საწარმოს გახსნით აშშ-ში ისინი იქნებოდნენ დარწმუნებულნი, რომ შეინარჩუნებდნენ მაღალ ხარისხს. ეს ერთგვარი აღიარება იყოს იმისი რაც ცნობილი იყო აშშ-ში ყველასთვის, რომ ამერიკული წარმოების “ვალტერები” ხანდახან არ გამოირჩეოდნენ ისეთი უნაკლო შესრულებით, როგორც ევროპაში წარმოებულები.

რაც მე ეხლა დავწერე, მხოლოდ ზოგადი სურათია ვალტერების ამ სერიის პისტოლეტების წარმოების საკმაოდ ჩახუჭუჭებული ისტორიიდან, რაც საბოლოო ჯამში სერიოზულ და საინტერესო გამოცანად აქცევს კონკრეტული პისტოლეტების იდენტიფიკაციას. როგორც აღვნიშნე ეს ხსნის იმას თუ რატომ უყვართ ასე კოლექციონერებს ეს პისტოლეტები.

საქართველოში, სადაც PPK იყო საკმაოდ იშვიათი,  სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა რამდენიმე წლის წინ, როდესაც ერთ-ერთმა იმპორტიორმა დაიწყო მეორადი “ვალტერების” შემოტანა და უცბად შესაძლებელი გახდა, შედარებით დაბალ ფასად ორიგინალური, ევროპული წარმოების PP და PPK-ს შეძენა. თანაც სამ ყველაზე გავრცელებულ კალიბრში, რომელშიც ეს (PPK) პისტოლეტი გამოდიოდა, 7,65, .380 და .22lr. მეოთხე კალიბრზე, 6.35-ზე (.25 ACP) გათვლილი ვალტერები ძალიან ცოტა იქნა გამოშვებული და მათი ფასი დღეს ძალიან მაღალია.

15401977763

PPK, PolizeiPistole Kriminal, კრიმინალური პოლიციის პისტოლეტი არის მინიშნება ამ იარაღის გამოყენების სფეროზე. პატარა, კომპაქტური პისტოლეტი გათვლილი ფარულ ტარებაზი, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირის მიერ. მისი წარმოება დაიწყო 1931 წელს. 

საბოლოო ჯამში, პრაქტიკულად შემთხვევით ჩემ ხელებში მოხვდა PPK კალიბრში .22lr. დიახ მართალია ეს არ არის .380 და ალბათ ამ ზომის პისტოლეტში უფრო სასურველი .32 კალიბრი მაგრამ ეს არის ორიგინალური PPK გამოშვებული 1975 წელს ჯერ კიდევ დასავლეთ გერმანიაში. კონსტრუქციულად ის ასევე პრაქტიკულად იდენტურია ცენტრალური აალების PPK-ებთან.

ტექნიკურად PPK არის ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, გარედან განლაგებული ჩახმახით, ლულა ფიქსირებულია ჩარჩოში და ასრულებს დამაბრუნებელი ზამბარის ღერძის როლს, რომელიც ჩამოცმულია ლულაზე. პისტოლეტი იკვებება ერთ რიგიანი მჭიდიდან. საკეტი ბუნებრივია თავისუფალია და არ არის გადაბმული ლულასთან. მართვის ელემენტებს განეკუთვნება, გარედან განლაგებული ჩახმახი, მჭიდის ღილაკი განლაგებული ახალ უკვე უჩვეულ ადგილში, ჩარჩოს ზედა ნაწილში, ხოლო საკეტზე განლაგებულია მექანიკური მცველი რომელიც ერთდროულად ასრულებს ჩახმახის უსაფრთხოდ დამშვების ფუნქციას. პისტოლეტის ყველა დეტალი მეტალის არის, გარდა სახელურის პანელებისა, რომლებიც დამზადებულია ყავისფერი პლასტმასისგან. სამიზნი მოწყობილობები ფიქსირებულია. პისტოლეტი დაფარულია დამცავი შავი ოქსიდირებით.

20220823_111452

სავარაუდოთ არწივი “N”-ით, ხოლო ასეთი მისი ფორმა განპირობებულია ლულის მრგვალი კვეთით. 

20220823_111419

 სერიული ნომერი,  ციფრები LR ჩარჩოზე ნიშნავს, რომ ეს ჩარჩო განკუთვნილია .22 კალიბრის პისტოლეტისთვის.

20220823_111403

გამოშვების წელი, ულმში განლაგებული გამოსაცდელი უწყების დამღა, სადაც ვალტერი გადავიდა ცელა-მელისიდან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოექცა საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ,  და არწივი “N” რაც ნიშნავს რომ იარაღიდან გასროლილი იქნა ორი ვაზნა უკვამლო დენთით, სადაც მუხტი 30%-ით უფრო მაღალია ვიდრე დაშვებული სტანდარტული სპეციფიკაციებით.

20220823_112830

 მართალია დამღები გვეუბნებიან რომ პისტოლეტი დამზადებულია დასავლეთ გერმანიაში, რეალურად ის დამზადებული საფრანგეთში, “Manuhrin”-ის მიერ. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დამღები არ იუწყებიან სიმართლეს. განსხვავება დაფარვებში საკეტსა და ჩარჩოს შორის განპირობებულია იმით, რომ საფრანგეთში ჩარჩო იყო დასრულებული ფორმით, ხოლო საკეტი იგზავნებოდა გერმანიაში დამღების გარეშე, სადაც უკვე “ვალტერის” მიერ ხდებოდა საკეტის დასრულებულ დეტალად ქცევა და მათ შორის ცხადია დადამღვა და დამცავი ფენის შექმნა რკინის ზედაპირზე. 

რახან პისტოლეტი მეორადია, მას არ მოყვება არაფერი, მხოლოდ პისტოლეტია და ერთი მჭიდი. ცოტა უფრო გამოცდილ ტიპებს უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, თუ კალიბრი .22-ია, ხოლო მასალა და  გაბარიტები იგივეა, როგორ ახერხებს შედარებით სუსტი .22 ამ პისტოლეტის გადატენვის უზრუნველყოფას? პასუხი არის მარტივი, რადიკალურად შეთხელებული საკეტის წყალობით.

შეიძლება ჩეხმა ალოიშ ტომაშეკმა პირველმა გამოიყენა ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი თავის “ლიტლ ტომში” მაგრამ ფრიც ვალტერმა გახადა ის პოპულარული, თავისი PP და PPK პისტოლეტების მეშვეობით. ანალოგიური კონფიგურაციის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები, მცველით/დეკოკერით და ჩახმახის მცველით გამოიყენებოდა უამრავ სხვა პისტოლეტში. მექანიზმი მარტივი, ელეგანტური და ეფექტურია, მისი ერთადერთი ნაკლი არის ზედმეტად მძიმე სასხლეტი ორმაგი მოქმედების რეჟიმში, თვისება რომელიც ახასიათებს ადრინდელი ორმაგი მოქმედების პისტოლეტების უმეტესობას.  მაგრამ ობიექტურად PP 1929 წელს პირველად წარდგენილი და შემდგომ PPK, ორივე იყო იმ დროისთვის საკმაოდ ინოვაციური პისტოლეტები. ბევრი რამე რაც იყო მათ კონსტრუქციაში გათვალისწინებული, უკვე იმ დროს იყო სტანდარტული, მაგრამ დიდი ზომის პისტოლეტებში და არასდროს ასეთ კომპაქტურში. ვალტერის კომპაქტურ პისტოლეტში თავმოყრილი იყო ღილაკიანი მჭიდის საკეტელას კონსტრუქცია, დეკოკერი, ჩახმახის მცველი, ბოლო გასროლისას საკეტის შემაკავებელი. .22 კალიბრის “PPK”-ს არ გააჩნია სავაზნის მდგომარეობის ინდიკატორი, რაც ალბათ ბუნებრივია, გამომდინარე იქიდან, რომ დამრტყმელის არხი განლაგებულია უფრო მაღლა, რადგან დამრტყმელი ურტყავს მასრას კიდეში და არა ცენტრში.

20220823_11211720220823_112103

 

განსხვავებით პოპულარული მოსაზრებისგან, ვალტერის მექანიზმის მოწყობილობას არ აქვს ბევრი საერთო მაკაროვთან. უკანასკნელი არ შეიძლება ჩაითვალოს ვალტერის კლონად, უფრო ვალტერის იდეების გაგრძელებად საბჭოთა სპეციფიკის გათვალისწინებით. პისტოლეტები არ არიან იდენტურები, მაგრამ ვალტერის გავლენა მაკაროვის კონსტრუქციაზე აშკარაა. 

ppk mag

მჭიდის კონსტრუქცია ცალკე ყურადღებას იმსახურებს. ტევტონური ტრადიციებიდან გამომდინარე, მის კონსტრუქციაში ბევრი დეტალია, მაგრამ ეს დეტალები უზრუნველყოფენ ამ მოწყობილობის უნაკლო ფუნქციონირებას. ყურადღებას იქცევს დიდი ალბათობით ნიკელირებული მიმწოდებელი (უკეთესი საიმედოობისთვის), ასევე შესაძლებელია ზამბარის ხელით შეკუმშვა რაც აადვილებს მჭიდის შევსებას მცირე ზომის .22 კალიბრის ვაზნებით. 

20220823_112552

20220823_112504

მექანიკური მცველი/დეკოკერი ირთვება ქვევით დაწევისას და ითიშება ზევით აწევისას. ეს უფრო მოსახერხებელია ვიდრე “მაკაროვში” პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი კონფიგურაცია უფრო სწრაფია. ქვედა სურათში მცველი ჩართულია და ჩანს როგორ დაცულია დამრტყმელი ჩახმახის დაცემისგან. ზედა სურათში მცველი გამორთულია. 

პისტოლეტის მოვლა მომსახურება ადვილია. არასრული დაშლა ხორციელდება სასხლეტის დამცავი კავის ჩამოწევით და მისი ღია მდგომარეობაში დაფიქსირებით (გამოდგება სავიზიტო ბარათიც). საკეტის ბოლომდე უკან გამოწევით და მაღლა აწევით შესაძლებელია საკეტის და ჩარჩოს განცალკევება. მოხსენით ლულას ზამაბა რა პისტოლეტი მზად არის წმენდისთვის. ელეგანტურად მარტივად იშლება საკეტი. ჩააჭირეთ დამრტყმელს ბოლომდე, გამოწიეთ გვერძე მცველი და მოხსენით ის საკეტს, შემდეგ შესაძლებელი გახდება დამრტყმელის, ექსტრაქტორის და მათი ზამბარების ამოღება. ამ მხრივ ის ცოტათი უფრო მოსახერხებელია ვიდრე იგივე “მაკაროვის” საკეტის დაშლის თანმიმდევრობა. აწყობისას ყურადღება უნდა მიაქციოთ დამაბრუნებელი ზამბარის სწორი მიმართულებით დაყენებას ლულაზე, ვიწრო ნაწილით სავაზნის მიმართულებით.

20220823_113554

განსხვავებით მაკაროვისგან, კავის დაფიქსირება ღია მდგომარეობაში შეუძლებელია. ამისთვის საჭიროა რამე საგნის გამოყენება. ეს ნაკლებად მოსახერხებელია მაგრამ ბევრად უკეთესია ვიდრე კავის თითით დაფიქსირება როდესაც ის მიბჯენილია ჩარჩოზე ღია მდგომარეობაში და მიბჯენის ადგილას ჩარჩოზე ჩნდება ნაკაწრი/ცვეთა.   

PPK-ს სახელურის ტარი დამზადებულია პლასტმასისგან, რამდენადაც შევძელი დადგენა, Cellidor მარკის. მასალა გამძლეა და ფერით წააგავს ხეს.  ყველა მეორად პისტოლეტზე ამ მასალისგან სახელურები იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. 

11-73

პერიოდულად აუცილებლად უნდა მოხსნათ ჩარჩოს ტარის ლაოყეები და გაწმინდოთ როგორც სალოყეები ასევე ჩარჩო შიგნიდან და ხრახნი რომელიც იჭერს მათ თავის ადგილას. სალოყეების ქვეშ ხშირად გროვდება ჭუჭყი, ნესტი, ოფლი და იწყება კოროზია. ეს რომ არ მოხდეს რეკომენდირებულია ამ ადგილების რეგულარული წმენდა და ზეთის დამცავი თხელი ფირით დაფარვა.

20220524_183611

რა ხდება როდესაც არ აქცევ ყურადღებას სალოყეებს და მათ დამჭერ ხრახნებს. ჩარჩო ამ CZ P07-ში ალუმინის არის და ამან გადაარჩინა ის დაზიანებისგან. 

20220823_113044

პისტოლეტის სამიზნი მოწყობილობები მარტივი კორა და თარაზოა. ერთი შეხედვით ისინი მცირე ზომის არიან მაგრამ ნორმალური განათების პირობებში ადეკვატურ სამიზნ სურათს  ქმნიან. 

1933 წლისთვის, პისტოლეტი გამოირჩევა შესანიშნავი ერგონომიკით, კარგი იარაღის სახელმძღვანელოთი, რომელიც დღესაც ადეკვატურია, ერთი გამონაკლისით, მჭიდის ღილაკი უჩვეულოდ მაღლა არის განთავსებული, რაც მთლად მოსახერხებელი არ არის მსროლელისთვის, რომელიც მიჩვეულია რომ ეს დეტალი არის დამცავ კავთან და არა იქ სადაც, როგორც წესი საკეტის შემაკავებელია. საკეტის შემაკავებელს რაც შეეხება ის დახურულია ანუ ის არის, მაგრამ გარედან მისი ხელით აქტივირება შეუძლებელია, ის აქტივირდება მხოლოდ ბოლო ვაზნის გასროლის შემდეგ. ეს და მჭიდის ღილაკის განლაგება არის ის რაც დღევანდელი სტანდარტით უჩვეულოა, დანარჩენში ამ პისტოლეტის ათვისებაში თანამედროვე მსროლელს პრობლემა არ უნდა ქონდეს. მათ შორის საიმედოობის და გამძლეობის თვალსაზრისით.  ეს დღეს ჩვენ ვართ მიჩვეული ერგონომიკის, საიმედოობის და გამძლეობის ასეთ სტანდარტებს თუნდაც ბიუჯეტურ პისტოლეტებში,  მაგრამ თითქმის 100 წლის, როდესაც ავტომატური პისტოლეტები ჯერ ახალი ხილი იყო, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო.

სანამ გადავალთ სროილს ნაწილზე, მე მოგიყვებით თქვენ ასეთი პისტოლეტის ექსპლუატაციის წესებზე, რომელიც უნდა დაიცვათ, რომ იარაღმა საიმედოდ იმუშაოს და არ გაუჩნდეს რაიმე მექანიკური პრობლემა. ასეთ იარაღში ვგულისხმობ 50 წელს გადაცილებულ მცირეკალიბრიან პისტოლეტზე, რომელზეც ჩვენ არ ვიცით რამდენი ვაზნა აქვს გასროლილი, რა მდგომარეობაშია ზამბარები და როგორ უვლიდნენ მას წინა პატრონები. ამიტომ აქედან წესი პირველი: ეს იარაღი ყოველთვის უნდა იყოს გაწმენდილი და დაზეთილი. წესი მეორე: გამორიცხეთ თანამედროვე სწრაფი და ზე-სწრაფი მუხტები. იმ დროს როდესაც ამ იარაღს უშვებდნენ წარმოებაში, ასეთი მუხტები არ არსებობდა და მიუხედავად თითქმის ყოველთვის მთლიანად ფოლადის კონსტრუქციისა, ასეთი მუხტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პისტოლეტის დაზიანება. წესი მესამე, რომელიც მე ვისწავლე ბატონი სოსოსგან, რომელიც წლებია მოღვაწეობს “სკა”-ს ტირში. როდესაც ის მომაწვდიდა მარგოლინის მცირეკალიბრიან პისტოლეტს, ყოველთვის დააყოლებდა, 5 ვაზნა ჩადე მჭიდში მეტი საჭირო არ არის. ვიღაცას გაეცინება, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ პისტოლეტებზე რომელთა ექსპლუატაცია, ყოველდღიურ რეჟიმში ათწლეულები გრძელდება, ასეთი წესის დაცვა ინახავს მჭიდს და მის ზამბარას. ამიტომ ორი მარგოლინი რომლიდანაც კაცმა არ იცის რამდენი ვაზნა იყო ნასროლი, მუშაობდნენ საათივით. განსაკუთრებულ ყურადღებას სოსო აქცევდა ასეევ ჩახმახს, რომ მისი დაშვება არ მომხდარიყო ცარიელ სავაზნეზე. თქვენც იგივეს გირჩევთ. ჩვენი PPK-ს მჭიდი იტევდა 9 ვაზნას, მაგრამ ხანდახან ამის გამო პირველი ვაზნა საიმედოდ არ მიეწოდებოდა. 8 ვაზნის ჩადების შემთხვევაში საიმედოობა იყო იდეალური. ჩადეთ 5 ვაზნა და პისტოლეტის მჭიდი გაძლებს საუკუნეს.

სროლისთვის ჩევნ მოვიმარაგეთ სამი მუხტი: Blazer,  40 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით, Sellier&Bellot Club, ასევე  40 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით და Eley Contact Subsonic, 42 გრანიანი მრგვალთავიანი ტყვიით. გავიმეორებ, ასეთი მოკლე ლულიდან არანაირ განსაკუთრებულ შედეგს სიჩქარის და შესაბამიად ენერგიის მხრივ არ უნდა ელოდოთ. შესაბამისად ექსპანსიური ტყვიების გამოყენებასაც აზრი არ აქვს. ზე-სწრაფი მუხტებიც დიდი ალბათობით ვერ განავითარებენ ზებგერით საწყის სიჩქარეს, PPK-ს მოკლე ლულის გამო. ამიტომ საუკეთესო შედეგეისთვის გამოდგება მუხტი სტანდარტული ან ქვებგერითი სიჩქარით და მრგვალთავიანი ტყვიით. ეს ოპტიმალური იქნება საიმედოობის მხრივ და ასევე ზედმეტად არ დატვირთავს პისტოლეტის კონსტრუქციას.

ჩვენ ვისროლეთ პისტოლეტიდან სადღაც ჯამში 150 ვაზნამდე. 8 ვაზნით მჭიდში (ან ნაკლები) და სწორი ჭერით (როდესაც ხელი არ უშლის საკეტს) პისტოლეტი გამოდგა ძალიან საიმედო. მხოლოდ ერთი ამაალებლის მტყუნება ორმაგ რეჟიმში სროლისას და ერთი გაჭედილი მასრა სავაზნეში, სულ პირველი გასროლის დროს.  უკუცემა მინიმალურია, სასხლეტი კარგია და მხოლოდ მცირე ზომის სამიზნი მოწყობილობები საჭიროებდნენ მიჩვევას. როგორც კი მე დავადგინე ოპტიმალური სამიზნი სურათი, ჯგუფები დაპატარავდა ისე, რომ ჩვენ გაოცებას ვეღარ ვმალავდით.

10m standing PPK

ჯიბის პისტოლეტისთვის, პატარა ზომის სამიზნი მოწყობილობებით 10 მეტრიდან ასეთი სიზუსტე, ძალიან კარგი შედეგეგია. 7 გასროლა,  მუხტი: Eley Contact Subsonic. 

sum PPK

ჯამური სიზუსტე. ახალი სამიზნეები მაგრდება ზუსტად ერთი მეორეზე და სროლის დასრულების შემდეგ იღებ პირველ დაკრულ სამიზნეს, რომელზეც ასახულია ყველა გასროლა რენჯ სესსის დროს ამ ფარში და შესაბამისად ჩამს ყველა შეცდომაც. 

20220924_190406

და ბოლოს ყველზე უცნაური სამიზნე, ყველა გასროლა აქ განხორციელებულია ორმაგ რეჟიმში, ყოველი გასროლის შემდეგ ჩახმახის დაწევით. მანძილი 10 მეტრი. 5 გასროლა, 10 მეტრი. 

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება? .22 კალიბრის Walther PPK არის ჩინებული პატარა პისტოლეტი. ყველაზე სასიამოვნო ის იყო, რომ პისტოლეტი იდეალურად იყო გასწორებული ქარხნიდან.  დიდი იშვიათობა ჩვენ დროს. მიუხედავად ასაკისა მან იმუშავა იდეალურად, აჩვენა ასეთი ტიპის იარაღისთვის შესანიშნავი სიზუსტე. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიზაინი ცოტახანში 100 წლის გახდება, PPK კონსტრუქციის, ერგონომიკის და უსაფრთხოების მხრივ აკმაყოფილებს ეხლა არსებულ სტანდარტებსაც. ფანტასტიური პატარა პისტოლეტი საკმაოდ დიდი შესაძლებლობებით. ხარისხიანი, ჭეშმარიტად “გერმანული” იარაღი, რომლიდანაც სროლამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა, მასთან ერთად ვისროლეთ კიდევ ერთი დასავლეთ გერმანიაში გამოშვებული პისტოლეტი, SigSauer P226, რომელმაც ასევე შესანიშნავი შედეგი მოგვცა მაგრამ ამაზე მომდევნო ბლოგპოსტში მოგიყვებით. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ  დამაფიქრა იმაზე, რომ მართალია პისტოლეტებმა ევოლუციის გრძელი გზა გაიარეს და დღეს უამრავი მწარმოებელი უშვებს უამრავ საიმედო და ერგონომიულ პისტოლეტს, მაგრამ ეს ყველაფერი იმის წყალობით რომ თავის დროზე ფრიც ვალტერის ნაირი პიონერები ქმნიდენენ ბაზას რომლის მეშვეობითაც ჩვენ ეხლა გვაქვს ეს ყველაფერი რაც ძალიან ჩვეულებრივად გვეჩვენება ეხლა და რაც ძალიან უჩვეულო იყო არც ისე დიდიხნის წინ.

.22 კალიბრის Walther PPK, ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სიურპრიზი და სასიამოვნო ნაცნობობა, შემიძლია მხოლოდ ვინანო რომ ეს ნაცნობობა არ შედგა უფრო ადრე.

20220713_153126