Archive for August, 2022

SS MR920 Combat – რენჯის სათამაშო თუ სერიოზული იარაღი?

Monday, August 8th, 2022

20220726_202844

მოემზადეთ ბევრი კითხვისთვის, იმიტომ რომ ეს ბლოგპოსტი იქნება ძალიან გრძელი. ამჯერად ჩვენი მიმოხილვის საგანია, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო პისტოლეტი, რომელიც ოდესმე ჩემ ხელში მოხვედრილა. ეს არის ამერიკული კომპანიის Shadow Systems-ის “გლოკის” კლონი, მოდელი MR920 Combat.

pic-slides

MR იშიფრება როგორც მულტი-როლური, 9 არის კალიბრი 9×19 ხოლო 20 არის 2020 წელი, როდესაც ეს მოდელი წავიდა წარმოებაში. Combat არის პისტოლეტის კონფიგურაცია, გათვლილი სამსახურებრივ გამოყენებაზე. მოდელი Elite მაგალითად უფრო გათვლილია სპორტულ სროლაზე და დინამიური სროლის დისციპლინებზე. გაბარიტებით და კონსტრუქციით MR920 არის Glock 19-ის იდენტური. ზევიდან ქვევით DR920 Elite და Combat, MR920 Eliete და Combat. 

ტეხასის შტატში დაფუძნებული კომპანია Shadow Systems შედარებით ახალი მოთამაშეა ბაზარზე მაგრამ უნდა ითქვას რომ ამ კომპანიის პისტოლეტების უამრავი მიმოხილვაა და თავად კომპანიას აქვს საკუთარი youtube არხი რომელიც არაჩვეულებრივად ინფორმატიულია და რაც დღეს დიდი იშვიათობაა კომპანიის წარმომადგენლებს არ ერიდებათ ღრმა ტექნიკურ ნიუანსებში ჩაძიება. წლების განმავლობაში კომპანია უშვებდა დეტალებს პისტოლეტებისთვის და სულ რაღაც 4 წელია დაიწყო პისტოლეტების წარმოება. ის პირველი არ არის, ცოტახნით ადრე Lone Wolf-ი იგივე გზით წავიდა, დეტალებიდან მთლიან პისტოლეტებამდე.  კონცეფცია რომლის მიხედვით ისინი ქმნიან თავის პისტოლეტებს თავის დროზე შექმნეს Zev Technologies, Salient Arms-მა და Agency Arms-მა.  ეს არის გლოკის კონსტრუქციაზე დაფუძნებული სპეციალიზირებული პისტოლეტები, კომპლექტაციით და კონფიგურაციით, რომელიც იყო ხელმისაწვდომი მხოლოდ იმათთვის ვისაც ქონდა ბევრი დრო და ფული. თქვენ იღებდით სტანდარტულ გლოკს, როგორც ცუფთა ფურცელს და აგზავნიდით ოსტატებთან, რომლებიც ახორციელებდნენ ყველანაირი ტიპის სამუშაოებს. დაწყებული დეტალების გამოცვლით, საასპარეზო ლულების მორგებით, კასტომიზაციით, ოპტიკის დაყენებით, სასხლეტის დამუშავებით და დამთავრებული  ტარის პროფილის ცვლილებით. სამიზნი მოწყობილობების შეცვლაზე ხომ საერთოდ აღარც ვსაუბრობთ.  ხსენებული სამი კომპანია კი დაკავდა იმით რომ ყველაფერი ეს მოათავსეს სერიული წარმოების იარაღში, სადაც მეტ წილად იყენებდნენ საკუთარი წარმოების დეტალებს.  გლოკის პატენტებს გაუვიდათ ვადა, ასე რომ არანაირი იურიდიული დაბრკოლება არ იყო ასეთი პისტოლეტების გამოშვების წინ. ცოტათი წინ რომ გავიქცეთ, Shadow Systems-ის პროდუქცია განსხვავდება იმით, რომ განსხვავებით ამ ხსენებული კომპანიების პისტოლეტებისგან, მათი პისტოლეტების ფასი არ აღემატება 1000 დოლარს. 900-1000 დოლარად თქვენ  (ამერიკაში) მოგდით კასტომიზირებული “გლოკი” ისეთი ოფციებით რაც სტანდარტულ გლოკს უბრალოდ არ აქვს, მაგრამ აქვს სხვა ანალოგებს, რომლებიც უბრალოდ ორჯერ მეტი ღირებულების არიან. ასე რომ ჩემი წინ დგას ამოცანა გავარკვიოთ რა არის MR920? ეხლა მოდური, რენჯის ტაქტიკური სათმაშო თუ რეალურად სერიოზული იარაღი და ღირს თუ არა მასში მეტის გადახდა ვიდრე სტანდარტულ გლოკში.

~297624419_1110713512943886_550266659055081415_n

რა მოყვება ახალ პისტოლეტს? მუყაოს ყუთში დევს ნეილონის ჩანთა, სადაც მოთავსებულია პისტოლეტი, ორი მჭიდი, ჩანართების კომპლექტი, მაგველი, ისნტრუმენტი პინების ამოსაგდებად, მოკლე ინსტრუქცია, უსაფრთხოების საკეტი.

MR920 მასით და გაბარიტებით Glock 19-ის იდენტურია. პისტოლეტის წონა სავსე 15 ვაზნიანი მჭიდით 820 გრამია ცოტათი ნაკლები ვიდრე სტანდარტული გლოკ 19. ლულის სიგრძე 102 მმ-ს შეადგენს.  პირველივე შეხედვით ცხადი ხდება, რომ MR920 დამზადებულია დეტალებისადმი დიდი ყურადღებით. დავიწყოთ საკეტით. ის არ არის დაფარული “სერაკოუტით”, რომელსაც ხშირად იყენებენ პატარა მწარმოებლები, საკეტი დაფარული ნიტრიდის/ტენიფერის მსგავსი დაფარვით, რომელიც უკიდურესად გამძლეა. ჭრილები საკეტზე არის წინ და უკან და საპირისპირო მიმართულების არის. კუთხეები “ჩამოთლილია” ყველა მხრიდან რაც ვიზუალურად ამცირებს მის გაბარიტებს. სამიზნი მოწყობილობები რკინის არის, Ameriglo-ს წარმოების. კორა არის მწვანე ტრიტიუმის ელემენტით, თარაზო შავი, მეტალის. საკეტში მოთავსებულია საასპარეზო 102მმ სიგრძის ლულა, დამზადებულია 416R მარკის უჟანგავი ფოლადისგან,  დაფარულია  მოწითალო ბრინჯაოს ფერის ტიტანის ნიტრიდით (ტრენდი რომელიც თავის დროზე პოპულარული გახადა  Salient Arms-მა). ლულის გარე ზედაპირზე შესრულებულია სპირალური ჭრილები. ლულის არხი არის კლასიკური ხრახნებით ხოლო ბიჯი გახლავთ 1:10-ზე. დამაბრუნებელი ზამბარა არის არის ერთიანი მოდული, თავისი მეტალის ღერძით. ექსტრაქტორი, დამტყმელის მცველი და სტრაიკერის მოდული აშკარად გლოკის იდენტურია მაგრამ ყველა დეტალი როგორც ჩანს არის ფრეზირებული და არა MIM როგორც მე-4 მე-5 და ნაწილობირვ მე-3 თაობის გლოკებში.

mr parts

ფრეზირებული დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის დეტალები. 

ჩარჩო არის ძალიან კომფორტული და ეფექტური ტექსტურით, შესამჩნევი გაუმჯობესება გლოკის მე-4 და მე-5 პისტოლეტებთან შედარებით, რომლებსაც ტექსტურა გინდა ქონია და გინდა არა. ისევე როგორც გლოკზე აქაც არის გლოკის სტანდარტის უნივერსალური სამაგრი და მჭიდის ღილაკი მისი გადაყენების შესაძლებლობით. საკეტის ჩამკეტი აშკარად არის უფრო დიდი ზომის ვიდრე გლოკზე, რომ ადვილი იყოს პისტოლეტის დაშლა. საკეტის წინა ნაწილში გათვალისწინებულია “თაროები” დამხმარე ხელის დიდი თითისთვის.  პისტოლეტი აღჭურვილია ნამდვილი ადაპტირებადი ტარის ჩანართებით და არა იმ “ერზაც” ჩანართებით რაც მოყვება გლოკს, მე-4 თაობიდან მოყოლებული. ჩანართი პისტოლეტს სამი მოყვება და მაგრდება ზუსტად ისე როგორც Walther P99-ში, მერცხალის კუდის ტიპის სამაგრით და ფიქსირდება ქვევიდან პინით. ძალიან მოსახერხებელია, ესთეტიურად უნაკლოდ შესრულებული გადაწყვეტილებაა. 1911 თუ გლოკის მსროლელი, ტარი და ჩანართები ისეთი დიზაინის არის, რომ ორივე ბანაკის წარმომადგენელი უპრობლემოდ მოირგებს იარაღს. თუ აქამდე პისტოლეტიდან არ გისვრიათ, უბრალოდ დააყენეთ რომელიმე ჩანართი, აირჩიეთ ოთახში რაიმე წერტილი, დახუჭეთ თვალები და დაუმიზნეთ იარაღი მაგ წერტილს დახუჭული თვალებით, შემდეგ გაახილეთ თვალები და ნახეთ საით უყურება ლულა, თუ პირდაპირ ე.ი. ეს ჩანართი თქვენთვისაა თუ არა დააყენეთ ის რომლითაც ასეთ შედეგს მიაღწევთ. MR920 იმიტირებს გლოკს, 1911-ს და გლოკს მაგრამ დამახასიათებელი კუზის გარეშე, რომელსაც ხშირად აცლიან ქარხნული ჩარჩოს გადაკეთებისას. ერთი პერიოდი გლოკის ჩარჩოს ასეთი მოდიფკაცია ეპოქსიდის გამოყენებით იყო საკმაოდ პოპულარული. ასეთ მოდიფიკაციას ცოტა კომპანია აკეთებდა და ძვირიც ჯდებოდა. ეხლა ეს MR920-ის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პირდაპირ ყუთიდან.  MR920 ჩარჩო არის ის რასაც აქამდე წლებია აკეთებდნენ ოსტატები და პროფესიონალი მსროლელები, ოღონდ ამჯერად ეს ყველაფერი თქვენია პირდაპირ ყუთიდან. 

ss grip parts

გარდა ამ სამი ჩანართისა პისტოლეტს მოყვება ასევე Grip plug და საკუთარი “მაგველი”, რომელიც ადვილად ყენდება პისტოლეტზე თანაც ნებისმიერი ჩანართის გამოყენებისას.  ამ პისტოლეტთან შედარებით გლოკის ევოლუცია მე-3-დან მე-5 თაობამდე უკვე გამოიყურება როგორც მომხმარებლების დაცინვა.  “მაგველის” დამატება კომპლექტში კარგია, იმიტომ რომ უნიკალური ჩარჩოს გამო, აქამდე არსებული სხვა მწარმოებლების “მაგველები” ამ პისტოლეტზე ვერ დაყენდებოდა. 

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ Shadow Systems-ის პისტოლეტებს საფუძვლად უდევს მე-4 თაობის გლოკების კონსტრუქცია. ასეთი არჩევანი განპირობებულია იმით, რომ ამ თაობის გლოკი იყენებს უფრო მოკლე დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსს, რამაც მისცა მათ საშუალება გამოიყენონ სახელურის ისეთი ფორმა რომელიც უფრო ღრმად ჯდება ხელში.  გლოკმა ეს გააკეთა როგორც ჩანს იმისთვის რომ გამოეყენებინა სახელურის ცვლადი ჩანართები რამაც როგორც ვხვდები ასევე გახადა ყველა მე-4 მე-5 თაობის გლოკის სახელური ოდნავ  უფრო თხელი ვიდრე წინა თაობებში. მეოთხე თაობის ჩარჩოს ასევე აქვს უფრო მოსახერხებელი მჭიდის ღილაკი, თანაც მისი გადაყენების ოფციით რაც აქამდე წინა თაობებში არ იყო შესაძლებელი. MR920-ს არ აქვს ორმხრივი საკეტის დამშვები როგორც მეხუთე თაობის გლოკებში, რაც კომპანიის დამფუძნებლის ტრევორ როს განმარტებით არ გაკეთდა იმიტომ რომ ჩათვალეს, რომ ეს ოფცია ზედმეტია და უმჯობესია საკეტი დაუშვა მისი უკან გაწევით და შემდგომ წინ გაშვებით ვიდრე მცირე ზომის ღილაკზე დაჭერით. თანაც ამით ხდება დამაბრუნებელი ზამბარის ბოლომდე შეკუმშვა და საკეტი წინ მიდის მეტი ენერგიით, რაც უზრუნველყოფს მეტ საიმედოობას ვაზნის მიწოდებიასას.

20220804_100555

წარსულ ჩაბარდა ნაკაწრები და ნაკბენები ხელზე, ჩარჩოს ისეთი ფორმა აქვს, რომ გამორიცხულია საკეტის და ხელის კონტაქტი. ყურადღება მიაქციეთ, რომ საკეტი პრაქტიკულად არა ატარებს ცვეთის ნიშნებს, რისი მიზეზიც არის ძალიან გამძლე დაფარვა. 

ჩარჩოს დაშლისას ვხედავთ, რომ აქ ყველაფერი გლოკის იდენტურია. ჩამკეტი ბლოკი დამზადებულია ასევე ფრეზირებით. სასხლეტი სწორი ფორმის არის. არ ვიცი ვისი და რა კომპონენტებია გამოყენებულია, მაგრამ სასხლეტი ცოტათი უკეთესია ვიდრე მე-5 თაობაზე და ბევრად უკეთესი ვიდრე  წინა თაობის გლოკებზე, პირველ რიგში რომ ის უფრო ინფორმატიულია და “ხრაშუნის” შეგრძნება არ გაქვს როდესაც სასხლეტს აჭერ. ეს არის საასპარეზო სასხლეტი, მაგრამ ის კარგი და ადეკვატურია საბრძოლო პისტოლეტისთვის.  კომპანია ირწმუნება, რომ სასხლეტს მათ პისტოლეტებზე აქვს ოდნავ მოკლე თავისუფალი სვლა, მაგრამ ისე რომ ერთ-ერთი შიდა დაცვის მექანიზმი კვლავ მუშაობდეს ეფექტურად, რომელიც არ აძლევს საშუალებას დამრტყმელის გამშვებს დაიძრას ადგილიდან სანამ არ დაიწყება სასხლეტზე დაჭერა. როდესაც თქვენ აჭერთ სასხლეტს გლოკს, გამშვები იწყებს უკან მოძრაობას, ცდება დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმის კორპუსის იმ ნაწილს რომელიც არ აძლევს მას საშუალებას დაიწიოს (დავარდნისას ან ძლიერი დარტყმისას) და გაათავისუფლოს დამრტყმელი. მხოლოდ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ის იწყებს ქვევით მოძრაობას რაც საბოლოო ჯამში აძლევს საშუალებას დამრტყმელს გამოვიდეს მასთან კონტაქტიდან, რომ  “გავარდეს” წინ რომ დაარტყას სავაზნეში მოთავსებული ვაზნის ამაალებელს.

MRpmagმჭიდებს რაც შეეხება, პისტოლეტს მოყვება ორი ცალი 15 ვაზნიანი მაგპულის “პიმაგი”. “პიმაგს” სტანდარტულ მჭიდზე უფრო სქელი ხუფი აქვს, რომელიც კარგად მუშაობს მაგველთან. ხანდახან მჭიდი “იკარგება” მაგველის შიგნით და მისი დაბრკოლების შემთხვევაში ხელით ამოძრობა ხდება შეუძლებელი. აქ ასეთი პრობლემა არ იქნება. ცხადია პისტოლეტზე წავა გლოკის ქარხნული მჭიდები. 

ვიზუალური დათვალიერებით მეტ წილად კმაყოფილი დავრჩი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ეს პისტოლეტი სულ რაღაც ალბათ 1 წელი იმყოფებოდა საქართველოში და მას უკვე დაეტყო უხეში/არასწორი მოპყრობის კვალი. ტიტანის ნიტრიდით დაფარვას ეტყობოდა დაზიანებები გამოწვეული რაღაც ქიმიის ზემოქმედებით.  იმაზე რომ რაღაც აგრესიული ქიმია იყო გამოყენებული ასევე მეტყველებდა ფერ გადასული ექსტრაქტორი და დამარუნებელი ზამბარის მოდულის ნაწილები. ჩემი ვარაუდით ეს ამიაკის გამოყენების ნიშნებია. მადლობა ღმერთს, ლულის არხი და პრინციპში ყველა სხვა დეტალი იყო მეტ წილად უნაკლო. საკეტის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა რომ დამრტყმელი დაზეთილია რაღაც მწვანე საფოხით, რაც არავითარ შემთხვევაში დასაშვები არ არის. ასევე როგროც ჩანს შიგნით მოხვდა დამრტყმელის მცველის დამცავი ფენის ნაწილაკები. არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა, მაგრამ როგორც მივხვდი ეს დეტალი რაღაც დაფარვას ატარებდა რომელიც მას ჩამოცვივდა. დიდი არაფერი ეს არ არის მაგრამ შეიძლება მე უბრალოდ ვცდები. სხვა ასეთი პისტოლეტი მე არ მინახავს და შედარებაც არ შემიძლია.  დამტყმელი ასევე დაფარულია რაღაც დამცავი დაფარვით, რომელიც მოწითალო ფერის არის მაგრამ ამჯერად რამე დაზიანების, აქერცვლის ნიშნები მე ვერ ვიპოვე.

პისტოლეტი დამრტყმელი იდენტურია მე-4 და წინა თაობებში გამოყენებული გლოკის იგივე დეტალთან. ბევრმა არ იცის რომ მისი ასეთი ფორმა განპირობებულია იმით თუ როგორ მუშაობს გლოკის პისტოლეტი. ვაზნის მიწოდებისას დამრტყმელი გამოშვერილია და მას მიწოდების ციკლის დროს ხვდება მასრა, რომელიც უნდა შეცურდეს ექსტრაქტორის ქვეშ. დახრილი კონუსური ფორმა არ აძლევს დარმტყმელს საშუალებას წამოედოს მასრის კიდეს და გამოწვიოს დაბრკოლება.  ეს დახრა ასრულებს ტრამპლინის როლს და აძლევს მასრას საშუალებას ის გაწიოს გზიდან ისე რომ არ მოხდეს გაჭედვა. მე-5 თაობის გლოკებში და ახალი თაობის Shadow Systems-ის პისტოლეტების გამოიყენება განსხვავებული გადაწყვეტილებები, გაუმჯობესებული ფორმის დამრტყმელი გლოკში და ზამბარით აღჭურვილი დამრტყმელი Shadow Systems-ის პისტოლეტებში, რომელიც არ აძლევს საშუალებას დამრტყმელს იყოს გარეთ გამოშვერილი.  რატომ ამდენი წვალება იკითხავთ? პირველ რიგში ტექნოლოგიურობა, მრგვალი ნასვრეტის გაკეთება საკეტში ბევრად მარტივია ვიდრე მართკუთხედის ფორმის ჭრილის გაკეთება. აქვე დავამატებ რომ ორივე კი არა და სამივე სისტემა აბსოლუტურად საიმედოა და გამძლე და საბოლოო მომხმაარებლისთვის არც ერთი არაა რომელიმეზე უკეთესი.

20220719_125428

მიზეზი რის გამო დამრტყმელი და არხი რომელშიც ის მოძრაობს არასდროს არ იზეთება. ზეთი იკრავს ჭუჭყს (ჩანს სურათში) ხოლო რამე უფრო ბლანტი საფოხის გამოყენება მხოლოდ ზრდის დაბრკოლებების ალბათობას. 

არ შეიძლება არ ვახსენო, რომ Shadow Systems-ი იყენებს უნიკალურ ოპტიკის დაყენების სქემას თავის პისტოლეტებზე, რომელიც არ საჭიროებს “პლატას” და გამოსადეგია პრაქტიკულად ნებისმიერი პოპულარული რედ დოტის დაყენებისთვის. მიღწეულია ეს საკეტის კონსტრუქციის შეცვლით, რომელის შესაძლებელს ხდის გამოიყენოთ შედარებით გრძელი ხრახნები და ასევე შესაბამისი სპეისერები (მოყვება პისტოლეტს კომპლექტში). აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ დაიცვა პატენტით. მე დიდიხანია თვალს ვადევნებ პისტოლეტის ოპტიკების და მათი დაყენების მეთოდების ევოლუციას და უნდა აღვნიშნო რომ დღეისთვის, Shadow Systems-ის გადაწყვეტილება არის ალბათ საუკეთესო ყველაფერზე რაც აქამდე არსებობდა.  ჩვენ MR920-ს  რა თქმა უნდა არ აქვს ოპტიკის დაყენების ოფცია.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პისტოლეტი როგორც ნებისმიერი “კასტომიზირებული” გლოკი გამოირჩევა უფრო “გადატვირთული” დიზაინით რაც მათ გამოარჩევთ უფრო ასკეტური სტანდარტული გლოკისგან. ხანდახან ეს დიზაინი ზედმეტად გადატვირთულია. ჩემი აზრით Shadow Systems-ის პისტოლეტებში ბალანსი დაცულია და პისტოლეტი გამოიყურება როგორც პისტოლეტი დამზადებული სპეც შეკვეთით მაგრამ ზედმეტობების გარეშე. თანაც პისტოლეტზე არის წარწერების მინიმალური რაოდენობა. აქ არ არის არც “ტყვია გამოფრინდება აქიდან” ან “წაიკითხეთ ინსტრუქცია გამოყენებამდე” და არც საკითხავი მარკირებები როგორც Springfield Armory-ის ავად სახსენებლი “Grip Zone” წარწერა სახელურზე, რაც თავის დროზე გახდა უამრავი ხუმრობის და მემის თემა.

ეხლა მთავარი კითხვა, როგორია ეს იარაღი სროლაში? პისტოლეტი მე ვიყიდე მეორადი და ყველანაირად ეტყობოდა რომ რაღაც რაოდენობა ვაზნების, დიდი ალბათობით რამდენიმე ასეული, უკვე იყო ამ პისტოლეტიდან ნასროლი, რაც ნიშნავდა რომ აუცილებელი 200 გასროლიანი ციკლი ამ პისტოლეტმა უკვე გაიარა. იკითხავთ რა ციკლზეა საუბარი და გიპასუხებთ, რომ საქმე იმაშია, რომ კომპანია Shadow Systems იძლევა რეკომენდაციას ან უფრო გაფრთხილებას, რომ საჭიროა ისროლოთ 200 ვაზნა, რომ ყველა დეტალი “მოჯდეს” და პისტოლეტმა დაიწყოს საიმედოდ ფუნქციონირება. ამ პერიოდში პისტოლეტი უნდა იყოს კარგად დაზეთილი და მოსალოდნელია შეფერხებები. 200 გასროლის მერე მწარმოებელი ირწმუნება რომ პისტოლეტი იმუშავებს საიმედოდ და უპრობლემოდ. გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ შევამჩნიე რომ MR920 გამოირჩევა დეტალების უფრო ზუსტი მორგებით ვიდრე სტანდარტული გლოკი და არც ამ “აბკატკების” თეორიის მომხრე არ ვარ. ეს დაკვირვება ეხება როგორც ლულის და საკეტის ასევე საკეტის და ჩარჩოს გადაბმას.

ჯამში ჩვენ ვისროლეთ 150-მდე ვაზნა, სამი წონის ტყვიით. 115 გრანი – Federal Syntech, 124 გრანი – Magtech FMJ, 147 გრანი – Speer law Enforcement TMJ ტყვიის ბრტყელი ცხვირით. სროლის დროს იყო ზუსტად 0 დაბრკოლება. ექსტრაქცია იყო პოზიტიური, მხოლოდ მჭიდში ბოლო ვაზნის გასროლისას, ექსტრაქციის მიმართულება იცვლებოდა და ერთხელ მასრა საკეტზეც დაეცა.

20220730_174741 20220730_175507 20220730_182841

სიზუსტეს რაც შეეხება ის იყო ადეკვატური, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული რაც ჩემთვის პირადად ერთგვარი იმედგაცრუებაც იყო, იმის მერე რაც სტანდარტული Glock 34 ისროდა პრაქტიკულად ტყვიას ტყვიაში. აქ რეალურად ჩვენ მივიღეთ მე ვიტყოდი ტიპიური სტანდარტული გლოკისთვის სიზუსტე.

ნაწილობრივ ასეთი შედეგი, რომელიც სულაც არ არის ცუდი საბრძოლო პისტოლეტისთვის, აიხსნება საკმაოდ მაღალი სამიზნი მოწყობილობებით და საკმაოდ მძიმე სასხლეტით. სანამ ამ პისტოლეტზე ეხლა ხელს ჩაიქნევთ, მე უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის კომპაქტური 9მმ-ნი პისტოლეტი, რომლის გამოყენების ფილოსოფია მინიშნებულია მის დასახელებაში – Combat. ეს პისტოლეტი არ არის საასპარეზო “სარბოლო” იარაღი, იგულისხმება, რომ ეს იარაღი უნდა ატარონ სამხედროებმა, პოლიციელებმა და ა.შ.  შესაბამისად სასხლეტი არ შეიძლება იყოს მსუბუქი უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. სხვათაშორის სასხლეტი კარგია, შედარებით ახალი, გლოკის ტიპის იარაღისთვის. ის ინფორმატიულია, ზუსტად იცი, როდის მოხდება გასროლა, არ აქვს ხრაშუნი და აქვს ძალიან მოკლე რესეტი. უბრალოდ წონის გამო ის ითხოვს მიჩვევას, რომ აჩვენო მართლა კარგი სიზუსტე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ პისტოლეტი გასწორებულია (უნდა ვივარაუდოთ ქარხნიდან) და დამიზნების და მოხვედრის წერტილები ემთხვევა, რაც ყოველთვის სასიამოვნოა. მოხვედრის წერტილი პრაქტიკულად დიდად არ შეცვლილა სხვადასხვა მუხტების გამოყენებისას რაც ასევე კარგია.

უნდა აღინიშნოს, რომ პისტოლეტს აქვს ძალიან დაბალი უკუცემა, განსაკუთრებით 115 გრანინი “ფედერალით” სროლისას. ლულის ხტომა პრაქტიკულად არ არის, რისი მიზეზიც არის უკიდურესად ერგონომიული სახელურის და ზოგადად ჩარჩოს ფორმა. სწრაფი სროლა ამ პისტოლეტიდან ძალიან ადვილია. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ MR920 ყველაზე სწრაფი პისტოლეტია რაც მე შემიძლია გავიხსენო. ეს მიიღწევა ჩარჩოს ჭკვიანური დიზაინით, ცოტათი უფრო მსუბუქი საკეტით (ნაკლები მასა მოძრაობს იქეთ აქით) და ალბათ დამაბრუნებელი ზამბარის წონით.

სამიზნი მოწყობილობები კარგად ჩანს და მიუხედავად იმისა, რომ მაღალია, შუქს კარგად ატარებენ და მათი დანახვა ადვილია. მაგველის წყალობით მჭიდის გამოცვლები ელვასავით სწრაფია. ამ პისტოლეტზე საასპარეზო სასხლეტის და სამიზნი მოწყობილობების დაყენება გადაიყვანს ამ პისტოლეტს აბსოლუტურად სხვა დონეზე.

საბოლოო ჯამში ეს კარგი იარაღია, მაგრამ ალბათ უნდა გესმოდეთ რას ყიდულობთ. დიდი მწარმოებლები ხარჯავენ მილიონებს რომ მიღწეულ იქნას კონსისტენტური ხარისხი მათი პროდუქციის, მათ შეუძლიათ იქონიონ ნაწილების და მასალების დიდი მარაგი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული სხვადასხვა ფაქტორებზე, რომლებიც ახდენენ გავლენას ხარისხზე. მეორეს მხრივ, როდესაც ყიდულობთ ასეთი ტიპის არასტანდარტულ პროდუქტს შედარებით პატარა მწარმოებლისგან, მაინც უნდა იცოდეთ რომ ყიდულობთ პატარა სერიით გამოშვებულ პროდუქტს. ასეთი მწარმოებლები ბევრად უფრო მოწყვლადები არიან იმ ფაქტორების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ იქონიონ გავლენა პროდუქტის ხარისხზე. ასევე პარტიიდან პარტიამდე იქნება განსხვავებები მცირე დეტალებში (დაფარვებში და ა.შ.).  მე კარგად მახსოვს როდესაც ერთ გადაცემაში “დისქავერის” არხზე, მოტოციკლისტს გაუფუჭდა ახალი, ოსტატის აწყობილი ბაიკი. გაჟონა ბენზინმა ავზიდან. ხდება ხოლმე, როდესაც საქმე გაქვს ქასტომ ბაიკებთან, აღნიშნა მეპატრონემ.  ეს ავზი დაამზადა ხელით ხელოსანმა და მას შეიძლება შეცდომა მოუვიდეს, როგორც ყველა ადამიანს. ავზი ჩემ სუზუკიზე შეადუღა რობოტმა და მერე მეორე რობოტმა შეამოწმა ნაკერები ჰერმეტულობაზე. ეს არის დაახლოებით რისი თქმაც მინდა მაგალითად Shadow Systems-ის პისტოლეტების და გლოკების შედარებაზე. ისიც ვიცი რომ MR920-ის მერე მე გამიჭირდება სტანდარტულ გლოკებზე “გადაჯდომა”, იმიტომ რომ ერგონომიულობის და სროლისუნარიანობის კუთხით MR920 ძალიან შორს არის წასული. გამომდინარე იქიდან, რომ MR920 ტექნიკურად პრაქტიკულად გლოკია, უნდა ვივარაუდოთ რომ საიმედოობა და რესურსი უნდა იყოს მინიმუმ გლოკის ტოლფასი, რაც მისაღები იქნება ნებისმიერი მსროლელისთვის.  ასე რომ პასუხი კითხვაზე რა არის MR920 არის ალბათ უფრო სერიოზული იარაღი ვიდრე რენჯის სათამაშო, ალბათ იმიტომ რომ ასეთ მოკლე პერიოდში პასუხის გაცემა ასეთ კითხვაზე იქნებოდა ცოტა არასერიოზული. თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად შეგატყობინებთ.

shooterscentral.ge-ს დასკვნა: Shadow Systems MR920 Combat არის სერიული წარმოების კასტომიზირებული პისტოლეტი, რომელიც არის ის რაც უნდა ყოფილიყო გლოკი, უკანასკნელს რომ მეტი ყურადღება მიექცია პროდუქტის რეალური განვითარებისთვის და იმ ტრენდებისთვის რაც არსებობს ბაზარზე.  ასეთი პისტოლეტების სპეციფიკიდან გამომდინარე, მფლობელმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გატესტოს ეს პისტოლეტი და დააკვირდეს მის ფუნქციონირებას, რომ დარწმუნდეს რომ შეიძლება ამ იარაღს ანდო სიცოცხლე, იმიტომ რომ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, გაყიდული ასეთი იარაღების 99% საბოლოო ჯამში რენჯის სათამაშოს როლს უფრო ასრულებს ვიდრე საბრძოლო ინსტრუმენტის. ამ მწარმოებელმა შძეძლო და შექმნა გლოკის კლონი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეინარჩუნა დეტალების თავსებადობის მაღალი ხარისხი ორიგინალურ გლოკთან, ამავე დროს წარმოადგენს ხარისხობრივად ბევრად უფრო უკეთეს პლატფორმას ვიდრე ორიგინალური პისტოლეტი. ფასთან ერთად ამ კატეგორიაში ეს პისტოლეტი რეალურად უკონკურენტოა.

297769646_5308777082545792_4633760747471101495_n