Archive for October 10th, 2021

Beretta 92X გამადიდებელი შუშის ქვეშ

Sunday, October 10th, 2021

სულ რაღაც რამდენიმე თვეა თბილისში შესაძლებელი გახდა, ახალი X მოდფიკაციის Beretta 92 სერიის პისტოლეტების შეძენა. ამ სერიის პისტოლეტების გამოშვება სულ ახლახანს დაიწყო ბერეტამ და ცხადია მე, როგორც ამ მოდელის პისტოლეტის მოყვარული, შანს ვერ გავუშვებდი ხელიდან თავად შემეფასებინა ის და შემდგომ გამეზიარებინა ჩემი შთაბეჭდილებები ბლოგის მკითხველებისთვის.

berxgen

კომპაქტური მოდელი 92X GR, 13 ვაზნიანი მჭიდით. G ნიშნავს, რომ პისტოლეტს აქვს მხოლოდ დეკოკერი და R ნიშნავს Rail ანუ იარაღის ჩარჩოზე არის პიკატინის სამაგრი. 

1985 წელს ამერიკის ჯარმა 4 წლიანი “წვალების” შემდეგ მიიღო Beretta 92FS შეიარაღებაში. 1987 წელ გამოვიდა ჯერ “Die Hard”-ის პირველი, ხოლო 1988 წელს “Lethal Weapon”-ის პირველი ფილმები. 1989 წელს სახელგანთქმული ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი მთლიანად გადაიარაღდა ახალი ბერეტებით. ყველა ამ მოვლენამ ჯამში, განაპირობა Beretta 92-ის სტაბილური გაყიდვები მომდევნო რამდენიმე ათწლეულით. იმის თქმა რომ ჩემზე იმოქმედა რომელიმე ამ მოვლენამ და შემაყვარა ეს პისტოლეტი, ნამდვილად იქნება ტყუილი. მე მაშინ უბრალოდ ძალიან პატარა ვიყავი, იმისთვის რომ მიმექცია ასეთ რამეებისთვის ყურადღება. Beretta 92-ს მე მივაქციე ყურადღება ჯონ ვუს ფილმების წყალობით და ასევე ფრანგული ფილმის Le Marginal-ში ჟან-პოლ ბელმონდოს მონაწილეობით, სადაც ფიგურირებდა Beretta 93R, რომელმაც მიიქცია ჩემი ყურადღება ჯერებით სროლით და უჩვეულო ვერტიკალური დასაკეცი სახელურით რაც აქამდე პისტოლეტებზე არასდროს არ მინახია. ნამდვილად რასაც Beretta 92-ს ვერ დაუწუნებ, არის მისი იერსახე, პისტოლეტი განსხვავებულად გამოიყურება და ძალიან ლამაზია. უკვე შემდგომ, წლების მერე, მე ავისრულე ოცნება და ვიყიდე ჩემთვის Berreta 92FS Inox, რომელსაც მერე მოყვა ერთი ალბათ 5 სხვა ბერეტა. მოდელი 92 იმდენად ლამაზი იარაღია, რომ დედაჩემმაც კი ის რომ დაინახა, ეს აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე და არც მას მერე არანაირი ყურადღება ჩემი იარაღებისთვის არ მიუქცევია.

ეხლა საიდან გაჩნდა X სერია? X სერიის Beretta 92 არის ერთგვარი სიმბიოზი გამოცდილების, რაც კომპანიამ მიიღო ბილ უილსონთან და ერნსტ ლანგდონთან თანამაშრომლობით და ასევე M9A3-ის შექმნიდან, რომელსაც უნდა შეეცვალა ამერიკულ ჯარში M9A1. მთელი ეს გამოცდილება რაც კომპანიამ მიიღო ამ პროექტებიდან უნდა ასახულიყო ახალ X სერიაში. ამჟამად X მოდიფიკაციის სტანდარტული მოდელია ხელმისაწვდომი, კომპაქტური მოდელი, “ცენტურიონი” (მოკლე საკეტი და ლულა, სტანდარტული ჩარჩო) და ასევე მოდელი Performance, დამზადებული მთლიანად ფოლადისგან და გათვლილი სპორტისთვის.

bill and ernie

ბილ უილსონიც და ერნსტ ლანგდონიც ახორციელებენ ახალი ბერეტას პისტოლეტების ან მათთან მფობელების მიერ გაგზავნილი პისტოლეტების ტუნინგს და კასტომიზაციას. ორივე ეს ადამიანი აბსოლუტური ლეგენდები არიან იარაღის და სროლის სამყაროში და ის ფაქტი რომ ორივე არიან Beretta 92-ის მოყვარულები რაღაცას და ნიშნავს .  

რა განსხვავებებია X მოდიფიკაციას და საქართველოში ყველაზე გავრცელებულ FS მოდიფიკაციას შორის? დავიწყოთ ყველაზე თვალში საცემი ცვლილებებით. შეცვლილია სახელურის ფორმა. ასეთი სახელური არ არის რაიმე ახალი ბერეტასთვის, იმიტომ რომ 11 წლის წინ ბერეტამ გამოუშვა 92-ის მოდიფიკაცია სახელწოდებით Vertec, რომელზეც იყო გამოყენებული ასეთი სახელური. ის დათხელებულია გვერდებიდან და უკანა ნაწილი პრაქტიკულად სწორი აქვს, FS-თვის ტიპიური კუზის გარეშე. შეცვლილია სასხლეტის დამცავი კავის ფორმაც, ის ამჯერად მრგვალია, როგორც ისევ და ისევ 92-ის პირველ მოდიფიკაციებზე. წარსულს ჩაბარდა ასევე წინა სამიზნი მოწყობილობა, რომელიც იყო შესრულებული საკეტთან ერთად. ამჯერად წინა სამიზნის მოწყობილობა დაყენებულია “მერცხალის კუდის” ტიპის სამაგრში. გარდა ამისა ბერეტამ უარი თქვა სამი წერტილის ტიპის კონფიგურაციაზე და ეხლა ახალ X მოდიფიკაციაზე ყენდება კენ ხაკატორნის სტილის კორა და თარაზო სადაც თარაზო არის შავი, დაზოლილი ჭრილებით , რომ არ ირეკლავდეს შუქს ხოლო კორა არის დიდი წითელი წერტილით. ტარის წინა და უკანა ნაწილები დაფარულია აგრესიული ჩეკერინგით, როგორც ჩემ M9A1-ზე. სალოყეები ასევე ზე-აგრესიული ტექსტურით არის, რის გამოც პისტოლეტი ძალიან მყარად ზის ხელში და მიუხედავად იმისა, რომ ტარი მოკლეა, ოფლიანი ხელებითაც არ გაქვს განცდა რომ იარაღი ცუდად გიჭირავს, თუმცა ცალკე საკითხია, რას უზამს ასეთი დაფარვა ტანსაცმელს. აგრესიული ტექსტურა ასევე იკრავს მტვერს და პერიოდულად საჭიროებს წმენდას.  სხვათაშორის X მოდიფიკაციებს მოყვება სათადარიგო “გადაბმული” ტარი, რომელიც ხდის სახელურს უფრო დამსგავსებულს FS მოდიფიკაციასთან, მაგრამ ჩემი შეგრძნებით ასეთი wrap-around ტიპის სახელურითაც X მოდიფიკაციის სახელური მაინც უფრო თხელია ვიდრე სახელური FS-ზე.

bermuzzle

წარსულს ჩაბარდა გარეთ გამოშვერილი ლულის ნაწილი ასევე ლულა არის აღჭურვილი დამცავი გვირგვინით. FS-ზე ასეთი გვირგვინი არ გვხვდება. ახალ ბერეტებზე ხშირად ვაწყდები ასეთ თეთრ ლაქებს ლულის გამოსასვლელთან. რით არის ეს განოპირობებული არ ვიცი, სავარაუდოდ ეს ლაქები ჩნდება რაღაც წარმოების პროცესის თავისებურების გამო. დიდ ყუარადღებას მე ამას არ მივაქცევდი, მაგრამ არის ხალხი, რომელიც ასეთ რამეებს ჩემზე უფრო სერიოზულად უყურებს. 

 bermagrel

ჩემი დაკვირვებით, მჭიდის  გათავისუფლები ღილაკიც უფრო მაღალი და დიდია ვიდრე FS სერიაზე.

berxsights

კენ ხაკატორნის სტილის სტანდარტული სამიზნი მოწყობილობები ახალ ბერეტაზე, არის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 

უკანასკნელ ბერეტებში რაც მე მქონდა, ფართოდ იყო გამოყენებული პლასტმასები, ანუ ის დეტალები რაც თავდაპირველად იყო მეტალის, ამჯერად დამზადებული იყო პლასტმასისგან. X სერიაში ყველა დეტალი არის რკინის. დამაბრუნებელი ზამბარის ღერძიც კი, რაც თანამედროვე პისტოლეტებში უკვე დიდი იშვიათობაა. პისტოლეტის პრაქტიკულად ყველა დეტალი გარდა სალოყეებისა, მჭდის ხუფის და მიმწოდებლისა არის რკინის.

“კომპაქტის” ლულის სიგრძე 111.5მმ (სრული ზომის მოდელში 125 მმ) ჩემი გაზომვით მაგრამ ბერეტას საიტზე მითითებულია 108მმ. მისი წონა სავსე მჭიდით 1065 გრამი (მჭიდის გარეშე 820 გრამი), რაც საკმაოდ მძიმეა. შედარებისთვის, ჩემი ტაქტიკურ-პრაქტიკული გლოკი 34, გრძელი საკეტით და 19 ვაზნით იწონის კილოზე ნაკლებს. სამიზნი ხაზის სიგრძე კომპაქტურ მოდელში 146მმ-ია, ნაცვლად 155-სა სრული ზომის მოდელში.

პრინციპში სულ ეს არის, დანარჩენში ეს იგივე ბერეტა 92-ია, ალუმინის ჩარჩოთი, ჩაკეტვის სქემით რომელიც აღებულია Walther P38-იდან, დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი ორმაგი მოქმედების, გარედან განლაგებული ჩახმახით. იარაღის სახელმძღვანელო იგივეა, დაშლა/აწყობა და მოვლა მომსახურების რეგლამენტი ასევე იგივეა. დაფარვაც რკინის დეტალების არ შეცვლილა. ალუმინის ჩარჩი ანოდიზირებულია, საკეტი დაფარულია შავი პრიალა დამცავი დაფარვით, რომელსაც “ბერეტაში” ეძახიან “ბრუნიტონს”. ეს არის ტეფლონის დაფარვა დატანილი პარკერიზებულ ზედაპირზე. ლულა მხოლოდ პარკერიზებულია. პისტოლეტს კომპლექტში მოყვება ორი 13 ვაზნიანი მჭიდი. სრული ზომის მოდელებს მოყვება ორი 15 ვაზნიანი მჭიდი და მე არ მესმის რატომ არ არის სტანდარტული, 17 ვაზნიანი მჭიდები, რომლებიც გამოიყენება Beretta m9A3-ში, თანაც სპეციალური ანტიფრიქციული დაფარვით. ჩემი აზრით ეს მჭიდები უნდა იყოს სტანდარტული ყველა სრული ზომის ბერეტასთვის იმიტომ რომ ეს არის საუკეთესო მჭიდები, რომელიც ბერეტას ოდესმე გამოუშვია.

ეხლა გადავიდეთ კრიტიკულ ნაწილზე. პისტოლეტზე რომელზეც მე მქონდა წვდომა, შევამჩნიე რომ ლულას გარედან ყველგან ეტყობა ინსტრუმენტის კვალი, რისი მიზეზიც არის ის რომ დამცავი დაფარვის დატანამდე არ მოხდა ლულის ზედაპირის საბოლოო პოლირება ( ეს ჩემი ვარაუდით). გადამოწმებამ ამერიკელ იარაღის ოსტატებთან, მაჩვენა რომ ტენესის საწარმოში  გამოშვებულ ბერეტებზე ჩვეულებრივი ამბავია. ამან დამაეჭვა და ამიტომ დავშალე მთელი იარაღი რომ გამადიდებელი შუშით და მიკრომეტრით შემემოწმებინა დეტალები და მათი ზომების ერთგვაროვნება. უნდა ვთქვა რომ სხვა რამე ანომალია მე ვერ აღმოვაჩინე.

barrelimperf

ასე გამოიყურება დამუშავების კვალი ლულის ზედაპირზე.  ზედაპირი არ არის იდეალურად მრგვალი და თითქოს დაზოლილია. 

berxsbarinsuide

მეორეს მხრივ ლულის შიდა ზედაპირი იყო უნაკლო თუ არ ჩავთვლით მცირე დაბინძურებას.

მეორე პრობლემა, რომელმაც თავი იჩინა იყო ადვილად მოსაგვარებელი, მაგრამ კვლავ გააჩინა კითხვები ახალ ქარხანაში ხარისხის კონტროლთან მიმართებაში. სასხლეტის გამოკვრისას, რესეტი იყო “შენელებული”, თითქოს სასხლეტი რაღაცას ედებოდა ან მას რაღაცა უშლიდა ხელს საწყის მდგომარეობაში დაბრუნებისას. ამის მიზეზი სწრაფად დავადგინე. სასლხეტის ბერკეტს რომელიც არის ჩარჩოს გარედან განლაგებული, აწვებოდა პლასტმასის სალოყე და არ აძლევდა მას თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. ერთი წუთი დრემელით იყო საკმარისი, რომ სალოყეს შიდა მხრიდან მომეცილებინა პლასტმასის თხელი ფენა რაც მისცემდა ბერკეტს თავისუფლად მოძრაობის საშუალებას. უნდა აღვნიშნო რომ ორივე სალოყის შემთხვევაში რაც იარაღს მოყვა, ეს პრობლემა არსებობდა და ამიტომ მეორე დეტალიც ასე გადავაკეთე.

ეხლა რაც შეეხება ბერეტას ახალ ქარხანას. 2016 წელს ბერეტამ გადაწყვიტა მთლიანად გადაეტანა წარმოება მერილენდის შტატიდან ტენესის შტატში, რისი მიზეზიც იყო მერილენდის შტატის ხელუსუფლების მიერ მიღებული კანონები მიმართული იარაღის ბრუნვის შეზღუდვაზე, რომლებმაც სერიოზულად გაურთულეს საქმე კომპანიას და ხელს უშლიდნენ მას საქმიანობაში. ახალი ქარხანა ტენესის შტატის ქალაქ გალატინში არის საკმაოდ მსხვილი, რაც გასაკვირი არ არის, კომპანიის 50% პროდუქციის იყიდება ამერიკულ ბაზარზე, თუმცა სახელურის მორგების და ლულის ზედაპირის პრობლემა, იუწყება რომ გარკვეული პრობლემები ბერეტას აქვს, რაც უკავშირდება ალბათ ძალიან დიდ მოთხოვნას პროდუქციაზე. შეიძლება წარმოების მასშტაბების გაზრდა ამცირებს ხარისხს, შეიძლება რაღაც სხვა მიზეზია, შეიძლება მე არ გამიმართლა და შემხვდა ასეთი ერთი, ზუსტი მიზეზის დადგენა ჩემთვის შეუძლებელია. შეიძლება მე ზედმეტად ვამახვილებ ყურადღებას კოსმეტიკურ დეტალზე, მაგრამ ბერეტასგან მე უფრო მეტს ველი ყოველთვის.

wideejectionportnofeedjams

მიზეზი ბერეტა 92-ის საიმედოობის, ვაზნა განლაგებულია მაღლა და ტყვიის თავი იყურება პირდაპირ სავაზნეში, ასევე ირგვლივ არაფერი არ არის რაც შეუშლის გასროლილი მასრის ექსტრაქციას. 

რას ვისურვებდი, რა აკლია პისტოლეტს? ალბათ მხოლოდ დამცავი კავის გადამრგვალება არ იქნებოდა ურიგო, როგორც ლანგდონის მიერ გამოშვებულ/კასტომიზირებულ Beretta 92-ებზე. ქარხნულ ბერეტებზე ეს არის “ხოთ სპოტი” რომელიც ძალიან გიშლის ნერვებს, იმიტომ რომ დამცავი კავი არასასიამოვნოდ გაწვება შუა თითზე და გიქმნის საგრძნობ დისკომფორტს. კარგი იქნებოდა რომ ყველა 92 კომპლექტდებოდეს ახალი თაობის მჭიდებით. მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. ხარისხის საკითხს რაც შეეხება და ლულის ხარისხს კონკრეტულად, შეიძლება მე შემხვდა ერთი ასეთი, შეიძლება ეს გამონაკლისია მაგრამ შეძენისას მიაქციეთ ყურადღება ამ დეტალს.

რა შეიძლება ითქვას ამ სტატიის ბოლოს? ბილ უილსონის, ერნსტ ლანგდონის და ბერეტას კოლაბორაციამ გამოიწვია ერთგვარი რენესანსი ბერეტა 92-თვის და მსროლელებს კვლავ გაუჩნდათ ინტერესი ამ ვეტერანის მიმართ, რომელიც ნაკლებად ჯდება თანამედროვე თავდაცვითი პისტოლეტის პარადიგმაში, რომელიც ეხლა არსებობს. ნებისმიერი გაგებით ეს პისტოლეტი არის მორალურად მოძველებული, თავისი ჩაკეტვის სქემით, საკეტზე განლაგებული მცველით ან თუნდაც ორმაგი მოქმედების დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმით. მაგრამ ამ ორი ოსტატის წყალობით ამ პისტოლეტმა პრაქტიკულად მიიღო მეორე სიცოცხლე. ბერეტას მხრიდან იყო ჭკვიანური სვლა, ამ კოლაბორაციის შწედეგად მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებების “ინტეგრირება” ქარხნულ მოდელებში. პირველ რიგში ეს ცვლილებები წარადგება იმათ ვისაც ეს პისტოლეტი მოწონდა მაგრამ ვერ ეგუებოდა სქელ სახელურს. X სერიაში ეს პრობლემა მოგვარებულია.  რაც შეეხება ფასებს, სამწუხაროდ ამ სტატიის დაწერის მომენტისთვის ფასები იარფაღებზე ძალიან გაზრდილია და ახალი X სერიის “ბერეტების” ფასი მერყეობს 4000 ლარის ფარგლებში, რაც არც ისე ცოტა არის.