Archive for March, 2020

გამოსადეგია თუ არა .22lr თავდაცვისთვის?

Friday, March 27th, 2020

black three

პნეივმონიის გამომწვევი ვირუსის გავრცელებამ, მისცა საშუალება სახელმწიფოს მარტივად შეეზღუდა ხალხისთვის წვდომა იარაღის შეძენაზე და გასხვისებაზე, უბრალოდ დახურა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა და თქვენი უფლებაც განკარგოთ თქვენი ქონება და შეიძინოთ თავდაცვის საშუალება ასევე “დაიხურა”. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ არ დაიწყება ასევე იარაღის კონფისკაცია, რა თქმა უნდა  “საზოგადოების ინტერესებიდან” და მასზე “ზრუნვიდან” გამომდიანარე.  ამ გადაწყვეტილების იურიდიულ, ეკონომიკურ და მორალურ მხარეზე საუბარი შორს წაგვიყვანს მაგრამ,  დასკვნები თავად უნდა გააკეთოთ. და პირველი დასკვნა უნდა ის იყოს, რომ თქვენი უფლებები ხელშეუხებელი არ არის,  მთავარია ხელის შეხების მიზეზი მოიძებნოს.

თუ ვიღაცა ამ კრიზისმა დააფიქრა საკუთარ უსაფრთხოებაზე, ის უკვე ვერაფერს ვერ შეძლებს, ლეგალური გზები იარაღის შეძენის დორებით მაგრამ გაუქმდა. მაგრამ რა მოხდება თუ ვთქვათ ანალოგიური კრიზისის პერიოდში ერთადერთი, რაც თქვენ ხელთ გაქვთ არის .22lr კალიბრის იარაღი ან როგორც მას ჩვენთან ეძახიან – “გეკო”. ან კრიზისი არ არის და უბრალოდ მეტის საშუალება არ გაქვთ? რამდენად გამოსადეგია .22 კალიბრი და მასზე გათვლილი იარაღი თავდაცვისთვის? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომელი მუხტები აირჩიოთ? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას მე შევეცდები ამ სტატიაში.

.22lr არის ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი და ამავე დროს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული კალიბრი.ამის მიზეზი ბევრია, ეს ვაზნა გამოიყენება მრავალ მათ შორის ოლიმპიური სპორტის სახეობებში, ის ღირს ძალიან იაფი და იარაღიც მასზე გათვლილი იაფი და ხელმისწავდომია პრაქტიკულად ნებისმიერი შემოსავლის მქონე  ადამიანისთვის. ამ ვაზნაზე გამოდის ნებისმიერი ტიპის ხრახნილლულიანი ტიპის იარაღი, პისტოლეტები (ნახევრად-ავტომატური და რევოლვერები), კარაბინები გადატენვის ყველანაირი სქემით, კომბინირებული იარაღებიც. თავის მხრივ მცირეკალიბრიანი იარაღი გამოიყენება, როგორც მიზანში სასროლად, ასევე პლინკინგისთვის (არაფორმალური, გასართობი სროლა) ასევე სანადიროდ, ხშირად ასევე, როგორც პირველი იარაღი ახალბედა მსროლელისთვის.  ასე გამოვიდა, რომ ყველა ამ როლს .22lr იდეალურად მოერგო. როგორც აღვნიშნე ვაზნა იაფია, ძალიან ზუსტია, მისი დამზადება ადვილია და ის იშოვება პრაქტიკულად ყველგან.

ტექნიკურად .22lr ვაზნა არის  5.6მმ კალიბრის, წრიული აალების, რაც ნიშნავს რომ მას არ გააჩნია ამაალებელი, ხოლო მის ფუნქციას ასრულებს 15.6მმ სიგრძის მასრის კიდეში ჩაპრესილი ამაალებელი ნივთიერება. სწორედ ამ კიდეში ურტყავს მას დამრტყმელი. მასრა ცილინდრული ფორმის არის ხოლო ტყვია როგორც წესი არის ან გარსის გარეშე ან გარსის როლს ასრულებს მეტალის შემცველი დაფარვა. უკანასკნელის გამოყენება განპირობებულია ზოგ მუხტში ტყვიის მაღალი საწყისი სიჩქარით, როდესაც გარსის გარეშე ტყვია შეიძლება მოწყდეს ხრახნებიდან და მისი სტაბილიზირება ლულაში ვერ მოხერხდება, რაც თავისმხრივ ნეგატიურად აისახება სიზუსტეზე. ასეთ შემთხვევაში ლულის ტყვიის ნადებით დაბინძურებაც ასევე უფრო ინტენსიური იქნება. ტყვიის წონების ვარირებს, როგორც წესი 30-დან 40 გრანამდე,  საწყისი სიჩქარე 300-დან 500 მ/წ-მდე. ტყვიის კონსტრუქციები ასევე მრავალეფორავანია: კონუსური, მრგვალი თავით, ექსპანსიური, საფანტის, დაფარვით და დაფარვის გარეშე.

229c

ეს ვაზნა, როგორც ხვდებით არ იყო შექმნილი თავდაცვისთვის. თავდაპირველად ის შეიქმნა პატარა ცხოველებზე სანადიროდ. მაგრამ შეცდომაში ნუ შეგიყვანთ ამ კალიბრის მოკრძალებული პარამეტრები. მცირეკალიბრიან ტყვიას შეუძლია მოკლას ადამიანი. ტყვიის ენერგია ვარირებს 170-დან 260 ჯოულამდე რაც არ არის ბევრი, მაგრამ გააჩნია რას ვადარებთ, ასე მაგალითად 7.65 ბრაუნინგის კალიბრის ტყვიის ენერგია ასევე 250 ჯოულის ფარგლებშია, ასე რომ .22 სათამაშო კალიბრი ნამდვილდ არ არის.  შეიარაღებულ შეტაკებაში მოხვედრის ადგილი თამაშობს კრიტიკულ როლს და კარგად დამიზნებულ გასროლას მცირეკალიბრიანი იარაღიდან ექნება სასურველი ეფექტი. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი გასროლის გაკეთება რთულია, როდესაც იმყოფები უკიდურესი სტრესის ზემოქმედების ქვეშ და თანაც შენი სამიზნე სწრაფად მოძრაობს. რა თქმა უნდა ჯობია, რომ ქონდეთ ყველაზე ძლიერი კალიბრი, კონტროლირებადი ექსპანსიით, მაგრამ ხანდახან ეს შეუძლებელია ან უბრალოდ სხვა გზა არ არის……

სულ არაფრის ქონას, ქვაც ჯობია ხელში. მიუხედავად იმისა, რომ .22lr არ გამოირჩევა შთამბეჭდავი ციფრებით, მისი გავრცელებულობის გამო, თავდაცვისთვის გამოყენების შემთხვევები ძალიან ბევრია. 

თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ .22 კლაიბრის ტყვიას შეუძლია ადამიანის გაჩერება, პირველი კითხვა რაც უნდა გაგიჩნდეთ არის რა ტიპის .22lr კალიბრის ვაზნა უნდა გამოვიყენოთ? როგორც აღვნიშნე ამ კალიბრის მუხტების ვარიანტები ძალიან ბევრია და არჩევანის გაკეთება გვიწევს .22 კალიბრის ვაზნების საკმაოდ დიდი ასორტიმენტიდან.  დავიწყოთ იქიდან, რომ ეს უნდა იყოს კარგი მწარმოებლის მაღალი ხარისხის ვაზნები, რაც უნივერსალური წესია ნებისმიერი თავდაცვითი კალიბრისთვის.  ასევე ვაზნები უნდა იყოს ახალი და ვიზუალურად შემოწმებული დეფექტებზე.  კონსტრუქციიდან გამომდინარე .22lr კალიბრის ვაზნა ადვილად ინესტება და დენთის მუხტი კარგავს თვისებებს ან საერთოდ არ აალდება. მჭიდის დატენვისას უნდა ვიზუალურად შეამოწმოთ ყოველი ვაზნა. რბილი ტყვიის თავი ადვილად დეფორმირდება ან იცვლის მდგომარეობას მასრაში. ტყვია უნდა იჯდეს ერთგავროვნად მასრაში, არ უნდა იყო გადაბრეცილი ან იჯდეს მასრაში ზედმეტად ღრმად. ტყვია ასევე არ უნდა იყოს დეფორმირებული და არ უნდა გააჩნდეს სხვა დაზიანებები.

ვაზნები აუცილებლად უნდა შეამოწმოთ სროლით, რომ დარწმუნდეთ რომ დენთის მუხტი დანესტილი არ არის. ეს ასევე დაგარწმუნებთ, რომ თქვენი იარაღი მუშაობს ამ მუხტთან, არ არის ამაალებელი ნივთიერების მტყუნება, ხდება ვაზნის საიმედო მიწოდება და გასროლილი მასრის ექსტრაქცია. სტატისტიკა, რომელსაც მე ვაწარმოებ მეუბნება, რომ 99% შეფერხებების მოდის მცირეკალიბრიან იარაღზე და როგორც წესი შეფერხება არის ორი ტიპის, შეფერხება მიწოდებისას ან მტყუნება. მიწოდების შეფერხებების მიზეზი არის ვაზნა, რომელიც არ არის საუკეთესოდ ოპტიმიზირებული ნახევრად-ავტომატური იარაღისთვის, ტყვიის ფორმის გამო ან უბრალოდ დენთის მუხტი არასაკმარისია რომ მოხდეს გადატენვის ციკლი (იგულისხმება რომ იარაღი გამართულ მდგომარეობაშია). აქვე დავამატებ, რომ როგორც წესი. პრობლემას ქმნიან სტანდარტული ან საასპარეზო მუხტები დაბალი საწყისი სიჩქარით, მაღალსიჩქარიანი ვაზნები უფრო საიმედოდ მუშაობენ. საიმედოობა კიდე არის ყველაზე მთავარი, რაც ნიშნავს, რომ უპირატესობა უნდა მივცეთ ზე-სწრაფ (hyper-velocity) მუხტებს. სტანდარტული და ე.წ. “საბ სონიკები” გამორიცხეთ.

მაღალწნევიანი/სწრაფი მუხტები უფრო საიმედო არიან, მაგრამ მათი ხშირი გამოყენება ძველ თუნდაც მთლიანად ფოლადისგან დამზადებულ პისტოლეტებში შეიძლება მოყვეს ამ პისტოლეტების დაზიანება. 

ასევე მოერიდეთ ეკზოტიკური კონსტრუქციის ტყვიების გამოყენებას. კონუსური ტყვიები (მაგ. Remington Viper), ან მუხტები ზედმეტად მოკლე ექსპანსიური ტყვიით (LVE Сурок) არ გამოდგება იმიტომ, რომ უმეტესობა იარაღების ყველაზე საიმედოდ მუშაობენ მრგვალთავიანი ტყვიებით ხოლო არასტანდარტული ტყვიები ქმნიან პრობლემებს მიწოდებისას. ეხლა რაც შეეხება ტყვიის კონსტრუქციას, გაითვალისწინეთ, რომ მაღალსიჩქარიანი ექსპანსიური ტყვიები გათვლილია პატარა ცხოველებზე, სწრაფი და მკვეთრად გამოხატული ტყვიის დეფორმაცია/ფრაგმენტაციით. ასეთი ტყვია გაბრდღვნის ვირთხას, ციყვს მაგრამ თუ სამიზნე ორფეხა მტაცებელია, ეს ნიშნავს რომ ტყვია ვერ შეძლებს შეღწევას და დიდი ალბათობით ვერ მიწვდება შიდა ორგანოებს, რაც ნიშნავს, რომ სამიზნე არ გამოვა მწყობრიდან მალე და გააგრძელებს აგრესიას. ეს არის არასასურველი სცენარი, რომელიც ჩვენ არ გვაწყობს. ამიტომ, ჩემი აზრით .22lr კალიბრისგან ჩვენ გვინდა საიმედოობის გარდა ასევე მაქსიმალური შეღწევა. ამიტომ სწრაფი და მსუბუქი ექსპანსიური ტყვიები შეიძლება არ იყოს კარგი არჩევანი. ჯობია სწრაფი და მძიმე ტყვია მრგვალი თავით, რომელიც მასას კარგად ინარჩუნებს, ე.ი. აღწევს ღრმად.  ჩემი აზრით იდეალურთან ახლოს არის CCI AR Tactical, 40 გრანიანი მრგვალთავიანი დაფარული ტყვიით და საწყისი სიჩქარით 365 მწ-ში. ეს მუხტი ოპტიმიზირებულია ნახევრად-ავტომატური იარაღებისთვის და საიმედო მიწოდებისთვის. დაფარვა დამატებით ხელს უწყობს ფორმის/მასის შენარჩუნებას და შესაბამისასდ შეღწევას. ნაწილობრივ ტყვიის დაფარვის ამ თვისებებში  მე დავრწმუნდი როდესაც ვადარებდი .22long-ს და  .22lr-ს. პირველი იყო CCI-ს მუხტი 29 გრანიანი ტყვიით, დაფარვით და მრგვალი თავით, საწყისი სიჩქარით 365 მ/წ-ში.  მეორე იყო Eley Match, მრგვალთავიანი 40 გრანიანი ტყვიით, დაფარვის გარეშე და საწყისი სიჩქარით – 325 მ/წ-ში. კარაბინიდან სროლისას, შეღწევა იყო აბსოლუტურად ერთნაირი, ორივე ტყვიამ მასა შეინარჩუნა, ორივე აყირავდა მაგრამ მიუხედავად მაღალი სისწრაფისა და მცირე მასისა, დაფარული CCI-ს ტყვია ნაკლებად დეფორმირდა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, როგორც ტყვიის მოკლე სიგრძე ასევე ის, რომ ტყვია დაფარულია და უფრო მყარია, ან ორივე ეს ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში 7 მეტრიდან, .22long კალიბრის 29 გრანიანმა ტყვიამ გახვრიტა 13 სმ დაპრესილი სველი ქაღალდი, 1.5 სმ ხის ფიცარი და გაჩერდა დსპ-ს ფიცარში. დაფარული, მაღალის სისწრაფის ტყვია, სტანდარტულ ბალისტიკურ ჟელატინში გაივლის სადღაც 2o-დან 35 სმ-ს რაც სასურველი შეღწევის ზღვარის ქვედა მინიმუმია. რა თქმა უნდა მცირე კალიბრის გამო, დროებითი და პერმანენტული ჭრილობის არხი იქნება ვიწრო  მაგრამ ოპტიმალური შეღწევის მიღწევა შესაძლებელია თუნდაც მოკლელულიანი იარაღიდან. ყველა ტესტირების შედეგები, რაც მე ვნახე ადასტურებენ, რომ სწრაფ 40 გრანიან ტყვიებს აქვთ ყველაზე კარგი შეღწევა.

22LR-800

მე გადავხედე სხვადასხვა წყაროებს და მიჩნეულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური .22 კალიბრის მუხტი (თავდაცვის მხრივ) არის CCI Stinger (სურათზე მეორე), დაფარული ექსპანსიური ტყვია, 32 გრანიანი და თანაც ძალიან მაღალი სიჩქარით, რომელიც შეადგენს 500 მ/წ-ში. წლების განმავლობაში “სტინგერები” ითვლებოდა ყველაზე “ავ” .22lr კალიბრის მუხტად. სტატისტიკას ძალიან ფრთხილად უნდა მოვეპყროთ და არ უნდა გამოვრიცხოთ სტატისტიკური შეცდომები. “სტინგერების” მასიური გამოყენება განპირობებულია იმით, რომ როგორც აღვნიშნე საკმაოდ დიდიხანი ეს მუხტი იყო ყველაზე “ცხელი” და მეც ყოველთვის, როდესაც მქონდა ამის შესაძლებლობა ვინახავდი “სტინგერებს” ყველაზე უარესი სცენარებისთვის. გავრცელებულობის გამო, სტატისტიკური მონაცემებიც ამ მუხტზე მეტია. გარდა ამისა, იმ ტესტების მიხედვით რაც მე ვნახე, “სტინგერი” არასდროს არ ფრაგმენტირდება, რაც განაპიორბებს მის სტაბილურ შეღწევას, მაგრამ ამ თვისებით ის ჩამოუვარდება 40 გრანიან სწრაფ ტყვიებს.

ყველა მუხტის თვისებების განხილვა არ შედის ამ სტატიის მიზნებში, ამიტომ მნიშვნელოვანია გავიაზროთ მთავარი, ექსპანსიური და ფრაგმენტირებადი ტყვიები ხასიათდებიან ნაკლები შეღწევით, იმიტომ რომ ხარჯავენ ენერგიას არა შეღწევაზე არამედ დეფორმაციაზე და ფრაგმენტაციაზე. გაშლილი .22 კალიბრის ტყვიის დიამეტრი მაინც უფრო მცირეა ვიდრე მთლიანად გარსით დაფარული 9მმ-ნი ტყვიის. ტყვიები რომლებიც მასას და ფორმას კარგად ინარჩუნებენ ხასიათდებიან უკეთესი შეღწევით. შეღწევა არის .22 კალიბრის შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ წვრილი კალიბრი დაბალი სიჩქარით ვერ შეძლებს წარმოქმნას დიდი ჭრილობის არხის ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამს ქონდეს უნარი მიწვდეს და დააზიანოს შიდა ორგანოები.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მწარმოებლის მიერ გამოცხადებული მაჩვენებლები და ტყვიის მოქმედების პრინციპი რეალურია კონკრეტული სიჩქარეების დიაპაზონში. გაცდით ამ სიჩქარეების დიაპაზონს და დიდი ალბათობით მიიღებთ რადიკალურად განსხვავებულ შედეგებს. როგორც უკვე აღვნიშნე, მოკლე ლულა მკვეთრად ამცირებს საწყის სიჩქარეს! იგივე “სტინგერი” თუ აღწევს 500 მ/წ-ში გრძელი კარაბინის ლულიდან, პისტოლეტიდან სროლისას მისი სიჩქარე ეცემა 370 მ/წ-მდე. ეს საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელია. ეს ნიშნავს, რომ (გააცნია მუხტს) ექსპანსიური ტყვია არ გაიშლება, ბუნებრივია თუ ენერგია არ იხარჯება დეფორმაციაზე/გაშლაზე ის იხარჯება შეღწევაზე და “სტინგერი” ნასროლი 5სმ-ნი ლულიდან შეაღწევს იგივე სიღრმეზე რაც “სტინგერი” ნასროლი 10სმ-ნი ლულიდან, განსხვავება იქნება მხოლოდ ის რომ 10-სმ ლულიდან გასროლისას სტინგერის ტყვია გაიშლება. ასევე გაითვალისწინეთ, რომ უმეტესობა მწარმოებელი კოლოფზე უთითებს სიჩქარეს, რომელიც მიღებულია გრძელი ლულიდან.

რეკომენდირებულ მუხტებს შორის არის უკვე ნახსენები CCI Stinger, ასევე CCI Mini-mag, CCI AR Tactical (იგივე Mini-mag, ტყვიის თავის ფორმით, რომელიც ოპტიმიზირებულია საიმედო მიწოდებისთვის ნახევრად-ავტომატურ იარაღში), 40 გრანიანი Aguila Interceptor, 40 გრანიანი მრგვალთავიანი Federal Champion, 32 გრანიანი CCI Quick-shock და CCI Velocitor. ყველა ეს მუხტი არის ცხელი და რაც მთავარია ძალიან კარგი ხარისხის. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არც ერთი მწარმოებელი არ უშვებს .22lr კალიბრის მუხტს, რომელიც ოპტიმიზირებულია თავდაცვისთვის, რაც გასაგებია, ასევე არავინ არ უშვებს .375H&H-ს ოპტიმიზირებულს თავდაცვისთვის, იმიტომ რომ არც პირველი და არც მეორე არ არის შექმნილი ამ დანიშნულებით.

anti ter

“ბერეტა 70″ არის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი კარგი რეპუტაციით, მაღალ სიჩქარიანი Remington Viper შეიძლება ჩაითვალოს რომ საკმაოდ ცხელი მუხტია, მაგრამ სამწუხაროდ ჩემმა ბერეტამ ვერ იმუშავა საიმედოდ ამ მუხტთან. აღნიშნული მაგალითი ადასტურებს, რომ შემოწმება აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, ისიც რომ კლიმატური პირობები უფრო რადიკალურად მოქმედებენ მცირეკალიბრიან ვაზნაზე. ჰაერის დაბალი ტემპერატურა ამცირებს საწყის სიჩქარეს. თბილი, ზამთრის ტანსაცმელი რადიკალურად შეამცირებს მცირეკალიბრიანი ტყვიის ეფექტურობას, სქელი ტყავის ქურთუქი ასვე იგივე გამოიწვევს.

რაც შეეხება ე.წ. “ტაქტიკურ წინაღობებში” გავლის შესაძლებლობას, აქ რამე საოცარ თვისებებს არ უნდა ველოდოთ რბილი და ნელი ტყვიისგან. ტყვია გახვრიტავს ავტო მანქანის ძარის თუნუქის ნაწილებს, ასევე საქარე მინას, ერთ-ერთ ტესტში საქარე მინის გახვრეტის შემდეგ, ტყვიამ შეაღწია ბალისტიკურ ჟელატინში 8სმ-ით . სწრაფი დაფარული ტყვია ასევე გახვრიტავს 5 ფენა 1.2 სმ-ნი “გიფსოკარდონს”.   ინტერნეტში ნახავთ უამრავ ასეთ იმპროვიზირებულ ტესტირებას, მაგრამ შედეგებს ყოველთვის უნდა შეხედოთ ჯანსაღი სკეპტიციზმით. ასეთი ტესტები ტარდება მოყვარულების მიერ, სატესტო პირობები არასტაბილურია ან განსხვავდება, იგივე ბალისტიკური ჟელატინის რეცეპტის ცვლილებისას ან თუნდაც მისი ტემპერატურის ცვლილებამ შეიძლება რადიკალურად იმოქმედოს ტესტირების საბოლოო შედეგეზე. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება .22lr შედარებით სუსტი კალიბრია მაგრამ, როგორც ხვდებით მას შეუძლია სერიოზული ზიანის მიყენება.

ვაზნების როტაცია არის აუცილებელი. .22 კალიბრის ვაზნა არის ფაქიზი და ცუდად უძლებს ნესტის ზემოქმედებას, ამიტომ როტაცია უნდა იყოს შედარებით ხშირი, რომ არ მოხდეს მტყუნება. 

მე თავს შევიკავებდი ეკზოტიკური კვების სისტემებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ კიდეს დიამეტრი აღემატება მასრის დიამეტრს, ეს ვაზნა არ არის იდეალური მჭიდიანი იარაღისთვის. უმეტესობა მჭიდების არის ერთ-რიგიანი და იტევს მაქსიმუმ 10 ვაზნას. უფრო ეკზოტიკური კვების სისტემები, როგორც წესი კონსტრუქციულად რთულია, ნაკლებად საიმედოა. მათი უმეტესობა განკუთვნილია გასართობი სროლისთვის ამიტომ, როგორც წესი არ არის გათვლილი უხეშ ექსპლუატაციაზე. ხსენებული კიდეს გამო, მჭიდები უნდა დატენოთ ყურადღებით, რომ ვაზნების განლაგება მჭიდში იყოს სწორი. შეიძლება ამას ბევრმა არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ აღმოჩნდა რომ ზოგჯერ ის თუ როგორ ავსებთ მჭიდს ვაზნებით, განაპირობებს რამდენად საიმედოდ მუშაობს იარაღი. ვინც არ იცით ახალი .22 კალიბრის “გლოკის” პისტოლეტების პრობლემური საიმედოობა სწორედაც რომ დაუკავშირდა მჭიდის ვაზნებით ავსების მეთოდს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე აგვიხსნეს ….

.22lr არის ბინძური კალიბრი. ეს ეხება, როგორც ნამწვავს და დენთის ნარჩენებს ასევე ტყვიით დაბინძურებას, რომელიც რჩება ლულაში და რაც უფრო სახიფათოა, მიწოდებისას ათლილი ტყვიის ნაწილაკები, რომლებიც გროვდება სავაზნესთან. ამიტომ, თუ აპირებთ რომ იარაღი გამოიყენოთ, როგორც თავდაცვის საშუალება, უმჯობესია მეტი ყუარღება დაუთმოთ იარაღის მოვლას და საფუძვლიან წმენდას. პლინკერი შეიძლება გაწმინდოთ მას მერე რაც ის დაიწყებს გაჭედვას, თავდაცვითი იარაღის შემთხვევაში ასეთი მიდგომის შედეგი იქნება შეფერხება ყველაზე არახელსაყრელ დროს.

unnamed

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე .22 ალიბრის ამუნიცია საიმედოა, როგორც არასდროს აქამდე, ხოლო კარგი ხარისხის მცირეკალიბრიანი იარაღები კარგად იტანენ დაბინძურებას, იარაღის, რომელიც გამოიყენება თავდაცვისთვის უნდა ყოველთვის იყოს კარგად გაწმენდილი. 

.22 კალიბრის იარაღის არჩევანზე მე ბევრს არ დავწერ. არავინ არ ყიდულობს მცირეკალიბრიან იარაღს თავდაცვისთვის, ამ იარაღს ყიდულობენ იმ დანიშნულებით, რაც სტატიის დასაწყისში დავწერე, უბრალოდ ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება იყოს გამოყენებული თავდაცვისთვის. უფრო მეტიც, მცირეკალიბრიანი იარაღის ნებისმიერმა მფლობელმა უნდა იფიქროს და უნდა ქონდეს სცენარი, ასეთი იარაღის საჭიროების შემთხვევაში თავდაცვის მიზნით გამოყენებაზე.

წლების წინ მე ვიყიდე ჩემი თუ არ ვცდები პირველი .22 კალიბრის პისტოლეტი მაღაზია “დიანაში”. ეს იყო მშვენიერი Browning Buckmark Bullseye Target, წლები გავიდა და მას მერე თბილისის მაღაზიებში არ გამოჩენილა  ანალოგიური ხარისხის მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. იმ დროს მე საკმაოდ საშუალო მსროლელი ვიყავი პისტოლეტიდან, მაგრამ ეგრევე აღმოვაჩინე რამდენად ადვილია ამ პისტოლეტიდან სწრაფი და ზუსტი სროლა და ზოგადა რამდენად ზუსტი შეიძლება იყოს მცირეკალიბრიანი პისტოლეტი. ადვილად შესაძლებელი იყო ათი სწრაფი გასროლის წარმოება და ათივე ტყვია მოხვდებოდა სილუეტის ცენტრში.

ნამდვილად, კარგი იარაღი და აღჭურვილობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მომზადება, შემართება და სულისკვეთება. 1972 წლის 8 მარტს ბიბი ნეტანიახუ წავიდა სამგზავრო თვითმფრინავის შტურმზე შეიარაღებული .22 კალიბრის პისტოლეტით, იმიტომ რომ მიჩნეულ იქნა რომ უფრო მსხვილ კალიბრიანი იარაღი შეუქმნიდა საფრთხეს მძევლებს. ოპერაცია “იზოტოპი” შევა ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მძევლების გათავისუფლების ოპერაცია. 1968 წლის 18 თებერვალს “ელ ალის” ახალგაზრდა მცველი მორდეხაი რახამიმი, შეიარაღებული მცირეკალიბრიანი პისტოლეტით, დაუპირისპირდა AK-47-ებით შეიარაღებულ ოთხ ტერორისტს და გაიმარჯვა. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ტეხასში, სიტყვიერი დაპირისპირება 19 წლის დაკოტა კირკმანს და 38 წლის მანუელ მარტინესს შორის  გადაიზარდა შეიარაღებულ შეტაკებაში, მარტინესმა ესროლა კირკმანს 15-ჯერ .223 კალიბრის AR-15-დან და 12-ჯერ .40 კალიბრის პისტოლეტიდან და ყველა ააცილა, კირკმანს თან ქონდა მართო ცალვაზნიანი კარაბინი, ერთი ვაზნით სავაზნეში. მან ერთი გასროლით მკერდში. მოკლა მარტინესი. სასამართლომ ის ცნო უდანაშაულოდ და აღიარა რომ ის მოქმედებდა თავის დაცვის მიზნით.    ანდაზა, ვაჟკაცსა გული რკინისა, აბჯარი თუნდა ხისაო ამ შემთხვევაში როგორც არასდროს აქტუალურია, იცოდეთ თქვენი და თქვენი იარაღის შესაძლებლობები, ბევრი ივარჯიშეთ, ჩამოაყალიბეთ სწორი აზროვნების ყაიდა და  თქვენ ხელში .22lr კალიბრის იარაღიც იქნება ეფექტური ინსტრუმენტი.

კვირის იარაღი – FN 1906

Saturday, March 21st, 2020

bb1

ევროპაში ზოგადად და ჩვენ ქვეყანაში კონკრეტულად ეს პატარა 6.35 კალიბრის პისტოლეტი ცნობილია, როგორც FN 1906 (FN – ბელგიური კომპანია, რომელიც უშვება ამ პისტოლეტს), ამერიკაში მას იცნობენ როგორც 1905 წლის მოდელს, იმ წლის მიხედვით როდესაც ჯონ ბრაუნინგმა დაარეგისტრირა პატენტი, ხოლო ამერიკაში მას ლიცენზიით უშვებდა კოლტი და ამ პისტოლეტს ერქვა 1908 წლის Colt Pocket Hammerless. ამ პისტოლეტს ასევე ეძახდნენ “ჟილეტის პისტოლეტს” უფრო სწორედ ამ პისტოლეტმა წარმოშვა ეს ტერმინი. იმ დროს ჯენტლმენის გარდერობის ნაწილს წარმოადგენდა ჟილეტი ორი პატარა ჯიბით, მონეტებისთვის და ჯიბის საათისთვის, ხოლო პატარა ბრაუნინგი უპრობლემოდ ეტეოდა ასეთ ჯიბეში.  როგორც ყველა ბრაუნინგის იარაღი, 1906 წლის მოდელიც, გამოირჩეოდა მარტივი კონსტრუქციით, ადვილად იშლებოდა და საიმედოდ მუშაობდა. მასში გამოყენებული ავტომატური მცველი უზრუნველყოფდა მეტ-ნაკლებად უსაფრთხო ტარებას ვაზნით სავაზნეში. იმის გამო რომ პისტოლეტს არ გააჩნდა ჩახმახი, ხოლო გარედან ყველა მისი კუთხე იყო გადამრგაველბული, პისტოლეტის ჯიბიდან ამოღება და პირველი გასროლის წარმოება იყო ძალიან მარტივი. კალიბრი 6.35 შექმნა ამერიკული Union Metallic Cartridge-ის უილიამ მორგან ტომასმა, ჯონ ბრაუნინგის თხოვნით, სპეციალურად ამ პისტოლეტისთვის. ბრაუნინგის ჩანაფირით, ორ ინჩიანი ლულიდან გასროლილ 6.35 კალიბრის ტყვიას, უნდა ქონოდა იგივე ენერგია, რაც .22lr კალიბრის ტყვიას უფრო გრძელლულიან იარაღში.  6.35×16mmSR (ამერიკული დასახელება .25 ACP) ნიშნავს, რომ 16მმ სიგრძის მასრას აქვს კიდე, რომლის დიამეტრი მასრის დიამეტრზე უფრო დიდია. ასეთი კონსტრუქციის მიზეზი ჩემი აზრით ის იყო, რომ სავაზნის დამზადება ასეთი ვაზნისთვის უფრო ადვილია, როდესაც ვაზნის განლაგება სავაზნეში სრულდება მასრის კიდეს გამოყენებით. ამასთანავე ვაზნა არის ცენტრალური აალების და ამაალებლის გამოყენების კვალობაზე 6.35მმ იყო ყველაზე მცირე ზომის მასრა, რომლის გამოყენებაც ტექნიკურად იყო შესაძლებელი. ამასთანავე მასრაზე შესრულებული წრიული ღარი უადვილებს სამსახურს ექსტრაქტორს. ცენტრალური აალების სქემის და გარსით დაფარული ტყვიის გამოყენებამ ასევე განაპირობა პისტოლეტის მაღალი საიმედოობა გვერდითი აალების ვაზნასთან შედარებით, რომელიც იყენებდა რბილი ტყვიისგან დამზადებულ ჭურვს.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზის გამო, ბრაუნინგის კონსტრუქციის პისტოლეტები წარმოებული კოლტის და FN-ის მიერ, სარგებლობდნენ ძალიან დიდი პოპულარობით. პირველმა გამოუშვა ნახევარი მილიონი, ხოლო მეორემ მილიონზე მეტი პისტოლეტი. ასევე უამრავმა სხვა მწარმოებელმა გამოუშვა მილიონობით ამ პისტოლეტის კოპია და მოდიფიკაცია, ხოლო მათი უმეტესობა რქ თქმა უნდა მოდის ესპანეთის პროვინცია ეიბარზე, სადაც უმრავი წვრილი მწარმოებელი უშვებდა ამ პისტოლეტის უამრავ ნაირსახეობას. ამის გამო ეს პისტოლეტი, ამა თუ იმ შესრულებით, არც ისე იშვიათად გვხვდება საქართველოშიც. მე თავის დროზე, ძალიან დიდი ხნის წინ, გამიმართლა და ჩემ ხელში აღმოჩნდა ორიგინალური ბელგიური ბრაუნინგი თანაც იდეალურთან ახლო მდგომარეობაში. 6 ვაზნიანი 350 გრამიანი პისტოლეტი მიუხედავავდ ასაკისა იდეალურად მუშაობდა, იყო საკმაოდ ზუსტი მიუხედვად წვრილი/რუდიმენტარული სამიზნი მოწყობილობებისა. ჩემი პისტოლეტი ასევე აღჭურვილი იყო მექანიკური მცველით, რომელიც გაჩნდა ბელგიურ პისტოლეტებზე 1909 წელს, ხოლო კოლტის პისტოლეტი თავიდანვე იყო აღჭურვილი ასეთით. ბელგიური პისტოლეტები მექანიკური მცველით განეკუთვნებიან ე.წ. მეორე ტიპის 1906 წლის ბრაუნინგებს. ამ პისტოლეტმა ასევე ერთხელ დამიცვა სერიოზული ხიფათისგან, რომელზეც ადრე თუ გვიან მე აუცილებლად მოგიყვებით.

Baby-Browning-22

პისტოლეტს ჯერ არაფორმალურად ხოლო 30-ნი წლებიდან ოფიციალურად ერქვა “ბები-ბრაუნინგი”. სურათზე არის კიდე უფრო კომპაქტური და მსუბუქი (270 გრ)  1931 წელს წარმოებაში გაშვებული “ბები-ბრაუნინგი”, რომელზეც მუშაობდა დიდიე საივი. 

დღევანდელი სტანდარტებით, არც 6.35 არ არის დამკმაყოფილებელი და არც 6 ვაზნიანი ტევადობა არ არის საკმარისი, მაგრამ ბრაუნინგები დღემდე გამოდის. FN-მა შეწყვიტა მათი წარმოება 70-ნი წლების ბოლოლმდე და მოკლე ვადით უშვებდა საფრანგეთში 80-ან წლებამდე, რაც თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია. რიგი კომპანია დღემდე უშვებს 1906 წლის ბრაუნინგს, აქიდან ამერიკული PSA, Inc. უშვებს “ბები ბრაუნინგის” პრაქტიკულად ზუსტ და თანაც მაღალი ხარისხის ასლებს. მიუხედავად თავისი მოკრძალებული მაჩვენებლებისა, 1906 წლის ბრაუნინგი არის იარაღების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ხნიერი “ცოცხალი” წარმომადგენელი და ერთგვარი მტკიცებულება ჯონ ბრაუნინგის გამორჩეული ნიჭის.

რას წარმოადგენს ბიუჯეტური “მოსბერგი” – Maverick 88?

Saturday, March 7th, 2020

20200307_165532

საქართველოში 12 კალიბრის თოფი “Maverick 88″ საკმაოდ კარგად ცნობილი იარაღია. მისი იმპორტი მრავალი წლის განმავლობაში სტაბილურად ხორციელდება და თუ დააპირებთ მის შეძენას, “მავერიკს” ადვილად იპოვით, როგორც მაღაზიებში ასევე მეორადი იარაღის ბაზარზე.  ამერიკაში ის იყიდება 200-250 დოლარად, საქართველოში მისი ფასი მერყეობს 900-დან 700 ლარამდე. კონსტრუქციულად “მავერიკი” არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული “პომპის” Mossberg 500-ის “ბიუჯეტური” ვერსია. თუ გავითვალისწინებთ, რომ არც “მოსბერგ 500″ არ განეკუთვნება ელიტარული იარაღის კატეგორიას, მაშინ რას წარმოადგენს “მავერიკი”, ისედაც ბიუჯეტური თოფის უფრო ბიუჯეტური ვერსია?

დავიწყოთ იმით, რომ თოფს ნამდვილად უშვებს “მოსბერგი”, თუმცა თოფები იწყობა სხვა საწარმოში, იგლ პასში, ტეხასის შტატი, მავერიკის საგრაფოში, საიდანაც წამოვიდა ეს სახელი (Maverick, მავერიკ, ქართულად ნიშნავს არაორდინარულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს), ხოლო ერთ-ერთი მიზეზი დაბალი ფასისა გახლავთ ის, რომ გამოყენებული ნაწილების უმეტესობა დამზადებულია მექსიკაში. ორივე თოფი, “მოსბერგ 500″ და “მავერიკ 88″ მექანიკურად და ვიზუალურად პრაქტიკულად იდენტურებია და მხოლოდ რამდენიმე განსხვავებაა. ყველაზე თვალში საცემი არის მცველი, რომელიც “მავერიკზე” განლაგებულია დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსზე, სასხლეტის წინ. ნაკლებად თვალში საცემი არის ტიბჟირი, რომელიც პერმანენტულად დაფიქისირებულია რკინის ზოლურებთან, რომლებიც თავის მხრივ აკავშირებენ ტიბჟირს და საკეტს. “მავერიკის” რესივერი ასევევ არ არის წინასწარ გაბურღული ოპტიკის სამაგრის დასაყენებლათ. მეტი განსხვავება მექანიკურ მოწყობილობაში არ არის.

გარდა ამისა, ასევე განსხვავდება დეტალების დამუშავების ხარისხი. “მოსბერგთან” შედარებით, “მავერიკის” რკინის დეტალები ბევრად უფრო უხეშად არის დამუშავებული, რის გამოც საკეტის და გადატენვის მექანიზმიც ისე რბილად არ მუშაობს, როგორც ტიპიურ “მოსბერგში”. ყველა “მავერიკი” აღჭურვილია შავი პლასტმასის ფურნიტურით და სულ ახალ მოდელებზე ეს პალსტმასა საკმაოდ იაფფასიანად გამოიყურება. მიუხედავად ვიზუალური და ტექნიკური მსგავსებისა, თუ მაგალითად ლულა და საკეტი თავსებადია ორ თოფს შორის, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმები თავსებადი არ არის.

ჩვენი ტესტირების ობიექტი არის მოდელი “security”, რომელიც აღჭურვილია 47 სანტიმეტრიანი ცილინდრული არაქრომირებული ლულით. როგორც “მოსბერგ 500″-ზე, ქანჩი რომელიც აფიქსირებს ლულას, შესრულებულია ლულაზე და წინიდან ეჭირება მილისებრ მჭიდს, რომელიც თავის მხრივ იტევს 5 ვაზნას. ლულა ოქსიდირებულია, ალუმინის რესივერი დაფარულია შავი პრიალა დაფარვით. საკეტი მეტალის არის და არ არის დაფარული დამცავი დაფარვით. ჩემი დაკვირვებით “მოსვერგებზე” გამოიყენება უფრო უკეთესი დაფარვები.

20200307_165550

ლულის ფიქსაციის ასეთი მეთოდი გამორიცხავს მჭიდის ტევადობის გაზრდას.

თოფის სამიზნი მოწყობილობები შედგება ტრადიციული, ალტუნის მრგვალი კორასგან.  იარაღის წონა სავსე მჭიდით 2.8 კგ-ია, სიგრძე 97.5სმ, ლულის სიგრძე 47სმ. მოკლედ, როგორც ხვდებით “მავერიკ 88″ არის ყველაზე საბაზისო “პომპა” რომელიც შეიძლება წარმოიდგინოთ. არაფერი ზედმეტი, მაგრამ საჭირო რაღაცეებიც არ არის გათვალისწინებული, მაგალითად საღვედეები, რაც უკვე ტიპიურია ბვერად უფრო ძვირადღირებული ამერიკული იარაღებისთვის.

კონსტრუქციის აღწერილობა, რომ გავაგრძელოთ, თოფის საკეტი ძალიან გავს საქართველოში პოპულარული თურქული პომპების საკეტს, რომელთა აბსოლუტური უმეტესობა დაფუძნებულია იტალიური FABARM SDASS-ის კონსტრუქციაზე. ორივე შემთხვევაში საკეტი იყენებს ვერტიკალურ სიბრტყეში მოძრავ ბჯენს, რომელიც ზემოქმედებს ლულის კუდზე შესრულებულ კილოსთან. მოძრავ ბჯენს ასევე იყენებს “მავერიკი”. ეს პოპულარული სქემაა და ჯონ მოზეს ბრაუნინგმა პირველმა დააპატენტა თოფი ასეთი მოძრავი ბჯენით ჯერ კიდევ 1897 წელს.

უპირატესობა “ფაბარმის” ტიპის მექანიზმის გამომდინარეობს ჩემი აზრით იმაში, რომ შესაძლებელია ლულის მოხსნის შემდეგ, ტიბჟირი, ზოლურები საკეტის მატრებელი (ეს ყველა გაერთიანებული ერთ მოდულში) და საკეტი, განაცალკევოთ რესივერისგან, რაც მოსახერხებელია წმენდისთვის. “მავერიკის” შემთხვევაში ეს რომ გააკეთოთ ჯერ უნდა მოხსნათ ლულა, შემდეგ დამრტყმელ სასხლეტი მექანიზმი, რის შემდეგაც უნდა ამოიღოთ ქვევიდან საკეტის “მატარებელი” და ვაზნის ინტერცეპტორები, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ წინიდან საკეტის ამოღებას რესივერიდან.  ინტუიციურად “მავერიკს” ვერ დაშლით და მითუმეტეს ვერ ააწყობთ, საჭირო იქნება ისნტრუქციის წაკითხვა ან შესაბამისი ვიდეოს ნახვა. დიახ, “მავერიკი” თითქოს უფრო რთულია, მაგრამ ჩემი აზრით უფრო ექვემდებარება რემონტს, რამე რომ გამოვიდეს მწყობრიდან. გამონაკლისი არის დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის რესივერში ფიქსაციის მეთოდი. თუ “ფაბარმში” ის ფიქსირდება ორი შტიფტით, “მოსბერგებში ის უკნიდან ფიქსირდება შტიფტით ხოლო წინიდან შესაბამისი ბჯენებით, რესიცერში ამოჭრილ კილოებში. მე პირადად არ მინახავს და არ მსმენია ასეთი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ამბობენ, რომ ეს პლასტმასის ბჯენები ტყდება და თოფის გამოყენება ხდება შეუძლებელი, უნდა გამოიცვალოს დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის კორპუსო. “მოსბერგ 590a1″-ში ეს კორპუსი მაგალითად არის ლითონის.

ისევე როგორც “ფაბარმში”, მჭიდიდან ამოღებული ვაზნის დაფიქსირება მიწოდების პროცესში არ ხდება, მაგრამ “მავერიკში” მაინც გამოირიცხება ვაზნის გაჭედვა საკეტსა და სავაზნის კიდეს შორის, რაც ადვილად მიღწევადია ბევრი თურქული “ფაბარმის” კლონით, თუ ლულას საკმარისად დაბლა დახრით მიწისკენ. მარტივმა ექსპერიმენტმა დაადასტურა ჩემი სიტყვები. თურქული “ჩერჩილი” ვაზნა მიწოდების მცდელობისას გაჭედა, “მავერიკმა” არა.

ზოგადად, რომ გადახედოთ “მავერიკის” მიმოხილვებს დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ეს იარაღი სარგებლობს კარგი რეპუტაციით და საკამოდ გავრცელებულია. ამის მიზეზი პირველ რიგში რა თქმა უნდა არის ფასი. 200 დოლარად თქვენ პრაქტიკულად მართალია იღებთ “მოსბერგ 500″-ის ბიუჯეტურ ვერსიას, მაგრამ მიანც “მოსბერგ 500″-ს. თქვენ განკარგულებაშია ორმაგი საიმედო ექსტრაქტორი, ალუმინის მსუბუქი რესივერი, რომელიც არ იჟანგება, ვაზნების მისაწოდებელ ღია ფანჯარას, რომლის წყალობით მჭიდი ბევრად ადვილად და სწრაფად ივსება ვაზნებით. თოფის კონსტრუქცია ასევე ძალიან მარტივია, დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმის და მჭიდის გარდა ზამბარები არსად აღარ არის. განსხვავებით “რემინგტონ 870″-სგან ეჟექტორი არ არის პერმანენტულად დამაგრებული რესივერში, არამედ დამაგრებულია ხრახნით, რაც უზრუნველყოფს მის მარტივ გამოცვლას. “რემინგტონის” შემთხვევაში დაგჭირდებათ იარაღის ხელოსანი, ისიც იმ პირობით რომ მას ექნება სპეციალური ინსტრუმენტი.  

20200307_164310

დაშლილი “მავერიკის” ყველა დეტალი ხელმისაწვდომია წმენდისთვის და ინსპექტირებისთვის, მათ შორის ვაზნის მიწოდების მექანიზმის ყველა ელემენტი. მეორეს მხრივ “ფაბარმის” სისტემა უფრო სწრაფად და ინტუიციურად  იშლება და იწყობა. 

“მავერიკის” დანიშნულება არის სახლის დაცვა. როგორც მინიმუმ ყველა მოდელის, რომელიც იყენებს შედარებით მოკლე ლულებს. გამოყენების ეს ფილოსოფია გულისხმობს, რომ თოფის გამოყენება მოხდება უკიდურესად ახლო მანძილებზე. ასეთ მანძილებზე “მავერიკი” იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ყველაზე “დანავაროტებული” თაქტიკური “პომპა” მაგალითად იგივე FABARM-ის წარმოების, რომლის ფასიც სამჯერ ოთხჯერ უფრო მეტია.

ჩვენ შევეცადეთ, რომ გვენახა სად გადის ასეთი ტიპის თოფის ეფექტურობის ზღვარი და საკმაოდ დამაფიქრებელი შედეგები მივიღეთ. 50 მეტრიდან არც ერთი “სლაგი” სამიზნეს არ მოხვდა. აღმოჩნდა, რომ ასეთ მანძილზე ცდომილება დამიზნების და მოხვედრის წერტილებს შორის იმხელაა, რომ ყველა ტყვია ხვდება სამიზნის მარჯვნივ. თუ 7 მეტრიდან სტანდარტული 9-ნი კარტეჩის მთლიანი მუხტი აღმოჩმნდა სილუეტის ცენტრში, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სამიზნე გამოვა მწყობრიდან,  25 მწტრიდან 9-დან მხოლოდ სამი ჭურვი მოხვდა სამიზნეს, რაც არც ისე კარგი შედეგია. 50 მეტრზე 24 გრამიანი “ფოსტერები” სტაბილურად ხოლო 34 გრამიანი  ”ბრენეკეს” მაგვარი ტყვიების ნახევარი, ხვდებოდა სამიზნეს აყირავებული, რაც ნიშნავს რომ 50 მეტრის იქით რაიმე სიზუსტეზე საუბარი იქნებოდა ზედმეტი. ასეთ მანძილზე მოხვედრის საშუალო წერტილი იცვლებოდა ვაზნის ცვლილებასთან ერთად მაგრამ ვერტიკლაური ცდომილება იყო მეტ-ნაკლებად სტაბილური და მოხვედრის საშუალო წერტილი იყო დაახლოებით 80სმ-ით მაღლა. სტანდარტული კორა თარაზოს შემთხვევაში ეს ადვილად გამოსწორდებოდა, მაგრამ მრგვალ კორას ვერაფერს ვერ მოუხერხებ.

20200307_141853

00 კარტეჩით სროლის შედეგი, 7 მეტრზე შედეგი კარგია, 25 მეტრზე შედეგი ნაკლებად შთამბეჭდავია.  15 მეტრიდან ტყვიით სროლისას (ხელიდან) სიზუსტე მისაღებია.  კარგად ჩანს, რომ მოხვედრების უმეტესობა მაღლა და მარჯვნიც არის.  

10-15 მეტრიდან დამიზნება ხდებოდა ღვიძლის მიდამოში რომ მოხვედრები ყოფილიყო სილუეტის მასის ცენტრში. აქ ასევე თავს იჩენს პრობლემა, რომელიც უკავშირდება მარტივი მრგვალი ლატუნის კორის გამოყენებას. თოფზე შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობების გამოყენება გაძლევთ საშულებას ადვილად მიაღწიოთ ერთგვაროვან დამიზნებას, რაც ძნელად მისაღწევია მხოლოდ მრგავლი კორას გამოყენების დროს. დაუმატეთ ამას საშუალო ლულა, საშუალო სასხლეტი და მიიღებთ თოფის ეფექტური გამოყენების 25 მეტრიან ზღვარს, რაც მეორეს მხრივ სრულად შეესაბამება თოფის დანიშნულებას. სახლის დასაცავად 25 მეტრიანი ეფექტური სროლის მანძილი საკმარისზე მეტია.  თოფის შესაძლებლობების ტესტირებისას ჩვენ სპეციალურად ვიყენებდით ყველაზე ხელმისაწვდომ თურქულ ვაზნებს, ამიტომ განსხვავებული/უკეთესი ხარისხის ვაზნებით შედეგი იქნება ალბათ უფრო უკეთესი.

თავისებურება გლუვლულიანი თოფების იმაში მდგომარეობს, რომ მუხტის ცვლილებას მოყვება რადიკალური ცვლილებების მოხვედრის საშუალო წერტილში, შეღწევაში და გაშლაში, ამირტომ თუ სერიოზულად ხართ განწყობილი და გინდათ სროლა 25 მეტრის იქით, მოიმარაგეთ ფული და დრო, იმიტომ რომ ბევრი ექსპერიმენტირება შეიძლება დაგჭირდეთ, სანამ იპოვით ოპტიმალურ კომბინაციას. ეს არ ეხება მარტო ბიუჯეტურ თოფებს, ეს ეხება ყველა თოფს ზოგადად.

რაც შეეხება ნადირობას, მე არაერთხელ მითქვამს და ისევ გავიმეორებ, ჩემი ყველაზე საინტერესო და რეზულტატიური ნადირობები მწყერზე იყო ყველაზე უბრალო “პომპებით”. ერთხელ სადღაც წალკასთან, ვიყავით სანადიროთ და მე თან მქონდა ჩემი საბჭოთა წარმოების ИЖ-58, თუ არ ვცდები ტრადიციული ჩოკ+ნახევარჩოკი ლულებით. ეს ძალიან კარგი თოფია, მსუბუქი და გამძლე. ეს იყო ჩემი პირველი ნადირობა მწყერზე და თოფიც მქონდა კლასიკური, სანადირო იარაღი. პირველივე გასროლით მწყერი პირდაპირი გაგებით დაიშალა ჰაერში და მარტო მისი ერთი თათი ვიპოვე, მერე რამდენიმე აცილებაც იყო. მეორე დღეს “იჟი” დავტოვე ბანაკში და წავიღე ზუსტად ასეთი “მავერიკი”. ნადირობაც ბევრად უფრო რეზულტატიური მქონდა. ვიცი ეხლა გამოცდილ მონადირეებს გაეღიმებათ ამის წაკითხვაზე მაგრამ, რა გინდათ? შორს ვერ გაისვრით მაგრამა ხლო მანძილებზე მწყერს ცოტა შანსი ექნება. თავდაცვა, პრაქტიკა და შესაძლებლობა იარო ყველაზე პოპულარულ ნადირობებზე, ჩემი აზრით კარგი ნაკრებია ბიუჯეტური იარაღისთვის. ვისაც არ აქვს საშუალება ყველაფრისთვის ცალკე იარაღი იქონიოს, ასეთი “პომპა” სთავაზობს გარკვეულ მოქნილობას. მოთხოვნა პომპებზე ჩემ სიტყვებს ადასტურებს, ყველა მაღაზიას ასორტიმენტში აქვს ასეთი თოფები.

“მავერიკის” ტესტირებისას მოხდა ერთი ნაკლებად სასიამოვნო ინციდენტი. თურქული მუხტით სროლისას, რომელიც იყენებს სამ სფერულ ჭურვს პლასტმასის კონტეინერში (Yaf Tripple Slug), საკეტი იჭედებოდა (არ ვიცი რატომ). როდესაც საკეტი არ იხსნება, გამოსავალი არის კონდახის მიწაზე დარტყმა, რომ დარტყმისგან ინერციამ გახსნას საკეტი. ინერციამ გახსნა საკეტი და ამოატეხა პლასტმასის ნაწილი ტიბჟირზე. ეს მასიური ფეილი ადასტურებს, რომ პლასტმასა “მავერიკებზე” არის საკმაოდ საშუალო და ამიტომ მას ჭირდება მოფრთხილება. დაზიანება მეტ წილად კოსმეტიკურია,  მაგრამ მაინც საწყენია, მითუმეტეს იმის გამო რომ, ჩამოტყდა პლასტმასა ყველაზე სქელ ადგილას. მე გადავამოწმე და სათადარიგო ტიბჟირი არ ღირს ძვირი, ფურნიტურის მთელი კომპლექტი ჯდება სადღაც  40 დოლარი.

20200307_164328

დაზიანებული ტიბჟირი. 

ასევე გადატენვისას მოხდა ისეთი ტიპის დაბრკოლება, რომლის ახსნა საკმაოდ ძნელია. საკეტის გახსნისას ვაზნა მჭიდიან ამოხტა გარეთ. როგორც არ ვეცადე შემდგომ, ასეთი რამე ვერ გავიმეორე. ვაზმა ან ამოხტა საექსტრაქციო ფანჯრიდან ან ვაზნის მისაწოდებელმა ხონჩამ ვერ მოასწრო ჩამოწევა და მჭიდმა ვაზნა გარეთ გადმოაგდო. როგორც აღვნიშნე იგივე დაბრკოლების იმიტირება მე ვერ შევძელი და არც მომდევნო გასროლების დროს ასეთი რამე აღარ გამეორებულა. გარდა ხსენებული თურქული “სამ ტყვიანი” მუხტისა იარაღმა მოინელა ყველა ვაზნა მათ შორის გადატენილი. სავაზნე 76მმ-ნია, მაგრამ მეეჭვება ვინმემ შეძლოს ე.წ. “მაგნუმ” ვაზნების გამოყენება აუტანელი უკუცემის გამო. სტანდარტული 34 გრამიანი ვაზნების გამოყენებისას უკუცემა ატანის ზედა ზღვარზეა თოფის მცირე წონის გამო და ძალიან რბილი “ბალიში” კონდახზე საქმეს დიდად არ შველის.

ბოლოს ალბათ ბევრს გაუჩნდება კითხვა, რომელია უფრო უკეთესი, რომელიმე თურქული “ფაბარმის” კლონი 500-600 ლარად თუ “მავერიკი” 700-900 ლარად?  მე მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. თურქული თოფების შესრულება ბევრად უკეთესია, ლულა და სავაზნეც ქრომირებულია, ზოგი მოდელი ასეთ ფასში მოდის შაშხანის ტიპის სამიზნი მოწყობილობებით და სხვა რამეებით რაც “მავერიკს” არ გააჩნია, მაგალითად თუნდაც საღვედეებით (ჩემ 400 ლარად ნაყიდ “ჩერჩილს” საღვედეები უყენია). ამავე დროს თურქული თოფები გამოდგომაზეა, მაგრამ მათი ხარისხი  წლიდან წლამდე უმჯობსდება. “მავერიკი” მეორეს მხრივ გამოცდილი კონსტრუქციაა, თუმცა თოფის ტესტირებამ და ინციდენტმა ტიბჟირთან დაგვიდასტურა, რომ “მავერიკს” ბევრი აკლია ეტალონურ 590A1-მდე, რომელიც ჩემი აზრით არის საუკეთესო 12 კალიბრის პომპა.  ასევე მე არ მომწონს რომ “ფაბარმის” სქემაში შესაძლებელია ადვილად ინიცირება მდგომარეობის, რომლის დროსაც ვაზნა გაიჭედება. ის, რომ “ფაბარმის” კლონები უფრო ადვილად იშლება, არ არის კრიტიკული ასეთი ტიპის იარაღებისთვის, რომლებსაც ხშირი წმენდა არ ჭირდებათ.  მოკლედ ყველა ფაქტორი მე ჩამიგითვალეთ, ხოლო საბოლოო არჩევანი თქვენზეა.

20200307_165440

“მოსბერგის” სისტემის საფირმო “ღია” დასატენი ფანჯარა.

dg9009

პრაქტიკულად ერთი და იგივე ტიპის და რაოდენობის ვაზნების გასროლის შემდეგ არ არის ძნელი მიხვდეთ, რომელი ლულა არის ქრომირებული და რომელი არა.

shooterscentral.ge-ს დასკვნა. “Maverick 88″ არის ყველაფერში მინიმალისტური თოფი, რომელიც იყენებს კარგად გამოცდილ “მოსბერგ 500″-ის კონსტრუქციას. სამწუხაროდ მისი ფასი საკმაოდ მაღალია, იმის გამო რომ თოფი იწყობა ამერიკაში. ვინც არ ენდობით თურქულ მწარმოებლებს, მაშინ “მავერიკი” იქნება ფასით თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი. უბრალოდ დარწმუნდით რომ თოფი მუშაობს და დააკვირდით რა შედეგს იღებთ იმ ვაზნებით, რომლის გამოყენებასაც აპირებთ. “Maverick 88″ არის თოფი რომელსაც, როგორც წესი ყიდულობენ ყოველი შემთხვევისთვის და ამიტომ არ უნდათ ბევრის დახარჯვა.

o-matic